„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: ნატო, საქართველო და რუსეთი – არის თუ არა საფრთხე?
„რეზონანსი“: ნატო და ევროკავშირის ვიზა – ორი უარი ერთ კვირაში // თინა ხიდაშელი: „ოლანდმა – მსურველებს ნატო-ზე უარი უნდა ეთქვათო – სოფელში საკუთარი ამომრჩეველთან ილაპარაკა“
———————-
„ახალი თაობა“, 7 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: ნატო, საქართველო და რუსეთი – არის თუ არა საფრთხე?
პარტია „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა „ახალი თაობის“ ჟურნალისტს მარიკა მჭედლიშვილს საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ პრობლემებზე ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს:
- არის თუ არა შენარჩუნებული ნატო-რუსეთის საქართველოში დაპირისპირების საშიშროება?
- საფრთხე ისევ არსებობს. საქართველო ისევ საშიშროების წინაშე დგას ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის პროვოკაციული განცხადებებისა და მოქმედების გამო. ეს პოლიტიკოსები მსოფლიო ლიდერების განცხადებებს ყურა არ უგდებენ: ჯერ იყო და ბარაკ ობამამ გამოგვიცხადა, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით. ანგელა მერკელმა გვითხრა, რომ საქართველოსთვის „მაპ“-ზე უარი სწორი გადაწყვეტილება იყო, ახლა საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი გვეუბნება, რომ ნატოს გაფართოების პროცესი უნდა შეჩერდესო, ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებთაც ალიანსში შესვლა უნდათ, უარი უნდა ეთქვათო…
- საქართველოში კი მაინც არ ქრება ნატოში შესვლის იმედი…
- ასეთი აკვიატებული აზრები აქვთ იმ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, რომლებიც თვითონ ვერ იგებენ არჩევნებს და ახლა სხვის ხარჯზე არიან პარლამენტში მოხვედრილნი – მაგალითად, დავით უსუფაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინათ აშშ-ში ყოფნისას ირწმუნებოდა, რომ საქართველოს ნატოში შესვლა იმიტომ უნდა, რომ რუსეთთან ომი არ ჰქონდესო. უსუფაშვილის განცხადება დასავლელი ლიდერების განცხადებებს არ ემთხვევა, მას არც რუსეთის პოზიცია აინტერესებს, რომელიც დაუფარავად აცხადებს, რომ არ დაუშვებს ნატოს გაფართოებას საკუთარ საზღვრებთან. დავით უსუფაშვილი ერთადერთი არ არის, რომელიცპროვოკაციაზე მიდის, ასე იქცევიან მისი თანაპარტიელებიც – რესპუბლიკელები, ასევე ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები, ასევე „ნაციონალებიც“. ეს ზალები არც ადრე გამოირჩეოდნენ ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერით, ახლა კი გავლენებს კარგავენ. ამიტომაც არაფერს ერიდებიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად ან ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის.
- რა შეიძლება გახდეს საბაბი ან საფუძველი ნატო-რუსეთის შესაძლო დაპირისპირებისათვის საქართველოში?
- დაჯგუფება „ისლამური ხალიფატი“, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება, მუქარებს უთვლის ჟურნალისტებს და ჩეჩენი ძმების“ გათავისუფლებით იმუქრება. საქართველოში ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნა იგეგმება და არ არის გამორიცხული, ამ ცენტრში ავარჯიშონ ისინი, ვინც შემდეგ რუსეთს შეუტევს, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციას აურევს. ნატო რუსეთს ომს ღიად ვერ გამოუცხადებს, ამიტომ მიდის რუსეთის დასუსტებისაკენ მიმართული პოლიტიკა ეკონომიკური სანქციებით… არაა გამორიცხული საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში დივერსიული ჯგუფების შეგზავნა. საქართველო შეიძლება რუსეთთან ბრძოლის პოლიგონად იქნეს გამოყენებული. ჩვენ სეიძლება მანიპულირების ობიექტად გვაქციონ, არაა ეს გასაკვირი, რადგან საქართველოს სუსტი ხელისუფლება და მთავრობა ჰყავს. ჩვენი ხელისუფლება, ისევე როგორც წინა, დამოუკიდებელი არ არის, მას ის ძალები იყენებენ, რომლებთაც რუსეთის დასუსტება სურთ.
- ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მოსკოვი სამხედრო წრთვნებს ატარებს…
- რუსეთი გამაფრთხილებელ აქციას ატარებს, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მოსახლეობაზე. სამწუხაროდ, როცა ხელისუფლება უღმერთოდ და უზნეოდ იქცევა, ისჯება ხალხი. საზოგადოება მაშინაც გამოთქვამდა პროტესტს, როცა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს სულს ხდიდა და თან სულ „ნატო-ნატოს“ გაიძახოდა. ახლა მაინც უნდა მოვიქცეთ გონივრულად და არ მივცეთ პროვოკატორებს იმის უფლება, რომ საქართველო ახალ ომში ჩააბან.
“რეზონანსი“, 7 მარტი, 2015 წელი
ნატო და ევროკავშირის ვიზა – ორი უარი ერთ კვირაში
თინა ხიდაშელი: „ოლანდმა – მსურველებს ნატო-ზე უარი უნდა ეთქვათო – სოფელში საკუთარი ამომრჩეველთან ილაპარაკა“
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
სამი დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანების მსურველებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ, გუშინ კი საქართველოსათვის ასევე საეჭვო გახდა მაისში, რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე შეთავაზების მიღებაც.
ყოველ შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა,რომ რიგის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ არის.
„რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით პოზიტიურ ანგარიშს ტექნიკური საკითხების დასრულებასთან დაკავშირებით, რაც არის ევროკომისიის კომპეტენცია“, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
ეს კი მაშინ, როდესაც მთავრობა უკვე ერთი წელია მუდმივად იძლევა იმედს, რომ რიგის სამიტზე საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთავაზებას მიიღებს.
მთავრობის წევრების განცხადებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილს და როგორ პოლიტიკურ შეფასებას მიიღებს ქვეყანა.
უფრო მეტიც, ის, რომ ქვეყანა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილი და კარგი პოლიტიკური შეფასებაც მივიღეთ გასულ წელს ბრიუსელში და მივიღებთ წელსაც, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ ვიზის ლიბერალიზაციასთან არის კავშირში სავიზო რეგულაციების გამკაცრება და „ჩინელები და ირანელები რომ შევავიწროვეთ და შემოვუშვით ვინც კეთილმოსურნეა, სწორედ ამიტომ ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას“.
ეს „რაღაც ტიპის წარმატებმ“ კი მმართველი ძალის მხრიდან უკვე რამდენიმე თვეა ვიზის ლიბერალიზაციის მიღებად ანონსდება.
„რეზონანსთა საუბრისას ოპტიმისტურ მოლოდინზე საუბრობს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრითინა ხიდაშელი და არასწორი, პესიმისტური მოლოდინის ტირაჟირებაში, მათ შორის რუსული სურვილების კალკირებაშიც კი, მედიას ადანაშაულებს.
„არ ვიცი, ბერუჩაშვილმა რა თქვა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ჩემი მოლოდინი ასეთი არ არის. მე რიგის სამიტიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდები. გუშინ ჟურნალისტებისგან მოგერინის პრესკონფერენცია ისეთი ევრსიით მოვისმინე, რომ არ გამიკვირდება, ბერუჩაშვილის პრესკონფერენციასაც ამ ვერსიით მთავაზობდეთ. თავად არ მომისმენია, შესაბამისად რასაც მეუბნებით, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“. – აცხადებს ხიდაშელი. მისი თქმით, ხუთშაბათს მედიაში ევროკომისრების იოჰანეს ჰარისა და ფედერიკა მოგერინის პრესკონფერენციის შესახებ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ნიუსის კალკა გავრცელდა, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა იმასთან, რაც სინამდვილეში პრესკონფერენციაზე ითქვა.
„ეს პრესკონფერენცია ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო თავად ენახა. თუმცა, საქართველოში როგორც წესი ჟურნალისტებს ეს ეზარებათ და ურჩევნიათ ქვეყანაში კრემლის პროპაგანდა გაავრცელონ“, – განმარტა ხიდაშელმა. მისივე თქმით, არც ის არის სწორი, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიერ „სადღაც სოფელში“ საკუთარ ამომრჩეველთან შიდა მოხმარებისთვის ნალაპარაკევს ტირაჟირებს მედია.
„ოლანდმა – მსურველებს ნატო-ზე უარი უნდა ეთქვათო – სოფელში საკუთარი ამომრჩეველთან ილაპარაკა. ამაზე დაყრდნობით მეუბნებით, ხომ? ნატო-ს ძალიან ბევრი ქვეყნიდან ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა რომ თქვა – ნატო-ს გაფართოებას არ ველოდებით უახლოეს მომავალშიო, როგორც ჩანს, ამას ეძახით თქვენ ნატო-ზე უარს, მე კი ასე არ ვუყურებ და ასე არ ვფიქრობ.
„მე და თქვენ სხვადასხვა ხედვები გვაქვს პოლიტიკოსების მიერ სოფლებში საკუთარ ამომრჩეველთან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ისე, ქვეყნისთვის ჩემი ოპტიმიზმი გაცილებით უმჯობესია, ვიდრე რუსული პროპაგანდის კალკირება. გუშინ და დღეს ერთმანეთის მიყოლებით, მთელი დღე კრემლის პროპაგანდა იყო ტელევიზიაში, რადიოსა და პრესაში“, – აღნიშნავს ხიდაშელი.
იმის შეხსენებაზე, რომ არც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ოფიციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადება ყოფილა ოპტიმისტური – დღეს და ხვალ ნატოში არ შევდივართ, ხიდაშელის პასუხი იყო: „დიახ, დღეს და ხვალ რომ ნატო-ში მიგვიღებდნენ, ამაზე არასდროს გვილაპარაკია“.
„ნატო-ში რომ მიგვიღონ, ამისთვის გარკვეული ეტაპი გვაქვს გასავლელი და იმ ეტაპზეა საუბარი და არა დღეს და ხვალ მიღებაზე – ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენ ვლაპარაკობთ მაპ-ზე, როგორც ღონისძიებაზე, ნაბიჯზე, რომლის მინიჭებაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საქართველოსთან მიმართებაში. მიღებაზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმ აუცილებელი ნაბიჯის დაჩქარებაზე, რომელიც ამ პროცესისათის სავალდებულოა.
„არ ვთვლი, რომ რუსული პროპაგანდა გაიმეორა აბაშიძემ. დღეს აბაშიძეზე ცუდის თქმა მოდაშია და ამაში ვერ აგყვებით… ჟურნალისტები კი საქართველოში ძალიან ბევრ რამეს იმსახურებენ, ჩემი აზრით. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია ჟურნალისტების განათლების დონის შემხედვარე. თქვენ არ გიცნობთ და თქვენზე ბუნებრივია, ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვისაც ვიცნობ, იმაზე ვლაპარაკობ“, – დასძენს ხიდაშელი.
საგარეო მიმართულებით არსებულ პრობლემებშიჟურნალისტების ბრალს ვერხედავს, ხელისუფლების პრობლემაზე კი ამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი.
მისი თქმით, ის,რომ მაისში შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეთავაზება ვერ მივიღოთ, ეს ცუდი სიურპრიზია და ცალსახად ამ ხელისუფლების სერიოზული პრობლემაა, რადგან საერთაშორისო კონიუნქტურის გარდა შიდა ფაქტორებითაც – პარტნიორ ქვეყნებთან ნაკლები კომუნიკაციით და შიდა კინკლაობით არის გამოწვეული.
„ჩემს ყოფილ კოლეგებს ადრეც მოვუწოდებდი, რომ მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მათთან ერთად შემუშავებულიყოის აუცილებელი ნაბიჯები, რომ საქართველო სიურპრიზების წინაშე არ აღმოჩენილიყო. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ერთიანი პოზიციით გასულიყო საერთაშორისო არენაზე, ეს დრო პრეზიდენტთან კინკლაობას, თავდაცვის მინისტრის მოხსნას და შიდა პოლიტიკურ თემებს გადააყოლა. ეს კი ნორმალური ევროპული პოლიტიკური პროცესებიდან მშორსაა.
„ამას რა თქმა უნდა საერთაშორისო კონიუნქტურა დაემატა, მაგრამ ისე არ გამოგვივიდეს, როგორც ეს ლარის გაუფასურების შემთხვევაში მოხდა – როდესაც მთავრობამ თავიდან უბრალოდ უარი თქვა ეღიარებინა, რომ ეს პროცესი გარე ფაქტორების გარდა, შიდა ფაქტორებითაც იყო გამოწვეული. გარე და შიდა ფაქტორებმა და ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ ნატო-სა და ევროკავშირში წევრ ქვეყნებს მისცა საბაბი, რომ ის პროცესები, რომლითაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საქართველო, ამ ეტაპზე დაეპაუზებინათ.
„ეს სამწუხაროა და არ არის ის მოლოდინი, რასაც მთავრობა თვეებია გვიქმნიდა,/ რომ რაღაც რამოდენიმე თვის სამუშაოა დარჩენილი და საქართველოს უვიზო მიმოსვლა ექნებაო“, – აცხადებს მაჭავარიანი.
მისი თქმით, ჯერ მთავრობა ჩვენ გვეუბნებოდა, რომ რაღაც ტექნიკური დეტალები ზუსტდებოდა, შემდგომში მოვისმინეთ, რომ ევროპის კონკრეტული ქვეყნები შესაძლოა და დაინტერესებულიყვნენ,რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი დაბლოკონ. შემდგომში მოვისმინეთ, რომ არის კიდევ სხვა ფაქტორები. რეალურად, მთავრობისაგან, ერთიანი გზავნილი არ ყოფილა და ზუსტად ეს იწვევს ბევრ კიხთვას.
„მინდა დაგარწმუნოთ, ამაზე მსჯელობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ სიურპრიზის რეჟიმში ვგებულობთ იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელიცჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქალბატონი წულუკიანი კი საზოგადოების დაცინვის რეჟიმში გადავიდა. მისი განცხადება საზოგადოების დაცინვაა და მისგან მსგავსი საუბარი არაკორექტული იყო. რეალურად ვხედავთ, რომ შედეგი საქართველოსთვის არასასურველია და როგორც იუსტიციის მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არიან პასუხისმგებლები ამ პროცესის წარუმატებლად წარმართვაზე ან საზოგადოებასთან არაგულწრფელ კომუნიკაციაზე. მხოლოდ გარე ფაქტორებზე გადაბრალება, უბრალოდ არასწორია დაქართული საზოგადოება ამაზე სწორ დასკვნებს გამოიტანს“, – დასძენს მაჭავარიანი.
თსუ-ს პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული ოიექტური რეალობა – გეოპოლიტიკური კონტექსტი და უკრაინის სიტუაცია და თუკი ვიზის ლიბერალიზაციის შეთავაზება არ მოხდება, ეს ხელისუფლების ბრალი ნაკლებადაა – ხელისუფლებას რაც უნდა გაეკეთებინა, ვითარებას დიდად ვერ შეცვლიდა. თუმცა, იქვე დასძენს, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ხელისუფლებას მეტის გაკეთება არ შეეძლო.
„თავიდან ყველამ ვიცოდით და ფრთხილი სკეპტიციზმით ვაფასებდით, რიგის სამიტამდე რამდენად მოესწრებოდა ვიზის ლიბერალიზაციისათვის მეორე ეტაპის დასრულება. პირველი ეტაპი შედარებით ადვილი იყო, მაგრამ ამ ვალდებულებების იმპლემენტაციას ხშირ შემთხვევაში წლები სჭირდება. ეს იცოდნენ თბილისშიც და ბრიუსელშიც.
„აქიდან გამომდინარე გაუგებარი იყო ხელისუფლების ოპტიმიზმი. გათვლა იმაზე კეთდებოდა, რომ უკრაინის სიტუაციიდან გამომდინარე, ევროკავშირი მკაცრი შემფასებელი არ იქნება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებსო. თუმცა, მაშინაც ნათელი იყო, რომ საუკეთესო შემთხვევაშიც კი, თუკი რიგის სამიტზე ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა, მის რეალურად იმპლემენტაციაზე საუბარი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყებოდა და ეს ვიზის ლიბერალიზაცია ჩვენს მოქალაქეებს წელს არ შეეხებოდათ. ახლა კი სიტუაცია კიდევ უფრო გაუგებარი გახდა“, – მიიჩნევს კაკაჩია.
„იოჰანეს ჰანის განცხადებას თუ დავაკვირდებით, იგრძნობა ტონი, რომელიც დიდი ალბათობით გათვლილია დაამშვიდონ რუსეთი,რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ გააგრძელოს. ასევე ითქვა ის, რომ უნდა გადახედონ სამეზობლო ინიციატივას.
„ამ გნაცხადებიდან ჩანდა, რომ ევროკავშირს არ სურს რუსეთთან პირდაპირ გეოპოლიტიკურ კონფრონტაციაში შესვლა. ოლანდის განცხადებაც რომ ახლა გახმოვანდა, ამაშიც არის რაღაც აზრი და თან ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის საზავო ხელშეკრულება დაიდო“,– აცხადებს კაკაჩია და დასძენს: – „ხელისუფლებას მოლოდინი თავიდანვე გადაჭარბებული იყო, რეალურად ძალიან ცოტა დრო იყო მეორე ეტაპისთვის დარჩენილი. თუმცა, ვნახოთ, კომისია რა ანგარიშს დადებს“.