globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 9th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველო დაჟინებით აცხადებს, რომ მას ნატოში გაწევრიანების უფლება აქვს // [ვინ ჰკითხავს ფრანსუა ოლანდს?]

«ТВ Россия-24» (რუსეთი): ინტერვიუ ფრანკო ფრატინთან: „უკრაინას იგივე გაუკეთეს, რაც საქართველოს“

«Вестник Кавказа» (რუსეთი): ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „ქართველი პოლიტიკოსები ევროინტეგრაციული კურსის დისკრედიტირებას ახდენენ“

«Комсомольская правда» (რუსეთი): ბორის ნემცოვის მკვლელობის შეკვეთა საქართველოდან მოხდა?


———————–

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 8 მარტი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150307-gruziya-nastaivaet-na-svoem-prave-vstupit-v-nato/

საქართველო დაჟინებით აცხადებს, რომ მას ნატოში გაწევრიანების უფლება აქვს.

[ვინ ჰკითხავს ფრანსუა ოლანდს?]

გიორგი ლებანიძე, თბილისი

საქართველოში მძაფრი ემოციური რეაქცია გამოიწვია საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებამ, რომლის თანახმად, დღეს ნატოს გაფართოება „აქტუალური აღარ არის“, ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებიც ალიანსში მიღებას ცდილობენ, „უარი უნდა ეთქვათ“. ეს განცხადება საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერობლივ პრეს-კონფენერციაზე გააკეთა პარიზში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების საკითხში ელისეის სასახლის ნეგატიური პოზიციის ფონზე საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელები განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ თბილისმა მაინც უნდა განაგრძოს ძალისხმევა ალიანში გასაწევრიანებლად, თუმცა ქართულ პოლიტიკურ კლასში ამ საკითხთან მიმართებით ძველი ერთიანობა აღარ არსებობს: გავლენიანი პოლიტიკოსები და ავტორიტეტული პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ქართველები ილუზიებიდან უნდა გამოვიდნენ და სიმართლეს თვალებში უნდა შეხედონ, ანუ რეგიონული და გლობალური რეალიები უნდა გაითვალისწინონ.

საქართველოში ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდნენ საფრანგეთის პოზიციას, თბილისში ახსოვდათ ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც პარიზმა 2008 წელს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მომხდარ „ხუთდღიან ომში“ შეასრულა. ქართველი ექსპერტების აზრით, სწორედ საფრანგეთმა გადაარჩინა მაშინ საქართველო სრულ ოკუპირებას რუსეთის ჯარების მიერ.

და მაინც საქართველოს ხელისუფლება ენერგიულად ცდილობს ევროატლანტიკური კურსის გაგრძელებას და იმედი აქვს დადგება დრო, როცა საფრანგეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების პოზიცია ამ საკითხისადმი შეიცვლება, ანუ საქართველოს ადრე თუ გვიან ალიანსში გაწევრიანება ეღირსება. ამის შესახებ „საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა პარლამენტის წევრმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, საბჭოთა ეპოქისდროინდელმა დისიდენტმა და ერთ-ერთმა თანმიმდევრულმა ქართველმა „ატლანტისტმა“ ლევან ბერძენიშვილმა:

- მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ხისტი განცხადებაა, არსებითად, ახალი არაფერი თქმულა: ჩვენ ვიცით, რომ არიან ე.წ. „სკეპტიკოსები“ ნატოსა და ევროკავშირის გაფართების საკითხში და საფრანგეთიც მათ რიცხვში შედის. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთი, ფრანსუა ოლანდის სახით, მზად არ არის გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, მე პირადად აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: ჩვენი საათი აუცილებლად დადგება, დღეს და ხვალ თუ არა, ახლო მომავალში მაინც და ეს განცხადება დაგვავიწყდება. საერთოდ, ნატოს კარი, არსებითად, დახურული ვერ იქნება, რადგან ნატო თავისი ფილოსოფიით ღია ორგანიზაციაა. ვერცერთი ქვეყანა, გინდაც ის საფრანგეთი იყოს, სხვების ნაცვლად ვერ გადაწყვეტს [ანუ საქართველოს ნატოში მიღების საკითხის დადებითად გადაწყვეტას სხვებს ვერ აუკრძალავს - ს.კ.]. ამ მომენტში ნატო მზად არ არის ახალი წევრების მისაღებად, მაგრამ სრულფასოვანი წევრობისათვის ხომ არც საქართველო არ არის მზად. საერთოდ, ჩვენ უფრო შორეული პერსპექტივისათვის ვემზადებით. ამ თვალსაზრისით ფრანსუა ოლანდის განცხადება, ცხადია, არასასიამოვნოა, მაგრამ სამომავლოდ არაფერს არ ცვლის: საქართველო კვლავაც გააგრძელებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს. ეს ჩვენი გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის სხვა გზა არ არსებობს.

- ლევან, იქნებ გვითხრათ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ „სკეპტიკოსთა“ ეჭვების გასაფანტავად?

- სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაფერი წესრიგში გვაქვს: თავდაცვის სფერო ნატოს სტანდარტებით გვაქვს რეფორმირებული, ვმონაწილეობთ ალიანსის ეგიდით მიმდინარე მრავალ სამშვიდობო ოპერაციაში, მაგრამ არის სხვა ასპექტი: ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობით საქართველო ნატოს დონეს ჯერ-ჯერობით არ შეესაბამება, ჩამორჩენილები ვართ და სამუშაო ამ მხრივ ბევრი გვაქვს. ქვეყანა ეკონომიკურად უნდა განვითარდეს – ეკონომიკური მდგომარეობა ოთხმაგად, ხუთმაგად უნდა გავაუმჯობესოთ, დემოკრატია უნდა გავაღრმავოთ. სხვა გზა არ გვაქვს, დემოკრატია ჩვენი რეზერვია. დანარჩენი ყველაფერი ძველებურად რჩება: არ ვცვლით საგარეოპოლიტიკურ კურსს, რუსეთისა და ევრაზიული კავშირისაკენ არ წავალთ. ასე რომ, ჩვენ მაინც ჩვენსას მოვითხოვთ: ხომ იყო ბუქარესტის სამიტზე გამოცხადებული, რომ საქართველო ოდესმე „აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“. ეს ცარიელი სიტყვები არ გახლავთ. მართალია, მაშინ საფრანგეთს სხვა პრეზიდენტი ჰყავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არაფერს ცვლის“.

ლევან ბერძენიშვილს კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. იგი თვლის, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან იმ ილუზიებზე, რომლებსაც ქვეყნისათვის მხოლოდ პრობლემები მოაქვთ:

- ბატონმა ფრანსუა ოლანდმა სიმართლე თქვა. მე ეს დიდი ხანია ვიცი და ამას ჩემს თანამემემულეებსაც ვეუბნები. პრინციპში, ეს სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმაც კარგად იციან, მაგრამ მათ ურჩევნიათ მოსახლეობას ტყუილი უთხრან და ამტკიცონ, რომ ნატო დღეს თუ არა, ხვალ მაინც აუცილებლად მიგვიღებსო. არადა, სრულიად ნათელია: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ორი რუსული სამხედრო ბაზა როცა გვაქვს (ანუ ორი მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტი), საქართველოს ნატოში მიღების შანსი არ აქვს. ალიანსს ზედმეტი „თავის ტკივილი“ არ სურს. ბუნებრივია, ეს განცხადება გაკეთდა მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენ სიმართლე უნდა ვიცოდეთ, საქართველომ თავისი პოლიტიკა რეალურ საფუძველზე უნდა განახორციელოს და არა ილუზიებში. თუმცა, ვატყობ, რომ საქართველო კვლავ ილუზიებით ცხოვრებას აგრძელებს“.

„ნატოს კარზე დაკაკუნების“ სურვილი პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პირველად ჯერ კიდევ 2000 წელს განაცხადა. როგორც ქვეყნის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, პრეზიდენტ ოლანდის პოზიციაში  ჩანს, რომ საფრანგეთი რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს:

- ამ განცხადების ფესვები იმ დღევანდელ რეალიებში უნდა ვეძებოთ, რომელიც ევროპაშია ჩამოყალიბებული. პირველ რიგში, ესაა რუსეთის მოქმედება უკრაინაში და ევროპელთა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტის მცდელობები, რათა ეს პრობლემა მოლაპარაკებით გადაიჭრას. აშკარაა, რომ ოლანდმა გადაწყვიტა, ყოველი შემთხვევისათვის, რუსეთს განსაზღვრული გარანტიები მისცეს, რომ უახლოეს პერსპექტივაში, ალბათ, ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში, საქართველოს და უკრაინის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიღების საკითხი არ იქნება. სამწუხაროდ, ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს ილუზია, რომ ამგვარი დათმობებით რუსეთი შეიძლება  „კეთილი გახდეს“, მაგრამ ჩვენ ვეჭვობთ, რომ ამგვარი მიდგომა სწორია. რა თქმა უნდა, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია ევროპელ პარტნიორებს ავუხსნათ. ამგვარი განცხადებები რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის ნატოელებისაგან, პირველი არ არის, ადრეც უთქვამთ ამის შესახებ. გვრჩება მხოლოდ იმის იმედი, რომ ჩვენს ირგვლივ შექმნილი სიტუაციის რეალური გაცნობიერება ევროპის დედაქალაქებში ადრე თუ გვიან მაინც მოხდება“.

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის აპარატის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების იდეა ამჟამად და ახლო მომავალშიც ნამდვილად აქტუალური აღარ არის:

- პირველ რიგში აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს რაიმე ახალი არაფერი უთქვამს, თანაც, პარიზის პოზიცია დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლება, ანუ არაა იმაზე დამოკიდებული, თუ რომელი პარტია იქნება ხელისუფლების სათავეში. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ, საფრანგეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს არ უნდა მივცეთ „მაპ“-ი („ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“), რადგან ეს დაძაბულობას, დესტაბილიზებას გამოიწვევს და არსებულ გეოპოლიტიკურ თანაფარდობას დაარღვევსო. პრინციპში, ბუქარესტის სამიტზეც სწორედ ასეთმა პოლიტიკამ გაიმარჯვა. საფრანგეთის ხელისუფლებას ამ თემისადმი ტრადიციულად აწონილ-დაწონილი მიდგომა აქვთ. პარიზი თავს არიდებს კონტრპროდუქტიულ ნაბიჯებს და წინასწარ ფიქრობს, როგორ შედეგებს გამოიწვევს ესა თუ ის ნაბიჯი. ასე რომ, ვიმეორებ, ფრანსუა ოლანდს ამ თვალსაზრისით ახალი არაფერი უთქვამს.

- პეტრე, თბილისში ბევრი თვლის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ამ განცხადებაში სწორედ საქართველოს გულისხმობდაო. თქვენ ეთანხმებით ასეთ ინტერპრეტაციას?

- თუ ყურადღებით გავაანალიზებთ ფრანსუა ოლანდის ნათქვამს, ჩანს, რომ ამ ეტაპზე საფრანგეთი საერთოდ ნატოს გაფართოების წინააღმდეგია. ამაზე ადრეც ამბობდნენ. მახსოვს, 2008 წელს ფრანგ დიპლომატებთან მქონდა შეხვედრა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ იმ სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ, რომელიც მაშინ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, თავის თანამზრახველებთან ერთად, რითაც რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა და უსაფრთხოების სტრუქტურა შეიცვალა, საქართველოსთვის „მაპ“-ის მიცემაზე ლაპარაკიც ზედმეტიაო, მით უმეტეს ნატოში მიღება. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის შემდეგ თვითონაც არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენთვის ნატოს კარი უკვე დაიხურაო.

- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ასეთი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადების შემდეგ, როგორიც საფრანგეთის პრეზიდენტია, საქართველოს ნატოში გაწევრიანება უკვე ნულის ტოლია?

- მოცემულ ისტორიულ ეტაპზე, ანუ უახლოეს მომავალში, რომელიც მეტ-ნაკლებად შეიძლება პროგნოზირებადად ჩავთვალოთ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანში საქართველოს მიღების შანსები მკაცრად ნულის ტოლია. ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა არის ისტორია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება რაღაც „შესაძლებლობების სარკმელი“ გაიხსნას, საიდანაც მოვასწრებთ და „ნატოში ვისკუპებთ“, თუმცა დღეს ამაზე საუბარი, ამ ისტორიულ ეტაპზე, ვიმეორებ, უაზრობაა, რადგანაც შანსები ნულის ტოლია“.

სხვათა შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაპირებას იძლევა, რომ ფრანსუა ოლანდის განცხადების შემდეგ „საქართველო გასამმაგებული ძალით გაატარებს რეფორმებს ნატოში გაწევრიანების მიზნით“.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 8 მარტი, 2015 წელი

http://www.vestikavkaza.ru/material/122590

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „ქართველი პოლიტიკოსები ევროინტეგრაციული კურსის დისკრედიტირებას ახდენენ“

ქართველი პოლიტიკოსები თავიანთი მოქმედებით მოსახლეობის თვალში ევროინტეგრაციის კურსის დისკრედიტირებას ახდენენ, – განაცხადა „ვესტნიკ კავკაზას“ კორესპონდენტთან საუბარში პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, „წინა ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ტენდენციის, მიმართულების ჩამოყალიბება შეძლო: „შენ აუცილებლად უნდა იყო ნატოში გაწევრიანებისა და პროდასავლური პოლიტიკის მომხრე და იმავდროულად რუსეთიც  უნდა გძულდეს“. ამ ტრენდს აქტიურად უჭერს მხარს დასავლეთი – ის წრეები, რომლებიც პირდაპირ, ღიად, აფინანსებენ საქართველოს პროდასავლურ ძალებს“, – თვლის ნინო ბურჯანაძე.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი მიიჩნევს, „სწორედ ეს ძალები იწვევენ ყველაზე მეტად ქართული საზოგადოების ფრუსტრაციას, იმედგაცრუებას დასავლური ფასეულობებისადმი… ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ამჩნევს… დღეს ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან დასავლეთისაგან მხარდაჭერის, მათ შორის დაფინანსების მიღებაში. მმართველი კოალიცია და საპარლამენტო ოპოზიცია მხოლოდ იმით არიან დაკავებული, თუ რომლის ხელში იქნება „პროდასავლური დროშა“. ისისნი მუდმივად ერთსა და იმავეზე ლაპარაკობენ – დასავლური კურსის გაგრძელებაზე და ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე, რადგან სხვა არაფრის წარმოდგენა არ შეუძლიათ“.

„ჩემი აზრით, საქართველოს, ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან ყველაზე ძალიან სწორედ ასეთი მიდგომები ვნებს. დღეს ხალხი უკვე ამბობს: „დასავლეთმა მოგვატყუა, იმედი გაგვიცრუა და გაგვყიდა“, – თვლის პოლიტიკოსი.

ნინო ბურჯანაძე ამას იმით ხსნის, რომ „ჩვენმა პოლიტიკოსებმა ადამიანებს სრულიად გადაჭარბებული მოლოდინი გაუჩინეს, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც გავწევრიანდებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს მოგვცემს და რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად, ვიზის გარეშე ივლიან შენგენის ზონაში… არადა, თავიდანვე სრულიად ნათლად ჩანდა, რომ ეს ყველაფერი სრული სიცრუე იყო! ჩვენი პოლიტიკოსები ხალხს ასე პირდებოდნენ, უმტკიცებდნენ და როცა ადამიანებს საფრანგეთის პრეზიდენტისა და სხვა დასავლელი ლიდერების განცხადებები ესმით, ისინი, რასაკვირველია, აღშფოთებას გამოხატავენ“, – აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.

„ქართველი პოლიტიკოსები, თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად, მოსახლეობას ატყუებენ, რითაც ხალხის წინაშე საკუთარ თავზე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებენ, მათ შორის იმის პასუხისმგებლობასაც, რომ დასავლური ფასეულობები ქართველების თვალში მიმზიდველობას კარგავს“, – აცხადებს პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

«ТВ Россия-24» (რუსეთი), 8 მარტი, 2015 წელი

http://www.vesti.ru/doc.html?id=2407523

ინტერვიუ ფრანკო ფრატინთან: „უკრაინას იგივე გაუკეთეს, რაც საქართველოს“

ასია ემელიანოვა

(შემოკლებით)

გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სეხვდა და ესაუბრა. ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა უკრაინის კრიზისის მოგვარება გახლდათ. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა „ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული“ უწოდა მატეო რენცის თვალსაზრისს უკრაინის კრიზისის კონსტიტუციური მოგვარების თაობაზე. თავის მხრივ, იტალიის პრემიერმა გაიხსენა თავისი ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის – ტრენტინო – ალტე-არიჯოს გამოცდილება…

ტრენტინო – ალტე-არიჯო ანუ სამხრეთ ტიროლი. რატომ სამხრეთ ტიროლი? საქმე იმაშია, რომ ტიროლის რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილი ავსტრიის სემადგენლობაშია, სამხრეთი კი – იტალიის საზღვრებშია მოქცეული. მოსახლეობა ძირითადად გერმანულად, ანუ ავსტრიის სახელმწიფო ენაზე ლაპარაკობს. ფაშისტი ბენიტო მუსოლინი 1930-იან წლებში „იტალიზაციის“ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ უშედეგოდ. 1950-იან წლებში აქ ბომბები ფეთქდებოდა და ხალხი იხოცებოდა, მაგრამ მოგვიანებით იტალიის მთავრობამ გონივრული პოლიტიკა განახორციელა – მოახდინა დეცენტრალიზაცია, რეგიონს მეტი თავისუფლება მისცა: ორენოვნება, ფართო ავტონომია კულტურასა და განათლებაში… ჰოდა, ბომბების გრიალი შეწყდა, სეპარატიზმი გაქრა, რეგიონი აყვავდა…

განა არ სჯობია უკრაინის ხელისუფლებამ ევროპაში ეძებოს პრობლემის მოგვარების გასაღები? სწორედ ამაზე საუბრობს ტელეკომპანია «Россия-24»-ის პროგრამა «Вести в субботу»-სთან ინტერვიუში გაეროს ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ფრანკო ფრატინი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2011 წლებში.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ევროკავშირმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა იმ პერიოდში, როცა მე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. ვაკრიტიკებდი, მაგრამ ჩემი კრიტიკა არ შეისმინეს. მე მხედველობაში მაქვს 2009 წელი, როცა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტი შეიქმნა საქართველოს, მოლდოვას, ბელარუსის და უკრაინის მონაწილეობით. მათ ევროკავშირმა იმდენი უკიჟინა ინტეგრირებაზე, რომ მათ დაიჯერეს – რაღაც დაჩქარებული პროცედურით მიგვიღებენ ნატოსა და ევროკავშირშიო, მაშინ როცა სხვა ქვეყნები წლობით ელოდებოდნენ – სერბეთი, ალბანეთი, თურქეთი… უკრაინამაც დაიჯერა, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ სწრაფად, დღე-დღეზე მოხდებოდა. აი, ჩემი აზრით, ასეთი ღრმად მცდარი სიგნალი გაუგზავნა მათ ევროკავშირმა. სწორედ მაშინ დაიწყო ნელ-ნელა სიტუაციის გამწვავება… ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობის შემდეგ მე ყურადღება მივაქციე, რომ ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც კიევმა მიიღო, ეს იყო კანონი რუსული ენის აკრძალვის თაობაზე. ჩვენ, ევროპელები, ცხადია, მუდამ მხარს ვუჭერთ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, ჩვენთვის მიუღებელია ქვეყნის რომელიმე რეგიონის გამოყოფა. მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს მოდელები, რომლებიც შეიძლება ნიმუშად გამოდგეს. არ არის აუცილებელი დონბასის ან რომელიმე სხვა რეგიონის ქვეყნის შემადგენლობიდან გასვლა. უმჯობესია ჩვენს პროვინციას შეხედონ და ნახონ, რომ იქ ადგილობრივ მოსახლეობას იტალიური პასპორტები აქვთ, იტალიაში ცხოვრობენ, მაგრამ გერმანულ ენაზე ლაპარაკობენ. რატომ არ სეიძლება იფიქრონ უკრაინელებმა ქვეყნის ფედერალიზაციაზე იმის ნაცვლად, რომ გააგრძელოს დაპირისპირება პრინციპით „სისხლი სისხლის წილ“? მოკლედ, იმ პერიოდის ევროკავშირის პოლიტიკაში ბევრი სუსტი მომენტი შევამჩნიე.

- ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი უფრო ადრე, მაიდნამდე და ყირიმამდე დაიწყო? ამ ყველაფერს წინასწარ ამზადებდნენ?

- ცოტა შორიდან დავიწყებ. სიგნალები იყო. ჯერ საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებოდნენ – „თქვენ სულ მალე ნატოს წევრი გახდებითო“. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა, რადგან საქართველო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. ასეთივე ტრიუკი ჩატარდა უკრაინის მიმართაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

- რით დასრულება ეს ყველაფერი უკრაინაში?

- ვხედავ, რომ მინსკის მოლაპარაკების პირობებს მეტ-ნაკლებად ორივე მხარე იცავს. ასევე ვხედავ და აუცილებლად მიმაჩნია, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის პრობლემა კონსტიტუციური გზით მოგვარდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ალტო-არიჯეს მსგავსად, დონეცკისა და ლუგანსკის რუსულენოვან მოსახლეობას უფლება აქვს ილაპარაკოს მშობლიურ ენაზე, ჰქონდეთ დამოუკიდებელი განათლების სისტემა, რუსული სკოლები, რადგან აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონი კიევისაგან განსხვავდება.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 8 მარტი, 2015 წელი

http://www.kp.ru/daily/26351.7/3233507/

ბორის ნემცოვის მკვლელობის შეკვეთა საქართველოდან მოხდა?

ალექსანდრე ბოიკო

(შემოკლებით)

პოზიციონერი პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ანზორ და შიდიდ გუბაშევებს ვიდეოჩანაწერი უპოვეს, რომელშიც უფროსი ძმა ჰყვება, თუ როგორ იყვნენ საქართველოში საქმეების გამო. რა საქმე უნდა ჰქონოდათ ჩეჩნებს ამიერკავკასიაში?

ზოგიერთმა ექსპერტმა იჩქარა და განაცხადა, რომ ბორის ნემცოვის ანგარიშსწორებაში შეიძლება გივი თარგამაძე იყოს გარეულიო – სწორედ ის პიროვნება, რომელიც“ბოლოტნის პროცესების“, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ და „მაიდნის“ ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ვერსია საკმაოდ მიმზიდველია – გამოძიება ხომ აცხადებდა, რომ დამკვეთისა თუ შუამავლის კვალს საზღვარგარეთ მივყავართო.

მაგრამ რა მოტივი უნდა ჰქონოდა მკვლელობისთვის გივი თარგამაძეს, რომელიც ისეთივე ოპოზიციონერია რუსეთის ხელისუფლებისა, როგორიც ბორის ნემცოვი იყო?

ბორის ნემცოვმა მიხეილ სააკაშვილის მეგობარი გივი თარგამაძე 2012 წელს ახსენა ერთ-ერთი ინტერვიუში. ახსენა, მაგრამ კარგი სიტყვებით არა: „იგი არასდროს არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მას რუსეთში არანაირი გადატრიალების მოწყობა არ შეეძლო, – თქვა ბორის ნემცოვმა ტელეინტერვიუში, – გივი თარგამაძე ყბედი, ავანტიურისტი, კლოუნი და ლოთია“. აი, ასეთი ეპითეტებით გაუკეთა კომენტარი მან ბრალდებას, რომლის თანახმად, იგი თითქოსდა ქართველ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული (დოკუმენტურ ფილმში „პროტესტის ანატომია-2“). ბორის ნემცოვის სიტყვებში იგრძნობა, რომ იგი უკმაყოფილოა, ნაწყენია, რაღაცას არ ამბობს…

აქვს თუ არა ასეთ ვერსიას „სიცოცხლის უფლება“? ბორის ნემცოვის მკვლელობაზე რამდენიმე მილიონი დოლარი რომ დახარჯულიყო, დასავლეთის მიერ დაფინანსებული „ფერადი“ რევოლუციების მსგავსად, შემსრულებლებმა ფული ბოლო ცენტამდე აითვისეს. აბა, რად ღირს ის, რომ ნემცოვი კრემლის ახლოს მოკლეს: დასავლეთი ამ გარემოებას ზედმიწევნით კარგად იყენებს. გარდა ამისა, დასავლეთს შესაძლებლობა მიეცა, რომ  მკვლელობაში რუსეთის ხელისუფლება (პრეზიდენტი) დაადანაშაულოს, არასასურველი ოპოზიციონერის მოშორების მიზნით.

Comments are closed