globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 9th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი//მთელი კვირა: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის გამოწვევები

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ დავით თარხან-მოურავთან: „ხელისუფლების სიდურაკე და სისულელე არის ის, რომ თავისი ქმედებებით ხალხში შიში დათესა, რომ მიშა მობრუნდება“

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: საქართველოს ხელისუფლებას ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება აუკრძალეს

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილთან: “რუსების სამხედრო წვრთნებს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ცხინვალსა და აფხაზეთში წვრთნებით პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან: „მთავრობაში აფხაზეთის რკინიგზის გახსნა არ განიხილება“

———————-

რეზონანსი//მთელი კვირა“, 9 მარტი, 2015 წელი

საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის გამოწვევები

ვანო მაჭავარიანი, საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის დოქტორი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის პოლიტიკა საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან მიმართებაში, კითხვის ქვეშ აყენებს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ზოგადად ევროპაში „ცივი ომის“ შემდეგ  რა ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობას. რუსეთს დეკლარირებული აქვს საგარეო პოლიტიკა და იმსივე გეოპოლიტიკური მიზნები: იგი ცალსახად მოიცავს სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას და ამით ე.წ. პრივილეგირებული გავლენის სფეროს ჩამოყალიბებას. ამას რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.

ცხადია, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ხელშეკრულებების გაფორმება, რომელიც მოკავშირეობასა და შემდგომ ინტეგრაციას გულისხმობს, სწორედაც რომ ამ მიზნებს ემსახურება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. მეტიც, ეს ნაბიჯები ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციას ქმნის საიმისოდ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა – საქართველოსა და მის ძირითად მოკავშირეებს, ევროპასა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში სისუსტე დაინახა, გეგმას – საქართველოს თავის გეოპოლიტიკურ ინტერესში მოაქციოს წარმატებით განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს აქტიური დიალოგი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებთან ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე – თუ რა შეიძლება დავუპირისპიროს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ რუსეთის დღევანდელ ექსპანსი-ონისტურ პოლიტიკას.

ასეთი მასშტაბური გამოწვევების ფონზე ცხადია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მეტწილად დამოკიდებულია არამარტო ქვეყნის თავდაცვის-უნარიანობაზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურ სტაბილურობაზე, არამედ ასევე ჩვენს ძლიერ საერთაშორისო პოზიციებზე, რაც განპირობებულია საქართველოს აშშ-თან, ევროპის და ჩვენი რეგიონის წამყვან პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების ხარისხზე.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ მისი საქმიანობის პირველივე ეტაპზე გადადგა არადამაჯერებელი და ხშირად არასწორი ნაბიჯები ამ მიმართულებით და საგრძნობლად შეასუსტა საქართველოს საერთაშორისო პოზიციები და მხარდაჭერა.

კერძოდ, ქვეყნის მმართველმა ძალამ მიიღო ცალსახა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად თავიდან აერიდებინა ნებისმიერი პარალელის გავლება უკრაინაში მიმინარე რუსეთის აგრესიასა და საქართველოში 2008 წელს მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომს შორის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ღიად საუბრობდნენ საერთაშორისო ვიზიტების დროს. ეს კეთდებდა იმისთვის, რომ არ დამდგარიყო კითხვის ქვეშ მთავრობის მიერ რუსეთთან დეკლარირებული რაციონალური დალოგის და ურთიერთობის ე.წ. დალაგების პროცესი.

ცხადია, ამან არ იმუშავა. ეს ბოლო პერიოდში გამოჩნდა, როცა პროცესებმა აფხაზეთში ის ხასიათი მიიღო, რომელიც მაისის თვეში დაიწყო, რასაც ანქვაბის გადადგომა, ხაჯიმბას არჩევა და აფხაზეთთან ხელშეკრულების ხელმოწერა მოჰყვა. მოსკოვის ეს ნაბიჯი რუსეთის ფედერაციაში ჯერ აფხაზეთის და ახლა უკვე ცხინვალის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სივრცეში ინტეგრაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ.

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები კი, იმ წერტილშია გაყინული, რომელშიც უფრო მეტად რუსული ინტერესი იკვეთება, ვიდრე ქართული, ვინაიდან, იგი უკავშირდება რუსეთის მიერ ქართული ინფრასტრუქტურის მიმართ კარხა ხნის წინ დეკლარირებულ ინტერესის პრაქტიკულ რეალიზაციას, რაზეც როგორც ჩანს, კარასინ-აბაშიძე პრაღის ფორმატში ინტენსიურად საუბრობენ. ამ ფორმატის შედეგად, რუსეთმა ზურაბ აბაშიძის სახით მიიღო კარგი კომუნიკატორი იმ იდეებისა, რომელიც რუსეთმა საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურ და ბიზნესს წრეებს ქართულად და რბილად უნდა მიაწოდოს.

რუსეთი საქართველოსთან გაცილებით მომგებიან მდგომარეობაშია და შეუძლებელია პრემიერის ერთმა წარმომადგენელმა ქართული პოლიტიკური წრეების და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერის გარეშე, რუსული ზეწოილს გაძლება შეძლოს და მარტო შეძლოს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა.

ასევე პრობლემურად და ბუნდოვანი რჩება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით ქართულ-რუსული მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში, რომელიც ფაქტობრივად ჩაშლის პირასა და უფრო მეტ კითხვას აჩენს ვიდრე პასუხებს.

დღევანდელ ვითარებაში, როცა რუსეთს მიაჩნია, რომ ყველა ბრძოლა მოიგო პოსტსაბჭოთა სივრცეში, საკმაოდ რთულად წარმოსადგენია, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე იყოს წამსვლელი, როგორც მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატში, ასევე ორმხრივ „არაფორმალურ“ დიალოგში.

მთავრობამ ეს საბოლოოდ აღიარა და რუსეთის მიმართ ხელისუფლების მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ ამ მიდგომამ ვერ იმუშავა. ეს პოლიტიკა საჭიროებს კორექტირებას და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას.

ბოლო ვიზიტის დროს პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრიუსელში ღიად ისაუბრა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც რუსეთთან არსებობს და პირველად, რამოდენიმე თვის დაგვიანებით შემდეგ ერთგვარად გამოეხმაურა პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გავლებულ პარალელებს უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და ჩვენთან 2008 წელს მომხდარს შორის და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიურად ემუშავა ამ მიმართულებითაც.

პრემიერმა პოზიციის დეკლარირება კი მოახდინა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას ახასიათებს ერთის თქმა და მეორეს კვეთება, ახლა მთავარია, რა ნაბიჯებს გადადგამს იგი ამ მიმართულებით.

მხედველობაში მაქვს ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ აშშ-სა და ჩვენი სხვა ძირითადი ევროპელი მოკავშირეების მიმართულებით უნდა გადადგას, რათა ჩვენ რეალურად ვიგრძნოთ, რომ დაავლეთი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ინტეგრაციის გეგმებს, მსგავსად უკრაინისა პოსტსაბჭოთა სივრცის და ზოგადად ევროპის მშვიდობის და უსაფრთხოების რეალურ საფრთხედ განიხილავს.

ცხადია, რომ საქართველოს მთავრობას ევროპასთან და აშშ-თან ამ გზავნილის ეფექტური კომუნიკაციის და მათი დარწმუნების პრობლემა აქვს. არ ჩანს, რომ დასავლეთისთვის რუსეთის ქმედებები საქართველოს ორი რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ისეთივე აქტუალურია, როგორც კრემლის მსგავსი ქმედებები უკრაინაში.

აუცილებელია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიური პოლიტიკის ხედვის ჩამოყალიბება, დაგეგმვა და მისი ეფექტური განხორციელება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში.

ამ მიმართულებით, ჩვენი მთავარი მოკავშირე იყო და რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ეს საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო ოცმა წელმა ნათლად გვაჩვენა.

სამწუხაროდ, სახეზეა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გარკვეული დეგრადირება. როგორც პიროვნულ, ისე ინსტიტუციურ დონეზე. რეალურად, ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც რეგიონული თუ გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე კლებულობს. ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პატნიორობის ქარტიის მიუხედავად, საქართვეელოს მთავრობამ ვერ შეძლო აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვნად ახალ საფეხურზე აყვანა.

პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა ირაკლი ალაანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ. იგი აშშ-თან და ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ურთიერთობებში წამყვანი ფიგურა გახლდათ. იგი ვაშინგტონში, ბრიუსელში და ევროპის სხვა დედაქალაქებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და იქ კარგად ესმოდათ, რომ მას ჰქონდა რუსეთის პოლიტიკის, საქართველოს დასავლეთიდან დაახლოვების და ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების არა მარტო ხედვები, არამედ ჩამოყალიბებული პოლიტიკა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, რასაც „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვება მოჰყვა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან გაუთავებელი კინკლაობისა და საქართველოს პრეზიდენტთან ღია პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გაუჩნდათ განცდა, რომ საქართველოს აშშ-სთან და ნატოსთან დაახლოების პოლიტიკური დღის წესრიგი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არ ემთხვევა კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგადად და მისი არაფორმალური ლიდერის, ივანიშვილის პოზიციებსა და დღის წესრიგს და გააჩინა კითხვები მთავრობის მიერ ფორმალურად დეკლარირებული და რეალურად წარმოებული საგარეო პოლიტიკის თავსებადობის შესახებ.

სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის თუ ცალკეული მინისტრების ნატოსთან, ევროკავშირთან თუ რუსეთთან მიმართებაში გაკეთებულმა განცხადებებმა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში ეს ეჭვი მხოლოდ გაამყარა.

შესაბამისად, დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ ჩვენს საერთშაორისო პარტნიორებს უნდა შესთავაზოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ხედვა, განსაზღვროს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა და მათთან აქტიური კომუნიკაციით და მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყოს მისი პრაქტიკული განხორციელება.

არსებობს თუ არა მთავრობაში ამის ინტელექტუალური რესურსი თუ პოლიტიკური ან ინსტიტუციური მზაობა, „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირების – პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და მთავრობის მეთაურის ერთიანი პოზიცია და დღევანდელი მმართველი ძალის არაფორმალური ლიდერის, ივანიშვილის პოლიტიკური ნება, ამას უახლესი დრო აჩვენებს.

„კვირის ქრონიკა“, 9 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით თარხან-მოურავთან: საქართველო-დასავლეთი, რუსეთი პოლიტიკა, უკრაინის კრიზისი…

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

პოლიტიკურ ორბიტაზე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა კოალიცია „ქართული ოცნების“ ტრიუმფალური გამარჯვება, რომ არა მათ მიერ მოპოვებული ციხის სკანდალური კადრები, შესაძლოა კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობით ვერ მოსულიყო, თუმცა ხელისუფლება ამ გამარჯვებისთვის მზად არ აღმოჩნდა და ეს მათი მოქმედებებიდანაც ჩანს.

საინტერესოა, რა ხდება ამ პოლიტიკურ ძალაში, რატომ შეხვდნენ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები „ცეერუ“-ს დირექტორს, რა საუბრები ჰქონდათ ობამას თანაშემწესთან და რა სცენარი განიხილება აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში…

თუ რატომ სძულთ „ნაციონალებს“ ეს ძალა, ცხადია, ძნელი მისახვედრი არ არის, სწორედ ამ ძალამ სააკაშვილი გააშიშვლა და დასავლეთს მისი რეალური სახე ანახა. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „კვირის ქრონიკა“ გათავაზობთ ინტერვიუს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დავით თარხანმოურავთან.

- თქვენი აზრით, რა ხდება? დასავლეთმა ყველგან აურია სიტუაცია და მიატოვა. რატომ? რაში აწყობს დაუსრულებელი ომები და არეულობა?

- მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა, რადიკალურად შეიცვალა და ახლა, დიდი ზესახელმწიფოები ცდილობენ, ვისაც რა შეუძლია, ის მიიტაცონ და ჩვენ ქართველებმა ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც სირია და არც უკრაინა, არავის აინტერესებს. ზესახელმწიფოების ინტერესი არის ის, ვინ უფრო მეტს მიიტაცებს. დასავლეთ უკრაინა მიიტაცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ყირიმი და რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორია მიიტაცა რუსეთმა.

რუსეთს სურს, რომ მთელი შავიზღვისპირეთი, რაც უკრაინას აქვს, სულ წაიღოს. შექმნიან უზარმაზარ სახელმწიფოს, რომელსაც ნოვორასიას დაარქმევენ და ამას არც მალავენ… თუ ვინმეს ჰგონია, დასავლეთი დაინტერესებულია, რომ ეს ომი მორჩეს, ეს არის შეცდომა. დასავლეთში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სტრატეგია, რაც შეიძლება მეტ ადგილას იბრძოლონ. ვაიძულოთ რუსეთი, რომ ჩავრთოთ ომში, იომოს და ის ნელ-ნელა გამოიფიტება, შეიძლება რუსეთი ამ ბრძოლებში გასკდეს 17 ნაწილადო… აქ არის რაღაც ლოგიკა, ვერ იტყვი, რომ სისულელეა, მაგრამ არავინ უფიქრდება, რამდენ ხანს გასტანს ეს ომი. თუ 5 წელიწადს გასტანს, გარწმუნებთ, რომ რუსეთი 17 ნაწილად არ გასკდება. ეს შეიძლება 10 წლის შემდეგ დაემართოს, მაგრამ ამ პერიოდში, სანამ ეს ომი იქნება, იგივე უკრაინელებს ამ 10 წელიწადში რა მოუვათ, ეს ვინმეს აინტერესებს?.. ეს არც არავის აინტერესებს და ეს არის სწორედ საქმე!.. ვინც ამას ფიქრობს, იმას ხალხი არ აინტერესებს, მეორე ინტერესიც აქვთ, ეს ყოველთვის ბანალურია და ეს არის დიდი ფული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინაში იხარჯება უზარმაზარი ფული, აქ ლაპარაკია არა მილიარდებზე, არამედ ტრილიონებზე. ეს ფული პოლიტიკურ ჯგუფებში ტყდება და ნაწილებად იყოფა. აი, ეს არის გეგმა.

- უკრაინაში დასავლეთის რა ჯგუფი მოქმედებს და მიხეილ სააკაშვილი მათთვის რატომ არის რუსეთთან წინააღმდეგობაში მიზნის მიღწევის საშუალება?

- ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში აშშ-ის სხვა ჯგუფი მოქმედებს, ლიბიაში – სხვა… უკრაინა ჩაბარდა ბუშების პოლიტიკურ ჯგუფს – მამა-ბუში, შვილიბუში და ამ ჯგუფში შედის ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი მაკკეინი და ტერნერი. საერთოდ, ეს ჯგუფი ამერიკაში გავლენიანია… დააკვირდით, ამ ჯგუფმა დღეს პოზიციები უფრო მეტად გაიმყარა, მაკკეინმა და ტერნერმა წინსვლა მოიპოვა. მაკკეინი სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, ტერნერი კი გახლავთ ნატოში შემავალი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, თვითონ კონგრესმენია. პოზიციები გაიმაგრეს და დღეს ეს გუნდი უკრაინის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ამაზე თანხმობა აქვთ თეთრი სახლიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან. დღეს მათ მოიპოვეს უკრაინა, როგორც რესურსი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, აქ არის ერთი საინტერესო მომენტი, ვიდრე ის პრეზიდენტი გახდებოდა, სააკაშვილი არ იყო არც მაკკეინის და არც სხვა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წევრი, შევარდნაძის ხელშეწყობით გაიცნეს დასავლეთი სააკაშვილმაც და ზურაბ ჟვანიამაც.

როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მან საკმაოდ ჭკვიანად დაიწყო ფულის ხარჯვა ამერიკაში ლობირებაზე, რასაც, ჩემი აზრით, ქართული სახელმწიფო ყოველთვის უნდა აკეთებდეს. ოღონდ ერთი სხვაობით, ბატონი სააკაშვილი ფულს ხარჯავდა საკუთარი თავის ლობირებაზე და ეს არის დიდი შეცდომა… ჩვენ კი ამ ფულს საქართველოს ლობირებაზე უნდა ვხარჯავდეთ. მათ ლობისტურ ჯგუფებთან დაამყარეს ურთიერთობები, ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, ვინ არის ეს ლობისტური ჯგუფი… მაგრამ მათ სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, მე შემიძლია გითხრათ, ვისთან ვმუშაობთ ჩვენ. ჩვენ ვმუშაობთ ებრაელ ლობისტებთან, მიმაჩნია, რომ ეს ლობისტური ჯგუფები შედეგის კუთხით უფრო უკეთესია, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ფართომასშტაბიანი მუშაობა, რადგან ამას სჭირდება ბევრი თანხა, მე მაქვს მათთან ნაცნობობა, ამ ნაცნობობის ხარჯზე გაკეთდა რამდენჯერმე დახმარება, მაგრამ ეს არ არის მუშა მექანიზმი, ამას სჭირდება თანხები, რაც ჩვენ ახლა არ გვაქვს. ჩემზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, ვამბობ, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ჩვენი და სხვისი კავშირებიც, ეს არის მთავარი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, თუ თქვენ არ იცნობთ ლობისტურ ჯგუფებს, ჩვენ გაგაცნობთ, მაგრამ არც ეგ უნდათ. იცით, სააკაშვილი რას აკეთებდა?.. მკაფიოდ ჩამოყალიბდა კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებზე, დაიწყო მათთან მუშაობა, ძალიან სასარგებლოდ. ამ კუთხით ბოკერია უფრო ჭკვიანია და ქმედითუნარიანია, რომ იცოდეთ და მიაღწიეს შედეგს. მთავარი შედეგი მაინც ისაა, რომ სააკაშვილმა მოახერხა და ის გახდა ბუშის, მაკკეინისა და ტერნერის ჯგუფის წევრი. აი, ეს არის მისი ყველაზე მთავარი მიღწევა, 2008 წლისთვის მან უკვე მიაღწია ამას, მისი მმართველობის პერიოდში დაახლოებით 8 მილიარდი მიიღო ქვეყანამ ამერიკისგან, რაც მათი დახმარებით მოხდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ფული იყოფოდა და უკან ბრუნდებოდა, რასაც „ატკატი“ ჰქვია, სხვათა შორის ამ გზით ბევრი სხვა სახელმწიფო მოქმედებს, მაგალითად, ისრაელი ყოველ წელს ამერიკისგან 6-ნახევარ მილიარდ დახმარებას იღებს, რა თქმა უნდა, საქართველომ დიდი ფული უნდა დახარჯოს, რომ ამერიკამ რამდენიმეწლიანი დახმარება გამოგვიყოს, წელიწადში, მაგალითად, 3 მილიარდით დაგვეხმაროს, როგორც ამ რეგიონში ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორს. გეტყვით, რომ სააკაშვილი ამ კუთხით მუშაობდა, მას ჰქონდა იმედი, რომ წელიწადში 2-მილიარდიან დახმარებას მისცემდნენ, მაგრამ ვერ მოახერხა, ეს ხელისუფლება კი საერთოდ არ მუშაობს ამ კუთხით. ეს ფულადი დახმარება არის საჩუქარი, მე ვამბობ, იმას, რა უნდა გაკეთდეს, რომ ამერიკა ყოველ წელს 3 მილიარდი დოლარით დაგვეხმაროს, დაიქირაოს ლობისტები, დახარჯოს ფული და მიიღოს დახმარება!

- 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სააკაშვილს დასავლეთში აღარ ესალმებოდნენ, ხელისუფლების უნიათობის გამო გახდა ის დასავლეთისთვის საჭირო?

- სააკაშვილმა ამ ჯგუფში კარგად მოიკიდა ფეხი. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა მის ცხოვრებაში, მაგრამ შემდეგ მისთვის დადგა ყველაზე მძიმე დრო, როცა გამოვაქვეყნეთ ციხის სკანდალური კადრები. სხვათა შორის, მაშინ დიდი სამუშაო შესრულდა, რაზეც არავინ არასდროს არ საუბრობს. ეს ისე მარტივად კი არ მომხდარა, ტელევიზიით კადრების გასვლის შემდეგ, სააკაშვილი დაეცა დასავლეთში და არა საქართველოში… დასავლეთში, როცა ჩვენ ეს კადრები უბრალოდ კი არ გავავრცელეთ, ბრიუსელში წამების კომიტეტი იქნებოდა თუ ადამიანის უფლების დაცვის კომიტეტი, ევროკომისია, ყველას ვაჩვენეთ, ბრიუსელი, სტრასბურგი, ვაშინგტონი. ამ სამ ქალაქში მოხდა კადრების ჩვენება სენატორების გარკვეული ჯგუფებისთვის, ნახეს ეს კადრები, ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და ისინი დარწმუნდნენ, რომ აქ მართლაც სერიოზული დანაშაულებია ჩადენილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. 2012 წლის 15 სექტემბერს სააკაშვილს ამერიკიდან უთხრეს, – მორჩა, შენი ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელია. მათ უთხრეს, რომ ნახეს ციხის სკანდალური კადრები… სააკაშვილმა ეს არ დაიჯერა, მან სპექტაკლები დადგა, ხან თამაზაშვილს დააბრალა, ხან ივანიშვილს და ა.შ… მაგრამ 18 სექტემბერს გამოქვეყნდა ეს კადრები და სააკაშვილმა მერე თქვა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული… ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ მას სურდა ამის თქმა და ეთანხმებოდა თავის ნათქვამს, ამერიკიდან უთხრეს, შენი ხელისუფლებაში დარჩენა მიუღებელიაო. იმათ გადააყენეს, თორემ სააკაშვილი თავისით არ გადადგებოდა, მაინც იბრძოლა და 40% დაიწერა. ახალი ხელისუფლება რომ ბოლომდე მიწოლოდა, 30%-ზეც თანახმანი იყვნენ. ის 10%-იც ხელისუფლებამ აჩუქათ.

- სააკაშვილი შეძლებს დასავლეთის მხარდაჭერით ხელისუფლების დამხობას?

- საქართველო სააკაშვილისთვის სამშობლოა და ყოველთვის ექნება გეგმა საქართველოში დაბრუნდეს. სააკაშვილი ილუზიებში იმყოფება სულ, რომ მიხეილ აღმაშენებელია. მერე ჰქონდა ილუზია, რომ მეფე გახდებოდა. ახლა აქვს ილუზია, რომ საქართველოში დაბრუნდება. მე ვფიქრობ, ის ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ მთავარია ის, რომ ბევრი რამის გაფუჭებას შეძლებს. მას აქვს ფული, მათ შორის აქ მოპარული, უკრაინაშიც ბევრ ფულს შოულობს, ამიტომ სულ დაძაბავს სიტუაციას. დღეს მათ „მიშა მაიდანი“ უნდათ, „ევრომაიდანი“ ხომ იყო, თბილისში ახლა „ევრომაიდანს“ ვერ მოაწყობენ, იმიტომ, რომ, რა შუაშია აქ ევროპა, ჩვენ ისედაც ევროპისკენ მივიწევთ. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ სურს სააკაშვილს „მიშა მაიდანის“ მოწყობა და ხელისუფლების შეცვლა, სწორედ ამ ილუზიებშია ის. ამიტომ ცდილობს, სულ ხელოვნურად შექმნას დუღილის ტემპერატურა… ამერიკის სენატში, კონგრესსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დებილები არ სხედან, ისინი სააკაშვილს ეუბნებოდნენ, კი მაგრამ, კოალიციაში ხომ არის „რესპუბლიკური პარტია“, ირაკლი ალასანია… ესენიც მტრები არიან?!. მერე მან ახალი თეორია ჩამოაყალიბა, – კი, არის ირაკლი ალასანია, „რესპუბლიკელები“, პროდასავლური იდეოლოგიის მიმდევრები, მაგრამ ესენი სუსტები არიან… მერე სააკაშვილმა ამერიკელებს შესთავაზა ასეთი გეგმა, – შევქმნით კოალიციას, სადაც გავერთიანდებით ჩვენ, „რესპუბლიკელები“, ალასანია, მარგველაშვილი. თუ ესენი გაერთიანდნენ, სულაც არ არის საჭირო რევოლუცია. სააკაშვილი ამ გეგმაზე ძალიან გაძლიერებულად მუშაობდა, ეს გეგმა არა მარტო განიხილება, ამერიკაში ერთ-ერთ სენატორთან მქონდა შეხვედრა, ამ შეხვედრას ირმა ინაშვილთან ერთად კიდევ ოთხი კაცი ესწრებოდა. ამ სენატორმა გვითხრა, – თქვენ პატრიოტული ძალა ხართ და სააკაშვილთან ერთ ნავში რატომ არ სხდებითო… ეს იყო პირველი შეხვედრა და მას კარგად არ ჰქონდა გაცნობიერებული, ვინ ვიყავით ჩვენ. საუბრიდან გაიგო, რომ სრულიად შეუძლებელია ჩვენ ერთ ნავში აღმოვჩნდეთ, ჩვენ ვუთხარით მას, რომ სააკაშვილი ნავში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს, კონკრეტული ფაქტებით დავუმტკიცეთ, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი არის დამნაშავე. სხვათა შორის ამ სენატორმა საუბარში თქვა, რომ პროდასავლური ძალები უნდა ისხდნენ ერთ ნავში და ჩამოთვალა: მიხეილ სააკაშვილი, „რესპუბლიკური პარტია“, ირაკლი ალასანია და მარგველაშვილი… ეს მისი აზრები იყო და ამ სენატორს ასეთი აზრი განა ალასანიამ გაუჩინა, მარგველაშვილმა, ან „რესპუბლიკელებმა“?.. ეს სენატორი იყო იმ სენატორთა ჯგუფში, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ მეგობარი. ეს კაცი იყო ლობისტების გავლენის ქვეშ და ზუსტად იმას გვეუბნებოდა, რა აზრსაც ნერგავდა სააკაშვილის ჯგუფი. შემდეგი შეხვედრა იყო „ფრიდომ ჰაუსში“, დირექტორმა პირდაპირ გვითხრა, რომ სააკაშვილის გუნდი ლობირებდა ალასანიას, „რესპუბლიკელების“, „ნაციონალებისა“ და მარგველაშვილის ერთ ნავში ჩასხდომის გეგმას.

სახელმწიფო დეპარტამენტში მე შევხვდი ყველაზე დიდ კაცს, ვინც კავკასიის საკითხებს კურირებს და მასთანაც დაახლოებით ეს საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, თუ ასე გააგრძელებთ, თქვენ ქართველი ხალხის ნდობას დაკარგავთ, მერე იყო „ცეერუ“-ს დირექტორთან შეხვედრა… მოკლედ, ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა.

- ცეერუ-ს დირექტორს რა საკითხზე ელაპარაკეთ?

- მე ბევრ ადამიანს შევხვდი, ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება. მაგალითად, შევხვდი ობამას თანაშემწეს, რომელიც ყოველდღიურად ხვდება ბარაკ ობამას. ჩემთან შეხვედრის შემდეგ ის ორი საათის შემდეგ ხვდებოდა ამერიკის პრეზიდენტს, ამ დონის შეხვედრები ჩვენმა ლობისტმა ებრაელებმა მოაწყვეს. უამრავ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის თურქეთის თემაზე.

- რეალურად, რას ფიქრობენ ისინი საქართველოს ხელისუფლებაზე?

- იმის ნაცვლად, რომ მე და ინაშვილს ქვეყანაზე გველაპარაკა, იმის მტკიცება გვიწევდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება სულაც არ არის რუსეთის აგენტი… მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილი ნერგავდა იმ აზრს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრორუსული ძალები მართავენ, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხალხი ესაუბრა ამერიკაში ალასანიას და მათი ჭკუით კეთილ რჩევას აძლევდნენ, რომ ის მისულიყო სააკაშვილთან. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საუბარი იყო უსუფაშვილთან და მარგველაშვილთანაც, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა…

(…)

რეზონანსი//მთელი კვირა“, 9 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: საქართველოს ხელისუფლებას ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება აუკრძალეს

თაია არდოტელი

(შემოკლებით)

“ლაფანყურის სპეცოპერაცია, როგორც ეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მონათლა, დანაშაულებათა უზარმაზარი რაოდენობა იყო. ყველაფერი, რაც ვრცელდებოდა, პოლიტიკური სიცრუე გახლდათ”, – ასე აფასებს ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს წევრი სოსო ცისკარიშვილი 3 წლის წინანდელ მოვლენებს.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი “მთელ კვირასთან” ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მიმართ არსებულ ეჭვებზე საუბრობს, რასაც ამ საქმის დღემდე გამოუძიებლობა ბადებს. თუმცა, თუ რა მოხდა რეალურად ლაფანყურში, ვის მიერ მოხდა იმ სცენარის შემუშავება ან განხორციელება, რასაც ვუყურებდით 2012 წლის აგვისტოში, ვერ აკონკრეტებს.

“შეიცვალა შს მინისტრი, კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, მაგრამ არავის ეყო გამბედაობა, რომ ეს გამოძიება ბოლომდე მიეყვანა. ფაქტია, ახალ ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლების მიმართ რაიმე ტიპის უკმაყოფილება რომ ჰქონოდა, ყველაზე მომგებიანი სწორედ იმ ვერაგობის გამომჟღავნება იქნებოდა, რომელსაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჰქონდა ადგილი. თუმცა, არავის არაფერი გაუკეთებია. ხოლო როდესაც ცდილობ დამნაშავე ჯგუფს მხილების ნაცვლად საფრთხე არ შეექმნას, ამას დანაშაულის თანამზრახველობა ჰქვია, რაც ასევე დასჯადია,” – აცხადებს ცისკარიშვილი.

(…)

სოსო ცისკარიშვილი: ჯერ კიდევ 2013 წლის ანგარიშიდან გამომდინარე, როდესაც ომბუდსმენი ითხოვდა, რომ პარლამენტს გამოეძიებინა ეს საქმე, რომელსაც შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებდა, პარლამენტმა საქმის გამოძიება პროკურატურას გადაუმისამართა, რომელმაც 2-3 კვირაში ისევ კონტრდაზვერვას დაუბრუნა და დღემდე იქ არის ეს თემა დალუქული. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმე ამდენი დაღუპული ადამიანის სიკვდილის მიზეზის დასადგენად დღესაც არ არის აღძრული. (…)

ფაქტია, რომ ქვეყანაში შემოყვანილი ჯგუფის წევრებმა, რომელთაც იმედი ამოეწურათ, რომ ჩრდილო კავკასიაში გადაიყვანდნენ, თავად გადაწყვიტეს დამოუკიდებლად საზღვარზე გადასვლა. პანკისის მოსახლეობისთვის მტკივნეულია, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს იმ ადამიანების დაწინაურება ხდება, ვინც თითქოს ჩრდილო კავკასიიდან შემოსულ დაღუპულებს (რომელთაც დივერსანტების სტატუსი უსაფუძვლოდ მიაკუთვნეს, სინამდვილეში მოწვეული იყვნენ საქართველოში და თურქეთის საზღვრიდან შემოვიდნენ) ხვდებოდნენ, აბინავებდნენ, მერე კი გადარჩენილები გააცილეს.

თელი კვირა“: ვის გულისხმობთ? ვინ ხელმღვანელობდა ამ პირთა საქართველოში შემოყვანას?

ოსო ცისკარიშვილი: ზუმბაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ევროპაში მცხოვრები ჩრდილოკავკასიელების ჩამოტყუებას საქართველოში. ამ პროცესში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ მერაბიშვილის მოადგილე ლორთქიფანიძე, ასევე ანტიტერორისტული სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელი. მათ მიერ შემოტყუებული 100-ზე მეტი ახალგაზრდა, იმ პირობით, რომ შეიარაღდებოდნენ, წვრთნებს გაივლიდნენ, რის შემდეგაც უსაფრთხოდ გადაიყვანდნენ ჩრილო კავკასიაში ჯიჰადისათვის, სინამდვილეში ხაფანგში აღმოჩნდა, ოღონდ ვის თავში დაიბადა ეს პროექტი, ამაზე არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლება არ საუბრობს. ჩვენ სანდო ინფორმაცია მივიღეთ პანკისის მოსახლეობისგანაც, რომლებიც თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ, როგორ დასეირნობდნენ შეიარაღებული ჩრდილოკავკასიელები პანკისის ხეობაში ხან შსს-ს და ხან თავდაცვის სამინისტროს ტრანსპორტით. ეს ახალგაზრდები მიამიტურად აჰყვნენ პროვოკაციას, რაც შსს-მ მოაწყო.

მათ მისცეს საცხოვრებელი ბინები თბილისში. ასეთი მისამართები დადგენილია. აღნიშნული ინფორმაცია იმ პერიოდში “ქართული ოცნების” მხრიდანაც ვრცელდებოდა, დღეს კი ვერ ნახავთ ვერავის, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას რომ აკეთებდეს.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, მაგრამ თუ ყოველი ხელისუფლება ეცდება, რომ ფეხები დაუგრძელოს, მაშინ საზოგადოება ვერ ენდობა ასეთ ხელისუფლებას. დიდი ალბათობით, ორივე ხელისუფლება მსხვერპლია და სიმართლის გაჟღერებისთვის ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, რადგან, ჩემი აზრით, ასეთი ვერაგული სცენარი ქვეყნის გარეთ იყო დაგეგმილი. საკითხი მხოლოდ იმაშია, რატომ დათანხმდა ყოფილი ხელისუფლება ასეთი უბედურების განხორციელებას.

თელი კვირა“: გარე ძალებში რუსეთს და მასთან კავშირს გულისხმობთ?

ოსო ცისკარიშვილი: როგორც კი დაკონკრეტებას დავიწყებთ ამა თუ იმ მოქმედი თუ შემსრულებელი პირისას, რომლის დიდი წვლილიც არის ამ გაუგებრობაში, წავაწყდებით საწინააღმდეგოდ განწყობილი სუბიექტებისგან საწინააღმდეგო მტკიცებულებებს. ნებისმიერი საზღვარგარეთის მიმართულებით გაგზავნილი ბრალდება მეორეხარისხოვანია, როდესაც შენი თანამემამულეები საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ცრუობენ.

თელი კვირა“: აღნიშნული საქმის ამ დრომდე არგამოძიებას უკავშირებთ თუ არა პოლიტიკური ნების არქონას ქვეყანაში?

ოსო ცისკარიშვილი: ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულზე დუმილის უფლებას იყენებენ. დიდი ალბათობით, ეს არ არის მათი გადაწყვეტილება. ისინი მართლაც მზაობაში იყვნენ, რომ ეს ყველაფერი გამოძიებულიყო, მაგრამ მათ სურვილი გაუქრათ. ჩემი მოსაზრებით, გამოჩნდა ძალა, რომელმაც მათ საქმის გამოძიება აუკრძალა. ეს საქმე რომ გახსნილიყო, არანაირი კითხვა არ გაჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დემოკრატიული შუქურა იყო სააკაშვილი და როდესაც ახალი ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ იყენებს, აქ უკვე არსებობს მესამე წერტილი, რომელიც ორივე ხელისუფლების მიერ გასათვალისწინებელია.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 9 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილთან: რუსების სამხედრო წვრთნებს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

ელზა პაპოშვილი

(შემოკლებით)

“საერთოდ, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის საოკუპაციო ბაზა დგას, ეს ყოველთვის საფრთხის შემცველია. არა აქვს მნიშვნელობა, წრთვნას დაიწყებენ თუ არა. მათი საჰაერო თავდაცვა, როგორც სამხრეთ ოსეთიდან, ასევე აფხაზეთისა და სომხეთის გიუმრის სამხედრო ბაზიდან საკმაოდ კარგად აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიას. მათ ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე ფაქტობრივად ალყაში აქვთ მოქცეული”, – აცხადებს „რეზონანსი – მთელ კვირასთან” საუბრისას ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე დაწყბეული მასშტაბური წრთვნები არ შეიცავს რაიმე მოსალოდნელ საფრთხეს. რუსეთი ყოველთვის აწარმოებს სამხედრო წრთვნებს არმიის ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად და შესაბამისად, ამის გამო საქართველოს მოსახლეობას ნერვიულობის საბაბი არ არსებობს.

„რუსეთი საქართველოს ტერიტორიას საკმაოდ კარგად აკონტროლებს – მოსკოვი გვაკვირდება როგორც საჰაერო სივრციდან, ისე ხმელეთიდან და თუ მას ომის დაწყება სურს, სამხედრო წრთვნები არ დასჭირდება. მას შეუძლია დამატებითი ტექნიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყველანაირ დროს გადმოისროლოს. სამწუხაროდ, რუსეთი მომგებიან სიტუაციაში იმყოფება’, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

„კვირის პალიტრა“, 9 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ცხინვალსა და აფხაზეთში წვრთნებით პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს

ნათია დოლიძე

საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნატოს გაფართოების თაობაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებას: “ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ნატოში გაწევრების სურვილი და გააკეთეს შესაბამისი განაცხადი, უნდა ეთქვათ უარი, რადგანაც, ჩვენი აზრით, ნატო ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს.” ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი განცხადების უკან იკითხება ევროპის რუსეთისადმი დამოკიდებულება და უკრაინაში პროცესების გაჩერების სანაცვლოდ კრემლის მისამართით გაკეთებული რევერანსი. ამავე დროს ირკვევა, რომ ევროკავშირის რიგის სამიტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება. ისმის კითხვა, ამ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს საქართველო და პროცესების ამგვარად განვითარებაში ხომ არ არის ხელისუფლების არასწორი საგარეო პოლიტიკის წილიც? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- შეგახსენებთ, ოლანდის განცხადებამდე თითქმის ამგვარი პოზიცია გამოხატა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, უფრო ადრე კი – საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა სარკოზიმ. ასე რომ, ეს ახალი ამბავი არ არის. ცხადია, დასავლეთი, უფრო კი ევროპა, ცდილობს, ვითარება დღეს არსებულზე მეტად არ დაძაბოს და გაამწვავოს. მიმაჩნია, რომ ამგვარი პოლიტიკა მაინცდამაინც პროდუქტიული არ არის, მაგრამ ისინი სხვაგვარად ფიქრობენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ დასავლეთისკენ სვლა უნდა შეაჩეროს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს საკითხები უნდა გადაწყდეს შესაფერის დროსა და ვითარებაში. დასავლელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ზედმეტი აქტივობა და აგრესია ამ მიმართულებით საჭირო არ არის. უნდა გავიხსენო სარკოზის ერთი ციტატა: “შეგახსენებთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენ ნატოში იმ ქვეყნების მიღებას ვცდილობთ, რომელთაც საზღვრების პრობლემები მოუგვარებელი აქვთ. არ ვაპირებთ ნატოში პრობლემების იმპორტირებას.”

- თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ამის პარალელურად მუდმივად გვესმოდა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღია იყო, შესაბამისად, ჩვენთვის ხვალინდელი დღე დაუკავშირდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დღეს კი გვეუბნებიან, რომ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა

- დღეს მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად აუხსნას ხალხს, რომ ნატოში შესვლა ხვალინდელი დღის წესრიგი არ არის და ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. სამწუხაროდ, ევროპასთანაც იმავე პრობლემებმა იჩინა თავი, თუმცა, ამ პრობლემების მოგვარება უფრო მარტივი მგონია. გარდა ამისა, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ის მრავალვექტორიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენგან მოითხოვენ დასავლელი პარტნიორები და რომელიც გულისხმობს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთანაც, ურთიერთობის ფორმატების შექმნას. რუსეთს აუცილებლად უნდა ველაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, რომ მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი…

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, გადავწყვიტოთ ერთი საკითხი – ან ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ჩამოკიდებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კონფლიქტების ნემსზე”,  ანაც უნდა შევქმნათ ინიციატივათა პაკეტი, რომელიც ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემათა მოგვარებასა და ურთიერთობის დამყარებაზე იქნება ორიენტირებული. ამასთანავე, ყურადღება უნდა

გავამახვილოთ ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებაზე. აუცილებელია განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია და გავარკვიოთ, რა გვინდა ხვალინდელი დღისგან. ეს შეიძლება ვინმემ ფილოსოფიურ განსჯად ჩამითვალოს, მაგრამ ეს არის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი… როდესაც ეძებ შენს ფუნქციას გეოპოლიტიკურ სივრცეში, ცდილობ, ეს ფუნქცია მისაღები იყოს შენი მეზობლებისთვისაც, რათა მისი წარმატებით შესრულება შეძლო. ეს შეიძლება იყოს ჰუმანიტარული, შეიძლება – ეკონომიკური ფუნქცია, უმჯობესია თუ ორივე ერთად იქნება. სამწუხაროდ, რეგიონული პოლიტიკის თამაში ძვირად დაგვიჯდა დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან. ახლა გვმართებს, გადავხედოთ ჩვენს ტრადიციულ პოლიტიკას და ვიფიქროთ ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ახალ მიდგომებზე. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი. ის პოზიცია და პრობლემები, რაც დღეს გამოჩნდა დასავლეთში, ჩვენთვის ბევრი რამის მანიშნებელი უნდა გახდეს..

- შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში, დასავლური არჩევანის გამო, ბევრჯერ აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. დღეს დასავლეთისგან ასეთი პასუხი ქვეყნის საგარეო არჩევანის მიმართ ნიჰილისტურ გრძნობებს არ გააძლიერებს?

- ვფიქრობ, ამის ნიშნები უკვე ცხადად ჩანს. საზოგადოების რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთი ჩვენ არ გვეხმარება და პრობლემების გარდა, არაფერი მოაქვს, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ დასავლეთის მოქმედების მიუხედავად, ქვეყნის დასავლური ვექტორის შესუსტება არ შეიძლება. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს ვექტორი უნდა შევინარჩუნოთ თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს სამეზობლოსთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს. წარმოიდგინეთ, რომ არა ჩვენი დასავლური მისწრაფებები, ჩვენი მეზობლები, რომლებიც ისედაც კბილებს ილესავენ საქართველოს ტერიტორიებზე, რას იზამდნენ? – ალბათ, გადაგვსანსლავდნენ.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დასავლეთისკენ სწრაფვაზე უარის თქმა, ოღონდ ფორმის შერჩევაა საჭირო, არ არის აუცილებელი, ვიყოთ დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკის ავანგარდში. ის, რომ დასავლური ევროინტეგრაცია ჩვენი პრიორიტეტია, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მეზობლებთან არ შევეცადოთ საერთო ენის გამონახვასა და მოქნილი პოლიტიკის გატარებას.

- “საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არსებობს კითხვა, სად უნდა იყოს საქართველოჩვენ ევროპულ ცივილიზაციას ვეკუთვნით და გვინდა, ვიყოთ მისი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვაკაკუნებთ ევროკავშირის კარზეასევე ვაკაკუნებთ ნატოს კარზე“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თუმცა, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს კაკუნი, ჯერ არ ვიცით. იყო მოლოდინი, რომ .. მაისში დაგეგმილ ევროკავშირის რიგის სამიტზე საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, თუმცა ჯერ ევროკავშირის მოხელეებმა მიგვანიშნეს, რომ ამ გადაწყვეტილებებს­ არ უნდა ველოდოთ, შემდგომ კი საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რიგის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის

- ნაწილობრივ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესეც რუსეთისთვის გაღებული ხარკია… დღეს ევროკავშირში ძალას იკრებს პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, რომელიც მოქმედებს პრინციპით – ევროპას გართულებები არ სჭირდება! ესენი ძირითადად ე.წ. ბებერი ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ზოგიერთმა ამას წინათ ისიც გაიხსენა, – უფროსი ბუშისა და ელცინის მოლაპარაკებებისას იყო ზეპირი შეთანხმება, რომ ბალტიისპირეთის გარდა, დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრცე რუსული გავლენის ქვეშ დარჩებოდა. ისინი ცდილობენ, ბოლომდე გაიტანონ თავისი და გააჩუმონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და დასავლური ელიტის ის წარმომადგენლები, რომლებიც აშკარად უპირისპირდებიან რუსეთს, მაგალითად, ბრიტანელები. დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი იტალიის წარმომადგენელია, იტალიისა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ განსაკუთრებული პოლიტიკით, ისევე როგორც საფრანგეთი.

- ევროინტეგრაციის მიმართულებით პროცესების შენელებაში ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის წილიც ხომ არ არის?

- უკრაინის მოვლენები რომ არა, შეიძლებოდა ამაზე გველაპარაკა, მაგრამ უკრაინის პროცესებმა გააშიშვლა ერთი უმწვავესი პრობლემა – დასავლეთში პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა. დასავლეთს სურს, ეს სივრცე მისი ნაწილი გახდეს, მაგრამ არ შეუძლია… აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს ევროკავშირსა და ნატოში გავლენის მოპოვება და მიდგომების შეცვლა.

- ამასობაში რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთში

- ერთი შეხედვით ეს არის გეგმური წვრთნები, რომელიც სამხრეთ ფედერალურ ოლქში, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება ხოლმე, მაგრამ დღეს ამ წვრთნებს უპირველესად აქვს ძალის დემონსტრირების დანიშნულება. ცხინვალსა და აფხაზეთში წვრთნებით პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს. ეს არის პასუხი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო კონტინგენტის – საზღვაო ხომალდების გამოჩენაზე, რომლებიც ასევე დემონსტრაციულად მოძრაობენ უკრაინის ტერიტორიული წყლების მოსაზღვრე ნაწილში. მათი მოქმედებაც დემონსტრაციულია, ხომ ვიცით, რომ რეალურად ეს საზღვაო ხომალდები უკრაინას არ დაეხმარებიან.

- საქართველოში სამხედრო ესკალაციის საფრთხეს თუ ხედავთ?

- არა მგონია, თუ არ გაჩნდა რაიმე სერიოზული მიზეზი, რის კონტურებიც დღეს არ არის გამოკვეთილი. საქართველოში რუსეთი სამხედრო ინტერვენციაზე არ წავა, თუმცა, სამხედრო მანევრებით დენთის კასრთან ასანთი უფრო ახლოს მიიტანეს. ის არც უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს პირდაპირ, ღია ინტერვენციას. კრემლი საერთოდ უარყოფს თავისი სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში ყოფნას. რასაკვირველია, ეს კონტინგენტი იმყოფება უკრაინაში, მაგრამ ამას რუსეთი არ აღიარებს… რუსეთს რომ ღიად გამოეცხადებინა უკრაინასთან ომი, გამოიყენებდა თავის ავიაციას და ომი ძალიან მალე დასრულდებოდა.

(…)

„ახალი თაობა“, 9 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან: „მთავრობაში აფხაზეთის რკინიგზის გახსნა არ განიხილება“

მარიკა მჭედლიშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აბაშიძე-კარასინის ფორმატის თაობაზე დაწყებულ აჟიოტაჟს ეხმიანება, იგი საუბრობს აგრეთვე კონფლიქტებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც. იგი განმარტავს, თუ რას ნიშნავს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელშიც ზურაბ აბაშიძე მონაწილეობს და რისთვის არის საჭირო..

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

ა) აბაშიძე-კარასინის ფორმატი

„ჩვენ [საქართველომ და რუსეთმა] ვთქვით, მოდით, ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეც ვერ ვთანხმდებით და რაზეც ვთანხმდებით. მოდით, ეს საკითხები ერთმანეთისაგან გავყოთ და ვისაუბროთ იმაზე, რაზედაც შეთანხმედება შეიძლება“, – აი, ასეთი მიზნით და ამიტომ შეიქმნა აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ესაა ის მოედანი, სადაც შეიძლება ნაბიჯის გადადგმა იმ თემებზე, რაზედაც თანხმობა არსებობს. ამიტომაც ეს არის წარმატებული პროექტი და ის აუცილებლად გაგრძელდება. იმ ფონზე, რომ რუსეთის აგრესია საყოველთაო და გლობალურია, ესაა ის მინიმუმი, რის გაკეთებაც შეიძლება. რუსეთი დღეს აწყვეტილია, ამიტომ მას შეუძლია რაღაც ცუდის გაკეთება, ამ ფორმატით კი ჩვენ თავიდან ვიცილებთ არა მარტო აგრესიას, არამედ მინიმალური წარმატებებიც გვაქვს.

ბ) ჟენევის ფორმატი

თავის დროზე აფხაზური და ოსური თემები საერთაშორისო არენაზე ედუარდ შევარდნაძემ გაიტანა. ეს იყო დიდი შეცდომა. რუსეთმაც გაიყვანა საზღვარგარეთ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საგარეო საქმეტა მინისტრები, ისინი ჟენევაში სხედან და როცა ქართველი წარმომადგენელი ელაპარაკება რუსს, პასუხობენ აფხაზი და ოსი. ჟენევის ფორმატი გარანტირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, წინ არაფერი არ მიდის, მაგრამ მისი შეცვლა ჯერ წარმოუდგენელია. ეს ფორმატი უნდა შევი8ნარჩუნოთ, რადგან სხვა ფორმატი არ არსებობს.

გ) არასამთავრობო ფორმატი

ქართველი და აფხაზი ოფიციალური პირები ოთხი დღის განმავლობაში საუბრობდნენ. ამგვარი შეხვედრა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველკია. ასეთი შეხვედრების ორგანიზება ვერც არასამთავრო სექტორმა მოახერხა და ვერც ოპოზიციამ, ისევ ჩემმა მეგობრებმა შეძლეს ამის გაკეთება. ჯერ შედეგებზე არ გავსულვართ, მესიჯები გავცვალეთ, ვისაუბრეთ გალის რაიონზე, უკრაინის კონფლიქტზე, მათ გამოთქვეს მოსაზრებები ნატოზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. აქღმოჩნდა, რომ აფხაზები ქართულ პოზიციას არ იცნობენ, ჩვენ უფრო ვიცით მათი პოზიციები. ნატოს სასწავლო ცენტრთან დაკავშირებით ავუხსენით, რომ ამ ცენტს მხოლოდ სასწავლო დანიშნულება აქვს და არა საბრძოლო, იქ ტანკები და არტილერია არ იქნება.

აფხაზურ მხარეს უნდა დავუკარგოთ ყოველგვარი საფუძველი, რომ საქართველოს ხელისუფლება რამეში დაადანაშაულოს. თუ ისინი რაიმეს გაიხსენებენ შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდიდან, დაე, გაიხსენონ, ჩვენ ხელისუფლებას ნურაფერს დააბრალებენ. აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ შიშისათვის ყოველგვარი საფუძველი მოსპო“.

დ) აფხაზეთის რკინიგზა

„მიხეილ სააკაშვილის დროს ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი არსებობდა, რომლის მუშაობა შეწყდა 2008 წლის ომის შემდეგ. აფხაზებმა მაშინ თქვეს, რომ რკინიგზა არარ გვაინტერესებსო. მარტალია, პუტინმა ხაჯინბასტან ერთად ხელშეკრულების ხელმოწერის დროს რკინიგზა ახსენა, მაგრამ ამაზე სერიოზული საუბარი არ არის. ვიღაცას სჭირდება მუდმივად შემოაგდოს ეს თემა და მერე ამაზე საზოგადოებამ ორი კვირა ილაპარაკოს. ჩვენი ეკონომიკა უკვე ამ რკინიგზის გარეშე მუშაობს, ეკონოიმიკა უკვე გადაწყობილია. ბერვი ეკონომისტი ამ რკინიგზის ამუშავებით რაიმე მნიშვნელოვან მოგებას არ ელოდება. მთავრობაში ეს საკითხი არ განიხილება“.

Comments are closed