„საქართველო და მსოფლიო“: „ნატოშ მიშულა ვარია, წიე, Vous comprenez?!”
„საქართველო და მსოფლიო“: ბატონო პაატა, რა ნაბიჯები გადადგით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად?
„რეზონანსი“: ითხოვს თუ არა ევროპა სავიზო რეჟიმის გამკაცრებას
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: „რუსეთს მინერალურ წყლებსა და ღვინოზე კი არა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა ველაპარაკოთ“
„ალია“: საიდუმლო თათბირი „ნაციონალების“ ოფისში // რაზე ისაუბრეს „ნაცებმა“ და უკრაინიდან ჩამოსულმა მებრძოლებმა?
„ვერსია“: ინტერვიუ ჩინეთის ელჩ ბინ იუესთან: ,,აბრეშუმის გზა განვითარების, თანამშრომლობისა და მეგობრობის გზა უნდა იყოს”
———————-
„საქართველო და მსოფლიო“, 11 მარტი, 2015 წელი
“ნატოშ მიშულა ვარია, წიე, Vous comprenez?!”
ნანა დევდარიანი
დასავლური ენთუზიაზმის ჰეგემონია ქართულ მედიაში დამთავრდა. ზედიზედ რამდენიმე ცივი შხაპის მიღების შემდეგ თვით ყველაზე პროდასავლური და ნატოს ერთგული ექსპერტებიც კი იძულებულნი შეიქნენ, ფირფიტა გადაებრუნებინათ და, მათივე სიტყვებით, “რეალობისთვის თვალებში ჩაეხედათ”. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურ სპექტრში გაცილებით ჯიუტები აღმოჩნდნენ და ერთნი მმართველ გუნდს საყვედურობენ, მეორენი კი, გასაგები მიზეზის გამო, დამნაშავეებს მედიაში ეძებენ.
რეალობის ქრონოლოგია კი ასეთია: ნატოსა და ევროკავშირის ლიდერების დღემდე საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამების გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს არ უჭერს ნატოს გაფართოებას. მეორე დღეს კი საქართველოსთვის ასევე საეჭვო გახდა მაისში, რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე შეთავაზების მიღებაც.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა უკმაყოფილება ვერ დამალა, მაგრამ, საკუთარ გუნდს რომ ვერაფერი უსაყვედურა, ჟურნალისტებს მიახალა: “არ ვიცი, ბერუჩაშვილმა რა თქვა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ჩემი მოლოდინი ასეთი არ არის. მე რიგის სამიტიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდები. გუშინ ჟურნალისტებისგან მოგერინის პრესკონფერენცია ისეთი ვერსიით მოვისმინე, რომ არ გამიკვირდება, ბერუჩაშვილის პრესკონფერენციასაც ამ ვერსიით მთავაზობდეთ. თავად არ მომისმენია, შესაბამისად, რასაც მეუბნებით, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”.
ხიდაშელს მხედველობაში ევროკომისრების – იოჰანეს ჰარისა და ფედერიკა მოგერინის პრესკონფერენცია ჰქონდა: “ეს პრესკონფერენცია ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, თვითონ ენახა. თუმცა საქართველოში, როგორც წესი, ჟურნალისტებს ეს ეზარებათ და ურჩევნიათ, ქვეყანაში კრემლის პროპაგანდა გაავრცელონ”.
ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა სიმართლის თქმას კრემლის პროპაგანდას უწოდებენ! მართლაც, ძალიან რთულია ორი ევროკომისრის პრესკონფერენციიდან სხვა აზრი გამოიტანო, გარდა იმისა, რომ მაისში ვიზალიბერალიზაციას არ უნდა ველოდოთ, უკეთეს შემთხვევაში, “პოზიტიურ დინამიკას” შეგვიქებენ, თუმცა მთავარი მარგალიტი წინ გვაქვს – თინა ხიდაშელი, როგორც ჩანს, ისე გააცეცხლა ოლანდის გამონათქვამმა, რომ მკვახედ განაცხადა: “ოლანდმა, – მსურველებს ნატოზე უარი უნდა ეთქვათო, – სოფელში თავის ამომრჩეველთან ილაპარაკა. ამაზე დაყრდნობით მეუბნებით, ხომ? ნატოს ძალიან ბევრი ქვეყნიდან ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა რომ თქვა, ნატოს გაფართოებას არ ველოდებით უახლოეს მომავალშიო, როგორც ჩანს, ამას ეძახით თქვენ ნატოზე უარს, მე კი ასე არ ვუყურებ და ასე არ ვფიქრობ”.
ვერავინ დამაჯერებს, თითქოს თინა ხიდაშელმა არ იცოდეს, რომ ნატოს წევრი ერთი სახელმწიფოს უარიც კი სრულიად საკმარისია, საქართველო ნატოში არ მიიღონ, რაც შეეხება “საკუთარ ამომრჩეველთან სოფელში” გაკეთებულ განცხადებას, ეს უკვე სრული ნონსენსია: საფრანგეთის პრეზიდეტმა, სადაც უნდა გააკეთოს განცხადება, ეს მაინც საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაა და იგი ერთი სოფლისთვის ნათქვამად არ შეიძლება შეფასდეს!
ცხადია, ეს ყველაფერი იცის თინა ხიდაშელმა, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, ცნობილ ქართულ სენთან გვაქვს საქმე; სააკაშვილსაც ეგონა, რომ აქ, “სოფელში” პუტინს გალანძღავდა და რუსეთში ამის შესახებ ვერ გაიგებდნენ! ასე ეგონათ “თავისუფალ დემოკრატებსაც”, კულუარებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნაზე გაურიგდებოდნენ დასავლეთს და ეს დაიმალებოდა! ვნახოთ, რას ამბობს ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე: “დიახაც, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საქართველოს ნატოში გაწევრება. დიახაც, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ნატო-საქართველოს ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელშიც გაიწვრთნებიან არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები, არამედ ნატოს წევრებიც. რასაკვირველია, ამ ცენტრს ექნება სამხედრო ელემენტი. ეს საკითხი საქართველოსთვის ხვალ და ზეგ უნდა გადაწყდეს”!
იოტისოდენა ეჭვიც არ უჩნდება ყოფილ პირველ დიპლომატს, რა სიკეთე უნდა მოუტანოს საქართველოს ამ “სამხედრო ელემენტმა”, დამატებითი საფრთხის გარდა! თუმცა ამ აღიარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომენტია: “ეს არ არის მხოლოდ “თავისუფალი დემოკრატების” აზრი: “პრეზიდენტით დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, ყველა ერთნაირად ფიქრობს და ყველამ ერთნაირად აღიქვა ეს განცხადება. ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ხარ მთავრობის წარმომადგენელი და შენი ქვეყნისა და ხალხის მიზანი ნატოში გაწევრებაა, მაშინ არ უნდა გააკეთო ასეთი განცხადებები (იგულისხმება პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის _ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ დღეს და ხვალ ნატოში არ მიგვიღებენ), როცა იცი, რომ არსებობენ სკეპტიკური ქვეყნები, რომლებიც ამ განცხადებას არგუმენტად გამოიყენებენ; რომ თვითონ საქართველოშიც იციან, ნატოში შესვლა იოლი არ არის და მოთმინებით ელოდება იმ დროს, როდესაც ეს შესაძლებელი გახდებაო. აქ საუბარია, რა განწყობას, რა დამოკიდებულებას გამოხატავ საქართველოსთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნის მიმართ. ეს განცხადება იყო კაპიტულანტური, რუსეთისთვის მაამებლური და საქართველოს დამაზიანებელი”.
ერთი სიტყვით, საფრანგეთის პრეზიდენტიც და ევროკომისრებიც კაპიტულაციას აცხადებენ რუსეთის წინაშე და “მაამებლურ” განცხადებებს აკეთებენ, თუმცა ყურადღება მივაქციოთ ერთ აქცენტს _ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ნატოსა და ევროკავშირში შესვლა “არ გვემუქრება”, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ უნდა თქვა, თორემ კრემლის პროპაგანდის იარაღად გამოგაცხადებენ!
ცუდია, როცა სახელმწიფოებრივი აზროვნება სოფლის ორღობეში ჭორაობის დონეზეა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი, როცა საქმე გლეხის დასაცინად გაგიხდება. სოციალურ ქსელში გოგი აბსავამ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
“გლეხის ფიქრები
- რუსულად გითხრეს, ვერ გაიგეთ;
გერმანულად გითხრეს, ვერ გაიგეთ;
ინგლისურად გითხრეს, ვერ გაიგეთ;
ფრანგულად გეუბნებით და ვერ იგებთ…
ეტყობა, არ იცით ეს ენები და მეგრულად გეტყვით:
“ნატოშ მიშულა ვარია წიე!”…
ერთი სიტყვით, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ კვლავ უნდა ვიძახოთ, რომ დღეს თუ არა, ხვალ ნატოშიც მიგვიღებენ და ევროკავშირშიც! ამას ოლანდს, ჰარისა და მოგერინის ვერ ათქმევინებენ, მაგრამ ქართულ მედიას პირდაპირ მიუთითებენ, _ როგორც ჩვენ გეტყვით, ისე წერეთ და ილაპარაკეთ ეთერში, თორემ კრემლის პროპაგანდისტებს დაგარქმევთო!
როგორც ჩანს, ეს გამოსდით კიდეც, რადგან ერთ-ერთმა სააგენტომ 25 თებერვალს ევროკავშირის საკითხთა აღიარებული ექსპერტის – ლევან ბოძაშვილისა და ეკონომიკის ექსპერტის – ნოდარ კაპანაძის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე დღეში ინტერნეტიდან სასწაულებრივად გაქრა. თუ რატომ, სათაურიდან მიხვდებით _ “საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს სავაჭრო ნაწილის ცალმხრივად შეჩერება უნდა მოსთხოვოს”.
ავტორები მიუთითებენ, რომ არსებულ ფისკალურ კრიზისზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო ნაწილით გამოწვეული ვალდებულებები. კერძოდ, 1 სექტემბრიდან დროებითი გამოყენებით მოქმედებს შეთანხმების ღრმა და ყოველისმომცველი სავაჭრო ნაწილი (1 სექტემბრიდან, რადგან საქართველოს მხრიდან მისი რატიფიცირებიდან მეორე თვის პირველ დღეს უნდა მომხდარიყო ეს, რატიფიცირება კი მოხდა 18 ივლისს), რაც გულისხმობს ევროპიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფის მოხსნას. ეს კი ბიუჯეტისთვის მხოლოდ ავტოტრანსპორტზე შეადგენს წლიურად 10 მილიონ ლარამდე დანაკარგს. ეს მთლიანი დანაკარგის მცირე ნაწილია, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში მხოლოდ ავტოტრანსპორტის იმპორტი არ ხდება. არსებული კრიზისის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა ცდილობს, აიღოს დამატებითი სესხი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სავალუტო ფონდი თუ აზიის განვითარების ბანკი ან სხვა, ის აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში არ ჰქონდეს ისეთი დანაკარგები, რომელთა მიღება შესაძლებელია.
მეც და სხვა ექსპერტებიც ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე ვწერდით, რომ გადაჭარბებული მოლოდინი იქმნება, რადგან საქართველოდან ევროპაში ექსპორტი მიზერულია, ხოლო ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონელი საბაჟო გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდება. ახლა ამაზე უკვე ბოძაშვილი და კაპანაძე წერენ: “ევროკავშირიდან იმპორტს მიახლოებითაც კი ვერ აბალანსებს საქართველოდან ექსპორტი, რაც ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ბიუჯეტი განიცდის დანაკარგს, ვინაიდან ვერ იღებს შემოსავალს, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკასაც არანაირი სარგებელი არ აქვს, ვინაიდან ექსპორტის მოცულობა ძალიან მცირეა, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის ორმაგად წამგებიანი მდგომარეობაა. ამდენად, გადაუდებელი და აუცილებელია, საქართველომ ევროკავშირს მოსთხოვოს ევროკავშირის მხრიდან ასოცირების დროებით ამოქმედებაში მყოფი ნაწილის ცალმხრივად, დროებით შეჩერება წლის ბოლომდე, როგორც ეს ევროკავშირმა გააკეთა უკრაინის მიმართ”.
ახლა ხომ გასაგებია, რატომ გაქრა ორი ავტორიტეტული ექსპერტის ეს წერილი ინტერნეტსივრციდან?
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ დაზეპირებულ საგარეო-პოლიტიკურ რიტორიკას ქვეყნის რეალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ეწირება და, რაც მთავარია, ვიღაცას დიდი საშლელი უჭირავს ხელში და ცდილობს, საინფორმაციო სივრცე მისთვის მიუღებელი სიმართლისგან გაათავისუფლოს.
ვულოცავ პოლიტიკოს ქალბატონებს 8 მარტს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტაქტიკა მაინც მამაკაცების მოფიქრებულია, თანაც, არცთუ ჭკვიანი და წინდახედული მამაკაცებისა!
„საქართველო და მსოფლიო“, 11 მარტი, 2015 წელი
ბატონო პაატა, რა ნაბიჯები გადადგით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად?
ეკა ნასყიდაშვილი
(შემოკლებით)
2010 წლიდან IRI-ისა და NDI-ის კვლევებში დაკარგული ტერიტორიების პრობლემამ მეორე-მესამე ადგილებზე გადაინაცვლა, პირველ ადგილზე უმუშევრობის პრობლემა დადგა. “კვლევის მიხედვით, ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, უმუშევრობაა. უმუშევრობას 72% - პრობლემად, 51% კი მთავარ პრობლემად ასახელებს. ტერიტორიების დაბრუნებას პრობლემად 36% მიიჩნევს, ხოლო 18% - მთავარ პრობლემად ასახელებს,” - წერდა პრესა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.
(…)
მართლაც, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი საარჩევნო დაპირებების მთავარი კომპონენტი იყო. მიუხედავად ამისა, პრობლემის გადასაჭრელად არათუ წინ გადადგმულა ნაბიჯი, არამედ უფრო დავშორდით მიზანს – ტერიტორიების დაბრუნებას.
(…)
დღეს ეს პრობლემა პრობლემად რჩება და ქართველი ერისთვის მტკივნეული მმართველი გუნდების პოლიტდემაგოგიაში კვლავ უმნიშვნელოვანესია…
“მერწმუნეთ, 2-3 წელიწადში სულ სხვა საუბარი გვექნება ოსებთან და აფხაზებთან ამ საკითხზე. დინამიკა სახეზე იქნება. აღარ იქნება აგრესიული რიტორიკა, ერთმანეთის მიმართ ინტერესები უფრო გამოკვეთილი იქნება. ახალი პოლიტიკით, სიტუაციის შემობრუნებას 2-3 წელიწადში შევძლებთ”, – განუცხადა ქართველ ხალხს იმხანად რეინტეგრაციის, ხოლო შემდგომში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების ახალდანიშნულმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, 2013 წლის ოქტომბერში, “ქართული ოცების” საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წარმატებული ქვეყნის ერთად აშენება შესთავაზა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის გზაზე, მისი ხედვით, აუცილებელია ისეთი დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენება, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.
(…)
ორ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და ნაბიჯი არ გადადგმულა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. უფრო მეტიც _ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთთან, აგრეთვე, ცხინვალის რეგიონთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც, “თანამშრომლობის, ინტეგრაციისა და პარტნიორობის” ძირითადი მიმართულებებია: ურთიერთშეთანხმებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება; “საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცისა” და “საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის” შექმნა”. ამის საპასუხოდ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშო არაფერია და ასეთი 80-მდე ხელშეკრულება აქვს რუსეთს აფხაზეთთან გაფორმებული. მას სპეციალისტებმა ასე უპასუხეს: “სახელმწიფო მინისტრის შეფასება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან ის, ჩვენი აზრით, სათანადოდ ვერ აფასებს ამ დოკუმენტის მასშტაბებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” დოკუმენტის სახე და შინაარსობრივი მხარე ახალია. აქამდე გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება აფხაზეთის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საბაჟოს, ასევე, სოციალური სფეროების რუსეთის სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციას არ შეეხებოდა.
(…)
რაც დრო გადის, დაკარგულ ტერიტორიებს უფრო და უფრო ვშორდებით, მაგრამ ამაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრს ასეთი პასუხი აქვს: “2 წელი ისე გავიდა, რომ ერთი წვეთი სისხლი არ დაგვიღვრია, ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს, ერთი დევნილი არ გვყავს, ერთი სოფელი და ერთი ქალაქი არ დაგვიკარგავს. თავისთავად ეს არის სერიოზული შედეგი. ვერც ერთმა ხელისუფალმა დამოუკიდებლობის პერიოდში _ ვერც გამსახურდიას დროს, ვერც შევარდნაძის დროს, ვერც სააკაშვილის დროს, პირველ ორ წელიწადში ეს ვერ შეძლო” (განცხადა ზაქარეშვილმა 2015 წლის 6 მარტს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში).
“ნაცების” ხელისუფლებასაც და “ოცნებასაც” ზუსტად ერთი წლის წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ცივი წყალი გადაასხა და განუცხადა: “რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებსაც გამოხატული აქვთ ნატოში გაწევრების სურვილი, ყველა ასეთი ქვეყნის განაცხადი უნდა იყოს უარყოფილი, რადგანაც, ჩვენი აზრით, ნატო ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს”. დაახლოებით ანალოგიური რამ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც: “არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრების გზაზე. არ ყოფილა და არც არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა”. ამის შემდეგ კი მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში _ პაატა ზაქარეიშვილმა ასეთი განმარტება გააკეთა: “ნუ ვაკნინებთ საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, როცა სახელმწიფოს პიროვნებას უყენებთ მტრად. მე არსად მითქვამს, რომ პუტინი არ არის მტერი. მე ვთქვი, რომ პიროვნება, ადამიანი, ვერ იქნება საქართველოს მტერი. მტერი არის რუსეთის სახელმწიფო.
“ბატონო პაატა, ეს თქვენ აკნინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც აკაკუნებთ იმ კარზე, რომელიც, იცით, არასოდეს გაიღება. ამ კარის შესასვლელთან რიგში დგომით კი საქართველოს ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო გააჩინეთ. პუტინი ხან მტრად გეჩვენებათ და ხან _ მოყვარედ, თუმცა ზუსტად იცით, სად დევს ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებელი გასაღები”, _ წერენ სოციალურ ქსელში შერიგების მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს.
ასე რომ, დაპირებები მოგიძველდათ, ბატონო მინისტრო, – ან შეცვალეთ ამერიკული პიარინსტრუქციები, ან ჩუმად მაინც იყავით, არ გსმენიათ – ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო?
“რეზონანსი“, 11 მარტი, 2015 წელი
ითხოვს თუ არა ევროპა სავიზო რეჟიმის გამკაცრებას
“სავიზო რეგულაციებში თვითშემოქმედება ჩანს და ევროკავშირი არაფერ შუაშია”
თაკო მათეშვილი
ევროკავშირის მოთხოვნა თუ თვითშემოქმედება – იუსტიციის მინისტრის განცხადება და ზოგადად, სავიზო რეგულაციები კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ მოექცა. მიზეზი კი წულუკიანის ის ფრაზა გახდა, სადაც ამბობს, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებამ და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის შეზღუდვამ ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში გარკვეული წარმატებები მოგვიტანა.
მინისტრს მაშინვე არაერთი სპეციალისტი დაუპირისპირდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წულუკიანი ავრცელებს მცდარ წარმოდგენას, თითქოს გარკვეული ქვეყნებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ადამიანების ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საწინდარია. მათი თქმით, არც ასოცირების შეთანხმება და არც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას არ მოითხოვს და აქცენტს მხოლოდ მის მოწესრიგებაზე აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ამაზე საუბარი არც ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაშია.
წულუკიანი VS ირანის საელჩო და არასამთავრობოები
ყველაფერი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადებით დაიწყო. “1 სექტემბერს, როცა ეს (საიმიგრაციო) რეფორმა შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია 2014 წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების… შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას… მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან, რაც მთავარია, ინვესტორია,” – თქვა იუსტიციის მინისტრმა.ნათქვამმა 10 არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტი გამოიწვია, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ წულუკიანის სიტყვები ამ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისადმი ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ და რასისტულ დამოკიდებულებას შეიცავდა. მათი აზრით, მინისტრი ამ ადამიანებს საქართველოს არაკეთილმოსურნეებთან აიგივებს, რომლებიც ქვეყანაში არ უნდა დაიშვებოდნენ. გარდა ამისა, მათი თქმით, განცხადება ხელს უწყობს ევროპის შესახებ უმართებულო და სტერეოტიპული წარმოდგენების გაღრმავებასაც.
წულუკიანის სიტყვებს “არამეგობრული” უწოდეს ირანის საელჩოშიც, სადაც აღნიშნეს, რომ ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად.
“ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა,” – ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესის სამსახურის განცხადებაში.
შედეგად, იუსტიციის სამინისტროს წულუკიანის ნათქვამის განმარტება მოუწია და პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ თან ახლავს მთელი რიგი, მათ შორის მასშტაბური, რეფორმების გატარების აუცილებლობა. მათი თქმით, ამ რეფორმების რიცხვშია საემიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებაც იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღონ. ამ და სხვა საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა დადებითად შეფასდა ევროკავშირის მიერ და წარმატებით დაიხურა წინა წლის ოქტომბერში.
“გატარებულმა ცვლილებებმა, რომლებიც სრულიად ახალი წესების შემოღებას გულისხმობდა, ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის, ისევე როგორც ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, პრაქტიკული უხერხულობები წარმოშვა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავის საჯარო გამოსვლაში სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არ არსებობს დიდი რეფორმა, რომელსაც თან არ ახლავს პირველ ეტაპზე სირთულეები,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რას ითხოვს ევროკავშირი?
“რეზონანსი” დაინტერესდა, ითხოვს თუ არა ევროკავშირთან დაახლოება, ან თუნდაც რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმის შესაძლო მიღება საქართველოსგან “მსხვერპლს” სავიზო პოლიტიკის გამკაცრების სახით. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მსგავსი მოთხოვნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში არ ფიგურირებს. დოკუმენტში მხოლოდ მიგრაციის მართვაზეა საუბარი და აქვე ჩამოთვლილია ის ღონისძიებებიც, რაც ქვეყანამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა გასწიოს.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), დაინტერესდა იმით, თუ რომელ საერთაშორისო აქტებს ან/და ჩატარებულ კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს ემყარებოდა საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრება და საკუთარ გვერდზე მოკვლევის შედეგებიც გაასაჯაროვეს.
“აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად საქართველოს მთავრობას დაეკისრა ვალდებულება კონკრეტული სფეროების რეფორმირებისა მათ შორის მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ ავალდებულებს საქართველოს მთავრობას, გაამკაცროს სავიზო რეჟიმი, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან ერთად დღის წესრიგში დგება შესაბამისი ზომების მიღება, საქართველოში არალეგალური მიგრაციის აღკვეთა და ზოგადად საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების პრეამბულაში ხაზგასმულია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა, ხოლო მე-16 მუხლი ახსენებს საქართველოს მთავრობას მის ვალდებულებას, უზრუნველყოს “საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმების სრული იმპლემენტაცია,” – ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.
იუსტიციის მინისტრს გამოეხმაურა ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერიც: “რაკი ეს “საამაყო რეფორმა” ევროკავშირს დაბრალდა, უნდა ითქვას, რომ სინამდვილეში ევროკავშირი საქართველოსგან საერთოდ არ ითხოვდა არც ერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის დაწესებას,” – განაცხადა მან.
მოსაზრებას ეთანხმება ფონდ “ღია საზოგადოება – სქართველოს” ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და აღნიშნავს, რომ სავიზო საკითხების მოწესრიგება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული. თუმცა, ამ დოკუმენტში არაა საუბარი იმზე, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმი ჩინეთს, ირანს, ერაყს ან სირიას უნდა გაუმკაცროს. მოწესრიგება კი, მისი აზრით, ნამდვილად საჭირო იყო, ვინაიდან ერთიანი სისტემა და მიდგომა არ არსებობდა.
“არ მგონია, რომ საქართველომ ზოგიერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებით ევროპის თვალში ქულები დაიწერა. ჩემი აზრით, ეს გაუაზრებელი გადაწყვეტილება და განცხადება იყო,” – აღნიშნავს იგი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, ევროკავშირი მიგრაციული პროცესების მართვას და გამართულ სისტემას გვთხოვს, მაგრამ ის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს არ აყენებს. მითუმეტეს, იგი სულაც არ გვთხოვს, რომ მისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვისაც კონკრეტული შეზღუდვები შემოსულიყო და მათი საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადები შემცირებულიყო. შესაბამისად, ფიქრობს, რომ კანონში, ამ სავიზო რეგულაციებში თვითშემოქმედებას ჰქონდა ადგილი და ევროკავშირი აქ არაფერ შუაშია.
“აქ საუბარი იმაზეა, რომ მიგრაციის პოლიტიკა ზოგადად უნდა დავარეგულიროთ. უნდა გვქონდეს ეფექტური მექანიზმები, რათა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველო სატრანზიტო გზად არ იქნეს გამოყენებული. ასევე, მიგრაციული პროცესები მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს, რათა სახელმწიფომ იცოდეს, თუ ვინ შემოვიდა და ვინ გავიდა, რამდენი ხნით და რა მიზნით შემოდიან და ა.შ.
“თუმცა ევროკავშირს ჩვენთვის არასოდეს მოუთხოვია ბინადრობაზე უარის თქმის საფუძველი ყოფილიყო ის, რომ ადამიანი ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ასეთი რაღაც არც ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს. ამ შემთხვევაში, ამ ადამიანს ქვეყანაში უბრალოდ არ უშვებ. ხოლო თუკი უშვებ და აქ ცხოვრობს, მერე უარის თქმა ამ მიზეზით არსად არ ხდება,” – აღნიშნავს გიგაური.
ვიზებში დაკარგულები
საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო კანონმდებლობა არსებობდა (საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადა, ვიზის აღების საშუალება სასაზღვრო პუნქტზე და ა.შ.). პირველი სექტემბრიდან კი “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებები ამოქმედდა და საქართველოში შემომსვლელთათვის საჭირო სავიზო პროცედურებსა და ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები შეიცვალა.
კონკრეტულად შეიცვალა ის, რომ 118 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა აღარ შეუძლია; საქართველოს ვიზა უკვე არა სახელმწიფო საზღვარზე, არამედ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გაიცემა; მოკლევადიანი ვიზა შესაძლოა იყოს ერთჯერადი, 30 დღემდე მოქმედების ვადით; ევროკავშირის, ნატოს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნებულ იქნა ერთადერთი ცვლილებით – ამ კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ექნებათ, საქართველოში უვიზოდ დაყონ არაუმეტეს 90 დღისა 180-დღიან პერიოდში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით და ა.შ.
ცვლილებებმა პრობლემები შეუქმნეს საქართველოში შემოსვლის მსურველ და აქ მცხოვრებ უცხოელებს. განსაკუთრებით კი სტუდენტებს, რომელთაც სასწავლო ვიზის მიუხედავად, 90 დღეში ერთხელ სამშობლოში დაბრუნება და ვიზის გახანგრძლივება უხდებათ.
თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს თავისი საკონსულო წარმომადგენლობა არ ჰყავს. შესაბამისად, სტუდენტებს თუ სხვა პროფესიის ადამიანებს პროცედურის გასავლელად სხვა ქვეყანაში წასვლა უწევთ და იმ ქვეყანაში შესასვლელად კიდევ ცალკე ვიზა სჭირდებათ.
ესმათი ახალგაზრდა ეგვიპტელია, რომელიც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს. პრობლემაზე საკუთარი და მეგობრების სახელით გვესაუბრა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. “ცვლილებების შედეგად პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის ის გართულდა, რომ როდესაც ვიზის ვადა გადის, იძულებული ვხდებით, ჩვენს ქვეყანაში დავბრუნდეთ და ახალი ვიზა ავიღოთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან ვიზის მისაღევად 10-დღიანი მოცდაა საჭირო. გამოდის, რომ სწავლის დაახლოებით 2 კვირით გაცდენა გვიწევს. თანაც, სტუდენტები ვართ, უცხო ქვეყანაში რომ ვსწავლობთ, ჩვენს ოჯახებს ისედაც საკმაოდ დიდი ხარჯის გაღება უწევთ და სამ თვეში ერთხელ ვიზის გასაგრძელებლად სამშობლოში დაბრუნება კიდევ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. მესმის, რომ საქართველოს მთავრობა სავიზო პოლიტიკის მოწესრიგებას ცდილობს, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა შეიძლებოდეს პროცედურების გავლა აქ, საქართველოშივე. ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნებოდა,” – ამბობს ეგვიპტელი სტუდენტი.
„ახალი თაობა“, 11 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: „რუსეთს მინერალურ წყლებსა და ღვინოზე კი არა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა ველაპარაკოთ“
ინტერვიუში პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი ჟურნალიტს გულიკო ბალაძესთან ვრცლად საუბრობს საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე.
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
– ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული: სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნები მიმდინარეობს. როგორ აფასებთ ხელისუფლების რეაგირებას ამ მიმართულებით?
– როგორ შეიძლება, აღნიშნული ფაქტი სერიოზულად არ შევაფასოთ. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონკრეტულად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებთან დაკავშირებული სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია 500 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა, 200-მდე სამხედრო მოსამსახურე. წვრთნები იმართება. კრემლი წვრთნებს მართავს რუსეთის ფედერალურ ოლქში, აფხაზეთსა და ცხინვალში. არის ინფორმაცია,რომ წვრთნების ჩატარება იგეგმება ყირიმში. წვრთნები მოიცავს 12 პოლიგონს. რუსეთის მხრიდან თავხედური მოქმედება – ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წვრთნების ჩატარება – ძალიან საგულისხმო და საგანგაშო მოვლენაა, ისეთივე საგანგაშოა, როგორც რუსების მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. თუმცა, რუსეთისათვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვრთნების ჩატარებას გარკვეული დემონსტრაციული მნიშვნელობაც აქვს. რუსეთი ძალის დემონსტრირებას ახდენს. რუსეთის მხრიდან აღნიშნული მოქმედება არის გარკვეული ძალის დემონსტრირება ბულგარეთთან შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ხომალდების შემოსვლის საწინააღმდეგოდ. პრაქტიკულად, ნატოს ხომალდები მოძრაობენ უკრაინის ტერიტორიული წყლების გასწვრივ და მიმდებარე ზოლში. აიტომ აფხაზეთსა და ცხინვალში წვრთნების ჩატარება არის პასუხი ნატოს ხომალდების შემოსვლასა და წვრთნებზე. როგორც ე.წ. ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია და მოქმედებელი იყო ნულის ტოლფასი (შემოიფარგლა ვალის მოხდით), იმდენად სუსტი და უმწეო იყო მათი რეაქცია. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან გაკეთდა რაღაც განცხადებები, შემდეგ კი თითქოს ყველაფერი კარგად იყო, დამშვიდდნენ. ახლაც ერთი განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მეტი არაფერი. ამ დროს რუსეთი რეგულარულად, მეთოდურად დგამს აგრესიულ ნაბიჯებს და ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს. ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი. სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია არავითარი სტრატეგია, რა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საპასუხო მოქმედებები და როგორი უნდა იყოს სტრატეგია რუსეთის ამგვარ მოქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ გეგმა.
– რუსეთის მხრიდან საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა მოსალოდნელია?
– რუსეთს ახლა რაში უნდა სჭირდებოდეს საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა? ახლა რუსეთის ინტერესია, სამხრეთ კავკასიაში მკაფიოდ დააფიქსირონ ე.წ. გავლენის საერთაშორისო საზღვრები. ამას მათივე ექსპერტები ამბობენ. ჯერჯერობით მათ სამხედრო კონფლიქტი არაფერში სჭირდებათ. ეს არარეალურია. ჩვენი ხელისუფლება თუ ამ აზრს ავითარებს, რომ მთავარია, რუსეთმა სამხედრო კონფლიქტში არ ჩაგვითრიოს, ახლა რუსეთის ინტერესში არ არის სამხრეთ კავკასიაში სამხედრო კონფლიქტის წამოწყება. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა უნდა იყოს გაცილებით აქტიური, როგორი – ეს ცალკე მსჯელობის საგანია.
– ხელისუფლებას რა უნდა მოემოქმედებინა რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ?
– დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ და ჩამოყალიბებულიც მაქვს ჩემი აზრი რუსულ გამოწვევებზე. ზოგადად, ეს გულისხმობს კარგად დაგეგმილ, კარგად გათვლილ ძალიან ენერგიულ ქმედებებს და არა ვალის მოხდის რეაქციებს.
– ერთი მაგალითი შეგიძლიათ დაგვისახელოთ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ხელისუფლებას არსებულ სიტუაციაში რუსეთის მოქმედებების საწინააღმდეგოდ, რასაც არ მოჰყვებოდა ვითარების უფრო გამწვავება?
– ეს გულისხმობს კომპლექსურ მოქმედებებს, რომელიც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობას. კონკრეტულად, ამისათვის ჩვენი ასპარეზი და უმნიშვნელოვანესი რგოლია ევროკავშირი და აშშ. ამაზე ჯერ კიდევ მაია ფანჯიკიძის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ვსაუბრობდი, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ნული და ნულს ქვემოთ ფარგლებში, რუსული აგრესია პოლიტიკურ დონეზე ისეთივე აქტუალური რომ გაგვეხადა დაავლეთისთვის, როგორც დღეს უკრაინის პროცესებია. ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ევროკავშირისა და აშშ-ის პოლიტიკის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი ისეთივე აქტუალური გამხდარიყო, როგორიც – უკრაინის მოვლენები.
– უკრაინაში მოვლენების ცხელი ფაზა იყო.
– ჩვენთან სულ ცხელი ფაზაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ ახერხებს საკითხის აქტუალიზებას.
– ბრძოლები არ მიმდინარეობს.
– მადლობა ღმერთს, რომ ბრძოლები არ არის. პოლიტიკა ისეთია, ან ბრძოლის თავი უნდა გქონდეს, ან – მოქნილი ენერგიული პოლიტიკის წარმოების. რა თქმა უნდა, განსხვავება არის, უკრაინაში ყველაფერი დუღს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების განცხადებებიც სუსტი იყო. ამ შემთხვევაში მთავარი ფიგურანტი არის ის, ვინც აწარმოებს აგრესიას ანუ რუსეთი. რუსეთის მიმართულებით ხელისუფლებას ყველა ნაბიჯი უნდა გადაედგა, გამოეყენებინა ყველა შანსი რუსეთთან არა მინერალურ წყლებსა და ღვინოზე დასალაპარაკებლად, არამედ – ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსაფრთხოების საკითხებზე და რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკურ განზომილებებზე.
საიდუმლო თათბირი „ნაციონალების“ ოფისში
რაზე ისაუბრეს „ნაცებმა“ და უკრაინიდან ჩამოსულმა მებრძოლებმა?
გელა ზედელაშვილი
უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონში შვებულება გამოცხადდა. პეტრო პოროშენკოს მრჩევლის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების თანახმად, ლეგიონის 300 წევრი 21 მარტამდე სხვადასხვა გზებით უნდა დაბრუნდეს საქართველოში, ნაწილი და მათ შორის, მეთაური მამუკა მამულაშვილი თბილისში არიან.
ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, ამ დღეებში ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისშიც იმყოფებოდნენ და საგანგებო თათბირიც გამართეს. როგორც კულუარებში ამბობენ, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა „ბოევიკებმა“ კიევიდან დაპირებული თანხები ვერ მიიღეს. აქ წმინდა წყლის ქართული ვარიანტია, სააკაშვილი თავიდან ოქროს კოშკებს დაჰპირდათ, მაგრამ ომში შესულმა მოხალისეებმა ბოლოს სამი თითის კომბინაცია მიიღეს, ანუ ათი ათასობით დოლარის ნაცვლად, ხმელი პური და თითო კონსერვი. ესეც არ არის საკმარისი, მოხალისე მეომრები ხშირად მშივრებიც დარჩენილან.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები „ბოევიკებს“ ოქროს კოშკებს ახლა თბილისში უგებენ პროვოკაციებისა და ფსიქოლოგიური ტერორის სანაცვლოდ. უკრაინიდან ჩამოსული ე.წ. „ბოევიკები“ რომ თბილისში „მაიდანს“ ვერ მოაწყობენ, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ საზოგადოებაზე მაინც უარყოფითად აისახება და მაინც ჩნდება შიშის სინდრომი. აი, ახლაა საჭირო სწორი იდეოლოგიის გატარება და ამ შიშის გაქარწყლება. უკრაინიდან ჩამოსული სააკაშვილის „ბოევიკები“ მივიდნენ „ნაცმოძრაობის“ ოფისში და დასახეს გეგმები, რა უნდა გააკეთონ 21 მარტს და მას შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში – მერე რა? „ალიას“ წყაროს ინფორმაციით, დასაწყისში მათ ევალებათ აქციის მონაწილე „ნაციონალების“ დაცვა და სიტუაციის კონტროლი, დანარჩენ დავალებებს მიიღებენ იმის მიხედვით, რა მდგომარეობა იქნება თავისუფლების მოედანზე. ისინი ვერ გამოვლენ იარაღით და ასევე, სამხედრო ფორმით, სამოქალაქო ტანსაცმლით იქნებიან, რათა ძნელად გასარჩევები იყვნენ მომიტინგეებისგან. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ყურადღება მართებს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს.
წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო ბინაში გაიმართა კონფიდენციალური შეხვედრა, სადაც შეკრებილები იყვნენ ირაკლი ალასანიას მომხრე მოქმედი ოფიცრები და ყოფილი სამხედროები, რომლებიც 21 მარტის აქციაზე მისვლა-არმისვლის შესახებ ბჭობდნენ. მათი თქმით, ალასანიას დროს ჯარში თავს გაცილებით კარგად გრძნობდნენ, ვიდრე ახლა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ალბათ, დააკვირდება, ვინ მოითხოვს 21 მარტისთვის სამსახურიდან გათავისუფლებას.
რას აპირებს შსს 21 მარტს, როგორ ემზადებიან შესაძლო არეულობის თავიდან ასაცილებლად? შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფრის თაობაზე მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, უკვე გააკეთა განცხადება, ანუ „ვინც რამეს გაბედავს, მიიღებს კიდეც“. აი, ეს არის ჩვენი სამართალდამცავების პასუხი.
და კიდევ ერთი, 10 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებთან – დემიან ბრიკკოსთან და ქეითი ქენინგთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოს შსს-სა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სასწავლო ვიზიტებს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, ტერორიზმის, კიბერდანაშაულისა და კიბერტერორიზმის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებების კუთხით. როგორ ფიქრობთ, ამ შეხვედრაზე საუბარი არ იქნებოდა იმ საფრთხეების შესახებ, რასაც „ნაციონალები“ უმზადებენ ქვეყანას?
დარწმუნებული ვართ, იქნებოდა, ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების ჩამოსვლა თბილისში არ უნდა იყოს შემთხვევითი, ან კიდევ ერთი წლის წინათ დაგეგმილი.
ინტერვიუ ჩინეთის ელჩ ბინ იუესთან: ,,აბრეშუმის გზა განვითარების, თანამშრომლობისა და მეგობრობის გზა უნდა იყოს”
მაკა ლომაძე
(შემოკლებით)
ორიოდე კვირის წინ, ჩინეთმა ახალი წელი აღნიშნა. იმაზე, როგორ იზეიმეს საქართველოში მცხოვრებმა ჩინელებმა ეს დღე და ზოგადად, როგორია ქართულ-ჩინური ურთიერთობა, ,,ვერსიას” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბინ იუე ესაუბრება.
- 2014 ჩინურ-ქართული ურთიერთობების სწრაფად განვითარების წელი იყო. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირები თვალსაჩინოდ გაძლიერდა. საქართველოს ვიცე- პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილისა და ვიცე- სპიკერის, ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით, ორი დელეგაცია სტუმრობდა ჩინეთს. პირველი თიენძინში, დავოსის ფორუმში მონაწილეობდა, მეორე კი – ჩინეთ-ევრაზიის მე-4 ექსპოში. ისინი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. კიდევ ბევრი მაღალი დონის დელეგაციის გაცვლა მოხდა. წარმატებით ჩატარდა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე და ჩინეთსაქართველოს ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა. ორმხრივი საქმიანი თანამშრომლობის შედეგები აშკარაა _ ჩინეთ- საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 823 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთი საქართველოს რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, ხოლო წლიური მონაცემებით _ რიგით პირველი ინვესტორი. ჩინური კომპანიები შეუფერხებლად ახორციელებენ საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური სოფლის მშენებლობის, E60 მაგისტრალის გაუმჯობესების… ჩინეთმა კიდევ ერთხელ გადასცა საქართველოს 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. გრანტების მოცულობამ, 55 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის, საბაჟო სკანირების დანადგარების შესყიდვას, სათბურების მშენებლობას… მოხმარდა. თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროშიც არნახულად ვითარდება. შეუფერხებლად ფუნქციონირებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. 16 ჩინელი მოხალისე მასწავლებელი საქართველოს ოცამდე სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის ჩინურ ენას. უკვე 600-ზე მეტი ქართველი სტუდენტი ეუფლება ჩინურს, რაც წინა წელთან შედარებით, ორჯერ მეტია. ხელი მოეწერა განათლების სფეროში ახალ შეთანხმებას, რითაც გაიზარდა სამთავრობო სტიპენდიების რაოდენობა. არა ერთი ანსამბლი სტუმრობდა როგორც ჩინეთს, ისე საქართველოს. მათ მაყურებელს თავიანთი ქვეყნის კულტურა წარუდგინეს. ორმა ქართულმა ფილმმა: „გაღმა ნაპირი“ და „ვაზში დაკარგულები“, აბრეშუმის გზის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზები მოიპოვა.
- როგორც ვიცი, სამომავლოდაც არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტია დაგეგმილი.
- დიახ. არც ისე დიდი ხნის წინ, ჩინეთის სახელმწიფო მდივანი იან ძიეჩი, მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ- მინისტრს შეხვდა და ოფიციალურად მიიწვია სექტემბერში დალიენში დაგეგმილ დავოსის ფორუმზე. წლის განმავლობაში, საქართველოს ორივე ვიცე- პრემიერი ასევე ეწვევა ჩინეთს. დარწმუნებული ვარ, ეს მაღალი დონის ვიზიტები ხელს შეუწყობს 2015 წელს ჩინეთ- საქართველოს ურთიერთობების ახალი ძალით განვითარებას.
- საქართველოს მიერ წამოყენებული სტრატეგია „აბრეშუმის გზის აღდგენის“ თაობაზე ჩინეთთანაა კავშირში. რას ფიქრობთ ამ სტრატეგიაზე და რა ნაბიჯები გადადგა ჩინეთმა ამ მიმართულებით?
- უძველესმა აბრეშუმის გზამ, ჩინეთი და საქართველო, მჭიდროდ, ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ დააკავშირა. ბოლო წლებში, ჩინეთმა სტრატეგიული კონცეფცია წამოაყენა „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“ შექმნის, საქართველომ კი – „აბრეშუმის გზის აღდგენის“ შესახებ. ამ კონცეფციებს ბევრი საერთო აქვთ. აბრეშუმის გზა, განვითარების გზა უნდა იყოს. კონცეფცია მიზნად ისახავს სარტყლის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს (მათ შორისაა საქართველოც) შორის კომუნიკაციის, საგზაო კავშირების, ვაჭრობის, ვალუტის მიმოსვლისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას, რომ ეს ქვეყნები ერთად განვითარდნენ და ერთად მიაღწიონ კეთილდღეობას. ევრაზიის გასაყარზე მდებარე საქართველო ,,ეკონომიკური სარტყლის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“ შექმნის იდეა ახალ შესაძლებლობას აძლევს თქვენს მთავრობას, აქციოს ქვეყანა ევრაზიის დამაკავშირებელ სავაჭრო და ლოჯისტიკურ სატრანზიტო ქსელად. ახლო მომავალში, საქართველოს ვიცე- პრემიერი კვირიკაშვილი, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ხელს მოაწერს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“ მშენებლობაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებულ ორმხრივ დოკუმენტს. ამავდროულად, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივას მიმდინარე წლის ოქტომბერში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის“ გამართვის თაობაზე. ფორუმში ჩინური დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. აბრეშუმის გზა თანამშრომლობის გზაც უნდა იყოს. ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება, მაგრამ კიდევ დიდი სივრცეა აუთვისებელი. ავტომაგისტრალების, რკინიგზის, პორტების, ელექტროენერგიის, კომუნიკაციების, წარმოებისა და სხვა სფეროებში ჩინეთს მდიდარი გამოცდილება აქვს.
(…)
საქართველოს უპირატესი გეოგრაფიული მდებარეობა, ხელსაყრელი საინვესტიციო პირობები, ევროკავშირთან და მეზობელ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, საქართველოს მთავრობის მისწრაფება განავითაროს ინფრასტრუქტურა, წარმოება და შემოიტანოს მეტი უცხოური ინვესტიცია, ყოველივე ეს ბევრ ჩინურ კომპანიას იზიდავს. შარშან, სწორედ ჩინეთიდან შემოსული ყველაზე დიდი რაოდენობის ინვესტიციები ამის ნათელი დასტურია. დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მეტი ჩინური კომპანია შემოვა საქართველოში და მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში; და მესამე _ აბრეშუმის გზა მეგობრობის გზაც უნდა იყოს. უძველესმა აბრეშუმის გზამ აშკარად დიდი წვლილი შეიტანა ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების გაძლიერებასა და სხვადასხვა კულტურების გავრცელებაში. ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სარტყლის გასწვრივ მცხოვრები ხალხების დამეგობრება. ჩინეთმა და საქართველომ უკვე განსაზღვრეს მიმდინარე წლის განმავლობაში კულტურულ გაცვლასთან