«Вестник Кавказа» (რუსეთი): საქართველოს რუსეთის იმედი აქვს
«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი): საქართველო: ლარის კრიზისმა „ოცნებას“ დაარტყა
«Tages Anceiger» (შვეიცარია): ყირიმული მაგალითის მიმბაძველები: რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ანექსიას ცდილობს
———————–
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 16 მარტი, 2015 წელი
http://www.vestikavkaza.ru/articles/Gruziya-nadeetsya-na-Rossiyu.html
საქართველოს რუსეთის იმედი აქვს
„თბილისში გრძელდება ეკონომიკური კრიზისის მიზეზებისა და შედეგების აქტიური განხილვა, რომელსაც წინ უძღოდა ეროვნული ვალუტის თითქმის 35%-იანი დევალვაცია. დისკუსია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობს: ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ყველა უბედურების მიზეზს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პრორუსული კურსი წარმოადგენს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი კალაზოტიშვილი).
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკვე დაიღალა იმის მტკიცებით, რომ საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი კვლავ ევროპულ-ევროატლანტიკურია, შესაბამისად, ბოლო ხანებში მთავრობის ჩინოვნიკები სულ უფრო ხშირად მიანიშნებენ: რომ არ მომხდარიყო რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, რომ არ დაწყებულიყო ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე, ლარის დევალვირება დღევანდელთან შედარებით უფრო მასშტაბური იქნებოდა და სახელმწიფოს რუსეთთან ვაჭრობისაგან მიღებული 180 მილიონი დოლარი დააკლდებოდაო.
არავის არ დაობს იმაზე, ლარის დასუსტების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ რუსული რუბლის გაუფასურება გახდა: ქართული ლარი რუბლზე უფრო მეტად დამოკიდებული აღმოჩნდა, ვიდრე დოლარსა და ევროზე. მაგრამ როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან? მთავრობის ანტიკრიზისულ პროგრამას პარლამენტის სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იხილავდნენ. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა გიორგი კვრიკაშვილი და ნოდარ ხადურმა დეპუტატებს და საზოგადოებას აცნობეს, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად განაახლებენ „დიდ პრივატიზაციას“, მოიზიდავენ მსხვილ უცხოურ ინვესტიციებს და ტურიზმს განავითარებენ.
საინტერესო ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სამივე მიმართულებაში „რუსული კვალი“ იკვეთება, რომლის შესახებაც ფხიზელი ოპოზიციონერები საზოგადოებას არაერთხელ აფრთხილებდნენ: სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება გაყიდოს რამდენიმე სამთავრობო რეზიდენცია (გარდა კრწანისისა, სადაც ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მეუღლესთან ერთადაა დაკრძალული. როგორც ჩანს, შვილებმა წინასწარმეტყველური გადაწყვეტილება მიიღეს), ბათუმის ცათამჯენი, საქართველოს რკინიგზის იმ აქციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, საერთოეროვნული ლატარია და სხვა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ამ ობიექტების შემსყიდველები რსუსლი კერძო და სახელმწიფო კომპანიები იქნებიან, მაგალითად, „გაზპრომი“ და „რუსეთის რკინიგზები“.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ავიაკომპანია „აირზენას“ პროტესტის მიუხედავად, რუსული ავიაკომპანიებისათვის არანაირი შეზღუდვა არ დაწესდება. [სავარაუდო ზარალის ერთგვარი კომპენსაციის სახით კი] „აირზენას“ ჩარტერულ რეისებს სახელმწიფო დააფინანსებს. მთავრობის აზრით, რაც უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, მით უფრო მეტი ვალუტა შევა გაღარიბებულ ქართულ ხაზინაში. ეკონომიკის მინისტრმა მიანიშნა აგრეთვე ჩინეთთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ჩინური კომპანიების მონაწილეობას ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იქნება. მომდევნო წლებში ინვესტიციებმა 5 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს, რაც საქართველოს წლიურ ბიუჯეტზე მეტი იქნება.
ბევრს მოეჩვენა, რომ ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთზე საუბრისას მოსკოვს მიანიშნა, რომ თბილისის მზადაა შავი ზღვის უდიდესი ნავსადგურის მშენებლობაში რუსული კომპანიების მონაწილეობის საკითხიც განიხილოსო, მით უმეტეს, რომ ფონიც შექმნილი იყო: როგორც პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკების შეწყვეტაზე „არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს“.
როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისი, მიუხედავად ოპოზიციის მიერ 21 მარტს დაგეგმილი [ანტირუსული] მიტინგისა, კვლავ ეძებს ჩრდილოელ მეზობელთან შეხების წერტილებს: მართლაც, ბოლო მოვლენებმა აჩვენეს, რომ ქართული ეკონომიკა უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე და დსთ-ის ქვეყნების ეკონომიკაზე, ვიდრე ევროკავშირზე, რომელთანაც, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის მიუხედავად, ვაჭრობა შემცირდა“, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.
«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი), 15 მარტი, 2015 წელი
http://www.azerizv.az/news/a-18453.html
საქართველო: ლარის კრიზისმა „ოცნებას“ დაარტყა
„ქართული ეროვნული ვალუტის კურსის დაცემამ ქვეყნის საშინოოპოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაამწვავა: გახშირდა ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების მიმართი „არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების“ გამო, პარალელურად კი სერიოზული დაპირისპირება სამთავრობო ბანაკშიც გამოიკვეთა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი ნატიგ ნაზიმოღლუ), რომელშიც მიმოხილულია საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების უთანხმოებას არსებული ფინანსური სიტუაციის მიზეზებთან დაკავშირებით. „მთავრობა პირობას დებს, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, მაგრამ მოიტანს თუ არა სასურველ შედეგს ფართომასშტაბიანი პრივატიზება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ბიზნესის წამახალისებელი საკანონმდებლო ცვლილებები, ამას დროს გვიჩვენებს“, – აღნიშნულია სტატიაში. იქვე ავტორი ხაზს უსვამს: „ერთმნიშვნელოვანია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა სერიოზული გამოცდის წინაშე დგას, რომელიც მის ნორმალურ საქმიანობას საფრთხეს უქმნის. განხეთქილება შეინიშნევა მმართველი კოალიციის შიგნითაც. თუმცა, ოპოზიციის ბრალდებებისა და ხელისუფლების რეიტინგის დაცემის მიუხედავად, მთავრობას ყველა შანსი აქვს გამოცდას გაუძლოს: ქართველი ექსპერტების აზრით, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს არა იმდენად ოპოზიციისა და ცალკეული დაჯგუფებების პოზიციას კოალიციის შიგნით, არამედ „ქართული ოცნების“ ფაქტიური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თვალსაზრისს. როგორც ირკვევა, ექს-პრემიერი არ არის დაინტერესებული მთავრობის შეცვლით, რადგან ამით შეიძლება ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ისარგებლონ. გარდა მისა, მომავალ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის შეცვლა მოკლევადიან პერსპექტივაში არ მოხდება“.
სტატიის დასასრულს ნათქვამია: „რასაკვირველია, აქ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ქართული პოლიტიკის ზემოქმედება საერთორეგიონულ უსაფრთხოებაზე. აზერბაიჯანი როგორც სამხრეთ კავკასიის ლიდერი-სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია მეზობელი ქვეყნის სტაბილურობაში. თბილისისა და ბაქოს სტრატეგიული დიალოგი უზრუნველყოფს როგორც მხარეთა მოქმედების კოორდინაციას, ასევე ერთობლივ მცდელობას იმ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში, რომლებიც ბოლო ხანს საგრძნობლად გააქტიურდნენ“.
«Tages Anceiger» (შვეიცარია), 16 მარტი, 2015 წელი
http://www.tagesanzeiger.ch/ausland/europa/Das-Beispiel-Krim-macht-Schule/story/13446848
ყირიმული მაგალითის მიმბაძველები: რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ანექსიას ცდილობს
ზიტა აფერტრაგერი
(შემოკლებით)
ყირიმის ანექსიის წლისთავის დღეებში რუსეთმა უკრაინის კუთვნილ ნახევარკუნძულზე სამხედრო მანევრები დაიწყო. ამით მოსკოვი ხაზს უსვამს, რომ მან ყირიმი წარმატებით მიისაკუთრა. რუსული არმიის სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებები მიმდინარეობს აგრეთვე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებშიც, რომლებიც საქართველოს ეკუთვნის. მართალია, ამ ტერიტორიებზე „მწვანე კაცუნები“ არ ჩანან, რომლებმაც ერთი წლის წინ ყირიმის რუსეთის მიერ მიტაცებას ხელი შეუწყეს, მაგრამ სამაგიეროდ, აღნიშნულ სეპარატისტულ რეგიონებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის მიზანი იგივეა – ანექსია.
მოსკოვი „სამხრეთ ოსეთთან“ ისეთ შეთანხმებას აფორმებს, რომელიც 1991 წლიდან საქართველოსაგან ჩამოშორებული რეგიონის უფლებამოსილების რუსეთისადმი გადაცემას ითვალისწიენებს: „სამხრეთ ოსეთის“ არმია და პოლიცია რუსეთის შესაბამის ორგანოებთან ერთიანდება, კრემლი საკუთარ თავზე იღებს „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრების დაცვას საქართველოსთან, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ უზრუნველყოფას, განათლების სისტემა იგივე იქნება, როგორიც რუსეთშია… ანუ ისეთი წინამძღვრებია, რომ სამხრეთ ოსეთი როგორც „სუვერენული სახელმწიფო“, თავის არსებობას შეწყვეტს. „არის სიგნალები, რომ სამხრეთ ოსეთიც ყირიმის ბედს გაიზიარებს“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერჩაშვილი.
აფხაზეთთან უკვე დადებული და სამხრეთ ოსეთთან დაგეგმილი ხელშეკრულებების ინიციატორი რუსეთის მთავარი იდეოლოგი, პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვია, რომელმაც მართვადი დემოკრატიის მოდელი შექმნა. იგი ასევე ითვლება ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში (დონბასში) მიმდინარე ომის ავტორად. შესაბამისად, იგი ევროკავშირის სანქციების ობიექტად იქცა. აფხაზეთის შემდეგ ვლადისლავ სურკოვს სურს, რომ რუსეთთან სამხრეთ ოსეთიც მტკიცედ იყოს დაკავშირებული. მართალია, ამ შემთხვევაში აფხაზეთი რუსეთისაგან მეტ დისტანცირებას ცდილობს, მაგრამ ვლადისლავ სურკოვისათვის უფრო სასურველი ის იქნებოდა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარი თუ არ იარსებებდა. საინტერესოა, რომ მოსკოვმა სოხუმის დაყოლიება პირველივე რაუნდში ვერ შეძლო: აფხაზებმა რუსების მოთხოვნები შეარბილეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობას ზღუდავენ: მოსკოვი აფხაზეთის ბიუჯეტს 70%-ით აფინანსებს, ხოლო სამხრეთ ოსეთისას – 90 პროცენტით.
ასე რომ, აფხაზი და ოსი სეპარატისტები საკმაოდ დიდ ფულს ნთქავენ, რომელიც რუსეთს სულ უფრო უმცირდება: ეკონომიკა კრიზისშია, საბიუჯეტო მოსამსახურეთა ხელფასები 10 პროცენტით მცირდება, სანქციებთან ერთად რუსეთს დიდ ზარალს აყენებს ნავთობზე არსებული დაბალი ფასებიც. მოსკოვისათვის მძიმე ტვირთია ე.წ. „ნოვოროსიაც“ – ასე უწოდებს რუსეთი უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს. თუმცა, ამის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ძალისმიერი პოლიტიკის გატარება რუსეთისათვის, შეიძლება ითქვას, ძალიან დიდად ღირებული არ არის: მოსკოვმა სამხრეთ ოსეთს დახმარება 20%-ით გაუდიდა.
სულ სხვაგვარი სიტუაცია შეიმჩნევა რუსეთის პოლიტიკაში კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის – მოლდოვის დნესტრისპირეთის მიმართ, რომლის ლიდერები, ყირიმის ანექსიის ფონზე, რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციას იმედოვნებდნენ (ფედერაციაში შესვლის ჩათვლით). დნესტრისპირელებმა 2006 წელს ჩატრებულ რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების სურვილი კი გამოხატეს, მაგრამ რუსეთს ტირასპოლის თხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენია. უფრო მეტიც – ამჟამად კრემლი დნესტრისპირეთს დახმარებას უმცირებს. ზოგიერთი დამკვირვებელი ამის მიზეზს იმაში ხედავს, რომ სეპარატისტული რეგიონი ვერ ასრულებს [მოსკოვის სურვილს] – ხელს ვერ უშლის მოლდოვას ევროკავშირისაკენ სწრაფვას. ცალკეული მოლდოველი პოლიტიკოსები მზად არიან უარი თქვან დნესტრისპირეთზე, თუ ეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.