“რეზონანსი“: ეთანხმებით თუ არა გოგი თოფაძის შეფასებას, რომ “ნატო ჩვენი გზა არ არის”?
„კვირის პალიტრა“: რუსეთის შეიარაღებას NATO ვეღარ შეამოწმებს // ოფიციალურმა თბილისმა ინფორმაციის მოსკოვისთვის მიწოდება მხოლოდ 2011 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შეწყვიტა
“რეზონანსი“: მზადება დიდი ომისთვის – რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებიდან ოფიციალურად გავიდა
„კვირის პალიტრა“: ბაბილონის გოდოლი – შინ და გარეთ
„ასავალ-დასავალი“: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „თურმე რუსეთს სანქციები დაუწესეს! საწყალი რუსეთი! აღარ იცის, შიშით სად წავიდეს. ასე ამერიკამ სანქციები უკვე ათწლეულებია ირანსაც დაუწესა, მაგრამ რა მოიგო ამით?“
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „აშშ-ის ელჩმა, როგორც ჩანს, ამოწურა მთავრობასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი, ამიტომ ცვლიან“
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან: „საქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელის დანიშვნა იმის ნიშანია, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები მომავალ ასწლეულში იქნება პირველ პლანზე წამოწეული“
———————-
“რეზონანსი“, 16 მარტი, 2015 წელი
ეთანხმებით თუ არა გოგი თოფაძის შეფასებას, რომ “ნატო ჩვენი გზა არ არის”?
ლიკა ამირაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ “ნატო ჩვენი გზა არ არის”. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს და შესაძლოა, ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა, რადგან ექსპორტის მეტი საშუალება გვექნება. “მზად არც ამისთვის ვართ. თუმცა, თუ იქ უფრო კარგი პირობები იქნება, თუ მძლავრი ქვეყანა ვიქნებით და საკუთარ ინტერესებს დავიცავთ, შეიძლება ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა, რადგან ექსპორტის მეტი საშუალება გვექნება. როგორ გგონიათ, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში ნატო უფრო დაგვეხმარება თუ რუსეთი?” – განაცხადა თოფაძემ. მისი თქმით, ნატოს პოლიტიკის გამო ბევრი სახელმწიფო “გაუბედურდა” მათ შორის ერაყი, ლიბია, ეგვიპტე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუ ამ სახელმწიფოების გზას დავადგებით, საქართველოში იმაზე უარესი მოხდება, რაც უკრაინაში მოხდა.
ეთანხმებით თუ არა გოგი თოფაძის ამ მოსაზრებებს? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თედო დუნდუა (ისტორიკოსი): “როგორ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება. ჩვენ გვაქვს პროდასავლური ორიენტაცია, მაგრამ ამავე დროს მეზობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვინდა. ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირის სახით უკვე იყო ჩემს ცხოვრებაში. აბსოლუტური არასწორი განცხადებაა. საბოლოო ჯამში ალბათ გაიმარჯვებს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და განხორციელდება რუსეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა. ეს გეგმა იყო ამ საუკუნის დასაწყისშიც, მაგრამ რატომღაც შეცვალეს იმით, რომ გერმანიამ ენერგომატარებლების დიდი რაოდენობით შეძენა დაიწყო, რასაც რუსეთის სამრეწველო პოტენციალის რეანიმირება მოჰყვა.”
იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი): “ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს უმთავრესი. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენ გარკვეულწილად პოლიტიკური ელიტის მსხვერპლნი ვართ. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ უახლოეს დროში ნატოში ვერ შევალთ. ქვეყნის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. თუ ქვეყნის ინტერესებისთვის კარგი იქნება, ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეთ. “უნდა გადავრჩეთ და არ უნდა ვიყოთ ისე, რომ ერთი მესამედი გაქცეული იყოს და ერთი მესამედი კი გასაქცევად ემზადებოდეს. ასეთ ქვეყანას ჩვენ მამა ღმერთი არ გვაპატიებს. აქედან გამომდინარე, მე ვაფასებ ასე, ეს არის პრაგმატული და ბიზმესმენი ადამიანის სიტყვები, რომელიც ფიქრობს და ამობს, რომ უკეთესი იქნება ევრაზიულ კავშირში შესვლა. მე ორივესაც შევათავსებდი, თუ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. მთავარია, ქვეყნისთვის რა არის მნიშვნელოვანი და არა დღევანდელი პოლიტიკოსისათვის.”
ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): “ნატოსთან დაკავშირებით მართლა ყველა ენაზე გვითხრეს, რომ ჯერჯერობით კი არა, საერთოდ პერსპექტივა არ გაქვთო. გვითხრეს ინგლისურად, გერმანულად, ბოლოს ფრანგულადაც გვითხრეს. ჩვენ მაინც გამწარებული ვიმეორებთ, რომ მაინცდამაინც ნატოში მივდივართ. რას ეფუძნება ჩვენი იმედები, ჩემთვის გაუგებარია. ყველა ამბობს, რომ უახლოეს ხანებში ნატო გაფართოებას არ გეგმავს. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს ხანებში ვერ გავხდებით ნატოს წევრი. “რაც შეეხება მეორე ვარიანტს ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით, მემგონი, კიდევ უნდა გავიდეს დრო, მოგვარდეს ურთიერთობები და თუ საქართველოსთვის მომგებიანი იქნება… “მე არ ვიცი, ჯერჯერობით ძნელია ამის გადაწყვეტით თქმა. მე მგონი, ევროკავშირში რომ ვიყოთ, ჯობია, მაგრამ დრო გვიჩვენებს. ხელისუფლებამ ხალხთან ერთად უფრო რაციონალურად უნდა იფიქროს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.”
გია ბუღაძე (ფერმწერი): “სრულიად არ მიკვრის, რაც მან თქვა, რადგან სრულიად არ მალავდა თავის ინტერესებს. მან ის თქვა, რასაც ყოველთვის ამბობდა. ახლა თამამად ამბობს, რადგან იცის, რომ დაუსჯელობის სინდრომია. ეჭი შეაქვს ქართველების გადარჩენის მოტივში. ჩემთვის გოგი თოფაძეს ახალი არაფერი არ უთქვამს.”
“რეზონანსი“, 16 მარტი, 2015 წელი
მზადება დიდი ომისთვის – რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებიდან ოფიციალურად გავიდა
ეკატერინე ბასილაია
რუსეთმა ოფიციალურად დატოვა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ დდებული შეთანხმება. ამით მათ ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმითი შეიარაღების განუსაზღვრელი რაოდენობით განთავსებაზე ხელ-ფეხი ეხსნებათ და უკვე ვერავინ გააკონტროლებს, სად რამდენ შეიარაღებას განალაგებს. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ეს შემაშფოთებელია, მოსკოვის სამიზნე პირველ რიგში უკრაინა და საქართველოა და შემდეგ მთელი აღმოსავლეთ ევროპაც.
ცნობისათვის, 2007 წელს რუსეთმა ოფიციალურად დროებით შეაჩერა ამ შეთანხმებაში თავისი მონაწილეობა, თუმცა, რუსეთის წარმომადგენლები ამის შემდეგაც ჩვეულებრივად ესწრებოდნენ შეთანხმების ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა თუ სამიტებს. გასულ ოთხშაბათს, 2015 წლის 11 მარტს კი რუსეთმა ოფიციალურად დატოვა შეთანხმება.
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება 1990 წელს გაფორმდა და იგი ევროპაში ჩვეულებრივი (არაბირთვული) შეიარაღების განლაგებაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ხელშეკრულებით დაწესებულია გარკვეული კვოტები, თუ კონკრეტულად რამდენი ტანკის, საარტილერიო დანადგარისა თუ თვითმფრინავის განლაგების უფლება აქვთ ევროპაში სხვადასხვა სახელმწიფოებს.
რუსულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა უკრაინის კრიზისის გამო დაჩქარდა და რუსეთი არაფერს კარგავს. უფრო მეტიც, იწერება, რომ კრემლი ნატო-სკენ მიხედვის და ანგარიშის გაწევის გარეშე შეძლებს გააძლიეროს სამხედრო შენაერთები ურალიდან კალინინგრადამდე და კავკასიიდან მურმანსკამდე.
“ნატო-ელი “ბიძები” ვეღარ მიგვანიშნებენ, სად და რა რაოდენობის ტანკი, ქვემეხი და თვითმფრინავი განვათავსოთ – ამას ჩვენ მივხედავთ,” – წერს რუსული “კამსამოლსკაია პრავდა”.
რუსეთის ამ ნაბიჯს აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები შეშფოთებით გამოეხმაურნენ. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლა “ევროპის უსაფრთხოების გაუარესებას უწყობს ხელს”.
შეშფოთება გამოთქვეს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ოფიციალური თბილისის მხრიდან რაიმე განცხადება არ გაკეთებულა და სამხედრო მეცნიერებათა დოქტრის, ვახტანგ მაისაის თქმით, ეს საკვირველია, რადგან მიიჩნევს, რომ რუსეთს რეგიონში თავისი სამხედრო პოტენციალის გაზრდა სჭირდება და მისი ეს ნაბიჯი საქართველოსა და უკრაინისკენ არის მიმართული.
“ამ ნაბიჯით რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელება აკრძალა და უკვე შეუძლებელი იქნება დადგენა, თუ რა შეიარაღებას ათავსებს რუსეთი აფხაზეთში, ცხინვალში, ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ბალტიელები შეშფოთებული არიან და ამას გამოხატავენ, რადგან მათ საზღვრებთან რუსეთი რასაც უნდა იმას განალაგებს. ასევე შეშფოთებული უნდა ვიყოთ ჩვენც და მიკვირს, რატომ ვართ ჩუმად – თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები თუნდაც შეშფოთებას რატომ არ აფიქსირებენ,” – აღნიშნავს მაისაია.
რისი გარანტია ხელშეკრულება
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში, ერთი მხრივ, ხელს აწერდა ნატო-ს 16 ქვეყანა და, მეორე მხრივ – ვარშავის პაქტის 6 სახელმწფიო (სსრკ, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ჩეხოსლოვაკია). ხელშეკრულება ჩვეულებრივი (არაბირთვული), შეიარაღებული ძალების ბალანსს ადგენდა ორ კონკურენტ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს შორის. იზღუდებოდა ასევე ჩვეულებრივი შეიარაღების განთავსება სამხედრო ბლოკების შეხების ხაზის გასწვრივ. ეს ნატო-სა და საბჭოთა სამხედრო ბლოკს ევროპაში ერთმანეთზე მოულოდნელი თავდასხმისაგან დაცვის გარანტიას აძლევდა.
ხელშეკრულების ფარგლებში, ევროპაში (ატლანტიკიდან ურალამდე) ორივე ჯგუფს – ნატო-სა და ვარშავის პაქტის ქვეყნებს – ნებართვა ეძლეოდათ თანაბარი რაოდენობის ჩვეულებრივი შეიარაღება ჰქონოდათ, და მაქსიმალური საერთო რაოდენობა უნდა ყოფილიყო: 40 000 ტანკი; 60 000 ჯავშანტექნიკა; 40 000 საარტილერიო იარაღი 100 მმ-იანი და ზემოთ; 13 600 საბრძოლო თვითმფრინავი; 4 000 მოიერიშე ვერტმფრენი.
სსრკ-სა და ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ შეთანხმებამ გარკვეული მოდერნიზება განიცადა, რის შედეგადაც დამატებით განისაზღვრა შეიარაღების კვოტები ახალწარმოქმნილი სახელმწიფოებისათვის.
რუსული საბოლოო დემარში ევროპას
გასული კვირის მთავარი სამხედრო სენსაცია და ევროპის მისამართით ერთგვარი რუსული დემარში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანტონ მაზურმა სამშაბათს, ვენაში მოლაპარაკებაზე გაახმოვანა, სადაც სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხები განიხილებოდა.
მაზურმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია 11 მარტს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ფარგლებში ერთობლივ საკონსულტაციო სხდომებზე მონაწილეობას წყვეტს.
“რია ნოვოსტთან” საუბრისას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ევგენი ბუჟინსკი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ბუნებრივი ნაბიჯია მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება დიდი ხანია რუსეთის ინტერესებში არ ჯდება და ის იმ პრეტენზიებზე საუბრობს, რაზეც განცხადებები კრემლმა ხელშეკრულებიდან საბოლოო გასვლამდე რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
ცნობისათვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდნენ თავიანთი არმიებით და კვოტირება მათაც შეეხო, თუმცა ლატვია, ლიტვა და ესტონეთი ხელშეკრულებას არ შეუერთდნენ და ამ და სხვა მიზეზებით რუსებმა რამდენიმე პრეტენზია წამოაყენეს. ერთი ის, რომ როდესაც ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდა და ჩეხეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი მიიღო, ვარშავის პაქტის ქვეყნებისათვის გამოყოფილი კვოტები ნატო-ს სასარგებლოდ გადანაწილდა. გარდა ამისა, რუსები ხელშეკრულებაზე ბალტიის ქვეყნების შეერთებას ითხოვდნენ.
ასევე პრეტენზია იყო ის, რომ რუსეთი 1999 წელს სტამბოლში მიღებული ადაპტირებული ვარიანტის რატიფიცირებას მოითხოვდა, მაგრამ სხვა ქვეყნებმა ამაზე უარი თქვეს. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ რუსეთის ფედერაციამ სტამბოლის ის ვალდებულებები არ შეასრულა, რომელიც საქართველოდან და მოლდოვადან რუსეთის ჯარის გაყვანას ითვალისწინებდა.
ამდენად, 2007 წლის გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების შესრულებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და მიზეზად აშშ-ის მიერ ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განლაგების გეგმა დასახელდა.
მორატორიუმი გულისხმობდა იმას, რომ რუსეთმა ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს შეიარაღებაზე ინფორმაციის მიწოდება შეუწყვიტა. თუმცა, ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობას აგრძელებდა. გასულ კვირას კი ამ ჯგუფიდანაც გავიდა.
საქართველო რუსეთის უკონტროლო შეიარაღების პირისპირ
ის, რომ რუსეთში 1990 წლის ხელშეკრულებიდან გასვლას მიესალმებიან და შეიარაღების გაზრდაზეც აქტიურად დაუბრობენ, რეგიონში ერთგვარ შიშს ქმნის. მით უმეტეს, რომ 2007 წელს მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს და ამიტომაც ხელშეკრულებიდან საბოლოო გასვლის განცხადების გამო მოლოდინი არც თუ საიმედოა.
“საშიშროება არსებობს. რუსეთმა 2007 წელს ხელშეკრულებაში მონაწილეობა ტყუილად არ შეაჩერა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არ ენახათ შეიარაღების გაზრდა, როდესაც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სჭირდებოდა აგრესია. ეტყობა, ახლაც იგივე ჩანაფიქრია უკვე უკრაინის მიმართულებით,” – ამბობს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.
მისი თქმით, ამ ხელშეკრულების მონაწილე საქართველოცაა და ერთგვარი უცნაურობა იყო ის, რომ როდესაც კრემლმა 2007 წელს ხელშეკრულებაში მონაწილეობა შეაჩერა და შეიარაღებაზე ინფორმაციას არავის აწვდიდა, საქართველომ რუსეთისათვის შესაბამისი ცნობების მიწოდება არ შეწყვიტა.
“ამის შესახებ აგვისტოს ომის შემდეგ არაერთხელ დავწერე, რომ რუსეთს მორატორიუმი აქვს გამოცხადებული ინფორმაციის გაცემაზე და ჩვენ რატომ ვაწვდით, თან რუსეთი აგრესორია-მეთქი. ყურადღება არავინ მომაქცია, მხოლოდ 2011 წელს შეაჩერა საქართველომ რუსეთის ინფორმირება. ისიც მას შემდეგ, რაც აშშ და ბრიტანეთი გამოვიდნენ ინფორმაციის არმიწოდების ინიციატივით.
“ინფორმაციის მიწოდება იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ორჯერ ვატყობინებდით რუსეთს, თუ სად რა საბრძოლო ტექნიკა გვყავდა, რა ნომერი, რა ტიპის და რა მდგომარეობაში იყო. ეს ინფორმაცია სტატიაში რომ დამეწერა, შესაძლოა, დავეჭირეთ, ამ დროს კი რუსეთი ოფიციალურად იღებდა ამ ინფორმაციას,” – აღნიშნავს ალადაშვილი.
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, 1990 წლის ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლა დიდი სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადების ნიშანია.
ის ამბობს, რომ ჩვეულებრივი შეიარაღების პარიტეტის ხელშეკრულება შეტევითი შეიარაღების შემცირებას ითვალისწინებს და სულ 5 კომპონენტია: ტანკები, საბრძოლო ჯავშანტექნიკა, საბრძოლო ავიაცია, მოიერიშე ვერტმფრენები და ყველაზე მნიშვნელოვანი – საარტილერიო სისტემები, მათ შორის ზალპური ცეცხლის მასირებული საარტილერიო, ბალისტიკური სისტემები, რომელსაც ტაქტიკურ ზონაზე ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს კვოტები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, მათ შორიც ჩვენზეც გადანაწილდა. ჩვენი დამრტყმელი შეიარაღების კვოტა დაახლოებით იყო: 220 ერთეული საბრძოლო ტანკი, 220 ერთეული ჯავშანტექნიკა, 385 საარტილერიო სისტემა, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 მოიერიშე ვერტმფრენი. რუსეთს უფრო გაზრდილი კვოტა ჰქონდა.
“1999 წელს სტამბოლში გაფორმდა დამატებითი პროტოკოლი და სამხრეთით და ჩრდილოეთით ორი შეზღუდული რაიონი შემოიღეს, სადაც შეიარაღება მაქსიმალურად უნდა შეზღუდულიყო. რუსეთმა ხელი მოაწერა, რომ კვოტირებულზე მეტ შეიარაღებას არ განათავსებდა.
“სხვათა შორის, ამ ორ ზონაში აკრძალვა ძალიან პრობლემური იყო რუსეთისათვის ჩეჩნეთში მეორე კამპანიის წარმოების დროს. ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების სამხედრო ექსპერტები ინსპექტირებას ყველგან აწარმოებდნენ, რუსეთის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება იყო.
“2007 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებაში მონაწილეობა დროებით შეაჩერა, აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილო კავკასიაში მეტ შეიარაღებას არ განათავსებდა, ახლა კი საბოლოოდ მოახდინა ხელშეკრულებიდან გასვლა და შეიარაღების არგაზრდაზეც ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა. ის საკუთარ ტერიტორიაზე მონიტორებსაც არ დაუშვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აქტიურად დაიწყებს შეტევითი შეიარაღების განთავსებას სამხრეთში, ანუ ყირიმში, ასეევ შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებას გააძლიერებს,” – ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უკრაინაში მიმდინარე ომია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა მოკავშირეობის ხელშეკრულებას აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონთან და ის ახლა აფხაზეთში თავისი სამხედრო დაჯგუფების გაძლიერებას აპირებს, რისთვისაც ამ ხელშეკრულებიდან გასვლა სჭირდებოდა.
“აფხაზეთში რუსეთი 15 000-იანი საარმიო ჯგუფის შექმნასა და იქ სწორედ შეტევითი შეიარაღების განლაგებას აპირებს. რატომღაც ყურადღებას არავინ არ აქცვევს იმას, რომ რუსეთის მიერ ხელშეკრულებიდან საბოლოო გასვლა სწორედ აფხაზეთს უკავშირდება. მან აფხაზეთში თავისი საჯარო ნაწილების განთავსება და ოპერატიული შტაბის შექმნა დაიწყო. ასე მოხდება ცხინვალშიც და ყირიმშიც. თუკი ადრე ჰაერიდან მაინც იყო შესაძლებელი, რუსული შეიარაღების გაზრდა გაეკონტროლებინათ 1990 წლის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებს, ახლა ეს შესაძლებლობა მთლიანად მოისპო და შეშფოთების საფუძველი დიდია,” – დასძენს მაისაია.
„კვირის პალიტრა“, 16 მარტი, 2015 წელი
რუსეთის შეიარაღებას NATO ვეღარ შეამოწმებს
ოფიციალურმა თბილისმა ინფორმაციის მოსკოვისთვის მიწოდება მხოლოდ 2011 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შეწყვიტა
ირაკლი ალადაშვილი
კრემლმა საბოლოოდ შეწყვიტა თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შეიარაღების კონტროლის საკითხებში და დატოვა “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” ხელშეკრულება.
ამიერიდან ევროპელი ვერიფიკატორები (შეიარაღების კონტროლის ინსპექტორები) ვეღარ შეძლებენ, შეამოწმონ რუსეთის ფედერაციის ევროპულ ნაწილში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილების საბრძოლო ტექნიკა, რადგან მოსკოვმა საბოლოოდ დატოვა “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” ხელშეკრულება (CFE).
ამ ხელშეკრულებას NATO-სა და ვარშავის პაქტის ქვეყნებმა ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, 1990 წლის 19 ნოემბერს, პარიზში მოაწერეს ხელი. იგი ევროპის კონტინენტზე ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვასა და მათ რაოდენობაზე კვოტების დაწესებას ითვალისწინებდა.
ერთ წელში საბჭოთა კავშირი დაიშალა და საბჭოთა არმიისთვის გამოყოფილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები 1992 წლის 15 მაისს ტაშკენტში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს გაუნაწილდა. ამ კვოტების თანახმად, საქართველოს (ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს) შეიარაღებაში შეიძლებოდა ჰქონოდა არა უმეტეს 220 ტანკი, 220 ჯავშანმანქანა, 285 ცალი 100 მმ კალიბრზე მსხვილი საარტილერიო დანადგარი, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 დამრტყმელი შვეულმფრენი.
2007 წელს რუსეთის ფედერაციამ შეაჩერა “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” ხელშეკრულებაში მონაწილეობა იმ მოტივით, რომ NATO-ში გაწევრებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (ჩეხეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვ.) არღვევდნენ მანამდე არსებული ალიანსის ჯგუფურ კვოტებს და ამასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია და ესტონეთი) უარს აცხადებდნენ ამ ხელშეკრულებაში გაწევრებაზე.
ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე მორატორიუმის გამოცხადებამ მოსკოვს საშუალება მისცა, ხელშეკრულების მონაწილეთათვის აღარ მიეწოდებინა ყოველწლიური ანგარიში, თუ რამდენად გაზარდა საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა ჩრდილო კავკასიაში და არც უცხოელი ვერიფიკატორები შეეშვა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილებში ინსპექტირების ჩასატარებლად.
ჩვენი აზრით, ამ მორატორიუმის გამოცხადება შემთხვევითი არ ყოფილა. 2004-2005 წლებიდან რუსეთის გენშტაბის მთავარ ოპერატიულ სამმართველოში იგეგმებოდა საქართველოში შემოჭრა და ეს მოსკოვს ჩრდილო კავკასიაში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, დამატებითი დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის გადმოსროლის შესანიღბავად სჭირდებოდა.
ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ 2011 წლის 29 ნოემბრამდე საქართველო ზემოხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში ოფიციალურად აწვდიდა რუსეთს ყველა ინფორმაციას თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკის რაოდენობისა და მათი განთავსების ზუსტი ადგილების შესახებ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ “კვირის პალიტრაში” არაერთხელ დავწერეთ ამ აბსურდზე, თუმცა, ოფიციალურმა თბილისმა ინფორმაციის მოსკოვისთვის მიწოდება მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2011 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტეს, რუსეთისთვის აღარ მიეწოდებინათ ინფორმაცია ევროპაში განთავსებული თავიანთი არმიების შესახებ.
“ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” ხელშეკრულებიდან რუსეთის ოფიციალურად გამოსვლა აჩენს ეჭვს, რომ კრემლი ახალი სამხედრო ავანტიურისთვის ემზადება როგორც უკრაინის წინააღმდეგ, ისე სამხრეთ კავკასიაში, ანუ იქ, სადაც შეიარაღებაზე ზემოხსენებული ხელშეკრულებით დაწესებული კვოტები ვრცელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას არ სურს, ევროპელ ვერიფიკატორებს ჰქონდეთ უფლება, ოფიციალურად შეამოწმონ რუსული სამხედრო დანაყოფების საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა, მაგალითად, ბელგოროდის რაიონში, საიდანაც შეიძლება ხარკოვისკენ მოულოდნელი სატანკო შეტევა განხორციელდეს ან კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში, საიდანაც კიევამდე არცთუ ისე შორია…
„კვირის პალიტრა“, 16 მარტი, 2015 წელი
ბაბილონის გოდოლი – შინ და გარეთ
ხათუნა ლაგაზიძე
ბოლო ხანს ევროპის ლიდერების განცხადებებმა იმდენი ზიანი მოუტანა საქართველოს პროდასავლური კურსის მოიმედე მოსახლეობას, რამდენიც ვერ შეძლო ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში სრულიად ლაგამმიშვებულმა რუსულმა პროპაგანდამ. უფრო მეტიც, შედეგის მიხედვით ისე ჩანს, რომ რუსულ საქმეს რუსებზე მეტად ევროპელი ლიდერები აკეთებენ: ევროპიდან ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ნატო“ აღარ უნდა გაფართოვდეს; რომ ახლო მომავალში, ანუ რიგის სამიტზე, საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებს; ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე უარის თქმა – ყველაფერი ეს ერთად აღებული საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმს დღითი დღე ამძაფრებს და დასავლეთი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი, ბურუსით იფარება. ევროპელი ლიდერების ასეთი განცხადებები დასავლური კურსის მოწინააღმდეგე ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს და შესაბამისად, მათი ამომრჩევლების რაოდენობაც იმატებს, დრო მათზე მუშაობს. სიტუაციის ამგვარად გაგრძელების შემთხვევაში შემდეგ არჩევნებზე იმედგაცრუებული პროდასავლელი ამომრჩეველი ორ ნაწილად გაიყოფა: ნაწილი ანტიდასავლური ძალებისკენ გადაინაცვლებს, მეორე ნაწილს ნიჰილიზმი დაეუფლება და სახლში დარჩება. ორივე ერთად კი სწორედ დასავლური კურსის მოწინააღმდეგე ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს. ამ ფონზე რაღა გასაკვირია, რომ მმართველი კოალიცია თავს უფლებას აძლევს, ფრთა შეასხას ოცნებას და გოგი თოფაძის პირით საჯაროდ განაცხადოს, რომნატო“ არ არის “ქართული ოცნების” პრიორიტეტი და არც ლაიტმოტივი.
ბრძოლა ევროპისთვის და ამერიკის თავს წამომჯდარი ირანი
თანამედროვე დასავლეთი ისე ჩანს, რომ იმაზე არანაკლებ განიცდის ინტელექტუალურ კრიზისს, ვიდრე დღევანდელი საქართველო. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ადამიანური რესურსების ასეთი ნაკლებობა ევროპას ბოლო 25 წელია არ ჰქონია. ევროპული პოლიტიკური გონი დღეს არა მხოლოდ ისვენებს, არამედ დეგრადაციას განიცდის: სწორედ თანამედროვე ევროპის ლიდერების უხერხემლობა და საკუთარი კომფორტით ტკბობა აღმოჩნდა ის ნოყიერი ნიადაგი, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, ევროპა გაეხლიჩა, ხოლო ამერიკა იძულებული გახადა, ევროპის გაერთიანებისთვის ბრძოლა უკრაინაში ეწარმოებინა. ფაქტობრივად, ის, რაც უკრაინაში ხდება, სწორედ რუსეთსა და ამერიკას შორის ევროპისთვის ბრძოლაა. თუ ამერიკამ შეძლო და ევროპელებს დაანახა, რომ რუსეთი სერიოზული საფრთხეა კომფორტში ჩაძირული და გონებადაბინდული ევროპისთვის, მაშინ ის გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, თუ არადა, გამარჯვების სასწორი რუსეთს დარჩება, დროებით მაინც. თუმცა, სანამ ამერიკას დღევანდელზე გაცილებით ძლიერი ლიდერი არ ეყოლება, ამ კონფლიქტს ბოლო არ ექნება, რადგან დღევანდელი, პრობლემებში ჩაძირული ამერიკა, არცთუ ისე საშიში მეტოქეა რუსეთისთვის.
მით უფრო მაშინ, როცა ამერიკა თმობს პოზიციებს კიდევ ერთ რეგიონში: ბოლო ინფორმაციით, ირანის არმია შევიდა ბოლო დროის ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციის „”ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაპყრობილ, ერაყის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ თიქრითში. დაინტერესებული მკითხველისთვის ცნობილია, რომ ბოლო თვეებში აშშ-მა, ფაქტობრივად, დაკარგა კონტროლი ერაყზე, მას შემდეგ, რაც ამერიკელების გაწვრთნილმა ერაყის არმიამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, რომლებიც ერაყის ქალაქებს ერთმანეთზე მიყოლებით იპყრობდნენ. აშშ იძულებული გახდა, ირანი გაეხადა პარტნიორად “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში და ერაყის გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაციების სიმძიმე ირანმა აიღო თავის თავზე. შედეგიც სახეზეა. თუმცა, ამერიკისთვის ირანის მიერ კონტროლირებადი ერაყი არანაკლები ტრაგედიაა, ვიდრე „ისლამური ტერორიზმის“ გავლენის გაფართოება. ამერიკის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის შემყურე, აშშ-ის ყოფილი ძლევამოსილი პრეზიდენტები სიმწრისგან, ალბათ, საფლავში გორავენ და ცოცხალიც და გარდაცვლილიც, ყველანი ერთად ელოდებიან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელმაც იქნებ მორიგი რეიგანი მოიყვანოს აშშ-ის სათავეში. ერთი, რითიც ამერიკის დღევანდელმა მმართველმა ელიტამ ნამდვილად შეიძლება იამაყოს, ეს მათი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობაა: გარე სამყაროში მიმდინარე პროცესებიც დოლარის გამყარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის ძალზე ნოყიერ ნიადაგს ქმნის. იქნებ ეს გახდეს საფუძველი და სტიმული ამერიკის გავლენის აღმავლობისა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე.
ხოლო ევროპიდან ერთადერთი დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც ბოლო დროს მოვისმინეთ, ევროპული კომისიის ხელმძღვანელის, ჟან-კლოდ იუნკერის ინიციატივაა ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნის შესახებ. ეს იდეა, რომელიც წინა წლებში რამდენჯერმე უარყო ევროკავშირმა, ახლა ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს: ევროპის ერთიანი არმიის შექმნა წერტილს დაუსვამს ევროპის გახლეჩისა და მასზე სულ უფრო მზარდი გავლენის მოპოვების მოსურნე რუსეთის ამბიციებს. თუმცა, ჯერჯერობით, არავინ იცის, ამჯერად მაინც თუ აღმოჩნდება სიცოცხლისუნარიანი იუნკერის ეს ინიციატივა.
ჰოდა, დასასრულ, “ისევ ჩვენს ბატებს რომ მოვუბრუნდეთ”, ამ ყველაფრიდან, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოგებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაცაა: საზოგადოება იმედგაცრუებულია და აბსოლუტურ ნიჰილიზმში ჩაძირული, რადგან პატრონი არც შინ ეგულება და აღარც – გარეთ; ოპოზიცია – გამარგინალებული; დასავლეთი – მორყეული და დისტანცირებულია. ჰოდა, ბურთიც მისია და მოედანიც. ასე რომ, სულ ტყუილია ის ალიაქოთი და ბაქიბუქი, რაც როგორც “ოცნების”, ასევე “ნაციონალების” მხრიდან ახლავს 21 მარტის დაანონსებულ აქციას: როგორი ქაოსურიც უნდა იყოს შიგნით “ოცნება”, ამდენი სუსტი ოპონენტის ფონზე, დღეს ის მაინც ყველაზე ძლიერია და ასე იქნება კარგა ხანს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დავდგეთ და ვიქექოთ “ბაზალეთის ტბის” სანახებში, მორიგი “მზეჭაბუკის” გამოჩეკის იმედად.
„ასავალ-დასავალი“, 16 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „თურმე რუსეთს სანქციები დაუწესეს! საწყალი რუსეთი! აღარ იცის, შიშით სად წავიდეს. ასე ამერიკამ სანქციები უკვე ათწლეულებია ირანსაც დაუწესა, მაგრამ რა მოიგო ამით?“
ინტერვიუში გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი, ჟურნალისტ გიორგი გიგაურს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს:
- როგორც კი პროკურატურამ სააკაშვილსა და მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა, ამერიკის საელჩომ მაშინვე ოფიციალური შეშფოთება გამოთქვა…
- ამერიკელების იმედი მიხეილ სააკაშვილს აღარ უნდა ჰქონდეს. ჯერ ერთი, ამერიკელებისათვის სააკაშვილი გასროლილი ვაზნაა, მეორეც – ამერიკელებმა უკრაინაში დამარხეს მითი თავიანთი უძლეველობის შესახებ.
ამერიკამ უკრაინაში მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, შემდგომ კი ომში ჩააბა მარიონეტული ხელისუფლება და ქვეყანა გაანახევრა!
წარმოიდგინეთ, როგორ უჭირს ამერიკას, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის რეჟიმისდროინდელ აბსოლუტურად არაკომპეტენტურ კადრებს ნიშნავს მაღალ თანამდებობებზე!
თურმე რუსეთს სანქციები დაუწესეს! საწყალი რუსეთი! აღარ იცის, შიშით სად წავიდეს. ასე ამერიკამ სანქციები უკვე ათწლეულებია ირანსაც დაუწესა, მაგრამ რა მოიგო ამით? თვითონ არ სთავაზობს ირანს, მოლაპარაკების მაგიდას მივუჯდეთო?
„კვირის ქრონიკა“, 16 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „აშშ-ის ელჩმა, როგორც ჩანს, ამოწურა მთავრობასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი, ამიტომ ცვლიან“
ინტერვიუში იურისტი ვალერი გელბახიანი „ქრონიკის“ ჟურნალისტ ნინო სამხარაძესთან საქართველოს საშინაოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, კომენტარს უკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეცვლასაც, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას აქვს განზრახული.
- აშშ ახალ ელჩს გზავნის საქართველოში, უნდა ველოდოთ, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დავდგებით და ხელისუფლება შეიცვლება?
- თუ დააკვირდებით, როცა ახალი ელჩი ჩამოდიოდა, საქართველოში ყოველთვის იცვლებოდა ხელისუფლება, რიჩარდ მაილსი ჩამოვიდა და შეიცვალა შევარდნაძის ხელისუფლება სააკაშვილით, ნორლანდი გამოუშვეს და მოვიდა ახალი ხელისუფლება. ასე რომ, ტყუილად არ ცვლის დიპლომატიურ კორპუსს აშშ-ს ადმინისტრაცია, მით უმეტეს შეუძლიათ, რომ ვადა გაუგრძელონ. ამ ელჩმა, როგორც ჩანს, ამოწურა მთავრობასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი, ამიტომ ცვლიან, რომ ახალი უკვე არ შევა სამთავრობო ურთიერთობებში ისე ღრმად, როგორც არსებული და ცვლიან იმიტომ, რომ, ალბათ, არის სხვა გეგმა, ახალი გეგმის მიმართულება კი არის ის, რომ დასავლეთისთვის საქართველო კვლავ რჩება გეოპოლიტიკურ ცენტრად და რუსეთის საფრთხის შემადგენელ ნაწილად. ამიტომ ყოველთვის შეეცდება ამერიკა, საქართველოში იყოს ანტირუსული ძალები, აქ არაფერია ახალი. თუ ხელისუფლების განახლებაა ჩაფიქრებული, ეს აუცილებლად მოხდება.
„კვირის ქრონიკა“, 16 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ შალვა ნათელაშვილთან: „საქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელის დანიშვნა იმის ნიშანია, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები მომავალ ასწლეულში იქნება პირველ პლანზე წამოწეული“
ინტერვიუში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ქრონიკის“ ჟურნალისტ ნინო სამხარაძესთან საქართველოს საშინაოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, კომენტარს უკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეცვლასაც, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას აქვს განზრახული.
- საქართველოში ამერიკის ელჩი იცვლება. ოფიციალური ინფორმაციით, რიჩარდ ნორლანდს ვადა ეწურება, თუმცა შესაძლებელი იყო ვადის გახანგრძლივებაც, ამ ფაქტმა პოლიტიკურ კულუარებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, როგორც წესი, ახალი ელჩის ჩამოსვლას ხელისუფლების ცვლილებები მოჰყვება ხოლმე, თქვენ რას ელოდებით?
- ის პიროვნება, იან კელი, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩად ინიშნება, მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის დეპარტამენტის დირექტორად, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები მომავალ ასწლეულში იქნება პირველ პლანზე წამოწეული, მათ შორის ჩვენი რეგიონის თვალსაზრისითაც და ეს ურთიერთობები, სავარაუდოდ, იქნება მწვავე და ახალი ამოცანების წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, ისევ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ზოლზე ვართ.