«Эхо» (აზერბაიჯანი): დაიწყო „ტრანსანატოლიის მილსადენის“ ერა… //
TANAP-ის ექსპლოატაცია სამხრეთ კავკასიის გეოეკონომიკურ რუკას შეცვლის
«TV Euronews» (საფრანგეთი//ევროკავშირი): TANAP-ის მშენებლობა დაიწყო
«Lragir» (სომხეთი): თურქულ-აზერბაიჯანული მილი სომხურ ყარსში
«КоммерсантЪ» (რუსეთი): ვახტან კიკაბიძემ უკრაინას მხარი დაუჭირა
«Радио РСН» (რუსეთი): ედუარდ ლიმონოვი – ვახტანგ კიკაბიძეზე: „პოლიტიკური თავშეფრის მიღებაზე არ ხუმრობენ… უმჯობესია მან რუსეთში მიღებული ფული დააბრუნოს“
«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): ქართველი ლეგენდარული ხელოვანი: ვახტანგ კიკაბიძე // რა არის ხალხთა მეგობრობა?
———————–
«Эхо» (აზერბაიჯანი), 18 მარტი, 2015 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=80542
დაიწყო „ტრანსანატოლიის მილსადენის“ ერა…
TANAP-ის ექსპლოატაცია სამხრეთ კავკასიის გეოეკონომიკურ რუკას შეცვლის
ჯამილია ალეკპეროვა
(შემოკლებით)
გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით ყარსში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო კასპიის ბუნებრივი გაზის ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციის „ტრანსანატოლიის მილსადენის“ («TANAP – Trans-Anatolian pipeline») ფუნდამენტის ჩაყრაში. ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებიც – რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და გიორგი მარგველაშვილი.
აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით, ყარსამდე გადაიტუმბება, სელიმის რაიონში ახალ მილსადენში მოხვდება, გაივლის თურქეთის ანატოლიის ნახევარკუნძულს ედირნემდე, იქიდან კი მომხმარებლებს საბერძნეთში, იტალიასა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში მიეწოდება. მილსადენის საერთო სიგრძე 1841 კილომეტრია, მშენებლობის წინასწარი ღირებულება – დაახლოებით 10 მილიარდ დოლარი. მშენებლობა 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2026 წლისათვის კი მილსადენი საპროექტო სიმძლავრეს მიაღწევს – წელიწადში 31 მილიარდ კუბ.მეტრ ბუნებრივ გაზს გადატუმბავს. გაზსადენის მეწილეები არიან აზერბაიჯანული „სოკარი“ – 58%, თურქული „ბოტაში“ – 30% და ბრიტანული „ბრიტიშ პეტროლეუმი“ – 12%.
როგორც ბაქოს ნავთობის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ილჰამ შაბანმა განაცხადა, „ტრანსანატოლიის მილსადენი“ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მთავარი რგოლია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გაზსადენის ექსპლოატაციის ვადა დაახლოებით 60 წელია, მაშინ შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რა უზარმაზარ მოგებას მოუტანს ეს სატრანსპორტო მაგისტრალი არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთელ რეგიონს. თუ საქართველო „შაჰ-დენიზ-1“-ით მხოლოდ 250 მილიონ კუბ.მეტრს გაზს იღებს, „შაჰ-დენიზ-2“-ით უკვე 1,8 მილიარდს მიიღებს. ახალი მილსადენის ფუნდამენტის ჩაყრა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სიტყვებს გავიმეორებ და ვიტყვი, რომ „ტრანსანატოლიის მილსადენი“ რამდენიმე წლის შემდეგ რეგიონის გეოეკონომიკურ რუკას შეცვლის.
პროექტი „თურქული ნაკადი“, რომლის რეალიზება რუსეთს სურს, „ტრანსანატოლიურ მილსადენს“ ხელს ვერ შეუშლის, მას კონკურენციას ვერ გაუწევს“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა აზერრბაიჯანში ისმაილ ჯოშგუნმა. მოლაპარაკება „თურქული ნაკადის“ ირგვლივ ჯერ არ დასრულებულა, მას აზერბაიჯანში ყურადღებით აკვირდებიან და ეს გასაკვირი არ არის. ამასთან, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომლის გადაჭრა აუცილებელია. პრტეზიდენტი ილჰამ ალიევი უკვე საქმის კურსშია“. ისმაილ ჯოშგუნის აზრით, „ტრანსანატოლიური მილსადენი“ ის პროექტია, რომლის რეალიზებით თურქეთი თავისი პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოტენციალს სრულყოფილად აჩვენებს.
«TV Euronews» (საფრანგეთი//ევროკავშირი), 18 მარტი, 2015 წელი
http://ru.euronews.com/2015/03/17/turkey-launches-10-billion-azeri-gas-pipeline-project/
TANAP-ის მშენებლობა დაიწყო
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა თურქულ ქალაქ ყარსში ოფიციალურად ჩაუყარეს ფუნდამენტი „ტრანსანატოლიის მილსადენს“, რომლის მეშვეობით კასპიის საბადო „შაჰ-დენიზიდან“ ბუნებრივი გაზი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით, ევროპაში გადაიტუმბება.
პირველ ეტაპზე გაზსადენის სიმძლავრე 16 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, რომლიდანაც 10 მილიარდი ევროპელ კლიენტებს მოხმარდება, დანარჩენი კი – თურქეთს. გაზის არტერიის მშენებლობის ღირებულებაა თითქმის 11 მილიარდი დოლარი. „ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონცეფციის ჩარჩოებში უნდა შეფასდეს, – ამბობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ილდიზ გუნეი, – „ტრანსანატოლიის მილსადენი“ ხელს უწყობს ევროპის გაზით მომარაგების დიფერსიფიცირებას, შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას სხვა წყაროებზე“.
კასპია-კავკასიის მილსადენების ირგვლივ ამჟამად ასეთი მდგომარეობაა: იყო „ნაბუკოს“ ევროპული პროექტი, მაგრამ დაიხურა; იყო მისი ალტერნატივა – რუსული პროექტი „სამხრეთის ნაკადი“, მაგრამ ისიც დაიხურა. დღეს რუსეთი თურქეთთან ერთად ახალი მილსადენის – „თურქულ ნაკადის“ პროექტს ამზადებს, რომლის მეშვეობით გატარებული გაზის თურქეთისთვის და ევროპისთვისაა განკუთვნილი. აღასანიშნავია, რომ 2014 წელს თურქეთმა რუსეთისაგან წელიწადში 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზი შეისყიდა.
ბორა ბაირაკტაში, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი: „ტრანსანატოლიის მილსადენით აზერბაიჯანული გაზი, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით, ევროპაში გადაიტუმბება. კასპიის გაზით ყველა დაკმაყოფილდება, მათ შორის თურქეთიც. მილსადენი ევროპისათვის ალტერნატიური წყარო იქნება“.
«Lragir» (სომხეთი), 18 მარტი, 2015 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/41221
თურქულ-აზერბაიჯანული მილი სომხურ ყარსში
ნაირა აირუმიანი
(შემოკლებით)
თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტები ყარში იმყოფებოდნენ, „ტრანსანატოლიის გაზსადენის“ (TANAP) მშენებლობისათვის ფუნდამენტის ჩასაყრელად. ამ გაზსადენით აზერბაიჯანული გაზი ევროპაში გადაიტუმბება.. ეს ნიშნავს, რომ თურქეთმა, ფაქტიურად, რუსული „თურქული ნაკადის“ ნაცვლად, აზერბაიჯანული მილი ამოირჩია.
უფრო მეტიც – თურქული მასმედიის ცნობით, თურქულმა კომპანია „ბოტაშ“-მა უარი განაცხადა რუსულ „გაზპრომ“-თან შეტანხმების ხელმოწერაზე, რომელიც გაზის მოხმარების 10%-იან შეღავატს ითვალისწინებდა. ამბობენ, რომ თურქეთი 15%-ს ითხოვდა, მაგრამ რუსეთმა მისი თხოვნა არ დააკმაოყოფილაო.
რასაკვირველია, საქმე მხოლოდ შეღავათებში არ არის. საქმე იმაშია, რომ ევროპამ კატეგორიული უარი განაცხადა რუსული გაზის შესყიდვაზე, გინდაც მას „თურქული ნაკადი“ ერქვას და თურქეთის ტერიტორიაზე გაიაროს. შესაბამისად, ახლა რუსულმა „გაზპრომმა“ ახალი კლინეტები უნდა ეძებოს – ან თავის მოსახლეობაში, ან საწყალ სომხეთში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში გაზის ფასი პირველი ივლისიდან 7,5%-ით მოიმატებს. ეს საკვირველია, რადგან მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ფასები განუხრელად ეცემა. ჩვენ მეზობელ ირანსაც გაზის გაყიდვა კაპიკებზე მოუწევს.
რაც შეეხება ყარსში გაზსადენის ფუნდამენტის ჩაყრას… ეს უფრო პოლიტიკურ-პროპაგანდისტული ოპერაციაა, რომლის მიზანს ქვეყნებს შორის გარკვეული პოლიტიკური ურთიერთობების ხაზგასმა წარმოადგენს. ყარსი ხომ სომხეთის ისტორიული ქალაქია.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 18 მარტი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2688659
ვახტან კიკაბიძემ უკრაინას მხარი დაუჭირა
ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ვახტანგ კიკაბიძის სენსაციური განცხადება უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის სურვილის თაობაზე თბილისში სერიოზულად არ მიუღიათ და მას მხოლოდ უკრაინის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობის „სიმბოლურ ჟესტად“ აღიქვამენ, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).
ვახტანგ კიკაბიძემ ეს განცხადება გუშინ კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა, როცა უკრაინაში დასაქმებულ ქართველებზე საუბრობდა: „ცოლს ვუთხარი, ვთხოვოთ უკრაინას პოლიტიკური თავშეფარი-მეთქი. ისიც დამეთანხმა – კარგიო, მითხრა. მე აქ ყველა ქართველს ვიცნობ და ვთვლი, რომ კარგი გუნდია შეკრებილი“, – თქვა ვახტანგ კიკაბიძემ, რომელსაც უკრაინაში „წლის ადამიანის“ პრემია უნდა გადასცენ.
თბილისში ცნობილი მომღერლის განცხადება-გადაწყვეტილებით გაოცებულები დარჩნენ: „არც კი ვიცი, რა კომენტარი გავუკეთო… მას ძალიან დიდი წარმოადგენა აქვს საკუთარ თავზე“, – განაცხადა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა. კულტურის სამინისტროში კი „კომერსანტს“ უთხრეს, რომ ვახტანგ კიკაბიძე ქართველების საყვარელი და პატივსაცემი მომღერალი და მსახიობია: „რა თქმა უნდა, მას თავისი შეხედულებების გამო სამშობლოში არავინ არ დევნის. საერთოდ, ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა კულტურის უწყების წარმომადგენელმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა. „კომერსანტის“ წყაროს აზრით, ბუბას გადაწყვეტილება უფრო მეტად დაკავშირებულია უკრაინისადმი სოლიდარობასტან, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებისადმი პროტესტის გამოცხადებასთან“.
ვახტანგ კიკაბიძე ექს-პრტეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრად ითვლება. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ყოფილ პრეზიდენტს რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. მოგვიანებით ვახტანგ კიკაბიძემ განმარტა, რომ უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების სურვილის თაობაზე მან იხუმრა.
«Радио РСН – Русская Служба Новостей» (რუსეთი), 17 მარტი, 2015 წელი
http://rusnovosti.ru/posts/367407
ედუარდ ლიმონოვი – ვახტანგ კიკაბიძეზე: „პოლიტიკური თავშეფრის მიღებაზე არ ხუმრობენ… უმჯობესია მან რუსეთში მიღებული ფული დააბრუნოს“
„ახლა ხუმრობების დრო არ არის. ასეთი რამეზე ადამიანმა არ უნდა იხუმროს“, – განაცხადა რადიოსადგურ „რუსეთის ახალი ამბების სამსახურის“ ეთერში ცნობილმა რუსმა მწერალმა და პოლიტიკოსმა ედაურდ ლიმონოვმა, რომელმაც კომეტარი გაუკეთა ვახტანგ კიკაბიძის განცხადებას.
„უმჯობესი იქნება ვახტანგ კიკაბიძემ რუსეთში მიღებული ფული დააბრუნოს, – აღნიშნა მწერალმა, – სადაც უნდა იქ წავიდეს და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს, მაგრამ ჩვენზე ნურც კარგს ილაპარაკებს და ნურც ცუდს. ნორმალური და მშვიდი ადამიანი, თუ მას სამშობლო არ აწყობს, არაფერს იტყვის და ასევე ნორმალურად და მშვიდად წავა – ისე, რომ არავინ გაიგებს. ამან კიდევ საქვეყნოდ განაცხადა… ეს რა, ეს კარის გაჯახუნებაა?, – იკითხა ედუარდ ლიმონოვმა.
«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 18 მარტი, 2015 წელი
http://www.nzz.ch/feuilleton/musik/die-sache-mit-der-voelkerfreundschaft-1.18504177
ქართველი ლეგენდარული ხელოვანი: ვახტანგ კიკაბიძე
რა არის ხალხთა მეგობრობა?
ტატიანა მონტიკი
(შემოკლებით)
„ვახტანგ კიკაბიძე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საქართველოს სახე იყო – იგი მსახიობობდა, მომღერლობდა, რეჟისორობდა და სცენარისტობდა… მოკლედ, საბჭოთა კავშირის დროს ვახტანგ კიკაბიძემ ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა. მაყურებლის ხსოვნაში იგი „მიმინოს“ სახით დარჩა, რომელიც მან მისივე მეგობრის – გიორგი დანელიას იგივე დასახელების ფილმში შეასრულა. ვახტანგ კიკაბიძე საბჭოთა და რუს კულტურის მოღვაწეთა ელიტას მიეკუთვნებოდა, მაგრამ 2008 წელს ყველაფერი შეიცვალა – როცა რუსეთმა საქარტველოს წინაარმდეგ ელვისებური ომი განახორციელა სამხრეთ ოსეთის გამო, ქართველმა ხელოვანმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის მიწაზე ფეხს არასოდეს აღარ დაადგამდა. მან თავისი სიტყვა შეასრულა.
75 წლის ვახტანგ კიკაბიძემ საუბრისათვის თბილისი ერთ-ერთ რაიონში – ვაკეში, მაღალ ადგილზე მდებარე დიდ სახლში მიმიწვია. გარედან შენობა ციხე-სიმაგრეს ჰგავს, შიგნით კი – მუზეუმს: ძველი ფოტოსურათები, კინოპლაკატები, რეკლამები, ძველი ანტიკური ავეჯი…
კონტროლი და დისკვალიფიკაცია
როცა საბჭოთა პერიოდის დროინდელ შემოქმედებაზე საუბრობს, ვახტანგ კიკაბიძე სიგარეტს ზედიზედ ეწევა და თან მწარე სიცილით ჰყვება, რომ „იმ პერიოდში საბჭოთა ხელოვნების მუშაკებს საზღვარგარეთ მხოლოდ ჯგუფურად უნდა ევლოთ და საბჭოთა პასპორტი პიჯაკზე მიმაგრებული უნდა ჰქონოდათ“. მსახიობს რომ თავის აზრი გადმოეცა მაყურებლისათვის, შენიღბულად უნდა ემოქმედა. ფილმები იკრძალებოდა, რეჟისორები იძულებულნი იყვნენ უცხოეთში გადახვეწილიყვნენ: „როცა მე უარი ვთქვი მინისტრის საყვარელ ქალთან ერთად როლი მეთამაშა, ორი წელი დისკვალიფიკაცია მომცეს“.
მარტალია, საბჭოთა კავშირში ეროვნულ უმცირესობების წარმოადგენლებს გასაქანს არ აძლევდნენ, მაგრამ ვახტანგ კიკაბიძემ, რომელსაც რუსულად საუბრის დროს ქართული აქცენტი აქვს, მაინც მოახერხა და თავისი ქართველობა შეინარჩუნა, მას მოფერებითა და პატივისცემით „ბუბას“ ეძახდნენ. ვახტანგს, რასაკვირველია, რუსი თაყვანისმცემლები ბევრი ჰაყავს: „რომ იცოდეთ, როგორ წერილებს ვღებულობ რუსეთიდან, იტირებდით“.
„როცა 2008 წელს საქართველოში პირველი რუსული ტანკი შემოვიდა“, – ამბობს კიკაბიძე, – მე ოთახში ჩავიკეტე და სიმწრით ავტირდი“. ომის შემდეგ მას რუსეთიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ხალხთა მეგობრობის ორდენით გაჯილდოვებთო: „მე მადლობა ვუთხარი და მიღებაზე უარი განვაცხადდე“.
ვახტანგ კიკაბიძეს სჯერა, რომ დღეს 2008 წლის ქართულ სცენარსი რუსეთი უკრაინაშიც ახორციელებს. მაშინ საქართველომ თავისი ტერიტორიის 20% დაკარგა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ორივე რუსეთის მარიონეტული დანამატები გახდნენ. მან არ იცის საქართველოსა და რუსეთის შერიგების რეცეპტი, რადგან ვლადიმირ პუტინს მხოლოდ ერთი რამ სურს: საბჭოთა კავშირის აღდგენა.
უკრაინის მიმართ ვახტანგ კიკაბიძეს განსაკუთრებული გრძნობა აქვს: „მამაჩემი მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, ყირიმში დაიღუპა. და ახლა ყირიმი რუსეთმა დაიპყრო! განა ეს შესაძლებელია 21-ე საუკუნეში?“, – ემოციურად ამბობს კიკაბიძე, პაუზას აკეთებს და დასძენს, რომ ახლა რომ 30 წლის იყოს, ბრძოლის ველზე გავა სამართლიანობის დაიცავს და სუსტის მხარეს დადგება.
სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს?
რუსეთმა რომ უკრაინა მუხლებზე დააჩოქოს, მაშინ ევროპის სხვა სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს საფრთხე დაემუქრებათ. რუსეთისათვის კვლავ შესაძლებელი გახდება საქართველოში შემოსვლა: „არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხვალაც მოხდეს“.
ვახტანგ კიკაბიძე ჯერ კიდევ არ დაუკარგავს რუსი მაყურებლის წინაშე გამოსვლის იმედი, მაგრამ მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. „ მე მაქვს ახალი იდეები, ახალი სცენარები“, – ამბობს ხელოვანი. იგი მუშაობს ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებზე სახელწოდებით „მე და შენ“, რომელშიც იხსენებს ყველა იმ ადამიანს, რომლებთან შეხვედრა ცხოვრებამ აჩუქა. იგი იხსენებს, თუ როგორ იზრდებოდა რვა კვადრატული მეტრის ფართობის მქონე უსარკმელო სახლში…