«Region Plus» (აზერბაიჯანი): ქართული პოლიტიკის თავისებურებანი: შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და ქვეყნის პერსპექტივა
«Эхо» (აზერბაიჯანი): საერთაშორისო სამართლის თავხედური დარღვევა: დასავლეთის შეფასება რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი
«Радио КоммерсантЪ FM» (რუსეთი): სამხრეთ ოსეთი – რუსეთის ფორპოსტი კავკასიაში
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციის შეთანხმება გააფორმა
«Независимая газета» (რუსეთი): მშვიდობით განისვენე, „დოვსე“! // ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების გარეშეც კარგად იციან, რა ხდება საქართველოში
———————-
«Region Plus» (აზერბაიჯანი), 19 მარტი, 2015 წელი
http://www.regionplus.az/ru/articles/view/3971
ქართული პოლიტიკის თავისებურებანი: შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და ქვეყნის პერსპექტივა
საქართველოში შიდაპოლიტიკური ბრძოლა მძაფრდება: ოპოზიცია ხელისუფლებაზე ახალ შეტევას ამზადებს, რომელიც ეკონომიკური კრიზისის პირობებში შესაძლოა მთავრობისათვის არცთუ ისე იოლად მოსაგერიებელი იყოს, – ასეთია სტატიის დედააზრი, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული ქართული პოლიტიკურ-ეკონომიკური სინამდვილის ამსახველი ფაქტები და მოვლენები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურება როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ; პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობის პრობლემები; ეროვნული ვალუტის დევალვაცია და სხვა საკითხები (ავტორი – ნატიგ ნაზიმოღლუ).
„ოპოზიცია ქვეყნის ხელისუფლებაზე სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურება უკავშირდება იმ გარემოებასაც, რომ ეს პარტია ყველაზე მეტად გამოხატავს დასავლეთის, განსაკუტრებით კი ამერიკის სეერთებული შტატების ინტერესებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ფართო საპროტესტო აქციების ჩატარება აქვთ განზრახული, რომელიც ოცდაერთ მარტს თბილისის ცენტრში უნდა დაიწყოს. ნიშანდობლივია, რომ იმ მომენტში, როცა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქის მნიშვნელოვანი ფიგურები, ექს-პრეზიდენტის ჩათვლით, უკრაინის მთავრობისთვის მუშაობენ და გამარჯვებული „კიევური მაიდნის“ ქვეყანაში ნეოლიბელარულ პოლიტიკას ატარებენ, თვით საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პარტია „თბილისური მაიდნისათვის“ ემზადება. აშკარაა, რომ „ნაციონალებს მხარს დასავლეთი უჭერს. ამასთან, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება დასავლურ კურსს უარყოფს: ეს იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერთგვარ ბერკეტად იყენებს ზეწოლა მოახდინოს ზომიერ და არა ყოველთვის მხურვალე და თანმიმდევრულ ატლანტისტებზე, ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეების სახით. სხვათა შორის, შესაძლოა ეს ინსტრუმენტი მორიგი საპარლამენტო არჩევნების დროსაც იქნეს გამოყენებული.
დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება იმას, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში, რომლის 25-წლიანი პოსტსაბჭოური ისტორია მრავალჯერადი სახელმწიფო გადატრიალებებითა და მძაფრი პარტიათაშორისო ბრძოლით გამოირჩევა, სიტუაცია ტრადიციულად დაძაბული იქნება“, – ასეთი დასკვნაა გაკეთებული სტატიის დასასრულს.
«Эхо» (აზერბაიჯანი), 20 მარტი, 2015 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=80727
საერთაშორისო სამართლის თავხედური დარღვევა: დასავლეთის შეფასება რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი
ალი შაკური
სტატია ეხება რუსეთის მადესტაბილიზებელ როლს საქართველოს მიმართ. პუბლიკაცია ინფორმაციული ხასიათისაა, რაიმე ავტორისეული კომენტარის გარეშე: მასში დეტალურადაა გადმოცემული რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები (ანალოგიური შეთანხმება აფხაზეთთან), პოლიტიკური ფონი (უკრაინის კრიზისი და რუსეთის ტერიტორიული ანექსიები), ხელშეკრულების შინაარსი (ძირითადი პრინციპები), მოსკოვში ხელმოწერის ცერემონია (პრეზიდენტების გამოსვლები) და, რაც მთავარია, საქართველოს პოლიტიკური წრეების მიერ გამოხატული შეფასებები (პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის სპიკერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და პოლიტიკოსების კომენტარები), აგრეთვე საერთაშორისო გამოხმაურება: ევროკავშირის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ფედერიკა მოგერინისა და ჯენი ფსაკის, ნატოს გენერალური მდივნის იაენ სტოლტენბერგის განცხადებები, რომლებშიც რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი ნეგატიურადაა შეფასებული.
„Радио КоммерсантЪ FM» (რუსეთი), 20 მარტი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2689689?isSearch=True
სამხრეთ ოსეთი – რუსეთის ფორპოსტი კავკასიაში
რუსეთის რადიოსადგურის მიერ ეთერში გადაცემულ ვრცელ სიუჟეტში ყურადღება გამახვილებულია რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულების შინაარსზე, გამოყენებულია პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის კრემლში გამოსვლის ფრაგმენტები და ერთ-ერთი ოსი ექსპერტის, საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმის“ ხელმძღვანელის იური ბეტეევის კომენტარი:
„სამხრეთ ოსეთი – ეს რუსეთის ფორპოსტია კავკასიაში. ესაა რუსეთის ფაქტიური ყოფნა სამხრეთ კავკასიაში. აქ მთავარი ისაა, რომ რუსეთი აკონტროლებს კავკასიის ქედზე გამავალ მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზას, რომელსაც რეგიონის თურქეთთან, სომხეთთან და ირანთან დაკავშირება შეუძლია. „ტრანსკამი“ („ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი“) ძალინ მოკლე, შეუფერხებელია და ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო კომუნიკაციაა, რომლის მეშვეობით ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთ კავკასიაში გადმოსვლა შეიძლება“.
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი), 20 მარტი, 2015 წელი
რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციის შეთანხმება გააფორმა
კოლინ ფრიმანი
სტატია მოსკოვ-ცხინვალის ხელშეკრულებას ეხმაურება: მასში საკმაოდ ვრცლადაა მოცემული, თუ რას წარმოადგენს სამხრეთ ოსეთი, რატომ მოაწერა ხელი რუსეთმა შეთანხმებას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან და როგორი საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა ამ ფაქტს – აი, ის მომენტები, რომელიც მასშია გაშუქებული.
„რუსეთმა თავის შემოგარენში“ კონტროლი განიმტკიცა: მოსკოვმა ხელი მოაწერა შეთანხმებას პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან, რომელიც საქართველოს ექვსი წლის წინათ ჩამოსცილდა, 2008 წელს რუსეთის ჯარების მიერ მისი ტერიტორიის ოკუპირების შემდეგ. ახლა კი კრემლმა ცხინვალთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების ტოლფასია. ანალოგიური შინაარსის მქონე დოკუმენტი რუსეთმა გასულ წელს აფხაზეთთანაც გააფორმა, შავიზღვისპირა რესპუბლიკასთან, რომელიც საქართველოს ასევე 2008 წლის რუსეთთან ომის შედეგად გამოეყო. ამ ომმა ასობით ჯარისკაცის სიკვდილი და საკუთარი მიწიდან 200 ათასი ადამიანის განდევნა გამოიწვია“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი ხაზს უსვამს: „შეთანხმებაზე ხელი იმ დროს მოეწერა, როცა მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის – ყირიმის ანექსიის წლისთავს ზეიმობდა. ბევრი ამბობს, რომ უკრაინის კრიზისი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დასავლეთის უმოქმედობამ განაპირობა. სწორედ ამიტომაც ახლა დასავლეთი გააქტიურებულია – გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კვლავაც გაგრძელდეს – მანამ, სანამ მოსკოვი მინსკის მოლაპარაკების პირობებს არ შეასრულებს.
სამხრეთ ოსეთი საქართველოს სეპარატისტული ტერიტორია, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ძირითადად მთიანი რელიეფის მქონე. ესაა, ფაქტიურად, საგარნიზონო ქვეყანა რუსეთის არმიისათვის. ეკონომიკა დანგრეულია, კომუნიკაციები მოშლილია. სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც აფხაზეთი, ძირითადად მხოლოდ რუსული ფინანსური დახმარებით არსებობს“, – აღნიშნულია სტატიაშია.
«Независимая газета» (რუსეთი), 20 მარტი, 2015 წელი
http://nvo.ng.ru/realty/2015-03-20/1_dovse.html
მშვიდობით განისვენე, „დოვსე“!
ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების გარეშეც კარგად იციან, რა ხდება საქართველოში
რუსეთმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებაში („დოვსე“) თავისი მონაწილეობა შეწყვიტა“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორი, სამხედრო ექსპერტი ვიქტორ ლიტოვკინი ვრცლად გადმოსცემს ხელშეკრულების ისტორიას, მის პრინციპებს და მხარეთა ვალდებულებებს.
„ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულება გაფორმდა 1990 წლის 19 ნოემბერს, რომლის მიზანი იყო, ერთი მხრივ, მძიმე შეიარაღების რაოდენობის შეზღუდვა და მეორე მხრივ, ქვოთების დაწესება სამხედრო შეიარაღებაზე ხელმომწერი ქვეყნებისათვის“, – წერს ავტორი და იქვე სახელმწიფოთა შეიარაღების რაოდენობასაც აკონკრეტებს – კერძოდ, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ხელშეკრულებას 1999 წელს, ეუთოს სტამბოლის სამიტის დროს მიუერთდნენ: „აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა უფლება მიიღეს ჰქონოდათ თითოეულს 220 ტანკი, 135 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 285 საარტილერიო სისტემა, 100 თვითმფრინავი და 50 ვერტმფრენი.
სტამბოლის სამიტზე მიღებულ დოკუმენტებში ჩაიწერა, რომ დასავლეთი, უფრო კონკრეტულად კი ნატოს ქვეყნები ამ განახლებულ ხელშეკრულებას მას შემდეგ დაამტკიცებდნენ, როცა რუსეთი საქართველოდან და მოლდოვადან თავისის ჯარების გაყვანას განახორციელებდა. საქართველოდან რუსეთმა ბაზები 2005 წელს გაიყვანა, თუმცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამშვიდო ძალები დარჩნენ – ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის მხარეთა გამიჯვნის მიზნით. ეს სამშვიდობო ძალები ერთ შემთხვევაში დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების გადაწყვეტილებით, ხოლო მეორე შემთხვევაში – დაგომისის შეთანხმების ძალით იქნენ შეყვანილნი.
მომდევნო წლებში სიტუაცია რუსეთისათვის საზიანოდ შეიცვალა – ნატო გაფართოვდა, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ხელშეკრულების რატიფიცირებაზე არც უფიქრიათ, ბრიუსელი კი რუსეთზე ზეწოლას ახდენდა და პირობების შესრულებას მოითხოვდა. თავის მხრივ, მოსკოვი აფრთხილებდა, რომ თუ ნატოს ახალი წევრები მის რატიფიცირებას არ მოახდენდნენ, მაშინ რუსეთი თავის მონაწილეობას შეწყვეტდა. გაფრთხილებებმა შედეგი არ გამოიღო. სიტუაცია სულ უფრო უარესდებოდა. როცა საქართველომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, როცა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღაიარა, როცა მათ ტერიტორიაზე [ორმხრივი შეთანხმებების ძალით], რუსული სამხედრო კონტინგენტი განლაგდა, ევროპაში ჩვეულებრივი იარაღის ხელშეკრულებამ თავისი აზრი დაკარგა.
საერთოდ, თუ რა ხდება სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში შეიარაღების რაოდენობის თვალსაზრისით, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების“ გარეშეც ძალიან კარგად იციან: ნატოელი და ამერიკელი ექსპერტები, მრჩევლები და ინსტრუქტორები საქართველოში მუდმივად მუშაობენ, იქ ათენებ-აღამებენ, შესაბამისად, ყველანაირ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ინფორმაციას სრულად იღებენ. თითქმის იგივე ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, თუმცა ამერიკელები იქ გარკვეულ პრობლემებს მაინც აწყდებიან“, – ნათქვამია სტატიაში.