globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 20th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „თუკი აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად უღირს ევრაზიულ კავშირში შესვლა“

რეზონანსი: არის თუ არა მიზანშეწონილი საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა?

რეზონანსი: უვიზო რეჟიმისთვის ევროკავშირი ანტიდისკრიმი-ნაციული კანონის აღსრულების რეალურ მექანიზმს ითხოვს

რეზონანსი: რატომ ჭიანურდება ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში?

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ აკაკი ასათიანთან: „დიდი ხანია, ნატო ჩვენთან ერთგვარ რელიგიად იქცა. ეკლესიის ლანძღვა შეიძლება, პატრიარქისაც, მაგრამ ნატოზე ცუდის თქმა ერეტიკოსობას ნიშნავს“

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ გია კორკოტაშვილთან: არ გვიღებს ეს ნატო კარს და ძალით ვეტენებით?!

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან: საელჩოები ქართველ პოლიტიკოსებს ამერიკელთა მიერ გატუტუცებულ ხელის ბიჭებად მიიჩნევენ!

———————-

„ალია“, 20 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „თუკი აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად უღირს ევრაზიულ კავშირში შესვლა

ნინო სამხარაძე

ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი წევრი, იურისტი ვალერი გელბახიანი ჟურნალისტ ნინო სამხარაძესთან საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს:

- ამ ფონზე გაჩნდა ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის პესკოვის განცხადება, რომ პუტინი მზად არის, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს. მარგველაშვილის ადმინისტრაციაც მზადყოფნას გამოთქვამს ამ შეხვედრისთვის. თქვენი აზრით, რას შეცვლის მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა და საერთოდ, ეს შეხვედრა შედგება?

- მოდით, ასე ვთქვათ, ყველაზე საინტერესო, ყველაზე მნიშვნელოვანი და რევოლუციური მოვლენა შეიძლება იყოს პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრა და არა ის საკითხი, დაბრუნდებიან თუ არა ხელისუფლებაში „ნაციონალები“, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია და ამის თეორიულ განხილვასაც აზრი ეკარგება. მნიშვნელოვანია არა ის, რას ცდილობს სააკაშვილი, არამედ ის, რაც მოსკოვთან არის დაკავშირებული. თუ პუტინთან დავალაგებთ ურთიერთობას და საქართველოს პრეზიდენტი შეთანხმდება კონკრეტულ საკითხებში, მე გეუბნებით, რომ ეს ქვეყანაში გამოიწვევს რევოლუციურ ცვლილებებს. საქართველო აიღებს ევრაზიისკენ პოლიტიკურ ვექტორს, დაიწყება იმ პიროვნებების იზოლირება, რომლებიც საქართველოში გავლენიანი არიან და იმ პარტიების იზოლირება, ვინც ამ პროცესის წინააღმდეგ იბრძვის, რათა ხელი არ შეუშალონ პროცესებს. ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო იქნება მარგველაშვილის სვლა, უნდა ველოდოთ, რომ მარგველაშვილი მარტო არ იქნება ქვეყნის შიგნით, გაჩნდებიან პოლიტიკური ძალები, ვინც ამ იდეის მომხრეები იქნებიან, ეს იქნება ახალი პოლიტიკური ძალები. დამიჯერეთ, ყველა ჩამოიწერება, არანაირი მომავალი „ოცნებას“ აღარ ექნება, ასევე არავითარი მომავალი არ ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“, დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის 65%-ია მომხრე ევრაზიულ კავშირში შესვლის, აი, ნახავთ, როგორ დაიძვრება ნაკადები ამ მიმართულებით, პრეზიდენტის გარშემო შეიქმნება ახალი პოლიტიკური ვერტიკალი, თქვენ აქ მარტო ლევან ვასაძეს კი არ ნახავთ, რუსეთში ვინც კი ქართველი მილიონერია, ყველას გადმოამისამართებენ საქართველოში. შეიქმნება პარტიები, რუსეთში მოღვაწე მილიონერი ქართველები ჩადებენ ფულს, მისცემენ დავალებას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მომდევნო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ, თუკი ეს ძალები პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებენ, ეს ნიშნავს, რომ ამას მოჰყვება ევრაზიული კავშირის დამტკიცება.

დაუკვირდით გოგი თოფაძის განცხადებას,პირველად არ აკეთებს მსგავს განცხადებას, რაც თავი მახსოვს, სულ ამბობს, რომ ნატო არ არის ჩვენი გზა. ის მომხრეა ევრაზიული კავშირის, მაგრამ დღეს უფრო გააქტიურდა ამ მიმართულებით და იცით, რატომ? გოგი თოფაძე მომავალს ეძებს, ჩემო კარგო, მან იგრძნო, რომ „ოცნებაში“ არ არის მომავალი.

- თქვენი აზრით, როდის მოხდება მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა?

- ალბათ, ეს მოხდება 9 მაისს, პუტინი სიმბოლურად მერკელსაც დაასწრებს ამ ღონისძიებას, რომ გერმანიასთან გამარჯვებით კიდევ ერთხელ ისიამოვნოს, პუტინსა და მარგველაშვილს შორის სავაჭრო თემა იქნება ის, რომ ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში აღიაროს თუ არა რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თუნდაც სახელმწიფოებრიობა.

ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა. მინდა გითხრათ, რომ ევრაზიულ კავშირში შესასვლელად ემზადება სომხეთი, სხვათა შორის თურქეთსაც აქვს სურვილი, შევიდეს ამ კავშირში, შეიძლება ეს სურვილი გამოთქვას აზერბაიჯანმაც. თუკი საქართველო ევრაზიული გზით წავა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო პროდასავლურ კურსზე უარს ამბობს და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი სარგებელი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აი, ამის შემდეგ პროდასავლური ძალები თუნდაც გაგიჟდნენ და რამდენიც უნდათ იხტუნაონ, თუკი აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად უღირს ევრაზიულ კავშირში შესვლა. ჯერ კიდევ ორი თვის წინ თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რუსეთი არ დაიწყებს უკრაინასთან ღია ომს, ვიდრე არ გადაწყვეტს საქართველოს საკითხს. ახლა კი დგება ის დრო, როცა ჯერ საქართველოსთან უნდა დაალაგოს ურთიერთობა და მერე გადაწყვიტოს, რას აპირებს უკრაინასთან. ამიტომ უღირს რუსეთს უკრაინის ხარჯზე საქართველოს დაელაპარაკოს.

- თქვენი აზრით, ეს პოლიტიკური თამაში ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია?

- ჩემი აზრით, ეს თამაში არ არის ბიძინასთან შეთანხმებული და პოლიტიკური თამაშები ცალკე მიმდინარეობს.

რეზონანსი“, 20 მარტი, 2015 წელი

არის თუ არა მიზანშეწონილი საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა?

ლიკა ამირაშვილი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი და ქართველი დიპლომატები არ გამორიცხავენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების – გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის – შეხვედრის შესაძლებლობას. “როგორც ჩემთვის ცნობილია, ორი ქვეყნის დიპლომატები და ოფიციალური პირები კვლავინდებურად არ გამორიცხავენ მსგავსი შეხვედრის გამართვას განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, თუ გრაფიკი ამის საშუალებას მოგვცემს,” – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ექსპერტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების ფონზე, რუსეთისა და საქართველოს უმაღლესი პირების შეხვედრას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

არის თუ არა მიზანშეწონილი საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

სერგო ვარდოსანიძე  (ისტორიკოსი): ეს შეხვედრები ჩაივლის ისე, როგორც სხვა შეხვედრებმა ჩაიარა. ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელთან და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ ჩვენთან შეხვედრა იმის მანიშნებელია, რომ მათი ქმედება ნორმალურია და ახლა სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ საუბარს? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე პრეზიდენტების შეხვედრისთვის არანაირი ფონი არ არსებობს. მათი ქმედება არამეგობრული საქციელია, რა მეგობრობაზეა საუბარი? ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ და შეხვედრაზე საუბარი რაზე უნდა იყოს?!

გიგი თევზაძე (დოცენტი, პროფესორი): იცით, ქვეყანამ და პოლიტიკოსებმა გვაჩვენეს, რომ რუსეთთან შეხვედრებსა და პოლიტიკის აყვავებას აზრი არ აქვს. ბოლო 2 წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” რუსეთის მიმართ რა პოლიტიკასაც ატარებდა, არ მგონია, მათი შეხვედრა მიზანშეწონილი იყოს. თუ მარგველაშვილს ჰგონია, რომ პუტინს პირადად მოხიბლავს, ეს სხვა ამბავია. პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას რაციონალური არგუმენტი არ აქვს, მაგრამ ირაციონალური შეიძლება ჰქონდეს.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): საქართველოს პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა სათანადო დიპლომატიური არხებით მაღალ დონეზე უნდა მომზადდეს. ბუნებრივია, ეს არ შეიძლება ნაუცბათევი გადაწვეტილება იყოს. ვფიქრობ, შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, რადგან საჭიროა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ. მაგრამ რუსეთის განცხადება არ მომეწონა, რომ თავისუფალი გრაფიკის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. მათი ეს განცხადება დამამცირებელი მგონია. ანუ, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მათი გრაფიკი შედგენილია და თუ გამოჩნდება დრო, შეხვდება?!

გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): პრეზიდენტების შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შედგეს, თუ საქართველოს მოთხოვნები აღსრულდება და რუსული ოკუპაცია დამთავრდება. თუ უბრალოდ, შეხვედრა იმისათვის იქნება, რომ ილაპარაკო, აი, ქართველები გველაპარაკებიან და პუტინმა განაცხადოს, რომ მათთან დიალოგში ვართ, ასეთ პირობებში შეხვედრა აბსოლუტურად მიუღებელია.

გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): პრინციპში, მე მიმაჩნია, რომ საუბარი ყოველთვის მისაღებია, მაგრამ გააჩნია პრეზიდენტები შეხვედრისას რაზე ისაუბრებენ. მარტო შეხვედრას შეხვედრისთვის აზრი არ ექნება. არ ვიცი, ახლა არის თუ არა ის ვითარება, რომ ამ შეხვედრამ რაღაც დადებითი მოიტანოს.

რეზონანსი“, 20 მარტი, 2015 წელი

უვიზო რეჟიმისთვის ევროკავშირი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების რეალურ მექანიზმს ითხოვს

სალომე სარიშვილი

(შემოკლებით)

იმისთვის, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შეასრულოს, რაც შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას გულისხმობს, საქართველოს რამდენიმე ტექნიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს. ეით-ერთი მოთხოვნაა ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანა, რათა მისი აღსრულების რეალური მექანიზმები შეიქმნას.

საგულისხმოა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესრულება ევროკომისიის ექსპერტებმა თებერვალში შეაფასეს და აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები სახალხო დამცვეის აპარატში გამართეს.  საუბარია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს კანონი აღსრულების თავლსაზრისით. ექსპერტების შეკითხვები ძირითად შემთხვევაში  ეხებოდა თავად დისკრიმინაციული საქმეების რაოდენობასაც, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა.

როგორც „რეზონანსთან“ საუბრისას სახალხო დამცველი თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა გიოშვილმა განაცხადა, ექსპერტებს შეკითხვები ჰქონდათ თუ რამდენად ვრცელდება კანონი კერძო პირებზე და რა გამოწვევების წინაშე დგას თავად დისკრიმინაციიის მსხვერპლი.

გიოშვილი ამბობს, რომ ამ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები ომბუდსმენის აპარატმა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს გაუზიარეს. ამის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატმა შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

(…)

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, ეს საკითხი კომიტეტმა უკვე განიხილა და გარკვეული შენიშვნებიც გასცა, რაც ავტორებმაც გაიზიარეს. შავგულიძე ამბობს, რომ კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ასეთ შემთხვევაში თავად სახალხო დამცველი მიერ ამ ფაქტის შესწავლის ვადა განსაზღვრულიყო.

„ვიზალიბერალიზაციის შემფასებელი მისიის მოთხოვნაა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების რეალური მექანიზმები არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს კანონი მხოლოდ ფურცელზე დაწერილად დარჩება. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ სახალხო დამცველს უფლებები გაეზარდოს, რათა დისკრიმინაციული საქმეების წარმოება უფრო ეფექტურად შეძლოს, თუმცა ეს საკმარისი მექანიზმი არაა.

„არის საუბარი იმაზეც, რომ საჭიროა შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც უშუალოდ ასეთ ფაქტებს გამოიძიებს და დასკვნებს დადებს, რაც პერსპექტივაში გმორიცხული არაა. ამას უკავშირდება სწორედ ის საკანონმდებლო ინიციატივაც, რომელიც კომიტეტს სახალხო დამცველმა წარუდგინ.

„ვიმეორებ, რომ ამ ხარვეზებზე მუშაობა მიმდინარეობს და არ გამოვრიცხავ, რომ საამისოდ დამოუკიდებელი ორგანო შეიქმნას, თუმცა ეს საკითხი რაიმე საკანონმდებლო წინადადების სახით არ განხილულა. ვიზალიბერალიზაციის საკითხს ხელი არ შეეშლება იმის გამო, რომ საქართველოში ვინგმეს არ უნდა ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედება, ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს“, –განუცხადა „რეზონანსს“ შავგულიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე ახლახან ინფორმაცია გერმანული „დოიჩე ველე“ რუსულმა ბიურომ, ევროკომისიაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. გერმანული გამოცემის ცნობით, საქართველოს და უკრაინას აქვთ შანსი, მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებას ხელი მოაწერონ. თუმცა, წყაროს განცხადებით, უვიზო რეჟიმის გაფორმებამდე ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

ამასთან „დოიჩე ველე“ იხსენებს „როიტერზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც,რ ომლის მიხედვითაც, ევროკომისიის წარმომადგენლებმა უკრაინასა და საქართველოსთან სავიზო შეთანხმების გაფორმებას ჯერ შორეული პერსპექტივა უწოდეს.

„როიტერის“ ცნობით, გერმანიამ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მაისში, რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების გაფორმების იმედები გაუცრუა. წყაროების ცნობით, მოლაპარაკება ამ საკითხზე მიმდინარეობს, თუმცა რამდენად მოესწრება მაისში მისი სისრულეში მოყვანა, ამის პროგნოზირება რთულია.

რეზონანსი“, 20 მარტი, 2015 წელი

რატომ ჭიანურდება ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში

თიკო ოსმანოვა

თუ როდის შედგება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, სამი თვის შემდეგაც გაურკვეველია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რმ ვიზიტი ძალაში რჩება და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

პოლიტოლოგები ვიზიტის გაჭიანურებას ორ ქვეყანას შორის არსებულ რთულ მდგომარეობას უკავშირებენ. დიპლომატიური აკადემიის რექტორის, სოსო ცინცაძის განცხადებით, ღარიბაშვილისთვის უკრაინაში ჩასვლა ადვილი არ იქნება. მისი თქმით, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ვიზიტის წარმატებას ხელს არ შეუწყობს.

შეგახსენებთ, რომ ბერუჩაშვილის უწყებამ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა, რომ მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი მეგობარ ქვეყანასთან უახლოეს ხანში უნდა შემდგარიყო.

„27 ნოემბერს უკრაინაში ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც ქართული მხრიდან უხელმძღვანელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ. დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ორი ქვეყნის თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო აქტიური და კოორდინირებული, როგორც ევროინტეგრაციის, ისე რუსეთის მომდინარე სართხის წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ამ კონსულტაციისა და სხვა სამუშაოს შედეგია ის, რომ უახლოეს ხანში განხორციელდება საქართველოს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში. ეს ვიზიტი იქნება წარმომადგენლობითი და მასში მონალილეობას სხვა მინისტრებიც მიიღებენ. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ 1 დეკემბერს.

პრემიერის ვიზიტის დაგეგმისთვის მუშაობის მიმდინაროებას ადასტურებს პარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრი ანი მიროტაძეც. მისი თქმით, ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან ეს მხოლოდ ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული.

როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა კონკრეტულად როდის შედგება, ზუსტი ვადის დასახელება, ეს მხოლოდ ქართულ მხარეზე არაა დამოკიდებული.

ქართული მხარე მზადაა დააფიქსიროს თავისი მზაობა შეხვედრისათვის, დანარჩენი კი სამუშაო რეჟიმია. როცა ასეთი ორმხრივი ვიზიტი მზადდება, ყველა თემებზე მხარეები კონსულტაციებს გადიან, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს გაჭიანურებაა. ეს არის ცვეულებრივი სამუშაო პროცესი“, – უთხრა „რეზონანსს“ ანი მიროტაძემ.

დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისათვის უკრაინაში ჩასვლა ადვილი არ იქნება.

„უკრაინაში ჯერ-ჯერობით მშვიდობაა, თუმცა შეიძლება ეს სიტუაცია შეიცვალოს. სერგეი ლავროვმა პროტესტი გამოთქვა იმის გამო, თითქოს პოროშენკომ მინსკში მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა, დონბასის სტატუსთან დაკავშირებით.

რაც მეტი დრო გაივლის, მით უფრო გაძნელდება გაუგებრობის ლიკვიდაცია. ეს არაა ადვილად გადასაწყვეტი საკითხი იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ხელისუფლების სათავეში 10-15% მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, სირთულეს წარმოადგენს: რა პროვოკაციები მოწწყობა, როგორ შეხვდებიან, უცნობია. ხომ არ შეიძლება, რომ ჩავიდეს და შეხვედრებზე „უკანა კარებიდან“ იაროს? ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ვიზიტის წარმატებას ხელს არ უწყობს. ამიტომ არა მგონია ეს ვიზიტი უახლოეს ხანში შედგეს, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში იყო დაანონსებული.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველ;ოს პრემიერტან შეხვედრაზე ოფიცილაურად უარს არ იტყვის, მაგრამ პრემიერი იგრძნობს, რომ სასურველი სტუმარი არ არის“, – გვითხრა სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ეს ვიზიტი აუცილებლად განხორციელდება.

მოტივები ორივეს აქვს იმისათვის, რომ თავი შეიკავონ ამ ურთიერთობისაგან, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს საერთო ინტერესებიც. რეალურად საქართველოს ძალიან ინტენსიური კავშირები აქვს უკრაინასტან და ჩვენი მეგობარი ქვეყნისათვის ეს ურთიერთობები ზალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ადრე თუ გვიან, ეს ვიზიტი მაინც განხორციელდება და ამაში რაიმე პრინციპულ პრობლემას ვერ ვხედავ“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ცოტა ხნის წინათ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც „რირსების მარშში“ მიიღო მონაწილეობა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს კი მისმა უკრაინელმა კოლეგამ სამჯერ დაკავშირების შემდეგმიღებაზე უარი განუცხადა.

„საქართველო და მსოფლიო“, 19 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ აკაკი ასათიანთან: დიდი ხანია, ნატო ჩვენთან ერთგვარ რელიგიად იქცა. ეკლესიის ლანძღვა შეიძლება, პატრიარქისაც, მაგრამ ნატოზე ცუდის თქმა ერეტიკოსობას ნიშნავს

ბაკურ სვანიძე

(შემოკლებით)

ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი ესაუბრება.

- ბატონო აკაკი, ობამას, მერკელისა და ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის _ ანდერს ფოგ რასმუსენის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ვერ გახდება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები (მაგალითად, დავით უსუფაშვილი) ამბობენ, ჩვენ მაინც ჯიუტად განვაგრძობთ ევროატლანტიკური სტრუქტურების კარზე კაკუნსო…

- ნატოში საქართველოს შესვლა რომ ილუზიაა, ოლანდის განცხადების გარეშეც ნათელია. ვინც ეს იცოდა და მაინც გაიძახოდა, შევალთო, თაღლითია, ხოლო, ვისაც გულწრფელად სჯეროდა, – იდიოტი. დღეს შეიძლება, ნორმალურმა ადამიანმა ილაპარაკოს, რომ საქართველო შევა ნატოში და ნატო დაიცავს ჩვენს ინტერესებს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, თუნდაც ეს იყოს რუსეთი, რომელიც დღითიდღე ძლიერდება და ზრდის თავის გავლენას მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე?… რაც მოვისმინე, ეს იყო აბსოლუტურად თანმიმდევრული და ზუსტი შეფასება იმ რეალობისა, რომელიც გვაქვს. როდესაც პირდაპირ გეუბნებიან, ვერ მიგიღებთ, ვერ დაგიცავთ და ვერ დავიკისრებთ თქვენი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობასო, უსინდისო უნდა იყო ადამიანი, რომ საკუთარ ხალხს უკუღმა გადმოუთარგმნო ეს ყველაფერი.

რაც შეეხება მათ კრიტიკას, ვინც საქართველოშიც, დიდი ხანია, ამბობს ნატოში ვერ შევალთო, ძალიან მაინტერესებს, რატომ არ გააკრიტიკეს თავის დროზე ამერიკის პრეზიდენტი ობამა, გერმანიის კანცლერი მერკელი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი რასმუსენი ან ახლა, ამ ბოლო განცხადების გამო _ საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი? _ ეს შეკითხვა ხომ ბუნებრივად ჩნდება?! საღად მოაზროვნე ქართველების კრიტიკას თუ არ ერიდებიან, თვითონ იმ ლიდერების მიმართ რატომ არ უჩნდებათ შეკითხვები?! ვიდრე რეზოლუციას არ მიიღებენ დედის გინებით, _ წადით, თავი დაგვანებეთო, მანამდე ვიტყუოთ თავი?! საქმე ის არის, რომ ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, ნატოში შესვლის რა შანსიც გვაქვს, მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. ვერ საუბრობენ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გამოდის, ამდენი ხანს იტყუებოდნენ და მეორე _ იმიტომ, რომ დაკარგავენ დასავლეთის მხარდაჭერას. ასეთ შემთხვევაში ამერიკაც და ევროპაც ყველაფერს ერთბაშად მოგვთხოვს, საგარეო ვალები იქნება ეს თუ სხვა რამე, რითაც ეს წლები გვეხმარებოდნენ…

- დასავლეთი საჯაროდ ამბობს, საქართველო ალიანსის წევრი ვერ გახდებაო და, საქართველოს ხელისუფლებამაც იგივე რომ გაიმეოროს, გაღიზიანდებიან?

- დიახ, დაახლოებით ამგვარი აბსურდული თამაშია _ ჩვენ უნდა ვიძახოთ, რომ ალიანსის კარი ღიაა, ისინი კი გვეტყვიან, ვერ მიგიღებთო. ასეთ განცხადებებს გააკეთებენ რუსეთის გასაგონად, რათა ამით დაამშვიდონ კრემლი, რომელიც არ ურიგდება დასავლეთის პოლიტიკურ ექსპანსიას. ეს არის რიტუალური ცეკვა და ყველა რიტუალურ ცეკვას აქვს თავისი დანიშნულება. საერთოდ, ნატო ჩვენთან, დიდი ხანია, ერთგვარ რელიგიად იქცა. ეკლესიის ლანძღვა შეიძლება, პატრიარქისაც, მაგრამ ნატოზე ცუდის თქმა ერეტიკოსობას ნიშნავს. ამ იდეოლოგიის აპოლოგეტებს რომ შეეძლოთ, ალბათ, ინკვიზიციასაც შემოიღებდნენ და ცეცხლში დაწვავდნენ ადამიანებს, რომლებიც ალიანსზე რამე კრიტიკულს იტყოდნენ…

- ცეცხლში დაწვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ნატოზე უარყოფითი განცხადებების გაკეთება ავტომატურად რუსეთის აგენტობად აღიქმება. საზოგადოდ, “ისტორიულ არჩევანზე” არ უნდა წამოგცდეს ცუდი, - ასეთია პოლიტიკური მოცემულობა…

- მე ამას დავარქმევდი პოლიტიკურ კომპლექსს, რომელიც საქართველოს თავს მოახვია “ნაციონალურმა მოძრაობამ”. სააკაშვილის პერიოდში დასავლეთს თუ გააკრიტიკებდი, ყველაფრისთვის მზად უნდა ყოფილიყავი _ დაჭერისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის, ლიკვიდაციისთვის… საუბედუროდ, იმავეს განაგრძობს ახალი ხელისუფლებაც; მართალია, ესენი ფიზიკურად არავის უსწორდებიან, მაგრამ ნატოსა და ევროკავშირს ისევე ეთაყვანებიან, როგორც “ნაცმოძრაობა”. ეს რომ შეცდომაა, უკვე დღესავით ნათელია და ამ შეცდომაზე მათ მოუწევთ პასუხისგება, ოღონდ ხალხთან და არა “ნაციონალებთან”, რომლისაც ასე ძალიან ეშინიათ.

„საქართველო და მსოფლიო“, 19 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ გია კორკოტაშვილთან: არ გვიღებს ეს ნატო კარს და ძალით ვეტენებით?!

ქეთი ხომერიკი

(შემოკლებით)

ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ჩვენ გადავდივართ მოქმედებაზე, სხვა გზა აღარ დარჩა”, - ამბობს ტელერადიოწამყვანი, საზოგადოებრივი გაერთიანებაქართული მისიისწევრი გია კორკოტაშვილი.

- ბოლო ხანს ქვეყანაში ვითარება დაიძაბა. ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად არის, ხელისუფლება კი საპირისპიროს აცხადებს. თქვენ როგორ შეაფასებთ ვითარებას?

- როგორ და რა პირობებში ცხოვრობს ხალხი, კარგად ვხედავთ. საზოგადოების უმრავლესობა, ფაქტობრივად, შიმშილობს. და ახლა რას ამტკიცებს ხელისუფლება, არავის აინტერესებს. წინა ხელისუფლებაც გამუდმებით ამბობდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო და, რაც მოიმკეს ამით, ვნახეთ. ასეა დღევანდელი ხელისუფლების საქმეც. ქვეყანაში სტაგნაციაა და ამას ვერაფრით დამალავ. სავალალო მდგომარეობაა _ ადამიანების უმრავლესობა დაუსაქმებელია და რით უნდა იკვებოს? თუ ამას დროულად არ მიაქცია ყურადღება ხელისუფალმა, შეიძლება, მისი ხელისუფლებაში ყოფნა სავალალო შედეგით დასრულდეს. ამას ვერავითარი სიმპათია, რომელიც ბატონი ბიძინასადმი იყო, ვეღარ გადაფარავს.

- ამ ხელისუფლების მთავარი დაპირება სამუშაო ადგილების შექმნა იყო, მაგრამ მხოლოდ “ნაკურთხი” პრემიების გამოწერით არიან დაკავებულნი…

- ცუდია, ადამიანს რაღაცას რომ დაჰპირდები და არ შეუსრულებ, მით უმეტეს, იმ ადამიანს, რომლის ხმითაც ხელისუფლებაში მოხვედი. ყბადაღებულ 100 საწარმოზე ლაპარაკიც აღარ ღირს, რამდენიმე ქარხანა მაინც აემუშავებინათ. ყველა ვერა, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც დასაქმდებოდა, ახლა კი არავინ არის დასაქმებული, მაღალჩინოსნებისა და მათი ნათესავ-მეგობრების გარდა.

ვერა და ვერ გაძღა ამათი მუცელი – ქვეყანაში ნეპოტიზმი ყვავის და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.  ჩვენ გადავდივართ მოქმედებაზე, სხვა გზა აღარ დარჩა: პირველი _ “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ უნდა მოშორდეს აქაურობას და დღევანდელ ხელისუფლებას აღარ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რაღაც მომენტებში თავისი უუნარობა “ნაციონალებს” გადააბრალოს; მეორე – ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და ამისთვის ყველა რჯულის ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ -  ჩრდილოელი იქნება ის, დასავლელი თუ აღმოსავლელი. დიახ, სულაც არ მაინტერესებს ვიღაც მეშჩანების ან ძალიან “პრადვინუტების” აზრი და  ძახილი, _ ვაიმე, რუსეთუმე და პრორუსიაო. რუსეთუმე კი არა, საქართველოს რაც აძლევს ხელს, როგორც უფრო კარგად იქნება, ისე უნდა მოიქცეს და იქით უნდა წავიდეს. ადამიანს, რომელსაც საქართველო უყვარს და მიაჩნია, რომ მხოლოდ ამერიკაზე უნდა დაიდოს ფსონი, მწარედ ცდება.

ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების გასაღები არის რუსეთში, დიახ, გასაღები იმისა, რომ ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ.

- საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გვაუწყა, რომ ნატოს კარი ჩვენთვის კვლავ დახურულია, თუმცა ხელისუფლება ნატოს კარზე კაკუნს ჯიუტად განაგრძობს…

- რაღაც შიში აქვს ხელისუფლებას. ფიქრობს, ასე რომ არ მოიქცეს, ცუდი რამ მოჰყვება, არ იცის, რა გააკეთოს. და თქვენ ვინ ხართ, ხელისუფლების წარმომადგენლებო, ჩვენი არჩეულები არ ხართ? მოდი, ჩავატაროთ თავისუფალი რეფერენდუმი, ხაზს ვუსვამ _ თავისუფალი, წნეხის გარეშე, და ვკითხოთ ხალხს – საით უნდა და საით არ უნდა. არ გაინტერესებთ, ნატო საერთოდ უნდათ თუ არა? ან გონივრულია თუ არა ახლა ნატოში შესვლა, მაშინ, როდესაც ნატოსკენ ნაბიჯის გადადგმა და აქ რუსის ტანკის შემოგრუხუნება, ერთი იქნება, თანაც არ გვიღებს ეს ნატო კარს და ძალით ვეტენებით?! ხან მაპიო, ხან მაპზე უკეთესიო… კარგი რა, მართლა, თქვე კაი დედმამიშვილებო, უკაკუნეთ კარზე და იყავით, რით ვერ დაიღალეთ…

სახელმწიფოებრიობის განცდა “ნაციონალების” პერიოდში უფრო იყო, ვიდრე დღეს არის. როგორი სახელმწიფოსი _ ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ იყო. დღეს კი მე სახელმწიფოებრიობის განცდა არ მაქვს. ძალოვან სტრუქტურაში რამდენიმე ადამიანი კი ვიცი, მართლა ვაჟკაცურად რომ იბრძვის ყველაფერ ამის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან. სიტყვამ მოიტანა და აუცილებლად უნდა ვთქვა: ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, ნაცკადრების ნაცვლად, ის ადამიანები მოეყვანა თანამდებობებზე, რომლებიც ერთგულად იმუშავებდნენ. ჰოდა, ახლა თუ რამე მოხდება ქვეყანაში და საბოტაჟს ექნება ადგილი, პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრები გვერდით ჰყავდათ.

- საბოტაჟის რა გითხრათ, მაგრამ  “ნაციონალური მოძრაობა” 21 მარტს, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, აქციის გამართვას აპირებს და ბევრი საუბრობს მოსალოდნელ პროვოკაციებზე. თქვენ რას ელით?

- “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი ჭირი მოჭამა უკვე. მართალია, მათ სურთ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს, მაგრამ არაფერი გამოუვათ. დიახ, დესტაბილიზაციის მოწყობა უნდათ, რადგან მხოლოდ ამ გზით თუ დაიბრუნებენ ხელისუფლებას, თორემ არჩევნების გზით ისინი ვერასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში. იმუქრება კიდეც სააკაშვილი უკრაინიდან. უკრაინაში სააკაშვილის ყოფნა გავაპროტესტე და მივმართე კიდეც უკრაინელ ხალხს, მაგრამ რად გინდა?! – პოროშენკოსა და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა დასავლეთის სურვილით მოხდა, დასავლეთის მიერ ხელდასხმულები არიან. სააკაშვილი დესანტივით არის, ჩამოსვეს საქართველოში, რაღაც-რაღაცები გააფუჭ-გამოაფუჭებინეს, მერე ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე და გადასვეს უკრაინაში. ახლა უკრაინაშიც გააფუჭებს რაღაც-რაღაცებს და მერე, ბანგლადეშშიც თუ დასჭირდათ რაღაც-რაღაცების გაფუჭება, იქაც გადასხამენ. აი, ეს არის. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, სააკაშვილის დავალებით, 21 მარტის აქციისთვის “ბოევიკები” ჩამოვიდნენ უკრაინიდანო. “ბოევიკები” კი არა, ვინც გინდა, ჩამოვიდეს, სულ არ მედარდება, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა”. კაციშვილი აღარ დაემონება სააკაშვილს, აღარ ჩაიფურთხებს სულში! ეს ხომ ზუსტად ვიცით!

„საქართველო და მსოფლიო“, 19 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან: „საელჩოები ქართველ პოლიტიკოსებს ამერიკელთა მიერ გატუტუცებულ ხელის ბიჭებად მიიჩნევენ!

ეკა ნასყიდაშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 11 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მოსკოვი-სოხუმი-თბილისი რკინიგზის ხაზის აღდგენის შესახებ ისაუბრა. “რუსეთი კონსულტაციებისთვის მზად არის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ და აფხაზეთმა უნდა მიიღონ. ამ საკითხით, ბუნებრივია, სომხეთიც დაინტერესებულია.

რკინიგზის ხაზის აღდგენას ჩვენ მხარს დავუჭერთ, თუმცა პირობებზე, პირველ რიგში, თბილისმა და სოხუმმა უნდა მოილაპარაკონ”, – თქვა ლავროვმა. რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის მოსკოვი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას? ვის აძლევს ხელს ამ გზის ამოქმედება და ვის -არა? ცვლის თუ არა საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს? – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

- ბატონო ჰამლეტ, რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის კონსულტაციებისთვის და მხარს დაუჭერს მოსკოვი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის ამუშავებას. რას მოუტანს საქართველოს ამ გზის აღდგენა?

- საქართველოსთვის ეს გზა ძალიან სასარგებლოა, ამ სარკინიგზო მაგისტრალის საშუალებით კავშირი აღდგება აფხაზეთთან. ერთი წლის წინათ, როდესაც ამ საკითხზე საუბარი დაიწყო, აფხაზებმა სასტიკი უარი განაცხადეს, ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ ქართველებსაც. მოგეხსენებათ, ქართული პოლიტიკა “უდრეკია” და, თავისი სიბრიყვიდან გამომდინარე, განაცხადეს, რომ ამ რკინიგზის აღდგენა საქართველოს ხელს არ აძლევს. რაც ასე ახსნეს: რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ნიშნავს დაკარგული ტერიტორიების დაკანონებასო და ათასი სისულელე მოაყოლეს, თითქოს უამისოდ არ ხდება დაკარგული ტერიტორიების დაკანონება.

მოსკოვი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალი ჩვენსა და აფხაზებს შორის ე.წ. სარკინიგზო ურთიერთობებს წარმოშობს. რკინიგზა კი ყოველთვის აღმასვლის მომტანია. ამ გზის აღდგენით საქართველოცა და აფხაზეთიც ფულს მიიღებენ. ყურადღება გამახვილდება რკინიგზის ვარგისიანობაზე, ჩვენი რკინიგზა კი საკმაოდ მოძველებულია, აღდგენა სჭირდება.

ნორმალური ადამიანი, რომელსაც ეკონომკური გათვლის უნარი აქვს, და ასეთად ნამდვილად არ მიმაჩნია საქართველოს გონებადახშული ხელისუფლება, დაინტერესებული უნდა იყოს მოსკოვი-სოხუმი-თბილისის რკინიგზის გახსნით. ჩვენ არაფერი გაგვაჩნია, სატრანზიტო ფუნქციის გარდა, და ეს უნდა იყოს სასწრაფოდ გამოყენებული.

იმის ნაცვლად, რომ რკინიგზის აღდგენას მხარი დაუჭირონ, ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, ამ გზით პირველ ეტაპზე მოხდება რუსეთ-სომხეთის რკინიგზით დაკავშირებაო და თვლიან, რომ რუსები რკინიგზას სამხედრო თვალსაზრისით გამოიყენებენ, რადგან სომხეთში არის გიუმრის სამხედრო ბაზა. სინამდვილეში, მოსკოვი-სოხუმი-თბილისის რკინიგზის აღდგენა ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აძლევს ხელს, რადგან ამ სარკინიგზო მაგისტრალზე დომინანტი იქნება მისი ორი მტერი – რუსეთი და ირანი. ქართველი პოლიტიკოსები კი ამერიკელების ნააზრევს ახმოვანებენ. ამერიკა ამ რკინიგზის ამოქმედებას ხელს აუცილებლად შეუშლის, მაგრამ ჩვენ არაფერში გვარგია ამერიკის ყურება, ჩვენ უნდა გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, თუმცა ჩვენ ხომ ვიქტორ ორბანი არ გვყავს?!

- ლავროვის განცხადებას - თუ დასავლეთი საქართველოს ნატოში შეთრევას ისევ განაგრძობს, ზომებს მივიღებთო, მოჰყვა რკინიგზის ამბავი, შემდეგ _ გოგი თოფაძის განცხადება ნატოში საქართველოს შესვლა უტოპიააო. გოგი თოფაძე პოლიტიკაში დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის და ნატოზე უარყოფით განცხადებას დამოუკიდებლად არ გააკეთებდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გონს მოეგო და პოლიტიკის სხვა რელსებზე გადასვლას გეგმავს?

- გოგი თოფაძე პოლიტიკაში დამოუკიდებელი მოთამაშე ნამდვილად არ არის, მაგრამ, თოფაძესაც რომ არ ეთქვა, ისედაც ცხადია, რომ ნატოზე საუბარი უკვე აღარ ღირს. არაჩვეულებრივი რამ გააკეთა თქვენმა გაზეთმა – რა ენაზე დაგელაპარაკოთო და მეგრულადაც რომ მიმართა ხელისუფლებას… დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება ამ ყველაფერს.

- თინა ხიდაშელმა ორღობეში ნაჭორავები უწოდა ოლანდის ნათქვამს და მთავრობამაც მხარი აუბა.

- თინა ხიდაშელი პოლიტიკაში რომ არის, სირცხვილია. ხელისუფლებაში მყოფი ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის, თანაც პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის ასეთ განცხადებაზე ისეთი რეაქცია უნდა ჰქონოდა საფრანგეთის საელჩოს, როგორიც ირანის საელჩოს ჰქონდა თეა წულუკიანის განცხადების მიმართ. ირანის საელჩომ თავზე დაგვამხო მთელი პოლიტიკა. საფრანგეთის საელჩოს თავშეკავება შეცდომაა და ნათელია, რომ არც ისინი არიან დამოუკიდებლები და ამერიკის თამაშს თამაშობენ. გარდა ამისა, არც ერთი საელჩო ქართველ პოლიტიკოსებს სერიოზულად არ აღიქვამს და ტუტუც ბავშვებად მიიჩნევს, ამერიკელთა მიერ გატუტუცებულ ბავშვებად.

თინა ხიდაშელი ერთი ჩვეულებრივი გოიმია, რომელმაც გუშინ დაინახა, რა არის ქვეყანა, სწორედ ამიტომ ლაპარაკობს იმას, რაც ენაზე მოადგება, ამ საქციელის გამო ამ დედაკაცისთვის სტრასბურგში ჩასვლა საერთოდ უნდა აეკრძალათ. ფრანსუა ოლანდის განცხადების შემდეგ ძალიან ბრიყვული განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც – ვინ თქვა, რომ ოლანდმა საქართველო იგულისხმაო… ჰკითხეთ, აბა, ვინ იგულისხმა?

ნატოს საკითხი დასრულებულია, ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან განაცხადა ბარაკ ობამამ, მაგრამ დამპალმა ქართულმა პოლიტიკამ ვერაფერი გაიგო, არადა, სწორედ მისთვის ითქვა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დელიმიტირებული საზღვრები არ აქვს, ერთადერთი საზღვარი გვაქვს თურქეთთან და ისიც იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა გვიფეშქაშა. 23 წელიწადია, საზღვრების რევიზია არ მომხდარა. ყველა მდინარეს კალაპოტი აქვს შეცვლილი, საქართველოს ხელისუფლება კი ამ საკითხით არ ინტერესდება, სხედან და არ იციან, რა აკეთონ. ნებისმიერ მეზობელთან საზღვარი საკამათო გვაქვს. კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ რომ ცნოს აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკები, წარმოგიდგენიათ, რა პრობლემის წინაშე დავდგებით? ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩვენმა ტვინდახშულმა პოლიტიკოსებმა, განა არ იციან, რომ ტერიტორიული პრობლემებით ნატოში არავინ მიგვიღებს? რად უნდა ამას ოლანდის, ობამას, მერკელის ან სარკოზის თქმა? ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ ადარდებთ – ფული.

Comments are closed