globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 23rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ მაიკლ ჩეჩირესთან: „საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ვერც დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა იქნება“

რეზონანსი//მთელი კვირა: რას მივიღებთ რიგის სამიტზე – დასავლური მედიის პესიმისტური პროგნოზები საქართველოსთვის

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით თარხან-მოურავთან: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებში

„ასავალ-დასავალი“: ინტერვიუ გოგი თოფაძესთან: „ივანიშვილმა იცოდა, რომ „მრეწველები“ ნატოს წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა კოალიციაში მაინც მიგვიწვია“

კვირის პალიტრა“: ოკუპირებული აფხაზეთიდან და ანექსირებული ყირიმიდან კრემლი ბირთვულქობინიანი რაკეტებით NATO-ს შავიზღვისპირა ქვეყნებს დაემუქრება…

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: საქართველოს ეკონომიკას ჩინური ინვესტიციები “დაქოქავს”?!

———————-

რეზონანსი//მთელი კვირა“, 23 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ მაიკლ ჩეჩირესთან: „საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ვერც დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა იქნება

კობა ბენდელიანი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ ჩეჩირე საუბრობს.

(ამონარიდი)

- ამას წინათ Foreign Police-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა თქვენმა სტატიამ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია. თქვენ ამ სტატიაში აღნიშნავთ, რომუკრაინა არ არის რუსეთის ერთდერთი სამიზნე, საფრთხე საქართველოსაც ემუქრება“. იმავე სტატიაში თქვენ ამ მოსაზრების სასარგებლოდ უამრავი ფაქტი და გარემოება დაასახელეთ. გასაგებია, რომ ვიდრე დასავლეთსა და რუსეთს, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები საბოლოდ არ გაირკვევა, საქართველო მუდმივად საფრთხის ქვეშ იქნება. თქვენი აზრით, მას შემდეგ რაც პუტინმა პრაქტიკულად მთელ ცივილიზებულ სამყაროს უთხრა, რომ გააგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას მისი მეზობლების მიმართ, საქართველოსთვის საფრთხე რამდენად გაიზარდა?

- საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ვერც დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა იქნება, რაც, ამ ეტაპზე, საკმაოდ შორეული პერსპექტივაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელცინის მმართველობის დროსაც ეხმარებოდნენ რუსული ძალები და მათი მარიონეტები სეპარატისტებს აფხაზეთში. რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხე მუდმივი საწუხარია, მაგრამ ამჟამად რუსული გავლენის მთავარი ვექტორი არ არის.

სამაგიეროდ, მოსკოვი საქართველოზე ნეგატიური გავლენის მოსახდენად მუშაობს და ადგილობრივ მოკავშირეებსა და მარიონეტულ რეჟიმებს აძლიერებს. საშინაო პრობლემები, გაურკვევლობა და რუსული ფულის უწყვეტი წყარო ეხმარება პრორუსულ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ მიმდინარეობებს. თუ საქართველოში რუსული გავლენის ზრდის ტენდენციები გაგრძელდება, შესაძლოა, 2016 წლის არჩევნებზე პარლამენტში მნიშვნელოვანი რაოდენობის ანტი-დასავლური ფრაქციები ვიხილოთ, რომლებმაც შეიძლება ძირი გამოუთხარონ ან საერთოდ გადაუხვიონ ევრო-ატლანტიკური კურსიდან. საქართველოში რუსული გავლენის ზრდის ტენდენციები დასავლეთისა და ქართველებისათვის საყურადღებო საკითხია.

- ვიცი, ოკეანის გაღმიდან შეძლებისდაგვარად ადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. როგორ შეაფასებდითქართული ოცნებისხელისუფლების ორწლიან საქმიანობას და საქართველოში არსებულ ვითარებას?

- ამ მხრივ პოზიტიური მოვლენებსაც აქვთ ადგილი და უარყოფითსაც. მთლიანობაში, მთავრობას შეიძლება ვენდოთ დემოკრატიზაციის აღდგენის საკითხში. სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და პარლამენტში დებატები ხშირად იმართება. მართალია, ჯერ სრულყოფილად ვერ განხორციელდა რეფორმები დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით, ჯანდაცვისა და კიდევ სხვა სფეროებში, მაგრამ ეს ნაბიჯები მაინც სწორი მიმართულებით იდგმება.

მეორე მხრივ, მთავრობა რომ ძალიან ბევრს ფიქრობს და ლაპარაკობს წინამორბედ რეჟიმზე და დიდ ყურადღებას უთმობს მას, არასწორი მგონია. მაშინ, როცა სამართალი უნდა აღსრულდეს და, რა თქმა უნდა, ”ნაცმოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ბრალის უარყოფაც შედეგს ვერ მოიტანს, მმართველი კოალიციას გზა წარმატებისაკენ ”ნაცმოძრაობის” ჩადენილი დანაშაულის განსჯა კი არ წაიყვანს, არამედ დემოკრატიული, ეკონომიკურად აქტიური და სამხედრო თვალსაზრისით უსაფრთხო საქართველოს მშენებლობა.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 23 მარტი, 2015 წელი

რას მივიღებთ რიგის სამიტზედასავლური მედიის პესიმისტური პროგნოზები საქართველოსთვის

ია აბულაშვილი

(შემოკლებით)

რიგის სამიტამდე 2 თვე დარჩა, თუმცა პროგნოზები, რომელიც უცხოურ პრესაში კეთდება, არც თუ ისე დამაიმედებელია იმ ქვეყნებისათვის, რომელებიც ევროპისგან უვიზო რეჟიმის მიღების მოლოდინში არიან. პროგნოზი კი ზოგადად ასეთია – საქართველოს იმედგაცრუება ელის.

(სტატიაში გამოყენებულია პოლონეთის რადიოსადგურის „პოლსკიე რადიოს“ მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების სამიტზე, რომელიც მაისი თვეში ლატვიის დედაქლაქ რიგაში უნდა გაიმართოს, ევროკავშირი უკრაინისა და საქართველოსათვის სავიზო რეჟიმს არ გააუქმებს. სამიტის დეკლარაციის პროექტში, რომელიც „რადიო პოლსკას“ რედაქციამ მოიპოვა, არაფერია ნათქვამი ევროკავშირის მიერ საქართველოსა და უკრაინასთან სავიზო შეთანხმების დადების თაობაზე).

დარჩება, თუ არა ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობლები იმედგაცრუებულნი, ან და რა შანსები აქვს რეალურად საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით – „მთელი კვირა“ ექსპერტებს და პოლიტოლოგებს ესაუბრა.

როგორც „მთელ კვირასთან“ პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განცახადა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის დადებითად გადაწყდეს.

„ჩვენ მართალია ღიად არ ვსაუბრობთ, მაგრამ ხელისუფლება ძალღონეს არ იშურებს, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან მიმართებაში. ჩვენ ვცდილობთ არ ვიყოთ გაიგივებული იმ ქვეყნებთან, რომლებიც ასევე ამ პროცესის მონაწილენი არიან. ჩვენ უფრო წინ ვართ და არ გვინდა ერთ პაკეტში ვიყოთ განხილული. ყველა ხედავს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეუფერხებლად მიდის, ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და არც დასავლეთს აქვს ჩვენს მიმართ პრეტენზიები.

არის მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები, რომლებიც სახარბიელო არ არის. სამწუხაროა ისიც, რომ არსებობენ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებიც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ სკეპტიციზმს გავარღვევთ, მიზანს მივაღწევთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. არ მინდა გავაჩინო დაუსაბუთებელი მოლოდინები და სამწუხაროდ ვერც კონკრეტულ ვადას დავასახელებ, რადგან ეს ემყარება ევროპულ პოლიტიკას. დასავლეთსაც სწორად უნდა ჰქონდეს გაანალიზებული რამდენად დიდია ჩვენი მისწრაფება ევროპული ოჯახისაკენ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ხელშეწყობა და მეტი მოტივაცია მომავალი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „მთელ კვირასთან“ აცხადებს, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა და ანგარიში დადებითი იყო.

„მეორე ფაზის შეფასება უკვე მოხდა, მისია იყო ჩამოსული საქართველოში და ანგარიში მომზადდა. როგორია მათი შეფასება – არ ვიცი, თუმცა, კულუარულად რამდენიმე კანონზე აქვთ შენიშვნები. რაც შეეხება რიგის სამიტზე ჩვენს შანსებს, იმედია, რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება და გამოცხადდება, რომ საქართველო მზადაა უვიზო მიმოსვლისთვის. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი შანსები გაიზარდოს? – ქვეყანაში საერთო ფონი უნდა იყოს დადებითი. პროგრესი უნდა ჩანდეს დემოკრატიული პროცესების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და ა.შ., თორე ტექნიკურ საკითხებში ჩვენ საკმაოდ წინ ვართ, შევასრულეთ ის, რაც ევროკავშირმა დაგვისახა. ევროკავშირმაც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მისწრაფება და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი საქართველოს მოსახლეობისთვის. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული შეფერხება იმითაც არის განირობებული, რომ პოლიტიკური ფონი გაფუჭდა და ევროკავშირის ხალხი ბევრად კრიტიკულიგახდა მიგრაციის მიმართ“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: „საერთაშორისო გამოცდილებით, ევროკავშირი შედარებით ხალისით და უპრობლემოდ ახდენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე იმდენად მაინც დაკმაყოფილებულია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მსობრივად არ ფიქრობს და არ ისწრაფვის დატოვოს თავისი სამშობლო და ლუკმაპურის საშოვნელად მიაშუროს ევროკავშირის ქვეყნებს. ამ ქრესტომათიული ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, იმ დროს, როდესაც თვითონ ევროპაშიც აღინიშნება სამუშაო ადგილების შემცირება და ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, რასაკვირველია, ისეთ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო თავისი დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით, ნაკლები შანსი აქვს მოხვდეს იმ ბედნიერთა შორის, რომელთათვისაც უკვე დაგეგმილია ევროპის კარის გახსნა.

ყველაზე კარგი და ევექტური წამალი ამისთვის არის საქართველოში ცხოვრების პირობები ისე გაუმჯობესდეს, რომ მკვეთრად შემცირდეს გაღატაკებული ოჯახების რაოდენობა და ხალხს მიეცეს იმის იმედი, რომ ისინი თავიანთ სამშობლოში შეძლებენ სამუშაოს და ლუკმაპურის შოვნას.

კიდევ ერთი მომენტია – თუ საქართველოში მოხდა სავიზო რეჟიმის კვლავ გამარტივება, მკვეთრად გაიზრდება აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან ევროპისაკენ დაძრული ე.წ. „ტრანზიტნიკების“  რაოდენობა, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქცევა ევროკავშირისთვის იმის სტიმულად, რომ საქართველოს გაუხსნას თავისი კარები. რაც შეეხება რიგის სამიტს, რომელიც სულ მალე გაიმართება, ალბათ იქნება საუბარი იმაზე, რომ საქართველომ ბევრი გააკეთა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, ეს არის სტანდარტული ფორმულა“ – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

„ახალი თაობა“, 23 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით თარხან-მოურავთან: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებში

მარიკა მჭედლიშვილოი

(შემოკლებით)

ინტერვიუში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს, იგი ყურადღებას ამახვილებს 21 მარტს ერთიანი ნაცმოძრაობის მიერ ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე გაჟღერებულ განცხადებებზე:

„საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პლაგიატია, როცა ბრიუსელიდან განხორციელებულ ჩართვის დროს აღნიშნა, სოხუმისა და ცხინვალის საკითხები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში უნდა აისახოსო. რუსეთის მიმართ სანქციებზე ჩვენ2008 წლიდან ვლაპარაკობთ. როცა უკრაინის მოვლენები დაიწყო და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციები დააწესა, ჩვენ მაშინაც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სოხუმისა და ცხინვალის თემებიც უნდა მოხვდეს ამ სანქციებში“.

პატრიოტთა კავშირის ლიდერის თქმით, „ნაცმოძრაობას ბევრი ფული აქვს და ამ ფულით ის საქართველოს ებრძვის დასავლეთში, ბევრ რამეს აფუჭებს… აშშ-დან რვა მილიარდი დახმარების სახით მიიღო მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზსიდენტობის დროს, დაახლოებით ამდენბივე ბიზნესმენებს წაართვა… სულ ექს-პრეზიდენტის ხელში 25 მილიარდამდე დოლარი აღმოჩნდა მობილიზებული. ვინმე ფიქრობს, რომ ეს ფული საქართველოს მოხმარდა. მცირე რარაცეები გაკეთდა, მაგრამ მთლიანად რომ მოგვხმარებოდა ეს ფული, ყველას გადავუსწრებდით განვითარებაში…“.

„ასავალ-დასავალი“, 23 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ გოგი თოფაძესთან: „ივანიშვილმა იცოდა, რომ „მრეწველები“ ნატოს წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა კოალიციაში მაინც მიგვიწვია

ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა იცოდა იმის შესახებ, რომ „მრეწველები“ ნატოს წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა ისინი კოალიციაში მაინც მოიწვია.

გოგი თოფაძის განცხადებითვე, მის მიერ ნატოს წინააღმდეგ გამოთქმულ განცხადებებს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხელისუფლებისა და კოალიციის წევრების მხრიდან საყვედური არ მოჰყოლია.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ნატოს წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ „მრეწველები“ კოალიციაში მაინც მიგვიწვია იმიტომ, რომ ბევრ სხვა საკითხში ჩვენი ეროვნული პოზიცია მისთვის მისაღები იყო“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
თოფაძე აღნიშნავს, რომ მას და მის პარტიას, ევროკავშირის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და საქართველოს ამ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ.

კვირის პალიტრა“, 23 მარტი, 2015 წელი

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ანექსირებული ყირიმიდან კრემლი ბირთვულქობინიანი რაკეტებით NATO- შავიზღვისპირა ქვეყნებს დაემუქრება

ირაკლი ალადაშვილი

(შემოკლებით)

აშშ-ის ხელისუფლებამ ანექსირებულ ყირიმში რუსული ბირთვული იარაღის გამოჩენის შესაძლებლობის გამო ჩვეული შეშფოთება გამოხატა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა კი, როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხა – ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა და ჩვენ, როგორც ბირთვული სახელმწიფო, ბირთვულ იარაღს იქ განვათავსებთ, სადაც მოგვესურვებაო.

დასავლეთის შეშფოთება-აღშფოთება დაგვიანებულია, რადგან შავი ზღვის აკვატორიაში ბირთვული ქობინების გადამტანი რაკეტები ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. მაშინ რუსეთის არმიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მალულად შემოიტანა და ოჩამჩირის რაიონში გადამალა რამდენიმე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „Точка-У“.

2008 წლის 9 აგვისტოს ოჩამჩირიდან სწორედ ამ “ტოჩკებმა” გაუშვეს ფოთის  მიმართულებით სამი ორტონიანი ბალისტიკური რაკეტა, რომელთა კასეტური ქობინების აფეთქებას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

რუსულ „Точка-У“-ზე კასეტური და მსხვრევად-ფუგასური ქობინების გარდა, სამი სახის ბირთვული ქობინის დაყენებაც შეიძლება. მათ შორის არის 10-დან 100 კილოტონამდე სიმძლავრის АА-60 და განსაკუთრებული მნიშვნელობის ბირთვული АА-86.

საბედნიეროდ, აგვისტოს ომის დროს ქართული ქალაქებისთვის ბირთვულქობინიანი რაკეტები არ უსვრიათ, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში, მაგალითად, ოტობაიასთან განთავსებული Точка-У-ს ბირთვულქობინიანი რაკეტა ფრენის მაქსიმალურ მანძილზე – 120კმ-ზე – NATO-ს წევრი თურქეთის ჩრდი­ლოეთ ნაწილს სწვდება.

ექვსი წლის წინ ამ რეალურ საშიშროებას NATO-ს ხელმძღვანელობა არ შეუშფოთებია. დასავლეთში მხოლოდ მას შემდეგ აფორიაქდნენ, რაც რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტები ყირიმის ნახევარკუნძულზე გამოჩნდა.

დღეს რუსეთის ბირთვულქობინიანი რაკეტები შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, რადგან ანექსირებულ ყირიმში მოსკოვი მოძველებული Точка-У-ების ნაცვლად თანამედროვე «Искандер-М»-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების განთავსებას აპირებს, რომლებსაც ბირთვულქობინიანი რაკეტების გაშვება 500კმ-ზე შეუძლიათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ანექსირებული ყირიმის უკიდურესი დასავლეთი ნაწილიდან – ოლენივეკადან რუსული “ისკანდერის” ბირთვულქობინიანი რაკეტა 500კმ-ის რადიუსში NATO-ს წევრ რუმინეთს დედაქალაქამდე – ბუქარესტამდეც კი მისწვდება (სადაც აშშ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპონენტების განთავსებას აპირებს). საფრთხეშია ბულგარეთის ნაპირებიც…

მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევ­რი თურქეთი ბოლო დროს რუსეთს მეტის­მე­ტად “ჩაეხუტა”, ანკარაში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ანექსირებულ ყირიმში განთავსებული ბირთვულქობინიანი რუსული­ “ისკანდერები” თითქმის სტამბოლს სწვდება­.

ოკუპირებული გალის რაიონის სამხრეთ ნაწილში რუსული “ისკანდერების” განთავსების შემთხვევაში, მათი ბირთვულქობინიანი რაკეტები 5000 კმ-ის რადიუსში სწვდება თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდ ნაწილს, ერზურუმის ჩათვლით.

გასულ კვირას რუსეთში გამართული სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლებისას მოსკოვმა

განაცხადა, რომ კალინინგრადის ოლქშიც აპირებს დიდი სადესანტო ხომალდებით “ისკანდერების” გადასროლას, რაც იმას ნიშნავს, რომ “ისკანდერების” ბირთვულქობინიანი რაკეტის 500 კმ-იანი მოქმედების ზონაში NATO-ს წევრი ბალტიისპირპეთის სამი ქვეყნის – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის – გარდა ხვდება პოლონეთის დიდი ნაწილი, ჩეხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი და რაც მთავარია, გერმანიის აღმოსავლეთი.

როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპის ქვეყნები მხოლოდ მაშინ გრძნობენ რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტების საშიშროებას, როცა ისინი მათ ტერიტორიებს ემუქრება, 2008 წლის აგვისტოში კი, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ბირთვული ქობინების გადამტანი 20-ზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა (Точка, Точка-У და ორი Искандер-ი) გამოიყენა, NATO-ში ვერ მიხვდნენ, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა…

კვირის პალიტრა“, 23 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: საქართველოს ეკონომიკას ჩინური ინვესტიციები “დაქოქავს”?!

ემა ტუხიაშვილი

(შემოკლებით)

ცოტა ხნის წინ საქართველოსა და ჩინეთს შორის პროექტ “ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელის” ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. პეკინში ვიზიტად მყოფმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეთანხმებას ისტორიული უწოდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელშესაწყობად შექმნილია “აბრეშუმის გზის განვითარების ფონდი” 40 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალით. ფონდის დანიშნულებაა მონაწილე ქვეყნების მსხვილ­ საინვესტიციო პროექტებში ჩართვა. ამ და სხვა საკითხებზე “კვირის პალიტრა” ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი­ კვირიკაშვილს ესაუბრა.

- მოდი, ეს საკითხი ორ ნაწილად გავყოთ: როგორია საქართველოდან და როგორია ჩინეთიდან დანახული პერსპექტივები? საქართველოს აქვს გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობა, ფაქტობრივად, ჭიშკარია ევროპისთვის აზიისკენ და პირიქით. გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ყველა მეზობელთან და გასული წლის შემდეგ, უკვე ევროკავშირთანაც. ჩვენ გვაქვს რეალურად დაბალი გადასახადები.

საქართველოში არის სტაბილური გარემო, გამოვირჩევით დემოკრატიის ხარისხით, გვაქვს კორუფციის დაბალი დონე და მარტივი ბიზნესგარემო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველო განიხილება, როგორც ძალიან საინტერესო ადგილი. ამ თვალსაზრისით, ჩვენგან დანახული ჩინეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის.

დღემდე ჩვენი ეკონომიკური აქტივობა მიმართული იყო მეზობელი ქვეყნებისკენ, შუა აზიის, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ისკენ, გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებიდან. ჩინეთთან ურთიერთობა საკმაოდ შეზღუდულ ჩარჩოებში მიმდინარეობდა. ჩინეთის ეკონომიკურად გააქტიურება ამ რეგიონში კარდინალურად ცვლის სურათს.

ჩინეთის საერთაშორისო გადატვი­რთვების 1%-იც რომ წამოიღოს საქართველომ თავის სატრანსპორტო კორიდორში, ფაქტობრივად, ტვირთბრუნვა გაორმაგდება.

ამიტომ ჩვენი მიზანია, ჩინეთი დავაინტერესოთ და მეტიც, ტვირთი გადაზიდოს საქართველოს მეშვეობით. გასულ თვეში პირველი კონტეინერმზიდი მატარებელი მივიღეთ ჩინეთიდან, რომელიც საკმაოდ მოკლე დროში, 9 დღეში ჩამოვიდა. ასევე უნდა დავაინტერესოთ ჩინეთი ჩვენი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით ევროკავშირთან, რათა საქართველო ლოგისტიკურ და საწარმოო ჰაბად გამოიყენოს. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი ვიზიტი ჩინეთში.

ჩვენგან დანახული პერსპექტივა კარგად ემთხვევა ჩინეთიდან დანახულს. ეს უკვე გამოიხატა შარშან ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებაში “ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელის” აღდგენის შესახებ. რატომღაც ობივატელის დონეზე მიჩნეულია, რომ საქართველო არის ერთადერთი გზა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ასე არ არის. თუ წარმოვიდგენთ ევრაზიას გულად, გარშემორტყმულს კორონარული არტერიებით, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოზე გადის. ჩვენი ვალია, ეს არტერია იყოს მაქსიმალურად გახსნილი, მარტივი, ქმედუნარიანი და დანახარჯების თვალსაზრისით ეფექტური. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკური სარტყელის შესახებ ინიციატივის პირდაპირი გამოძახილია.

ჩინეთი ე.წ. ვერტიკალურად იმართება. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის ექსპანსია მოხდეს კონკრეტული მიმართულებით, ვერტიკალურად გადაეცემა შესაბამის სტრუქტურებს. ეს სტრუქტურები კი გახლავთ ვაჭრობის სამინისტრო, რომელიც ფაქტობრივად ეკონომიკის სამინისტროა, და ფონდები, რომლებიც აბრეშუმის გზის განვითარებისთვის შეიქმნა. 40-მილიარდიანი “აბრეშუმის გზის განვითარების ფონდის” გენერალურ დირექტორთან შეხვედრა ძალიან კარგი შედეგით დასრულდა. პირდაპირ გამოიხატა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ამ ფონდის მიერ დაფინანსების სურვილი.

Comments are closed