globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 27th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენცია: ირკალი ღარიბაშვილი ოპოზიციას სექტად მიიჩნევს

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენცია: ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია მოსკოვ-თბილისის დიალოგის აუცილებლობაში

«Независимая газета» (რუსეთი): მოსკოვისა და ცხინვალის ურთიერ-თმფარველობა: ერთობლივი თავდაცვითი კონტურის სიკეთე

«РБК Daily» (რუსეთი): ვლადიმირ პუტინის რეიტინგი: საქართვე-ლოსთან ომის შემდეგ – 81%, ყირიმის მიერთების შემდეგ – 73%

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 27 მარტი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2695086?isSearch=True

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენცია: ირკალი ღარიბაშვილი ოპოზიციას სექტად მიიჩნევს

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სერიოზულად არ მიაჩნია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეთა გეგმები ხელისუფლებაში დაბრუნების თობაზე, ხოლო მისი პარტის „გაურკვეველი სექტა“ უწოდა. პრემიერმა უკრაინის ხელისუფლების მიმართ საყვედური გამოთქვა, რომ კიევმა უარი თქვა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობაზე რეფორმების გატარების სფეროში და უპირატესობა მიხეილ სააკაშვილის გუნდს მიანიჭა, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი პრეს-კონფერენცია გარკვეულწილად მთავრობის პასუხი იყო ოპოზიციის იმ მრავალათასიანი მიტინგისადმი, რომელიც თბილისში 21 მარტს გაიმართა და რომელზეც მთავრობის უნდობლობის საკითხი წამოაყენეს. 33 წლის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიტინგი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა დამარცხება აჩვენა: „მათ ვერ შეძლეს ადამიანთა მნიშვნელოვანი რაოდენობის შეკრება, ისინი მიტინგის შემდეგ სრული დაშლის წინაშე აღმოჩნდნენ“.

პუბლიკაციაში ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე უკრაინის ხელისუფლების მიმართ: ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რატომ შეიკავა თავი კიევში ვიზიტზე: „უკრაინის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დრო ვერ გამონახეს კიევში მყოფ საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან შესახვედრად“. „მე არ გამხარებია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები უკრაინაში სახელმწიფო პოსტებზე დაინიშნენ“.

ამასთან, პრემიერმა მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი უკრაინის ხელისუფლების არჩევანია და, შესაბამისად, ვუსურვებდი უკრაინელ ხალხს ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს ამ სიტუაციიდან“.

«Независимая газета» (რუსეთი), 27 მარტი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-03-27/7_gruzia.html

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენცია: ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია მოსკოვ-თბილისის დიალოგის აუცილებლობაში

„ხუთშაბათს თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც საგარეოპოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო, ისაუბრა ორმხრივ ურთიერთობებზე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან. მატავრი დასკვნა, რაც მისი პასუხებიის მიხედვით შეიძლება გაკედეს: პრობლემები ბევრია, მაგრამ მათი გადაჭრა შესაძლებელია, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე: პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების განახლებამ საქართველოს საკმაოდ ბევრი სიკეთე მოუტანა, მაგრამ იმავდროულად დაიჩივლა, პოლიტიკურ სფეროში მოსკოვთან დამოკიდებულებაში განსაკუთრებული პროგრესი ჯერ არისო. როგორ უნდა მოგვარდეს მოსკოვ-თბილისს შორის არსებული პრობლემები, ამაზე ირაკლი ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდესო, – მიუთითებს ავტორი, რომელიც ვრცლად გადმოსცემს პრეს-კონფერენციაზე წამოჭრილ აქტუალურ თემებს.

„საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა აუდიტორია დაარწმუნა, რომ ქვეყანა არჩეული დასავლური საგარეოპოლიტიკური მიმართულებიდან არ გადაუხვევს: „ჩვენ გავაგრძელებთ ევროინტეგრაციულ კურსს, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის საკითხი არ დგას“, – მტკიცედ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამით პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა ამას წინათ ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მოულოდნელად დაწყებულ დავას, რომელიც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის გოგი თოფაძის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, „საქართველო უმჯობესია ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს, ვიდრე ევროკავშირში, ხოლო ნატო საერთოდ უნდა დავივიწყოთ“.

«Независимая газета» (რუსეთი), 27 მარტი, 2015 წელი

http://nvo.ng.ru/gpolit/2015-03-27/1_tshinval.html

მოსკოვისა და ცხინვალის ურთიერთმფარველობა: ერთობლივი თავდაცვითი კონტურის სიკეთე

„რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის ცნობილი გამონათქვამი, რომ რუსეთს მხოლოდ ორი ერთგული მოკავშირე ჰყავს – საკუთარი არმია და ფლოტიო, რასაკვირველია, სწორია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ: რუსეთს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება სხვა მოკავშირეებიც, რომელთა გარეშეც არცერთ დიდ სახელმწიფოს არ უარსებია. ნათქვამია, ერთი მეომარი ბრძოლის ველზე ვერაფერს წყვეტსო. მოსკოვის მოკავშირეები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მდებარეობენ. ბევრმა ომის ქარ-ცეცხლი ჩვენს ქვეყანასთან ერთად გადაიტანა, რუსეთთან კავშირი მტრის წინააღმდეგ ერთად ბრძოლით განამტკიცეს, სისხლი ერთად დაღვარეს. გასაგებია, რომ ეს მოკავშირეები ხშირ შემთხვევაში ძლიერ სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ, რეგიონულ დონეზეც კი, მაგრამ ეს გარემოება მათი როგორც მოკავშირის მნიშვნელობას არ აუფასურებს. ასეთ დროს ამბობენ ხოლმე – „პატარაა, მაგრამ ძვირფასიაო“. ყირიმის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების ერთი წლისთავის ზეიმის დღეებში ჩვენ უკვე ოფიციალურად, საერთაშორისო სამართლის ყველა წესის დაცვით შევიძინეთ კიდევ ერთი ასეთი ერთგული და საიმედო მოკავშირე, რომელსაც ჰქვია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“.

აი, ასეთი პათეტიკური შესავალით იწყება „ნეზავისიმაია გაზეტას“ დანართის – „ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია, რომლის ავტორია პოლიტიკური მიმომხილველი ვლადიმირ შერბაკოვი. მასში ძირითადად გადმოცემულია როგორც ამას წინათ მოსკოვში ხელმოწერილი რუსეთ-სამხრეთ ოსეთის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების“ ტექსტი, ასევე ხელმოწერის ცერემონიის დროს პრეზიდენტების მიერ წარმოთქმული სიტყვები.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის დამოკიდებულებაზე აღნიშნული ხელშეკრულების მიმართ. „საქართველომ, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მიტაცების საკითხი პირდაპირი აგრესიის მეშვეობით ვერ მოაგვარა, დიპლომატიურ შეტევაზე გადავიდა: 2009 წლიდან, როცა გაერომ თბილისის სასარგებლო რეზოლუცია მიიღო, დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები სამხრეთ ოსეთს „ცხინვალის რეგიონს“ უწოდებენ და საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევენ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში. იქვე ავტორი ხაზს უსვამს: „თბილისს პრობლემის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრაზე საბოლოოდ უარი მაინც არ უთქვამს. ამას ადასტურებს ის, რომ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობამ მტკიცედ აიღო კურსი ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან ინტეგრაციისაკენ“.

სტატიაში კომენტირებულია საქართველოში ნატოს საწრთვნელ-სასწავლო ცენტრის შექმნის საკითხი: „ფაქტიურად, საქმე ეხება ერთგვარი საველე ბანაკის მოწყობას, რომელშიც ნატოს სამხედრო მოსამსახურეები მშვიდ, წყნარ გარემოში კარგად გაეცნობიან სავარაუდო საომარი თეატრის თავისებურებებს, დაამუშავებენ ტაქტიკური მომქდების თავისებურებებს და ასე შემდეგ. ნატოს ისტორია ადასტურებს: იქ, სადაც ალიანსის ცენტრი თუ ბანაკი ჩნდება, სულ მალე იქმნება სრულფასოვანი სამხედრო ბაზა, შემდეგ კი – ბაზების ქსელიც. და ეს ყველაფერი რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ამრიგად, არაფერი გასაკვირი და მოულოდნელი არაა იმაში, რომ მოსკოვი ცდილობს თავის მოკავშირეებთან ერთად საერთო თავდაცვითი კონტური შექმნას“.

«РБК Daily» (რუსეთი), 27 მარტი, 2015 წელი

http://www.rbcdaily.ru/politics/562949994514817

ვლადიმირ პუტინის რეიტინგი: საქართველოსთან ომის შემდეგ – 81%, ყირიმის მიერთების შემდეგ – 73%

რუსეთის მოქალაქეები ბოლო 15 წლის განმავლობაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინში ყველაზე უფრო მეტად ენერგიულობას, შეპოვრობას და გამოცდილებას აფასებენ, თუმცა პარალელურად კლებულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც პრეზიდენტის უანგარობაში, წესიერებასა და პატიოსნობაში ეჭვი არ ეპარება, – ასეთია  საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი არასამთავრობო სოციოლოგიური ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ მიერ მარტის თვეში ჩატარებული გამოკვლევის მთავარი შედეგი (ავტორი – დარია ცოი)..

„ვლადიმირ პუტინს მხარს უჭერს გამოკითხულთა 73%, რომელიც, რასაკვირველია, მაღალია, მაგრამ ჩამოუვარდება 2008 წლის რეკორდს, როცა ეროვნული ლიდერის რეიტინგი 81%-ს აღწევდა. ყველამ კარგად იცის, რომ ვლადიმირ პუტინის მაშინდელი პოპულარობა საქართველოსთნა მცირე ომში სწრაფმა გამარჯვებამ გამოიწვია“, – ამბობს „ლევადა-ცენტრის“ ექსპერტი ქრისტინე ფიფია. მისი თქმით, 2014 წელს პოპულარობის დონე 2008 წლის მონაცემებს მიუახლოვდა, რაც ყირიმის რუსეთისადმი შეერთებამ განაპირობა. პრეზიდენტის რეიტინგის მატებაზე ასევე იმოქმედა ვლადიმირ პუტინის დაპირისპირებამ დასავლეთთან.

რუსების აზრით, პრეზიდენტის ყველაზე მიმზიდველი თვისებებია ენერგიულობა და შეპოვრობა, გამოცდილება და თავისი საქმის ცოდან (41%). ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედ ნაწილს (25%) მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი ნამდვილი ისტორიული მნიშვნელობის ლიდერია, რომელსაც ერის აყოლიება და მისი გაძღოლა შეუძლია. საინტერესოა, რომ პრეზიდენტის გამოცდილებას წინა წლებში ყურადღებას არ აქცევდნენ, ახლა კი ამ თვისებას გამოკითხულთა 17% დადებითად მიიჩნევს. სამაგიეროდ, მოსახლეობის ნაწილს ვლადიმირ პუტინის ეთიკურ თვისებებში ეჭვი შეაქვს: მხოლოდ გამოკითხულთა 5%-ს მოსწონს პრეზიდენტის პატიოსნება, წესიერება და უანგარობა. არადა, 2007 წელს ასეთი ადამიანების რაოდენობა 17% იყო. დღეს ვლადიმირ პუტინის გარეგნობა მხოლოდ 6%-ს მოსწონს, ხუთი წლის წინათ კი პრეზიდენტის ფიზიკური მდგომარეობა და ნაკვთები 18%-ისთვის მოსაწონი.

აღსანიშნავია კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, „ანტიპუტინური მაჩვენებელი“: პრეზიდენტის შეცდომები და ნაკლი, რომლებიც, მოსახლეობის აზრით, ვლადიმირ პუტინის მსხვილ კაპიტალთან კავშირსა და კორუმპირებულ პოლიტიკოსებთან ურთიერთობით გამოიხატება. ასეთი კავშირებით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 21% (წინა წლებში ეს მაჩვენებლი 9% იყო). ყველაზე წარუმატებელი მოქმედებაა ის, რომ შემოსავლები უბრალო ადამიანების ინტერესების სასარგებლოდ არ ნაწილდება (წინა წლებში – 31%, ახლა – 39%), რეფორმების დროს დაკარგული ქონების არდაბრუნება (ადრე – 26%, ახლა – 34%), კრიზისის გადასალახავად მიმართული ღონისძიებების ნაკლებობა (23%), კანონიერებისა და წესრიგის შესუსტება (22%).

სამაგიეროდ, პრეზიდენტმა რუსეთს დიდი და ძლიერი სახელმწიფოს („დერჟავის“) სტატუსი დაუბრუნა – ამ აზრს ეთანხმება გამოკითხულთა 49%. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მოსახლწეობის რწმენამ იმაში, რომ პრეზიდენტმა შეძლო სიტუაციის სტაბილიზება ჩრდილოეთ კავკასიაში (ადრე – 12%, ახლა – 34%) და აღმოფხვრა სეპარატიზმი (ზრდა 24-დან 33%-მდე).

„გამოკვლევა ადასტურებს, რომ რუსეთის მოსახლეობას თავისი პრეზიდენტისადმი უფრო ლოიალური დამოკიდებულება აქვს გამოხატული, ვიდრე კმაყოფილება ქვეყნის მდგომარეობით. ამის მიზეზი ისაა, რომ რეალური ეკონომიკური სიტუაცია ადამიანებითვის გაურესებულია“, – ამბობს ქრისტინე ფიფია.

„თუ 2000-იანი წლების დასაწყისში ვლადიმერ პუტინს მენეჯერად, ახალგაზრდა პოლიტიკოსად მიიჩნევდნენ, რომელიც თავისი მმართველობის დასაწყისში ეფექტურად მოქმედებდა, დღეს იგი ეროვნული ლიდერია, ვლადიმირ პუტინს ხალხი ერთგვარ მუდმივობად აღიქვამს, რაც მის მაღალ მხარდაჭერას განაპირობებს“, – ამბობს პოლიტოლოგი დიმიტრი ორლოვი.

Comments are closed