„ახალი თაობა“: ოჰ, ნატო, ნატო… // დატოვებენ თუ არა „მრეწველები“ და ზაზა პაპუაშვილი „ქართულ ოცნებას“…
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „გოგი თოფაძემ პირველმა გაბედა [ნატოს კრიტიკა და ევრაზიული კავშირის დადებითად შეფასება]“
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ გია ვოლსკისთან: კომენტარი ნატოსა და გოგი თოფაძის შესახებ
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: კომენტარი საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებისა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ
———————-
„ახალი თაობა“, 30 მარტი, 2015 წელი
ოჰ, ნატო, ნატო…
დატოვებენ თუ არა „მრეწველები“ და ზაზა პაპუაშვილი „ქართულ ოცნებას“…
შორენა მარსაგიშვილი
კოალიცია „ქართული ოცნება“ მორიგი განხეთქილების ზღვარზეა. გავრცელებული ინფორმაციით, „მრეწველთა“ ფრაქციამ შესაძლოა მმართველი გუნდი დატოვოს. განხეთქილების მიზეზი კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გახდა, რომლის მიმართაც მრეწველთა ლიდერ გოგი თოფაძეს სერიოზული ალერგია სჭირს.
ნატოს საწინააღმდეგო განცხადებებისგან გოგი თოფაძე არც წარსულში იკავებდა თავს. ალიანსის მიმართ სიმპათიები ვერც „ქართულმა ოცნებამ“ გაუღვივათ. მისი ასეთი პოზიცია ყველასთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვისაც ცნობილი იყო. ამ უკანასკნელს ნატოს მგმობელი მრეწველისთვის საყვედური არასდროს უთქვამს. თავი არც კოალიციის სხვა წევრებს გამოუდვიათ, ახლა კი მისგან განმარტებებს ითხოვენ.
ამის მიზეზი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გახდა. მანამდე კი მეოცნებეები გიორგი კანდელაკმა „ჩაუშვა“ ალიანსის წარმომადგენლებთან და თოფაძის განცხადება დროშასავით ააფრიალა. მას არც ზაზა პაპუაშვილი დავიწყებია, რომელმაც, თავის მხრივ, ნატო საფუძვლიანად გამოლანძღა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ იქცევა საქართველო მსოფლიო უსაფრთხოების მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რაც არის რუსეთის აგრესია უკრაინაში.
– საუბარი ასევე გვქონდა იმაზე, თუ რა ვითარებაა ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში, როგორც მძლავრობენ ანტიდასავლური განწყობები კოალიციის შიგნით. ვისაუბრეთ თოფაძისა და პაპუაშვილის განცხადებებზე და იმაზე, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, რომელსაც ნატო-სთან ურთიერთობები აბარია, პუტინისტურ პარტიას წარმოადგენს. – განაცხადა შეხვედრის ბოლოს კანდელაკმა.
ამის შემდეგ მეოცნებეებმა უკვე კრიტიკული თვალით შეხედეს პაპუაშვილისა და ქვეყნის პირველი მრეწველის განცხადებებს.
მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძე, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში არ მიიღებენ, თოფაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნატო სამხედრო და აგრესიული ბლოკია, ამიტომ მასში გაერთიანება ქვეყანას არ წაადგება.
გოგი თოფაძე:
– ნატო არის აგრესიული სამხედრო ბლოკი. არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა რომელიმე სამხედრო ბლოკში იყოს, იმიტომ, რომ მესამე ბირთვული ომის კონტურები უკვე ცხადდება. ევროკავშირი არ არის სამხედრო ბლოკი, არც ევრაზიული კავშირი. ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც უფრო კარგად ვიქნებით. რუსი რომ აგრესორია და რუსეთმა რომ ტერიტორიები წაგვართვა, ეს ვიცით. რუსი ავადმყოფია, მაგრამ რუსოფობია რას მოგვიტანს.
***
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მრეწველთა ლიდერის განცხადებას არ იზიარებს. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის განცხადებით, „მრეწველებმა“, ისევე, როგორც სხვა პარტიებმა, რომლებიც შედიან კოალიციაში, თავის დროზე ხელი მოაწერეს სადამფუძნებლო დოკუმენტს.
– ისინი ოფიციალურად სრულად იზიარებენ ჩვენ მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, იქნება ეს საგარეო თუ საშინაო. რაც შეეხება გოგი თოფაძის განცხადებებს, მე, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, ეს მისი პირადი აზრია. ეს არ წარმოადგენს კოალიციის აზრს. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ეს თემა და მისი კომენტარი ზედმეტად აჟიტირებულია. – განაცხადა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა.
ამ მომენტისთვის „დამნაშავე“ საქართველოში არ იყო. თოფაძე ახლახან დაბრუნდა სამშობლოში.
– ნატოსთან დაკავშირებით ჩემს დაოკიდებულებას ყოველთვის ღიად გამოვხატავდი. ახლაც ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ახლა სტუმრები მყავს უცხოეთიდან. ამ დღეებში გავისტუმრებ მათ და ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. – განაცხადა ჩვენთან საუბარში თოფაძემ. იგი კოალიციიდან მრეწველთა შესაძლო გასვლასაც არ ადასტურებს. საპარლამენტო კულუარებში კი ამტკიცებენ, რომ მრეწველები და ზაზა პაპუაშვილი კოალიციას აცუილებლად დატოვებენ.
„ახალი თაობა“, 30 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „გოგი თოფაძემ პირველმა გაბედა [ნატოს კრიტიკა და ევრაზიული კავშირის დადებითად შეფასება]“
ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ჟურნალისტ ნათია ხურცილავას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს:
(…)
შეკითხვა: ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან ჭრელი სურათი გვაქვს, მათი პოლიტიკური პლატფორმა განსხვავებულია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიების კოალიციას მივიღებთ?
ხათუნა ლაგაზიძე: სასურველია, რომ ერთი იდეოლოგიისა და ერთი საგარეო ორიენტაციის მქონე პარტიები იყვნენ კოალიციაში, მაგრამ ამის განსაზღვრა რთულია. დღეს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არის რადიკალურად განსხვავებული საგარეო ორიენტაციის მქონე პარტიები, მაგალითად, „რესპუბლიკელები“ და „მრეწველები“, გოგი თოფაძის ლიდერობით, რომელმაც პირველმა გაბედა [ნატოს კრიტიკა და ევრაზიული კავშირის დადებითად შეფასება]. მასზე უფრო ანტიდასავლურ ძალებსაც არ გაუკეთებიათ ასეთი ღია მოწოდება ევრაზიის კავშირში გაწევრიანების თაობაზე. ამდენად, ასეთი რამ ქართულ რეალობაში ხდება, თუმცა არის წინთელი ხაზი, რომელსაც ვერავინ გადაკვეთს – ესაა „ნაციონალებთან“ კოალიციის ჩამოყალიბება.
„კვირის ქრონიკა“, 30 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ გია ვოლსკისთან: კომენტარები ნატოსა და გოგი თოფაძის შესახებ
ინტერვიუში საპარლამენტოს უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, ჟურნალისტ ნინო სამხარაძესთან საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს:
(…)
შეკითხვა: რა ხდება მმართველ კოალიციაში? პრემიერი გაემიჯნა გოგი თოფაძის პოზიციას, რომელმაც ხელისუფლების დასავლური კურსი ეჭვქვეშ დააყენა და ნატოს მიმართ თოფაძის პროტესტი გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის ნაცვლად შეიძლება აღმოვჩნდეთ ევროაზიულ კავშირში. შეიძლება თუ არა გოგი თოფაძე თავისი პოზიციის გამო კოალიციიდან გაირიცხოს?
გია ვოლსკი: ვინც გოგი თოფაძის ამ ინტერვიუს ესწრებოდა, სადაც ნატოსთან მიმართებაში ილაპარაკა, მითხრეს, რომ მასთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს, სადაც თოფაძემ არცთუ სახარბიელო დამოკიდებულება გამოხატა ნატოს მიმართ, მაგრამ კონტექსტში რომ მოვისმინე მისი კომენტარები, ეს არ არის ის განცხადება, რაზეც შეიძლება დაფიქრება, ან მსჯელობის გაგრძელება. სახელმწიფო თავის პოლიტიკას და პოზიციას არ ცვლის, ეს არის შეუქცევადი პროცესი და ქვეყანა დასავლური კურსიდან არ გადაუხვევს.
„კვირის პალიტრა“, 30 მარტი, 2015 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: კომენტარები საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებისა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის სესახებ
ინტერვიუში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ჟურნალისტ ნათია დოლიძეს საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს:
(…)
- “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში ბოლო ვიზიტისას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა. ჯანელიძის განცხადებით, სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ მისი თქმით, ეს შეეხებოდა მხოლოდ იმ პროცედურებს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს უნდა ყოფილიყო დაცული. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა კი ალასანიას განცხადება ასე შეაფასა: “მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე“.
- ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული დაპირისპირების მოწმენი ვართ. სახელმწიფო საიდუმლოს ნაწილში ვეთანხმები პრემიერს. თუ სახელმწიფო საიდუმლო იყო, ამ საიდუმლოთი სპეკულირება ნამდვილად არ არის პოლიტიკური ბრძოლის კარგი ხერხი. ძალაში რჩება ალასანიას გუნდთან პრეტენზია, რომ პოლიტიკური მიზნით დატოვეს ხელისუფლება და მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესის გამო განაცხადეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ ხელისუფლებამ დასავლურ კურსს გადაუხვია.
- “არავის ჰქონდეს მოლოდინი, რომ რიგის სამიტის მეორე დღეს ევროპასთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა გვექნება“, – აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა, ჩვენში ამგვარი მოლოდინის გაჩენას, ევროპელ ჩინოსნებთან ერთად, თვითონვე უწყობდნენ ხელს, თუნდაც შარშანდელი განცხადებები გავიხსენოთ. რა მოხდა ახლა, რატომ დაიხია ევროკავშირმა უკან?
- სამწუხაროდ, ევროპამ ბევრი მიმართულებით დაიხია უკან და ეს უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამოძახილია. დასავლეთმა შეაჩერა ყველა პროცესი, რაზეც შეიძლება რუსეთს ჰქონდეს რეაქცია. საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორს უვიზო მიმოსვლის გამო, რუსეთი, ალბათ, არ გადაიჭრის ვენებს, მაგრამ ევროპელი ლიდერები ამ ეტაპზე მაინც თავშეკავებას არჩევენ.