globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 1st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The New York Times» (აშშ): აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქართველი უფლებადამცველი ქვეყანაში არ შეუშვა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციაში გადავიდა?!

«Новое время» (სომხეთი): აღიარებს თუ არა თბილისი სომეხთა გენოციდს?

———————-

«The New York Times» (აშშ), 31 მარტი, 2015 წელი

http://www.nytimes.com/2015/04/01/world/asia/azerbaijan-bars-entry-to-a-georgian-human-rights-worker.html?_r=0

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქართველი უფლებადამცველი ქვეყანაში არ შეუშვა

დევიდ ჰერშენჰორნი

(შემოკლებით)

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, სამშაბათს, ვეტერან ქართველ უფლებადამცველს  ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, რადგან ბოლო სერიული მოვლენების კვალობაზე საერთაშორისო უფლებადამცველებმა დაგმეს აზერბაიჯანში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიები.

გიორგი გოგიას, რომელიც საქართველოში მუშაობს და ორგანიზაცია „ჰიუმან რაით ვოთჩის“ უფროსი მკვლევარია, ბაქოს აეროპორტში დააკავეს და ქალაქში გასვლის ნებართვა არ მისცეს. იგი აეროპორტში 31 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი თბილისის თვითმფრინავში ჩასვეს და სამშობლოში გამოამგზავრეს.

გიორგი გოგიას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, აზერბაიჯანში შესასვლელად ვიზა არ ჭირდებოდა და იგი ამ ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენჯერმე არის ნამყოფი. მისი თქმით, აეროპორტის ჩინოვნიკებმა არ განუმარტეს, თუ რატომ აუკრძალეს ქალაქში გასვლა.

ბატონ გოგიას დაგეგმილი ჰქონდა ორი აზერბაიჯანელი უფლებადამცველის – რასულ იაფაროვისა და ინტიჰამ ალიევის სასამართლო პროცესზე დასწრება, რომლებიც გასული წლის აგვისტოში დააპატიმრეს და გადასახადების გადაუხდელობა, უკანონო მეწარმეობა და სხვა ბრალდებები წაუყენეს.

აზერბაიჯანში დაპატიმრებები სხვაგვარად აზროვნების წინააღმდეგ მიმართულ მკაცრი ზომების შემადგენელი ნაწილია. დაპატიმრებულტა შორისაა ლეილა იუნუსი, ვეტერანი უფლებადამცველი, რომელიც ივლისში დააკავეს, და ჰადია ისმაილოვა, ცნობილი ჟურნალისტი, რომლის საქმიანობა მაღალჩინოსნების უკმაყოფილებას იწვევდა. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს რადიო „თავისუფლების“ („თავისუფალი ევროპის“) ადგილობრივ ოფისში და რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. ლეილა იუნუსი და ჰადია ისმაილოვა დღემდე საპყრობილეში რჩებიან.

„ჰიუმან რაით ვოთჩის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში მხოლოდ გასულ წელს ადამიანთა სულ ცოტა 35 პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრება განხორციელდა. ეს ყველაფერი ხდება იმ ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების წინ, რომელიც ბაქოში ივნისში უნდა ჩატარდეს.

„აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გიორგი გოგიასათვის სასამართლოს სხდომაზე დასწრების აკრძალვა ადასტურებს იმას, რომ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება გრძელდება“, – ნათქვამია ჰიუ უილიამსონის განცხადებაში, რომელსაც ევროპისა და შუა აზიის საკითხებში „ჰიუმან რაით ვოთჩის“ დირექტორის თანამდებობა უკავია, – აზერბაიჯანის ხელისუფლებმა ულმობლად ჩაახშეს ბევრი კრიტიკოსის ხმა და ახლა ქვეყანაში არავის უშვებენ, რომ მათ მიერ ჩადენილი საქმეების მოწმე არავინ იყოს“.

საქართველოში დაბრუნებულმა გიორგი გოგიამ თქვა, რომ მას ადრე აზერბაიჯანში შესვლის პრობლემები არ ჰქონია, ხოლო სომხეთში ყოფნის დროს იგი არასდროს არ ჩასულა მთიან ყარაბაღში. როგორც ცნობილია, მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 20 წელია კონფლიქტი მიმდინარეობს და ვინც მთიან ყარაბაღშია ნამყოფი სომხეთის ტერიტორიიდან, მათთვის აზერბაიჯანში შესვლა აკრძალულია.

„როგორც ჩანს, ბაქოში ჩემს შესახებ საბოლოოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და გამომიშვეს“, – აღნიშნა გიორგი გოგიამ.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 01 აპრილი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2698527

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციაში გადავიდა?!

გიორგი დვალი, პავლე ტარასენკო

(შემოკლებით)

„რუსეთი საქართველოს მთავარი პრობლემაა“ – ასე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, როცა მან ქართველ კანონმდებლებს მოხსენება გააცნო საქართველოს მდგომარეობის შესახებ. სხვათა შორის, იგი ადრე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრედ გამოდიოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირადპირი დიალოგის დაწყებაა საჭირო და რომ „წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსეთის მცდელობებს, რომლებიც საქართველოს თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა მიმართული“. ქართველი ექსპერტების თქმით, ამგვარი რიტორიკის მეშვეობით პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებაში დამატებითი ქულების აღება სურს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კი ვარაუდობენ, რომ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლაში „ვაშინგტონის შეძახილი“ აისახა, რომელიც თბილის-მოსკოვის ურთიერთობის ნორმალიზებას უკავშირდება.

პრეზიდენტის მოხსენება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის თარიღს დაემთხვა, რომელმაც  საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გასვლის სურვილი დაადასტურა. „იმ დროს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას და ეს ის ფასეულობაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა დეპუტატების, დიპლომატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აპლოდისმენტების ფონზე. მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩათვლით, პრეზიდენტის მოხსენებას არ ესწრებოდნენ, მათ პარლამენტში მისვლაზე უარი თქვეს: „კონსტიტუციის ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი უკვე აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური… წავიდა ის დრო, როცა მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში შოუებს აწყობდა ხოლმე, მთავრობის წევრები ტაშს უკრავდნენ“, – განმარტა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა.

გიორგი მარგველაშვილი მოხსენების დროს ცდილობდა ოპოზიციის მხარდაჭერა მოეპოვებინა, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება „ნაციონალების“ ინიციატივას, რათა გაუქმდეს დეპუტატთა არჩევა მაჟორიტარული სისტემით და პარლამენტი მთლიანად პარტიული სიებით დაკომპლექტდეს („ქართული ოცნება“ ამის წინააღმდეგია). გიორგი მარგველაშვილმა მხარი დაუჭირა „ნაციონალთა“ კიდევ ერთ მოთხოვნას რუსეთთან ურთიერთობის „ფორმატის დაზუსტების“ შესახებ (მხედველობაშია აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელსაც „ნაციონალები“ ეწინააღმდეგებიან).

რუსეთთან ურთიერთობის შესახებ პრეზიდენტმა ძალიან მკაცრად ისაუბრა. არადა, იგი ადრე ნორმალიზების ტენდენციას ეთანხმებოდა. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთს „საქართველოს მთავრი პრობლემა“ უწოდა და მოსკოვი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის სეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. მან რუსეთს ბრალი დასდო აგრეთვე საქართველოს ტერიტორიების ანექსიის  მცდელობაში, აფხაზრეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოკავშირეობა-ინტეგრაციის ხელშეკრულებების გაფორმების გზით.

„გიორგი მარგველაშვილი თავის პოლიტიკურ ნიშას ეძებს, რომელიც მას ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებაში გამარჯვებისათვის დაეხმარება, მათ დღემდე ვერ გაუყვიათ თვიანთი უფლებამოსილებანი“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ანალიტიკოსი გელა კალანდაძე. მისი აზრით, საქართველოს მთავრობის უშედეგო მცდელობების ფონზე, მიაღწიოს რუსეთის პოზიციის შერბილებას აფხაზური და სამხრეთ ოსური მიმართულებით, „პრეზიდენტი მოსკოვისადმი თავისი ამგვარი შეურიგებელი დამოკიდებულებით საზოგადოების თვალში უფრო მომგებიანად გამოიყურება“.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლეონიდ კალაშნიკოვის მიერ „კომერსანტთან“ საუბარში გამოთქმული ვარაუდის თანახმად, გიორგი მარგველაშვილის მკაცრი რიტორიკა განპირობებულია „ვაშინგტონის შეძახილით“, რომელსაც თბილის-მოსკოვის ურთიერთობის ნორმალიზება და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების სისხლის სამართლებრივი დევნა არ მოსწონს. „ვაშინგტონის ბოლო განცხადებები საკმაოდ უტიფრული იყო. თუ ასეთი უტიფრობა საჯაროდ ცნობილი ხდება, მაშინ წარმომიდგენია რა ხდება კულისებში… შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ თავი ვეღარ შეიკავა „ძაღლები მოსკოვს მიუსია“.

«Новое время» (სომხეთი), 31 მარტი, 2015 წელი

http://www.nv.am/politika/42321-2015-03-31-06-08-40

აღიარებს თუ არა თბილისი სომეხთა გენოციდს?

ქართველი კანონმდებლების ჯგუფმა პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი შეიმუშავა, რომელშიც ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ჩადენილი სომეხთა გენოციდია დაგმობილი. სავარაუდოდ, დოკუმენტი პარლამენტს განსახილველად 24 აპრილამდე (გენოციდის ასი წლისთავის აღნიშნვნამდე) წარედგინება, – ნათქვამია ერევნის გაზეთ „ნოვიე ვრემიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – არტემ ერკანიანი).

„ამ ინიციატივის რეალიზების შანსები მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა სამი სომეხი დეპუტატის გადაწყვეტილი აქვს ყველა ღონე იხმაროს ამ საკითხის პარლამენტის დღის წესრიგში შესატანად. სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხთან დაკავშირებული დეპუტატთა ინიციატივა საქართველოს პარლამენტში 13 წლის წინ იქნა გაჟღერებული – 2002 წლის 24 აპრილს. იმ დროს სომეხი დეპუტატის ვან ბაიბურთის გამოსვლა აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა რამინ ბაირამოვმა და აზერ სულეიმანოვმა ჩაშალეს. მაშინდელმა ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. მას შემდეგ ჩვენს თანამემამულეებს პარლამენტში „ახალგაზრდა თურქების“ პოლიტიკის დაგმობის ამსახველი დოკუმენტის განხილვა აღარ უცდიათ. მაქსიმუმი, რასაც ისინი აკეთებდნენ, ის იყო, რომ ფრთხილად მოუწოდებდნენ ქართველ კოლეგებს პატივი ეცათ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის. ამ დროს კი დეპუატატი-აზერბაიჯანელები მუდმივად ცდილობდნენ ქართულ საკანონმდებლო ორგანოში ხოჯალის მოვლენების პოლიტიკური შეფასებისთვის მიეღწიათ.

გენოციდის აღიარების საკითხზე სომხების ნაცვლად ხშირად თვით ქართველები ლაპარაკობენ, – აღნიშნულია სტატიაში და ამის დამადასტურებლად ნახსენებია ქართველი პოლიტიკოსის ჯონდი ბაღათურიას 2012 წლის 24 აპრილის განცხადება, როცა მან გენოციდის საკითხის განხილვის წინადადება წამოაყენა. მას ამის გამო აზერბაიჯანელები მუშტებით მიუვარდნენ. 2013 წელს გენოციდის დაგმობის მოწოდებით გამოვიდა არასამტავრობო ორგანიზაცია „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე… თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ქართველ პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა გენოციდის აღიარებას არ იზიარებს, ეს ინიციატივა განუხორციელებლად მიაჩნიათ.

სამი სომეხი დეპუტატის – რუსლან პოღოსიანის, სამველ პეტროსიანისა და ჰენზელ მგოიანის ინიციატივამ ქართველ კანონმდებლებში ეჭვები და გაღიზიანება გამოიწვია: „პარლამენტს არ აქვს დაგეგმილი გენოციდის საკითხის განხილვა. ეს ზალიან დელიკატური საქმეა და თბილის-ანკარა-ბაქოს ურთიერტობას უკავშირდება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. კიდევ უფრო მკაფიოდ თქვა სატქმელი ლევან ბერძენიშვილმა: „სომხეთს რაიმე პრეტენზია საქართველოს მიმართ არ უნდა ჰქონდეს. 1915 წელს, როცა გენოციდი მოხდა, ქართველები მეზობლებს ღირსეულად მოექცნენ და ათასობით ლტოლვილი სომეხი შეიფარეს“.

გასაგებია, რომ საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა აქვს – თბილისი ხომ ეკონომიკურად ორივე მეზობელზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ქართველ ხელისუფალში სინდისი გაიღვიძებს. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სომხების გამო რეჯეპ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ურთიერთობას არ გაიფუჭებენ, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაც ისეთი ფორმულა მოიძებნოს, რომ არ ახსენო ტერმინი „გენოციდი“, მაგრამ იმავდროულად სხვა სიტყვებით დაგმო თურქების მიერ მოწყობილი სისხლისღვრა? როგორც ამას აკეთებს ხოლმე აშშ-ის პრეზიდენტი…

მაგრამ რად გინდა, თბილისელ ხელისუფალთ არაფრად უღირთ 300 ათასი სომეხი თანამოქალაქის აზრის იგნორირება. ჩვენი თანამემამულეები რომ დამოუკიდებელ ფაქტორად იყვნენ ჩამოყალიბებული, მაშინ თბილისს სხვაგვარი მიდგომები ექნებოდა… ამას წინათ ახალქალაქში, სადაც 60 ათასი სომეხი ცხოვრობს, ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრის თაოსნობით გენოციდის წლისთავის აღსანიშნავად მსვლელობა მოეწყო. და იცით, რამდენმა სომეხმა მიიღო მონაწილეობა? მხოლოდ ასმა კაცმა. მაშ, რატომ ვადანაშაულებთ სხვას, როცა ჩვენივე მიზეზით არაფერი გამოგვდის, ვერ ვერთიანდებით და ვერ გამოვხატავთ საერთო ნებას… სანამ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სომხურ თემში მონოლითურობას ვერ შეამჩნევს, მანამ ოფიციალური თბილისის მიდგომებში გენოციდთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Comments are closed