„ახალი თაობა“: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში: ფაქტი და კომენტარები
„რეზონანსი“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: პრეზიდენტის მესიჯი საგარეო კუთხით
„რეზონანსი“: აპარტეიდი ან გაძევება – სეპარატისტების მუქარა გალის ქართველობას
———————-
„ახალი თაობა“, 01 აპრილი, 2015 წელი
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში: ფაქტი და კომენტარები
შორენა მარსაგიშვილი
(შემოკლებით)
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, როგორც იქნა, ეღირსა პარლამენტის წინაშე გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ესწრაფის რუსეთთან თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. მისივე თქმით, პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რომ საქართველო ცდას არ აკლებს რუსეთთან ურთიერთობების განსამუხტავად და ამ ძალისხმევაში უფრო მეტი საერთაშორისო დახმარება სჭირდება. „ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობა საკმარისი არაა; საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოებს თავისუფალი არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაუვნებელყოფა. ევროპული უსაფრთხოების განახლებულ არქიტექტურაზე მსჯელობისა სრულადაა გასათვალისწინებელი ნატოს არაწევრი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების პრობლემატიკა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კომპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოცაა.
(…)
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსული „რბილი ძალის“ ამოცანა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა. საქართველოს უსაფრთხოება კი, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გოკა გაბაშვილი პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა. მან მარგველაშვილს გამბედაობა დაუწუნა. დეპუტატის მტკიცებით, პრეზიდენტმა სიმართლე მხოლოდ სანახევროდ თქვა.
გოკა გაბაშვილი: „პრეზიდენტმა არ აღნიშნა პრობლემის ძირითადი არსი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ „ქვეყანას მართავს არა ინსტიტუტები ან მთავრობა, არამედ ერთი ადამიანი. სამწუხაროდ, მან ამაზე არ ისაუბრა. ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისასაც არ თქვა, თუ რა არის პრობლემის არსი, რომ ეს მთავრობა არის უნიათო. როდესაც საგარეო ფაქტორებზე საუბრობდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ ძალიან ბედნიერია პარლამენტის მიერ რუსეთის ქმედებების ანექსიად შეფასების გამო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო – უმრავლესობამ ჩააგდო რეზოლუცია, სადაც რუსეთის ქმედებები ანექსიად ფასდებოდა, ანუ პრეზიდენტის სურვილების ჩამონათვალი იყო კარგი, მაგრამ რეალობა არის სულ სხვა. რეალობა არის, რომ ჩვენ ნატოსთან დაახლოების გზით კი არ მივდივართ, არამედ ჯანელიძე რეკავს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და უკრძალავს თავდაცვის შეიარაღების შესახებ საუბარს დასავლეთ პარტნიორებთან. რეალობა არის ის, რომ ქვეყნის რეალური მმართველი – ბიძინა ივანიშვილი მიდის სხვათ მიმართულებით. ამ შემთხვევაში სურვილების ჩამონათვალს, რომლის მოსასმენადაც არ მოდის მთავრობა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.
ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლებმა კი ხელისუფლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.
„რეზონანსი“, 01 აპრილი, 2015 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: პრეზიდენტის მესიჯი საგარეო კუთხით
ია აბულაშვილი
(შემოკლებით)
„პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო იმ დონის, რომ პოლიტიკურ მოვლენად იქცეს, ტექსტში არსებითი და მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა,” – აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც “რეზონანსი” პრეზიდენტის პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლის თაობაზე და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
პეტრე მამრაძე: ტექსტში დიდი ნაწილი დათმობილი ჰქონდა ფრაზებს, რომელიც ძალიან წააგავდა კომუნისტების დროს საპირველმაისო მოოდებებს, რომ მშრომელებმა უნდა იმუშაონ უკეთ, შეასრულონ გეგმა და ა.შ. არადა, მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეზიდენტის დავალებით მომზადებულიყო მოხსენება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ფინანსურ-სოციალურ ვითარებაზე; ასევე კონფლიქტებთან და უშიშროების საკითხებთან მიმართებაში.
(…)
შეკითხვა: საგარეო კუთხით რაიმე თუ გენიშნათ პრეზიდენტის გამოსვლაში?
პეტრე მამრაძე: საგარეო კუთხით მესიჯი იყო, რომ მუდმივად უნდა ჟღერდეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. ეს პრინციპში სწორია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე პოზიტიურად უნდა ჩანდეს. ანუ რეგიონში მეტი სტაბილურობის, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების იმიჯის შემტანი. ასევე უნდა დაიმკვიდროს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების სანდო პარტნიორის სახელი. სააკაშვილს და მის მთავრობას უცხოელები ადარებდნენ იმ გიჟს, რომელსაც ერთი მხრივ ხელყუმბარა უჭირავს ხელში და შეიძლება ნებისმიერ დროს თავიც აიფეთქოს და სხვაც დააზიანოს“.
„რეზონანსი“, 01 აპრილი, 2015 წელი
აპარტეიდი ან გაძევება – სეპარატისტების მუქარა გალის ქართველობას
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატები გალში მცხოვრები ქართველების მიმართ აპარდტეიდული პოლიტიკის გატარებას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი კი პირდაპირ მათ გაძევებას ითხოვს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათ ქართული პასპორტები ექნებათ, ხოლო თუ მხოლოდ აფხაზურ პასპორტებს დაიტოვებენ, მაშინ მარიონეტული ხელისუფლება მათ ხელშეუხებლობასა და “ყველანაირ უფლებას” უზრუნველყოფს, გარდა პოლიტიკურისა.
“იმ შემთხვევაში, თუ გალში მცხოვრები ქართველები არ აიღებენ მხოლოდ აფხაზურ პასპორტს, ისინი გაძევებული იქნებიან ქვეყნის ტერიტორიიდან. ხოლო თუ აიღებენ მხოლოდ აფხაზურ პასპორტს და პარალელურად ქართული პასპორტები არ ექნებათ, ხელშეუხებელნი იქნებიან და ექნებათ ყველანაირი უფლება მინიჭებული, გარდა პოლიტიკურისა,” – განაცხადა დეპუტატმა ბესლან კობახიამ.
საერთოდ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები ბოლო დღეებია გალში მცხოვრები ქართველების პასპორტიზაციისა და მათი გასახლება-დატოვების თემის ირგვლივ კვლავ გააქტიურდნენ. ბესლან კობახიამ ზემოთხსენებული განცხადება გააკეთა დებატებზე, რომლის შინაარსი შეიძლება ამ ფრაზით გადმოიცეს – “რა ვუყოთ გალის მოსახლეობას”. მისი თქმით, გალის მოსახლეობის 99%-ს ზუგდიდის რაიონში ქართული პასპორტები აქვს აღებული, პარალელურად აფხაზური პასპორტებიც გააჩნიათ და ეს უნდა მოისპოს. მართალია, კობახიას ე.წ. პარლამენტში ბევრი არ დაეთანხმა და ქართველების გაძევებას არ მიესალმა, მაგრამ ის, რომ ქართული მოსახლეობის პასპორტიზაციის თემა “აფხაზურ რესპუბლიკას” უზარმაზარ ტვირთად აწევს და ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, ამაზე ბევრი ისაუბრეს.
ცნობისათვის: რამდენიმე დღის წინ პასპორტიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების გამოსავლენად გალის რაიონის მოსახლეობაში სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა, სადაც ქართველების 96%-მა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეა. გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია იყო. მისი თქმით, გალის რაიონის 18 სოფელში მცხოვრები 18 071 ადამიანი გამოკითხა და გაირკვა, რომ მათგან 17 372 საქართველოს მოქალაქეა, აფხაზურ პასპორტს კი 7 127 ადამიანი ფლობს.
(…)
დღეისათვის, სოხუმის დე ფაქტო პარლამენტი გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის მოქალაქეობის ნაცვლად “ბინადრობის უფლების” მინიჭებას გეგმავს, რაც, მათი განმარტებით, მათთვის ყველა უფლების შენარჩუნებას გულისხმობს, არჩევნებში ხმის მიცემისა და კანდიდატად დასახელების გარდა. “აფხაზური პასპორტებისა” თუ ბინადრობის მოწმობის გაცემა 1 აგვისტოდან უნდა დაიწყოს და პროცესი 2016 წლის 30 იანვრისათვის უნდა დასრულდეს. ვისაც აფხაზური პასპორტის აღება მოუნდება, მან აუცილებლად საქართველოს პასპორტი უნდა გააუქმოს, სხვა შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეებისათვის მხოლოდ ბინადობის მოწმობა გაიცემა. ახალი პასპორტების საფასური 135 რუბლი იქნება, ხოლო ბინადრობის უფლების მოპოვება 188 რუბლი ეღირება.
აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, “ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი ლევან კიკნაძე აცხადებს, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ამ მოვლენებს მივსდევთ და რეაგირებას ვერ ვაკეთებთ. თუმცა მშვიდად არ უნდა ვიყოთ, საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩავრთოთ და ეს აპარტეიდული პოლიტიკა უნდა ვამხილოთ. ლევან კიკნაძის თქმით, დე ფაქტო სახელისუფლებო დონეზე საუბარი, რომ ვინც აფხაზურ პასპორტს არ აიღებს, გამოაძევებენ, არ ყოფილა, თუმცა არის საშიშროება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისინი აიძულებენ გალში საკუთარი სახლები დატოვონ. “ამას ოფიციალურად არ იტყვიან, მაგრამ ქართველებს ყველა პირობას შეუქმნიან, რომ აფხაზეთში არ ეცხოვრებოდეთ. მერე იტყვიან, რადგან მოქალაქე არ იყო და არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებდა, თავად გადაწყვიტა აფხაზეთიდან წასვლაო. ყველაფერი ამისკენ მიდის,” – აღნიშნავს ლევან კიკნაძე. მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაადგინა ნორმა, რომ “აფხაზურ პასპორტს” იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ გალის მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის. მან უნდა წარადგინოს იმის დამამტკიცებელი დოკუმენტი, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა “აფხაზური პასპორტი” და ის სრულფასოვანი მოქალაქე გახდება.
(…)
უშიშროების ყოფილი მინისტრის თვალსაზრისით, სეპარატისტების გათვლაა, რომ დააშინონ გალის ქართული მოსახლეობა და გაძევების შიშით საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ათქმევინონ, სანაცვლოდ კი აფხაზური პასპორტები ააღებინონ. “მეეჭვება, რომ ქართველებს გალი დაატოვებინონ. არ მინდა ამის თქმა, მაგრამ გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათ საცხოვრებელს ვერ მისცემს და ამიტომ იძულებულნი გახდებიან დათმონ საქართველოს მოქალაქეობა და საკუთარ სახლში დარჩენის გამო აფხაზური პასპორტი აიღონ. მათ წასასვლელი არ აქვთ, ეს იციან აფხაზებმა და ეს ყველაფერი მათი ერთიანი კომპლექსური გეგმაა. თუმცა მშვიდად არ უნდა ვიყოთ, საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩავრთოთ და ეს აპარტეიდული მომავალი პოლიტიკა უნდა ვამხილოთ,” – დასძენს კიკნაძე.
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას თქმით, სეპარატისტულ აფხაზეთში მოლოდინია, რომ ქართველები საქართველოს მოქალაქეობას არ დათმობენ და მხოლოდ ბინადრობის მოწმობას აიღებენ, ამიტომაც ამბობენ, რომ მათ მხოლოდ მუშაობის უფლება მიეცემათო, ეს კი ადამიანის უფლებათა შეზღუდვაა და ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებაზე ამგვარ საკითხებს მუდმივად აყენებს. “მარტო ბინადრობის უფლების მინიჭებით გალის ქართველ მოსახლეობას პრობლემები შეექმნება, ისინი სრულფასოვანი მოქალაქეები ვერ იქნებიან. მგონია, ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რომ ხალხი იარაღის ჟღარუნის გარეშე იძულებული გახდება აფხაზური პასპორტი აიღოს და სწორედ ეს არის სეპარატისტების მთავარი მიზანი. აფხაზები საჯაროდ და ხმამაღლა არ იტყვიან, რომ ქართველებს გამოაძევებენ, რადგან იციან, რომ დასავლეთს ასეთი აპარტეიდული კანონებით ვერ დაელაპარაკებიან. ამიტომაც შენიღბული თამაში დაიწყეს. კი ბატონო, ქართული ენა გინდათ – ისწავლეთ, მაგრამ ფაკულტატურად. კობახიამ საერთოდ თქვა, თუკი ქართული სკოლა გინდათ, კერძო სკოლები გახსენითო. ახლა თითქოს პოლიტიკა შეცვალეს და შენიღბულად, ვითომ მოფერებით უნდათ მოსახლეობის თანდათან თავის მხარეს გადაყვანა. ჩვენ ამ თემებს ჟენევაში სულ ვაყენებთ, მაგრამ ამას ჯერ არანაირი შედეგი არ მოაქვს,” – მიიჩნევს გვაზავა.