globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 2nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): გიორგი მარგველაშვილი მთავრობას დაემდურა… მაგრამ პარლამენტში მიუსვლელობით მინისტრებს კანონი არ დაურღვევიათ

«КоммерсантЪ» (რუსეთი): უკრაინამ საქართველოსათვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე უარი განაცხადა

«BloombergView» (აშშ): ქართველები უკრაინაში: დავით საყვარელიძე უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ქართული პასპორტის ჩაბარებას არ ჩქარობს

«Forbes» (აშშ): „დროა ვაშინგტონმა უარი თქვას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზე, რომლებიც აშშ-ის კმაყოფაზე არიან“

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 02 აპრილი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-04-02/6_gruzia.html

გიორგი მარგველაშვილი მთავრობას დაემდურა… მაგრამ პარლამენტში მიუსვლელობით მინისტრებს კანონი არ დაურღვევიათ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მთავრობის არცერთი წევრი არ ესწრებოდა პარლამენტში მის ყოველწლიურ მოხსენებას „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“. საკითხი ეთიკური ხასიათი აქვს, რადგან რაიმე იურიდიული სავალდებულო ნორმატივი მინისტრებისადმი ამ საკითხში არ არსებობს. მათ შეეძლოთ ჩასულიყვნენ ქუთაისში და პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა მოესმინათ, მაგარამ შეეძლოთ არ ჩასულიყვნენ და თავიანთი საქმე ეკეთებინათ. თუმცა აშკარაა, რომ მთავრობამ პარლამენტში მიუსვლელობით ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებული განხეთქილების დემონსტრირება მოახდინა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პრეზიდენტმა მთავრობის საქციელის გამო თავისი ნეგატიური პოზიცია ტელეარხ „რუსთავი-2“-ის ეთერში გამოსვლისას გამოხატა: „მინისტრების მოუსვლელობას არავისთვის პოზიტივი არ მოუტანია – არც ჩემთვის, არც მთავრობისთვის და არც საერთოდ, ხელისუფლებისათვის“. გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ზეწოლის ქვეშ მოჰყვა და თანამდებობიდან გადადგომაზეც კი ფიქრობდა.

საქართველოს პრეზიდენტის შერისხვა, როგორც არ უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, [რასაც გარკვეულწილად თვითონ გიორგი მარგველაშვილმა შეუწყო ხელი]: მან თვითნებურად დაიკავა პრეზიდენტის სასახლე, რისთვისაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი პროტეჟე გააკრიტიკა: „მე მასში შევცდი როგორც ადამიანსა და როგორც პოლიტიკოსშიო“.

გიორგი მარგველაშვილი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: ერთი მხრიდან მასზე ზეწოლას ახდენდა „ქართული ოცნება“, მეორე მხრიდან კი – ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობა“, რომელმაც თავის ბანაკში მისი გადათრევა-გადაბირების მცდელობა დაიწყო. თუმცა, როგორც ჩანს, მარგველაშვილმა გაუძლო: არ მოიხარა მმართველი „ქართული ოცნების“ წინაშე და არც „ნაციონალებს“ არ მიეკედლა, პარალელურად კი პროდასავლური ლიდერის რეპუტაცია შეინარჩუნა. მან ამით აჩვენა, რომ სახელისუფლებო ინტრიგებში ჩარევა არ სურს.

საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრცეველმა გია ხუხაშვილმა დადებითად სეაფასა პრეზიდენტის მოქმედება და აღნიშნა, რომ პარლამენტში გამოსვლის დროს იგი ღირსეულად მოიქცა: „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იყოს… მისი გამოსვლა გულწრფელი იყო, მოხსენებაში იგი მრავალ პრობლემას შეეხო. საწყენია, რომ მთავრობა არ ესწრებოდა“. გია ხუხაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოდ გადააქციოს მაშინ, როცა სხვა ინსტიტუტების დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დგას“.

თუმცა, ბუნებრივია, პრეზიდენტის გამოსვლის მიმართ სკეპტიკური განცხადებებიც გაჟღერდა – მაგალითად, სახელმწიფო კანცელარიის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელის პეტრე მამრაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის მოხსენება ზედაპირული იყო, განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში – არ იყო ახსნილი, რატომ ჩავარდა ქვეყანა ასეთ მძიმე ვითარებაში. ზოგიერთმა ექსპერტმა ეჭვქვეშ დააყენა პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის მოქმედების ანალიზის მიზანშეწონილება: მას, ცხადია, შეუძლია ამის გაკეთება ისევე, როგორც ყველა მოქალაქეს, მაგრამ რადგანაც პრეზიდენტს მთავრობაზე ზემოქმედების ბერკეტები არ აქვს, მაშინ ეს რაღაც იგავ-არაკად იქცევა. მით უმეტეს, როცა მას და პრემიერ-მინისტრს შორის დამოკიდებულება საკმაოდ დაძაბულია… ამ აზრს გარკვეულწილად ეტანხმება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელიც, რომლის თქმით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან დიალოგზე უნდა დათანხმდეს თუნდაც იმისთვის, რათა სამომავლოდ პარლამენტის დარბაზში მინისტრების ადგილი კვლავ ცარიელი არ იყოს.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 02 აპრილი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2699112?isSearch=True

უკრაინამ საქართველოსათვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე უარი განაცხადა

„უკრაინის გენერალური პროკურატურამ არ დააკმაყოფილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თხოვნა და უარი განაცხადა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური თბილისისთვის გადაცემაზე. თვით მიხეილ სააკაშვილი კი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე და პეტრო პოროშენკოს მრჩეველია, დღეს თავისი გუნდის შექმნითაა დაკავებული და საბჭოს წევრებად ცნობილ ევროპელ ფიგურებს იწვევს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორები – გიორგი დვალი და პავლე ტარასენკო).

რას ნიშნავს საქართველოსთვის უკრაინის უარი?

მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, რომ „უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯი საქართველოს მიმართ არამეგობრული მოქმედებაა“: „როცა რომელიმე სახელმწიფო თავის ვალდებულებას არ შეასრულებს მეორე სახელმწიფოსადმი, რომელიც ორმხრივი შეთანხმებით ან საერთაშორისო კონვენციითაა განპირობებული, მაშინ იმ მეორე სახელმწიფოს უფლება აქვს გარკვეულ საერთაშორისო ინსტანციებს მიმართოს. რა ინსტანციებია ეს და ღირს თუ არა მათდამი მიმართვა, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო პოლიტიკას საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მთავრობა ანახორციელებს. პარლამენტი განსაზღვრავს პოლიტიკის საერთო მიმართულებას, გადაწყვეტილებებს კი მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებს“. რაც შეეხება თვით სამინისტროს მოქმედებას: როგორც გაზეთს ქართული დიპლომატიური უწყებიდან შეატყობინეს, „მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობენ“.

უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კი სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს. ამჟამად იგი თავისი სამსახურებრივი გუნდის შექმნითაა დაკავებული: მას სურს საბჭოს წევრებად მიიწვიოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი (რომელიც საქართველოში სკანდალურადაა ცნობილი – ს.კ.), სლოვაკეთის ექს-პრემიერი მიკულაშ ძურინდა და სხვები.

«BloombergView» (აშშ), 01 აპრილი, 2015 წელი

http://www.bloombergview.com/articles/2015-03-31/thankless-job-try-fighting-graft-in-ukraine

ქართველები უკრაინაში: დავით საყვარელიძე უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ქართული პასპორტის ჩაბარებას არ ჩქარობს

ლეონიდ ბარშიდსკი

(შემოკლებით)

უკრაინა დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის – 23 წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ ითვლება. კიევი ცდილობს, წესრიგი დაამყაროს, მაგრამ ცვლილებებისათვის მებრძოლი ადამიანები უკვე გრძნობენ თავიანთ უძლურობას, როცა მძლავრ წინააღმდეგობას აწყდებიან. ამასთან, ისინი დაწყებულ საქმეს მაინც აგრძელებენ…

ტატიანა კოზაჩენკო 39 წლის იურისტია, მან უკრაინის იუსტიციის სამინისტროში „ღირსების რევოლუციის” დროს დაიწყო მუშაობა, როცა ევრომაიდანზე მომიტინგეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა. მანამდე იგი კიევში მცირე იურიდიული ფირმის დამფუძნებელი და პარტნიორი იყო. ტატიანას ყელში ამოუვიდა კორუმპირებული სისტემა, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს არსებობდა და გადაწყვიტა, რომ მისი ფირმის საქმიანობას აზრი აღარ ჰქონდა. რევოლუციის პერიოდში იგი იუსტიციის დღევანდელ მინისტრს ლუსტრაციის კანონის შემუშავებაში დაეხმარა, შემდეგ კი სამუშაოდ სამინისტროში მიიწვიეს. დღეს კოზაჩენკოს ლუსტრაციის პროცესის გაკონტროლება აქვს დავალებული.

სამინისტროს მომცრო კაბინეტში ტატიანას უამრავი ცხრილი აქვს, რომლებშიც ნაჩვენებია ჩინოვნიკთა კარიერულ-სამსახურებრივი გადაადგილებები ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, ვინ გათავისუფლდა თანამდებობიდან, ვინ შეინარჩუნა პოსტები…

გუშინ ტატიანამ ერთ-ერთი ცხრილი დავით საყვარელიძესთან მიიტანა, უკრაინის გენპროკურორის მოადგილესთან, რომელსაც ამ უწყების რეფორმირება აქვს დავალებული. ეროვნებით ქართველ დავითს კომპიუტერის კლავიატურაზე კირილიცით არასოდეს უსარგებლია, ამიტომ მას ტექსტის კომპიუტერში შეტანა უჭირს. ამასთან, იგი მაინც დაძაბულად მუშაობს პროკურორებისა და გამომძიებელთა შესამცირებლად, რომლებიც უკრაინაში დღეს 18 ათასია. ვინც დარჩება, მათ ხელფასი გაუორმაგდება. ტატიანა დავითს აჩვენებს, იანუკოვიჩის პერიოდიდან შემორჩენილი რომელი ჩინოვნიკის გათავისუფლება შეიძლება სამსახურიდან.

ტატიანა კოზაჩენკო და დავით საყვარელიძე ღიად ამბობენ, რომ ისინი უკმაყოფილონი არიან რეფორმების ნელი ტემპით: „როცა საქართველოში 2003 წელს რეფორმები დაიწყო, ქვეყნის ბიუჯეტი მხოლოდ 700 მილიონ დოლარს შეადგენდა”, – იხსენებს დავით საყვარელიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სამართალდამცველებს ეხმარებოდა რეფორმების გატარებაში, – უკვე პირველივე წელს ჩვენ შევძელით, სახელმწიფოსთვის დაგვებრუნებინა ჩინოვნიკების მიერ ბიუჯეტიდან მოპარული 1,4 მილიარდი დოლარი. დღეს უკრაინას ასეთი თანხები ჭირდება, მაგრამ ვერ იღებს”.

როგორ დაიბრუნა საქართველოს ხაზინამ ფული? სამართალდამცველმა ორგანოებმა, უპირველესად კი პროკურატურამ, ყოფილ ჩინოვნიკებთან საპროცესო გარიგებები გააფორმა დანაშაულის აღიარებისა და თანხების დაბრუნების  თაობაზე. უკრაინის კანონები მსგავსი გარიგებების დადების უფლებას არ იძლევა, თუმცა ობიექტურნი რომ ვიყოთ, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ  მაინცდამაინც არც ქართული კანონები იძლეოდა  ამის საშუალებას. დავით საყვარელიძის გამოთვლით, უკრაინას 5 მილიარდი დოლარის მიღება შეუძლია, თუ ერთ წელიწადში მოპარული თანხის მხოლოდ 10-15%-ს მაინც დაიბრუნებს. „რუსეთში გაქცეულ იანუკოვიჩის მომხრე ადამიანებს ეს არ მოსწონთ. მათ უკან დაბრუნება სურთ, მაგრამ ასევე უნდათ ევროპაში წასვლაც. ჩვენ კი რას ვპირდებით მათ? მხოლოდ გარანტირებულ საპყრობილეს და მეტს არაფერს. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა გვინდა: ყოფილი ბიუროკრატის ციხეში ჩასმა თუ ის, რომ მან ხაზინას მოპარული თანხის 80%-მდე დაუბრუნოს?”

უკრაინაში დღემდე ძალიან ცოტა კორუმპირებული ჩინოვნიკია დასჯილი. კი, იანუკოვიჩის მომხრე ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა თავიც კი მოიკლა, მაგრამ ყოფილი რეჟიმის მსახური არცერთი მსხვილი მოღვაწე არ დაუპატიმრებიათ. ევროპულ სანქციებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტის ჩინოვნიკებს დაუწესდათ, უკვე ვადა გასდით, მაგრამ მათი „საქმენი საგმირონის” გამოსაძიებლად თითიც კი არავის გაუნძრევია.

„მე მინდა, რომ ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს, – ამბობს დავით საყვარელიძე, – აქ პოლიტიკური სპექტრი უფრო ფრაგმენტირებულია, ვიდრე საქართველოში. აქ ოლიგარქებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ, ისინი თავიანთ ინტერესებს კანონმდებლების მეშვეობით იცავენ”.

ბუნებრივია, ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში კორუფცია და კორუფციონერები თავს მეტ-ნაკლებად კარგად გრძნობენ. თუმცა არის შედეგებიც: ბევრი ჩინოვნიკი, მათ შორის საბაჟო სისტემაში, საფინანსო ინსპექციაში, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ, კორუფციასთან ებრძოლათ, სამსახურიდან გათავისუფლდნენ. ამასწინათ პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დააპატიმრეს საგანგებო სიტუაციათა უწყების ხელმძღვანელი… „ყველა იქ მყოფმა გაიფიქრა, რომ მილიცია მის დასაჭერად მივიდა”, – ამბობს ტატიანა კოზაჩენკო ირონიით.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ცდილობს, თავისი ავტორიტეტი ამგვარი რეზონანსული დაჭერებით განამტკიცოს, მაგრამ ახლა მექრთამეობაში მის მთავრობასაც ადანაშაულებენ. ზოგიერთი უკვე იმასაც ეჭვობს, რომ სასამართლო დევნას პოლიტიკური მოტივები აქვს. თანამდებობიდან გათავისუფლებულმა უკრაინის სახელმწიფო საფინანსო ინსპექციის უფროსმა ნიკოლაი გორდიენკომ გენერალურ პროკურორს წერილი გაუგზავნა, სადაც პირდაპირ აღნიშნა, რომ სახელმწიფოში თანხების დეფიციტი იაცენიუკის მთავრობაში გაბატონებული კორუფციითაა გამოწვეული.

როგორც არ უნდა იქნეს აღქმული ასეთი ღია დაჭერები და გათავისუფლებები, ტატიანა კოზაჩენკოსა და დავით საყვარელიძეს მოსწონთ ის რეზონანსი, რომელსაც ხელბორკილების პირდაპირ ეთერში დადება იწვევს. „ჩვენ უნდა მოვიშოროთ სახელმწიფო მოსამსახურის ხელშეუხებლობის კულტი”, – ამბობს დავით საყვარელიძე.

ორივეს კარგად ესმის, რომ პოზიტიური ცვლილებები მხოლოდ საწყის სტადიაშია, მაგრამ რევოლუციის შემდეგ რომ უკვე ერთი წელი გავიდა, შედეგები კი მცირეა? მთავრობა პოლიტიკურ მხარდაჭერას კარგავს, უკრაინელები სულ უფრო მეტ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს აწყდებიან. თუმცა ასეთ დროს მაინც არიან ისეთი უკრაინელი ჩინოვნიკები, რომლებთაც ქვეყნის მომავლის სჯერა.

დავით საყვარელიძისათვის, რომელსაც საქართველოს დღევანდელი რეჟიმი არ სწყალობს, კიევში მუშაობა არის იმის შანსი, რომ დაამტკიცოს – მიხეილ სააკაშვილის გუნდს ძველებურად შეუძლია სასწაულების მოხდენა, ამიტომაც ისინი ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ. „ჩემი მხარდამჭერები ახლა კიევს ისე უყურებენ, როგორც იერუსალიმს”, – ამბობს დავითი. უკრაინის გენპროკურორის მოადგილის თანამდებობა რომ დაეკავებინა, დავით საყვარელიძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამასთან, მას კიდევ აქვს ერთი წლის ვადა თავისი ქართული პასპორტის უარსაყოფად, ამიტომაც პასპორტის დატოვებას ჯერ არ ჩქარობს.

ორივე გვიან ღამემდე მუშაობს. იმედი აქვთ, რომ ცვლილებათა მაქსიმუმს განახორციელებენ. იმუშავებენ, სანამ გარღვევა არ მოხდება. მეც ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება.

«Forbes» (აშშ), 01 აპრილი, 2015 წელი

http://www.forbes.com/sites/dougbandow/2015/03/31/u-s-should-stop-collecting-allies-like-facebook-friends-alliances-should-benefit-america/print/

http://ria.ru/world/20150401/1056007717.html

„დროა ვაშინგტონმა უარი თქვას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზე, რომლებიც აშშ-ის კმაყოფაზე არიან“

„უკვე დროა ვაშინგტონმა უარი თქვას ისეთ მოკავშირეებზე, რომელთა მიმართ გამოჩენილ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს“, – ნათქვამია აშშ-ის გავლენიან გამოცემაში – «Forbes»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია ჟურნალისტი დუგ ბენდოუ.

„თუ ამერიკა რომელიმე ომში ჩაერთვება, ეს ამა თუ იმ [უსარგებლო] მოკავშირის ბრალი იქნება. შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებს ისეთი წესით აგროვებს, როგორც სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ მომხმარებელი… ამასთან, ძალიან ბევრი ე.წ. მოკავშირე ვაშინგტონისათვის მძიმე ტვირთია, ზურგზე მოკიდებული, აშშ-ის უსაფრთხოებისათვის ზიანის მომტანი. ისინი ერთგვარ „დაყოვნებული მოქმედების ნაღმებს“ წარმოადგენენ ომის  დაწყებისათვის“, – წერს ავტორი.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები (მაგალითად, სენატორი მარკო რუბიო) თავიანთ მოკავშირეებს მუდმივად არწმუნებენ იმაში, რომ აშშ-ის მოქალაქეები მზად არიან მათთვის თავი გაწირონ. ამით ისინი [ამერიკელი პოლიტიკოსები] საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას და სიმდიდრეს სხვა სახელმწიფოების კეთილდღეობის სამსხვერპლოზე დებენ. მათ არასდროს ებადებათ კითხვა – მოაქვს თუ არა რაიმე სარგებელი ამერიკელებისათვის ამგვარ მოკავშირეობას. „ვაშინგტონი მთელ მსოფლიოში ეძებს აშშ-ის კმაყოფაზე მსურველ ქვეყნებს. არადა, უკვე დროა ამერიკამ უარი თქვას ისეთი სახელმწიფოების შენახვაზე, რომლებიც სინამდვილეში მისი მოკავშირეები არ არიან. ამერიკა უნდა დაუბრუნდეს მოკავშირეობის ტრადიციულ გაგებას, როცა თანამშრომლობა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სასარგებლოდ ხორციელდება. დღეს ჩვენ ასეთ მომენტებს ვერ ვხედავთ“, – ასკვნის დუგ ბენდოუ.

ავტორი ამერიკის კმაყოფაზე მყოფ ქვეყნებს შორის ასახელებს უკრაინას და საქართველოს: „უკრაინის შემთხვევაში, თუ მას იარაღს მიაწოდებს, ბარაკ ობამა იძულებული ხდება ეს ქვეყანა  თავის მოკავშირედ განიხილოს და მოკავშირულად მოექცეს, მაგრამ უკრაინა ამერიკის მოკავშირე არ არის. ამ ყველაფერმა შეიძლება ომამდე მიიყვანოს ისეთ სახელმწიფოსტან, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს (იგულისხმება რუსეთი – ს.კ.). თუ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, ამით სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება  და მწვავე დაპირისპირების გამოცდამდე მიგვიყვანს – აბა, რომელია სუსტი და რომელი დაიხევს უკან პირველიო. ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. ნახსენები ქვეყნებიდან აშშ-ის უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს არცერთი არ წარმოადგენს… საერთოდ, თავისი აღმოსავლური მიჯნები ევროპამ თვითონ უნდა დაიცვას და არა ამერიკამ“, – ასე თვლის ამერიკელი ჟურნალისტი.

ალიანსები ურთიერთინტერესების საფუძველზე იქმნება და არა ქველმოქმედების მიზნით, ამიტომაც ამ ქვეყნებისათვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას აზრი არ აქვს“, – ასკვნის დუგ ბენდოუ სტატიაში.

Comments are closed