„ახალი თაობა“: პანკისი: უხუცესები ვაჰაბიტების წინააღმდეგ // ქისტი მოსახლეობის უმრავლესობა გმობს სირიაში ახალგაზრდების საომრად გაგზავნას
„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ გიორგი სანიკიძესთან: „ირანისათვის სანქციების მოხსნა და ქვეყნის მსოფლიოსათვის “გახსნა” სავსებით შეესაბამება საქართველოს ინტერესებს“
———————-
„ახალი თაობა“, 6 აპრილი, 2015 წელი
პანკისი: უხუცესები ვაჰაბიტების წინააღმდეგ
ქისტი მოსახლეობის უმრავლესობა გმობს სირიაში ახალგაზრდების საომრად გაგზავნას
შორენა მარსაგიშვილი
პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგ.აზრზდების გადინება ლამის ჩვეულ მოვლენად იქცა. რამდენიმე დღის წინ პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლეებიც წავიდნენ. ამან ადგილობრივებს მოთმინება დააკარგვინა და მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ხეობის უხცუცესებმა და მშობლებმა საქართველოს ხელისუფლებას საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. ისინი გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვენ.
პრესაში არაერთხელ გაიჟღერა ცნობამ, რომ პანკისში მოქმედებს დაჯგუფება, რომელიც ახალგაზდებს იბირებს და სირიაში სამბრძოლველად მიჰყავს. ამ ჯგუფზე გუშინდელი აქციის მონაწილეებიც საუბრობდნენ. აქამდე მოსახლეობა მათ აქტიურობას გაგებით ეკიდებოდა, ახლა კი ამბობენ,რ ომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება.
იგივეს ფიქრობენ აქაური უხუცესები. მათ გუშინ დუისში კრებაც გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან გადამწყვეტი ზომების მიღებას ითხოვენ. უხუცესთა აზრით, თუ ახალგაზრდების გაყვანა არ შეწყდა, მოსახლეობა ვაჰაბიტებს დაუპირისირდება.
ადგილობრივების თქმით, ვაჰაბიტებს ახალგაზრდები სირიაში თურქეთის გავლით გადაჰყავს. უხუცესების განმარტებით, მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს. ამიტომაც დახმარებისთვის მთავრობას, პარლამენტსა და შს სამინისტროს მიმართავენ.
მოსახლეობა ხელისუფლებას საზღვრების მკაცრად გაკონტროლებას სთხოვს.
– უნდა მოხდეს საზღვრების კონტროლი, რათა ახალგაზრდებმა სირიაში სხვის ომში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ,– აცხადებენ პანკისელები.
უხუცესებმა შეკრებაზე შეიმუშავეს სპეციალური მიმართვა, რომელსაც ისინი პრემიერმინისტრს, შს მინისტრს და პარლამდენტის თავმჯდომარეს გადაუგზავნიან.
– ქისტი მოსახლეობის უმრავლესობა, ამავე დროს, უხუცესთა საბჭო, გმობს სირიაში ახალგაზრდების საომრად გაგზავნას. რადგანაც სათემო კავშირს და მოსახლეობას ვერ ძალუძს აღკვეთოს ეს არანორმალური მოვლენა, ამიტომ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელისუფლებას, პარლამენტს გაგვიწიონ დახმარება, – ნათქვამია განცხადებაში.
***
უხუცესთა საბჭოს სხდომას ადგილობრივი ვაჰაბიტებიც ესწრებოდნენ. მათ მოისმინეს პრეტენზიები. ხელისუფლებისადმი გაგზავნილ მიმართვას კი ხელი არ მოაწერეს.
მათ აღნიშნეს, რომ არასრულწლოვანების საომრად გამგზავრებას ისინიც გმობენ. რაც შეეხება სრულწლოვან ახალგაზრდებს, ვაჰაბისტებს მიაჩნიათ,რომ ომში წასვლა მხოლოდ ამ ახალგაზრდების გადასაწყვეტია.
ადგილობრივი ვაჰაბიტები კატეგორიულადუარყოფენ ახალგაზრდების გადინებასთან რაიმე კავშირს. ამის შესახებ მათ უხუცესებსაც განუცხადეს.
***
უხუცესთა საბჭოს მოსაზრებებს სრულიად იზიარებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ის სირიაში ახალგაზრდების წასვლას სამწუხაროს უწოდებს. მისი აზრით, ხელისუფლებას დროულად რომ ემოქმედა, შესაძლოა, სხვა სურათი ყოფილიყო.
– სახელმწიფო რომ თავის ადგილზე და თავის სიმაღლეზე იყოს, ეს ვერ მოხდებოდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა საქართველოდან არასრულწლოვანების გასვლის შემთხვევებზე ყურადღება იქნეს მიქცეული, – განაცხადა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი თვლის, რომ პანკისელი მოქალაქეების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი. მისი თქმით, სავარაუდოდ, სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც ახალგაზრდებს ფულად დახმარებას სთავაზობენ.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საჭიროა, უხუცესთა საბჭოს მოთხოვნას ყველანაირად მხარში დავუდგეთ და ხელისუფლების მხრიდან ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანაში ვითარება კონტროლის ქვეშ იყოს და ახალგაზრდები გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ არ ხვდებოდნენ.
ნინო ბურჯანაძე:
– ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ აბსოლუტურად სწორ პოზიციაზე, რომ ეს ჩვენი ომი არ არის და ჩვენი მოქალაქეები მასში ჩართული არ უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, კონფლიქტმა ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოინაცვლოს, მოხდეს გარკვეული ტიპის ტერაქტები, გატაცებები და სხვა. ამ უსუსური ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ პროცესის შეჩერება რთული იქნება.
***
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისლამური ხალიფატის მხარეს 100-ზე მეტი პანკისელი ახალგაზრდა იბრძვის.
რამდენმიე დღის წინ ხეობიდან სირიაში კიდევ 2 ახალგაზრდა გაგზავნეს, ამჯერად ბავშვები. ისინი ომალოს სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი მე-11 კლასში სწავლობდა, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი კი – მე-10 კლასში.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მუსლიმის მშობლებს ბავშვისთვის ქვეყნიდან გასვლაზე კანონით სავალდებულო ნებართვა არ მიუციათ, თუმცა არასრულწლოვანმა თბილისის აეროპორტის გავლით თურქეთში გაფრენა მოახერხა.
შსს-მ სირიაში საომრად წასული არასრულწლოვანის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
„ინტერპრესნიუსი“, 7 აპრილი, 2015 წელი
ინტერვიუ გიორგი სანიკიძესთან: ირანისათვის სანქციების მოხსნა და ქვეყნის მსოფლიოსათვის “გახსნა” სავსებით შეესაბამება საქართველოს ინტერესებს
კობა ბენდელიანი
(შემოკლებით)
როგორც ცნობილია, გასულ კვირას, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, თეირანთან რთული მოლაპარაკებების შემდეგ, საერთაშორისო პოლიტიკის მთავარმა აქტორებმა ირანს ბირთვულ პროგრამის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების სანაცვლოდ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოუხსნეს.
როგორ აისახება დიდ პოლიტიკაში ირანის დაბრუნება სამხრეთ კავკასიასა და კერძოდ საქართველოზე? ირანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე “ინტრეპრესნიუსი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.
(…)
- გასაგებია, რომ ლოზანაში მიღწეული შეთანხმებები სრულად მხოლოდ 2-3 წელიწადში უნდა ამოქმედდეს, მაგრამ სავარაუდოდ როგორ აისახება მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებსა და დიდ პოლიტიკაში ირანის დაბრუნება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე? ვითარებაში, როცა რუსეთს უარი არ აქვს ნათვამი თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც, აღადგინოს კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე, ხოლო თურქეთი სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენების გაძლიერებას ცდილობს, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და თურქეთს სამხრეთ კავკასიაში ირანის სახით კონკურენტი გამოუჩნდება. გარდა ამისა, მუსლიმურ სამყაროში ლიდერის როლისათვის გააქტიურებულ ანკარასა და თეირანს შორის ღია და ლატენტური დაპირისპირებაც გამორიცხული სულაც არ არის…
- სანქციების შედეგად, ბოლო წლებში ირანში ნავთობის მოპოვება დაახოებით 60%-ით შემცირდა. ირანი, ბუნებრივია, შეეცდება ამ უზარმაზარი დანაკლისის აღმოფხვრას. რუსეთი შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ კარგად ვიცით, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობში მსოფლიოში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. დღეს რუსეთს არანაკლები სანქციები აქვს დაკისრებული, ვიდრე – ირანს. თუ ადრე რუსეთი გარკვეულწილად ირანის ლობისტი იყო, დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია, ამგვარად ჩაითვალოს. ირანისა და რუსეთის დროებითი დაახლოება პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარეობდა და არ ატარებდა სტრატეგიული პარტნიორობის რაიმე ნიშანს.
შეთანხმებიდან რუსეთი იმედოვნებს სარგებლის მიღებას ორი თვალსაზრისით:
1) ირანისათვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს მოხსნის შემთხვევაში რუსეთისათვის გაიხსნება ირანის ბაზარი (ლავროვმა უკვე განაცხადა, რომ ხელშეკრულება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს იარაღის ემბარგოს მოხსნას);
2) რამდენადაც ირანს პრაქტიკულად აღარ ექნება ურანის გამდიდრების უფლება, ის გამდიდრებულ ურანს რუსეთისგან შეისყიდის.
შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ორი “სარგებლის” მიღების პერსპექტივა, რუსეთის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ საეჭვოდ ჩანს. გაცილებით უფრო თვალსაჩინოა ის დანაკარგები, რასაც ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერას მოყვება რუსეთისათვის: ირანის “დაბრუნება” ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გამოიწვევს ნავთობის ფასის ვარდნას და რუსეთის ისედაც უკიდურესად შემცირებული შემოსავლების კიდევ უფრო შემცირებას. უფრო ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი, აღორძინდება ირანთან დაკავშირებული გაზსადენების პროექტები (“ნაბუკო” და სხვებიც), რაც ასევე მძიმე დარტყმა იქნება რუსეთისათვის. ამდენად, ლოგიკური იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ შეთანხმება დასავლეთის მხრიდან რუსეთის ამბიციების ალაგმვის საქმესაც ემსახურება.
რაც შეეხება ირანისა და თურქეთის ურთიერთობებს, ამ ორ ქვეყანას შორის გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს, მაგრამ საერთო ჯამში, ურთიერთობები მაინც კეთილმეზობლურია. უკანასკნელ წლებში თურქეთის “შემობრუნებამ” ახლო აღმოსავლეთისაკენ, რა თქმა უნდა, გაზარდა რეგიონში ლიდერობაზე ქიშპი. ამასთანავე, თურქეთი შეეცდება საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს ირანის იზოლაციიდან გამოსვლა. თურქეთის დელეგაცია პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით უკვე გაემგზავრა თეირანში ამ ახალ ვითარებაში მოლაპარაკებების გასამართავად.
ბევრად უფრო რთულია ირანის ურთიერთობები საუდის არაბეთთან. უკვე წლებია, რაც ამ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს თავისებური “ცივი ომი”. დღეს საუდის არაბეთი არაბულ-სუნიტური ერთობის შექმნის ინიციატორადაც გამოდის, ამ ერთობის მიზანი კი ირანის ზეგავლენის მოსპობაა არაბულ ქვეყნებში მცხოვრებ შიიტებზე. თუმცა, დაპირისპირების მიზეზები გაცილებით უფრო ღრმაა ვიდრე კონფესიური უთანხმოებები. დღეს იემენში არსებული დაძაბული ვითარებაც მეტ-ნაკლებად ასახავს ამ დაპირისპირებას.
ყველაზე პრობლემატური ირანის ისრაელთან დამოკიდებულებაა. ისლამური რესპუბლიკა არ აღიარებს ისრაელის, როგორც სახელმწიფოს არსებობას. ირანში გამოცემულ რუკებზე ქვეყნის დასახელება პალესტინაა და არა – ისრაელი. შეთანხმების შემდეგაც კი ირანის ყველაზე რადიკალურად განწყობილი კონსერვატორები აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას ისრაელის მიმართ. ისრაელმა თავის მხრივ, დაგმო ლოზანაში მიღწეული შეთანხმება და ირანისადმი დასავლეთის ნდობა “გულუბრყვილობად” ჩათვალა. ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების მოგვარებას მართლაც ხანგრძლივი ძალისხმევა დასჭირდება.
(…)
- თუ ჩვენს ახლო სამეზობლოში პროცესები ლოზანის სცენარით განვითარდა, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს უახლოეს მომავალში ოფიციალური თბილისის პოლიტიკა მსოფლიოსათვის გახსნილი ირანის მიმართ?
- საქართველო ირანისათვის უკიდურესად მიმზიდველი ქვეყანაა. ეს გამოჩნდა უკანასკნელ წლებში ე.წ. “უვიზო” რეჟიმის მოქმედების პირობებში. სანქციების მოხსნის შემთხვევაში კი, ირანის ინტერესი საქართველოსადმი, როგორც რეგიონში ყველაზე პროდასავლური და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნისადმი, კიდევ უფრო გაიზრდება.
უკიდურესად მნიშვნელოვანია, თუ რა სფეროებს შეეხება სანქციების მოხსნა. ირანს სანქციები დაწესებული აქვს არამხოლოდ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არის. ინვესტიციებისა და საბანკო სექტორში სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები ირანთან მართლაც ახალ იმპულსს შეიძენს. მნიშვნელოვანი საკითხია ასევე საქართველოს შავი ზღვის პორტების საშუალებით ირანული საქონლის გატანა ევროპაში. უფრო შორეულ პერსპექტივაში კი, საქართველოს შეუძლია, შეასრულოს ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია ირანული გაზისთვის. ამდენად, ნათელია, რომ ირანისათვის სანქციების მოხსნა და ქვეყნის მსოფლიოსათვის “გახსნა” სავსებით შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.