globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 10th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: გუბაზ სანიკიძე: „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსში კორექტივებია საჭირო“

რეზონანსი: სამშვიდობო მისია უკრაინაში და საქართველოს შესაძლო მონაწილეობა მასში // “ქართველი წარმომადგენლები ეუთოს ეგიდით თავისუფლად შეიძლება იყვნენ ამ საქმეში ჩართული”

———————-

ახალი თაობა“, 10 აპრილი, 2015 წელი

გუბაზ სანიკიძე: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსში კორექტივებია საჭირო

ლილუ მიროტაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შესაძლოა, მალე ძალიან პოზიტიური როლი ითამაშოს ახლო აღმოსავლეთში.

„ხშირად ისმის კითხვა, რატომ იყო 9 პრილს უფრო შეკრული ხალხი, ვიდრე დღეს. ჩემი ღრმა რწმენით, ეროვნული მოძრაობის დროს ქართველ ხალხს ზეამოცანა ჰქონდა – დამოუკიდებლობის მოპოვება. დღეს ჩვენი საზოგადოება გარკვეულწილად დაყოფილია, განსხვავებული მოსაზრებები აქვს თითქმის ყველა საკითხზე, არ არის ერთსულოვნება ქართულ საზოგადოებაში და ესაა ზეამოაცანის შიმშილის ბრალი. როგორც „ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელი ვფიქრობ, რომ ქართულ სახელმწიფოს ფუნქცია უნდა მოვუძებნოთ. არ გვაქვს ჩამოყალიბებული, რა ფუნქცია უნდა შეასრულოს ქართულმა სახელმწიფომ. ხშირად ვსაუბრობთ ქვეყნის ორიენტაციაზე, რაც განსაზღვრულია და შეთნხმებულა, რომ ჩვენი ამოცანა ევროპა უნდა იყოს, დასავლური გზა, მაგრამ გვეშლება ერთი რამ – ვსაუბრობთ, რომ დასავლური გზა ჩვენი მიზანია, თუმცა ეს არაა მიზანი, ესაა საშუალება. ხშირად ვამბობთ, რომ გვინდა დასავლეთში შესვლა, თუმცა არასდროს ვსვამთ კითხვას, რაში სჭირდება დასავლეთს საქართველო. სწორედ აქ არ ვართ შეთანხმებული. ამის განხილვა არ ხდება და ვფიქრობ, ძალიან ბევრი პრობლემაა დაკავშირებული იმასთან, რომ ქართულ სახელმწიფოს დღეს ფუნქციონალური დატვირთვა არ აქვს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „პირველ პრესკლუბში“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ბევრს მიაჩნია, რომ საქართველო უნდა შევიდეს ევროპაში, თუმცა „ეროვნულ ფორუმი“ ფიქრობს, რომ ევროპა უნდა შემოვიყვანოთ საქართველოსა და კავკასიაში. „ჩვენგან დაახლოებით 700 კილომეტრში კოლოსალური კონფლიქტია, უკრაინას ვგულისხმობ, სამხრეთითაც ძალიან დიდი ჯახია – ცივილიზაციის დაპირისპირების კერას, სირიაში, ერაყში მიმდინარე პროცესებს ვგულისხმობ. ძალიან ცოტა ყურადღებას აქცევს ქართული საზოგადოება ამ პროცესებს. გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და გრანდიოზული გარდაქნების მომსწრენი ვართ. რამდენიმე დღის წინ ლოზანაში სერიოზული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა.

„5+1“-ის ფორმატთან დაკავშირებით: შეგახსენებთ, ფორმატში გაერო-ს უშიშროების მუდმივი წარმომადგენელი ქვეყნები ირანის ისლამისტური რესპუბლიკა შედიან. მოლაპარაკებების შედეგად დასრულდა 30-წლიანი გაუცხოება ირანულ სამყაროსა და დასავლურ სამყაროს შორის, რაც დაგროვებულ პრობლემებს გადაწყვეტს“, – განაცხადა სანიკიძემ. მისი თქმით, ის, რაც ხდება დღეს სირიაში, ერაყში, იგივე სუნიტურ და შიიტურ სამყაროს შორის, იემენში, რამდენიც არ უნდა წავუყრუოთ, საქართველოსაც შეეხება.

“საქართველოში რამდენიმე რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს. საკითხი რაც არ უნდა სახიფათო იყოს, შესაძლოა, საქართველოსთვის წარმატებულად დასრულდეს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ყველა კონფლიქტურ მხარესთან მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობა აქვს.  მსოფლიო გეოპოლიტიკური ცენტრი სულ ახლოს გადმოდის ჩვენთან. პოტენციაში საქართველოს აქვს საშუალება პოზიტიური როლი ითამაშოს რეგიონში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, სწორედ ამით შევიძინოთ სახელმწიფოებრივი ფუნქცია. ეს საკმაოდ რთული საკითხია. მალე არამარტო ქართულ მედიას, პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებას, ქართველ ხალხს გვექნება გარკვეული საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა. მიმაჩნია, რომ ძალიან მალე დაგვჭირდება საგარეო პოლიტიკის არა გადასინჯვა, არამედ შევსება. აქამდე 26 წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკა ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით ტრიალებდა“, – აცხადებს სანიკიძე. მისი თქმით, საქართველოს არ აქვს ჩამოყალიბებული სამხრეთული მიმართულება, კერძოდ ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობა, არ მიდის მოლაპარაკებები, სჯა-ბაასი, მედია არ საუბრობს ამაზე.

„ჩემი დიდი თხოვნა იქნება, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებმა იმუშაონ ამ საკითხზე. საქართველოს ეკონომიკური აყვავება მარტო ქვეყნის შიდა პროცესებზე არ არის დამოკიდებული. მის აყვავებას ხელს შეუწყობს საგარეო პოლიტიკის გარკვეული კორექტირება და დამატებების შეძენა. ჩვენ შეგვიძლია ძალიან პოზიტიური როლი ვითამაშოთ ახლო აღმოსავლეთში და ქვეყანამ ამით ბევრი პერსპექტივა მიიღოს“, – განაცხადა სანიკიძემ.

რეზონანსი“, 10 აპრილი, 2015 წელი

სამშვიდობო მისია უკრაინაში და საქართველოს შესაძლო მონაწილეობა მასში

ქართველი წარმომადგენლები ეუთოს ეგიდით თავისუფლად შეიძლება იყვნენ ამ საქმეში ჩართული

თეა ბეჟიტაშვილი

(შემოკლებით)

“არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება რუსეთმა სათავისოდ გამოიყენოს და არსებული მდგომარეობა გაყინული კონფლიქტის რანგში გადაიყვანოს, რაც უკრაინის განვითარებას დიდი ხნით შეაფერხებს”, – ამბობს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე ნორმანდიული ოთხეულის მორიგი შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე საუბრისას.

„შექმნილ სიტუაციაში უკრაინის რეგიონში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება ერთ-ერთი ოპტიმალური გამოსავალია, მაგრამ გააჩნია ამით ვინ ისარგებლებს და ამის მისაღწევად რა დათმობაზეა წამსვლელი, ერთი მხრივ, რუსეთი და, მეორე მხრივ, დასავლეთი. „უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებს შორის პარალელების გავლება კიდევ ერთხელ მოგვიწევს, რადგან რუსეთი მხოლოდ სამშვიდობო მისიით იყო იქ და რითიც დამთავრდა ეს ამბავი, ვნახეთ კიდეც.

„ამიტომ, როდესაც სამშვიდობო მისიაზეა საუბარი, ვისი ეგიდითაც უნდა იყოს, რუსეთი მაქსიმაპლურად ეცდება, რომ ეს თავისი ძალების გასაძლიერებლად გამოიყენოს და ის შედეგი მიიღოს, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ „ოსეთშია“, ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას ხათუნა ლაგაზიშე. მისივე თქმით, რადგან უკრაინაში მხოლოდ რუს სამშვიდობოებს არანაირი ეგიდით არ შეიყვანენ, რუსეთი ეცდება, რომ ევრაზიულ კავშირში შემავალი ქვეყნების ჯარები თავად დააკომპლექტოს.

რუსეთი მხარეებს შესთავაზებს, რომ სამშვიდობოების შეყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუ მისიაში წარმოდგენილი იქნება სწორედ ევრაზიულ კავშირში შემავალი ქვეყნები და რუსეთის ჯარი უშუალოდ იქნება, როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

„საბოლოო ჯამში, ეს იქნება ისევ რუსული მისია და ევროპისთვის ეს პრობლემის თავიდან მოცილების ხელსაყრელი ვერსია ნამდვილად არ არის, რადგან ამით შეაჩერებენ კონფლიქტსა და სისხლისზღვრას, მაგრამ რეალურად ურკაინაში რუსეთის ყოფნას ძალიან ხანგრძლივი ვადით დააკანონებენ“, – ამბობს ლაგაზიძე.

როგორც ის  აღნშნავს, სამშვიდობო მისიაში უკრაინის მეზობელი ქვეყნების მონაწილეობა იდეალური ვარიანტი იქნება: „მაგრამ თამაშის წესებს რუსეთი აწესებს და საკითხავი ის არის, რამდენად დათანხმდება რუსეთის სხვა ქვეყნების შემადგენლობით სამშვიდობო კონტინეგენტის განთავსებას უკრაინაში.

„ისევე, როგორც თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „სამშვიდობო ფორმატის“ ფარგლებში მხოლოდ თავისი სამხედრო კონტინგენტის შემოყვანას მიაღწია, მაქსიმალურად ეცდება, რომ დღეს ამ მისიაში ევრაზიული კავზირის წევრი ქვეყნების სამხედროები დააკომპლექტოს.

„ის ეცდება, რომ წინ აღუდგეს მეზობელი ქვეყნების მონაწილეობას ამ მისიაში, რომელთა უშუალო ინტერესია უკრაინაში პროცესების მშვიდობიანი განვითარება და უკრაინის სახელმწიფოს შენარჩუნება. რუსეთი ეცდება,რომ უკრაინის მეზობელი ქვეყნების მონაწილეობა სამშვიდობო მისიის ფორმატში არ დაუშვას.  „რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას, მეეჭვება, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველომ თუნდაც ამ ტიპის ინიციატივით გაბედოს გამოსვლა“ – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის, კორნელი კაკაჩიას თქმით, სამშვიდობო კონტნგენტის განთავსებაში შეიძლება იგულისხმებოდეს უკრაინაში ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩაყვანა.

„თუ იმ გამოცდილებით ვიხელმძღვანელებთ, რაც საქართველოს გააჩნია ამ სამშვიდობო მისიებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ ცხინვალში ეუთოს სამშვიდობო მისიას, ეს კონფლიქტის გახანგრძლივებისა და დროში გაწელვის ვარიანტი უფროა, ვიდრე კონფლიქტის გადაწყვეტის.

„ამას ისიც ემატება, რომ რუსეთი უკრაინის რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლლების განთავსების მოხარული არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დამკვირვებლების შეყვანა არ აწყობთ, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული კოლონების შემოსვლა ვეღარ მოხერხდება“, – ამბობს კაკაჩია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უკრაინისთვის მისაღები უნდა იყოს სამშვიდობო მისიის გაგზავნა, რადგან, როგორც ის ამბობს, უკრაინას გარკვეული დროის მოგება სჭირდება იმისათვის, რომ მოახერხოს რეგიონის სტაილიზაცია და ის შეინარჩუნოს, რაც ამ დროისთვის დარჩა.

„რაც შეეხება საქართველოს როლს ამ საკითხში, ქრთველი სამხედროები არა, მაგრამ ქართველი წარმომადგენლები ეუთოს ეგიდით თავისუფლად შეიძლეა იყვნენ ამ საქმეში ჩართული, პოლიტიკური ექსპერტები ან სხვა სფეროს წარმომადგენლები დღესაც შეიძლება მონაწილეობდნენ.

„მაგრამ ის,რომ საქართველოდან შეიარაღებული ძალები იყოს ჩართული, არა მგონია რუსეთმა ეს აუშვას. ამას გარდა, ეუთოს ინტერესებშიც არ შედის უკრაინის მეზობელი ქვეყნების დამკვირვებლების ჩართვა, გამომდინარე იქიდან, რომ მეზობელ სახელმწიფოებს პირადი ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ და ამან სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა გამოიწვიოს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

Comments are closed