«КоммерсантЪ» (რუსეთი): ევროპელი მინისტრები საქართველოს ქცევის წესებს ასწავლიან
«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოში პოლიციელებს სროლა დაუწყეს
«Комсомольская правда» (რუსეთი): ქართველებს უკრაინელები ეცოდებათ: „მიშა მათ ისე დაარეფორმებს…“
«Харьков» (უკრაინა): ინტერვიუ რობერტ სტურუასთან: უკრაინელები შეცდომას დაუშვებენ, თუ მიხეილ სააკაშვილის დაპირებებს ენდობიან
«ТАСС» (რუსეთი): ნიკოლაი ბორდიუჟა: „ჩვენ მზად ვართ საქართველოსა და სხვა ქვეყნების განაცხადის განსახილველად, თუ ისინი ОДКБ-ში გაწევრიანებას მოისურვებენ“
———————-
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 15 აპრილი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2709192
ევროპელი მინისტრები საქართველოს ქცევის წესებს ასწავლიან
(შინაარსი)
საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით შვედეთის, პოლონეთისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები მარტინ ლიდეგორი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრემი იმყოფებოდნენ. გუშინ თბილისში მათ პრეს-კონფერენცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართული რეკომენდაციები გააჟღერეს: „რუსეთის საფრთხის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა საქართველოს თავისი სამხედრო ბიუჯეტი გაედიდებინა“. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ „წარსული კი არ უნდა ქექოს, არამედ წინ, მომავალს უყუროს“, ანუ ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ თავი უნდა დაანებოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მის თანამოაზრეების სისხლის სამართლებრივ დევნას… ისინი ქართველებს დაპირდნენ, რომ ევროკავშირის სახელით გააგრძელებენ ძალისხმევას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებისათვის, წინააღმდეგობას გაუწევენ „რუსეთის მცდელობებს, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირების დაკანონებას ცდილობს“ და თუ მოსკოვი არ შეჩერდება, მას დამატებით ახალ სანქციებს დაუწესებენ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).
თბილისისთვის ამ ეტაპზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებას, რომელიც, სავარაუდოდ, შესაძლოა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერთა რიგის სამიტზე (21-22 მაისს) განხორციელდეს, მაგრამ მხოლოდ „სავარაუდოდ და შესაძლოა“, რადგან, როგორც მარტინ ლიდეგორმა განაცხადა, მას ძალიან უნდა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, მაგრამ… „საქართველოს კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი ამ სანუკვარი მიზნის მისაღწევად. „ასე რომ, ჩვენ ვერაფერს დაგპირდებით“, – მოჭრა დანიელმა მინისტრმა.
თბილისში ხშირად იხსენებენ, რომ მოლდოვამ, რომელსაც საქართველოს მსგავსი სირთულეები აქვს, უკვე მიიღო უვიზო რეჟიმი – ხელი მოაწერა შესაბამის შეთანხმებას ევროკავშირთან. „მოლდოვას ინტერესებს რუმინეთი ლობირებს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია, საქართველოს კი ასეთი ერთგული ლობისტი არ ჰყავს“, – აუხსნა „კომერსანტს“დიპლომატიური აკადემიის ექს-რექტორმა სოსო ცინცაძემ.
«Независимая газета» (რუსეთი), 15 აპრილი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-04-15/7_gruzia.html
საქართველოში პოლიციელებს სროლა დაუწყეს
(შინაარსი)
„საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები მთავრობისათვის მიმართვას ამზადებენ: ისინი უფლებამოსილების გაფართოებას ითხოვენ. ბოლო თვეებში დამნაშავეთა მოქმედებით ათზე მეტი პოლიციელი დაზარალდა. ძალოვანებს იმედი აქვთ, რომ იმ გარემოებებისა და სიტუაციების ჩამონათვალი, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება, გაფართოვდება, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
„საქართველოში საკმაოდ საჩოთირო მდგომარეობა იქმნება: ერთი მხრივ, პოლიციელს უფლება უნდა ჰქონდეს იარაღი განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიყენოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ დროს, პოლიციელებმა თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. მათ მიერ განხორციელებული ოპერაციები ძალიან ჰგავდა მე-19 საუკუნის აშშ-ის „ველურ დასავლეთში“ ბანდიტების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. „ნაციონალური“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მსხვერპლი ხშირად უდანაშაულო ადამიანები ხდებოდნენ. სწორედ „ნულოვანი ტოლერანტობა“ გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხებისა და ხელისუფლებიდან წასვლის მიზეზი. ამ ბრალდებით მიუსაჯეს პატიმრობა „ნაციონალთა“ ლიდერებს, ყოფილ ძალოვან მინისტრებს ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას“, – ნათქვამია პუბლიკაციაში, სადაც ავტორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ბოლო დღეების გახმაურებულ კრიმინალურ ფაქტზე – „ვინმე შალვა აბულაძის“ მიერ პოლიციელთა წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე. იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში საერთო კრიმინალური ფონი გაურესებულია, ამნისტიის შედეგად ციხეებიდან არა მხოლოდ „მსუბუქად დასჯილები“ გამოვიდნენ, არამედ კარგად გამოჯეკილი სტაჟიანი კრიმინალებიც. კრიმინალური ფონის გაუარესებას ხელისუფლებაც აღიარებს.
„პოლიციელთა განზრახვის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი სიტუაციას შეისწავლის. მან პოლიციელებს აღუთქვა, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი. სამართალდამცველებს უფლებამოსილების გაზრდა კი უნდათ, მაგრამ საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილს პოლიციელთა სურვილისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს – ვაითუ ადრინდელი პოლიციური ტერორი დაბრუნდესო“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 14 აპრილი, 2015 წელი
http://www.kp.ru/daily/26366/3247811/
ქართველებს უკრაინელები ეცოდებათ: „მიშა მათ ისე დაარეფორმებს…“
(დასასრული. შემოკლებით)
დასავლეთი მიშას თბილისს არ გადასცემს. თავიდან იცილებს რა ცვალებადი მოკავშირის – საქართველოს თხოვნებს, დასავლეთი უკვე დარწმუნებული აღარაა, კვლავ მისი ერთგულები არიან თუ არა ქართველები. მოსკოვი, მართალია, ჩუმად შესცქერის სიტუაციას, მაგრამ გულში საქართველოს მხარს უჭერს: ყიდულობს „ბორჯომსა“ და „ქინძმარაულს“ (ბოლო დრომდე ამ პროდუქციის თითქმის 60% რუსეთის ბაზარზე გადიოდა)…
ამიტომაც ნინო ბურჯანაძე „კომსომოლსკაია პრავდასთან“ საუბარში თამამად ამბობს:
- ახლა მე საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად – თვითონ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება იყო… ვფიქრობ, რომ ეს ამერიკული პროექტის ნაწილია – ის, რაც საქართველოში ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, უკრაინაში უნდა დასრულდეს.. დასავლეთში ასეთი პრინციპი მოქმედებს: თუ შენ პრორუსი ხარ, მაშინ შეიძლება მოგკლან, დაგაპატიმრონ და თუ პროდასავლელი ხარ და რუსეთს ლანძღავ, მაშინ ყველაფრის ნება გაქვს. მე ყოველთვის მჯეროდა დასავლური ფასეულობებისა, მაგრამ როცა ჩვენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიტინგები დავიწყეთ, დასავლეთმა ის დაიცვა – ამერიკის ელჩმა მწვანე შუქი აუნთო ჩვენი დემონსტრაციის დარბევას. და როცა ქალბატონი ნულანდი კიევის მაიდანზე ნამცხვრებით ხელში დავინახე – ეს ამაზრზენი იყო! (იგულისხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნოლანდის მიერ 2013 წლის დეკემბერში კიეველი მაიდნელებისათვის ნამცხვრისა და პურის დარიგების ფაქტი – ს.კ.).
მკითხველი დამეთანხმება, რომ შემდეგი კითხვა ბუნებრივად გაჩნდა.
- დავუშვათ და თქვენ საქართველოს პრეზიდენტად აგირჩიეს. ყირიმს რუსეთის ტერიტორიად თუ აღიარებდით? – გამოვცადე „პრორუსულობაზე“ ნინო ბურჯანაძე.
- ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. ეს შეუქცევადი პროცესია! – მპასუხობს ნინო.
- და მაინც, – შევნიშნავ მე, – ედუარდ შევარდნაძის დროს მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს და თუ ახლანდელ თქვენს ქვეყანას მაშინდელს შევადარებთ, ისე განსხვავდებიან, როგორც ცა და მიწა. დღეს საქართველოში უფრო უკეთესი გზებია, ვიდრე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (ალბათ, ბელარუსისა და ბალტიისპირეთის გამოკლებით). უკეთესი პოლიციაა. და თუ სააკაშვილი ასეთ ფოკუსებს უკრაინაშიც გაიმეორებს, მაშინ…
- დიახ, ჩვენ რაღაც-რაღაცებს მივაღწიეთ, მაგრამ როგორი ფასით! – კვლავ აენთო ნინო ბურჯანაძე, – კი, „გაიშნიკებმა“ (საგზაო პოლიციამ) ქრთამის აღება შეწყვიტა, ეს დიდი დამსახურებაა, მაგრამ იგივე პოლიციელები უდანაშაულო ხალხს იჭერდნენ. ათობით დემონსტრანტი დააპატიმრეს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე: „მომიტინგემ წინააღმდეგობა გაგვიწია და მეოთხე ღილი აგვაწყვიტა“. მხოლოდ მეოთხე ღილი ყველას. რა, ყველა ერთმანეთისაგან იწერდა?
- საშინელებაა, – ვეთანხმები მე.
- მოიცა-მოიცა, – ეჭვით შემომხედა ნინომ და ყურადღება დაძაბა, – აბა, თქვენი აზრით, რომელი უკეთესია: ის, რომ პატრული იღებს ქრთამს (ან არ იღებს), თუ ის, რომ პოლიტიკური პოლიცია ხდება?
- გულახდილად გითხრა? – ჩავფიქრდი და ვგრძნობ, რუსული პოლიციის კორუმპირებულობაზე ნოსტალგია მომაწვა, – განა ჩვენთან სხვაგვარად ხდება? ყველაფერისთვის ფასის გადახდაა საჭირო.
და მაინც ნელ-ნელა დავიწყე იმის გაცნობიერება, თუ რატომ ეცოდებათ ქართველებს უკრაინელები… და რატომ არ სურთ, რომ უკრაინელებმა ქართველთა ბედი გაიზიარონ.
ირწეოდნენ რა ქანქარასავით იმედებს, მოლოდინსა და იმედგაცრუებას შორის, ჯერ მარჯვნივ – ისტერიკიან რეფორმატორ მიხეილ სააკაშვილსა და შემდეგ მარცხნივ – ფრთხილ კონსერვატორ ბიძინა ივანიშვილს შორის, ქართველები საბოლოოდ იმედგაცრუებულნი დარჩნენ ერთშიც და მეორეშიც. ან საერთოდ, საკუთარ პერსპექტივაზეც.
მიხეილ სააკაშვილი ამბიციური პიროვნება იყო, მოსწონდა ფართომასშტაბიანი მშენებლობები და თვითპიარი. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში გაჩნდა საუკეთესო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში (ამისათვის საკმარისია, ბორჯომ-ბათუმს ეწვიოთ და დარწმუნდებით), ეფექტური სახელმწიფო მმართველობა, პოლიცია.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უპრინციპო იყო, თავხედი და სტალინივით უმოწყალო, დაუნდობელი. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ სტალინს, როგორც ევროინტეგრატორს, მაშინ იგი მიშიკოა, რომელიც საკუთარ თავს ევროიმპერატორად და საქართველოს ბედის განმგებლად თვლიდა.
მიშიკოს შეშლილობის სიმპტომი: ისტორია, რომელიც დეპუტატ-ოლიგარქს ვალერი გელაშვილს გადახდა. მან გაბედა და თქვა: „როცა პრეზიდენტს ცოლი გაექცევა (იმ დროს პრეზიდენტის ჰოლანდიელი მეუღლე მართლაც წავიდა თბილისიდან – ავტ.), როგორ ფიქრობთ, ის კარგი პრეზიდენტია?“. პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი სასტიკად სცემეს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა – კონდახებით, თბილისის ცენტრში. ოლიგარქი, რომელმაც საკუთარი მიწა პრეზიდენტს რეზიდენციის ასაშენებლად მისცა, იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო. და როცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო თავისი შეხედულობით „ლამაზად“ მოაწყო და ყველას ლაგამი ამოსდო, ხალხმა შვებით ამოისუნთქა: ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა.
რათა თავისუფლება მოეტანა და (როგორც ქალურად ზუსტად გამოთქვა ნინო ბურჯანაძემ) „იმპოტენტი მთავრობა“ მოეყვანა.
დიახ, ქვეყანაში შიში აღარ მეფობს, მოსამართლეებმა გამამართლებელი განაჩენების გამოტანა დაიწყეს („ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში ასეთი რამ თითქმის არ ხდებოდა), მოსახლეობას სამედიცინო პოლისები დაურიგეს, გლეხებს – მიწის უფასოდ მოხვნის ტალონები და პლუს იაფი, ექვსპროცენტიანი კრედიტები…
მაგრამ ქვეყანას, რომელსაც მიშიკომ დიდი საგარეო ვალი აჰკიდა (შიდა საერთო პროდუქტის 70%), დღეს ინვესტიციები და პერსპექტიული იდეა-პროექტები არ ჰყოფნის…
თავისუფლების მუდმივმა თანამგზავრმა – კორუფციამ ისევ თავი წამოჰყო. რის გამოც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგი სწრაფად ეცემა, „ნაციონალებს“ კი, სრულიად შესაძლებელია, მოემატებათ, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება.
ქართველები სწორედ ამიტომ ნერვიულობენ. მათ კარგად ესმით: მიხეილ სააკაშვილი უმოწყალო ქირურგია და თუ ის ხელისუფლებაში დაბრუნდება, უარესი იქნება… მერე კი მაინც იმედგაცრუება, რადგან სასწაულები არ ხდება, ყველაფერს თავისი ფასი აქვს.
სწორედ ამიტომ ნერვიულობენ „მეოცნებეებიც“, რომელბიც „ნაციონალების“ მემკვიდრეობით კარგად სარგებლობენ და სინამდვილეში მხოლოდ ერთზე ოცნებობენ – მიშა სამუდამოდ „დამარხონ“.
„ეს ისეთი შემთხვევაა, როცა სტალინის მიერ მოცემულ კომფორტულ ბინაში ცხოვრობ და იმავდროულად სტალინი გძულს“, – ენამახვილობენ თბილისელები.
„ქართველების განწყობა ამინდივით ცვალებადია, მახსოვრობა კი – მოკლე“, – მხრები აიჩეჩა დიპლომატიური აკადემიის რექტორმა სოსო ცინცაძემ, – ორიოდე წლის შემდეგ აქ უკვე სხვა პოლიტიკური ქარი იქროლებს და ვინ მოვა ხელისუფლებაში – „პრორუსი“ ნინო ბურჯანაძე თუ „მედასავლეთე ნაციონალი“ მიშიკო – ამის გამოცნობა ჯერ შეუძლებელია. თუმცა ერთი რამ აშკარად ნათელია: მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში არაფერი გამოუვა.
- რატომ?
- უკრაინა მისთვის ძალიან დიდი ქვეყანაა, უკრაინელები კი ქართველებზე უფრო რთული ხალხია.
- ?!
- ისინი უფრო მეტს იპარავენ.
———–
(სტატიის დასასრულს ავტორის მიერ ჩამოთვლილია ის ყოფილი ქართველი ჩინოვნიკები, რომლებიც უკრაინის დღევანდელ მთავრობაში თანამდებობებზე დაინიშნენ).
«Харьков» (უკრაინა), 14 აპრილი, 2015 წელი
ინტერვიუ რობერტ სტურუასთან: უკრაინელები შეცდომას დაუშვებენ, თუ მიხეილ სააკაშვილის დაპირებებს ენდობიან
ამ რამდენიმე დღის წინ, 10 აპრილს, „რეპორტიორმა“ გამოაქვეყნა უკრაინულ ჟურნალ «Фокус»-ის მე-14 ნომერში (ქაღალდის ვერსიაში) დაბეჭდილი ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას ინტერვიუს ანონსი. მართალია, მასალის ტექსტი ჟურნალის ვებ-საიტზე ჯერ-ჯერობით არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ზოგიერთმა უკრაინულმა ელექტრონულმა გამოცემამ ინტერვიუს შინაარსი გაავრცელა.
გთავაზობთ ქართულ თარგმანს:
„ცნობილი ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას თქმით, „საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „მიმზიდველობას“ ბევრი ვერ ეწინააღმდეგება, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. რატომ? იმიტომ, რომ „იმპულსიურ ქართველს“ თავისი ერთობ „კეკლუცური“ ეროვნული თავისებურებით ძალიან იოლად შეუძლია „წარმატების“ ილუზია შექმნას იქ, სადაც არანაირი წარმატება არ არის და არც იქნება. ამიტომაც უკრაინელები არ უნდა შეცდნენ და არ უნდა დაუჯერონ ამ პოლიტიკოსის დაპირებებს“.
„ვაი-პრეზიდენტის“ მმართველობის დროს განხორციელებულ რეფორმებს შორის რობერტ სტურუამ მეტ-ნაკლებად დადებითად შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნა მიიჩნია, თუმცა იქვე შენიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საპყრობილეებში ადამიანებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.
„მე მგონია, უკრაინელები სცდებიან, როცა მთელ იმედებს მიხეილ სააკაშვილზე ამყარებენ. ამ ადამიანის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასი იყო. მისი მმართველობის წლებში საზღვარგარეთ ასეულ ათასობით ქართველი წავიდა სამუშაოდ. ისინი ძირითადად ქალები არიან, რომლებიც „ბეიბისითერებად“ (ბავშვის მომვლელებად) მუშაობენ და დღემდე საქართველოში უცხოეთიდან ფულს აგზავნიან. საქართველო მხოლოდ ბათუმის სასტუმროები და თბილისის ათობით ახალი შენობა არ არის. გაიარეთ, დაკვირვებით ნახეთ ქვეყანა, შეიხედეთ სოფლებში და ხალხს ჰკითხეთ, თუ როგორ ცხოვრობენ“, – ამბობს რობერტ სტურუა.
ინტერვიუს დასასრულს რეჟისორმა იმედი გამოხატა, რომ მიშა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში ხელისუფლება დაკარგა, იქნებ უკრაინის გავლენის წყალობით როგორმე შეიცვალოს.
«ТАСС» (რუსეთი), 14 აპრილი, 2015 წელი
http://tass.ru/politika/1897919
ნიკოლაი ბორდიუჟა: „ჩვენ მზად ვართ საქართველოსა და სხვა ქვეყნების განაცხადის განსახილველად, თუ ისინი ОДКБ-ში გაწევრიანებას მოისურვებენ“
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ ინტერვიუ მისცა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის ჟურნალისტს, რომელშიც მან ორგანიზაციის შესაძლო გაფართოებასა და საერთოდ, საქმიანობის პერსპექტივაზე ისაუბრა.
„ჩვენს სამხედრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სურვილს რიგი ქვეყნები ნამდვილად გამოხატავენ, ამის ინტერესი არის. ამასთან, უფრო სერიოზულ ურთიერთობაზე გადაწყვეტილება მათ თვითონ უნდა მიიღონ“, – განაცხადა ნიკოლაი ბორდიუჟამ და ამით ОДКБ-ში „რიგი ქვეყნების“ შესაძლო გაწევრიანებაზე მიანიშნა.
„ჩვენ მზად ვართ ყველა სახელმწიფოს განაცხადი განვიხილოთ, გნებავთ პაკისტანის, ირანის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს… მაგრამ აქ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება გადაწყვეტილების გააზრებული მიღება და ამ სახელმწიფოს მზადყოფნა პრაქტიკულად შეუწყოს ხელი უსაფრთხოების განმტკიცებას კოლექტიურ დონეზე. ეს უნდა იყოს არა უბრალო პოლიტიკური ნაბიჯი, რომლის შემდეგ არაფერი ხდება, არამედ მკაცრად გაანგარიშებული და მტკიცედ განსაზღვრული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ორგანიზაციის გენმდივანმა ინტერვიუში.
————–
ამჟამად ОДКБ-ში, რომელიც 1992 წელს შეიქმნა, ექვსი სახელმწიფოა გაერთიანებული: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. უზბეკეთიც იყო მისი წევრი, მაგრამ პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის გადაწყვეტილებით, ამ სახელწიფომ თავისი წევრობა 2012 წელს შეაჩერა.