globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 16th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 15 აპრილი, 2015 წელი

http://www.ft.com/intl/cms/s/0/3b7b7702-debf-11e4-b9ec-00144feab7de.html#axzz3XNRK7YuF

http://www.gazeta.ru/business/news/2015/04/15/n_7110629.shtml

უკრაინას იმედი აქვს, რომ უცხოელი მინისტრები რეფორმებს განახორციელებენ

სტატიაში გადმოცემულია უკრაინის მთავრობაში დანიშნული უცხოელი მინისტრების საქმიანობა, მათი პოზიციები და ხედვები ქვეყნის პერსპექტივის თაობაზე (ავტორები: რომან ოლერჩიკი – კიევიდან და ნილ ბაკლი – ლონდონიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინაში უცხოური წარმოშობის მქონე მინისტრები კორუფციასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან. ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო, მართალია, წარმოშობით უკრაინელია, მაგრამ მას აშშ-ის  მოქალაქეობა ჰქონდა, ხოლო ეკონომიკის მინისტრი აივარს აბრომავიჩიუსი ლიტვის მოქალაქე იყო. ორივეს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიანიჭა.

მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი უცხოური კონტინგენტი ქართველებისაგან შედგება, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორთა გუნდიდან, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოვიდა. ამ ადამიანებმა თავიანთი საქმიანობით სამშობლოში მტრები გაიჩინეს, რაც საბოლოოდ 2012 წლის არჩევნებში დამარცხებით და ხელისუფლებიდან წასვლით დასრულდა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო ბანკის აღიარებით, ქართველმა რეფორმატორებმა საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ათეულში შეიყვანეს – ბიზნესის იოლად დაწყების თვალსაზრისით.

ალექსანდრე კვიტაშვილს – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს და დავით საყვარელიძეს – გენერალური პროკურორის მოადგილეს, ოდესღაც თბილისში მაღალი თანამდებობები ჰქონდათ დაკავებული. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეც ქართველია, იგი სამშობლოში პოლიციის რეფორმის განხორციელებას აკონტროლებდა.

თვით მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „საგარეო საქმეთა მრჩეველია”, იგი ასევე ხელმძღვანელობს რეფორმების გატარების საკონსულტაციო საბჭოს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან 2013 წელს წავიდა. ამჟამად მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ, რომელიც პრეზიდენტს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაუპირისპირდა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. ასევე განაწყენდა საქართველოს ხელისუფლებაც, რომელმაც თბილისში მყოფ უკრაინის ელჩს ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

ალექსანდრე კვიტაშვილმა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ყველა სტრუქტურის ხელმძღვანელი გაათავისუფლა, უწყება ბიუროკრატებისაგან გაწმინდა. სხვათაშორის, ეს ის სამინისტროა, რომელიც ძირითადად მექრთამეობით იყო დაკავებული და არა ჯანმრთელობის დაცვით.

ნატალია იარესკომ და აივარს აბრომავიჩიუსმა თავიანთ ქონებრივ დეკლარაციებში შემოსავლების შვიდნიშნიანი ციფრი აჩვენეს. ისინი აღიარებენ, რომ მათ შეუძლიათ, გარკვეული დროის მანძილზე რამდენიმე ასეული დოლარის ხელფასი არ აიღონ და ამით ქვეყნის ბიუჯეტს დაეხმარონ.

ქართველებისათვის უკრაინაში სამსახურის მოტივი შეიძლება მთლად ასეთი ალტრუისტული არ იყოს, მაგრამ მათ სურთ, საკუთარ ხალხს დაუმტკიცონ, რომ ისინი საერთაშორისო დონეზე წარმატებული და აღიარებული გუნდის წევრები არიან.

«Комсомольская правда в Украине» (უკრაინა//რუსეთი), 16 აპრილი, 2015 წელი

http://kp.ua/politics/498067-mykhayl-saakashvyly-nelzia-vechno-vluibliatsia-v-svoe-pravytelstvo-nelzia-postoianno-ustrayvat-maidany

მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ სტუდენტებთან: კითხვები და პასუხები

ანასტასია რიაბოკონი

(შემოკლებით)

გუშინ, 15 აპრილს, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა კიევ-მოგილას აკადემიაში (უნივერსიტეტში) ლექცია წაიკითხა და კახა ბენდუქიძის დამსახურებაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ იმავე აკადემიაში ერთი წლის ასევე ლექცია ჩაატარა აწ უკვე გარდაცვლილმა ყოფილმა ქართველმა მინისტრმა, რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოდში უკრაინის ახალ ხელისუფლებას რეფორმების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობდა.

ლექციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს სტუდენტებმა კითხვები დაუსვეს.

- როგორ არჩევდით ადამიანებს სამუშაოდ?

- მე ვცდილობდი სოფლიდან ამეყვანა ხალხი და ისეთი სფეროებიდან, რომლებიც სისტემის მიერ ჯერ კიდევ სრულად არ იყო გაფუჭებული. არ შეიძლება ხანშიშესული ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა. გამორიცხულია, რომ ბაყაყებს ჭაობის ამოშრობა დაავალო, თუ ისინი ამას გააკეთებენ, თვითონ დაიღუპებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ სამსახურისთვის ყველაზე ახალგაზრდებს არჩევდით. დედაჩემმა, როგორც კი დავით საყვარელიძე დაინახა, იმავ წუთს მითხრა, რომ აი, ასეთი სიძე მინდაო…

- სხვათა შორის, იგი ჯერ-ჯერობით უცოლოა.

- თქვენ თქვით, რომ შეცდომებიც დავუშვითო.. რომელ შეცდომას გამოყოფდით?

- უფრო მეტი თანხები უნდა ჩაგვედო განათლების სისტემის განვითარებისათვის, მკაცრად და სწრაფად უნდა მოგვეხდინა დეკომუნიზაცია. არ უნდა დაგვეწყო თავმოწონება, თვითრეკლამა. უნდა ჩამოგვეყალიბებინა იდეოლოგია და გველაპარაკა პრობლემებზე.

- საქართველოში პოზიტიური ცვლილებების დიდი უმეტესობა (90%) თქვენი მმართველობის დროს განხორციელდა, მაგრამ თქვენ ასევე გაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ ქართული შინაგან საქმეთა სამინისტრო საბჭოურ „ენკავედე“-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს) დაემსგავსაო და რომ  თქვენ ძალიან ბევრი ჩასვით საპყრობილეში. როგორია თქვენი პოზიცია დღეს უკრაინასთან მიმართებით?

- საქართველოში საზოგადოება კრიმინალიზებული იყო, კორუფცია ცხოვრების წესად იქცა. უკრაინაში ასეთი რამ არ ხდება და, შესაბამისად, ამის აუცილებლობა არ არის. სამაგიეროდ ჩვენთან [საქართველოში], მსოფლიოში ყველაზე სწრაფი საბაჟოებია, ყველაზე სწრაფად ხდება საწარმოს რეგისტრაცია. ჩვენ ქართული საზოგადოება ჭაობიდან თმებით ამოვათრიეთ. უკრაინაში ბიუროკრატები არსად უნდა გააჭაჭანოთ. ისინი ხელს უშლიან ენთუზიასტებს.

- საქართველოში ოლიგარქები არ იყვნენ, მაგრამ ჩვენთან არიან. რა უნდა ვუყოთ მათ?

- ოლიგარქებს უნდა წავართვათ დეპუტატები, პროკურორები, „ემვედეშნიკები“ და ვაიძულოთ გადასახადები გადაიხადონ. გადასახადები გადაიხადონ და რამდენიც უნდათ, იმდენი იოლიგარქონ.

- როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლების დეოლიგარქიზაცია?

- აი, პეტრო პოროშენკო იმ დროიდან, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, „შოკოლადის მეფე“ უკვე აღარ არის. დღეს მას უკვე წარსულზე ვერავინ უსაყვედურებს. მას ახლა ის უნდა მოსთხოვოთ, რომ ხალხის ნება შეასრულოს. დღეს ხელისუფლება სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ რაღაც დიდი საქმეები უნდა გააკეთოს. ამავე დროს ხშირად უნდა შეახსენოთ, რომ დრო ცოტა რჩება, საქმე კი ბევრია გასაკეთებელი.

- როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს რეფორმატორს?

- უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. ცვლილებებისადმი თვით საზოგადოება უნდა განეწყოს. აუცილებელია ახალი კადრების მოზიდვა, ახალი ხალხის მონახვა, რომლებიც უარს იტყვიან ქრთამის აღებაზე. მე მშურს უკრაინელი პოლიტიკოსებისა – ისინი მცოდნე, განათლებულ ადამიანებს ხელმზღვანელობენ. დიდი უსამართლობაა, რომ ასეთი ხალხი ცუდად ცხოვრობს. მაგრამ მუდმივად მაიდნის მოწყობაც არ შეიძლება. ეს სწორედ პუტინის სურვილია.

————

მიხეილ სააკაშვილმა თავი აარიდა ზოგიერთ საკითხზე ზუსტი პასუხის გაცემას და საერთო ფრაზებით შემოიფარგლა. მაგალითად, ერთ-ერთი სტუდენტის კითხვაზე, როგორია თქვენი დამოკიდებულება ნურსულთან ნაზარბაევისადმიო, მან ასე განაცხადა: „ყველა ჩვენს ქვეყნებში მთავარი რესურსი საზოგადოებაა. შესაბამისად, თავისუფლება ყველგან თანდათან გაიმარჯვებს. ჩვენ არ ველოდით, რომ საბჭოთა კავშირი ასე სწრაფად დაიშლებოდა. თავისუფლება ყველგან გაიმარჯვებს და რუსული იმპერიული პროექტი დამარცხდება – ამას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ უკვე ბევრგან ვნახეთ ცვლილებები და კიდევ ვნახავთ“.

ექს-პრეზიდენტმა ისაუბრა აგრეთვე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონსა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე: „განა შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ ლუგანსკ-დონეცკი და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი? კი, აქაც და იქაც საომარი სიტუაციაა, მაგრამ ერთი მომენტის გამოკლებით: პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ედუარდ შევარდნაძისაგან განსხვავებით, სამარცხვინო შეთანხმებისათვის ხელი არ მოუწერია. მაგრამ აქ ეთნიკური საკითხი არ დგას. აქ, უკრაინაში მათ [დონბასელებს] საბჭოურობის შენარჩუნება სურთ. მე ამას ყნოსვით ვგრძნობ“.

Comments are closed