«Radio Free Europe//Radio Liberty» (აშშ): „საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრს [მინიშნებით] აკრიტიკებს“
«КоммерсантЪ» (რუსეთი): ქართულ-რუსულ ფრონტზე ცვლილებები არ მოხდება: ზურაბ აბაშიძე თანამდებობას ინარჩუნებს
«Первый Армянский Информационный» (სომხეთი): „ხუთი წუთი სკანდალამდე“; „გადადგეს სომხეთის პარლამენტის სპიკერი!“
«Lragir» (სომხეთი): ჭექა-ქუხილის ღრუბლები სომხურ-ქართულ მშვიდობიან ცაზე
«News.am» (სომხეთი): ვაგრამ ბაღდასარიანი: „საქართველო გაგებით მოეკიდა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერის შეხვედრას“
«РИА Новоасти» (რუსეთი): ვაშინგტონმა თარხან თეიმურაზოვიჩ ბათირაშვილზე ინფორმაციისათვის 5 მილიონი ჯილდო დააწესა
———————-
«Radio Free Europe//Radio Liberty» (აშშ), 5 მაისი, 2015 წელი
http://www.rferl.org/content/caucasus-report-georgia-president-slams-cabinet-change/26996307.html
„საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრს [მინიშნებით] აკრიტიკებს“
ამერიკული «Radio Free Europe//Radio Liberty» რუბრიკაში «Caucasus report» გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოში შექმნილი მთავრობის კრიზისი და მასთან დაკავშირებული მოვლენები (ავტორი – ჟურნალისტი ლიზ ფულერი).
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, მთავრობის გადადგომასა და კაბინეტის ახალი შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებულმა პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ „საქართველოს მმართველ კოლიცია „ქართულ ოცნებაში“ კვლავ შიდა დაპირისპირებები არსებობს. ზოგიერთმა დამკვირვებელმა ეჭვი გამოხატა, რომ შესაძლოა მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პარლამენტში განხილვისას ნდობის ვოტუმი არ მიიღოს“.
სტატიაში მოცემულია პრეზიდენტის კრიტიკული პოზიცია მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით: გიორგი მარგველაშვილმა უკმაყოფილება გამოხატა თავდაცვის მინისტრის შეცვლის გამო და განაცხადა, რომ პარლამენტში მთავრობის წევრებს დასამტკიცებლად მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში წარადგენს.
პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი თავდაცვის ახალი მინისტრის თინათინ ხიდაშელის ვინაობას, მისი ბიოგრაფიის ძირითად მომენტებს, კარიერული წინსვლის ამსახველ ფაქტებს.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 6 მაისი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2721765
ქართულ-რუსულ ფრონტზე ცვლილებები არ მოხდება: ზურაბ აბაშიძე თანამდებობას ინარჩუნებს
გაზეთ „კომერსანტის“ პუბლიკაციაში განხილულია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის საკითხები, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის შეხვედრების, ე.წ. „პრაღის ფორმატის“ პერსპექტიული ცვლილებები (ავტორები – გიორგი დვალი და პავლე ტარასენკო).
საქმე იმაშია, რომ ზურაბ აბაშიძემ მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მაისში ან ივნისში „პრაღის ფორმატში“ ცვლილებები მოხდებაო, რაც ჟურნალისტებმა მის სავარაუდო გადადგომის მომასწავებლად აღიქვეს. მართლაცდა, ბოლო ხანებში აბაშიძე-კარასინის შეხვედრების შედეგები საკმაოდ ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი: უკმაყოფილოა არა მარტო ოპოზიცია, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც (პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი) და დამოუკიდებელი ექსპერტებიც (მაგალითად, პოლიტოლოგი იოსებ ცინცაძე, რომლის შეფასებით, „პრაღის ფორმატი აბსოლუტური ნულის ტოლია“). თუმცა თვითონ ზურაბ აბაშიძემ „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში კატეგორიულად უარყო ხმები თავისი შესაძლო გადადგომის თაობაზე და აღნიშნა, რომ „მე მხოლოდ ვთქვი, რომ სიტყვები „აბაშიძე-კარასინის ფორმატი“ არ მომწონს-მეთქი. ცხადია, ეს ფორმატი მხოლოდ ჩვენთვის არაა შექმნილი, მოსკოვ-თბილისის დიალოგის გაძღოლა სხვებსაც შეუძლიათ. რაც შეეხება კონკრეტულ წინადადებებს ჩვენი მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე, მზად ვართ მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ“.
მართლაცდა, ზურაბ აბაშიძეს გადადგომა აშკარად არ ემუქრება: როგორც შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, იგი ქართველი და რუსი დიპლომატების მუშაობას „წარმატებულად, ნაყოფიერად და სასარგებლოდ“ მიიჩნევს. გარდა ამისა, მთავრობის კანცელარიიდან სანდო წყარომ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია ზურაბ აბაშიძის მუშაობით: იგი პროფესიონალი დიპლომატია და მოვალეობას მაღალკვალიფიციურად ასრულებს.
თავის მხრივ, „პრაღის შეხვედრების“ ფორმატის შეცვლას არც მოსკოვი არ აპირებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ადრეც განაცხადა, რომ „პრაღის შეხვედრებზე“ პრობლემების გულახდილი და სასარგებლო განხილვები მიმდინარეობსო, გუშინ კი „კომერსანტს“ დიპლომატიურმა წყარომაც დაუდასტურა, რომ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობის ფორმატის ცვლილება არ იგეგმება.
«Первый Армянский Информационный» (სომხეთი), 5 მაისი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2721451
„ხუთი წუთი სკანდალამდე“; „გადადგეს სომხეთის პარლამენტის სპიკერი!“
სომხეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გრძელდება სტატიებისა და კომენტარების გამოქვეყნება „სამხრეთ ოსეთის პარლამენტის“ სპიკერის ანატოლი ბიბილოვისა და სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ამ დღეებში მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტში გაიმართა.
სომხურმა საინფორმაციო სააგენტომ „პერვიი არმიანსკიი ინფორმაციონნის“ («Первый Армянский Информационный») საიტზე გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „ხუთი წუთი სკანდალამდე“ (ავტორი მუსა მიქაელიანი), რომელშიც მიმოხილულია ანატოლი ბიბილოვისა და გალუსტ სააკიანის შეხვედრის ფაქტი და მისი თანამდევი მოვლენები: თუ როგორ გამოხატა საქართველოს ელჩმა სომხეთში თენგიზ შარმანაშვილმა თავისი უკმაყოფილება, თუ როგორ დაიბარეს სომხეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას საყვედური გამოუცხადეს, თუ როგორ მოუწია სომხურ მხარეს ახსნა-განმარტებების გაკეთება…
„გუშინ საქართველო და სომხეთი სერიოზული დიპლომატიური სკანდალის ზღურბლზე იდგნენ. თანაც, ამის მიზეზი აშკარად სომხეთია, რომლის პარლამენტის თავმჯდომარე მთიან ყარაბაღში სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერს შეხვდა – სამხრეთ ოსეთისა, რომელსაც ჩვენი მეზობელი საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. რთულია იმის გაგება, თუ რას ფიქრობდა გალუსტ სააკიანი ამ შეხვედრის წინ, ან კი საერთოდ ფიქრობდა რამეს? ან იყო ვინმე ისეთი მის ახლო-მახლო, რომელიც სპიკერს ამგვარ ნაბიჯს არ გადაადგმევინებდა?
და თუ ქართულ-სომხური სკანდალის შედეგებს როგორმე გადავურჩებით და თავიდან ავიცილეთ, გულში ხომ უსიამოვნო გრძნობა დიდხანს დარჩება?! და ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას საერთოდ არ უფიქრია, თუ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა სომხეთ-საქართველოს მდგომარეობა ამ შეხვედრის შედეგად… ალბათ, ზედმეტი იქნებოდა იმის ახსნა-განმარტება, თუ როგორი მნიშვნელობას აქვს სომხეთისათვის ამ ურთიერეთობას, ეს ხომ სკოლის მოსწავლეებმაც იციან. არც ისაა გამორიცხული, რომ შესაძლებელია ვიღაც დიდხანს ფიქრობდა, თუ როგორ გაემწვავებინა ორი მეზობლის ურთიერთობა და ბოლოს მოიფიქრა კიდეც…
ის, რომ სომხურ-ქართული მეგობრობა ჩვენს სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს და სტრატეგიულ მოკავშირეს მოსვენებას არ აძლევს, უკვე დიდი ხანია რეალობას წარმოადგენს და თუ ცნობილი სისხლის სამართლებრივი ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, დიდხანს არ მოგვიხდება იმის ძებნა, ვის აწყობს მომხდარი ამბავი“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
იმავე სააგენტოს საიტზე დღესვე კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა სათაურით „გადადექი! ეს ერთადერთი გამოსავალია იმ დარტყმის შემდეგ, რაც სპიკერმა სომხეთს მიაყენა“ (ავტორი – ეგიაზარ აინტაბცი). მასში ნათქვამია: „იმის შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ჩაიდინა, ჩვენი ხელისუფლება აქტიურად ცდილობს დაარწმუნოს საქართველო, რომ სააკიან-ბიბილოვის შეხვედრა „კერძო შემთხვევა“ იყოო. ანატოლი ბიბილოვი არაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერია. ჰოდა, ამ პარლამენტის საიტზე და ოსურ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ბიბილოვსა და სააკიანს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა და მხარეებმა ორმხრივი საკითხები განიხილესო. მომწიფდა სომხურ-ქართული სკანდალი. საქართველომ ხისტი განცხადებები გააკეთა. ახლა კი ოფიციალური ერევანი გამალებით ეძებს დაზაბულობიდან გამოსასვლელ გზებს. ჩვენმა პრემიერმა ოვიკ აბრამიანმა საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს დაურეკა და ცდილობდა სიტუაცია ჩაეცხრო და ინციდენტს კვლავ „კერძო შემთხვევად“ ასარებდა.
რამდენად დამარწმუნებელი იქნება საქართველოს ასეთი ახსნა-განმარტებები, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ის, რომ ერევანი დაბეჯითებით ცდილობს სიტუაციის შერბილებას, იმას მოწმობს, რომ ქართული მხარე ამ განმარტებით კმაყოფილი არ არის. არადა, ასეთ სიტუაციას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. უეჭველია, რომ სომხეთი, რომელიც თურქულ-აზერბაიჯანულ ბლოკადაში იმყოფება, უბრალოდ, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსგან რაიმე დაბრკოლება გვექნება. ეს პრობლემები აუცილებლად შეიქმნება, თუ ქართულ მხარესთან არ მოვილაპარაკებთ. ასეთი სიტუაცია, აშკარაა, რომ სომხეთის უსაფრთხოებას უდიდეს დარტყმას მიაყენებს. და ამ დარტყმას აყენებს ვიღაც კი არა, არამედ ქვეყნის პარლამენტის სპიკერი, ანუ სახელმწიფოს მეორე პირი!
ასეთი მასშტაბის დარტყმის გამო პირველ რიგში თანამდებობიდან ეროვნული კრების თავმჯდომარე უნდა გადადგეს. გალუსტ სააკიანის წასვლა ზოგიერთებს თბილისთან დაძაბული ურთიერთობის განმუხტვაში დაეხმარება. ეს იმის დამადასტურებელიც იქნება, რომ ერევანი მტკიცე პოზიციით გამოდის და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ერთი მხრივ, სანამ ოფიციალური ერევანი ცდილობს ოფიციალურ თბილისს რაღაც მტკიცებულებები წარუდგინოს, გალუსტ სააკიანს უკვე განცხადება უნდა ჰქონდეს დაწერილი პარლამენტისადმი გადადგომის თაობაზე და საზოგადოებას პატიება უნდა სთხოვოს იმ დარტყმის გამო, რაც მან სამშობლოს უსაფრთხოებას მიაყენა. ამის შემდეგ მას შეუძლია რამდენჯერაც სურს იმდენჯერ შეხვდეს ვიღაცეებს. აშკარაა, რომ იგი სახელმწიფო თანამდებობისათვის შეუფერებელია.
მეორე მხრივ, ამ ისტორიიდან, საერთოდ, სომხეთის მართვის საკითხი გამოიკვეთა. რატომ არ არის სომხეთში მსგავსი სიტუაციების დროს მკაფიო და სისტემატიზებული მიდგომები? რატომაა, რომ რომელიმე მაღალჩინოსანს შეუძლია ასეთი „კერძო“ შეხვედრით საფრთხის ქვეშ დააყენოს ეროვნული უშიშროება? ანდა რატომაა, რომ მაღალ თანამდებობებზე ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ საკუთარი ნაბიჯების შედგებზე? გალუსტ სააკიანის „კერძო შემთხვევა“ გვაჩვენებს, რომ ამ მიმართებით სომხეთში უპასუხისმგებლო და მიშვებული ვითარება სუფევს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
«Lragir» (სომხეთი), 6 მაისი, 2015 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/41979
http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/41983
ჭექა-ქუხილის ღრუბლები სომხურ-ქართულ მშვიდობიან ცაზე
როგორც ჩანს, სომხურ-ქართულ მშვიდობიან ცაზე ჭექა-ქუხილის ღრუბლები ჩნდება: სომხეთის პარლამენტის სპიკერი გალუსტ სააკიანი სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერს ანატოლი ბიბილობვს სეხვდა. ინფორმაცია ოსურმა მხარემ გამოაქვეყნა, რასაც საქართველოს მრისხანე რეაქცია მოჰყვა.
როგორ აისახება ეს ყველაფერი ქართულ-სომხურ ურთიერღთობებზე, ამის თქმა ჯერ რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისი ბრაზს ვერ ფარავს.
ნიშანდობლივია, რომ ჭექა-ქუხილის ღრუბლები სერჟ სარგსიანის აშშ-ში ვიზიტის წინ გამოჩნდა. პრეზიდენტი იქ ამერიკელ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მოღვაწეებს, სომხური დიასპორის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს უნდა შეხვდეს. და აი, სწორრედ ვიზტის წინ ასეთი არასასიამოვნო სიურპრიზი!
რასაკვირველია, ამერიკელი პოლიტიკოსები სერჟ სარგსიანს სეეკითხებიან, თუ რატომ ხვდება სომხეთის პარლამენტის სპიკერი რომელირაც არაღიარებული სუბიექტის ლიდერს? ამით ხომ საქართველოსთან ურთიერთობა უარესდება – ერთადერთ რეგიონულ ქვეყანასთან, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულია?
ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ასეთი „კერძო შეხვედრა“ მხოლოდ გალუსტ სააკიანის ინიციატივა არ იყო? პარლამენტის სპიკერი ხომ ამ ნაბიჯის გადადგმას სერჟ სარგსიანის გარეშე ვერ გაბედავდა! თუმცა ისიც გაუგებარია, როგორ შეეძლო ამ შეხვედრის მხარდაჭერა პრეზიდენტს? ალბათ, ამის ინიციატორი მოსკოვია, რომელიც, აშკარაა, თავისი კავკასიური პოლიტიკის გრადუსს მაღლა სწევს და ამით სომხეთს ხისტ მოთხოვნებს უყენებს.
თუ გალუსტ სააკიანმა იცოდა, რომ სერჟ სარგსიანის გარეშე ანატოლი ბიბილოვს ვერ შეხვდებოდა, მაშინ ოსური მხარე, მით უმეტეს, შეხვედრის ამსახველ ინფორმაციას მოსკოვის ნებართვის გარეშე ვერ გამოაქვეყნებდა!
ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ სერჟ სარგსიანი ამერიკაში ვიზიტის წინ მოსკოვის მიერ დაგებულ ხაფანგში გაება: კრემლისათვის აშკარად არასაკმარისი გამოდგა სერჟ სარგსიანის მიერ ამერიკის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, რომ „ვაშინგტონისთვის ინტერესები უფრო ძვირფასია, ვიდრე ფასეულობები“.
რაც შეეხება საქართველოს რეაქციას: თბილისის გაღიზიანება გასაგებია. სამხრეთ ოსეთის, ანუ სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა ხომ ეფემერულია – ცხინვალის სუვერენიტეტი მხოლოდ რუსეთმა და რომელირაც ვანუატუმ აღიარა. აფხაზეთისაგან განსხვავებით, რომლის თვითგამორკვევის უფლებას ქართველები ასე თუ ისე, მეტად თუ ნაკლებად ეთანხმებიან, სამხრეთ ოსეთი სრულიად ხელოვნურ წარმონაქმნად მიიჩნევა. ამასთან, ისიც სათქმელია, რომ საქართველო მთიანი ყარაბაღის საკითხში საერთაშორისო „სტანდარტებს“ იცავს და მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო არ აღიარებს სომეხთა გენოციდს და აქტიურად თანამშრომლობს ანკარასთან და ბაქოსთან, პოლიტიკურად და ეკონომიკურად. სწორად მოქმედებს თუ არა საქართველო, ეს პოლიტიკური საკითხი არ არის: თბილისს თავისი პოზიცია აქვს და თავის კურსს ახორციელებს.
და როგორია ამ დროს სომხეთის პოზცია, როგორ საგარეო პოლიტიკას ატარებს ერევანი? ფაქტია, რომ სომხეთმა არ აღიარა არც მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი. რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ არ აღიარა მთიანი ყარაბაღი, თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით.
სომხეთი არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთის საგარეო პოლიტიკას არ ეთანხმება. რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ სომხეთი მთიან ყარაბაღს არ ცნობს იმის გამო, რომ მოსკოვი ნებას არ აძლევს? უფრო მეტიც – შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვმა გასცა განკარგულება, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი სახელმწიფო დონეზე მიიღეთო? თუ ეს ასეა, მაშინ მოსკოვი სომხეთის კიდევ უფრო მეტ იზოლირებას ცდილობს – კრემლი ჩვენ საქართველოსკენ გასასვლელს გვიქოლავს. ეს ძალიან აქტუალური საკითხებია. ბოლო ამბებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სომხეთს სუვერენული საგარეოპოლიტიკური კურსი არ გააჩნია.
«News.am» (სომხეთი), 5 მაისი, 2015 წელი
http://news.am/rus/news/265368.html
ვაგრამ ბაღდასარიანი: „საქართველო გაგებით მოეკიდა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერის შეხვედრას“
„საქართველო გაგებით მოეკიდა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრას თავის სომეხ კოლეგასთან გალუსტ სააკიანსთან ერევანში“, – განაცხადა დღეს, 5 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის პარლამენტის ფრაქცია „რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელმა ვაგრამ ბაღდასარიანმა. მისი თქმით, ანატოლი ბიბილოვი მთიან ყარაბაღში საპარლამეტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ერევანში დაბრუნებისას მან სურვილი გამოთქვა, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერს შეხვედროდა და გენოციდთან დაკავშირებით სამძიმარი გამოეხატა.
„ჩამოვიდა, სამძიმარი გვითხრა და წავიდა. არავითარი ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა. ადამიანებს შეხვედრას ვერ დავუშლით, ეს გონივრული საქციელი არ იქნება“, – აღნიშნა ვაგრამ ბაღდასარიანმა. „სწორედ ამიტომ ამ ფაქტს ბოროტგანზრახულად ნუ გამოვიყენებთ და მას „დიპლომატიურ სკანდალად“ ნუ მოვნათლავთ. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გასწორდა. ანატოლი ბიბილოვს ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა არა სომხეთის პარლამენტის სპიკერთან, არამედ ყარაბაღელ კოლეგასთან. არანაირი სასკანდალო არაფერი მომხდარა. ჩვენთან ვინმე რომ ჩამოვიდეს ჩეჩნეთიდან სამძიმრის სათქმელად, ან აზერბაიჯანიდან, საიდანაც გნებავთ, მე მას აუცილებლად მივიღებ“, – განაცხადა მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერმა.
«РИА Новоасти» (რუსეთი), 6 მაისი, 2015 წელი
http://ria.ru/world/20150505/1062755105.html
http://www.state.gov/r/pa/prs/ps/2015/05/241912.htm
ვაშინგტონმა თარხან თეიმურაზოვიჩ ბათირაშვილზე ინფორმაციისათვის 5 მილიონი ჯილდო დააწესა
ალექსეი ბოგდანოვსკი
(შემოკლებით)
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ 20 მილიონ დოლარს აწესებს ჯილდოდ ინფორმაციისათვის, „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი მთავარი ლიდერის შესახებ. ამ ოთხეულში შედის ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე თარხან ბათირაშვილი.
„სახელმწიფო მდივანმა მხარი დაუჭირა ინიციატივას დაწესდეს ჯილდო 7 მილიონი დოლარი აბდალ-რაჰმან მუსტაფა ალ-კადულის შესახებ ინფორმაციისათვის, 5-5 მილიონი – აბუ-მუჰამედ ალ-ადნანისა და თარხან თეიმურაზის ძე ბათირაშვილის შესახებ და 3-3 მილიონი დოლარი თარიკ ბენ ალ-თახარისა და ფარიხ ალ-ავან ალ-ჰაზრის თაობაზე.
აშშ-ის საგარეოპოლიტიკური უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, მასობრივად სიკვდილით სჯის ადამიანებს, ახორციელებს დევნას ეროვნული კუთვნილების მიხედვით, კლავს ბავშვებს, აუპატიურებს და უამრავ მხეცობას სჩადის“. ინფორმაციაში აგრეთვე აღწერილია ოთხეულის წევრთა ტერორისტული საქმიანობაც.
თარხან ბათირაშვილი საქართველოშია დაბადებული. იგი მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთში მომხდარ შეირაღებულ კონფლიქტში, შემდეგ ახლო აღმოსავლეთში წავიდა და დაჯგუფება „ჯეიშ ალ-მუხაჯირინ ვალ-ანსარს“ ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით მიემხრო „ისლამური სახელმწიფოს“. ცნობილია მეტსახელით „აბუ-უმარ ალ-შიშანი“ („ომარ-ჩეჩენი“).
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში ნათქვამია:
„თარხან თეიმურაზოვიჩ ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ სარდლობის საბჭოს უფროს წევრად მსახურობდა. იგი ხელმძღვანელობდა ალ-ტაბკას საპყრობილეს, სადაც უცხოელი მძევლები ჰყავდათ დაჭერილი; მონაწილეობდა „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსური სტრუქტურის საქმიანობაში; მეთაურობდა სირიის მანბიჯის პროვინციაში განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებს; 2013 წელს თარხან ბათირაშვიკლი დაინიშნა „ისლამური სახეელმწიფოს“ ძალების სარდლად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში – ალეპოს, რაკას, ლატაკიასა და იდლიბის პროვინციებში. შეერთებულმა შტატებმა იგი გლობალურ ტერორისტად 2014 წლის 24 სექტემბერს გამოაცხადა“.