globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 13 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 13th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ვერსია“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: ,,მაიდანი საქართველოში შესაძლოა რუსული ჯარის შემოყვანით დასრულდეს

რეზონანსი: საინფორმაციო კამპანია “მეხუთე კოლონის” წინააღმდეგ // “არაინფორმირებულობის გამო მოსახლეობაში შიშია, რომ ევროპასთან ინტეგრირებით იდენტურობას დაკარგავს”

რეზონანსი: ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „ცხრა მაისს ხელისუფლების მოსკოვში ჩასვლა დიალოგის დაწყების შანსი იყო”

„ახალი თაობა“: ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიაში საქართველოს ელჩთან ლადო ჭანტურიასთან

———————-

„ვერსია“, 13 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: ,,მაიდანი საქართველოში შესაძლოა რუსული ჯარის შემოყვანით დასრულდეს

ნინო კომახიძე

(შემოკლებით)

ევრაზიულ კავშირს 31%, ნატო- 65%, ხოლო ევროკავშირს 68% ირჩევს. ეს შედეგი NDI- ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა მესამედზე მეტს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია ევროპასთან ასოცირების შესახებ, მესამედზე მეტს კი ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება ევრაზიულ სავაჭრო კავშირში სურს. ბევრი არც ამ კვლევით ორგანიზაციას ენდობა და იმასაც ამტკიცებს, რომ ხალხს ევრაზია და ევროკავშირი ხშირად ერთმანეთში ერევა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს ალბათ არ იძლევა. რატომ შეიცვალა მოსახლეობის განწყობა საგარეო კურსთან მიმართებაში და არის თუ არა ეს პროცესი საკმარისი პირობა, ცოტა ხანში თბილისური მაიდანი ვიხილოთ – ,,ვერსიისთვისსაინტერესო ანალიზი GIPA- პროფესორმა, ნატო- საინფორმაციო ცენტრის ყოფილმა დირექტორმა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტმა, თორნიკე შარაშენიძემ გააკეთა.

- NDI- ბოლო კვლევით, ევრაზიულ კავშირში შესვლის სურვილი გამოკითხულთა მესამედზე მეტს ჰქონია. ძველ კვლევებს თუ ავიღებთ, რუსეთს მხოლოდ 10-12% ირჩევდა და ეს მაჩვენებელი გასამმაგებულია. რა მოხდა?

- ეს ჯერ განაჩენი არ არის, მაგრამ ალბათ, პროცენტული მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რადგან ამისთვის მშვენიერი პირობები არსებობს. პრორუსული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ფინანსდებიან, გააქტიურდნენ. მათ კომფორტული გარემო აქვთ შექმნილი და რეალურად, მათ მოწინააღმდეგეებს უფრო ავიწროებენ. რუსული საინფორმაციო არხებიც ჩართულია და არც მათ გამორთვას ფიქრობს ვინმე.

- სხვათა შორის, ამავე გამოკითხვით, უცხოურ არხებს შორის ყურებადობით, სწორედ რუსული არხები ლიდერობს. ეს რას ნიშნავს?

- აქ საქმე მარტივადაა, რადგან უფროს თაობას, რომელმაც უცხო ენებიდან მხოლოდ რუსული იცის, რუსული არხების ყურება ურჩევნია. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული გასართობი არხები და ესტრადა, ხარისხის თვალსაზრისით, ქართულს სჯობს. ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, სხვა ქვეყნების პრობლემაცაა – ამ პლუსს რუსული მედიასაშუალებები კარგად იყენებენ და მაგალითად, ,,რაშა თუდეიმ” თავისი დეზინფორმაციული კამპანიით მთელი მსოფლიო წალეკა. გვესმის კატასტროფულად არასწორი არგუმენტი, ეს დემოკრატიის ნაწილია და რუსულ არხებს ვერ გავთიშავთო. თუმცა რაზეა საუბარი, როცა ჯერ ერთი, საქმე ოკუპანტი ქვეყნის არხებს ეხება და მეორე – ისინი არღვევენ ყველა ფუნდამენტურ პრინციპს, ავრცელებენ დეზინფორმაციას, ცილს სწამებენ, ისმის ძალადობრივი მოწოდებები. ამ არხების სამართლებრივი არგუმენტით გათიშვა თავისუფლად შეიძლება, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს. ამ პირობებში, პრორუსული განწყობა უფრო გაიზრდება, თუმცა არ მგონია, 40%-ს გადააჭარბოს, თანაც, ალბათ, გამოკითხულთა ნაწილმა ისიც არ იცის, საერთოდ რა არის ევრაზიის კავშირი.

- ეს არგუმენტიც მოვისმინე, რომ გაზრდილი მაჩვენებელი ცუდად ჩატარებული კვლევის შედეგია და ბევრს ევრაზიული კავშირი ევროკავშირში აერიაო.

- არაა გამორიცხული, მაგრამ ეჭვი მაინც არ მეპარება, რომ ე.წ. პრორუსული სეგმენტი გაზრდილი იქნება.

- როგორ ფიქრობთ, რეალურად, ამას ხელს თუნდაც გოგი თოფაძის ან ბიძინა ივანიშვილის განცხადებები შეიძლება უწყობდეს, თუ ეს მხოლოდ პოლიტიკური ლირიკაა?

- მსგავსი განცხადებები მარტო ხალხზე კი არ მოქმედებს, რუსეთთან დაძმობილების მომხრეებსაც ათამამებს. გოგი თოფაძის განცხადებებზე უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ კოალიციაში მისი ნათქვამი არავინ დაგმო. ეს უფრო უარესი სიგნალია პრორუსული ძალებისთვის, რომლებიც ახლა ფიქრობენ, რომ ,,ქართული ოცნებაც” პრორუსულია. ,,ოცნებაში” ასეთი პარტიები რომ იყვნენ, არც დაუმალავთ და 2012 წელსაც ვიცოდით. ახლა საქმე ისაა, მოიპოვებენ თუ არა ისინი კონტროლს კოალიციაში, რაც პარლამენტში, ალბათ, გაუჭირდებათ. მადლობა ღმერთს, იქ ნაციონალები, ალასანიას პარტია და რესპუბლიკელები არიან. მთავარი კითხვა ახლა ესაა – მოიპოვებენ თუ არა პრორუსული ძალები კონტროლს პარლამენტზე. თუმცა, რომც მოიპოვონ, ჯერ გააქტიურებას მაინც ვერ გაბედავენ, რადგან მოსახლეობის ყველაზე დიდი, მობილიზებული, მოტივირებული და განათლებული ნაწილი პროდასავლურია და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას არ დაუშვებს. მერე შეიძლება მაიდანი მოხდეს, ,,ოცნებამ” კი ყვირილი დაიწყოს, ყველაფერი ნაციონალებმა დაიწყესო.

- ვერ გავიგე, რატომ უნდა მოეწყოს მაიდანი, თუკი მოსახლეობის მესამედს ევრაზიულ კავშირში შესვლა სურს. მოვლენებს ასე ვინ შეცვლის, კრიტიკული უმცირესობა?

- ქვეყანაში მართლა მაიდანს მივიღებთ და ეს ოპოზიციის ბრალი არ იქნება. ამას კი სტუდენტობა, განათლებული ადამიანები, არასაბჭოური გაგებით ინტელიგენციის წარმომადგენლები არ დაუშვებენ. თავისი არსით, მაიდანი არის გზა, მშვიდობიანად აიძულო ხელისუფლება, საგარეო კურსი შეცვალოს.

- თუმცა ახლა მაიდანი, ,,ნარინჯისფერ წარმატებაზემეტად, ომსა და სისხლისღვრასთან ასოცირდება.

- მერედა, ვინ მიიყვანა სისხლისღვრამდე ვითარება – პრორუსულმა ხელისუფლებამ უკრაინაში! მაიდანი საქართველოში, ბუნებრივია, კატასტროფის ტოლფასი იქნება, რადგან შესაძლოა, ყველაფერი რუსული ჯარის შემოყვანით დასრულდეს. არგუმენტი კი ის იქნება, რაც კიევში მოხდა, იგივეს თბილისშიც ვერ დავუშვებთო.

- პრობლემის სათავე არასათანადო იფნორმირებაშია. გამოკითხულთა 30%-მა საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავს ევროპასთან ასოცირება. თუკი ამდენი პროდასავლური ძალა და ძლიერი ოპოზიციაა ქვეყანაში, სადაც ასოცირების ხელმოწერის მერე დიდი საინფორმაციო კამპანია იგეგმებოდა, სადაა ახლა ეს დუღილი?

- ვერანაირ დუღილს ვერ ვხედავ. ამ ეტაპზე, ეს საქმე, უწყებრივად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევალება. ეს აპარატი კი ძალიან მცირეა, მას მხოლოდ ევროკავშირისა და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრები და რამდენიმე ფილიალი აქვს. ეს კი საქმეს ვერ უშველის, როცა უმრავლესობის ცნობადი და გავლენიანი დეპუტატი თოფაძე, რომლის ლუდს ბევრი უფულო ადამიანი სვამს, ასეთ განცხადებებს აკეთებს! სხვა უწყებები კი თავს არც იწუხებენ. 2006 წელს, როცა მხოლოდ ნატო-ს საინფორმაციო ცენტრი არსებობდა და მისი დირექტორი ვიყავი, ბევრად მეტი მხარდაჭერის პირობებში, ძალიან ბევრი და რთული სამუშაო გვქონდა. ახლა კი აღარც ეს მხარდაჭერა არსებობს. ფაქტია, ქვეყანაში დღესაც ინფორმაციული ვაკუუმია, რომლის ამოსავსებად მხოლოდ ერთი მცირე უწყება მუშაობს. წარმოიდგინეთ, ნაციონალური მოძრაობა სოფლებში რომ წავიდეს და ქადაგება დაიწყოს, დასავლეთი კარგიაო, შეიძლება, ხალხში აგრესია უნდა გამოიწვიოს. ვისაც ეს პარტია არ უყვარს, უკურეაქცია ექნება _ რადგან შენ ამბობ, რომ რაღაც კარგია, ე.ი. სინამდვილეში ცუდიაო. ირაკლი ალასანიას პარტიას ამის რესურსი საერთოდ არ გააჩნია, არც რეგიონული ოფისები აქვს, ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს რესპუბლიკურ პარტიასაც. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ყველა ეს ძალა შიდაპარტიულ ბრძოლაზეა გადართული და ამასობაში, საგარეო კურსი მესამე და მეოთხე ადგილზე იწევს.

(…)

- ჩანს, ის მითიც გაცოცხლდა, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლა რუსეთს ნაკლებად გააღიზიანებს, ვიდრე ნატო- ში.

- ეს მითი ხომ ვერა და ვერ წაიშალა ხალხის მეხსიერებიდან და ახლა ახალი გაჩნდა: ევრაზიულ კავშირში თუ შევალთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებენ, ნატო- ში შესვლით კი ამ ტერიტორიებს სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ. როგორც ჩანს, ამ მესიჯების გამზადებაზე კარგად იმუშავეს, რადგან ამდენი ხანია, მოსახლეობას ეს სისულელე ტვინიდან ვერაფრით ამოუშალეს. ნაციონალების დროსაც ასე იყო, თუმცა დეზინფორმაციის ამ საშუალებების ნაწილს მაინც ახშობდნენ. ახალგაზრდა თაობა პროგრესულია, რუსული საერთოდ არ იცის, კარგი ცხოვრება უნდა. მათ ინფორმირებულობის პრობლემა არ ექნებათ, რადგან მარტივად, ინტერნეტით ნახავენ, რა არის რუსეთი და რა დასავლეთი. ისიც ფაქტია, დრო პროგრესისა და დასავლეთის სასარგებლოდ მუშაობს. ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა ისაა, როგორმე, მოკლევადიან პერსპექტივაში გადავრჩეთ.

- თუმცა არჩევნებზე სწორედ ძველი თაობა დადის და როგორც მესმის, მოკლევადიან პერსპექტივაში 2016 წლის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იგულისხმება. რას ელით ამ არჩევნებისგან?

- იმედი მაქვს, 2016 წლის მერე კოალიციური მთავრობა გვეყოლება, რაღაცები უფრო დაბალანსდება და ამ მთავრობაზე ივანიშვილის ფაქტორი ნაკლებ გავლენას მოახდენს. იმის იმედიცაა, რომ 2016 წლამდე საარჩევნო კოდექსი შეიცვლება. პრეზიდენტი და ჩემი ყოფილი უფროსი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ძალიან ჯიუტი კაცია, ახლა ამ საკითხს აქტიურად ლობირებს და იმედია, ცვლილებების გატანას რქებით მიაწვება. ვიცი, ამ თემაზე რესპუბლიკელები და ინტერპარტიული ჯგუფიც მუშაობს. მოკლედ, საარჩევნო კოდექსს მაინც თუ შეცვლიან, ამ მთავრობას ყველა შეცდომას ვაპატიებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მძიმე არჩევნებს მივიღებთ და ყველაფერი კატასტროფით დასრულდება.

რეზონანსი“, 13 მაისი, 2015 წელი

საინფორმაციო კამპანიამეხუთე კოლონისწინააღმდეგ

არაინფორმირებულობის გამო მოსახლეობაში შიშია, რომ ევროპასთან ინტეგრირებით იდენტურობას დაკარგავს

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად, პროდასავლური კურსის პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობა, სამუშაოები ხალხისათვის რუსეთის რეალური სახის საჩვენებლად და ა.შ. სწორედ ეს უნდა დაუპირისპიროს, სპეცალისტთა აზრით, სახელმწიფომ ქვეყანაში მომრავლებულ პრორუსულად განწყობილ საზოგადოებასა და ორგანიზაციებს. მათი აზრით, სწორედ ეს იგულისხმებოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ნათქვამშიც იმის შესახებ, რომ პროდასავლური იდეების პოპულარიზაციისთვის მეტი კონსოლიდაციაა საჭირო.

NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 31 პროცენტი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. ამ ფაქტის კომენტირებისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 31% მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული დასავლური არჩევანია.

„მე ვფიქრობ, რომ შედეგები ფრიად დასაფიქრებელია. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ნებისმიერი პროდასავლური ძალის დღის წესრიგი ამ მიმართულების – ჩვენი დასავლური არჩევანის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით, უფრო უნდა გააქტიურდეს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ საქართველოში იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ნათლად ხედავენ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას, ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით მეტი კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„რეზონანსთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რამაც ქვეყანაში ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია და იმ გზებზეც მიუთითებენ, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო მათ შემცირებას უნდა ცდილობდეს.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ამ 31%-ში შედიან ადამიანები, რომელთაც სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი, არ გააჩნიათ. მისი თქმით, უფროსი თაობის ნაწილს ჯერ კიდევ მყარად აქვს გამჯდარი ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ და დასძენს, რომ ეს ნოსტალგია უსაფუძვლო არაა, რადგან ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილის პოვნა ოცნების ტოლფასია, ენატრებათ ის პერიოდი, როცა უმუშევრები მუქთახორებან იგივდებოდნენ, მუქთახორობა კი დასჯადი ქმედება იყო.

გარდა ამისა, ცისკარიშვილის აზრით, გასათვალისინებელია კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც „რბილი ძალა“, იგივე მეხუთე კოლონა ჰქვია. ამბობს, რომ სინამდვილეში იგი რამე სირბილისაგან შორსაა და ესაა პროვოკაციული მიზნებით ქვეყანაში შემოტანილი ფინანსები და ცალკეული ჯგუფების შეგულიანება იმისათვის, რომ ისინი ზოგადად რუსეთისა და მისი პოლიტიკური ინტერესების მიმართ კეთილგანწყობილნი გახდნენ. ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად კი, მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, თუ რას ნიშნავს რუსული კაპიტალიზმი და რა ვითარებაა დღეს რუსეთში.

(…)

მოსახლეობაში არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმზე საუბრობს „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ პრეზიდენტი ირაკლი კიკიანიც და ამბობს, რომ იგი ნაკლებადაა ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი, დასავლური ფასეულობები და ა.შ. მისი თქმით, მოსახლეობას ხშირად ჰგონია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით იგი თავის იდენტურობას დაკარგავს და აქვე განმარტავს, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა.

„ჩვენ დასავლეთს იმისთვის კი არ ვუერთდებით, რომ იდენტურობა დავკარგოთ, არამედ იმისათვის, რომ გავიზიაროთ მისი ფასეულობები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. „უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ევროპა სრულიად განსხვავებული ტრადიციებისა და მენტალობის ერებს აერთიანებს. ეს ერები ზუსტად საერთო ფასეულობების ირგვლივ ერთიანდებიან და მათ იდენტურობას არაფერი ემუქრება. ასე რომ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორად ამის გაუცნობიერებლობა გახლავთ“, – აღნიშნავს კიკიანი.

მისივე თქმით, ზოგადად, ადამიანი ყველაზე მტკივნეულად იმ ფასეულობების ნგრევას განიცდის, რაც მას საუკუნეების განმავლობაში უყალიბდება. ამიტომ ფიქრობს, რომ მოსახლეობაში არაინფორმირებულობის გამო შიშია იმისა, რომ ევროპასთან ინტეგრირებით იგი ამ ყველაფერს დაკარგავს. უცხოეთის სპეცსამსახურებიც, პოლიტოლოგის აზრით, სწორედ ამისათვის მუშაობენ.

კითხვაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამის საპირისპიროდ სახელმწიფომ, კიკიანი შემდეგნაირად გვპასუხობს: „სახელმწიფომ პირველ რიგში ევროპასთან ასოცირების შეხლეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზაციაზე უნდა იზრუნოს. ევროპასთან საზღვრების გახსნა მოსახლეობის ინფორმირებულობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა. როცა ადამიანი ევროპულ ფასეულობებს ეზიარებოდა, იგი  სრულიად სხვაგვარად შეხედავდა იმ მომავალსა და მიზანს, საითკენაც ქვეყანა მიისწრაფვის“, – აცხადებსი ირაკლი კიკიანი.

31 პროცენტიან მაჩვენებელს შემაშფოთებელს უწოდებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც და ამის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობს. პირველ რიგში კი რუსულ პროპაგანდას ასახელებს და განმარტავს, რომ მის გახმოვანებაზე და ანტივეროპულ აგიტაციაზე საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს. ჩიტაძის თქმით, ამას ემატება ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც, რაც ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაშია.

„ის ორგანიზაციები, რომლებიც ზემოთ ვახსენე, ხალხში ასეთ პროპაგანდას ეწევიან – ნახეთ, რა მოგიტანათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამო. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ხომ არ ესმის, რომ ლარის კურსის ვარდნა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან არანაირ კავშირში არ არის.

„ასევე პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია ამგვარი აგიტაციაც, რომ სამუშაო ადგილები არ ჭირდა, მოსკოვში წასასვლელი ბილეთი იაფი ღირდა და ა.შ.“, – აღნიშნავს იგი.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის პოზიციას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია აუცილებელია. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ამბობს, რომ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება აუცილებელია.

ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რატომ ენიჭება მნიშვნელობა მათ, რაოდენ წარმატებული ორგანიზაციები არიან როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური თუ უსაეფრთხოების თვალსაზრისით. პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა კი ამაში, პოლიტოლოგის აზრით, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ.

რეზონანსი“, 13 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „ცხრა მაისს ხელისუფლების მოსკოვში ჩასვლა დიალოგის დაწყების შანსი იყო

ინტერვიუში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც მას ჟურნალისტმა იაგო ნაცვლიშვილმა ჩამოართვა, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.

(ამონარიდი):

შეკითხვა: უკვე გამოქვეყნდა „ენ-დე-აი“-ს კვლევის ერთი ნაწილი, საიდანაც ჩანს, რომ ქართული საზოგადოების 31% მხარს ევრაზიულ არჩევანს უჭერს და ეს მაშინ, როცა ბოლო წლებში, მათ შორის ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის ჟამს, საქართველო დასავლურ გზაზეა დამდგარი. როგორ ფიქრობთ, რითია განპირობებული საზოგადოების არჩევანი?

ნინო ბურჯანაძე: თქვენ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება „ენ-დი-აი“-ს კვლევებტან დაკავშირებით. ის არ დებს რეალურ სურათს. ის აჩვენებს იმას, რაც სურს ამერიკას, ან იძულებულია აჩვენოს ისეთი სურათი, როგორიც ვაშინგტონს უნდა. მიმაჩნია, რომ რეალური პროცენტი განსხვავებულია. შემიძლია ტენდენციებზე ვისაუბრო. თქვენ მეკითხებით, რით არის ეს განპირობებულიო. ეს არის განპირობებული წინა და ახლანდელი ხელისუფლების უაზრო პოლიტიკით და ასევე დასავლეთის არასწორი პოლიტიკითაც. მე როცა ვიყავი ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენ გვქონდა მკვეთრად დასავლური ორიენტაცია, მაშინ ჩვენ რეალური ნაბიჯები გადავდგით ნატოსა და ევროკავშირისაკენ დასაახლოებლად, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადმოდგმულა, განცხადებების გარდა. ხალხმა დაინახა, რომ დასავლეთის კბილებით იცავს მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს – იმ ადამიანებს, რომლებთაც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებანი აქვთ ჩადენილი და ახლა გვეუბნებიან, არ გაბედოთ და მათ წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე არ აღძრათო.

(…)

- თქვენ არ წახვედით მოსკოვში 9 მაისს, რასაც ბევრი ელოდებოდა. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

- მე მოსკოვში ხუთი წლის წინათ ვიყავი, როდესაც იქ ყოფნა საჭიროდ ჩავღვალე. მაშინ მე იქ ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართე, ახლა კი მოსკოვში ჩემი წასვლის საჭიროება ნამდვილად ვერ დავინახე, ჩემი რუსეთში წასვლა უხერხულიც კი იქნებოდა. რუსეთის ხელისუფლებამ სამჯერ გააჟღერა გზავნილები ჩვენს ხელისუფლებასთან, რომ სალაპარაკოდ მზადაა, მაგრამ ჩვენ ეს არ შევიმჩნიეთ.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება უნდა წასულიყო?

- რა თქმა უნდა. ეს დიალოგის დაწყების შანსი იქნებოდა. ცხადია, იმის ილუზია არ უნდა გვქონოდა,  გვეტყოდნენ, რახან თქვენ აქ ჩამოხვედით მზად ვართ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობისთვისო, მაგრამ ეს იყო საშუალება გახსნილიყო ჩაკეტილი დიალოგი.

რამდენჯერ მივმართე ხელისუფლებას, რომ გადადგას ნაბიჯი და რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან ერთად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. უკეთესად მიაჩნია, რომ აკეთოს ხმამაღალი და არაფერი შედეგის მომტანი განცხადებები. კი, ბატონო, გავაგრძელოთ ეს გზა და რა შედეგსაც მოგვიტანს, დავინახავთ. შედეგი კი იქნება ის, რომ ქვეყანა თავზე დაგვენგრევა. მეც მოვყვები თქვენთან ერთად ამ ნანგრევებში. არსად გაქცევას მე არ ვაპირებ და ბოლომდე ვიქნები ამ ქვეყანაში.

„ახალი თაობა“, 13 მაისი, 2015 წელი

ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიაში საქართველოს ელჩთან ლადო ჭანტურიასთან

ინტერვიუში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლადო ჭანტურია ჟურნალისტ თამარ ნოზაძეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობის შესახებ ესაუბრება.

- გერმანია-საქართველოს ურთიერთობამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიური დინამიკა შეიძინა. ეს გამოიხატა, თუნდაც მაღალი დონის ვიზიტებში, ცნობილია, რომ იგეგმება გერმანიის კანცლერის ვიზიტიც საქართველოში. გერმანიის მიმართ არსებობს ერთგვარი სკეპტიციზმი ქართულ საზოგადოებაში, რომ თითქოს ეს ქვეყანა არც ისე გულმხურვალე მხარდამჭერია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, დღეს რა სურათია ამ მიმართულებით, შეიცვალა თუ არა მიდგომები?

- როგორც საქართველოს ელჩს გერმანიაში, ძალიან მიხარია, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ბოლო პერიოდში იმედის მომცემი დინამიკით გამოირჩევა. გერმანია არის ევროპის კავშირში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომლის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ევროპული მომავალი ძნელად წარმომიდგენია. თუ ჩვენ რაციონალურად და მომავალზე ორიენტირებულად შევძლებთ გერმანიასთან თანამშრომლობის აგებას, ამას მალე სასიკეთოდ იგრძნობს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდებოდა და მთელი აქცენტი მხოლოდ რამდენიმე საკითხზე იყო გადატანილი. არადა გერმანიიდან საქართველოს გაცილებით უფრო მეტი სიკეთის მიღება შეუძლია. ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს – განათლებიდან დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული.
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც ნატოს ბოლო სამიტზე უელსში კიდევ ერთხელ დადასტურდა. თუმცა საყურადღებოა გერმანული მხარის არგუმენტები და რჩევები ამ პროცესთან დაკავშირებით. გერმანია საქართველოს მეგობარი და კეთილისმსურველი ქვეყანაა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი წინადადებების გათვალისწინება ჩვენ უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს.

ასევე, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აქტიურად იბრძვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის გატარებისათვის მთელს მსოფლიოში. გერმანიის კანცლერმა საჯაროდ დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დადებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებები და ა.შ. აქ ყველა საკითხის ჩამოთვლა შეუძლებელია.

პოლიტიკური მხარდაჭერა გარეგნულად იმ მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება, რომლებიც საქართველოში ბოლო დროს განხორციელდა, მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში ორჯერ იყო საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი შტაინმაიერი, წელს ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბატონი ნორბერტ ლამერტი.

განსაკუთრებული ყურადღებითა და მასპინძლობით გამოირჩევა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტები ბერლინში. მაგალითად, გერმანიის კანცლერის მიწვევით უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერი ბერლინში. პრემიერს შეხვედრები ჰქონდა არა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, არამედ გერმანიის წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სატელეფონო საუბრები გერმანიის კანცლერსა და საქართველოს პრემიერს შორის უკვე ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს.

გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ბერლინში ვიზიტისა კიდევ ერთხელ დადასტურდა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. გერმანული მედია დიდი დაინტერესებით გამოეხმაურა ამ ვიზიტებს.
ასე, რომ თამამად შეგვიძლიოა დავასკვნათ – გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში დღეს გაცილებით უფრო მეტია პოზიტივი და კონსტრუქციულობა, ვიდრე ადრე.

- ბოლო ვიზიტისას მოვისმინეთ შტაინმაიერის საკმაოდ ხმამაღალი განცხადება, რომლითაც მან უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში გაწეული სამუშაოები და აღნიშნა, რომ სკეპტიციზმი ამ მიმართულებით ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს, თუმცა მაინც სათუოა მივიღებთ თუ არა უვიზო მიმოსვლის განაცხადს რიგის სამიტზე და როგორია უშუალოდ გერმანიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

- ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში საქართველომ არა მხოლოდ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა, არამედ თვალსაჩინო შედეგებსაც მიაღწია. პარტნიორებს. ბატონ შტაინმაიერის შეფასება ამ ფაქტს ასახავდა. საქართველო მიიღებს შენგენის სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას. ევროპის კომისიის დასკვნამ, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ძალიან ახლოს დგას ამ ისტორიულ მოვლენასთან. იმედია, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილებს ევროპასთან საქმიან ურთიერთობას.

- გერმანიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრებმა გააჟღერეს ერთგვარი ინიციატივა, გერმანიამ დახმარება გაუწიოს საქართველოს, მისი ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენაში, რა იგულისხმება ამაში?

- საქართველოში თავისი ბოლო ვიზიტის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში გერმანული ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობაზე. ამისთვის შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომელიც მიზნად, საქართველოთი გერმანელი მეწარმეების დაინტერესებას ისახავს. იმედი მაქვს, რომ ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება.

ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ კერძო ინვესტიციების მოზიდვა სახელმწიფოს დეკრეტებით არ ხდება. მეწარმემ უნდა იგრძნოს, რომ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანაში აპირებს დაბანდებას, სადაც მას საიმედო და სერიოზული პარტნიორები ეყოლება. თუ ქვეყანა თავს წარმოაჩენს არასტაბილურ ქვეყნად, იქ ინვესტიციებს არათუ უცხოელი, არამედ ქართველი მეწარმეებიც არ განახორციელებენ. უკვე ჩატარებული და მომავალში დაგეგმილი გერმანულ-ქართული ბიზნეს-ფორუმები ალბათ გახდება იმის წინაპირობა, რომ გერმანული ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოთი.

- როდის ველოდებით კანცლერის ვიზიტს საქართველოში?

- გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში დაგეგმვის პროცესშია (თარიღის თქმის უფლება ჯერ არ მაქვს).

- 2017 წელი გერმანიაა-საქართველოს მეგობრობის წლად გამოცხადდა, როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რა ფორმით აღინიშნება და რა ღონისძიებები იგეგმება?

- საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, 2017 წელი გამოცხადდა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად. ამ გადაწყვეტილებას სიმბოლური დატვირთვა აქვს – 2017 წელს სრულდება საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელი. ამასთან ერთად, აღვნიშნავთ საქართველოში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილეს.

ბერლინში საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტის პარალელურად, შედგა 2017 წლის ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეკრება, რომელზეც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები და წარმოადგინეს საინტერესო პროექტები განათლების, ლიტერატურის, მუსიკის, სპორტის, სოფლის მეურნეობის, სამუზეუმო და სამეცნიერო სფეროებში. ჯგუფი ბერლინში მოღვაწე ექსპერტებისა და ორივე სამინისტროს წარმომადგენლებისგან შედგება. მასში შედიან გერმანიაში მოღვაწე ისეთი ცნობილი ქართველები, როგორიცაა მწერალი ნინო ხარატიშვილი, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.
იგეგმება ლიტერატურული ფესტივალები, კონფერენციები და სიმპოზიუმები ქართული და გერმანული ენების პოპულარიზაციისათვის, გერმანული დასახლებების ამსახველი ფოტო-გამოფენა ბერლინში, თეატრალური თანამშრომლობა, ქართული კინო-კვირეული ბერლინში, მნიშვნელოვანი გერმანული ორკესტრის გასტროლები საქართველოში. ვგეგმავთ არა მხოლოდ დედაქალაქების, არამედ რეგიონების აქტიურ მონაწილეობას, ქალაქების დამეგობრების ახალ პროგრამას, გერმანულ სასწავლებლებში ქართული ენის კურსებს, ქართველოლოგიური კათედრის დაფუძნებას, გერმანელი მასწავლებლების საქართველოში ჩაყვანას, ქართულ-გერმანული კულტურული პრემიის დაწესებას, დოკუმენტური ფილმების სერიას, სტიპენდიების გაზრდას.

კონკრეტულ პროექტებზე ვრცლად საუბარი მუშაობის პროცესში არ მინდა, მაგრამ გპირდებით, საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისა და ჩვენი ერების მეგობრობის აღსანიშნავ დაუვიწყარ 2017 წელს!

- საელჩოს სოციალური ქსელით თქვენ მიმართეთ გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომ იხურება იენის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის კათედრა, მიმართვიდან ჩანს, რომ თქვენ საელჩო გეგმავს კონკერტული ნაბიჯები გადადგას, რათა წინ აღუდგეს კათედრის დახურვას.

- იენის უნივერსიტეტს კავკასიოლოგიის, განსაკუთრებით ქართველოლოგიის მდიდარი ტრადიციები აქვს. მრავალ ჩვენს თანამემამულეს ჰქონდა ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობის შესაძლებლობა, ასევე მრავალ გერმანელ მეცნიერს მიუძღვნია სამეცნიერო ცხოვრება ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სფეროებში კვლევებისათვის. რამდენიმე დღის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტი აპირებს კავკასიოლოგიის კათედრის დახურვას. დაუყოვნებლივ მოვამზადე წერილი უნივერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის სახელზე და შევეცადე ამეხსნა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და რა ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამას ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობისათვის. როგორც გავიგე, ჩემი მიმართვის საფუძველზე შეჩერდა ამ საკითხის განხილვა, თუმცა ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ამიტომ გადავწყვიტე იმავე თხოვნით დამატებით მიმემართა ტიურინგიის ფედერალური მიწის მთავრობის თამჯდომარისათვის.

ალბათ, კარგი იქნება იენის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ქართველ მეცნიერთა მიმართვის მომზადება იმის აღნიშვნით, რომ ამით შეიძლება შეწყდეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის მდიდარი ტრადიცია.

Comments are closed