globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 18 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 18th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: „ევრაზიულ კავშირში შესვლა 31%-ზე გაცილებით ნაკლებს სურს“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: “ევრაზიულ კავშირში” გაწევრების მოსურნენი პოლიტიკაში გაუთვითცნო-ბიერებელი ადამიანები არიან“

კვირის პალიტრა: რა იქნება ივანიშვილის პოლიტიკური ეპოქის მთავარი მონაპოვარი

„კვირის ქრონიკა“: პრორუსული განწყობა იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ ევრაზიულ კავშირში შეგვაქანებენ

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ამერიკელები ამუშავებენ გეგმას, რომ ივანიშვილმა საქართველო დატოვოს“

რეზონანსი: სირიაში საქართველოდან უკვე ქალებიც მიდიან

———————-

რეზონანსი“, 18 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: ევრაზიულ კავშირში შესვლა 31%-ზე გაცილებით ნაკლებს სურს

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

“რუსეთის მხრიდან ასეთი გამოწვევა გვაქვს, ასეთი პრობლემა, პოლიტიკურ თემებზე დიალოგი არ არსებობს და ევრაზიულ კავშირზე ლაპარაკი როგორ შეიძლება?!” – ამბობს “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” მხარდამჭერი ირაკლი ბათიაშვილი „რეზონანსთან“ და დასძენს, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც რუსეთთან დაახლოება და ევრაზიულ კავშირში შესვლა უნდათ, არასერიოზულად უყურებს. იგი არც NDI-ს კვლევის შედეგებს ენდობა და არც იმის სჯერა, რომ გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეა. ფიქრობს, რომ მაჩვენებელი გაბერილია და ეს გარკვეულ მიზნებს ემსახურება.

ირაკლი ბათიაშვილი: რაც შეეხება იმას, თითქოს ევრაზიულ კავშირში შესვლა საქართველოს მოსახლეობის 31%-ს უნდა, ეს ჩემთვის ძალიან საეჭვო და არასერიოზულია. აქაც მიმაჩნია, რომეს მაჩვენებელი რაღაც მიზანს ემსახურება. იგი გარკვეული გათვლიდან გამომდინარე დადებული შედეგია. საქართველოში 31-მა პროცენტმა საერთოდ არ იცის, ევრაზიული კავშირი რა არის. ევროკავშირის შესახებ როგორც იქნა უმრავლესობამ გაიგო, მაგრამ ამაზე 15-10 წელი ვლაპარაკობთ.

პარტიების რეიტინგიც ისე ჩამოაყალიბეს, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია აბსოლუტურად შეგნებულად ამოაგდეს, რათა მთლიანად გარიყონ. ეს ხომ აშკარაა… როგორც ეს გააკეთეს გამიზნულად, ასევე გამიზნულად დაწერეს ისიც, თითქოს მოსახლეობის 31 პროცენტს ევრაზიულ კავშირში შესვლა უნდა.

და რა მიზანი ამოძრავებდათ, თქვენი აზრით, ამ მაჩვენებლის დაწერისას?

– მე ვფიქრობ, მათი მიზანი ისაა, რომ განგაში ატყდეს და პანიკა გამოიწვიონ. ეს გასაანალიზებელია. საბოლოო ჯამში კი, რა თქმა უნდა, მე ამას როგორც რეალურს არ ვუყურებ. მეტსაც გეტყვით – როგორც დედაქალაქში, ისე რაიონებსა და სოფლებში ამ საკითხებისადმი, თუნდაც ნატო-ში გაწევრიანებისადმი ხალხის დამოკიდებულება ინდიფერენტულია.

ხალხს უმუშევრობა და სიღარიბე აღელვებს, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც, რაც შეგნებულად მეოთხე-მეხუთე ადგილზეა გადაწეული, ეს კი სიმართლე არ არის. ჩვენი მოქალაქეები პოლიტიკურად შეგნებულები არიან და იციან, რომ ტერიტორიები საქართველოსათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ამაზე პირად საუბრებშიც დარწმუნდებით.

თქვით, რომ ორგანიზაცია გარკვეულ მიზნებს ემსახურება. ვის დაკვეთებს შეიძლება ასრულებდეს, ვის ინტერესებში შედის ასეთი მაჩვენებლები?!

– NDI, რა თქმა უნდა, აშშ-ის სახელიუფლებო გარკვეული წრეების ინტერესების გამტარებელია. თავისთავად  ცხადია, რომ რაღაც ინტერესიდან გამომდინარე, მათ აწყობთ, ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა აწიონ. ალბათ აინტერესებთ, თუ რა რეაქცია ექნებათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს.

იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ითხოვენ, თავიანთი არგუმენტები აქვთ და ამტიკცებენ, რომ კავშირში შესვლით საქართველოს ეკონომიკა იხეირებს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

– ამ საკითხს არანაირად არ ვუყურებ. საქართველომ თავისი სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან უნდა გააღრმავოს, მეორე მხრივ, საქართველო-რუსეთს შორის ყინულის დაძვრა უნდა გვაღელვებდეს, ოღონდ არა ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივიდან გამომდინარე. აი, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი ამოცანა.

რუსეთის მხრიდან ასეთი გამოწვევა გვაქვს, ასეთი პრობლემა, პოლიტიკურ თემებზე დიალოგი არ არსებობს, არანაირი ძვრა არ გვაქვს და ევრაზიულ კავშირზე ლაპარაკი როგორ შეიძლება?! ამიტომ, ერთი მხრივ, უნდა ვეცადოთ, ადგილიდან დავძრათ ყინული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების თანმიმდევრული დარეგულირების პერსპექტივაზე დაიწყოს დიალოგი და, მეორე მხრივ, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმაზე, რომ ჩვენი შერყეული პოზიცია დასავლეთთან მიმართებაში გამაგრდეს. ვფიქრობ, ეს პოზიცია დღეს არაა ისეთი მყარი, როგორც საჭიროა.

რამდენად იზიარებს თქვენს ამ პოზიციას პარტია, რომლის მხარდამჭერიც ხართ?

– ამ საკითხებში ჩვენ თანამოაზრეები ვართ. მოგეხსენებათ, მე პარტიული არ ვარ და ვფიქრობ, ჩემსა და ქალბატონ ნინოს პოზიციაში განსხვავება არ არის.

თუმცა, ცოტა ხნის წინ ხმაური გამოიწვია მისმა განცხადებამ, სადაც ამბობდა, რომ ყირიმი რუსეთია და იგი ანექსირებული არ არის

– მან იგულისხმა, რომ ისტორიულად ყირიმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მიუხედავად იმისა, რუსეთს არ ჰქონდა უფლება, ის გაეკეთებინა, რასაც აკეთებს. როცა შენც და გაეროც აღიარებთ, რომ ეს ტერიტორია იმ ქვეყნის შემადგენლობაშია და მერე შენ ამას არღვევ, აგრესორი ხარ. ზოგადად, არავინ დაობს იმაზე, რომ ისორიულად ყირიმი რუსეთის იყო. ეს დაახლოებით ისეთივე საკითხია, როგორც ჩვენთვის საინგილო. ხომ ვამბობთ, რომ ის ჩვენია, ქართველები ცხოვრობენ, მაგრამ დღეს რაიმე საშუალება რომ გამოგვიჩნდეს და აზერბაიჯანისათვის, რომელიც ამ საზღვრებში ვაღიარეთ, საინგილოს წართმევა მოვინდომოთ, ჩვენც აგრესორები გამოვალთ.

ტაო-კლარჯეთიც ჩვენია, მაგრამ თურქეთს არსებულ საზღვრებში ხომ ვაღიარებთ. ზუსტად იგივე ვითარებაა იქაც და ეს ძალიან რთული თემაა.

ამას მხოლოდ ნინო ბურჯანაძე კი არა, ბევრი სხვაც ამბობს, თუნდაც სარკოზი. ყველამ იცის, რომ ყირიმი უკრაინას, თუ არ ვცდები, 1954 წელს შეუერთდა. მიუხედავად ამისა, კიდევ ვიმეორებ, რომ თუკი იმ საზღვრებში ქვეყანას აღიარებ, წართმევის უფლება აღარ გაქვს. მაგალითად, იაპონია არ აღიარებს,რომ კურილიის კუნძულები რუსეთისაა და არც სამშვიდობო შეთანხმება არ აქვთ ხელმოწერილი.

ბოლო პერიოდში პანკისის ხეობიდან სირიასა და ერაყში არაერთი ახალგაზრდა წავიდა. რამდენად უქმნის ეს პროცესი ქვეყანას საფრთხეს, თუნდაც ევროპასთან დაახლოებით კუთხით და როგორ ფიქრობთ, რატომაა პანკისი ყველა ხელისუფლებისათვის მოუგვარებელი პრობლემა?

– ეს პანკისის კი არა, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. „ისლამურ სახელმწიფოში“ ევროპის ქვეყნებიდანაც მიდიან. ამას ვერავინ აკონტროლებს. ახლა ვროპაში სერიოზული სამუშაოები დაიწყო ნაკადის შესაჩერებლად, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. ჩვენგან პროცენტულად იმდენი არ მიდის, რამდენიც ევროპის ქვეყნებიდან. ამიტომ ამას პანკისის ხეობის პრობლემას ნუ დავარქმევთ.

„ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიოს გამოწვევაა, უბედურება, ბოროტება და ტრაგედიაა, რომ ჩვენი მოქალაქე, ჩვენს ტრადიციებსა და მორალზე აღზრდილი, იქმიდის, თან იმ კადრების შემდეგ, რასლაც ვუყურებთ.

ახლა სენტიმენტებს თავი უნდა დავანებოთ და ევროპის სახელმწიფოების მსგავსად, გადინების შესაწყვეტად სერიოზული ზომები მივიღოთ. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ შესაბამისი სამსახურები ვერ ფუნქციონირებენ. ქვეყანაში უშიშროება არ არსებობს. კვლავ ვანო მერაბიშვილის სამარცხვინო ტრადიციებზე ვდგავართ. არადა, ეს საქმე პირველ რიგში უშიშროების მისახედია.

კვირის პალიტრა“, 18 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: ევრაზიულ კავშირშიგაწევრების მოსურნენი პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები არიან

ინტერვიუში ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, გაზეთის კორესპონდენტს, საშინაოპოლიტიკურ (ეკონომიკურ) პრობლემებთან ერთად, საგარეოპოლიტიკურ საკითხებზეც ესაუბრება (პუბლიკაციის საგაზეთო სათაურია პოლიტიკურ თამაშებს ლარი არ უნდა გადავაყოლოთ” / “ჩაკრაბარტის საქმე არ არის ჩვენი მთავრობის შეფასება).

ექსპერტი კომენტარს უკეთეს ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს და ამბობს:

“ჩემთვის ცხადია და ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ საქართველოში მაღალი რეიტინგი ვერასდროს ექნება ნინო ბურჯანაძეს. ჩემი აზრით, “ევრაზიულ კავშირში” გაწევრების მოსურნენი პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები არიან, რომელთაც, ერთი მხრივ, არ ესმით ამ გაერთიანების მნიშვნელობა, მეორე მხრივ კი, რადგან დასავლეთთან ურთიერთობა მათ პირად კეთილდღეობაზე ვერ აისახა, ისევ საბჭოთა ნოსტალგია ეძალებათ და ფიქრობენ, რომ რუსეთთან კავშირი მათი კეთილდღეობის პირობა იქნება. რა თქმა უნდა, რუსეთთან კავშირი ვერავის მოუტანს სიკეთეს, რადგან ეს ქვეყანა თვითონ დგას ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის წინაშე. ახლა „ევრაზიულ კავშირზე“ ლაპარაკი როგორ შეიძლება! ყაზახეთში უკვე ფიქრობენ ამ კავშირიდან გასვლაზე, ჩინეთი კი ამ პროცესში არ ერთვება, რადგან ეს აშკარად არის საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. დარწმუნებული ვარ, რომ „ევრაზიულ კავშირს“ მომავალი არა აქვს.

პრობლემა ცოტა სხვაგვარად დგას: დღეს ყველა ხედავს, როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოში საკუთარი პროპაგანდისტული მანქანის ამუშავებას. იხარჯება ბევრი ფული და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. სახელმწიფო ვალდებულია, ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. არ შეიძლება იმის იმედად ყოფნა, რომ თურმე, ქართველი კაცი ბრძენია და გადაწყვეტილებებს თვითონ მიიღებს“.

კვირის პალიტრა“, 18 მაისი, 2015 წელი

რა იქნება ივანიშვილის პოლიტიკური ეპოქის მთავარი მონაპოვარი

ხათუნა ლაგაზიძე

(შემოკლებით)

როგორი იქნება მომავალი პა­რ­ლამენტის შემადგენლობა?! უპირატესად დასავლური­ საგარეო პო­ლიტიკის მომხრე თუ რუსეთთან დათმობებისა და დაახლოების მოსურნე?!­ ეს კითხვა სამთავრობო­ ცვლილ­ებებისა და სოციოლოგიური გამოკი­თხ­ვების ფონზე, სულ უფრო იძენს აქტუალობას.

დასავლეთის გაღვივებული ინტერესის­ ნიშნები უპირველესად თავდაცვის სამინის­ტროში შეიმჩნევა. ახალი თავდაცვის მინ­ი­სტ­რის ერთ-ერთი პირველი განცხადება სწორედ ნატოსთან ურთიერთობების დაჩქარებას და საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა. როგ­ო­რც ხიდაშელი ამბობს, ის პირველი დღიდან დაინტერესდა ამ საკი­თხით. “ერთ-ერთი­ პირველი, რაზ­ეც მინდია ჯანელიძესთან ვისაუბ­რე, იყო ეს კონტრაქტი… მე მას ხელს მოვაწერ, თან ეს დიდი ხნის შემდეგ­ არ იქნება” – განაცხადა ხიდაშელმა.­ გახსო­ვთ­­ ალბათ, ეს ის ხელშეკრულებაა, რომელ­იც­ საქა­რთველოს საფრანგეთთან უნდა გაეფ­ორმებინა და რომლის ჩაშლას­აც, როგორც ირაკლი ალასანია ამბობდა, აქტიურად ცდ­ი­ლობდა მინდია ჯანელიძე, ახლა უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტ­რი. ერთ­ხანს ჯანელიძე იმასაც ამტკიცებდა, ამგვარი კონტრ­აქტი ბუნებაში არ არსებო­ბსო და ხომ აღმ­ოჩნდა, რომ არსებულა.

(…)

თუ დასავლეთმა აქტიურობა გააგრძელა­, სავარაუდოა, რომ მთავარი ინტერესი სწორედ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიისკენ მიემართოს – ბუნებრივია, დასავლეთის­ ინტერესი იქნება, არჩევნებში პირველ ადგი­ლზე გასული კოალიცია უპირატესად დას­ავლური საგარეო პოლიტიკის მომხრეებით­ დაკომპლექტდეს. იმავეს ეცდება რუსეთიც, ოღონდ თავის სასარგებლოდ. ანუ გადამწყ­ვეტი ბრძოლა “ქართული ოცნების” საარჩე­ვნო სიისთვის გაიმართება, რადგან პარტია­თა დღევანდელი რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა უნდა მივიღოთ: ამ ეტაპზე არც ერთ პარტიას არ შეუძლია გაი­ყვანოს იმდენი დეპუტატი, რომ დამოუკი­დებლად შეძლოს მთავრობის ფორმირება­. ამიტომ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა იძულებული იქნება ეძებოს პო­ლიტიკური პარტნიორები მთავრობის ჩამოს­აყალიბებლად. ამიტომაც, სწორ­ედ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გემოვნე­ბაზე იქნება დამოკიდებული, ვის აირჩევს­ პარტნიორად მთავრობის ფორმირ­ების პროცესში: პროდასავლურ თუ პრორუსულ­ ძალებს, რადგან მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი ამ ეტაპზე ხუთ პოლიტიკურ ძალას აქვს: თავად “ქართულ ოცნებას”, “ალასანია – თავისუფალ დემოკრატებს”, “ნაციონალურ მოძრაობას”, ნინო ბურჯანაძის “გაერთიანებულ დემოკრატებს” და “პატრიოტთა ალიანსს”.

თუმცა, შიდაპოლიტიკურ ფლანგზე პრო­­­დასავლური ძალების გააქტიურების მიუხედავად, თუ დასავლეთმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელშესახები ნაბიჯები არ გადმოდგა, დასავლური პოლიტიკური პოზიციების ვექტორის მომხრე ძალებს გაუჭირდებათ მომავალ პარლამენტში­ წამყვანი პოზიციე­ბისთვის ბრძოლა. ამ თვალ­საზრი­სით, ძალზე საინტერესო განც­ხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა­ მინისტრმა. კერძოდ, თურქეთი­ გამოდის წინადადებით, რომ 2016 წლის ნატოს სამიტმა მიზნად დაისახოს გაფართოება ოთხი კანდიდატი ქვეყნის და მათ შორის, საქართველოს ხარჯზეც.

დასავლეთის ყველა ნაბიჯს საქართველ­ოში ყურადღებით აკვირდება რუსეთი. ახლა ჯერი მასზეა. არჩევნებამდე დარჩენილ წელ­იწად-ნახევარში მისგან ბევრ უსიამ­ოვნო სიურპრიზს უნდა ველოდოთ. თუმცა,­ მთავარია არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ და მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი და რეალურად კოალიციური მთავრობა, რაც არაფორმალური მართვის იმ მასშტაბ­ებსა და გავლენებს, რომელზეც დღეს ყველა­ ლაპარაკობს, მნიშვნელოვნად შეამცირებს. ევროპული ტიპის კოალიციური­ მთავრობა მრავალპარტიული პარლამენტით – თუ ჩვენ ეს შევძელით, ეს იქნება ჩვენი საზოგადოების და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ეპოქის მთავარი მონაპოვარი.

„კვირის ქრონიკა“, 18 მაისი, 2015 წელი

პრორუსული განწყობა იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ ევრაზიულ კავშირში შეგვაქანებენ

გიორგი ჯიქიაშვილი

(შემოკლებით)

წინა კვირას, 5 მაისს, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ლიბერასტების სამგლეთისთვის შემზარავი და ელდისდამცემი აღმოჩნდა, – დოკუმენტის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო 27 პროცენტს აღნიშნულ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. ამასთანავე, კვლევაში მონაწილეთა 16 პროცენტისთვის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა მიუღებელია, 15 პროცენტი კი პასუხის გაცემაზე თავს იკავებს, რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, სამხედრო ბლოკში შესვლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი სოლიდურია, – 20 პროცენტი ცალსახად ამბობს, რომ საქართველომ ნატოსკენ აღებული კურსი უნდა შეცვალოს.

(…)

მოკლედ, გამოქვეყნდა თუ არა ეს დოკუმენტი, მედასავლეთე სიმბიოზები მარტის კატებივით აკნავლდნენ, არიქა დავიღუპეთ, „ღრუზინები“ ბნელ წარსულში გვაბრუნებენ, გვიშველეთო.

მოგვიანებით ამ საყოველთაო ლიბერასტულ ისტერიას ოფიციალური პირებიც შეუერთდნენ და არანაკლებ მძაფრი, აგზნებული კნავილი პოლიტიკურ სპექტრშიც ატყდა. ნაცბანდამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმით ახსნა, რომ ხელისუფლება რუსეთის აგენტებითაა სავსე, თუმცა ნაცებს არც ქოცები ჩამორჩნენ და უბედურების ზარი უმრავლესობაშიც ჩამოჰკრეს. მაგალითად, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ გამოქვეყნებულმა კვლევამ გამოკვეთა რამდენიმე სახიფათო ტენდენცია, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

ანალოგიურად შეშფოთდნენ ე.წ. არასამთავრობოებიც და მთელი ეს ჟიმჟიმი ყველამ ერთი და იგივე ტექსტებით, ერთი და იგივე „შპარგალკით“ გამოხატა. ბოლოს გამოვიდა უმაღლესი მთავარსარდალი და საკუთარი ავტორიტეტული სიტყვით წერტილი დასვა: ვფიქრობ, პროდასავლური იდეების პოპულარიზაციისთვის მეტი კონსოლიდაციაა საჭიროო. აი, კონკრეტულად როგორ შეაფასა ოლიგარქის  ულაყმა მოცემული კვლევა: „31 პროცენტი არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული სწორედ დასავლური არჩევანია. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ნათლად ხედავენ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას, ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით მეტი კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ~.

როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში მსხდომ მედროვეებს დღეს იმის წარმოდგენაც ზარავთ, რომ ქართველ ხალხს შესაძლოა, მათი დასავლელი მამა-მარჩენლები გულზე არ ეხატებოდეს და არჩევანს სულ სხვა პოლიტიკურ ორბიტაზე აკეთებდეს. დიახ, მარგველაშვილს, ბერძენიშვილს და მით უფრო ნაციონალ წურბელებს, რომლებიც ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ჩვეულებრივი პოლიტიკური გვამები არიან, იმის წარმოდგენაც უჭირთ, რომ ქართველ საზოგადოებას შესაძლოა, საცდელი ვირთხის როლში ყოფნა არ სურდეს და ამერიკელების პოლიტიკური ექსპერიმენტები ყელში ჰქონდეს ამოსული. ამის მიზეზი ის არის, რომ ზემოჩამოთვლილმა პერსონებმა და მთლიანად ამ პოლიტიკურმა სპექტრმა ძალიან კარგად იცის, როგორც კი ქვეყანა ცალსახა პროდასავლურ კურსს გადაუხვევს, ხელისუფლებაში მათი ბოგინიც დამთავრდება. მეტიც, მათ იციან, რომ, თუკი სათავეში ვაშინგტონის გავლენისგან თავისუფალი ძალები მოვლენ, სამართლიანობა იზეიმებს და დამნაშავე პოლიტიკანებს ვირის აბანო არ ასცდებათ.

ეს არამარტო ნაცმანქურთებს, ქოცხროვასაც ეხება და აი, ზუსტად ეს შიშია, მარგველაშვილს რომ აწკმუტუნებს, პროდასავლური იდეების პოპულარიზაციისთვის უკანალზე უნდა გავიხეთო. არა და NDI-ს კვლევა მართლაც უამრავ შეკითხვას აჩენს, ოღონდ არა იმ კუთხით, რა უნდა გავაკეთოთ მედასავლეთეობის აპოგეისთვის, არამედ იმ კუთხით, რატომ იზრდება ქვეყანაში ასე სწრაფად ანტიდასავლური განწყობა. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო თორმეტი წლის მანძილზე, ანუ 2003 წლიდან დღემდე, ამერიკის

შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი გააკეთა, რათა ქართველი ხალხის თვალში მითი დასავლეთის დემოკრატიულობის შესახებ დაემსხვრია. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პირსისხლიან სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა და, ფაქტობრივად, ყველაფერზე მწვანე შუქი აუნთო. მერე და მერე რაც იყო, ყველამ ვნახეთ და ნაცხროვის სისასტიკემ მთელი მსოფლიო შეძრა, მაგრამ იანკებმა იხტიბარი მაინც არ გაიტეხეს. 7 ნოემბერს, 26 მაისს „ბელადმა“ პროპორციული ძალა გამოიყენაო, ანუ, პრაქტიკულად გვითხრეს, ღირსები იყავით და მისაღები მიიღეთო. მიუხედავად ამისა, რუსეთის შიშით და კრემლის ოკუპანტური პოლიტიკის სიძულვილით ხალხი მზად იყო, ის განცხადებებიც დაევიწყებინა, მაგრამ ძია სემის პოზიცია 2012 წლის შემდეგაც უცვლელი აღმოჩნდა, – მათ დამნაშავე სააკაშვილს, რომელზეც საკუთარ ქვეყანაში ძებნაა გამოცხადებული, განსაკუთრებული ვიზა მისცეს და რომ იტყვიან, გულში ჩაიკრეს, საქართველოს თითი დაუქნიეს და ინტერპოლიც ერთ ადგილზე მოსვეს, არ გაბედოთ და ამ კაცს არ შეეხოთო…

ბატონებო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით და კიდევ იმის ფონზე, რომ თავის დროზე ნაცხროვასთან კოჰაბიტაცია ძალით შემოგვთხარეს, რა გასაკვირია, ქართველ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობა მძლავრობდეს?!

რა გასაკვირია, რომ ხალხს დასავლურ `დემოკრატიაზე~ გული ერევა და მიუხედავად კრემლის შეუვალი პოლიტიკისა, არჩევანს მაინც იმ ავადსახსენებელ ევრაზიულ კავშირზე აკეთებს?!

…მარგველაშვილს რომ ღირსება ჰქონდეს, იმას კი არ უნდა ამბობდეს, დასავლური იდეების პოპულარიზაციისთვის კუდებით უნდა გადავინასკვოთო, თვითონ დასავლეთს და პირველ რიგში ამერიკას უნდა უხსნიდეს, რატომ მატულობს დღეს ქვეყანაში პრორუსული განწყობა. დიახ, მარგველაშვილს ელემენტარული ღირსება და თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ამერიკელ ემისრებს პირდაპირ უნდა ეუბნებოდეს, სანამ თვალში ნაცარს გვაყრით და პირსისხლიან სააკაშვილს იცავთ, საქართველოში ანტიდასავლური განწყობა გაიზრდებაო. სამწუხაროდ, მას ამის ერთი ადგილი არ აქვს და ცხადია, ვერასდროს გაბედავს სიმართლის თქმას.

ამიტომაა, ჯოხს რომ ჩვენზე, რიგით მოქალაქეებზე ტეხავს და მიზეზზე კი არა, შედეგზე საუბრობს, თითქოს საზოგადოებას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და არ იცის, რას გულისხმობს სინამდვილეში „დასავლური არჩევანი“. ისე, საფრთხეებს რაც შეეხება, 31 პროცენტის პრორუსული განწყობა იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ ევრაზიულ კავშირში შეგვაქანებენ (ეს კავშირი ჯერ რუკაზეც არ არსებობს), მაგრამ „ქოცკოლონის“ რეიტინგის ვარდნა ნაცებს ნამდვილად აგულიანებთ. აგერ წუგზარ წიკლაური უკვე „ფეისბუკში“ ღიად იწერება, დასაწყებია დიდი აქციები სააკაშვილის დაბრუნების და სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნითო და როგორც ჩანს, დაიწყებენ კიდეც. აი, ამის გეშინოდეთ მეოცნებენო და არა იმის, რომ ხალხს ყელში აქვს ამოსული დასავლეთის ჟონგლიორობა. სააკაშვილის მობრუნებას საბჭოთა კი არა, უფრო შორეულ და ბნელ წარსულში დაბრუნებაც გვერჩივნოს, ნაცრეჟიმის მობრუნება

„კვირის ქრონიკა“, 18 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ამერიკელები ამუშავებენ გეგმას, რომ ივანიშვილმა საქართველო დატოვოს“

ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი წევრი, იურისტი ვალერი გელბახიანი გაზეთის კორესპონდენტთან ნინო სამხარაძესთან საქართველოს საშიანაოპოლიტიკურ საკითხებზე და ამ საკითხების საგარეოპოლიტიკურ გარემოებებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

შეკითხვა: თქვენ იმეორებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სიტყვებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს საქართველო და განერიდოს პოლიტიკას. მაინტერესებს, რა ინფორმაცია გაქვთ ივანიშვილზე, დასავლეთი მას შეზღუდავს, თუკი ასეთ ფორმატში გააგრძელებს მოღვაწეობას?

ვალერი გელბახიანი: როცა ამას ვაცხადებ, მაქვს ინფორმაციები, კონკრეტულად კი ამერიკული წყაროებიდან. ამერიკელები ჩრდილოვან მეფეებს არ იღებენ, მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ რეალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი და არა, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს აღიარებული ამბავია და გამოკითხვებმაც დაადასტურა. მმართველობის ასეთი მოდელი ცივილიზებულ სამყაროს არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს არის მმართველობის ყოვლად მიუღებელი ფორმა და დასავლეთი ამას არ დაუშვებს, ყველანაირი მეთოდით შეებრძოლება.

- თქვენი ინფორმაციით, ამერიკელები ამუშავებენ გეგმას, რომ ივანიშვილმა საქართველო დატოვოს?

- ისინი ამ გეგმას არათუ ამუშავებენ, მეტიც, გეგმა უკვე არსებობს და გეუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკეთ იცის ამ გეგმის შესახებ. როგორც საჩხერელ კაცს, ვურჩევ, ბოლომდე ჩამოშორდეს პოლიტიკას, ასეთ შემთხვევაში გადარჩება, სხვანაირად არც მისი და არც მისი ოჯახის პოლიტიკური გადარჩენის შანსი არ არის. თუკი პასუხისმგებლობას აიღებს, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნას სათავეში ჩაუდგება, ამ შემთხვევაში შეიძლება გახდეს პოლიტიკური მსხვერპლი. აი, ასეთია რეალობა.

(…)

- თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ უკვე იმდენი დრო გავიდა, შეძლებთ ანალიზი დადოთ? თქვენი ინფორმაციით, პროდასავლური პოლიტიკოსის გამინისტრება იყო თუ არა ამერიკელების უშუალო ჩარევის შედეგი და დღეს შეიძლება თუ არა თამამად ვთქვათ, რომ თავდაცვის უწყება ამერიკელების კონტროლის ქვეშ გადავიდა?

- თუ ვინმე ჩაძირავს ამ ხელისუფლებას, ეს იქნება „რესპუბლიკური პარტია“ და მისი ფაქტორი. ამას კი სულ მალე იხილავთ, რადგან საზოგადოების აგრესია ძალიან მაღალი იქნება, რაც ხელისუფლების დამხობას დააჩქარებს. ერთი ჯარში მოიკითხონ, რა ხდება! ჯარი ანტიგანწყობილებით შეხვდა თინა ხიდაშელის გამინისტრებას და ანა დოლიძის მის მოადგილედ დანიშვნას. არც ერთი ქალბატონის მიმართ პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ორი ქალი მართავდეს გენერლებს, ცოტა არ იყოს და, გენერლებისთვის შეურაცხმყოფელი ამბავია. თქვენ არ იცით, ჯარში რა ხდება. ეს ამბავი ბომბივით სად გასკდება, არავინ იცის, ძალიან უკმაყოფილოები არიან ამ დანიშვნით. თავდაცვაში დიდი დაძაბულობაა, არ ვიცი, ესენი რას ფიქრობენ, მაგრამ დაელაპარაკონ ოფიცრებს, გაიგებენ მათი გაღიზიანების მიზეზებს, ჩაატარონ კვლევები და მიხვდებიან გენერალიტეტის, ჯარის განწყობას.

- თუკი ჯარში უკმაყოფილება გაიზრდება საკადრო გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა, რომ პრემიერ-მინისტრმა შეძლოს და გაათავისუფლოს თინა ხიდაშელი?

- მოდით, ასე ვთქვათ, არის კი ღარიბაშვილი რეალური პრემიერი? ამ გადაწყვეტილების შესახებ მან პოსტფაქტუმ გაიგო, ის რომ რეალური პრემიერ-მინისტრი იყოს, არც ამ საკადრო ცვლილებას დაუშვებდა. არა, ბატონებო, ეს ღარიბაშვილის გადაწვეტილება არ გახლავთ, ეს არის ამერიკელების კადრი და მათ მიერ დანიშნული მინისტრი. ისიცაა, რომ „რესპუბლიკელებმა“ ივაჭრეს და ირაკლი ღარიბაშვილს სცენარი დაუდეს, – თუ ჩვენით არ დაბალანსდება აღმასრულებელი რგოლი, ხმას არ მოგცემთო. ამიტომაც დასთანხმდნენ „რესპუბლიკელების“ კვოტებს, ივანიშვილი იძულებული გახდა, ამ სქემას აჰყოლოდა. მართალია, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ეტაპზე სკამი შეინარჩუნა, მაგრამ ამ სკამს ხალხი წაართმევს, ის შეეცდება შემოდგომამდე რამდენიმე ცვლილების გატარებას აღმასრულებელ რგოლში, ვიღაც ხომ უნდა დასაჯონ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო. არ არის გამორიცხული ხადურის გაშვება ვიხილოთ.

რეზონანსი“, 18 მაისი, 2015 წელი

სირიაში საქართველოდან უკვე ქალებიც მიდიან

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

საქართველოდან სირიისაკენ გზას მამაკაცებთან ერთად ქალებიც დაადგნენ და პირველი შემთხვევაა, როდესაც პანკისის გარდა, აზერბაიჯანული თემიდან სირიაში წასულებზე გავრცელდა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტების განცხადებით, საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობიდან ბევრად მეტი ადამიანია სირიაში საბრძოლველად წასული, ვიდრე პანკისიდან ან აჭარიდან, ამაზე არასდროს არავის ულაპარაკია.

———-

გუშინ კი გავრცელდა ცნობა, რომ სირიაში საბრძოლველად თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალიდან ორი აზრებაიჯანელი ქალბატონი წავიდა. თანასოფლელების განცხადებით, დიანა ღარიბოვა და ანა სულეიმანოვა 30 წლამდე ქალბატონები არიან, ისინი საკუთარ ოჯახებთან ერთად თბილისში ცხოვრობდნენ და ორივე მათგანმა ოჯახებში წერილი დატოვა, სადაც ნათქვამია, რომ სირიაში ჯიჰადისთვის უნდა იბრძოლონ.

თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი „მთელ კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ეს ორი ქალბატონი თბილისში ცხოვრობოდა და ლილოს ბაზრშობაზე მუშაობდნენ. ახლა თურქეთში არიან წასულები და იქიდან სირიაში გადავიდნენ თუ არა, დადასტურებული არ არის.  „თელავში ეს ერით სოფელია მარტო მუსლიმური, 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ეს პირველი შემთხვევაა, აქამდე ყარაჯალადან არც მამაკაცების და არც ქალბატონების სირიაშიწასვლა არ დადასტურებულა. ყარაჯალაში წარმომადგენელს ვესაუბრე და როგორც მითხრა, ამ ქალბატონებს აქ, საქართველოში მეუღლეებიც ჰყავთ და შვილებიც და სად წავიდნენ და რა მიზნით, ეს კიდევ გასარკვევია“, –განმარტავს შათირიშვილი.

სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორის ელზა აშირეოვას თქმით, მან გუშინ შეიტყო ორივე ქალის სირიაში წასვლის შესახებ. არც ერთ ოჯახს ფინანსურად არ უჭირს, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ყაზახეთში ცხოვრობდნენ. დირექტორისთვის უცნობია, რა გახდა მათი წასვლის მიზეზი.

ეს უკვე მეორე გახმაურებული შემთხვევაა, როდესაც სირიაში ტერორისტების მხარდასაჭერად ქალებიც გაემგზავრნენ. მანამდე, 28 აპრილს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოდან 17 წლის მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა მშობლების თანხმობით სირიაში საქმროსთან, ბექა ტოხოშვილთან გაემგზავრა. რგორც ამბობენ, გოგონა სირიაში მეომარ საქმროს სადედამთილომ ჩაუყვანა. ტოხოშვილი ერთი წელია, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვის. ამ ამბის გახმაურებისას პანკისში ითქვა, რომ ეს სირიაში პატარძლების ჩაყვანის პირველი შემთხვევა არ არის.

„აქამდე არავის არ აინტერესებდა, რომ აზერბაიჯანელებიც მიდიოდნენ სირიაში. სანამ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება, არავის აინტერესებს ასეთი თემა. პანკისელებზეც მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც საერთაშორისო მედიამ დაწერა, პანკისიდან არის წარმოშობით თარხან ბათირაშვილიო“, – საუბარს ასე იწყებს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ზაურ ხალილოვი.

მისი თქმით, სირიაში საქართველოდან ბევრი აზერბაიჯანელია წასული, მაგრამ მათ აზერბაიჯანელებს მიაკუთვნებენ და არა როგორც საქართველოდან წასულებს. ამიტომაც, ზუსტი სტატისტიკა არავის აქვს, თუმცა, ამბობს,რ ომ დაახლოებით 300 ადამიანი იქნება. ხოლო ამ ყველაფრის უკან რა დგას, რამდენად სახიფათოა ეს ყველაფერი და რა უნდა გაკეთდეს, ამაზე არავინ არ საუბრობს.

„ჩვენი ბრალიც არის. ჩვენც ასე ვუდგებოდით საკითხს – ერთი-ორი კაცი რომ წავიდა, ვიფიქრეთ, არა უშავს თითო-ოროლა კაცს, მაგრამ 300-400 კაცი რომ არის ქვეყნიდან წასული, ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა. რამდენი კიდევ სხვა ქვეყნიდან გადადის, ჩვენ რომ გვგონია, სამუშაოდან მიდიან და რეალურად არ ვიცით, სად მიდიან – ეს კიდევ ცალკე თემაა“, – ამბობს ზაურ ხალილოვი.

————-

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს,რ ომ, ქვემოთ ქართლის აზერბაიჯანული თემიდან სირიაში წასულთა რაოდენობა ბევრად აღემატება პანკისიდან და აჭარიდან წასულთა რაოდენობას. მათ შორის არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები, თუმცა რატომღაც ამას ყურადღებას არავინ აქცევს და არც არავინ საუბრობს ამაზე. ამ ფაქტებზე არც თავად აზერბაიჯანული მოსახლეობა ლაპარაკობს – ერთი, რომ სოლიდარობის გამო და მეორეც – ისინი ამას პრობლემატურ საკითხად არ მიიჩნევენ.

ვახტანგ მაისაია: „სირიაში საბრძოლველად ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ქვემო ქართლიდან არის წასული. უფრო დიდი პრობლემაა ქვემო ქართლში, ვიდრე პანკისში ან საქართველოს სხვა რეგიონებში. თუ მეტი არა, 300 ადამიანი მაინც იქნება წასული, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღებას.

„ძირითადად მძიმე სოციალური მდგომარეობა აიძულებს აზერბაიჯანელებს, აზერბაიჯანში ან თურქეთში გადავიდნენ სამუშაოდ, იქ კი მიდის იდეოლოგიური მშაობა და ისლამური ხალიფატის რიგებში აღმოჩნდებიან.

„დაფინანსებაც დიდია. როგორც იდეოლოგიური, ისე ფინანსური მხარე მოქმედებს. ისინი სირიაში აზერბაიჯანულ შენაერთებს უერთდებიან. ისლამურ ხალიფატში სამი მსხვილი ხალკე მყოფი აზერბაიჯანელი შენაერთია. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 000-მდეა. მათ შორის არიან საქართველოდან წასულებიც. ცნობილი ლიდერები ჰყავთ, ერთია აბუ გაფარი და მეორე – ხაიბულა“.

მაისაიას თქმით, აშკარაა, რომ ქვემო ქართლში ვაჰაბიტური პროცესები არავის შეუსწავლია, არავინ მუშაობს და არ იცის, რა ხდება ქვემო ქართლში. პრობლემა კი არსებობს. აზერბაიჯანში ეს პრობლემა უკვე კრიტიკულ დონემდეა მისული, უშიშროება განგაშის ზარებს სცემს. მისივე ინფორმაციით, ქვემო ქართლიდან დაღუპულებიც არიან, მაგრამ სპეციფიკური მომენტიდან გამომდინარე, რამდენია, არ იცის. ამბობს, რომ რადგანაც აზერბაიჯანული თემი დიდია, იქ გარდაცვალების ფაქტების გასაიდუმლოება უფრო მარტივად შეიძლება, ვიდრე იგივე პანკისის ხეობაში. პანკისი უფრო ჩაკეტილი მხარეა, თემიც მცირეა, სულ 9-10 ათასი ქისტი ცხოვრობს ხეობაში, ამიტომაც გადინებაზე და გარდაცვლილებზე ინფორმაცია უფრო ვრცელდება. აზერბაიჯანელი კი 300-400 ათასამდეა და გარდაცვალებისა და მიგრაციული ნაკადების დადგენა რთულია. გარდა ამისა, პანკისში ამ გადინებას პრობლემად აღიქვამენ, ქვემო ქართლში“ – არა.

ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ქალების გადინების პრობლემა არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა, თავად ამ ისლამურ თემში ქალების მიგრაცია საერთოდ ნაკლებად საყურადღებოდ მიიჩნევა. სირიაში კი ქალები ქვემო ქართლიდანაც, აფხაზეთიდანაც და პანკისიდანაც მიდიან. „აფხაზეთიდანაც არის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ქალების წასვლა – ეს ზოგადი ფენომენია, მარტო საქართველოდან არ ხდება ეს. მაგალითად, ჩრდილოკავკასიიდან, ოფიციალური მონაცემებით, 500-მდე ქალია წასული, არაოფიციალური მონაცემებით – მეტი.

„ქალების  წასვლა კიდევ უფრო დახურული თემაა. ქალის მიგრაციას კიდევ უფრო ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და ნაკლებად პრობლემატურიც ჰგონიათ. ქალების ტრეფიკინგი მაღალ დონეზეა და დასავლურ სახელმწიფოებში ეს დიდი პრობლემაა, ამას ჩვენთან არ აქცევენ ყურადღებას და არც მონიტორინგს უწევენ. მაგალითად, საქართველოს მუსლიმური თემიდან თურქეთში ქალს ათხოვებენ და სად მიდის, ამას თავად ოჯახიც ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მშობლებს რაღაც გადასახადს აძლევენ და მიჰყავთ. ხოლო სად მიჰყავთ – ეს საკითხი შეიძლება არც ოჯახის წევრებმა დასვან.

„ზოგჯერ გოგომ საერთოდ არც იცის, ვისზე ათხოვებენ. ზოგჯერ თავად გოგოები იპარებიან. „ისლამურ ხალიფატს“ რამდენიმე ქალთა შენაერთი ჰყავს, მაგრამ ძირითადად ქალები იქ როგორც მებრძოლების დამხმარე ადამიანები და მეუღლეები მიდიან. ისლამურ ხალიფატში ყველა არ იბრძვის, ყველას იარაღი არ უჭირავს. „ისლამური სახელმწიფო“ სახელმწიფოებრივი გაერთიანებაა.

სახელმწიფოს ყველა ნიშანი არსებობს, სამოქალაქო ტიპის ცხოვრება მიდის, არის სამინისტროები, ინფრასტრუქტურა, იგება გზები და ა.შ. იქ სამუშაოდაც მიდიან და საბრძოლველადაც. ზოგიერთი იქ მარტო სამუშაოს საძებნად მიდის – მაღალი ხელფასებია, სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტია, უფასო ბაღი და უფასო სკოლებია. პოლიცია და სპეცსამსახურები მოქმედებს“, – აღნიშნავს მაისაია.

კავკასიის საკითხებში ექსპერტ ალეკო კვახაძის თქმით, იმის გამო, რომ აზერბაიჯანულ მოსახლეობაში შიიტური გავლენა უფრო დიდია, სალაფიტური მოძრაობა ძალიან გავრცელებული არ არის,თუმცა, ამის მიუხედავად, მცირე სალაფიტური საზოგადოებები მაინც არსებობს, მაგალითად, ფონიჭალაში, გაჩიანში ყარაჯალაში, ვაგრდაბანსა და მარნეულშიც.

ალეკო კვახაძე: „საქართველოს მოქალაქე, აზერბაიჯანელები სირიაში არიან წასულები, მაგრამ ისინი არ ჩანან, რადგან ეთნიკურ აზერბაიჯანულ ჯგუფებში არიან გაწევრიანებული და ჩრდილოკავკასიურ ჯგუფებთან კავშირი არ აქვთ.

„არ მგონია, რომ 300 კაცი იყოს წასული, სავარაუდოდ, ეს ციფრი გადაჭარბებულია. უფრო მეტად ფონიჭალიდან და გაჩიანიდან მიდიან. ქალბატონებიც მიდიან. უმეტესად ისინი რომელიმე მებრძოლზე თხოვდებიან და შემდეგ უკვე კონფლიქტის ტერიტორიაზე ოჯახებად ცხოვრობენ. სირიაში ბევრი გათავისუფლებული ტერიტორიაა, სადაც ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის“.

კვახაძე მიიჩნევს, რომ ეს თემა ამ ეტაპზე აქტუალური არ არის, მაგრამ პოტენციურად დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე თუნდაც პანკისიდან წასულების პრობლემა.

„პანკისელებმა ქართული იციან და ქართულ სივრცეში ინტეგრირებულები არიან. აზერბაიჯანელებმა ენა არ იციან და ინტეგრირებაც ნაკლებია. ამიტომაც ნოყიერი ნიადაგია, რომ სეპარატიზმიც კი განვითარდეს“, – დასძენს კვახაძე.

Comments are closed