„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა; ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები
„რეზონანსი//მთელი კვირა“: რატომ დაამთხვიეს სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა წულუკიანის ვიზიტს უკრაინაში
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ბედის ირონიაა, რომ სააკაშვილი “ანეკდოტების მექის” გუბერნატორად დანიშნეს… არ არის გამორიცხული, სააკაშვილი უბრალოდ გაარიდეს კიევს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილზე საბოლოოდ აიღო ხელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა”
„რეზონანსი//მთელი კვირა“: „სამწუხაროდ, თურქულ მხარესთან ძალიან რთული და მძიმე მოლაპარაკებების პროცესში ვართ“
———————-
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 01 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა; ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები
იაგო ნაცვლიშვილი
(შემოკლებით)
ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე რაიმე კარგის გაკეთების პოტენციალი არ აქვს. მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე პრაქტიკულად უარის თქმით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც საქართველოში მას პოლიტიკური მომავალი არ ჰქონდა. „სიმართლე რომ გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორად მისი თანამდებობრივ დაქვეითებად უფრო მიმაჩნია, ვიდრე დაწინაურებად“, – აცხადებს ვიქტორ დოლიძე „მთელ კვირასთან“ ინტერვიუში და საქართველო-ნატოს ურთიერთობაზეც საუბრობს:
ვიქტორ დოლიძე: „საუბარი იმით დავიწყოთ, რომ ნატოს შემდეგი სამიტი ვარშავაშია დაგეგმილი, პონეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, რომელიც ნატოს გაფართოების მომხრეა. ჩვენ თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ამმიმართულებით წინსვლა სწორედ ვარშავის სამიტზე გვექნებოდა. კარგა ხანია ნატოს გაფართოება სეჩერებული იყო. ჩვენ ვართ იმავე კალათაში, რიომელშიც მონტე-ნეგრტო და ბალკანეთის სხვა ქვეყნები არიან. ის რომ პროცესი დაიძრა, ეს კარგია, მაგრამ ჩვენც გვინდა ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჯერ-ჯერობით ხელისუფლებისაგან ვერ გავარკვიე, რა გეგმები აქვს, რა მაქსიმუმი ან მინიმუმი შეიძლება მივიღოთ ვარშავის სამიტზე. მანამდე დრო საკმარისად, არის. ახლა მთავარია უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება დროულად და სწორად შევასრულოთ, რომ ვინმესთვის სალაპარაკო არ იყოს.
„მთელი კვირა“: განა უელსის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულება [საქართველოს მხრიდან] შეჩერებულია?
ვიქტორ დოლიძე: არა, მე ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ამას სჭირდება დროში ჩატევა და ხარისხობრივად ბოლომდე მიყვანა. ამაზე მაქვს საუბარი. ჯერ-ჯერობით ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამს საკითხზე კრიტიკა არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო აქტიური ნაბიჯები როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. ზუსტად იმას ვამბობ, რაც თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ საჭიროა ორივე მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულება ორივე მხარის მიერ. ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევასრულებთ ვალდებულებებს ნატოსთან მიმართებით ვარშავის სამიტამდე, ხოლო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით – 15 დეკემბრამდე. ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე. ეს უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკაში.
„მთელი კვირა“: როგორ ფიქრობთ, ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით საქართველო რიგში რომელი ქვეყნის შემდეგ დგას?
ვიქტორ დოლიძე: ეს ძალიან რთული სათქმელია. ნატოსათვის ყველა ქვეყანა პრიორიტეტუილია. მე ვფიქრობ, რომ ალიანსისათვის მონტე-ნეგრო არანაკლებ პრიორიტეტული ქვეყნებია ბოსნია-ჰერცეგოვინა და მაკედონია. უბრალოდ, ბალკანეთის ქვეყნებს, შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით, რთული ვითარება აქვთ. რეფორმების გატარების კუთხით მონტე-ნეგრო ყველაზე მეტად დაწინაურდა, ისევე როგორც ნატოს თვისებადობის თვალსაზრისით. ამიტომაც გახდა დღეს ყველაზე პრიორიტეტული მონტე ნეგრო.
„მთელი კვირა“: ანუ ბალკანეთის ქვეყნები, იგივე მონტე ნეგრო უკრაინაზე და საქართველოზე წინ დგანან რიგში?
ვიქტორ დოლიძე: მოდით, ასე ნუ ვიტყვით. საკითხის მნიშვნელობიდან და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე, იგივე ძველი პროცესებიც რომ გავიხსენოთ, ბალკანეთი ნატოსათვის ნომერ პირველი პრიორიტეტი იყო თავის დროზე და ამან ინტეგრაციის პროცესსაც ხელი შეუწყო, მაგრამ დღეს ცოტა რთული სათქმელია. რეალობა დღეს შეცვლილია – ხომ ვხწედავთ, რა ხდება უკრაინაში… საქართველოსაც რუსეთთან ომი ჰქონდა. მე ვამბობ, რომ მთავარია ჩვენს რას გავაკეთებთ და ქვეყნის შიგნით როგორ მუშაობას გავწევთ. გარეთ ვიღაცეებს პოლიტიკური სპეკულაციების საშუალებები არ უნდა დავუტოვოთ. ამის მერე იქყება პოლიტიკური მხარე და ამას 28 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 01 ივნისი, 2015 წელი
რატომ დაამთხვიეს სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა წულუკიანის ვიზიტს უკრაინაში
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო. მიხეილ სააკაშვილს ქართული პასპორტის უკრაინულით ჩანაცვლება ოდესის ოლქის გუბერნატორის სავარძლის მიღებისათვის მოუწია და ყოფილმა პრეზიდენტმა იურიდიულად არა მარტო ქართულ პასპორტზე, არამედ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობაზეც განაცხადა უარი.
სააკაშვილმა, რომელმაც წლების წინ ბათუმი “შვილად” გამოაცხადა და ფიცი დადო, რომ მას შავი ზღვის ყველაზე ლამაზ, წარმატებულ და მდიდარი ადამიანებით დასახლებულ ქალაქად აქცევდა, უკრაინელ გუბერნატორად ქცევის პირველსავე დღეს ქართული ბათუმი უკრაინული ოდესით ჩაანაცვლა და განაცხადა, რომ ის ოდესას შავი ზღვის დედაქალაქად აქცევს.
რატომ გადადგა ექს-პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი? სამი თვის წინ თავად სააკაშვილი აცხადებდა, რომ მას უკრაინაში პირველ ვიცეპრემიერობას, ასევე ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელობას სთავაზობდნენ, მაგრამ მან უარი იმ მოტივით თქვა, რომ მისთვის საქართველო ყველაფერია, არასდროს დათმობს საქართველოს მოქალაქეობას, რადგან მისი მთელი ცხოვრება საქართველოს ეკუთვნის და საქართველოს გადასარჩენად ქვეყანაში მალე დაბრუნებას აპირებდა. რა შეიცვალა ამ სამ თვეში?
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, გათვლა სხვა რამეზეა – ოდესის ოლქში გატარებული რეფორმები და აღმშენებლობა სააკაშვილს დივიდენდებს მოუტანს როგორც უკრაინაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ეს ქართულ პოლიტიკაში მთელ პარტიასაც წაადგება.
“ნაციონალების” ოპტიმიზმს არ იზირებს ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი და “ნაცმოძრაობას” წარმატებას არ უწინასწარმეტყველებენ. მეტიც, ნაწილის თქმით, პარრტიიდან 4 აქტიური წევრის წასვლა და სააკაშვილის გაგუბერნატორება იმაზე მეტყველებს, რომ “ნაცმოძრაობაში” ყველაფერი კარგად არ არის.
(…)
რატომ წულუკიანის ვიზიტისას
ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დიდი გუნდის უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმება დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას საშინლად არ მოსწონს, ამაზე ოფიციალური პირების მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განცხადებებიდანაც ჩანს. პრემიერმა ღარიბაშვილმა ისიც კი აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ამ საკითხზე დაურეკა კიდეც და აცნობა, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს, თუმცა, “ოცნების” ხელისუფლების უკმაყოფილების მიუხედავად, უკრაინაში დანიშვნები არ შეჩერებულა. უფრო მეტიც, სააკაშვილის გაგუბერნატორობა რატომღაც იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ძლივს შემდგარი უკრაინული ვიზიტისას მოხდა.
როგორც წულუკიანი აცხადებდა, ის სამჯერ შეეცადა უკრაინაში ჩასვლას, მაგრამ კოლეგა პასუხობდა, რომ მის მისაღებად ჯერ მზად არ არიან. ამჯერად კი წულუკიანის კიევში ყოფნისას ჯერ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა ექს-პრეზიდენტს სააკაშვილს, იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დასრულების დღეს კი ოდესის ოლქის გუბერნატორადაც დანიშნეს. თანაც, წულუკიანს კიევში ადგილობრივი “თავისუფალმა ზონა” საპროტესტო აქციითაც დახვდა, ლოზუნგით “შეწყდეს პოლიტიკური დევნა თბილისში”. პარალელურად ოდესაში სააკაშვილსაც მოუწყვეს ხალხმრავალი თბილი დახვედრა.
“განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” დამფუძნებელი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილისა და მთელი მისი გუნდის უკრაინაში დაწინაურებით ოფიციალურ კიევს “ოცნების” ხელისუფლებისთვის ალიყური დიდი ხანია გაწნული აქვს და წულუკიანის ვიზიტი უბრალოდ დაემთხვა სააკაშვილის გაგუბერნატორობას. უფრო მეტიც, მისი აზრით, შესაძლოა სააკაშვილის საქმე მთლად კარგად არ იყოს და ამ ორიგინალური ფორმით სააკაშვილი ვიღაცამ გაწირა. „ადამიანის გაწირვა მისთვის კონკრეტული პასუხისმგებლობის აკიდებითაც ხდება ხოლმე,” – აცხადებს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილის ვარაუდით, “როგორც ჩანს, წულუკიანის ვიზიტისას სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობდა და როდესაც ქართველი მინისტრი კიევში იყო, სწორედ მაშინ თავად სააკაშვილის თაყვანისმცემელთა მიტინგი ვიხილეთ, სადაც სახეგაბრწყინებული ქალბატონების უზარმაზარი რიგი სააკაშვილის გადაკოცნასა და ფოტოს გადაღებას ლამობდა”. მიუხედავად ამისა, არ ჰგონია ეს დამთხვევა რაიმე პოლიტიკური გზავნილი იყოს.
“ნაციონალების” პერსპექტივა სააკაშვილის გარეშე
“საქართველოს ევროპულ ფასეულობათა” ინსტიტუტის თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლას არ ელოდება. ამბობს, რომ უკრაინაში სააკაშვილის რეფორმატორულ გუნდს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, ამიტომაც, შესაძლოა ახლა ოდესაში თავისი აღმშენებლობითი პოტენციალის დადასტურებას აპირებს და მას გუბერნატორობა საქართველოს პოლიტიკაში დარჩენაშიც არ შეუშლის ხელს. პირიქით, შესაძლოა არჩევნებისას უფრო მომგებიანიც იყოს. იგი შეეცდება 2016 წლისათვის ოდესაში აღმშენებლობის რაღაც შედეგი დადოს და საქართველოს მოსახლეობას დაანახოს კონტრასტი მიშას წასვლის შემდგომ საქართველოსა და მიშას მისვლის შემდგომ აშენებულ ოდესას შორის.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის თქმით, სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა რისკის შემცველი ნაბიჯია და ექსპრეზიდენტის წარმატების არ სჯერა.
“ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ უცხოელების გუნდს მთელი უკრაინა ფეხებში უყურებს და მათ მარცხს სიამოვნებით მიიღებენ. მით უმეტეს, თუკი ამ წარმომადგენლებმა მოსახლეობას რეპრესიების ხელი მოუჭირეს, მაშინ დამოკიდებულება უფრო მძაფრი გახდება. ჩვენ ისიც არ ვიცით რა კონტექსტით შესთავაზეს ეს პოსტი. თუკი უთხრეს – ან გუბერნატორი იქნები, ან არაფერიო – მაშინ სხვა გზაც არ ექნებოდა. ახლა ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ სააკაშვილის მხრიდან საქართველოსთვის ცოტა ზურგის შექცევას ჰგავს. ამას თუ იმასაც მივამატებთ, რაც მისი მმართველობიდან ახსოვს ხალხს, არ მგონია, რომ სააკაშვილმა თავისი უკრაინული მართველობით მოხიბლოს ქართველი ამომრჩეველი. მგონია, რომ ოთხეულის წასვლაც და სააკაშვილის ეს ერთგვარი ზურგის შექცევაც იმაზე მეტყველებს, რომ პარტიაში ყველაფერი რიგზე არ არის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი და ვვარაუდობ, რომ ბოლო დროს დაფიქსირებული 20%-ის შენარჩუნებაც ძალიან გაუჭირდებათ”, – ამბობს საყვარელიძე.
როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, „მიხეილ სააკაშვილის მიზანია ოდესაში სამოდელო რაღაც შექმნას და დაამტკიცოს, რომ მართლა მაგარია. რამდენად გამოუვა – ეს სხვა საკითხია. არ მგონია სააკაშვილის გათვლა ქართულ პოლიტიკისაგან ჩამოშორება იყოს, მას ცალი თვალი საქართველოსკენ უჭირავს. ამიტომაც, გუბერნატორად დანიშვნა ქართული პოლიტიკიდან წასვლას ნიშნავს თუ არა, ეს ჯერ არ ვიცით, უნდა დაველოდოთ. ფორმალურად პოლიტიკის კეთება საქართველოში არ შეუძლია, ხოლო რა არაფორმალური ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, ეს უნდა ვნახოთ. თუ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სააკაშვილთან ასოცირების შენარჩუნება ვერ მოახერხეს, მაშინ პარტიის ბედი სავალალოა. სააკაშვილის გარეშე პარტია არაფერს წარმოადგენს”.
გია ხუხაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობას” შეუდარებლად მცირე შანსი აქვს, რომ იმის მსგავსი კამპანია ააგოს, რაც “ოცნებამ” შეძლო ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ, თუმცა ეს თეორიულად გამოსარიცხი არ არის. “მცირე შანსი აქვთ იმიტომ, რომ ბევრი ფაქტორია: საკაშვილი უცხო ქვეყნის ჩინოვნიკია, თან საქართველოს მოქალაქეობაც თავად სწორედ ამიტომ დათმო; ის კრიმინალშია ეჭვმიტანილი და მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნა ამიტომაც აბსურდია; თუმცა, მათი ამომრჩევლისთვის ეს არგუმენტი არ იქნება, პირიქით, შესაძლოა სააკაშვილის კიდევ უფრო ჰეროიზაცია მოხდეს და მათი რიგები შემჭიდროვდეს. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს. ჯერჯერობით, საკმარისი პარამეტრები არ ვიცით იმაზე სასაუბროდ, თუ ხვალ და ზეგ როგორ განვითარდება სიტუაცია,” – აღნიშნავს ხუხაშვილი.
სოსო ცისკარიშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” შეიძლება თქვან კიდეც, რომ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკოსის ფუნქციის დაბრუნებას არ აპირებს, მაგრამ ეს სიმართლე არ იქნება. ის პარტიიდან სხვა ლიდერების წასვლასაც პროგნოზირებს და აღნიშნავს, რომ პარტიაში თანამოაზრეთა თანამზრახველებისაგან განრიდებას და არაერთი ახალი კვარტეტის ჩამოშორებას ვიხილავთ. პარტიაში კი მხოლოდ სააკაშვილის თანამზრახველები დარჩებიან. “სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არ განერიდება, მას ალბათ საპატიო თავმჯდომარეს დაარქმევენ, თუმცა პოლიტიკური ძალის საზღვარგარეთიდან მართვა ქართული საარჩევნო სისტემისთვის მიუღებელი იქნება. გუბერნატორობა ეს არის ნიღაბი სამომავლო გეგმის უსაფრთხოდ განხორციელებისათვის. რა ზრახვებია ეს, დაველოდოთ სამართალდამცველი ორგანოების განცხადებებს და 2016 წლის გაზაფხულისკენ გადავხედოთ ამ მოსაზრებას”.
„კვირის პალიტრა“, 01 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ბედის ირონიაა, რომ სააკაშვილი “ანეკდოტების მექის” გუბერნატორად დანიშნეს… არ არის გამორიცხული, სააკაშვილი უბრალოდ გაარიდეს კიევს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილზე საბოლოოდ აიღო ხელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“
ინტერვიუში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ფაქტსაც ეხმაურება:
სოსო ცისკარიშვილი: “უკრაინის საკადრო პოლიტიკისა აღარაფერი მიკვირს. საინტერესოა, როდის მიიღო პოროშენკომ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის გადაწყვეტილება – მაშინ ხომ არა, ამ ცოტა ხნის წინ ოდესაში ჩასულ სააკაშვილს მკოცნელ ქალთა რიგი რომ დაუდგა?! ხუმრობა იქით იყოს და, მართლაც საინტერესო პროცესების მომსწრენი ვართ. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის მიღებით მართლაც კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ მიჭირს, დავიჯერო, რომ ის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს იტყვის. თუ ეს ასეა, მაშინ “ნაციონალურ მოძრაობას” დაშლა ელოდება.
(…)
მე არ გამოვრიცხავ, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის გავლენის შესასუსტებლად იყოს მიღებული. უკრაინაში ქართველი ჩინოსნების საქმიანობას მაინცდამაინც დადებითად არ აფასებენ, გვესმის უკმაყოფილო განცხადებებიც. ამ ფონზე არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი, უბრალოდ, გაარიდეს კიევს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილზე საბოლოოდ აიღო ხელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისევე, როგორც “ნაციონალურ მოძრაობაზე”, რადგან დარწმუნდა, რომ ამ ძალას საქართველოში წარმატების შანსი აღარ აქვს. მინდა შევეხო ერთ ასპექტსაც, რამაც “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული კვარტეტის განცხადებაში ყური მომჭრა. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ამ ოთხეულმა დედაპარტიას უფრო მძიმე ბრალდება წაუყენა, ვიდრე “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენლისგან მოგვისმენია. ვგულისხმობ იმას, რომ წამოსვლის მთავარ მიზეზად, გაურკვეველ “ცვლილებების აუცილებლობასთან” ერთად, პრორუსულ ძალებთან დაპირისპირება და ევროპული პერსპექტივის დამკვიდრებისთვის აუცილებელი ბრძოლა დაასახელეს.
ესე იგი, მათი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” სულაც არ ყოფილა პრორუსულ ძალებთან მებრძოლი. მკითხველთა ნაწილი იქნებ არც დამეთანხმოს, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების გამოხმაურებაც სწორედ ამაზე მიანიშნებდა. ისინი შეურაცხყოფილი იყვნენ ყოფილი თანაგუნდელების განცხადებით. ადრე ექსსახელისუფლებო ძალის ოპონენტები მინიშნებით ამბობდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ სიტყვით იყო პროდასავლური, მათი საქმიანობა კი რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სააკაშვილის მეხოტბე ხაჩიძე და დანარჩენებიც იმავეს იტყოდნენ. ბედის ირონიაა, რომ სააკაშვილი “ანეკდოტების მექის” გუბერნატორად დანიშნეს. “ააყვავებს” ახლა ალბათ ოდესას და საბოლოოდ ისევ რუსეთს ჩააბარებს… ვიღაცამ გაიხსენა, რომ ილფისა და პეტროვის რომანის გმირის ოსტაპ ბენდერის პროტოტიპი ოდესიდან იყო, არა მგონია, ეს პერსონაჟი ჩვენს საზოგადოებაში ისეთივე აქტუალური იყოს, როგორც ჩემს ახალგაზრდობაში იყო, თუმცა “თაღლითი ოსტაპი” ისევ დაბრუნდა ოდესაში, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წიგნის გმირს იმდენი არაფერი უვნია ქვეყნისთვის, რაც სააკაშვილმა ავნო. იმედი ვიქონიოთ, რომ მისი მართვის სტილი და ფორმა შეიცვლება და უკრაინასაც არ დააზარალებს“.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 01 ივნისი, 2015 წელი
„სამწუხაროდ, თურქულ მხარესთან ძალიან რთული და მძიმე მოლაპარაკებების პროცესში ვართ“
“მთელ კვირასთან” ინტერვიუში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას პოლიტიკური მიდგომა აქვს, რასაც ქართული მხარე არ ეთანხმება. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვა კვლავ პრობლემად რჩება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„მთელი კვირა“: ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი რა ეტაპზეა და თუ მოხერხდება სამომავლოდ სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვა?
მიხეილ გიორგაძე: სულ ცოტა ხნის წინ თურქულ მხარესთან შეხვედრა შედგა, ადგილზე ქართული დელეგაცია ორჯერ იყო ჩასული. სამწუხაროდ ეს საკითხი ახლა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნაწილს ეხება. თურქულ მხარეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აქვს პოლიტიკური მიდგომა, კერძოდ კი ითხოვენ ძეგლების რეაბილიტაციის საკითხთან ერთად აზიზეის მეჩეთის თემა განიხილებოდეს, რაც დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ მათ, რომ მიუხედავად კუთვნილებისა და ადგილმდებარეობისა, ძეგლების გადარჩენაზე ერთად უნდა ვზრუნავდეთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ამ ეტაპზეც ძალიან რთული და მძიმე მოლაპარაკებების პროცესში ვართ.