«The Moscow Times» (რუსეთი): პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილის „თამაში“: ჭკვიანური თუ უბედურების მომტანი?
«Комсомольская правда» (რუსეთი): აფხაზეთი მოხარულია იყოს რუსული კურორტი, მაგრამ არ სურს რუსულ პროვინციად გადაიქცეს
———————-
«The Moscow Times» (რუსეთი), 9 ივნისი, 2015 წელი
პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილის „თამაში“: ჭკვიანური თუ უბედურების მომტანი?
ჯოშ კოენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი
(შემოკლებით)
პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნა პოლიტოლოგებისა და ევრომაიდნის აქტივისტებისათვის ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
მიხეილ სააკაშვილი პოლარიზებული ფიგურაა: მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – იგი, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ხელისუფლებით ბოროტად სარგებლობდა და დემონტრაცია-მიტინგებს ულმობლად არბევდა. მიხეილ სააკაშვილის „დამსახურებაა“ აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკული გამონათქვამები და 2008 წლის აგვისტოში მომხდარი „ხუთდღიანი“ ომის დამანგრეველი შედეგები საქართველოსთვის.
ოდესა ჩვეულებრივი უკრაინული ოლქი არ არის. ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ თავს რუსულ კულტურას უკავშირებს და რუსეთს მტრად არ აღიქვამენ. სწორედ ამიტომაც, უკრაინის სხვა რეგიონებისაგნ განსხვავებით, ოდესის ოლქი მეტ-წილად პრორუსულ და უფრო ნაკლებად პრომაიდნურ რეგიონადაა წარმოდგენილი.
ამ რისკების გათვალისწინებით, ორი კითხვა ჩნდება: რამ აიძულა პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე და როგორია ეს ნაბიჯი – ჭკვიანური თუ კატასტროფის მომასწავებელი?
უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული.
პირველი – უკრაინა თვლის, რომ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება და მოსკოვისათვის საძულველი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის რუსულენოვანი ოლქის ხელმძღვანელად დანიშვნა რუსული დათვისათვის ცხვირში მორტყმას ნიშნავს;
მეორე – მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა იმის მაჩვენებლია, რომ პეტრო პოროშენკოს უკვე „თავისი კაცი“ ჰყავს იმ ქალაქში, რომელშიც ადრე ოლიგარქ იგორ კოლომოისკის გავლენის ქვეშ იყო. მილიარდერი ამჟამად კიევისადმი თითქოსდა ლოილაობას იჩენს, მაგრამ მტრული მიზნები რჩება. მისთვის ოდესა მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს და ხელიდან ასე იოლად არ გაუშვებს. ოლიგარქს ოდესაში და ოდესის ოლქში ბევრი საკუთრება აქვს;
მესამე – პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს, აღტაცებულია მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღწეული წარმატებებით საქრთველოს პრეზიდენტობის პერიოდში, როცა მან რეფორმები განახორციელა. მხოლოდ ერთი ფაქტი: მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კორუმპირებული საგზაო პოლიციის პერსონალი – 30 ათასი თანამშრომელი ერთბაშად გაუშვა სამსახურიდან. მან მნიშვნელოვნად გარდაქმნა ეკონომიკა და ბიზნესის სფერო საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვა. პეტრო პოროშენკოს იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ წარმატებას ოდესაშიც გაიმეორებს. არის ვარაუდები იმის შესახებაც, რომ თუ ექს-პრეზიდენტი ოდესის ოლქში სიტუაციას რადიკალურად გამოასწორებს, იგი უკრაინის პრემიერ-მინისტრობის რეალური კანდიდატი იქნება (პეტრო პოროშენკო და არსენ იაცენიუკი ერთმანეთთან კი თანამშრომლობენ, მეგობრებს მათ ნამდვილად ვერ უწოდებ). მოკლედ, თუ მიხეილ სააკაშვილი იმედებს გაამართლებს, პეტრო პოროშენკო ერთად ორ კურდღელს დაიჭერს: ოდესას „ქვეყნის ვიტრინად“ წარმოაჩენს და არსენ იაცენიუკსაც მოიშორებს.
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა შესაძლოა გეოპოლიტიკური ფაქტორებითაცაა განპირობებული: ოდესის ოლქს მოლდოვას სეპარატისტული რეგიონი – დნესტრისპირეთი ესაზღვრება. ორი კვირის წინათ უკრაინის პარლამენტმა რუსეთთან დადებული იმ ორი შეთანხმების დენონსაცია მოახდინა, რომლის მიხედვითაც, დნესტრისპირეთში მყოფი რუსი „სამშვიდობო“ სამხედრო კონტინგენტის მომარაგება უკრაინის ტერიტორიის ტრანზიტით ხორციელდებოდა. გარდა ამისა, უკრაინამ ასევე დახურა ის პუნქტები, რომლის მეშვეობითაც დნესტრისპირეთში პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი ხდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ დნესტრისპირელ სეპარატისტებს მოლდოვაც არაფერს აწვდის, ეს ნიშნავს, რომ ეს სეპარატისტული რეგიონი მთლიანადაა ბლოკირებული.
მასმედიაში გავრცელებული ზოგიერთი ცნობის თანახმად, უკრაინამ ოდესის ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტები განალაგა და ამით რუსეთს მიანიშნა: ტრანზიტი უკვე დახურულია და თუ მოსკოვი საჰაერო ხიდით „სამშვიდობოების“ მომარაგებას შეეცდება, შეიძლება მისი თვითმფრინავები ჩამოგდებულ იქნენ.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილთან?
როგორც ოდესაში მცხოვრები აშშ-ის როდ-აილენდის უნივერსიტეტის რუსული პოლიტიკის მკვლევარი ნიკოლაი პეტრო ამბობს, „ქართველ ექს-პრეზიდენტს ანალოგიურ სიტუაციაში მოქმედების გამოცდილებაც აქვს, როცა იგი ეფექტურად მანიპულირებდა საერთაშორისო მასმედიით სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს“.
ერთ-ერთი სცენარის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის პროვოცირება სურს, რომ შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ძალებს გამოიყენებს, კიევმა დახმარება ნატოს სთხოვოს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. პეტრო პოროშენკოს უფრო მეტად ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატებების მიღწევა სურს და თუ მიხეილ სააკაშვილი ამაში მნიშვნელოვან პოზიტიურ წვლილს შეიტანს, მისი გუბერნატორად დანიშვნა მართლაც გენიალური სვლაა.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 9 ივნისი, 2015 წელი
http://www.kp.ru/daily/26391/3268706/
აფხაზეთი მოხარულია იყოს რუსული კურორტი, მაგრამ არ სურს რუსულ პროვინციად გადაიქცეს
(შემოკლებით)
რუსული გაზეთის „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტი ვლადიმირ ვორსობინი აფხაზეთში ჩავიდა, რომ თავისი თვალით ენახა – რა ხდება, როგორ იხარჯება რუსული მილიონები და რა განწყობაა რუსეთის მიმართ აფხაზეთის მოსახლეობაში.
„რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი, გაგრის რაიონი. გზის პირას სასტუმროებია, ბევრი ახლადგახსნილი. სერვისი სრულიად ნორმალურია და მომეჩვენა, რომ ომით დანგრეული შენობების, ჟანგიანი ნავსადგურებისა და დახეთქილი ტროტუარების ქვეყანაში არის იმედი, რომ რარაც გამოსწორდება. ჩემი სტატიები აფხაზეთზე ბოლო ათი წლის განმავლობაში ძირითადად ასე იწყებოდა და მთავრდებოდა: „სილამაზე. საშინელება. უიმედობა“. ახლა სიტუაცია სიკეთისაკენ იცვლება. შეიძლება საზღვარი მართლაც გასაუქმებელია, როგორც ვლადისლავ სურკოვმა თქვა? აფხაზეთი ხომ მაინც რუსულ ფულზეა მთლიანად…
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელიც გასულ წელს მცირე რევოლუციის მოწმე გახდა, ჩემი ძველი ნაცნობი შემხვდა. დერეფანში მივდივართ და გამახსენდა, შარშან მაისში აქ ერთ მძინარე კაცს წავაწყდი, რომელიც შემდგომ რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
ჩემი მეგობარი მეუბნება:
- არა, ვლადიმირ, საზღვარი არ გაუქმდება.
- რატომ-მეთქი, – ვეკითხები, – თქვენმა პრეზიდენტმაც ხომ დაადასტურა, რომ ევროკავშირივით იქნებაო… ტურუიზმიც განვიტარდება…
- იცი, რაშია საქმე? – ცდილობს როგორმე ამიხსნას „ამცახარას“ ლიდერი გარი სამანბა, – ხალხი ამბობს, რომ რუსეთი აფხაზეთს პატივს არ სცემს, კრემლს ჩვენ გუბერნიად მივაჩნივართ, სუვერენიტეტს ვკარგავთ. აფხაზებს ეშინიათ. ჩვენი პრეზიდენტი მოსკოვს კავკასიონის ქედზე გზის გაყვანას ეხვეწება, რაც არასასურველია. რატომ? იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან აფხაზეთში ვაჰაბიზმი გავრცელდება. აფხაზეთში მუსულმანთა რაოდენობა სწრაფად მატულობს, ეს ჩემს მშობლიურ გუდაუთის რაიონშიც შესამჩნევია. თუ საზღვარი გაიხსნება, აქ სოჭიდან სომხებიც შემოვლენ.
- რა მოხდა მერე, შემოვიდნენ, – მხრებს ვიჩეჩავ, – თუ ვინმე აფხაზეთში მუშაობს, ეს სომხები მუშაობენ. უფრო კარგი არაა?
- არა, არა… ჩვენ სიფრთხილე გენებში გვაქვს. ისტორიაც ამას გვასწავლის. მე-19 საუკუნეში აფხაზეთში მხოლოდ 5% ქართველი ცხოვრობდა, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში კი უკვე 50%. შარშან პრეზიდენტის არცევის საკითხი ფაქტიურად სომხებმა გადაწყვიტეს (ოფიციალური სტატისტიკით, აფხაზეტში 2011 წელს 122 175 აფხაზი და 41 907 სომეხი ცხოვრობდა). მოსკოვურმა დიასპორამ მათ უბრძანა: ხმა რაულ ხაჯინბას მიეცითო და მათაც შეასრულეს.
- ესე იგი… – თანდათან ვხვდები საუბრის არსს.
- დიახ, ყველაფერი მოსკოვში გადაწყდა, – ამბობს ოპოზიციონერი, – ამიტომაც იყო, რომ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთთან ცოტა მოშორებით იდგა, ახალი კი ყველაფერზე თანახმაა.
მართლაცდა ყველამ ვიცით, რომ ალექსანდრე ანქვაბი ძალიან ჯიუტი პარტნიორი იყო რუსეთისათვის. ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი მიყვებოდა, თუ როგორ უყვირა მას ყოფილმა პრეზიდენტმა, იურისტის თანდასწრებით: „მე თქვენ აქედან ყველას გაგყრით, არ მოგცემთ ჩვენი მიწების დაპატრონების უფლებასო“.
მაგრამ პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ მოსკოვის გეგმებმა აფხაზეთ-რუსეთის უფრო მჭიდროდ ინტეგრირების თაობაზე „მეორე სუნთქვა“ შეიძინა. რაულ ხაჯიმბა წარმატებით ახდენს აფხაზური ელიტის ბლოკირებას, რომელიც ინტეგრაციის ტემპების დამუხრუჭებას ცდილობს. პრეზიდენტმა ამის გამო ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრიც კი გაათავისუფლა: ამბობენ, რომ მის ყურამდე მივიდა მინისტრის საუბარი რუს სამხედროებთან თავდაცვის გაერთიანებული სივრცის ჩამოყალიბების თაობაზე. მინისტრი არ თანხმდებოდა, დაიწყო დავა. „თქვენ მოსკოვი დაფინანსებას შეგიწყვეტთ“, – ეუბნებიან რუსი სამხედროები. „მოუსვით აქედან თქვენი რუბლიანად, ბლოკადას გავუძელით და ახლაც გავუძლებთ“, – აფეთქებულა აფხაზი მინისტრი და რუსები კაბინეტიდან გაუგდია, თუმცა შემდეგ ისიც გააგდეს მინისტრთა კაბინეტიდან.
ჯერ-ჯერობით რუსეთი აფხაზებს ხელგაშლილი ფინანსური დახმარებით ამშვიდებს. მოსკოვმა კარგად იცის, რომ ამ დახმარების დიდი ნაწილი კერძო პირების ჯიბეში წავა, თუმცა რაღაცას ხომ მაინც ააშენებენ, ვთქვათ, სასტუმროს ან რესტორანს… აფხაზეთი ხომ რუსეთისთვისაც სასარგებლოა – კურორტები, ტურიზმი… დასავლეთის სანქციების ფონზე აფხაზეთი „იმპორტჩამნაცვლებლის“ როლს შეასრულებს, რუსი ტურისტი იმ „დამპალ“ დასავლეთში აღარ გაემგზავრება და ფულს აფხაზეთში დატოვებს.
რუსეთს სხვა გზა არ აქვს, აფხაზეთი როგორმე უნდა ამოიყვანოს ამ „სუვერენული სიღატაკიდან“, რადგან გვერდზე კონკურენტი ჰყავს – საქართველოს სახით.
- ჩვენი ვეტერანი მეომრები საქართველოში მკურნალობენ, – მიყვება სოხუმელი მეგობარი, – წარმოგიდგენია? მათ თბილისში ხელისგულზე ატარებენ. გასაგებია, რომ აქ პოლიტიკაც არის, მაგრამ ფაქტია, რომ კარგად ეპყრობიან და თან უფასოდ მკურნალობენ. ჩვენთან ბავშვს ლავიწი გაუტყდა, ნათესავებმა ითათბირეს, თუ სად წაეყვანათ სამკურნალოდ, რუსეთში თუ საქართველოში. რუსეთში ბევრი ფულია საჭირო, საქართველოში კი კაპიკს არ იღებენ. გადაწყვიტეს თბილისში წაყვანა. იქ უმკურნალეს, შემდეგ ქართველების „სასწრაფო დახმარება“ საზღვრამდე მოვიდა, მოიყვანეს საღ-სალამათი ბავშვი და მშობლებს ჩააბარეს“.
ეს პრობლემა აფხაზეთის პარლამენტმაც განიხილა.
„რუსეთში აფხაზებს უცხოელებივით მკურნალობენ, დიდი ფასით, ქართველები კი მაღალტექნოლოგიურად და უფასოდ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა გავლენას ახდენენ აფხაზებზე ქართველები“, – ამბობს ადგილობრივი დეპუტატი საიდ ხარაზია.
„ჩვენთან სამზარეულოში საუბრისას ლაპარაკობენ, რომ რატომ არ გამოსდით რუსებს აფხაზეთში ისე კარგად, როგორც ამერიკელებს საქართველოში… მაგრამ ამით ქართველები ვერაფერს მიაღწევენ. ჩვენ კარგად გვახსოვს მათთან ომის შედეგები“, – ცხარობს ჩემი სოხუმელი მეგობარი.
გაგრელი რუსი ბიზნეს-ლედის ალექსანდრა კუზნეცოვას აზრით, მოსკოვისათვის მთავარია, რომ არ გადააჭარბოს, არ „შეუარცხყოს“ აფხაზური „სიწმინდე“ – „პატარა, ღარიბი, მაგრამ ამაყი ქვეყანა“.
„კომსმოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტი აფხაზეთის ტურიზმის მინისტრს ავტანდილ გარცკიას ესაუბრება, რომლის თქმით, რესპუბლიკა რუსი დამსვენებლებისაგან სავსეა. „სასტუმროებში 14 ათასი ადგილი გვაქვს, ყველა სექტემბრამდე დაჯავშნულია. ასევეა 500 ათასი ადგილია კერძო სექტორში. მოკლედ, საკურორტო სეზონის განმავლობაში აფხაზეთში მილიონამდე ადამიანი დაისვენებს. რაც შეეხება სერვისს, ის თანდატან უმჯობესდება წინა წლებთან შედარებით. ალბათ, ხუთიოდე წლის შემდეგ აქ სიტუაციას ვეღარ იცნობთ“.
სტატიის ბოლო ნაწილი ეთმობა ინტერვიუს აფხაზეთის პრეზიდენტთან რაულ ხაჯინბასთან, რომლის თქმით, „რუსული დახმარების დიდი ნაწილი ახლა არა იმდენად სოციალურ სფეროს, არამედ მშენებლობასა და ეკონომიკურ განვითარებას ხმარდება. რაც შეეხება აფხაზეთ-რუსეთის საზღვარს, რეჟიმი თანდათან გამარტივდება, ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, სადაც საზღვარს მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა აქვს. ვინც არ უნდა იყოს ცემს ადგილზე, ისიც ასე მოიქცეოდა. ჩვენი მთავარი მოკავშირე რუსეთია. საბჭოთა კავშირის დროს რომ ვცხოვრობდით, განა აქ ჩამოსასვლელად პასპორტი იყო საჭირო? რუსეთთან ტანამშრომლობა იმას არ ნიშნავს, რომ მთელი რუსეთი საცხოვრებლად აფხაზეთში ჩამოვა. პატრიოტიზმით შენიღბული ზოგიერთი აფხაზი აცხადებს, რომ სამშობლო სხვებზე მეტად მათ უფრო უყვართ. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენც ისევე ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ყველასაგან იზოლირებულნი ვერ ვიქნებით“.