globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 9th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმიჯი ნადგურდება

რეზონანსი: ჰაერივით საჭირო ანტისაჰაერო სისტემის მოლოდინში

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „გალის სკოლების რუსულ სწავლებაზე გადასაყვანად საოკუპაციო რეჟიმი მზად არაა

———————-

რეზონანსი“, 09 ივნისი, 2015 წელი

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმიჯი ნადგურდება

მაკა ხარაზიშვილი

(შემოკლებით)

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) კიდევ ერთხელ აუმხედრდნენ. ბოლოს 2010 წელს წინა მთავრობამ სცადა ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტა და იგი ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა გააკრიტიკა. მანამდე კახა ბენდუქიძემ სავალუტო ფონდს სოციალისტებისგან შემდგარი “იდიოტური ორგანიზაცია” უწოდა. ამჯერად, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დაჭერა სავალუტო ფონდმა გადააფიქრებინა. გარდა ამისა, დეპუტატების ნაწილი აღნიშნავს, რომ ფონდი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევა.

ქვეყანაში სავალუტო ფონდის წინააღმდეგ მორიგი შეტევა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სსფ-ს წარმომადგენლებმა მთავრობასა და პარლამენტს ეროვნული ბანკის კრიტიკისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აღნიშნავს, რომ ფონდი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ერევა. მისიის წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი წინა ხელისუფლების დროს იგივე თანამდებობაზე მუშაობდა და სხვადასხვა ბანკების “დაყაჩაღების” შესახებ ფაქტებზე რეაგირებას არ ახდენდა.

(…)

დღეს ფონდის კრიტიკას სახიფათოდ მიიჩნევენ სწორედ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის დროზე ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტა დაისახეს მიზნად. 2010 წლის მაისში საქართველოს მაშინდელმა მთავრობას სავალუტო ფონდთან ვალების განულების სურვილი გამოთქვა. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ ფონდის ფინანსური სახსრები საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ კი სავალუტო ფონდს სოციალისტებისგან შემდგარი “იდიოტური ორგანიზაცია” უწოდა. ბენდუქიძის ეს განცხადება, საგადასახადო განაკვეთების ლიბერალიზაციის წინააღმდეგ მიმართულ ფონდის რეკომენდაციაზე გააკეთა. ბენდუქიძე მიიჩნევდა, რომ სავალუტო ფონდის საქართველოში მოღვაწეობის გამო, მთავრობა დამოუკიდებლად აზროვნებას ვერ ახერხებს.

“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსგავსი ორგანიზაციების პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ინტერესებთან. მისი აზრით, საქართველოს შეუძლია აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს, რომელიც სსფ-ს რჩევებისგან იქნება თავისუფალი.

“სავალუტო ფონდმა გარკვეული პოლიტიკური როლი ითამაშა, როდესაც ლარი შემოიღეს. მაშინ, შევარდნაძის უკანონო და სრულიად უსახურ პოლიტიკას, რასაკვირველია, სავალუტო ფონდის პრინციპებზე დაფუძნებული შემოთავაზება სჯობდა, მაგრამ ეს არ იყო იდეალური”, – ამბობს პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ ასეთი ორგანიზაციები არ იღებენ პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ქვეყანა მათი რეკომენდაციით აწარმოებს.

“მაგალითად, ჩამოვიდა მისია, რაღაცებზე ისაუბრა, მთავრობას დაავალა ან ურჩია რაიმეს გაკეთება, ხოლო იმ ფინანსურ შედეგებზე, რომელიც მის რეკომენდაციებს მოჰყვება, პასუხისმგებლობას არ იღებს. სავალუტო ფონდთან დამოკიდებულება განსხვავებული უნდა იყოს, ვინაიდან დღეს ასეთი ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. იგი მთელ მოფლიოში არის მავნე ინსტიტუტი!

სავალუტო ფონდი არის ორგანიზაცია, რომელიც ელოდება კისერს როდის მოიტეხ, რათა მერე ფული დაგჭირდეს და მასვე მიადგე სასესხებლად. მათ სჭირდებათ არა წარმატება, არამედ წარუმატებლობა, რათა თავიანთი არსებობა და ბიუროკრატიული ხარჯები გაამართლონ”, – ამბობს პაატა შეშელიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ირაკლი დოღონაძის განცხადებით, მიუხედავად ამ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მის საქმიანობას ბევრი აკრიტიკებს. 90-იანი წლების ბოლოს დაწყებული ფინანსური კრიზისის შემდეგ ფონდის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შემცირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში და შემდეგ რუსეთში. იგივე მოხდა ბრაზილიის, მექსიკის და იუგოსლავიის ქვეყნების ეკონომიკაში განვითარებული პროცესების შემდეგ, რასაც მალე მოჰყვა კიდეც ფონდის ხელმძღვანელობის შეცვლა.

“საქართველოსა და სსფ-ს ურთიერთობიდან ჩვენ კარგად გვახსოვს 2005 წელი, როდესაც ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა სავალუტო ფონდს მოსთხოვა შეცვლილიყო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი ეს ულტიმატუმი დაკმაყოფილდა და სათავო ოფისმა მისიის ხელმძღვანელი გაიწვია. აქედან კარგად ჩანს, რომ მიუხედავად მაშინდელი საკმაოდ დაძაბული ურთიერთობისა, ორმხრივი თანამშრომლობისას რამე შეფერხებასა და გართულებას ფონდის მხრიდან არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არც ისე საგანგაშოა, თუმცა არც სასურველი”, – ამბობს დოღონაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არაერთგვაროვანად არის აღქმული. საერთოდ, სსფ მოწოდებულია მსოფლიოში სავალუტო-საფინანსო სტაბილურობის დასამყარებლად. ის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მკაცრ საფინანსო დისციპლინასა და სტაბილური სავალუტო კურსის უზრუნველყოფას მოითხოვს.

რამდენიმე წლის წინ მსოფლიოში უდიდესმა ეკონომისტმა ჯოზეფ სტიგლიცმა ფონდის მუშაობა ქვეყნებისთვის წამგებიანად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ინსტიტუტმა უფრო საზიანო გააკეთა, ვიდრე კარგი. კერძოდ, “მესამე სამყაროს” ქვეყნებთან მიმართებაში შექმნილია ე.წ. “დამოუკიდებლობის თეორია”, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკა განიხილება, როგორც ღარიბი ქვეყნებისადმი “იმპერიალისტული საფინასო დისციპლინის” თავსმოხვეული ინსტრუმენტი.

პროფესორი ვლადიმერ პაპავა ნაშრომში – “საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მიღწევები და შეცდომები” – საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოში საქმიანობას ორ ეტაპად განიხილავს. პირველ ეტაპზე, 1991-94 წლებში, ფონდი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციებს, რომელსაც მთავრობაში არაფრად აგდებენ. მეორე ეტაპზე – 1994 წლიდან დღემდე ფონდის რეკომენდაციები საქართველოსთვის აუცილებლად შესასრულებელი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ცხოვრებაში არც ადვილი გასატარებელია და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის არც ყოველთვისაა მოსაწონი.

ვლადიმერ პაპავა ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში დაშვებული სხვადასხვა შეცდომა განსხვავებული მნიშვნელობისაა. ამ შეცდომების ნაწილი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და ისინი ფონდმა არა მარტო საქართველოში მუშაობისას დაუშვა, არამედ სხვა სახელმწიფოების მიმართაც. საგულისხმოა, რომ საქართველოს სამთავრობო გუნდს, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის საწყისს ეტაპზე უხდებოდა მოლაპარაკებების წარმართვა, პრაქტიკულად, არავითარი გამოცდილება არ გააჩნდა. მთავრობა ვერც ფონდის პროცედურებში ერკვეოდა სიღრმისეულად, რითაც ნებით თუ უნებლიედ საკმაოდ ოსტატურად სარგებლობდნენ ფონდიდან გამოგზავნილი მისიის წევრები. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ყოველი მორიგი საფინანსო ტრანშის გამოსაყოფად მთავრობის წარმომადგენლები მომდევნო ტრანშის მიღების პირობად ისეთი ვალდებულებების აღებას კისრულობდნენ, რომელთა შესრულება დადგენილ ვადაში ძალზე რთული იყო.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ სავალუტო ფონდმა საქართველოში საქმიანობის დასაწყისშივე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, როდესაც ყველა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანას რეკომენდაცია მისცა რუბლის ზონაში დარჩენილიყვნენ. უცხოელი ანალიტიკოსების დასკვნების მიხედვით, ფონდის საქმიანობაში ეს რეკომენდაცია ყველაზე დიდი შეცდომაა. ფონდმა ეს შეცდომა საქართველოში 1995 წელს “გამოასწორა”, როდესაც მასთან შეთანხმებული გეგმითა და საფინანსო მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა ფულის რეფორმა – შემოიღეს ლარი.

საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი: ხშირ შემთხვევაში ფონდის ექსპერტები, ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, ტრაფარეტულად ერთსა და იმავე სქემას იყენებენ. საქართველოსთან მიმართებაში ამის კურიოზული მაგალითია ფონდის ექსპერტების მიერ მომზადებული ერთ-ერთი მემორანდუმის პროექტში დაფიქსირებული ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოში მიღწეულ წარმატებათა შორის აღსანიშნავია ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინრობის სრული დაძლევა. ვლადიმერ პაპავას თქმით, ეს ფრაზა უცვლელად გადმოიტანეს ფონდის მიერ მომზადებული ტრაფარეტული ჩანაწერიდან, ალბათ, რომელიმე აფრიკული ქვეყნისთვის.

ასე რომ, საქართველო პირველი ქვეყანა არაა, რომელიც სავალუტო ფონდის წინაშე ილაშქრებს. სსფ-ს ბევრი ქვეყანა აკრიტიკებს, საბოლოოდ კი მათი უმეტესობა ვერ ელევა.

რეზონანსი“, 09 ივნისი, 2015 წელი

ჰაერივით საჭირო ანტისაჰაერო სისტემის მოლოდინში

თაკო მათეშვილი

(09.06.2015)

ანტისაჰაერო თუ ანტისატანკო, საფრანგეთიდან თუ აშშ-დან – სპეციალისტები იმაზე მსჯელობენ, თუ რა ტიპის თავდაცვითი სისტემების შეძენას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში და რომელი ქვეყნისგან შეიძლება გადმოგვეცეს იგი. ზუსტი ინფორმაცია ამ დრომე არ ხმაურდება, თუმცა სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ტიპის შეიარაღება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს.

მათი შეფასებით, თავდაცვის ახალია მინისტრი ამ კუთხით თავის წინამორბედებზე უფრო ატიურობს და ჩანს, რომ იგი ამ საჰაერო-სამხედრო სისტემების შეძენით დაინტერესებულია. ამრიგად, არ გამორიცხავენ იმას, რომ ირაკლი ალასანიას მიერ წამოწყებული საქმე დაასრულოს, თუმცა თინა ხიდაშელის განცხადებას, რომ შესაძლოა შეთანხმებას ხელი ივნისის ბოლომდეც მოეწეროსო, ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან მსგავსი მნიშვნელობის მქონე საკითხები ასე სწრაფად არ წყდება.

საფრანგეთში საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენის საკითხთან დაკავშირებით, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში მისი ვიზტის დროს დაგეგმილია მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა, თუმცა მან თავი შეიკავა დაკონკრეტებისაგან და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებას ხელი მალე მოეწერება. „ვინც თავის დროზე ამ საკითხზე ისაუბრა, ჩემი აზრით, მან იმაზე ძალიან ბევრი ისაუბრა, ვიდრე შეიძლებოდა, ამიტომ არ მინდა მათ რიგში ჩავდგე. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საკითხი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება. მესმის თქვენი ინტერესი, თუმცა ჩემიც უნდა გაიგოთ“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა [ჟურნალისტებთან საუბრისას].

როგორც ცნობილია, თავის დროზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საფრანგეთში წარმოებული მოლაპარაკების შედეგად საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის საკითხი მოაგვარა, მაგრამ მოგვიანებით მას უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დაუკავშირდა და ხელმოწერის გადადება სთხოვა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ირაკლი ალასანიას მიერ წამოწყებული საქმის დასრულება და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა  მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩავარდნა სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს, თუმცა ეჭვობს, რომ ეს ყველაფერი ივნისის ბოლომდე მოეწრება. მიზეზი ისაა, რომ თემა საკმაოდ რთულია და მოლაპარაკებას დიდი ხანი დასჭირდება. ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ შეიძლება საუბარი სხვა ტიპის იარაღის შეძენასაც შეეხებოდეს, თუნდაც ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს ან ჯავშნიან მანქანებს.

„ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მათი შეძენა უცებ არ წყდება. ერთი სისტემის ფასი დაახლოებით 30 მილიონ დოლარამდე აღწევს. არაა გამორიცხული ამ საქმისთვის თანხები ამერიკიდან წამოვიდეს და მისი დახმარებით გამდიდრდეს იარაღით ჩვენი თავდაცვა“, – ამბობს ვახტანგ მაისაია. „ჩემი აზრით, ახალ მინისტრს საკმაოდ სწორი ხედვა და ძლიერი მოტივაცია აქვს, რაც დიდ როლს ასრულებს“.

სამხედრო ექსპერტის ტრისტან წითელაშვილის თქმით, საქართველოს ის იარაღი არ აქვს, რაც დღეს აუცილებელია ჰქონდეს – საჰაერო თავდაცვა ნულის ტოლფასია: „წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის მინისტრებმა რაც იყო, ყველაფერი დაანგრიეს, გაყიდეს, , დავრჩით პარალიზებულები, ამის შედეგად დღეს დაუცველები ვართ – არ გაგვაჩნია ისეთი მოწყობილობა, რომელიც მოწინააღმდეგის თვითმფრინავს დააფიქსირებს და გაანადგურებს“, – ამბობს ექსპერტი. ამასთან, მასაც ეჭვი ეპარება, მოასწრებს თუ არა საქართველო საფრანგეთთან ხელშკრულების გაფორმებას ივნისის ბოლომდე.

„თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაცული იყოს, პირველ რიგში საჰაერო სივრცე უნდა დავიცვათ და მერე ვიფიქროთ სხვა შეიარაღებაზე, რაც თავდაცვისათვის არის საჭირო. ხაზს ვუსვამ – თავდაცვისათვის და არა შეტევისათვის. შეტევა საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ, რადგან იარაღი თავდაცვისთვის გვინდა“, – ამბობს ტრისტან წითელაშვილი.

ახალი თაობა“, 09 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „გალის სკოლების რუსულ სწავლებაზე გადასაყვანად საოკუპაციო რეჟიმი მზად არაა

(შემოკლებით)

გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯემალ გამახარია აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. იგი რამდენიმე საკითხს ეხება: აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების გალის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას ქართული სკოლებისადმი, აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობას და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.

ჯემალ გამახარიას თქმით, გალში სეპარატისტული ადმინისტრაცია სკოლების რუსულ სწავლებაზე გადაყვანას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით ამისთვის მომზადებულები არ არიან. ,,მართალია, გალის რაიონის სკოლების რუსულ სწავლებაზე გადაყვანას გეგმავენ, მაგრამ ისინი ამისთვის ჯერ მომზადებულები არ არიან. არც სახელმძღვანელოები აქვთ, არც კადრები ჰყავთ. გალში საშინელი ვითარებაა, საშინელი თვალთვალია, რომ მოსახლეობა რეჟიმში ჰყავდთ“,- აცხადებს გამახარია. იგი ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ სეპარატისტული რეჟიმი დათმობაზე წავიდეს და სკოლებში ქართული სწავლება დაუშვას. მისი თქმით, როცა ყველანაირად მოემზადებიან, გალის სკოლებს რუსულ სწავლებაზე გადაიყვანენ. ,,არა მგონია, ისინი დათმობაზე წავიდნენ. როცა კარგად მოემზადებიან, მერე სკოლებს რუსულ სწავლებაზე გადაიყვანენ. ახლა საზოგადოებას ნელ-ნელა აჩვევენ. შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, რუსულ სწავლებას შემოიღებენ“,- აცხადებს ჯემალ გამახარია.

ჯემალ გამახარია აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას ამბობს, რომ რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზურ-ქართული კონტაქტების დონე გაუარესდა: „ყველაფრის კარნახი სოხუმისადმი მოსკოვიდან მოდის. ეს არის სუფთა რუსული პოლიტიკა, რომელსაც რაულ ხაჯინბა ატარებს. მას თავისი პოლიტიკა არ გააჩნია“.

შეკითხვა: თითქოს რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციების გამო კრემლს უკან დაეხია, მაგრამ პ[ირიქით მოხდა. დასავლეთის სანქიებმა ცვენთვის თუ მოიტანა რაიმე სედეგი?

ჯემალ გამახარია: არ მოუტანია, რადგან სანქციების გამოცხადების პირობებში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირების ფაქტი მოხსენიებული არ არის. იქ არის ყირიმზე და დონეცკზე საუბარი, არადა, საქნციების პირობებში საქართველოს მოხსენიება აუცილებელი იყო. ახლაც არ არის გვიანი, რომ ის საკითხები ამოვწიოთ, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხება, უნდა დავანახოთ საერთაშორისო ტანამეგობრობას, თუ არა ხდება გალის რაიონში. ასე შუა საუკუნეებშიც კი არ აკეტებდნენ, ადამიანებს აბუჩად იგდებენ…

შეკითხვა: „ნაციონალებს“ თითქოსდა წარმატებული საგარეო პოლიტიკა ჰქონდათ. 2008 წელს საქართველოს დასავლეთმა დიდი მხარდაჭერა გაუწია, ასე იყო აშშ-ის მხრიდანაც. რატომ ვერ მოხერხდა მაშინ რუსეთისათვის ისეთი სანქციების დაწესება, ახლა რომ უკრაინის გამო შემოიღეს?

ჯემალ გამახარია: 2008 წელს სანქციების დაწესების საკითხი საერთოდ არ იდგა. რასაკვირველია, ეს საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოეთხოვა, მაგრამ უკრაინასთან მიმიმართებიც არც კიევს არ მოუთხოვია, დასავლეთმა თვითონ დაიწყო სანქციების შემოღება. ადრე, როგორც ცნობილია, დასავლეთი რუსეთს მხოლოდ ერთი ადამიანის (მაგნიტსკის) მკვლელობისათვის უწესებდა ხოლმა სანქციებს, გალის რაიონში კი ათას ადამიანზე მეტია მოკლული. უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ, რომ გალის რაიონს მეტი ყურადღება მიექცეს.

Comments are closed