«Foreign Policy» (აშშ): მიხეილ სააკაშვილის ახალი კარიერა – უკრაინელი რეფორმატორი
«Независимая газета» (რუსეთი): ოდესაში ქართველ პროკურორს ელოდებიან // ზურაბ ადეიშვილი უკრაინელებს დამნაშავეობასთან ბრძოლას შეასწავლის
«Lragir» (სომხეთი): აშშ, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთი კავკასია: საქართველო ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე?
«Newsweek» (აშშ): სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარების 1500-ჯარისკაციანი დაჯგუფება, „დრონების“ გამოყენებით, სამხედრო სწავლებას იწყებს
———————-
«Foreign Policy» (აშშ), 11 ივნისი, 2015 წელი
მიხეილ სააკაშვილის ახალი კარიერა – უკრაინელი რეფორმატორი
ამერიკული ჟურნალის Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ოდესის ოლქის გუბერნატორისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი ოფიციალური პრეს-კონფერენცია, რომლის დროსაც გუბერნატორმა „გარდაქმნების ამბიციური პროგრამა“ წარმოადგინა: პოლიციის რეფორმა, ანტიკორუფციული ზომები და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება. პუბლიკაციის ავტორი, უკრაინელი ანალიტიკოსი ევგენი ვორობიოვი განიხილავს იმ პრობლემებსაც, რომლებთაც ახალი გუბერნატორის საქმიანობისათვის ხელის შეშლა შეუძლია.
„პრესიკონფერენციაზე ახალი გუბერნატორი შეეცადა ნაკლები ყურადღება დაეთმო იმ კონფრონტაციული გარემოებებისათვის, რომლის გამოც მან საქართველოში მტრები გაიჩინა და განაცხადა, რომ იგი ოდესას წარმატებებს მოუტანს, გაიხსენა რა უკრაინაში გატარებული წლები არმიაში სამსახურისა და კიევის უნივერსიტეტში სწავლის დროს.
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა საკმაოდ მოულოდნელი ფაქტი იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამიტომაც მის დანიშვნას შეიძლებოდა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გაუარესება მოჰყოლოდა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაში არის ისეთი მომენტები, რომლებიც უკრაინაში მის ავტორიტეტს განამტკიცებენ: იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო რუსეთთან ომის პერიოდში, 2008 წელს, რაც უკრაინელთა თვალში ძალიან დიდი პლუსია. ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილს ნდობის ვოტუმს აძლევს იყოს ისეთი ოლქის გუბერნატორი, სადაც პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ არასტაბილურია, რუსულენოვანია და მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონს – დნესტრისპირეთს ესაზღვრება. იმ დროს, როცა საქართველოში ყელში აქვთ ამოსული სააკაშვილის რიტორიკა, უკრაინაში იგი, თავისი ანტიპუტინური და ანტირუსული განცხადებების გამო, უკრაინელთა სიყვარულს იმსახურებს.
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში სიტუაცია გაამძაფრა: გუბერნატორობა ოდესაში, ანუ პრეზიდენტთან დაპირისპირებული ოლიგარქის, მილიარდერ იგორ კოლომოისკის „მამულში“ – სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომაც თქვა ირონიულად იგორ კოლომოისკიმ, რომ სააკაშვილი „დროებითი ფიგურააო“.
(სტატიაში განხილულია უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის იგორ კოლომოისკის დაპირისპირების მიზეზები).
მიუხედავად იმისა, რომ იგორ კოლომოისკიმ სახელმწიფო თანამდებობა დაკარგა, მას საკმაოდ ბევრი ბიზნეს-აქტივები აქვს და ამით თავის ძალასა და გავლენებს მეტ-ნაკლებად ისევ ინარჩუნებს. მას ასევე საკმაო დამსახურება მიუძღვის პრორუსულ სეპარატისტებთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძნელია არაა იმის წარმოდგენა, თუ როგორი განწყობა ექნებოდა მილიარდერს ოდესაში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის გამო, სადაც მის დანიშვნამდე ოლიგარქის „კაცი“ იგორ პალიცა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ბუნებრივია, იგორ კოლომოისკი ვალში არ დარჩებოდა – მის მიერ კონტროლირებად ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში, რომელსაც უკრაინის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უყურებს, ამ რამდენიმე დღის წინათ, 6 ივნისს გადაიცა 40-წუთიანი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „უკრაინული სენსაციები. ქართველი გასტროლიორი“, სადაც აღწერილია საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მის მიერ ჩადენილი „საქმენი საგმირონი“… ფილმის ავტორებმა იგი წარმოადგინეს დიქტატორად, რომელიც „ქართული რეფორმების თეატრიდან“ პოლიტიკურმა ოპონენტებმა გააძევეს და ახლა პოლიტიკური ტურით უკრაინაში ჩავიდა და თავშესაფარი პეტრო პოროშენკოსთან იპოვა.
უკრაინელი ჟურნალისტებისა და ექსპერტების უმრავლესობამ ფილმი და მისი ავტორები გააკრიტიკა, ზოგიერთმა კი მასში რუსული მასმედიის გავლენა დაინახა. მაგალითად, ერთ-ერთმა ქართველ-უკრაინელმა ჟურნალისტმა ვახტანგ ყიფიანმა განაცხადა, რომ ფილმის ავტორებმა სასაუბროდ სპეციალურად შეარჩიეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებიო.
რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილმაც დაუყონებლივი კონტრშეტევა განახორციელა. მან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პირადად გაუწევს კონტროლს კორუფციასთან ბრძოლას და ამით იგორ კოლომოისკის მიანიშნა, რომ მიფრთხილდიო. მან ოლიგარქი უკრაინის ავიაბაზრის მონოპოლიზებაშიც დაადანაშაულა – ქვეყნის უდიდესი ავიაკომპანია Ukraine International-ის აქტივების ნახევარი სწორედ იგორ კოლომოისკის ეკუთვნის. ეს ავიაკომპანია უზრუნველყოფს ოდესიდან ავიარეისების ნახევარზე მეტის შესრულებას, რაც ბილეთის ფასების საკითხში პრობლემებს ქმნის. არადა, მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ოდესაში მეტი ტურისტი მიიზიდოს. ტურიზმს ქალაქისათვის მეტი შემოსავლების მოტანა შეუძლია. წინა წლებში ოდესას მილიონზე მეტი უკრაინელი დამსვენებელი და უცხოელი ტურისტი ეწვია.
მიხეილ სააკაშვილისათვის რისკები ნათელია. იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გრანდიოზული მშენებლობებისადმი გარკვეული მიდრეკილება აქვს (მან საქართველოს პროვინციულ ქალაქ ბათუმში ძვირადღირებული ოპერის თეატრი ააშენა), შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი მოქმედების დროს შესაძლოა კორუფციული პროცესები განვითარდეს. მისმა გადაწყვეტილებამ მილიციის სწრაფი რეფორმის თაობაზე შეიძლება ძველი გვარდიისაგან უკურეაქცია გამოიწვიოს და სახიფათო სცენარები განავითაროს ამ პოლიტიკურად მყიფე სტაბილურობის მქონე რეგიონში.
თუ მიხეილ სააკაშვილი წარმატებას მიაღწევს, ეს კარგი იქნება როგორც მისთვის, ასევე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვისაც, რომელსაც ძალიან ესაჭიროება საკუთარი ხელისუფლების განმტკიცება ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა არჩევნების წინ, რომელიც ამ შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. მიხეილ სააკაშვილი ელოდებოდა თავის შანსს, ეჩვენებინა თავისი „მეორე სამშობლოსათვის“, რომ მას კიდევ შეუძლია რაღაცეების კარგად გაკეთება. ამასთან, ბევრი უკრაინელი, რომლებისთვისაც სასიხარულო იქნება მიხეილ სააკაშვილის წარმატებები, აცნობიერებს, რომ მათ ქვეყანას წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა ელოდება რეფორმების განხორციელების ხანგრძლივ გზაზე. მათ იციან, რომ ქვეყანაში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში რეფორმების იგნორირება ხდებოდა, არიან გარდაქმნების მოწინააღმდეგეებიც. ასე რომ, ისინი სამომავლოდ კიდევ ბევრ არასასიამოვნო ტელეშოუებს და დოკუმენტურ სერიალებს ნახავენ.
«Независимая газета» (რუსეთი), 11 ივნისი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-06-11/1_odessa.html
ოდესაში ქართველ პროკურორს ელოდებიან
ზურაბ ადეიშვილი, რომელიც სამშობლოში ძებნილადაა გამოცხადებული, უკრაინელებს დამნაშავეობასთან ბრძოლას შეასწავლის
„ოდესაში ახალ პროკურორს ელოდებიან, რომელიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე იყოს – ზურაბ ადეიშვილი. სამშობლოში, სადაც იგი გენერალური პროპკურორი და ისუტიციის მინისტრი იყო, მას უფლებამოსილების გადამეტებასი ადანაშაულებენ. გუშინწინ ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა, რომ შეცდომებს არ აღიარებს, უფრო მეტიც, მან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ქვეყნის მმართველი პარტია გახდება“, – ასე იწყება რუსეთის გაზეთ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ძირითადად მხოლოდ ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუს შინაარსია მოცემული.
ავტორი აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს ყოფილი გენპროკურორის პირველი ინტერვიუ, რომელიც მან ჟურნალისტებს მისცა 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან წასვლის შემდეგ.
«Lragir» (სომხეთი), 10 ივნისი, 2015 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/42604
აშშ, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ კავკასია: საქართველო ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე?
კავკასია-კასპიის რეგიონი მუდმივად იმყოფება საერთაშორისო პოლიტიკისა და საზოგადოების ყურადღების ფოკუსში, თუმცა არის გაკვეული სპეციფიკური მიდგომები, – წერს სტატიის ავტორი, სომეხი ანალიტიკოსი იგორ მურადიანი, – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს, ატლანტიკურ ორივე სახელმწიფოს, კავკასიაში მხოლოდ რერთი რამ აინტერესებთ: ნავთობი, ნავთობი და კვლავ ნავთობი. ანუ დასავლეთის გენერალური მიზანი ენერგეტიკული ნედლეულია – ნავთობი და გაზი, პრიორიტეტად კი მართვადი უასაფრთხოება და სტაბილურობა. ყველა სხვა პროექტები და ინიციატივები ამ მთავარ მიზან და პრიორიტეტს ექვემდებარება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანული ხედვები კავკასია-კასპიის რეგიონის მიმართ მეტ-ნაკლებად მაინც განსხვავდება ჩრდილოამერიკული მიდგომებისაგან. მართალია, ბრიტანელები იძულებულნი არიან აშშ-ის პოლიტიკას მხარი დაუჭირონ და მის კვალს მიჰყვნენ, მაგრამ იმავდროულად ლონდონი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არაეფექტურია, საჭიროა უფრო მეტი კატეგორიულობის გამოჩენა ზოგიერთი პრობლემისადმი. „ნისლიანი ალბიონი“ ცდილობს, თავის მხრივ, გარკვეული კორექტივების შეტანას და როგორც ბრიტანელები მიიჩნევენ, ეს კორექტივები ვაშინგტონის ინტერესებსაც წაადგება. კი, ნავთობი და გაზის ბრიტანეთისთვისაც საინტერესოა, მაგრამ ლონდონისათვის კასპიის ენერგონედლეულმა პრიორიტეტული მნიშვნელობა დაახლოებით 15-20 წლის დაკარგა, მას უკვე პოლიტიკური შიგთავსი აღარ აქვს.
შეერთებული შტატებისათვის სამხრეთ კავკასიას სატრანზიტო მომსახურების როლის შესრულება აქვს მიკუთვნებული. აქედან გამომდინარეობს სხვა ამოცანებიც. ამასთან დაკავშირებით, რეგიონის „კლასიკურ“ ქვეყნად ითვლება საქართველო, რომელსაც მხოლოდ სატრანტიტო მომსახურების ფუნქცია აქვს და პრაქტიკულად სხვა არაფერი. აზერბაიჯანი ნავთობის წყაროა ტრანზიტის ფუნქციებით, მათ შორის სამხედრო ტრანზიტისაც. მათგან განსხვავებით სომხეთს ისეთი ქვეყნის სტატუსი აქვს, სადაც მაღალტექნოლოგიური დარგებია განვითარებული და წარმოებაც დივერსიფიცირებულია. დღეს, როცა სომხეთი უკვე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, დიდი ბრიტანეთი „არ ნებდება“ და ცდილობს სომხეთი ევროკავშირისა და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე დააბრუნოს.
დიდი ბრიტანეთის სტრატეგიაში საქართველო განიხილება როგორც ნაკლებად საიმედო პარტნიორი ქრონიკული შიდა არასტაბილურობის გამო. არც შეერთებული შტატები და არც დიდი ბრიტანეთი არ არიან დაინტერესებულნი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების არანაირი სცენარით, რადგან მათ დაინახეს, რომ არ არსებობს ისეთი სქემა და პროექტი, რომლებიც ამ კონფლიქტებს მოაგვარებდა ისე, რომ რაიმე გართულება არ გამოეწვია, დაძაბულობა არ შეექმნა და საბოლოო ჯამში, კვლავ ცხელ ფაზაში არ გადასულიყო.
აფხაზეთის პრობლემა არანაირი პარამეტრებით არ ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს, რადგან არანაირი საფრთხე არ ექმნება არც ენერგოკომუნიკაციებს და არც აშშ-ის სამხედრო ყოფნას, უფრო მეტიც – აფხაზეთის კონფლიქტი არ უქმნის საფრთხეს არც საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში. ვაშინგტონს საქართველოსაგან აფხაზეთის ჩამოშორება არ აღელვებს. არის მხოლოდ მცირე შეშფოთება იმის გამო, რომ ტერიტორია ასე თუ ისე მაინც უკონტროლოა თბილისისაგან. ამასთან დაკავშირებით, საექსპერტო ორგანიზაციები სრულიად სამართლიანად აღიარებენ იმას, რომ მოცემულ ისტორიულ-პოლიტიკურ სიტუაციაში ყველაზე მისაღები იქნებოდა აფხაზეთის გადაცემა რუსეთის ეგიდის ქვეშ, მით უმეტეს, რომ დე-ფაქტო ეს უკვე განხორციელდა. ვაშინგტონს აღელვებს არა აფხაზეთის ფორმალური სუვერენიტეტი, არამედ მისი რეალური კონტროლი, რომელიც გამორიცხავს არასისტემურ, ბრუტალურ მოქმედებას.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონა, რასაკვირველია, უფრო მეტად პრობლემურია ენერგოკომუნიკაციებისათვის, რადგან მასთან ახლოს გადის სტრატეგიული მილსადენები. თუმცა არც ისე საშიში ვითარებაა, წარმოქმნილი მცირე ინციდენტების განეიტრალებ ადვილად შეიძლება. შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონი და ლონდონი სამხრეთ ოსეთს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოახერხა დაერწმუნებინა დასავლეთი იმაში, რომ აფხაზურისაგან განსხვავებით, სამხრეთოსური კონფლიქტის მოგვარება უფრო მეტადაა შესაძლებელი. თუმცა შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მაინც არ დგამენ რადიკალურ ნაბიჯებს, ისინი ცდილობენ ქართველების ოპტიმიზმი გაიზიარონ და თბილისს ილუზირი დაპირებებით კვებავენ.
ამრიგად, თუ აფხაზეთში დასავლეთი „პასიური იმიტაციის“ პოლიტიკას ატარებს, სამხრეთ ოსეთთან მიმართებით უკვე „აქტიური იმიტაციის“ პოლიტიკას აქვს ადგილი. ეს ნაწილობრივ 2008 წლის ომმაც დაადასტურა.
ყარაბაღის ფაქტორმა, რომელიც ადრე დიდმნიშვნელოვანი იყო დასავლეთისათვის, ახლა თავისი მნიშვნელობა დაკარგა, რადგან სომხეთი რუსეთის ვასალი გახდა. საინტერესოა, რომ ყარაბაღი რუსეთისთვისაც დაბრკოლებად იქცა: მოსკოვს არ აინტერესებს ისეთი კონფლიქტი, რომელიც დასავლეთისთვის უმნიშვნელოა.
ვაშინგტონი და ლონდონი კარგად ხედავენ მოსკოვის დომინირების გაძლიერებას რეგიონში, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ეს დროებითია. ამიტომაც ისინი დაინტერესებულნი არ არიან სამხედრო მოქმედებების განახლებით. თუ ომი განახლდება, რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ბოლო ხანს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სამთავრობო წრეებთან დაახლოებულმა საექსპერტო ორგანიზაციებმა წინ წამოსწიეს საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ახალი თეზისები, ამ ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით.
აცნობიერებენ რა იმას, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით მანიპულირების გზით ხელი შეუშალოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, აღნიშნული ორგანიზაციები თბილისს სთავაზობენ, რომ უარი თქვას ამ ორი პროვინციის დაბრუნების საკითხის აქტუალიზებაზე, სანაცვლოდ კი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში უფრო ადვილად, შემსუბუქებელი პროცედურებით და პირობებით მიღებას პირდებიან.
ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ნატოში მიღების თვალსაზრისით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები შეიძლება საგარეო ხასიათის მქონე კონფლიქტებად კი არა, არამედ საშინაო კონფლიქტებად იქნეს მიჩნეული, ანუ ამ შემთხვევაში არ მოხდება ნატოს წესდების მე-5 პუნქტის გამოყენება, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყანაზე მესამე სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
«Newsweek» (აშშ), 10 ივნისი, 2015 წელი
http://europe.newsweek.com/1500-russian-troops-begin-drone-training-exercises-328524
სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარების 1500-ჯარისკაციანი დაჯგუფება, „დრონების“ გამოყენებით, სამხედრო სწავლებას იწყებს
დემიან შარკოვი
(შემოკლებით)
საქართველოს სადაო რეგიონში – სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზის 1500-მა სამხედრო მოსამსახურემ გუშინ საველე წრთვნები დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
სამხრეთ ოსეთი სადაო ტერიტორიად ითვლება გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან – მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა [სეპარატისტულმა] დაჯგუფებებმა საქართველოსაგან დამოუკიდებელობა გამოაცხადა. რუსეთმა [კონფლიქტის მოგვარება-დარეგულირების მიზნით, სამშვიდობო კონტინგენტი შეიყვანა], რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომის შემდეგ გაძლიერებული იქნა როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე აფხაზეთშიც.
რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ თავისი ჯარების ნაწილებს დაავალა სამხედრო წრთვნები ჩაატარონ უპილოტო საფრენი აპარატებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის – ტანკების (Т-72БМ), ქვეითთა ჯავშანმანქანებისა (БМП-2) და თვითმავალი ჰაუბიცების («Акация») გამოყენებით.
სამხრეთის სამხედრო ოლქის (მოიცავს სამხ.ოსეთსა და ყირიმში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებსაც) პრესსამსახურის ინფორმაციით, წრთვნების დროს გამოყენებული იქნება რამდენიმე ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი (ე.წ. „დრონი“), სასწავლო სროლების კოორდინირების მიზნით. „დრონების გამოყენება, რომლებიც თანამედროვე ფოტო- და ვიდეოკამერებით, აგრეთვე ინფრაწითელი სენსორებით არიან აღჭურვილნი, სასუალებას იძლევა ეფექტურად იქნენ აღმოჩენილნი პირობითი მოწინააღმდეგის მიერ კარგად შენიღბული სამხედრო ობიექტები ღამის პირობებშიც კი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამხედრო სწავლების დროს, რომელიც ძარწემის პოლიგონზე მიმდინარეობს, გამოყენებულია რუსული არმიის შეიარაღებაში არსებული რამდენიმე ტიპის „დრონი“, მათ შორის „ზასტავა“, „გრანატი“, „ორლანი“ და „ლეერი“.
სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებისთ აქტიურად ისარგებლებენ მცირე ფორმის მქონე უპილოტო საფრენი აპარატ „გრანატით“, რომელიც, თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ორჯერ მეტი სიზუსტით შეუძლია არტილერიის ცეცხლის კოორდინირება სასწავლო სროლების დროს. ამ ტიპის „დრონის“ გამოცდა (ტესტირება) შარშან დასრულდა.
რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და მათი შეიარაღებული ძალები ოფიციალურად შეიყვანა ერთიან თავდაცვით სივრცეში, 2014 წლის ნოემბერში და 2015 წლის თებერვალში ხელმოწერილი სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებების საფუძველზე.
ალბათ, ბედის ირონიაა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს წინ უძღოდა მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბულობის გამომწვევი საჰაერო ინციდენტი: რუსულმა ავიაგამანადგურებელმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
რუსეთი ამჟამად სამამულო წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების სამხედრო პროგრამას ახორციელებს. როგორც რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო ტექნოლოგიური კორპორაცია „როსტექ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რუსეთის არმია მომდევნო წლებში სამამულო წარმოების „ასეულობით „დრონს“ მიიღებს.