„რეზონანსი“: ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან: „ამ ეტაპზე ევროპა კვლავ ფიქრის პროცესშია“
„რეზონანსი“: როდის მოიქცა სწორად სახელმწიფო – შარშან, სავიზო რეჟიმის გამკაცრებისას თუ ახლახან, შერბილებისას?
„რეზონანსი“: სააკაშვილი VS კიდევ ერთი ოლიგარქი კოლომოისკი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ ყველა რუსეთის აგენტები არიან“
———————-
„რეზონანსი“, 11 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ ელენე ხოშტარიასთან: ამ ეტაპზე ევროპა კვლავ ფიქრის პროცესშია
თეა ბეჟიტაშვილი
(შემოკლებით)
“რაც უფრო კარგად ჩანს რუსეთის საფრთხე, მით უფრო მეტად იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ ევროპამ საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე იზრუნოს და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, მათ შორის ნატოს ფორმატში,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანათავმჯდომარე ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, დიდი სვიდეულის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ქმედება ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მკაცრად დაგმეს, ეს კი შესაძლებლობას იძლევა, რომ უკრაინა და საქართველოს სერიოზული საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყნებად იქნენ აღიარებულნი.
„ძალიან ახალი მიდგომებია რუსეთის მიმართ, როდესაც მოჩვენებითი მშვიდობის გამოსანქციებს მაინც არ უწყვეტენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა კონფლიქტის ხაზზე შედარებითი სიმშვიდე, მსოფლიოს მაინც არ ავიწყდება ყირიმი და ეს ანგელა მერკელმაც განაცხადა. რუსეთის ადრინდელი ტაქტიკა აღარ მუშაობს, გერმანიის ადრინდელი „პრორუსული“ პოლიტიკა ტრანსფორმაციას განიცდის. რუსეთის მიმართ განხორციელებული წნეხი უკვე თანმიმდევრული ხდება, ანუ ისეთი არაა, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო.
- თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის მთავარი ამოცანა „მაპ“-ის მიღება წარმოადგენს. დღეს ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება რა გავლენას იქონიებს ამაზე?
- მსოფლიოს ყურადღება ახლა უკრაინაზეა გადატანილი. ევროპისათვის რუსეთის საფრთხე სრულადაა გააზრებული. ყველას ესმის, რომ აფხაზეთის პრობლემა იქნება თუ ყირიმის, ცალკე აღებული მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა, ეს ევროპული უსაფრთხოების პრობლემაა. ამიტომ ჩვენი არგუმენტები იმაზე, რომ რუსეთის იმპერიულ ამბიციებზე ერთადერთი ეფექტური პასუხი ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებაა, ნამდვილად სასარგბელოა. ამ ფონზე თავდაცვის მინისტრის შემართება „მაპ“-ის მიღებასთან დაკავშირებით, ძალიან კარგი და ხმამაღალი გზავნილია. გარკვეულწილად ის განსხვავდება საგარეო პოლიტიკის იმ სტილისაგან, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ვამჩნევთ. უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ – ეს უბრალო ერთჯერადი განცხადებაა თუ ჩვენი პოზიცია სინამდვილეში მართლაც აქტიურდება.
- როგორ აისახება საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე წინა ხელისუფლების წარმომადგენელების პოლიტიკურ თანამდებობებზე დანიშვნა?
- ჩვენთვის უკრაინის წარმატება აბსოლუტური პრიორიტეტია, მათ შორის წარმატება რეფორმებსა და გარდაქმნებში. ეს იმიტომ, რომ კორუმპირებული უკრაინა ევროპული არჩევანის რეალიზებას ვერ შეძლებს.
(…)
„რეზონანსი“, 11 ივნისი, 2015 წელი
სახელმწიფო როდის მოიქცა სწორად – შარშან, სავიზო რეჟიმის გამკაცრებისას თუ ახლახან, შერბილებისას?
ლიკა ამირაშვილი
მსოფლიოს 94 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა ერთ წლამდე გაეზარდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ახალი დადგენილება მიიღო. მთავრობის დადგენილებით სიახლეა ის, რომ 94 ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც 180-დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება ჰქონდა, ახლა აღნიშნული უფლება 1-წლის ვადით ეძლევა. ამას კი თავის მხრივ, პარლამენტის მიერ “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ შარშან მთავრობამ დიამეტრულად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც უცხოელებს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის პირობები გაურთულდათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილი კრიტიკის საგანი იყო, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს კი სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
თქვენი აზრით, სახელმწიფო როდის მოიქცა სწორედ – შარშან, სავიზო რეჟიმის გამკაცრებისას თუ ახლახან, შერბილებისას? – ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): როგორც ცნობილია, ტურისტების რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა. თუ ეს ციფრები ამ გამკაცრებასთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, ძალიან კარგად მოიქცა, როდესაც უვიზო შემოსვლა ისევ შეარბილა. ეს გამკაცრება არაფერს რეალურს არ აკეთებდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ შერბილება ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.
გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): მე რომ უფლება მომცენ, ვიზებით მიმოსვლას მთელ მსოფლიოში გავაუქმებდი. არავითარი ვიზა და ქვეყენების დაყოფა, ჩვენ ერთამეთისაგან გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. საზღვრები ჩაკეტილი როცა აღარ იქნება, მშვიდობა მაშინ დაისადგურებს.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ “ერისიონი” ხელმძღვანელი): ვფიქრობ, სავიზო რეჟიმის შემოსვლის შერბილებით არასწორედ მოქცეულან. ჩვენი მიწა და წყალი ისედაც არ გვყოფნის. საქართველო უცხოელებით გაივსო. ქართველები სულელი ტოლერანტები ვართ.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ქვეყნებთან, რომელთანაც სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ინტერესები გვაკავშირებს, სავიზო რეჟიმი უფრო ლიბერალური უნდა იყოს. მაგრამ არიან ქვეყნები, რომელთანაც სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს. არ შეიძლება უკონტროლოთ შემოდიოდნენ ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. ისეთი ადამიანები შემოდიან, რომლებსაც არც ტურიზმთან და არც საქმიან მიმოსვლასთან არაფერი საერთო არ აქვთ, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.
„რეზონანსი“, 11 ივნისი, 2015 წელი
სააკაშვილი VS კიდევ ერთი ოლიგარქი კოლომოისკი
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
უკრაინაში, ოდესის ოლქის, როგორც რუსეთ-უკრაინული იდეოლოგიური ომის მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზზე, გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნას ურთიერთსაპირისპირო გამოხმაურება მოჰყვა – ნაწილი საქართველოს ექსპრეზიდენტს იმედით დახვდა, ნაწილი – პროტესტის ნიშნად წითელი ჰალსტუხებით; ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილი და მისი ქართული გუნდი ოდესის აღმშენებლობას შეძლებს და ეს მთელი უკრაინისათვის სამაგალითო უნდა გახდეს. ნაწილი კი ამას სკეპტიკურად უყურებს.
სააკაშვილის გუბერნატორობას და მისი გუნდის პერსპექტივებს განსხვავებულად აფასებენ ქართველი ანალიტიკოსებიც. თუმცა საქართველოშიც და უკრანაშიც თითქმის ყველა თანხმდება, რომ პოროშენკომ სააკაშვილი ოდესაში მისი ყველაზე დიდი მტრის, მილიარდერი ბიზნესმენის, იგორ კოლომოისკის გასანადგურებლად გაგზავნა და მთავარი ამოცანა სწორედ ეგ არის.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ოდესაში დაპირისპირების ახალი კერის გახსნის დიდი შესაძლებლობა არსებობს. მისი თქმით, პოროშენკომ ჯერ სააკაშვილი დანიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად და შემდეგ დაიწყო აქტიურობა.
ვახტანგ მაისაია: “სააკაშვილი ორი მისიის შესასრულებლად დაინიშნა, პირველი ოდესის პორტზე უშუალო კონტროლის დაწესებაა, მოერე კი კოლომოისკის ჩაძირვა. პორტი ძალიან დიდი თემაა, მასზე კონტროლი პრემიერ-მინისტრობისას იულია ტიმოშენკომაც ვერ შეძლო. ეს პორტი იყო ცალკე სახელმწიფო სახელმწიფოში. იქ არა მარტო ოფიციალური ტრანზიტი, არამედ შავი ბაზრის დამახასიათებელი ქმედებებიც ხორციელდება. ამიტომაც სააკაშვილმა შემთხვევით არ ახსენა, ქურდებმა პორტში დამინიშნეს შეხვედრაო. კრიმინალური ავტორიტეტები ოდესაში ყოველთვის საკმაოდ გავლენიან ძალად მიიჩნეოდნენ.
“გარდა ამისა, სააკაშვილის მისიაა კოლომოისკისთან დაპირისპირება. როგორც ჩანს, პოროშენკომ სააკაშვილი მისი უმთავრესი მტრის წინააღმდეგ მგეშავ ნაგაზად გამოიყენა. პოროშენკოს ბრძანებით, უკრაინის პროკურატურამ დაიწყო გამოკვლევა და სს საქმე აღძრა კოლომოისკის მიერ დაფინანსებული გასამხედროებული ფორმირება “აიდარის” მებრძოლების წინააღმდეგ. პოროშენკომ ამით კოლომოისკის ღია ომი გამოუცხადა. ფაქტობრივად, სააკაშვილი შიდაუკრაინულ ინტრიგებში ჩაერთო. რამდენადაც მე ვიცი, მას გართულებული ურთიერთობა ჰქონდა პრემიერ არსენ იაცენიუკთან, ასევ უკრაინის რადას თავმჯდომარე ვლადიმირ გროისმანთან. გროისმანმა სააკაშვლის ავანტიურისტიც კი უწოდა და თქვა, ქვეყანას დაღუპვამდე მიიყვანსო. ამდენად, სააკაშვილს იმდენად გაუფუჭდა ზოგიერთ უკრაინელ პოლიტიკოსთან ურთიერთობა, რომ იძულებული იყო პოროშენკოს ხელდასმის ბიჭი გამხდარიყო. მისი საყრდენი დღეს მხოლოდ პოროშენკოა და მანაც ეს მომენტი გამოიყენა – სააკაშვილი ურთულეს რეგიონში გადაისროლა და არა მარტო უკრაინულ შიდა ინტრიგებში ჩააბა, არამედ შიდა ომში, რომელიც, შესაძლოა, მალე დაიწყოს.”
გარდა ამისა, ვახტანგ მაისაიას თვალსაზრისით, სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა ემსახურებოდა იმას, რომ დნესტრისპირეთის მიმართულებით მოეხდინათ სიტუაციის გამკაცრება. “ორი დღის წინ პრეზიდენტმა პოროშენკომ რუსეთის ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა, რომელიც დნესტრისპირეთის ე.წ. რესპუბლიკაში რუსი სამშვიდობოებისათვის აღჭურვილობისა და გადაადგილების ტრანზიტს ეხებოდა. ამ სეპარატისტულ რეგიონთან ტრანზიტი მხოლოდ ოდესის პორტის მეშვეობოთ ხდებოდა,” – დასძენს მაისაია.
როგორც კავკასიის საკითხების ექსპერტი და “თავისუფალი ზონის” წევრი ალეკო კვახაძე ამბობს, ოდესის ოლქს სხვადასხვა ოლიგარქები და ქურდული დაჯგუფებები აკონტროლებენ. განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს შავი ზღვის უმსხვილესი ილიჩოვსკის პორტი, საიდანაც დიდი რაოდენობის ტვირთი გადადის. სწორედ აქ არის კოლომოისკის ინტერესი. იატაკქვეშეთში მოქმედებენ პრორუსული დაჯგუფებები, ე.წ. “ბესარაბიული რესპუბლიკა”, რომელიც გარკვეულ ლოჯისტიკურ დახმარებას დნესტრისპირეთიდან იღებს. დნესტრისპირეთიდან შემოდის კონტრაბანდა, დაახლოებით ისეთივე მასშტაბის, როგორც ჩვენთან ერგნეთის ბაზრობა იყო. სწორედ ეს ყველაფერი, ერთიანი კორუფციული ფონით არის მთავარი მიზეზი და ამოცანა, რის გამოც ამ ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილი დანიშნეს და ეს პოროშენკოს მხრიდან დიდ ნდობაზე მეტყველებს.
ალეკო კვახაძის თქმით, სააკაშვილს დავალება აქვს, რომ ოდესის ოლქში არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნების გავლენა შეამციროს და შესაბამისად, ოდესის ოლქის მნიშვნელობა გაზარდოს. მეორეს მხრივ, ამით დაჩრდილოს ყირიმი, რომელმაც სანქციების ფონზე ტვირთები დაკარგა. ჩანაფიქრია, რომ ყირიმისათვის დაკარგული ტვირთები ოდესის პორტმა უნდა მიიზიდოს. ოდესაში უკრაინული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებით რუსული ინტერესის გავრცელების პრევენცია მოხდება. კვახაძეც ადასტურებს მას, რომ პორტის თემა და ასევე კოლომოისკის ჩაძირვა არის სააკაშვილისათვის მიცემული ამოცანების მნიშვნელოვანი ნაწილი. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილი ოდესაში წარმატებას მიაღწევს.
ვახტანგ მაისაია კი წარმატებული რეფორმების პერსპექტივას გამორიცხავს. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ “ნაციონალების” პიარ ტექნოლოგიაა, სააკაშვილი კი ძალიან სახიფათო თამაშშია ჩაბმული, რომელშიც გამარჯვება არ უწერია.
“ოდესაში ის ვერც წესრიგს დაამყარებს და ვერც კორუფციას აღმოფხვრის. უკრაინაში რაც ხდება, ეს ნიუანსები ქართულ მედიაში არ ვრცელდება. მაშინაც კი, როდესაც უკრაინა ძლიერი სახელმწიფო იყო, ოდესა ქალაქ-მხარედ რჩებოდა, რომელსაც განსაკუთრებული მართვის ფორმა ჰქონდა და ცენტრალური ხელისუფლება ნაკლებად ერეოდა. კოლომოისკის დიდი ავტორიტეტი და ძლიერი პოზიციები აქვს და ამ კონტექსტში ბალანსი უკვე დარღვეულია. ოდესელებს არ მოსწონთ, რომ მათ მართვაში ცენტრალური ხელისუფლება უხეშად ერევა და ცენტრალური მართვა მოახვიეს თავს. ასე რომ, დაპირისპირების შემთხვევაში, რომელიც უვე აშკარად დაწყებულია, კოლომოისკის ბევრი მომხრე ჰყავს და ეყოლება. მით უმეტეს, რომ სააკაშვილმა რეპრესიები უკვე დაიწყო და ამას ოდესაში არ შეეგუებიან. ოდესაში სააკაშვილს ნაწილი დადებითად შეხვდა, ნაწილი – ეჭვით და რაღაც ნაწილი – ცუდად. ოდესელებმა რბილი პროტესტი უკვე გამოხატეს და ჰალსტუხები დაუკიდეს. ოდესაში ყველამ იცის, რომ სააკაშვილი იქ კოლომოისკისთან საბრძოლველად დაინიშნა და სააკაშვილისათვის ოდესა ბოლო ბასტიონია – თუ გაიმარჯვებს, ჰო, კარგი, თუ არა და ადვილად გასაწირია პოროშენკოსთვის,” – ამბობს მაისაია.
“ახალი თაობა“, 11 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ ყველა რუსეთის აგენტები არიან,
„ახალი თაობის“ ჟურნალისტ თამარ ნინიძესთან საუბარში სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალები და „ქართული ოცნება“ რუსულ დავალებას ასრულებენ.
გთავაზობთ ამონარიდს:
– გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებას კონფლიქტების მოგვარების გეგმა აქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება მიაღწევს რაიმე წარმატებას კონფლიქტების დარეგულირების საკითხში?
- გია ვოლსკი პარლამენტში ყველაზე კარიკატურულ ფიგურას წარმოადგენს. იგი რუსეთის დაუფარავი აგენტია, პოლიტიკაში არაფერი გაეგება და ეს პარლამენტის უსუსრებაზე მეტყველებს. ეს ხელისუფლება რუსეთის ბრძანებას ასრულებს, მას არავინ არაფერს ეკითხება… ხელისუფლებას აკრძალული აქვს საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა, ამას ვერ შენიშბავენ. ვისაც დიპლომატად ზურაბ აბაშიძე ჰყავს, ვისაც პოლიტიკურ მოზაროვნედ გია ვოლსკი ჰყავს, ხოლო რესპუბლიკელები – ტვინის რესურსად, მათ სხვა პერსპექტივა არ აქვთ.
- თქვენ აგენტებად მიიჩნევთ „ნაციონალებსაც“ და ამ ხელისუფლებასაც, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტების მოყვანა რომ გთხოვონ, რას უპასუხებთ?
- ნეტავ მთხოვონ და ვინმე შემედევოს… მე მუდმივად მომყავს არგუმენტად ის ფაქტი, თუ როგორ ჩაატარეს 2008 წელს ომი რუსეთთან.. ამ ომის მთელი ისტორია ის არის, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლება თავიდან ბოლომდე რუსეთის კარნახით მოქმედებდა. რუსებმა შემოიყვანეს ჯარები 5-7 აგვისტოს, დაიკავეს საკომანდო პოზიცია და ომი მოიგეს, მიხეილ სააკაშვილს ხმა არ ამოუღია. როცა რუსეთმა ომი უკვე მოგებულად ცათვალა, მაშინ უბრძანა სააკაშვილს, 7 აგვისტოს, ღამის 23 საათზე, ახლა გაისროლე ცხინვალისაკენ და შესაბამისი დოკუმენტები გააფორმე, რომ ომის მდგომარეობაში ხართო. საქართველოს მტავარსარდალი მტრის მხარეზე იბრძოდა! მან სუფთა სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. როცა რუსები როკის გვირაბში გაცერდნენ და ტანკების დიზელის ძრავების კვამლში იგუდებოდნენმიხეილ სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და ისინი გაგუდვა-დახრჩობას გადაარჩინა. ეს ისეთი სამხედრო ღალატია, რომელსაც ისტორიაში ცოტა ანალოგი თუ ექნება.. 26 მაისს რომ ნინო ბურჯანაძემ ხალხი სასაკლაოზე მიიყვანა, მან და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მითითებით იმოქმედეს. 7 ნოემბერსაც სახელმწიფოს ისეთი არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა მიტინგი მაინც დაარბია და იცით, რატომ? იმიტომ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ნატოს სამიტისათვის ანგელა მერკელს არგუმენტი ჰქონოდა, რომ ჩვენთვის „მაპ“-ი არ მოეცა. მიხეილ სააკაშვილმა განათლების სიტემაც დაანგრია. დასავლური ღირებულებების სახელით საქართველოს ნგრევა არის მიხეილ სააკაშვილის მთელი პოლიტიკა. ძალიან ბევრი ილუსტრირებული მაგალითები მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხროვა არის რუსეთის აგენტურა – ისევე, როგორც დღევანდელი ხელისუფლება..
(…)
იცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის მეორე ქართველი გუბერნატორია? პირველი გუბერნატორი გახლდათ გვარად დუმბაძე, 1905 წელს. იგი ერთ-ერთი პროტოტიპი გახლავთ მიხეილ ჯავახიშვილის რომანისა „კვაჭი კვაჭანტირაძე“, ისიც აფერისტი იყო კვაჭი კვანაჭიტაძესავით. ამით ყველაფერია ნათქვამი. ამასთან, ივანიშვილის გუნდი რომ ებრძვის სააკაშვილს გუბერნატორად მისი დანიშვნის გამო, ესეც იდიოტიზმია. რა მათია საქმეა? მათ მიზნად აქვთ დასახული, რომ ჩვენს თანამემამულეს კარიერა შეუზღუდონ სხვა ქვეყანაში. ეს ბრიყვული საქციელია.