globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 13th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Savvy» (ბელორუსია): მიხეილ სააკაშვილი – „ფერფლიდან აღმდგარი“?!

«Эхо» (აზერბაიჯანი): რატომ ყიდულობენ საცხოვრებელ ბინებს საქართველოში აზერბაიჯანელი მოქალაქეები?

———————-

«The Savvy» (ბელორუსია), 13 ივნისი, 2015 წელი

http://www.savvy.by/politika/evropa/item/3074-saakashvili.html

მიხეილ სააკაშვილი – „ფერფლიდან აღმდგარი“?!

ბელორუსულ ჟურნალ «The Savvy» გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია: „მასზე ძალიან ბევრი რამ არის ცნობილი – კარგიც, ცუდიც და ძალიან ცუდიც, სკანდალური ფაქტების ჩათვლით. რად ღირს მხოლოდ ჰალსტუხის ღეჭვა! მას ტალანტიურ პოლიტიკოსად და წარმატებულ რეფორმატორად მიიჩნევენ, იმავდროულად კი სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში (ავტორი – ანასტასია გრიშინა).

სტატიის ძირითადი სტრუქტურა და შინაარსი ასეთია:

ა) პოლიტიკური საქმიანობის დასაწყისი

მიხეილ სააკაშვილის პირველი ნაბიჯები პარლამენტში, დაპირისპირება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, „ვარდების რევოლუცია“, პრეზიდენტის არჩევნები – 96%-იანი მხარდაჭერა.

ბ) პრეზიდენტობის პერიოდი

მიხეილ სააკაშვილის მიერ 9-წლიანი მმართველობის დროს განხორციელებული რეფორმები (ყურადღება განსაკუთრებით აქვს დათმობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს – პოლიციის რეფორმას, სახელმწიფო სტრუქტურების გარდაქმნას, კორუფციასთან ბრძოლის ფორმებსა და მეთოდებს, მაგალითად, საჯარო დაპატიმრებებს…). საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომი.

გ) კაპიტულაცია და ქვეყნიდან გაქცევა

2012 წლის საპარლამენტო არჩევენბი როგორც მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასასრული. მთავრობის ყოფილი წევრების ქვეყნიდან გაქცევა (ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი…). „პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, შესაძლო დაპატიმრების შიშით, მიხეილ სააკაშვილმაც საქართველო დატოვა“.

დ) ბრალდებები

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ძირითადი ბრალდებები. უარი პროკურატურასთან თანამშრომლობაზე. ექს-პრეზიდენტი ძებნილის სტატუსით.

ე) უკრაინული კარიერა

უკრაინის პრეზიდენტისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ურთიერთობის ისტორია; მიხეილ სააკაშვილის უკრაინული კარიერა – პრეზიდენტის მრჩევლობიდან ოდესის ოლქის გუბერნატორობამდე. „პეტრო პოროშენკოს იმედი აქვს, რომ მიხეილ საკაშვილის გამოცდილების წყალობით „უკრაინული სასწაული“ მოხდება.

ვ) ახალი პერსპექტივები?

„საქართველოში განხორციელებული ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რიგი რეფორმების პოზიტიური შედეგების გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი – როგორც უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების დამკვირვებელთა საბჭოს თავმჯდომარე და როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორი –  ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მართლაც გარკვეულ დადებით წვლილს შეიტანს. უკრაინაში მოპოვებული წარმატებებების კვალობაზე შესაძლოა იგი „ფერფლიდან აღდგეს“ და ქართველების თვალში რეპუტაცია აიმაღლოს, „ძველი დიდება დაიბრუნოს“. ექს-პრეზიდენტი წარამარა აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნდება და კვლავ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა გაურკვეველია, რა ფორმით: მან ხომ საქართველოს მოქალაქეობას უკრაინის მოქალაქეობა და ოდესის გუბერნატორობა ანაცვალა“.

———–

უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში კვლავ გრძელდება ქართველი პოლიტიკოსების – პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოსვლები, რომლის დროსაც ისინი რეკლამირებას და ფიარს უწევენ თავიანთი მმართველობის დროს მიღწეულ „წარმატებებს“ – 2004-2012 წლებში განხორციელებულ რეფორმებს და მხარს უჭერენ ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო პროგრამას. ასე, მაგალითად, 12 ივნისს, ოდესის ტელეკომპანია „პერვიი გოროდსკოის“ ეთერში ისაუბრა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ექს-ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც ერთმანეთს შეადარა უკრაინისა და საქართველოს მოვლენები და გარკვეული პროგნოზებიც გააკეთა.

ქართველი პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში მოვლენები ქართული სცენარის მიხედვით ვითარდება: „ვარდების რევოლუცია“ და „ევრომაიდანი“, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კონფლიქტი რუსეთთან… ამასთან, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის განსხვავებებიც არსებობს: უფრო მეტი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე, კორუფციის უფრო მაღალი დონე, თუმცა, თუ უკრაინა ქართულ გამოცდილებას გონივრულად გამოიყენებს, ქვეყანა წარმატებას მიაღწევს (წყარო:http://www.1od.in.ua/news/7366).

«Эхо» (აზერბაიჯანი), 13 ივნისი, 2015 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=85366

რატომ ყიდულობენ საცხოვრებელ ბინებს საქართველოში აზერბაიჯანელი მოქალაქეები?

„საქართველოში საცხოვრებელ ბინებს (სახლებს), უცხოელ ინვესტორთა შორის, ყველაზე მეტად აზერბაიჯანის, თურქეთისა და ჩინეთის მოქალაქეები ყიდულობენ. 2014-2015 წლებში ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვანი დაინტერესება გამოხატეს დასავლეთ ევროპისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის გაზეთ „ეხოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც განხილულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, ინვესტიციების მოზიდვის გეგმები, უცხოელი ბიზნესმენების საქმიანობა და სხვა საკითხები. აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესებას იჩენენ აზერბაიჯანელი ინვესტორებიც, რომლებიც ბოლო ხანს ხშირად საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება სურთ (ავტორები – ბ.საფაროვი, ნ.ალიევი).

აზერბაიჯანელი ექსპერტი აზერ ალახვერანოვი განმარტავს, თუ რითაა გამოწვეული აზერბაიჯანელთა დაინტერესება საქართველოში ბინადრობის მოწმობის მიღებით. „ჯერ ერთი, რომ საქართველო, პოლიტიკური თვალსაზრისით, აზერბაიჯანელებისათვის პროევროპულ ქვეყანას წარმოადგენს. მეორე – საქართველოს ეკონომიკური კუთხითაც მნიშვნელოვანი პლუსი აქვს: შავი ზღვის ნაპირები, თურქეთთან მეზობლობა, ხელსაყრელი საგადასახადო და საბაჟო პირობები; მესამე – საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს, ძალიან ბევრი ერთობლივი საწარმოა შექმნილი, იქ ასევე მუშაობენ აზერბაიჯანული კომპანიებია და ბანკების ფილიალები. მარტო „სოკარს“ საქართველოში 50 ბენზინგასამართი სადგური აქვს, ხოლო სამშენებლო კომპანია „აკორდი“ ბევრ ობიექტს აშენებს. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ აზერბაიჯანელი სპეციალისტების განსაზღვრული რაოდენობა სამუშაოდ საქართველოში მიდის, მათ იქ საკუთარ ბინაში სურთ ცხოვრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ბინადრობის უფლებას – დროებითი ცხოვრების უფლებას ითხოვენ. სამომავლოდ კი, არაა გამორიცხული, მუდმივის ცხოვრების უფლებაც და მოქალაქობაც მიიღონ. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოს, ალბათ, ევროკავშირთან მალე უვიზო რეჟიმი ექნება“, – ამბობს აზერ ალახვერანოვი.

თუმცა, იბადება კითხვა – რატომ მაინცდამაინც საქართველო და არა თურქეთი ან უკრაინა, რომლებიც ასევე შავიზღვისპირა სახელმწიფოები არიან. „იმიტომ, რომ თურქეთში, საქართველოსაგან განსხვავებით, ბიზნესის დაწყება რთული საქმეა. რაც სეეხება უკრაინას, ეს ქვეყანა ჩვენი თანამემამულეებისათვის, გასაგები მიზეზების გამო, ნაკლებად მიმზიდველია. იქ მიმდინარე კონფლიქტის გამო უკრაინაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები საქართველოში გადმოსახლდნენ“, – აღნიშნავს აზერბაიჯანელი ექსპერტი.

Comments are closed