„ახალი თაობა“: ნატო და საქართველო: დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“
„რეზონანსი“: „ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა – ეს ნატოს საქართველოში შემოსვლაა”
„რეზონანსი“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: “თუ ნატომ გამონაკლისი გერმანიაზე დაუშვა, რატომ არ უნდა დაუშვას საქართველოზე?!”
„რეზონანსი“: სტრასბურგის სასამართლო შეძლებს რუსეთი აიძულოს, რომ კონპენსაცია გადაგვიხადოს?
„ალია“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: ნინო ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტის კულუარები
———————-
„ახალი თაობა“, 09 ივლისი, 2015 წელი
ნატო და საქართველო: დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“
სტატიაში მიმოხილულია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის გოგი ქავთარაძის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველო ნატოს ურთიერთობების შესახებ და მასთან დაკავშირებული კომენტარები.
„რას გვახვეწნინებენ ამ ნატოს წევრობას? დავიჯერო, ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა უფრო მეტად იმსახურებს წევრობას, ვიდრე ჩვენ? შეხედეთ, როგორ იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები ნატოს წევრი ქვწეყნების ჯარისკაცებთან ერთად. თუ გვიფიქრია იმაზე, რომ მეზობელ ქვეყნებში ჩუმად ქირქილებენ, როდესაც ხედავენ, თუ როგორ ვეხვეწევით ნატოში გაწევრიანების მიზნით. ადამიანის მსგავსად, ქვეყანასაც აქვს თავისი თავმოყვარეობა. ეს უნდა გვახსოვდეს. იქნებ ჩვენი გზავნილი მივაწოდოთ ნატოში ჩვენს მეგობრებს და გავაგებინოთ ის, რასაც ვამბობთ“, – განაცხადა გოგი ქავთარაძემ გუშინ, 8 ივლისს.
ამ განცხადებამ „ქართულ ოცნებაში ჩოჩქოლი გამოიწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი დამოკიდებულების გამო შეიძლება დეპუტატებმა ერთმანეთს დააყარონ, რადგან გუშინვე გოგი ქავთარაძეს რესპუბლიკელები დაუპირისპირდნენ.
გოგი ქავთარაძე მეორე „გოგია“, რომელიც ნატოს წინააღმდეგ ღიად გამოდის. პირველი „გოგი“ გოგი თოფაძეა, „მრეწველთა“ ლიდერი, რომელსაც ამას წინათ ნატოზე აუგის თქმის გამო, ბოროტი ხმების თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კრიტიკა აუკრძალეს. ახლა, ეტყობა, ეს აკრძალვა ან მოიხსნა, ანდა გოგი ქავთარაძის გულმა ბრიუსელიდან წამოსულ უარს ვეღარ გაუძლო.
გოგი ქავთარაძის განცხადებამ დეპუტატები აღაშფოთა, განსაკუთრებით „ნაციონალები“, უმრავლესობიდან კი „რესპუბლიკელები“ განერვიულდნენ და ოფიციალურად გაემიჯნენ თანაკოალიციელის პოზიციას.
რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, თუ გოგი ქვთარაძეს ნატოსთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი გააჩნია, ეს მისი პირადი პრობლემაა და არა კოალიცია „ქართული ოცნებისა“. „მე ვსაუბრობ კოალიცია ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრის სტატუსით – საქართველოში ჩატარებულმა პლებისციტმა დაადასტურა, რომ კურსი ნატოს მიმართულებით უცვლელია. ამას ადასტურებს აგრეთვე თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებული აქტიურობა ჩრდილოატლანტიკურ ალისსში გაწევრიანების მიზნითაც. თუ ცალკეულ დეპუტატებს რაიმე ეჭვები აქვთ, ეს თავიანთი პრობლემაა და ეს არანაირ კავშირში არ უნდა იყოს კოალიციის პოზციასთან“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
:ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ გოგი ქავტარაძის განცხადების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. მას არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ გოგი ქქვტარაძის განცხადება „ქართული ოცნების“სხვა ლიდერებტან წინასწარ იყო შეთანხმებული. „ეს უკვე ანტიდასავლური სახის მესამე განცხადებაა. ჩემთვის ერთმნიშვნელოვანია, რომ ამის უკან დგას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით“, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა“.
„რეზონანსი“, 09 ივლისი, 2015 წელი
„ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა – ეს ნატოს საქართველოში შემოსვლაა”
თაკო მათეშვილი
სიახლე, რომელიც საქართველოსათვის ერთდროულად დადებითი შედეგის მომტანიცაა და უარყოფითისაც – ასე აფასებენ სპეციალისტები საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას, რაც უახლოეს მომავალში მოხდება. მათი აზრით, სიახლე პირველ რიგში რუსეთს გააღიზიანებს, მეორე რიგში კი – “ისლამურ სახელმწიფოს”, რადგან მათთვის ეს ნატოს საქართველოში შემოსვლად აღიქმება. ალიანსი მათი მტერია, შესაბამისად, საქართველოსაც მტრად მიიჩნევენ.
ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნა უელსის სამიტზე გადაწყდა და მის შესახებ საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა დეტალები არ ხმაურდებოდა. გუშინ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ გაამხილა ის ადგილები, სადაც ცენტრი განთავსდება. მისი თქმით, იგი როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს.
“სასწავლო ცენტრის მდებარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, ერთი შენობა. ეს იქნება სასწავლო ცენტრი, რომელიც შეიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონს, რომლებშიც მოხვდება როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი”, – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
რაც შეეხება თარიღს, წინასწარი ინფორმაციით, ცენტრი, სავარაუდოდ, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება, რომელიც ალიანსის მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “ფპშდუ თზშკშე 2015″-ის დახურვის ცერემონიალზე, 22 ივლისს ჩამოდის.
სწავლება გუშინ დაიწყო და მასში პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელები მონაწილეობენ. იგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს.
სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. საქართველოს მხრიდან წვრთნაში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი ჩაერთო. წვრთნებში შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. დანარჩენი ქვეყნები სწავლებაში ოცეულის დონის ქვედანაყოფებით მონაწილეობენ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “ფპშდუ თზშკშე 2015″ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. მის ფარგლებში ძირთადად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი ჩამოყალიბდა. საშტაბო და საველე წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედებების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.
ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი იმ პროგრესზე საუბრობს, რასაც ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა მოგვიტანს და ამბობს, რომ ამით საქართველო ნატოსთან და ზოგადად დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოვდება. გარდა ამისა, მისი თქმით, ცენტრი თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისათვის ქართველი სამხედროების უკეთესად მომზადებას შეუწყობს ხელს.
“ჩემი ინფრომაციით, ამ სასწავლო ცენტრში გაწვრთნიან და შეაფასებენ ბატალიონის დონის დანაყოფებს. ამას უკვე მნიშვნელობა აქვს, რადგან ბატალიონის მაღალი დონის მომზადებაზეა საუბარი, რაც მისასალმებელია. კარგი იქნება თუ ქართველი სამხედროები მუდმივად გაივლიან წვრთნებს და მსოფლიოში სამხედრო სფეროს განვითარებას არ ჩამორჩებიან”, – აღნიშნავს იგი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრის გახსნა ვიღაცეებს გააღიზიანებთ, ალადაშვილი მის უარყოფით მხარეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გაღიზიანება, პირველ რიგში, რუსეთისაგან წამოვა. „მოსკოვი არც მალავს და პირდაპირ ამბობს, რომ ნატოს გაფართოებასა და მის საზღვრებთან მიახლოებას ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ აღიქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარეც და ნატოს წარმომადგენლობაც მუდმივად უსვამენ ხაზს იმას, რომ ეს ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრი სამხედრო ბაზა არაა. მას არანაირი საბრძოლო ფუნქცია არ ექნება და მხოლოდ სასწავლო დაწესებულებაა. თუმცა, რუსეთში მაინც მიიჩმევენ, რომ ეს ნატოს საქართველოში შემოსვლაა. გარდა რუსეთისა, ასევე გასათვალისწინებელია “ისლამური სახელმწიფოს” ფაქტორიც. მათ კავკასიაში ხალიფატის შექმნის შესახებ განაცხადეს. ნატო მათთვის პირველი მტერია და ბუნებრივია, ჩათვლიან, რომ საქართველოც ნატოს მოკავშირეა, ე.ი. ისიც მათი მტერია. თუმცა, ჩვენთვის მთავარი უარყოფითი პროცესი რუსეთიდან წარიმართება”, – აღნიშნავს ალადაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის გაღიზიანების შედეგი და რა კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ მისგან, ანალიტიკოსი ამბობს, რომ იგი ძირითადად პოლიტიკურ რიტორიკას გააძლიერებს. “წესით, მათ არაფერი უნდა მოიმოქმედონ, რადგან ეს მხოლოდ სასწავლო ცენტრია და არა სარაკეტო ბაზა, ან სატანკო ბრიგადა, მაგრამ რუსეთისათვის საბაბის მოძებნა პრობლემა არაა. არ ვფიქრობ, რომ ამის გამო ვაზიანს ან კრწანისს დაბომბავს, მაგრამ ალბათ პოლიტიკურ ზეწოლას გააგრძელებს”, – აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნისაგან დადებითზე მეტად უარყოფით შედეგებს ელის პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა და ამბობს, რომ “ისლამური სახლემწიფოს” იმ პერიპეტიებიდან გამომდინარე, რასაც ბოლო დროს ვხედავთ, საქართველოში ნატოს ცენტრის გახსნა ჩვენთვის სასურველი და საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ იქნება. გარდა ამისა, იგი დარწმუნებულია, რომ ცენტრი რუსეთთან ურთიერთობასაც გაართულებს და იგი “ახალ მაქინაციებს” დაიწყებს.
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნატო საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. არავინ იცის, როდის მოწყდება და დაგვეცემა. უკვე 25 წელია, ნატოს ძახილი გვესმის. მთავარი პოლიტიკური საგანი და ობიექტი ეს ალიანსი გახდა და არა ის სხვა პრობლემები, რაც ქვეყანას ასე აწუხებს. თუკი ეს ცენტრი დაგვეხმარება სოციალური პირობების გაუმჯობესებაში, ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკის სწორად წარმართვაში, დემოკრატიის განვითარებაში, მაშინ მის გახსნას მივესმალმები, მაგრამ თუკი ის სხვა ღონისძიებებს დაემსგავსება და რუსეთთან ურთიერთობას გაგვირთულებს, მაშინ უკვე აღარ ვიცი, რას გვაძლევს ეს ჩვენ. რა ვქნათ, განგებამ გვარგუნა ეს იმპერია მეზობლად და ვერ გადავაადგილებთ. მეორე მხრივ კი, ეს შესაძლოა ნატოსთან დაახლოებაშიც დაგვეხმაროს. მაპ-ის თემაც ისევ წამოიწია. თუმცა, მე, როგორც მოქალაქესა და პოლიტოლოგს, ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ უახლოეს 10-15 წელიწადში ნატოში შესვლა მოვახერხოთ. პრობლემური ქვეყანა ვართ და ასეთ ქვეყნებს ალიანსში არ იღებენ. ასე რომ, ამ ცენტრის გახსნა, ჩემი აზრით, უფრო მეტად უარყოფით შედეგს მოგვიტანს, დადებითს ძალიან ცოტას ვხედავ”, – აღნიშნავს კვესელავა.
„რეზონანსი“, 09 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: “თუ ნატომ გამონაკლისი გერმანიაზე დაუშვა, რატომ არ უნდა დაუშვას საქართველოზე?!”
საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე, „რეზონანსის“ ჟურნალისტთან იაგო ნაცვლიშვილთან საუბრისას, ევროპული პოლიტიკის საკითხებთან (საბერძნეთის ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი) ერთად საქართველო-ნატოს ურთიერთობასაც ეხება.
ამონარიდი ინტერვიუდან:
ზურაბ აბაშიძე: „გერმანიის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ პოლიტიკაში, თუნდაც იმავე რუსეთთან მიმართებით, თუმცა მე ახლა ბერლინის როლის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება შემიძლია… მე შესაძლოა გერმანიასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მქონდეს, რომ ოფიციალური ბერლინი საქართველოს ნატოში ინტეგრირებას სკეპტიკურად უყურებს, გარკვეული საფრთხეებიდან გამომდინარე. გავიხსენებ გერმანიის მაგალითს, როცა ეს სახელმწიფო ორად იყო გაყოფილი, მაშინ ფედერალური გერმანია ნატოს წევრი იყო და ეს იმის მიუხედავად, რომ გერმანიის ტერიტორიები გაყოფილი იყო, შესაბამისად, მას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჰქონდა.
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა მაშინ არათუ ნატოს წევრი არ იყო, არამედ ვარშავის ხელშეკრულების ნაწილი იყო. ახლა გერმანია აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემა აქვს და ეს ნატოში ჩვენს ინტეგრაციას აფერხებს. გერმანიის ასეთი განცხადება არგუმენტად ვერ გამოდგება, მას თვითონ ჰქონდა მსგავსი პრობლემა და ნატოს წვერად მიირეს, ახლა კი იგივე პრობლემის გამო ჩვენ არ გვღებულობენ. თუ მაშინ გამონაკლისი დაუშვეს გერმანიისათვის, რატომ არ უშვებენ დღეს გამონაკლისს საქრთველოსათვის?
- უმრავლესობის წევრმა გოგი ქავტარაზემ ნატოს ტემაზე პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანის მსგავსად, ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა და რატომ გვახვეწნინებენ ნატოში შესვლასო…
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი წინაპრები (ქაუცა ჩოლოყაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვები) ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ და მათ ამ იდეას შესწირეს თავი. ჩვენი ქვეყანა უნდა იმართებოდეს ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე. დღეს ყველაზე მეტი საფრთხე რუსეთიდან მოდის. მაშინ ნატო არ იყო აქტუალური საკითხი. ქვეყანა უნდა განვითარედეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ გაერთიანებაში სურს ყოფნა და რომელში – არა. ქართველი ხალხის არჩევანი არის ნატო.
თავიდანვე უნდა გამოირიცხოს ისეთ გაერთიანებაში გაწევრიანება, საიდანაც ჩვენთვის საფრთხე მომდინარეობს. შესაბამისად, ევრაზიულ კავშირში ან საბაჟო კავშირში ჩვენი გაწევრიანება უნდა გამოირიცხოს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი მომავალი რუსეთთან არის, მათ მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ სცდებიან.
„რეზონანსი“, 09 ივლისი, 2015 წელი
სტრასბურგის სასამართლო შეძლებს რუსეთი აიძულოს, რომ კონპენსაცია გადაგვიხადოს?
ლიკა ამირაშვილი
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს პოზიციაზე არგუმენტების წარდგენისათვის ვადად 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 8 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად დაუდასტურა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე წლის 2 ივლისს ქართული მხარის მიერ წარდგენილი კომპენსაციის მოთხოვნის ამსახველი დოკუმენტის მიღება.
“როგორც სასამართლოს წერილიდან ირკვევა, საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი კომენტარებისათვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 8 ივლისს გადაუგზავნა სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს პოზიციაზე შეპასუხების ვადად ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორ ფიქრობთ, სტრასბურგის სასამართლო შეძლებს რუსეთი აიძულოს, რომ კონპენსაცია გადაგვიხადოს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): სტრასბურგის სასამართლო შეძლებს თუ არა, რომ რუსეთს კონპენსაცია გადაახდევინოს, ძალიან მეეჭვება. რუსეთი ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც მას სურდა. მას ჰგონია, რომ ეს კანონია და აქედან გამომდინარე, არავინ არ იცის, გადაიხდის თუ არა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): რუსეთს სრულიად არაადეკვატური ხელმძღვანელობა ჰყავს, ამიტომ წინასწარ თქმა, შეასრულებს თუ არა, ძნელია. თუმცა ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ რაღაც კეთდება, თითქოს იმედიანად ხარ. თუმცა არ მგონია, რომ შეასრულოს. საბერძნეთში რაც ახლა მოხდა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეშიც რუსეთის ხელი ურევია. რუსეთმა ახლა თვალი საბერძნეთს დაადგა, ძალიან დიდი დამპყრობელია. ასე მონამორჩილად თავის კანტური მართლა არ შეიძლება.
გია ბუღაძე (ფერმწერი): რა თქმა უნდა, სულ ტყუილად გვაქვს იმედი, რომ სტრასბურგის სასამართლო რუსეთს რამეს აიძულებს. რუსეთს ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს, ყოველგვარი ზნეობისა და მორალის ჩარჩოებიდან სრულიად გასულია. დღეს ვერც ევროპა და ამერიკა იმ ადგილას ვერ დგას, როგორც თუნდაც რეიგანის დროს იდგა. რუსეთის ასეთი თავხედობა ევროპისა და დასავლეთის ძალიან არასწორი და რბილი პოზიციითაა განპირობებული. საქართველოს სერიოზულად არავინ არ აღიქვამს, ჩვენ პრობლემას არავისთვის არ წარმოვადგენთ. საქართველოს ხელმძღვანელობა უხერხემლო და უსუსურია, ასე რომ, არაფერი არ მოხდება. ჩვენს მთავრობას მხოლოდ თავის ქება და ოპონენეტების ლანძღვა შეუძლიათ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება თავის ხალხზე არ ზრუნავს. წესით და კანონით, ჩვენი ხელისუფლება ახლა ხმამაღლა უნდა ყვიროდეს და თავისი დევნილი მოქალაქეების ინტერესებს იცავდეს, ხმის ამოღებას ევროპელებისგან არ უნდა ელოდოს.
გოგი თორაძე (რეჟისორი): ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლოს საკმაოდ სერიოზული ბერკეტები აქვს იმისათვის, რომ მათ ეს გადაახდევინონ. სატვირთო თვითმფრინავით დეპორტაცია ჩვენი ქვეყნის ღირსების შელახვა იყო. რუსეთმა შეურაცხყოფა მთელ ერს მიაყენა. საქართველო რუსეთს უფრო ინტესიურად რატომ არ სთხოვს, ეს მიკვირს. სტრასბურგი უფრო ინტესიურად ითხოვს, ვიდრე საქართველო. ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნა სამართლიანია, ამიტომ აუცილებლად უნდა შეასრულონ. ადამიანი ქვეყნიდან შეიძლება გაიყვანო ადამიანურად და არა ისე, როგორც მათ ეს გააკეთეს.
ნინო ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტის კულუარები
ნინო სამხარაძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება. რა თქმა უნდა, ეს საკითხი დიდი ხმაურისა და ბრალდებების მიზეზი ხდება. ბურჯანაძის ოპონენტები შოკში არიან, ოფიციალური ვიზიტის მიღმა ისინი ხედავენ საფრთხეებს, რომ ბურჯანაძე რუსეთიდან ინსტრუქტაჟით ჩამოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე სახელმწიფო დუმის სპიკერის სერგეი ნარიშკინის მიწვევით მიემგზავრება. ბურჯანაძე მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში სახელწოდებით „მსოფლიოსა და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები 21-ე საუკუნეში“.
მაშ ასე, შეხვდება თუ არა არაფორმალურ გარემოში ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს? მოყვება თუ არა შეხვედრებს რუსეთის მხრიდან რაიმე ნაბიჯი? არის თუ არა პარადოქსი ის, რომ რუსეთი ორგანიზებას უკეთებს მსოფლიოს და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს 21-ე საუკუნეში, მაშინ, როცა მსოფლიოსთვის თავად რუსეთი წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს? რაზე უნდა ისაუბროს საქართველოს მტერთან ნინო ბურჯანაძემ და რა გზავნილებს გააკეთებს ის, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც რეალურად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია?
ამ და სხვა კითხვებზე „ალიას“ `დემოკრატიული მოძრაობის~ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე უპასუხებს:
- ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტმა ბურჯანაძის ოპონენტები შოკში ჩააგდო და უკვე დაიწყო საუბრები, რომ ბურჯანაძე რუსეთში ფულის წამოსაღებად და ინსტრუქტაჟის მისაღებად ჩადის. რა იმალება ამ ოფიციალური ვიზიტის მიღმა?
- ვინც შოკში ჩავარდა, ეს მათი პრობლემაა. სხვათა შორის, არც ხელისუფლებას ესიამოვნა ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი. დიდი ხანია ვამბობთ, რომ საუბარი უნდა შედგეს რუსეთსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. სამი წელია ამას მოვუწოდებთ ხელისუფლებას. რაც მთავარია, ამას მოგვიწოდებს ევროკავშირი, ევროსაბჭო, ამერიკის შეერთებული შტატები, რომ დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან. ასე რომ, ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს. რუსეთის ხელისუფლებასთან კულუარული შეხვედრები, მოლაპარაკებები, ფულის წაღებ-წამოღება და დერეფნებში შემთხვევით შეხვედრები ოპოზიციურმა ძალებმა თავისკენ მოიკითხონ, ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და თქვენ წარმოიდგინეთ, დღევანდელი ხელისუფლების წევრებსაც კი…
- თქვენი ინფორმაციით, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხვდებიან ფარულად რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების წევრებს?
- რა თქმა უნდა, დღევანდელ ხელისუფლებას გამოყოფილი ჰყავს ხალხი, რომლებიც მიდი-მოდიან თბილისსა და მოსკოვს შორის და აქვთ პოლიტიკური და ბიზნესის დონეზე ურთიერთობები. ამის შედეგი, მათი პირადი კეთილდღეობის გარდა, ჯერჯერობით ვერაფერი ვნახეთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ საზოგადოებისგან დაფარული ურთიერთობებისა და კულუარული შეხვედრების. ეს უნდა ხდებოდეს ღიად, ოფიციალურ დონეზე, ამიტომ, რამდენსაც ისინი იტყვიან, ათ იმდენს ჩვენ ვილაპარაკებთ და ფაქტებს დავუდებთ იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ხელისუფლება…
- შეგიძლიათ, კონკრეტული ფაქტი გვითხრათ, ხელისუფლებიდან აქტიურ ურთიერთობაში ვინ არის რუსეთის ოფიციალურ პირებთან საზოგადოებისგან მალულად?
- ვინ მართავს დღეს საქართველოს ხელისუფლებას? ეს გახლავთ, ბიძინა ივანიშვილი… მას თავისი ხაზები აქვს რუსეთში და აქვს ურთიერთობები რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებასთან, ოღონდ არაოფიციალურად. ეს იცის ყველამ და ტყუილად ნუ ეშმაკობენ და მარჯვნიდან მარცხნივ ხელს ნუ იშვერენ. ჩვენ მოვუწოდებთ, თავი დავანებოთ ამ არაოფიციალურ სამზარეულოს დონეზე შეხვედრებს და ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად. მათგან განსხვავებით, ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ღიად ვამბობთ.
ნინო ბურჯანაძე რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ჩაატარებს პრესკონფერენციას და საქართველოს მოსახლეობას დაწვრილებით მოუთხრობს, რაზე იყო მოსკოვში საუბარი. გაჩნდა შანსი და ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ჩადის მოსკოვში იმიტომ, რომ გამოიყენებს იმ ტრიბუნას. მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები იქნებიან იმ დღეს იქ, მათ წინაშე გამოვა და იმ სატკივარს იტყვის, რაც თითოეულ ქართველს უჭირს. უპირველეს ყოვლისა, ის ისაუბრებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, ეს ტრიბუნა არ გამოვიყენოთ?..
- მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს მოუვიდა ამ კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა, თუ სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებსაც?
- ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია…
- ეს ხომ არ არის მოლაპარაკებები ორ სახელმწიფოს შორის, მაგრამ იქ იქნება საუბარი წონადი ლიდერის მხრიდან, რომელიც ძალიან მაღალი დონის პირებს შეხვდება. ჯერჯერობით პუტინთან შეხვედრა არ არის დაგეგმილი, ის ხვდება სათათბიროს თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა პირველ ან მეორე პირს, შემდეგ იქნება „მრგვალი მაგიდა“, სადაც მთელი მსოფლიოს ექსპერტები და პოლიტოლოგები არიან ჟურნალისტებთან ერთად, შემდეგ იქნება შემაჯამებელი ბრიფინგი. როგორც ვთქვი, ბურჯანაძე საქართველოს სატკივარზე ისაუბრებს.
- კი მაგრამ, თავად რუსეთია პრობლემა მსოფლიოში, რომელიც სამეზობლოში საფრთხეებს ქმნის. პარადოქსი არ არის, როცა რუსეთი ასეთ კონფერენციას მართავს? რამდენიმე დღის წინათ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საომარი საფრთხე ემუქრება საქართველოს და მოლდოვას. რუსეთი, როგორც ომის ინსპირატორი, უხერხული ხომ არ არის საუბრობდეს უსაფრთხოების გამომწვევ მიზეზებზე?
- ნატოს გენერალური მდივნის ხედვაა ასეთი, დღევანდელი ნატო ვერ აგვარებს დამოუკიდებლად ვერც სირიის საკითხს, ვერც ლიბიის საკითხს, სამწუხაროდ, ვერც ავღანეთის თემას და ვერც უკრაინისას… თქვენ დამისვით კითხვა, არის თუ არა პარადოქსი, როცა რუსეთი ხდება ინიციატორი, ასეთი სახელწოდების კონფერენცია ჩაატაროს… შეიძლება ასეც დავსვათ ეს საკითხი, რუსეთი რომ ამ კონფერენციის ინიციატორია, პარადოქსია… მაგრამ თავად ფაქტი ასეთი მოვლენისა და შეკრების, საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ იქ დავინახავთ მსოფლიო გამოწვევებში რუსეთის ოფიციალურ და არაოფიციალურ ხედვას, თუ რა დამოკიდებულება აქვს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
- მაინტერესებს, ნინო ბურჯანაძე თუ დასვამს საკითხს რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების წინაშე – რატომ აამოქმედა რუსეთმა აფხაზეთთან და ცხინვალთან სამოკავშირეო ხელშეკრულება, რატომ მოხდა რუსეთის მხრიდან ცალმხრივად საქართველოსთან დადებული ხელშეკრულებების გაუქმება? მაგალითად, რუსეთი რატომ ამბობს უარს პატიმრების გაცვლაზე?.. ისაუბრებს თუ არა ის კონკრეტულად იმის შესახებ, რომ რუსეთის მხრიდან კვლავ გვემუქრება ომის საფრთხე…
- აუცილებლად იქნება შესაძლებლობის ფარგლებში ყველა იმ საკითხზე საუბარი, რაზეც ვერ ბედავს ლაპარაკს დღევანდელი ხელისუფლება. აი, მაგალითად, ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებზე ჩასული პრემიერი მაგიდასთან ვლადიმერ პუტინის გვერდით იჯდა და მას ზურგი აქცია, ანეკდოტი არ იყო?.. მაშინ, როცა მას შეეძლო, მშვენივრად გამოეყენებინა ეს არაფორმალური შეხვედრა.
_ პრემიერ-მინისტრმა `ასავალდასავალთან~ ინტერვიუში ეს ფრაგმენტიმ განმარტა, რომ ის იმ მომენტში, როცა კამერებმა დააფიქსირა, მონაკოს პრინცს ესაუბრებოდა…
- საერთო მისალმებაში ღარიბაშვილი პუტინს მიესალმა, მაგრამ ენა ზედმეტად არ დაუსველებია სალაპარაკოდ… მე იმას ვამბობ, შენ გვერდით რომ ზის რუსეთის პრეზიდენტი, გამოიყენე, შე დალოცვილო და დაელაპარაკე. იმის თხოვნა კი არ დაუწყო, რომ ხვალვე დაგიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ მომენტი უნდა გამოიყენო. პოლიტიკას წყვეტს მოულოდნელობები და ნებისმიერი სიტუაცია უნდა გამოიყენო შენი ქვეყნის ინტერესებისთვის. თქვენ რომ საუბრობთ რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების გაუქმებაზე, ეს იმის ბრალია, რომ აბაშიძე-კარასინის იქით მოლაპარაკებები არ მიდის. იმის შიშით, რომ ვინმემ პრორუსობა არ დააბრალოს, ხელისუფლება ვერ ბედავს, იყოს უფრო გაბედული. საქმე ისაა, რომ ჩვენს ხელისუფლებას უნდა, ვიღაცამ სულ ყურით ათრიოს, სხვამ მოუგვაროს პრობლემები და რთულ საკითხებზე თვითონ არ ილაპარაკოს. მე ხომ ვიცი ეს პრიმიტივები, უწიგნურები, ვითომპოლიტიკოსები დაიწყებენ, – რა აზრი აქვს პუტინთან საუბარს?.. შე დალოცვილო, აზრი აქვს თვითონ იმას, რომ იწყებ საუბარს. აქედან იწყება გადაწყვეტილებებზე ფიქრი, არავის აქვს ილუზია, რომ რუსეთში ჩახვალ და სამაჩაბლოსა და აფხაზეთს გამოგატანენ. მაგრამ იმისთვის, რომ განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში ეს საკითხები დადგეს და ამ თემების დამუშავება დაიწყოს, უნდა წარმოიშვას ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ესენი ამას ვერ ბედავენ, გატრუნულები არიან.
რუსეთში ბურჯანაძის საუბარი აგებული იქნება იმაზე, რომ მშვიდობამ უნდა დაისადგუროს ამიერკავკასიაში, რადგან არსებობს რადიკალური ისლამის მხრიდან ტერორიზმის საფრთხე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სიძლიერის გარეშე მსოფლიოში შეუძლებელია კავკასიაში მშვიდობა დამყარდეს და ტერორიზმის საფრთხე აღმოიფხვრას. თუკი რუსეთს სურს, რეგიონში მშვიდობა იყოს, მან ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და იმას, რომ ქართველებმა ოსებთან და აფხაზებთან დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი და რუსეთის მხრიდან ხელისშეშლა არ იყოს. კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი არ არის იმ დონის, რომ ასეთ საკითხებს წყვეტდნენ. მოლაპარაკებების დონემ უნდა აიწიოს. შესაძლოა, მრგვალი მაგიდა იყოს ის ეტაპი, როდესაც უკვე პუტინთან შეიძლება საუბარი უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვამბობთ, რომ, თუკი ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს საუბარს პუტინთან, მოგვცეს მანდატი და მას ბურჯანაძე დაელაპარაკება…