«Огонёк» (რუსეთი): დათმობა არავის არ სურს: რატომ არ იცვლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დადებითისკენ?
«ТВ Россия-1» (რუსეთი): ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „მიხეილ სააკაშვილის მიზანს ცეცხლზე ნავთის დასხმა წარმოადგენს“
«КоммерсантЪ» (რუსეთი): დიმიტრი როგოზინი: „მიხეილ სააკაშვილმა, სულელმა და აშკარად ფსიქოპათმა პიროვნებამ, 2008 წელს თავისი ავანტიურით საკუთარი სამშობლო დაშალა“
«The National Interest» (აშშ): „უკრაინის მიერ ყირიმისადმი გამოცხადებული სანქციები ძალიან ჰგავს საქართველოს მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისადმი გამოცხადებულ სანქციებს, ამით კი რუსეთის პოზიციები ძლიერდება“
«ТВ Россия-1» (რუსეთი): „თავისუფალი ზონა“ – „კმარას“ მემკვიდრე?
«Montreal Gazette» (კანადა): „კანადის დედა“ და „ქართვლის დედა“: მსგავსება და განსხვავება
————————
«Огонёк» (რუსეთი), 13 ივლისი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2763300
დათმობა არავის არ სურს: რატომ არ იცვლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დადებითისკენ?
რუსულ პოპულარულ ჟურნალ „ოგონიოკის“ დღევანდელ, 13 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია მისი ყოფილი მთავარი რედაქტორის, ამჟამად კი საგამომცემლო სახლ „კომერსანტის“ ერთ-ერთი დირექტორის ვიქტორ ლოშაკის სტატია, რომელშიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ასპექტებია განხილული. იგი 2015 წლის 4-5 ივლისს თბილისში იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრისა და გორჩაკოვის ფონდის ეგიდით გამართულ კონფერენციაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„უკვე რამდენიმე წელია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაუწონასწორებელ ადამიანზე – მიხეილ სააკაშვილზე აღარ არის დამოკიდებული. მას ახლა ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი აქვს, მაგრამ მეზობელი ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულება რადიკალურად პოზიტივისკენ მაინც არ იცვლება. განა მხოლოდ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული პრობლემაა ამის მიზეზი?
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში სამუშაო საკითხების უმრავლესობა ორი ადამიანის მოლაპარაკების ფორმატში წყდება – პრაღაში რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. როგორც ითვლება, დიპლომატიასა და საზოგადოებრივ აზრს შორის გარკვეული დისტანცია არსებობს, რომელიც ხელს უშლის საზოგადოების განწყობის გადატანას საერთაშორისო პოზიციებზე. ალექსანდრე გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის ფონდმა გარკვეულ ექსპერიმენტს მიმართა: თბილისში მეცნიერები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები შეკრიბა, რათა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღული შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგისათვის საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებიც დაემატებინა.
ამ მცდელობას, ცხადია, მომხრეების გარდა, სკეპტიკოსებიც ჰყავდა.
როგორც ცნობილია, ბოლო წლებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა: აღდგა ვაჭრობა, ავიამიმოსვლა, გაიოლდა სავიზო რეჟიმი რუსი ტურისტებისათვის, საქართველოში დღეს 200-მდე რუსული კომპანია მუშაობს. გარდა ამისა, რუსეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორაა – 600 ათასი ქართველი ჩვენთან მუშაობს და ყოველწლიურად ისინი სამშობლოში ასეულ მილიონობით დოლარს აგზავნიან….
შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ დიალოგში საზოგადოების აზრი ზედმეტი იმიტომაც არ არის, რომ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობა ძირითადად პიროვნებების, ლიდერების ნაბიჯებზე იყო დამოკიდებული და მათში საზოგადოების განწყობა არ აისახებოდა ხოლმე. გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, რომელმაც რუსეთთან ვაჭრობა აკრძალა… მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ძალისხმევით სამხრეთ ოსეთი ჯერ ომის პლაცდარმი გახდა, შემდეგ საქართველოს ჩამოშორდა. ახლა თბილისიდან გორში დღისით მიმავალ მგზავრს გზიდან რუსი მესაზღვრეების დანახვა შეუძლია, ღამით კი ცხინვალთან ახლოს არსებულ სამხედრო ბაზის ჩირაღდნებსაც შეამჩნევს.
„პრორუსული პოლიტიკოსი“, „გრუ-ს და ფსბ-ის აგენტი“ – ეს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისდროინდელი ყველაზე „პოპულარული“ იარლიყებია, რომლებიც დღესაც ძალაშია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობაში. მართალია, ბოლო გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობის 25%-ზე მეტს რუსეთთან დაახლოება სურს, მაგრამ 65% ჩრდილოელ მეზობელს მტრად მიიჩნევს. ასეთი პოლიტიკური დისტანციის პირობებში დიპლომატები ბევრს ვერაფერს გააკეთებენ. ამასთან, ისიც სათქმელია, რომ ასეთ ფონზე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების რაიმე წინამძღვრები ჯერ არ შეინიშნება: მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოპულარობას კარგავს, თვით პარტიასაც განხეთიქლების ბზარი აქვს შეპარული…
იმის გასაგებად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მიხეილ სააკაშვილისადმი საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, საკმარისია ერთი ფაქტი გავიხსენოთ: როგორც კი ეჭვი გაჩნდა, რომ საქართველოს ძველი და ახალი პრეზიდენტების კიევში შეხვედრას ორგანიზება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და მრჩეველმა გაუკეთესო, ორივე იძულებული გახდა თანამდებობები დაეტოვებინათ.
როგორც თბილისში გამართული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ შენიშნა, სიტყვა „პრაგმატიზმი“ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ჯერ კიდევ არაა დამკვიდრებული. ვთქვათ, ეკონომიკურ ურთიერთობებში უფრო მეტად ბიზნესის ინტერესები იკვეთება, ვიდრე პრაგმატიზმი. თუმცა ისიც აშკარაა, რომ რუს ტურისტებს საქართველოს უვიზო რეჟიმი და თბილისის იაფი ფასები ხიბლავთ, ანუ შეიძლება ითქვას, ისინი პარაგმატულად აზროვნებენ.
საზოგადოებრივმა მოსმენებმა აჩვენა, რომ მთავარი ნაბიჯი, რომელიც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაიდგას, ესაა სავიზო რეჟიმის გამარტივება რუსეთის მხრიდან. აქ დისბალანსი აშკარაა: ღია საქართველო და დახურული რუსეთი. არავინ არ განმარტავს და არავინ არ ამბობს, ვისი ან რისი გვეშინია და რატომ გვეშინია… საქართველოში რუსეთი საერთოდ ამოღებულია ტურიზმის მარშრუტებიდან, სამეცნიერო-საგანმანმათლებლო პროექტებიდან… შედეგი ისაა, რომ უფროსი თაობა ჯერ კიდევ ლაპარაკობს რუსულად, ახალგაზრდებს კი რუსული ენა არ ესმით. განა ჩვენ ამაში უნდა ვიყოთ დაინტერესებულნი?
რასაკვირველია, ორი დიპლომატის შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ უნდა შევიქმნათ. ისინი საელჩოებს ვერანაირად ვერ შეცვლიან. ზოგჯერ გარედან რომ შეხედო, იტყვი, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკება ჩიხში შედის, მხოლოდ პრობლემებია. მაგალითად, აფხაზეთის რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენა ყველასათვის საჭიროა, რადგან ამით რუსეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის სრულფასოვანი სატრანსპორტო კავშირები განახლდება. მაგრამ ეს რკინიგზა გინდაც რომ ამუშავდეს, სახელწოდებაზე, ალბათ, დავა ატყდება: რა ერქვას – აფხაზეთ-საქართველოს რკინიგზა“ თუ „საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის უბანი“? ამ შემთხვევაში ურთიერთკომპრომისი წარმოუდგენელია. არადა, მსგავსი საკითხები საკმაოდ ბევრია.
«ТВ Россия-1» (რუსეთი), 11 ივლისი, 2015 წელი
http://www.vesti.ru/doc.html?id=2639972
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „მიხეილ სააკაშვილის მიზანს ცეცხლზე ნავთის დასხმა წარმოადგენს“
მოსკოვში ვიზიტის დროს, საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა და პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ინტერვიუ მისცა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსიას“ პროგრამა „ვესტი ვ სუბბოტუ“-ს („შაბათის ამბებს“). პროგრამის წამყვანი – ჟურნალისტი სერგეი ბრილევი.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან
- ნინო, რა შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულად, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი დაჩქარდეს, მისი ფორსირება მოხდეს?
- პირველ რიგში საქართველოს ხელმძღვანელობამ გაბედულება უნდა გამოამჟღავნოს და არ შეუშინდეს, რომ მას პრორუსულს დაუძახებენ. უნდა იყო ნამდვილად პროქართული და უნდა გააცნობიერო, რომ პროქართული ინტერესები სწორედ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასაც გულისხმობს. მოლაპარაკების გარეშე, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის, იმ ჩიხიდან გამოსვლას ვერ შევძლებთ, რომელშიც ჩვენი ურთიერთობები მოექცა.
- მითები გაჩნდა, რომ თქვენ ძალიან პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსი ბრძანდებით. ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: ვისია, თქვენი აზრით, ყირიმი?
- ამჟამად რუსეთისაა.
- და ასეთი იქნება?
- მე მგონი, კი.
- ეს ნაწილობრივ თქვენს პრორუსულობას ადასტურებს…
- არა, ეს პრორუსული პოზიცია კი არა, ეს ფაქტის კონსტატაციაა.
- თქვენ არ აღიარებთ იმ რეფერენდუმის შედეგებს, რომლებიც აფხაზეთშსა და სამხრეთ ოსეთში გაიმართა?
- რა თქმა უნდა, არა. ისინი ყირიმის რეფერენდუმისაგან განსხვავდებიან. ყირიმის რეფერენდუმში მონაწილეობა მთელი მოსახლეობის 95%-მა მიიღო, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კი რეფერენდუმების მას შემდეგ ჩატარდა, რაც იქიდან ასი ათასობით ადამიანი გააძევეს (აფხაზეთიდან – 300 ათასამდე, სამხრრეთ ოსეთიდან – 150 ათასამდე). იმ რეფერენდუმებში რომ ამ ადამიანებსაც მიეღოთ მონაწილეობა, მაშინ მე ვიტყოდი, რომ მათ გარკვეული ლეგიტიმურობა ექნებოდათ, მაგრამ ეთნიკური წმენდების შემდეგ, რა თქმა უნდა, არა [ანუ რეფერენდუმებიც და მათი შედეგებიც არალეგიტიმურია].
- აშკარაა, რომ რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისათვის აფხაზური და სამხრეთოსური თემები დაბრკოლებებს წარმოადგენს. უმჯობესი ხომ არ იქნება, რომ მოლაპარაკების ჩარჩოებში ამ თემებზე საუბარი არ ყოფილიყო?
- პირველ რიგში რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ აფხაზური და ოსური საკითხები ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ამ საკითხების გადასაწყვეტად აფხაზებთან და ოსებთან საუბარია უცილებელი. რაც შეეხება საქართველოს-რუსეთის ურთიერთობას, ჩვენ ამ მოლაპარაკებაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს, პირიქით – ამ პრობლემების გადასაწყვეტად ჩვენ ერთმანეთთან რაც შეიძლება ხშირად უნდა ვლაპარაკობდეთ, მათ შორის უმაღლეს დონეზეც. დარწმუნებული ვარ, რომ როცა ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთნდობას აღვადგენთ, რუსეთი ჩაერთვება და პოზიტიურ როლს შეასრულებს. ამით ყველა მხარე მოგებული დარჩება.
- დიახ, დიალოგი ნამდვილად საჭიროა. თბილისში ბოლო დროს დადებითი ცვლილებები მოხდა. ქალაქი ფეხზე დგება. „ვარდების რევოლუციის“ დროს ყველაფერი უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში იყო, დეგრადირება 10-15 წლის განმავლობაში ისე მიმდინარეობდა, მოსახლეობა ამას ყურადღებასაც კი აღარ აქცევდა. დღეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგადაა. ეს მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა?
- გარკვეული თვალსაზრისით, ეს მართლაც ასეა, რადგან იგი ფასადების შელამაზებით ძალიან ინტენსიურად იყო დაკავებული (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით). იცით, რაში იყო პრობლემა? ეს ყველაფერი „პოტიომკინის სოფლების“ მშენებლობას ჰგავდა: ქვეყნის ფასადი ლამაზდებოდა, მაგრამ მთავარი პრობლემები მოუგვარებელი რჩებოდა. იგივე ითქმის საქართველოში არსებული დემოკრატიის თაობაზეც: ეს იყო „ფასადური“ დემოკრატია, როცა ბევრს ლაპარაკობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვაზე, სინამდვილეში კი ბოლო ათწლეულის ყველაზე ცინიკური და ანტიდემოკრატიულ რეჟიმი ყალიბდებოდა.
- ალბათ, ქართველებისთვის ძალიან საამო და საამაყოა, რომ მათ თანამემამულეებს უკრაინის მთავრობაში სამუშაოდ იწვევენ? თუმცა მიხეილ ნიკოლაევიჩის [ოდესის ოლქის გუბერნატორად] დანიშვნა, როცა მას სამშობლოშიც პრობლემები აქვს და რუსეთთან ურთიერთობებშიც, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის აფრონტია. თქვენ როგორ შეაფასებდით მის დანიშვნას?
- მკვეთრად უარყოფითად. როცა სუვერენული სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტი რომელიმე ქვეყნის ოლქის გუბერნატორად დანიშვნაზე თანხმდება (გინდაც ის საქართველოს მეგობარი ქვეყანა იყოს), ეს საკუთარი ხალხის შეურაცხყოფას ნიშნავს. მართალი რომ გითხრათ, მე ასეთ პრეცედენტს ვერ ვიხსენებ. ამასთან, პირადად მე და ძალიან ბევრმა ჩემმა თანამემამულემ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისადმი და ქართველი ხალხისადმი სილის გაწვნად აღვიქვით: როცა ძებნილ პიროვნებას მაღალ თანამდებობაზე დანიშნავ, როცა მას საკუთარ ხალხს დემოკრატიის მამად წარუდგენ, ამას საქართველოსთან მეგობრობას ვერ დაარქმევ. მე რომ დარწმუნებული ვიყო, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინას და უკრაინელ ხალხს რაიმეში დაეხმარება, ჩემს წყენას გვერდზე გადავდებდი და არაფერს ვიტყოდი, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას მისი მიწვევა ძალიან ძვირად დაუჯდება. უკრაინის ხელისუფლება იგივე შეცდომებს იმეორებს, რაც, ჩვენ, ქართველებმა დავუშვით, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაშიც და საკუთარ სახელმწიფოსთან მიმართებით. მიხეილ სააკაშვილის მთვარ მრჩევლად და გუბერნატორად დანიშვნა ძალიან დიდი შეცდომაა – მისი მთავარი მიზანს ხომ იმ ხანძრის ჩაქრობა კი არაა, რომელიც ახლა უკრაინაშია, არამედ პირიქით – ცეხლზე ნავთის დასხმა, რათა რუსეთთან დამოკიდებულება უფრო გაუარესდეს.
- მისი წინადადებით, პროფკავშირების სასახლეში, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა, სამხედრო უწყების შტაბ-ბინა უნდა იყოს…
- ეს, უბრალოდ, ცინიზმია. ძალიან მაკვირვებს, რატომ არაა გამოძიებული დღემდე ის ტრაგედია, რომელიც პროფკავშირების სასახლეში მოხდა.
- რუსულ ენაზე მშვენივრად საუბრობთ. საინტერესოა, როგორ ინარჩუნებთ რუსული ენის ცოდნას ასეთ დონეზე?
- როგორ გითხრათ… ბევრ ვკითხულობ რუსულად, თქვენს გადაცემებსაც ხშირად ვუყურებ. ბავშვობიდან ვიცი რუსული ენა, შემდეგ მოსკოვში, ასპირანტურაში ვსწავლობდი… თუმცა როცა მოსკოვში ჩავედი, რუსულ ენას უკვე კარგად ვფლობდი…
- ქართველი ახალგაზრდები, ჩემი დაკვირვებით, რუსულ ენაზე უკვე კარგად ვეღარ საუბრობენ…
- სამწუხაროდ, ასეა. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოწორდება, რადგან რუსულ კულტურაზე უარისთქმა აბსოლუტურად არასწორია. რუსული ენის ცოდნა წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია: საკუთარი ქვეყნის უშუალო მეზობლის ენა უნდა იცოდე, რათა მას უკეთ გაუგო. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება და მოსკოვში კიდევ ჩამოვალ. ჩვენ ისეთი საკითხებზე ვისაუბრეთ, როგორებიცაა, მაგალითად, სავიზო რეჟიმის გამარტივება მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისათვის.
- რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ვიზის გარეშე დადიან, თქვენ კი ვიზების მიღება გიძნელდებათ…
- დიახ, ეს საკითხი ძალიან ბევრს აღელვებს. ვთვლი, რომ ცუდი არ იქნება, თუ ჩვენი მთავრობა ამ მოლაპარაკებასა და კონტაქტებს გამოიყენებს. აუცილებელია მოლაპარაკება დავიწყოთ და ჩვენი ურთიერთობა ნორმალურ დონემდე მივიყვანოთ.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 11 ივლისი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2766937
დიმიტრი როგოზინი: „მიხეილ სააკაშვილმა, სულელმა და აშკარად ფსიქოპათმა პიროვნებამ 2008 წელს თავისი ავანტიურით საკუთარი სამშობლო დაშალა“
რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა შაბათს, ვორონეჟში ვიზიტის დროს, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს „სულელი, ბრიყვი“ და „აშკარა ფსიქოპათი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „მისი ყოფნა დნესტრისპირეთის რეგიონთან ახლოს მდებარე ოლქის ხელმძღვანელად კონფლიქტის მოგვარებას გაართულებს“.
დიმიტრი როგოზინმა მიხეილ სააკაშვილზე საუბარი ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუდიტორიის შეკითხვების პასუხად დაიწყო, რომელიც დნესტრისპირეთის პრობლემას ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ იქ დისლოცირებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტს („ჩვენს მშვიდობისმყოფლებს“) მოსკოვი არ მიატოვებს და ვინც მათ აწყენინებს, ვაი მათ…
რეგიონში არსებული სიტუაციის დამატებით „დამამძიმებელი ფაქტორად“ დიმიტრი როგოზინმა მიხეილ სააკაშვილი დაასახელა: „ამ სულელმა და აშკარად ფსიქოპათმა პიროვნებამ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული თავისი ავანტიურით საკუთარი სამშობლო დაშალა და ახლაც არავინ იცის, რას მოიმოქმედებს. იგი ნაკლებად მართვადი პიროვნებაა. ძალიან ძნელია რაღაც დაგეგმო ან პროგნოზი გააკეთო, როცა საქმე მიხეილ სააკაშვილისა და არსენ იაცენიუკის მსგავს ადამიანებთან გაქვს“, – განაცხადა დიმიტრი როგოზინმა.
«The National Interest» (აშშ), 12 ივლისი, 2015 წელი
http://inosmi.ru/ukraine/20150712/229037109.html
http://nationalinterest.org/feature/the-new-siege-crimea-13291
„უკრაინის მიერ ყირიმისადმი გამოცხადებული სანქციები ძალიან ჰგავს საქართველოს მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისადმი გამოცხადებულ სანქციებს, ამით კი რუსეთის პოზიციები ძლიერდება“
ამერიკულ ჟურნალ „ნეიშენელ ინთერესთ“-ში გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტოლოგის თომას დე ვაალის სტატია, რომელშიც იგი ერთმანეთთან ადარებს ყირიმისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სიტუაციას.
გთავაზობთ ამონარიდს:
დასავლეთმა – შეერთებულმა სტატებმა და ევროკავშირმა ყირიმს მსოფლიოში ყველაზე ხისტი ემბარგო დაუწესეს: შეწყდა ვაჭრობა, სატრანსპორტო მიმოსვლა, საბანკო ოპერაციები. ყირიმს უფრო მკაცრი სანწციებია აქვს, ვიდრე საკუთრივ რუსეთს. ყირიმის სანქციები თითქმის იგივეა, რაც კუბის, სუდანის და ირანის წინააღმდეგაა დაწესებული, მაგრამ უნიკალურია იმით, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ კი არაა მიმართული, არამედ ერთი პროვიციისადმი. თუმცა ყირიმელებისათვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბლოკადა მათ უკრაინის ხელისუფლებამ დაუწესა – ნაწილობრივ შეწყვიტა სატრანსპორტო (სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო) მიმოსვლა, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. უფრო მეტიც, ვერხოვნა რადაში უკვე შეტანილია კანონპროექტი ტოტალური ბოლოკადის გამოცხადების მიზნით. კანონპროექტის მიზანია ძვირად დაუჯდეს მოსკოვს საერთაშორისო ნორმების დარღვევა და საბოლოო ჯამში აიძულოს რუსეთი უკრაინის ნებას დაემორჩილოს, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.
უკრაინის ხელისუფლების ასეთი სადამსჯელო ტაქტიკა ყირიმის მიმართ საქართველოს ხელისუფლების იმ მეთოდებს გვახსენებს, რომელიც თბილისმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ გამოიყენა: 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან მომხდარი ომის შემდეგ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რითაც სერიოზულად შეიზღუდა კონტაქტები ორ რეგიონთან და პასუხისმგებლობა მათი „ოკუპირების“ შესახებ რუსეთს დააკისრა.
შემთხვევითი არაა, რომ ტერმინი „ოკუპაცია“ უკრაინულ საჯარო დისკუსიების დროს ძალიან ხშირად გაისმის – უკრაინის ახალ მთავრობაში ხომ არცთუ ისე ცოტა ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი მუშაობს, თვითონ მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით.
მაგრამ საქართველოში ასეთმა ტაქტიკამ კრახი განიცადა: აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთ სულ უფრო მეტად უბიძგა რუსეთთან ინტეგრირებისაკენ. ფაქტია, რომ აფხაზეთში დიდი ხნის განმავლობაში მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო, დღეს კი მას საქართველოსთნა ნაკლები კავშირი აქვს და რუსეთთან ინტეგრირების პროცესში აჩართული. 2008 ელს მიხეილ სააკაშვილმა ახალგორის რაიონს, სადაც მოსახლეობის უმეტესობას ქართველები შეადგენენ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა. მათ რამდენიმე ზამთარი სიცივეში გაატარეს, ამ ფაქტმა კი ცხინვალს ქართველების ულმობელ მოქმედებაზე საუბრის საბაბი მისცა. 2012 წელს არჩეულმა საქართველოს ხელისუფლებამ მათ გაზის მიწოდების აღდგენა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო: არ არისო თქვენგან გაზის მიღების აუცილებლობა, რუსებს ახალი გაზსადენი გაჰყავთო.
რა თქმა უნდა, ყირიმი უფრო დიდია, ვიდრე აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი. ყირმი რუსეთის ეკონომიკას დიდძალ ფულს ართმევს, მაგრამ რადგანაც ეს პროექტი რუსეთის პრეზიდენტისათვის პრიორიტეტია, იგი ყველაფერზე მიდის. კავკასიის მაგალითი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მომავალი რამდენიმე წელი გადამწყვეტი იქნება: თუ რუსები მოაგვარებენ ყირიმისათვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხს და ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ხიდს ააშენებენ (ქერჩის სრუტეზე), მაშინ უკრაინა სრულიად დაკარგავს ყირიმზე გავლენის ბერკეტებს და ანექსია უკვე მტკიცე მომხდარ ფაქტად ჩაითვლება.
«ТВ Россия-1» (რუსეთი), 11 ივლისი, 2015 წელი
http://www.vesti.ru/doc.html?id=2640266
„თავისუფალი ზონა“ – „კმარას“ მემკვიდრე?
რუსეთის ტელეკომპანია „როცია-24“-ის პროგრამაში „ვესტი ნედელი“ (წამყვანი დმიტრი კისელიოვი) გადაიცა ჟურნალისტ ანტონ ლიადოვის მიერ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი, რომელშიც განხილულია რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების („უცხოელი აგენტების“) საქმიანობა და დასავლეთის მიერ მათ ანგარიშებზე ჩარიცხული ფულადი დახმარებები, რომელიც, საბოლოო ჯამში, რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების დასუსტებისა და მისთვის ძირის გამოთხრისთვისაა გამიზნული.
ვიდეოსიუჟეტში საქართველოს შესახებაცაა საუბარი: რას აკეთებდა „კმარა“ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინ? რას აკეთებს დღეს „თავისუფალი ზონა“?
„საქართველოს მომავალიც დასავლურ ფინანსებზე იქნა დაგეგმილი. 2003 წელს, რამდენიმე თვით ადრე „ვარდები რევოლუციამდე“, რომელმაც ედუარდ სევარდნაძის რეჯიმი დაამხო და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, თბილისში ორგანიზაცია „კმარა“ („ხვატიტ!“ – რუს.) ჩამოყალიბდა. თუ როგორ ფინანსდებოდნენ ქართველი აქტივისტები, ამაზე ბრიტანული „ბი-ბი-სი“ თავის დროზე წერდა, რომ ისინი ბელგრადში, სერბეთში, იქაური რევოლუციის გასაცნობად ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფულით იქვნენ წასულნი. როცა დაბრუნდნენ, იმავე ფულით ორგანიზაცია „კმარა“ დაარსეს. დღეს საქართველოში „კმარა“ აღარ არის, მაგრამ მისი მემკვიდრეები – „თავისუფალი ზონის“ წევრები რეგულარულად აწყობენ აქციებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ზონას“, თბილისელი ჟურნალისტების თქმით, პირადად გივი თარგამაძე აკონტროლებდა – ამ ადამიანს ბრალად ედება მოსკოვში, ბოლოტნოის მოედანზე ანტისამთავრობო მიტინგების ორგანიზებაში მონაწილეობა.
თბილისის გარეუბანი. აქ, ამ შენობაში „თავისუფალი ზონა“ საქმიანობს. აქ უნდა იყოს მისი ლიდერი გელა ვასაძეც. დიახ, აქ არის. „ჩვენი ორგანიზაცია თბილისის რაიონების მიხედვით არის დანაწილებული, 3500-ზე მეტი წევრი გვყავს და, რასაკვირველია, მუშაობას არ შევწყვეტთ“, – ამბობს გელა ვასაძე.
ქართველებს პოლიტიკური აქტიურობა ეროვნებით სერბმა სერგიო პოპოვიჩმა შეასწავლა, რომელმაც უამრავი ფული მიიღო როგორც ჯორჯ სოროსის ფონდიდან, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. სერგიო პოპოვიჩი აქტიურად მონაწილეობდა 2000 წელს სერბეთში მომხდარი რევოლუციის დაგეგმვაში, რომლის შედეგად პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმი დაემხო. „სერბეთის რევოლუციის შემდეგ ჩვენ 37 ქვეყანაში ვმუშაობდით, თუმცა იღბალი მხოლოდ ხუთ ქვეყანაში გვქონდა: საქართველოში, უკრაინაში, ლიბანში, ეგვიპტეში, ტუნისში. სამომავლოდ ეს სია გაიზრდება“, – ამბობს სერგიო პოპოვიჩი.
«Montreal Gazette» (კანადა), 12 ივლისის, 2015 წელი
„კანადის დედა“ და „ქართვლის დედა“: მსგავსება და განსხვავება
სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია კანადის აღმოსავლეთში, კუნძულ კეიპ-ბრეტონზე დაგეგმილი „კანადის დედის“ ძეგლის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები, მოხსენიებულია საქართველოში, თბილისში არსებული „ქართვლის დედის“ ძეგლიც, თუმცა გარკვეულწილად, ნეგატიურ ასპექტში (ავტორი – სელინ კუპერი).
კანადაში, კუნძულ კეიპ-ბრეტონის შემაღლებულ ადგილზე ეროვნული მემორიალური ფონდის გადაწყვეტილებით, 24 მეტრიანი „კანადის დედის“ გიგანტური ქანდაკება უნდა დაიდგას, რომელიც უცხოეთის ომებსა და კონფლიქტებში დაღუპულ კანადელებს ეძღვნება, მათი ხსოვნის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. ქანდაკების დადგმა დაახლოებით 2-დან 60 მილიონამდე ეღირება.
ავტორი საკმაოდ სკეპტიკურად აფასებს ძვირადღირებული ძეგლის შექმნას, მას უსახურად მიიჩნევს და ამის მაგალითად საქართველოში, თბილისში არსებული „ქართვლის დედის“ მონუმენტურ ქანდაკებას ასახელებს:
„თბილისში, რამდენიმე წუთის სავალზე იმ ადგილიდან, სადაც მე ვცხოვრობდი, „ქართვლის დედის“ 18-მეტრიანი ქანდაკება დგას, რომელიც 1958 წელს დაიდგა საქართველოს დედაქალაქის 1500 წლისტავის აღსანიშნავად. ეს ტიპიურად საბჭოური მემორიალური ძეგლია. მისი მასშტაბი, სიმაღლე და მონუმენტურობა თავიდანვე ისე იყო ჩაფიქრებული, რომ მნახველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინა – დაეშინებინა და დაემცრო, რომ მას ერის დედასთან შედარებით საკუთარი თავი პატარა და უმნიშვნელო, უმწეო არსებად ეგრძნო. მანამდე მე არაფერი იმის მსგავსი არ მენახა“, – ნათქვამია სტატიაში.