globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 14th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ): რუსეთი ბაქო-სუფსას ნავთობსადენის წინააღმდეგ // საქართველო მზად არის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის მარშუტი შეცვალოს

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): რუსეთი, „საზღვრის“ ნიშნულების დადგმით, საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს

«Эхо» (აზერბაიჯანი): „მცოცავი ანექსია“ და ნავთობინტერესები: სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დადგმით ბაქო-სუფსას ნავთობსადენი შეიძლება საქართველოს კონტროლსგარეშე აღმოჩნდეს

«Stratfor» (აშშ): თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა კავკასიაში რუსეთის სამხედრო გააქტიურების მიზეზი ხდება

————————

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 14 ივლისი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/russia-takes-ocntrol-over-pipeline-in-georgia/2859478.html

რუსეთი ბაქო-სუფსას ნავთობსადენის წინააღმდეგ

საქართველო მზად არის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის მარშუტი შეცვალოს.

ზაზა წულაძე

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, რომ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის 1605 მეტრი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, რუსეთმა, შეიძლება შანტაჟის იარაღად გამოიყენოს და სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ალტერნატიული მარშუტის მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი.

ბაქო-სუფსას მილსადენის ეს ნაწილი ოკუპაციის ქვეშ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოექცა, თუმცა ბოლო 7 წლის განმავლობაში, ოკუპანტები ეტაპობრივად იკავებენ სულ უფრო მეტ ტერიტორიას. ბოლო ასეთი შემთხვევა გასულ უქმეებზე მოხდა. რუსებმა 300 მეტრით გადმოიწიეს და თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს გამაგრდნენ.

ოკუპაციის ქვეშ ამჯერად სოფელ ორჭოსანისა და სოფელ წითელუბნის დამატებითი ტერიტორიები მოექცა. სწორედ აქ გადის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამბობს, რომ არსებობს მილსადენის ალტერნატიული მარშუტის პროექტი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას გვერდს აუვლის.

“2008 წლის ომის შემდეგ, მილსადენის ამ 1605 მეტრიან მონაკვეთზე, ბრიტიშ პეტრიოლიუმი ვერ ახერხებს შემოვლით საქმიანობას და კონტროლს, მხოლოდ ხდება სატელიტიდან დაკვირვება ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, ანუ ეს პრობლემა დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ეს 2008 წლიდან არსებობს. თუმცა არანაირი შეფერხება ამ მილსადენს დღემდე არ ჰქონია, ის ჩვეულებრივად მუშაობს. დაახლოებით, 5 მილიონი ტონა ნავთობი გაედინება მისი მეშვეობით და საქართველო, ყოველწლიურად, 7 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებს ამ მილსადენით.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე კონკრეტული პრობლემები იქნება, ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს, ალტერნატიული მარშუტის პროექტი, რომლის განხორციელებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.“

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი, ძველი საბჭოთა ნავთობსადენის ბაქო-სამგორი-ბათუმის ბაზაზეაშენდა. პირველი შეთანხმება აზერბაიჯანის მთავრობასა და ინვესტორებსშორის 1994 წელს გაფორმდა. მისი მიზანი კასპის ზღვიდან ნავთობის ექსპორტის დაწყება იყო. მილსადენი 1999 წელს ამუშავდა, მთლიანი სიგრძე 833 კილომეტრია, აქედან 775 კილომეტრი 21 დიუმიანი დიამეტრის მილია. ნავთობსადენი სანგაჩალის ტერმინალიდან სუფსის ტერმინალამდეა გადაჭიმული, მილის 375 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მილსადენზე კონტროლის დაკარგვა უმძიმეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას და ამავდროულად, ეს არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების გამოწვევა. „დღეს რაც ხდება ეს არის რუსული საუკუნოვანი პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას, საქართველოს დაბრუნებას რუსეთის გავლენის ქვეშ და რუსეთის გავლენის დამყარებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. გამოჩნდა ახალი ჭრილი ამ პრობლემის, ეს არის რეგიონული და სტრატეგიული პრობლემა, როდესაც ტრანზიტული მილსადენი, რომელსაც გადააქვს ნავთობი კასპის ზღვიდან შავ ზღვამდე და შემდეგ ეს ნავთობი იგზავნება ევროპაში, მოექცა ოკუპაციის ზონაში. ეს ბუნებრივია უკვე იწვევს სერიოზულ რეგიონულ პრობლემებს და არის გამოწვევა საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.“

ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ყველაზე დიდი აქციონერი ბრიტანული BP-ია. მილსადენის აქციებს ასევე ფლობენაზერბაიჯანული ნავთობის საერთაშორისო კომპანია, ამერიკული „შევრონი“ და „ექსონმობილი“, იაპონური „ინპექსი“ და „იტოჩუ“, ნორვეგიული „სტატოილი“, თურქული „თურქიშ პეტროლიუმი“ და ინდური ნავთობისა და გაზის კორპორაცია. ბაქო-სუფსას ნავთობსადენით დღეში საშუალოდ, 145 000 ბარელი ნავთობის გადაქაჩვა შეიძლება.სუფსის ტერმინალში განლაგებულია 160 000 კუბური მეტრის მოცულობის ოთხი რეზერვუარი, ექვსი საქაჩი და ორი წნევის მარეგულირებელი სადგური.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 14 ივლისი, 2015 წელი

http://uk.reuters.com/article/2015/07/13/uk-georgia-russia-border-idUKKCN0PN1VK20150713

რუსეთი, „საზღვრის“ ნიშნულების დადგმით, საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებულ მასალაში ვრცლადაა ასახული ის სიტუაცია, რომელიც შიდა ქართლში რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დადგმამ გამოიწვია (ავტორი – მარგარიტა ანთიძე).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს რუსეთს ბრალი დასდო საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაში, რაც სამხრეთ ოსეთის „საზღვარზე“ სასაზღვრო ნიშნების დადგმაში გამოიხატა. ამით საერთაშორისო ნავთობსადენის ნაწილიც რუსეთის კონტროლქვეშ მოექცა.

თბილისმა სეპარატისტულ რეგიონებზე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე ომის შედეგად დაკარგა. ორივე რეგიონში დღეს რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული. გაეროს წევრ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ საქართველოს ნაწილებად აღიარებენ.

რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვრის მონიშვნა მავთულხლართებით ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყეს, თუმცა ახლა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები ყოფილი ადმინისტრაციული საზღვრიდან 1,5 კილომეტრით წინ გადმოსწიეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს მოქმედება დაგმო და განაცხადა, რომ „საზღვრის“ გადმოწევით ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ნაწილი, რომელსაც ბრიტანული კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ მართავს, რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდა: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევისა და ბანერების დადგმის გამო… ასეთი უკანონო მოქმედებით სოფელ ორჭოსანთან ბაქო-სუფსას ნავთობსადენი უკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთს ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ბაქო-სუფსას ნავთობსადენი, რომლის სიგრძე 830 კილომეტრია, აზერბაიჯანიდან საქართველოს შავი ზღვის სუფსის ტერმინალამდე დღეში 100 ათას ბარელ ნავთობს ტუმბავს.

„ბრიტიშ პეტროლეუმი“, რომელიც ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ოპერატორია 15 წლის განმავლობაში, ნავთობის ექსპორტს მსოფლიო ბაზარზე ეფექტურად და უსაფრთხოდ აწარმოებს და ასე გააგრძელებს მომავალშიც“, – განაცხადა თამამ ბაიათლიმ, „ბრიტიშ პეტროლეუმის“ წარმომადგენელმა აზერბაიჯანში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „საზღვრის“ ნიშნულის დადგმას რეგიონში, სადაც „უსაფრთხოებისა და მშვიდობის ბედი ბეწვზე ჰკიდია“, „წინასწარგანზრახული და ძალიან სახიფათო პროვოკაცია“ უწოდა.

საქართველო ევროპისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს სწორედ აქ არსებული მილსადენების გამო, რომელთა მეშვეობითაც კასპიის ნავთობი და გაზი ევროპას მიეწოდება. საქართველო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ცდილობს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანდეს.

ამჟამად საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, თუმცა ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკის მიზნებში რუსეთთან დაპირისპირება არ შედის.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 14 ივლისი, 2015 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=86838

„მცოცავი ანექსია“ და ნავთობინტერესები: სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დადგმით ბაქო-სუფსას ნავთობსადენი შეიძლება საქართველოს კონტროლსგარეშე აღმოჩნდეს

სტატიაში, რომლის ავტორია ნურანი (ტოფიგა კასიმოვა), ვრცლადაა გადმოცემული საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ამსახველი ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღის შეხვედრის წინ: მასში განხილულია მხარეთა განცხადებები, დღის წესრიგი და ასე შემდეგ. პრაღის სეხვედრა, როგორც ცნობილია, 15 ივლისს უნდა გაიმართოს.

საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია და ბევრი პრობლემა არსებობს, მაინც საკმაოდ ოპტიმისტურად ჟღერდა, მაგრამ შეხვედრის წინ რუსეთი იმდენს ეცადა, რომ სიტუაციის გამწვავება მაინც მოახერხა. საყურადღებოა, რომ რუსეთის მოქმედება საფრთხეს არამარტო საქართველოს უქმნის, არამედ აზერბაიჯანის საწინააღმდეგაცაა მიმართული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულმა მხარემ ცხინვალის რეგიონის გამმიჯნავი ხაზი ქართულ სოფლებთან – ორჭოსანთან და წითელუბანთან გადმოიტანა.

ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლება, ტრადიციულად, პატივისცემით არაა გამსჭვალული მეზობლების საზღვრების მიმართ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როცა საქმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების საზღვრებს ეხება, მათ შორის, რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორიისა და საზღვრების მიმართაც. გავიხსენოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც ფაქტიურად, შენიღბულ ანექსიად მიიჩნევა. იგივე შეიძლება ითქვას ზემო ლარსის მონაკვეთზეც, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა მიჯნები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსწიეს და ფაქტიურად რამდენიმე ეთეული მეტრი მიისაკუთრეს – „ავტოტრანსპორტის შემოწმების გაადვილების მიზნით“.

გორთან ახლოს მომხდარი მოვლენა კი იმითაა აღმაშფოთებელი, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრის მონიშვნას ახდენს – საზღვრისა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს და დელიმიტაციისა და დემარკაციის არანაირი პროცედურაც არ გაუვლია – ისე როგორც სახელმწიფო საზღვარს შეეფერება.

შეიძლება ბევრი ვარაუდი გამოითქვას, რომ ეს მიწების ჩვეულებრივი მიტაცებაა და „მცოცავი აგრესიაა“, რომ მოსკოვს ასეთი მოქმედებით სურს თბილისი ცხინვალთან და სოხუმთან დიალოგზე აიძულოს, მაგრამ ერთი რამ ნათელია: რუსული „მცოცავი ანექსია“ აზერბაიჯანის ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის – საზღვრის ასეთი მონიშვნის შედეგად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაქო-სუფსას ნავთობსადენის დაახლოებით 1600 მეტრი დღეს „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლების, ანუ რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

თბილისში შიშობენ, რომ ოსური მხარე ნავთობის ტრანზიტის გამო (წელიწადში დაახლოებით ხუთი მილიონი ტონა) ფულს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ თბილისი ან ბაქო არ გადაუხდის, ნავთობსადენს გადაკეტავს.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი საშიში ფაქტორი: გადმოწეული „საზღვარი“ 500 მეტრითაა დაშორებული ბაქო-თბილისი-ფოთის ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალიდან, რომელიც კასპიის ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს. რუსი მესაზღვრეების მიერ დაყენებული „საზღვრის“ ნიშანი შეიძლება ავტომანქანიდანაც კი დაინახო. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ შესაძლოა დამატებითი მილსადენი ჩაიდოს, რომელიც ამ ტერიტორიას გვერდს აუქცევს. „არსებობს ალტერნატიული პროექტი, რომლის განხორციელება არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს. თუ ბაქო-სუფსას მილსადენს საფრთხე შეექმნება, ჩვენ ახალს გავიყვანთ“, – ამბობს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

ასეთ სიტუაციაში რუსეთის პოზიციის გაგება, ალბათ, ზედმეტი არ იქნება. უპრიანი იქნება დაველოდოთ პრაღის მოლაპარაკების შედეგებს. თუმცა აქედანვე ნათელია, რომ მოსკოვს, რომელიც საქართველოში პროვოკაციას აწყობს, მიანიშნებს იმას, რომ აზერბაიჯანისადმი „ნავთობის ინტერესები“ აქვს.

«Stratfor» (აშშ), 11 ივლისი, 2015 წელი

https://www.stratfor.com/analysis/turkish-military-cooperation-prompts-russian-military-moves-caucasus

თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა კავკასიაში რუსეთის სამხედრო გააქტიურების მიზეზი ხდება

ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია „სტრატფორ“-მა“ გამოაქვეყნა მოხსენება სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების შესახებ, რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია ერთი მხრივ, თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურება  ბოლო თვეების განმავლობაში, მეორე მხრივ კი – რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები , რომელიც შეიძლება მოსკოვმა გადადგას ამ რეგიონში თავისი ყოფნის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით. გთავაზობთ ამონარიდებს მოხსენებიდან:

„ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს სორის სამხედრო თანამშრომლობა გააქტიურდა: 31 მაისიდან 10 ივნისამდე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში სამივე სახელმწიფოს სამხედრო ქვედანაყოფებმა მანევრები ჩაატარეს კოდური სახელწოდებით „კავკასიის არწივი“. მანამდე კი ბაქოში თურქეთისა და აზერბაიჯანის ტაქტიკური სწავლებებიც გაიმართა.

თურქეთის სამხედრო აქტიურობის მიზანია გეოპოლიტიკური როლის განატკიცება აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრების მიმართულებით. სავარაუდოდ, მოსკოვი თურქეთის აქტიურობით თავის მოქმედებას გაამართლებს, რომელიც სომხეთისადმი სამხედრო დახმარების გაფართოებას ითვალისწინებს.

სომხეთის პრობლემა. დღეს სომხეთი სერიოზულ ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის და ამას კიდევ მეზობლების სამხედრო მანევრებიც ემატება, რაც ერევანში შეშფოთებას იწვევს. სომხეთის საზღვრის უიდესი ნაწილი სწორედ თურქეთზე, საქართველოზე და აზერბაიჯანზე მოდის. ამასთან, სომხეთი ორი მხრიდან – დასავლეთ-აღმოსავლეთიდან – მოწინააღმდეგეებითა შეზღუდული და გასასვლელი მხოლოდ ჩრდილოეთი- საქართველოს და სამხრეთით – ირანის მიმართულებით აქვს. სომხეთისთვის სამხრეთის მიმართულებაც არ არის უსაფრთხო – აქ მდებარეობს ნახჭევნის ავტონომია, აზერბაიჯანის ანკლავი, რომელზეც ამას წინათ ბაქომ, ანკარასთან ერთად, მორიგი სამხედრო მანევრები ჩაატარა. სავარაუდოდ, თუ პრეზიდენტ ილაჰამ ალიევის ამასწინანდელ განცხადებას გავიხსენებთ, აზერბაიჯანის არმია სრულად აღემატება თავისი ძლიერებით სომხეთის არმიასო, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოქმედებების განახლების პირობებში ერევანს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ორ ფრონზე მოუწევს ბრძოლა (მთიან ყარაბაღსა და ნახჭევანში) და, ალბათ, მასში თურქეთიც ჩაერთვება.

დიდი ინტერესს იწვევს სამხრეთკავკასიურ მანევრებში საქართველოს მონაწილეობა. როგორც ავღნიშნეთ, სომხეთისათვის საქართველოს ტერიტორია ერთადეეთი სატრანზიტო გზაა რუსეთის მიმართულებით და მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა, ამ გზამ კიდევ უფრო მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. ერევანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მონაწილეობა თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო სწავლებებში იმას ნიშნავს, რომ სომხეთის უმეტესი ტერიტორიის ირგვლივ სამხედრო სარტყელი იქმნება.

რუსეთმა აპრილის თვეში ყირგიზეთში, სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული თავისი ბაზების განმტკიცება-გაფართოების გეგმა გამოაცხადა. გარდა ამისა, თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამხედრო მანევრებს რუსეთი თავისი პოზიციების განმტკიცებისთვის გამოიყენებს: ამას წინათ მოსკოვმა სომხეთს 200 მილიონი დოლარის კრედიტი მისცა შეიარაღების შესაძენად – ეს თითქმის იმ თანხის ნახევარია, რასაც სომხეთი წელიწადში ხარჯავს სამხედრო მიზნებისათვის. გარდა ამისა, კრემლს განზრახული აქვს სომხეთს საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ისკანდერიც“ მიაწოდოს. იგივე ხდება ცენტრალური აზიის რეგიონში: მოსკოვმა გაბერა „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხე და ყირგიზეთში არსებული თავისი სამხედრო ბაზა გააძლიერა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს: მიუხედავად იმისა, რომ ბაქო მეზობლებთან (საქართველოსთან და თურქეთთან) სამხედრო თანამშრომლობას აფართოებს, აზერბაიჯანი მაინც ბევრდაა დამოკიდებული რუსეთზე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნოლოგიების თვალსაზრისით: მისი სამხედრო იმპორტის 85% რუსეთზე მოდის და საეჭვოა, რომ ამ მხრივ უახლოეს მომავალში რაიმე შეიცვალოს.

ამჟამად თურქეთისა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვან ინტერესს შეადგენს რეგიონული სტრატეგიული ენერგეტიკული კომუნიკაციების უსაფრთხოების დაცვა (ტრანსანატოლიური, ტრანსადრიატიკული მილსადენები, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი), რომლებიც აზერბაიჯანიდან ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილზეა გატარებული. ეს მილსადენები განსაკუთრებულ დაცვას ითხოვენ იმდენად, რამდენადაც სამხედრო დაპირისპირებები საფრთხეს უქმნიან კასპიის ენერგოშემცველების ექსპორტს ევროპაში. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა რუსებმა ქალაქ გორის ოკუპირება მოახდინეს და, ფაქტიურად, ქვეყანა ორ ნაწილად გაჰყვეს, ისინი იმ ტერიტორიებსაც აკონტროლებდნენ, რომლებზეც ზემოთ აღნიშნული მილსადენები გადის. ამ გარემოებამ დასავლელი ოპერატორები აიძულა, რომ უსაფრთხოების ზომები მიეღოთ და ნავთობისა და გაზის გადატუმბვა დროებით შეეჩერებინათ.

დაცვას მოითხოვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტი – ბაქო-თბილისი-ახალაქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი კომუნიკაციაა. პროექტის თანახმად, ამ რკინიგზით წელიწადში 7 მილიონამდე ტვირთი გადაიზიდება აზიიდან ევროპაში. შეიძლება ითქვას, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დაცვას უკვე ყურადღება ექცევა: აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა ჯერ კიდევ 2014 წელს, ნახჭევანში თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რკინიგზის დაცვის საკითხი სამხედრო სწავლებების მიზანი აუცილებლად იქნებოდა. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ბუნებრივია, არ არის გამორიცხული თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება ამ საკითხშიც.

Comments are closed