globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 15th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო რუსეთს, სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს

«The Washington Post» (აშშ): საქართველო რუსეთს ნავთობსადენთან საზღვრის გადმოწევაში ადანაშაულებს

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ქართულ-ოსური საზღვარმა „მოძრაობა დაიწყო“ // პრაღის მოლაპარაკება სკანდალით იწყება

«Красная звезда» (რუსეთი): დაეხმარება თუ არა თბილისს „სწრაფი სული“?

————————

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 15 ივლისი, 2015 წელი

http://www.theguardian.com/world/2008/aug/09/georgia.russia2

საქართველო რუსეთს, სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს

ენდრიუ ნორსი

(შემოკლებით)

საქართველომ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც კონფლიქტურ სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. „საზღვრის“ ნიშნულები დადგა და ამით „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მართვის ქვეშ არსებული ნავთობსადენ „ბაქო-სუფსას“ ნაწილი მიიტაცა.

იმ დროს, როცა ევროპელი ლიდერების ყურადღება საბერძნეთის კრიზისის მოგვარებისაკენ იყო მიპყრობილი, რუსმა მესაზღვრეებმა, [ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების] მიერ თვითდადგენილი „საზღვარი“ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადასწიეს და ახალი ნიშნულები დადგეს. „ჩვენ უკვე დავკარგეთ ჩვენი კუთვნილი მიწების დიდი ნაწილი“, – ამბობს წითელუბნელი ფერმერი, – „რუსებმა გამოგვიცხადეს, რომ იქ მეტად აღარ გაგვიშვებენ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ასეთი მოქმედების შედეგად ბაქო-სუფსას მილსადენის დაახლოებით ერთკილომეტრნახევრიანი მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მოულოდნელი სიურპრიზები მოწმობს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში  მცოცავი აგრესია გრძელდება.

რუსეთმა ეს ორი რეგიონი, საერთაშორისო სამართლის ნომრების დარღვევით, 2008 წლის ხანმოკლე ომის შედეგად დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრრეთ ოსეთი დამოუკიდებელად აღიარა, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა ამ რეგიონებს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ახალი გამმიჯნავი ნიშანი, ძველთან შედარებით, სოფელ ორჭოსანთან 300 მეტრით სამხრეთითაა გადაწეული, ხოლო წითელუბანთან – ერთი კილომეტრით. მათ არ უთქვამთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთმა ზედმეტი ტერიტორია მიიტაცა „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, მაგრამ როგორც ჯონ დერნიმ აღნიშნა, ამგვარი მოქმედება იმის ნიშანია, რომ რუსეთი განაგრძობს „ბორდერიზაციის“ პოლიტიკას და ამით აბრკოლებს ადგილობრივ მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას.

რუსულ და ოსურენოვანი წარწერების მქონე გამმიჯნავი ერთ-ერთი ბანერი სულ რაღაც რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა დადგმული საქართველოს „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ სტარატეგიული ავტომაგისტრალიდან, რომელიც ქვეყნის დედაქალაქს შავი ზღვის ნავსადგურებთან და თურქეთთან აკავშირებს. სხვათა შორის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსული ტანკები სწორედ ამ გზის მეშვეობით გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისს მიუახლოვდნენ. მართალია, დედაქალაქი არ დაუკავებიათ და 20 კილომეტრზე შეჩერდნენ, მაგრამ ამით მისი მოწყვლადობის დემონსტრირება მოახდინეს და ხაზი გაუსვეს, თუ რა დაუცველი იყო თბილისი.

ბაქო-სუფსას მილსადენით დღეში თითქმის 145 ათასი ბარელი ნავთობი იტუმბება აზერბაიჯანის კუთვნილი კასპიის ზღვის საბადოებიდან საქართველოს შავიზღვისპირა სუფსის ნავთობტერმინალში. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა აშკარა გახდა 2008 წლის ომის წინ, როცა „ბრიტიშ პეტროლეუმი“ იძულებული გახდა მომხდარი აფეთქების გამო „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი დროებით გაეჩერებინა. კომპანიამ დასავლეთის ბაზარზე გასატანად კასპიის ნავთობის მარშრუტი შეცვალა და მისი ექსპორტი ნაწილობრივ „ბაქო-სუფსას“ მილსადენით განახორციელა.

„ბრიტიშ პეტროლეუმი“, რასაკვირველია, აცნობიერებს რუსეთის დაინტერესებას ამ ნავთობსადენით, თუმცა საკითხს არ ამწვავებს: „[ბანერის დადგმა] არაფერს ცვლის“, – ამბობს გია ღვალაძე, ბრიტანული ნავთობკომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, – „მთავარია, ნავთობსადენს ფიზიკურად არ შეეხონ“.

ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით კრემლის კომენტარი უცნობია, თუმცაღა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მიმართ თითქმის ერთნაირად მოქმედებს: მოსკოვს ასეთი ნაბიჯით სურს ხელი შეუშალოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ინტეგრირებას ნატოსა და ევროკავშირში. რუსმა ჩინოვნიკებმა ამას წინათ მკაცრად დაგმეს თბილისში გამართული ქართულ-ამერიკული წრთვნები, რადგან მასში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილი დაინახეს.

რუსეთი ძალიან აღშფოთებულია აგრეთვე უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამოც, რადგან ოდესის ოლქი უშუალოდ ესაზღვრება ყირიმს. მიხეილ სააკაშვილი რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის ერთგვარი სიმბოლო გახდა. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს ვლადიმირ პუტინი „ყვე…ბით ჩამოკიდებას“ პირდებოდა.

რუსეთის მიერ გადადგმულმა ამ მოულოდნელმა ნაბიჯმა საქართველოს კოალიციური ხელისუფლება საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო. „ქართული ოცნება“ სამი წლის წინათ, არჩევნების დროს, მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას პირდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად მოსკოვმა კიდევ უფრო განამტკიცა თავისი მდგომარეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ორ მეზობელს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ კიდევ გაწყვეტილია და არ განახლებულა, მაგრამ საქართველოს სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მტკიცედ განაცხადა, რომ იგი „ამ სახიფათო პროვოკაციის“ საკითხს აუცილებლად დააყენებს რუს ჩინოვნიკთან 15 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე.

სინამდვილეში საქართველოს არცთუ ისე დიდი არჩევანი აქვს იმისთვის, თუ რა უნდა გააკეთოს შექმნილ სიტუაციაში. დასავლელი ლიდერები სულ სხვა პრობლემებზე ფიქრობენ. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, საბერძნეთის კრიზისის გამო, საქართველოში დაგეგმილი თავისი ვიზიტი გადადო.

საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ დასავლეთმა ყურადღება არ მიაქცია 2008 წლის გამაფრთხილებელ სიგნალებს, რომელიც რუსეთის ფართო ამბიციების მომასწავებელი იყო.

უნდა ითქვას, რომ კავკასიაში დაძაბულობა მატულობს ამერიკელი სამხედრო ჩინოვნიკის მარტინ დემპსის განცხადების ფონზე: მან აღნიშნა, რომ რუსეთი გლობალური უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი და ხელის შემშლელი სახელმწიფოა და რომ რუსეთი საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას უკრაინული „ჰიბრიდული კონფლიქტების“ სტრატეგიით ემუქრება. მარტინ დემპსიმ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მოქმედება აძლიერებს გაურკვევლობას, ართულებს გადაწყვეტილების მიღებას და აყოვნებს კოორდინაციას ეფექტური საპასუხო ზომების მიღების მიზნით“.

«The Washington Post» (აშშ), 15 ივლისი, 2015 წელი

http://www.washingtonpost.com/business/georgia-accuses-russia-of-moving-border-near-oil-pipeline/2015/07/14/7adf96a8-2a64-11e5-960f-22c4ba982ed4_story.html

საქართველო რუსეთს ნავთობსადენთან საზღვრის გადმოწევაში ადანაშაულებს

„ესოშეითედ პრესი“, ხურვალეთი (საქართველო)

საქართველოს მთავრობამ რუსეთის ჯარები იმ საზღვრის ცვლილებაში დაადანაშაულა, რომელიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონისაგან – სამხრეთ ოსეთისაგან მიჯნავს და რომელსაც შედეგად საერთაშორისო ნავთობსადენის მონაკვეთის დაკავება მოჰყვა.

საქართველოს განცხადებით, დე-ფაქტო საზღვარმა მის ტერიტორიაზე თითქმის კილომეტრნახევრით გადმოიწია და ნავთობსადენ „ბაქო-სუფსას“ მონაკვეთი, რომელსაც ექსპლოატაციას ბრიტანული ნავთობკომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ უწევს, რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მოექცა. გარდა ამისა, ახალი საზღვარი მხოლოდ ხუთასიოდე მეტრითაა დაშორებული მთავარ ავტომაგისტრალს, რომელიც საქართველოს დედაქალაქიდან შავი ზღვისაკენ მიემართება.

ქართველმა ჟურნალისტებმა სამშაბათს საპროტესტო აქცია გამართეს სასაზღვრო სოფელ ხურვალეთთან და „რუსეთის ოკუპაციის“ შეწყვეტა მოითხოვეს.

რუსეთის ჯარები სამხრეთ ოსეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არიან დისლოცირებულნი. საქართველოს, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, ამჟამად პროდასავლური კურსი აქვს აღებული.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 15 ივლისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2768241

ქართულ-ოსური საზღვარმა „მოძრაობა დაიწყო“

პრაღის მოლაპარაკება სკანდალით იწყება

რუსეთისა და საქართველოს მაღალჩინოსანი დიპლომატების მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იწყება, საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მორიგი ინციდენტი მოხდა – ყველაზე სერიოზული 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ. თბილისი რუს და ოს მესაზღვრეებს ბრალს სდებს, რომ მათ საზღვარი საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოაქვთ, – იუწყება რუსული გაზეთი „კომერსანტი“ (სტატიის ავტორია გიორგი დვალი).

„გუშინ ათობით თბილისელმა ჟურნალისი მონაწილეობდა ფიარ-აქციაში, რომლის მიზანს საქართველოს საზღვრების ურღვევობის დემონსტრირება წარმოადგენდა. ისინი მიკროავტობუსებით მივიდნენ სოფელ ხურვალეთთან, სადაც მოაძრეს ბანერი წარწერით „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი“, ზედ ფეხებით შედგენენ, შემდეგ კი ხევში გადაუძახეს და განაცხადეს, რომ ასეთ პასუხს გასცემენ ყველას, რათა „არ იქნეს დაშვებული ქართული მიწების ოკუპაცია რუსების მიერ“.

სამხრეთ ოსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა რამდენიმე მსგავსი ბანერი ხურვალეთ-ორჭოსანის ხაზის გასწრივ დადგეს. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსი და ოსი მესაზღვრეები ამ მონაკვეთზე საზღვრის გადმოწევაში დაადანაშაულა. ახლა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ აღმოჩნდა არამარტო სასოფლო-სამეურნეო მიწები, არამედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „ბაქო-სუფსას“ ნავთობსადენის 1,6 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ მარტავს. ემოციები განსაკუტრებით იმან გამოიწვია, რომ „საზღვარი“ მიუახლოვდა ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალს – ერთადერთ უმნიშვნელოვანეს საავტომობილო გზას, რომელიც საქართველოს დედაქალაქს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შავი ზღვის ნავსადგურებთან – ფოთთან და ბათუმთან აკავშირებს.

ეს ინციდენტი ყველაზე სერიოზულია საზღვრის დემარკაციის პერიოდში მომხდარი ინციდენტებიდან, რომელიც 2008 წლის ხუთდღიანი ომის სემდეგ მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ. ოფიციალურმა ცხინვალმა არაერთგზის მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე, მაგრამ, როგორც „კომერსანტს“ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ერთ-ერთმა წყარომ განუმარტა, „ასეთ მოლაპარაკებაზე თანხმობა იმას ნიშნავს, რომ თბილისი აღიარებს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ოკუპირების საზღვარს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს დააკისრა და ბანერის დადგმის ფაქტი „საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოქმედებად“ შეაფასა. თავის მხრივ სამხრეთ ოსეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითმა განაცხადა, რომ რუს მესაზღვრეებს საზღვრის ნიშნების დადგმასთან არანაირი შეხება არ აქვთ“ და სამუშაოები „სამხრეთ ოსეთის შესაბამისმა სამსახურებმა“ შეასრულეს, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიის მიღმა ერთი მეტრითაც კი არ გასულან.

სასაზღვრო ინციდენტი საქართველოს ადა რუსეთის წარმომადგენლების – ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის წინ მოხდა, რომელიც დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაიწყო. „ეს კაპიტულანტური მოლაპარაკებაა და ზიანის მეტი ჩვენთვის არაფერი მოაქვს“, – განუცხადა „კომერსანტს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა.

თუმცა თვითონ ზურაბ ბაშიძე კატეგორიულად არ ეთანხმება ამგვარ თვალსაზრისს და ამბობს, რომ ამ ფორმატის მოლაპარაკების დროს ძალიან ბევრი ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები გადაწყდა. „გპირდებით, რომ მე გრიგორი კარასინტან საუბარს სწორედ ქართულ სოფლებტან მომხდარი ინციდენტით დავიწყებ“, – განაცხადა ზირაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პრაღაში გაფრენის წინ.

«Красная звезда» (რუსეთი), 15 ივლისი, 2015 წელი

http://www.redstar.ru/index.php/newspaper/item/24894-pomozhet-li-tbilisi-provornyj-dukh

დაეხმარება თუ არა თბილისს „სწრაფი სული“?

ალექსანდრ ალექსანდროვი

(შემოკლებით)

საქართველოს მოსახლეობას თანდათანობით აჩვევენ ნატოს ჯარების მუდმივ ყოფნას ქვეყნის ტერიტორიაზე. გასულ კვირას თბილისთან ახლოს მდებარე ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, რუსეთის არმიის ყოფილ ბაზაზე მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მანევრები Agile Spirit 2015 დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გამართულ ქართულ-ამერიკულ სამხედრო მანევრებში პირველად ღებულობენ მონაწილეობას ნატოს ბლოკის სხვა წევრებიც – ბულგარეთი, რუმინეთი, ლიტვა და ლატვია. წრთვნებში საქართველოდან 500 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. უცხოელთაგან, ტრადიციულად, ამერიკის შეეერთებული შტატები ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი – ვაშინგტონმა მანევრებისთვის 200-მდე საზღვაო ქვეითი გამოგზავნა

Agile Spirit 2015, რომელიც საშტაბო-სამეთაურო და საველე სწავლების ეტაპებს ითვალისწინებს, 22 ივლისს დასრულდება. ეს უკვე მეორე ასეთი სამხედრო მანევრებია, რომელიც საქართველოში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ტარდება. საერთოდ კი, ერთობლივი ქართულ-ამერიკული წრთვნების ჯერ კიდევ 2011 წლისდან დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოებში. დღევანდელი მანევრები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებაა, რომლის მიზანს ნატოს კონტინგენტის მიერ კავკასიის სამხედრო მოქმედების თეატრის ათვისება წარმოადგენს.

მანევრების დღეებში გაირკვა საქართველოში ნატოს მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი პროექტის დეტალები – ესაა ერთობლივი საწრთვნელი ცენტრის გახსნა. ამ მოვლენის ანონსირება ჯერ კიდევ გასულ წელს – ალიანსის უელსის სამიტზე მოხდა. ეს ცენტრი ერთგავრი კომპენსაციაა იმისა, რომ  ნატოს ზემოთ ხსენებულ სამიტზე საქართველოს „მაპ“-ი არ მისცეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თქმით, ნატოს სასწავლო ცენტრი „რამდენიმე სასწავლო-ტაქტიკურ რაიონს გააერთიანებს – მასში შევა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი და ვაზიანის სამხედრო ბაზის ობიექტები – ტაქტიკური ველი, სასროლეთი და სხვა.“. გენერალმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საქართველოს უნიკალური პირობები სხვადასხვა სიტუაციების მოდელირების საშუალებას იძლევა. დღეისათვის უკვე ცნობილია საწრთვნელი ბაზების ქსელის გახსნის სავარაუდო ვადები. ეს მოხდება საქართველოში ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის დროს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს განხორციელდება.

გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩამოთვლილ ობიექტებს ნატოელები მხოლოდ „საბრძოლო მეგობრობის“ განსამტკიცებლად და უძველესი კავკასიური ქვეყნის ღირშესანიშნაობების გასაცნობად გამოიყენებენ. საქმე ეხება იგივე მიზანს – რაც შეიძლება მაქსიმალურად დაუხლოვდეს ნატოს ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს…

ამასთან დაკავშირებით, ალბათ, საჭიროა ითქვას: იმედი იმისა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაქცევის შემდეგ ქვეყანა თავის ევროატლანტიკურ საგარეოპოლიტიკურ ვექტორს შეცვლისო, ილუზია აღმოჩნდა. გიორგი მარგველაშვილი, განათლებით ფილოსოფოსი, რომელიც საქართველოს პრტეზიდენტად 2013 წლის ნოემბერში აირჩიეს, დასავლეთთან ინტეგრაციის კურსს აგრძელებს. თუ რამდენად შეესაბამება პროდასავლური კურსი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის მოსახლეობის გადასაწყვეტია, მაგრამ, როგორც მოსკოვიდან ჩანს, რესპუბლიკის მილიტარიზაცია, ალბათ, ეროვნული იდენტურობის მოპოვების არცთუ ისე უკეთეს გზას წარმოადგენს.

Comments are closed