globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 4 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 4th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: ნინო ბურჯანაძე უკრაინამ პერსონა „ნონ გრატად“ გამოაცხადა? // რა უთხრეს „ალიას“ უკრაინაში საქართველოს ელჩმა და ბურჯანაძის პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა?

„ახალი თაობა“: „ნინო ბურჯანაძეს უკრაინაში შესვლა აეკრძალა“

———————

„ალია“, 04 აგვისტო, 2015 წელი

ნინო ბურჯანაძე უკრაინამ პერსონანონ გრატად გამოაცხადა?

რა უთხრეს ალიას უკრაინაში საქართველოს ელჩმა და ბურჯანაძის პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა?

ნინო სამხარაძე

„დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის გარშემო ახალი სკანდალი მწიფდება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებამ ის პერსონა „ნონ გრატად“ გამოაცხადა! რა გზავნილია ეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და არის კი უკრაინელების „მესიჯი“? ვინ იქნება შემდეგი და რა გართულება მოჰყვება სახელმწიფოთა შორის ამ პროცესს, თუკი ეს გზავნილი რეალურია, სხვა ქართველ პოლიტიკოსებზეც გავრცელდა და შეუქცევად ხასიათს მიიღებს? ურევია თუ არა ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილ-დაფინანსებული არასამთავრობოების ხელი? რატომ გააქტიურდა „ნაციონალური მოძრაობა“ ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ და რას ამზადებს „ნაცმოძრაობა“ ბურჯანაძე-პუტინის შეხვედრის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება? ბოლოს და ბოლოს, რა არის საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, როდის აპირებს, შეხვდეს ბურჯანაძეს და ესაუბროს მას მოსკოვიდან ჩამოტანილ გზავნილებზე?

„ალია“, ცხადია, დაინტერესდა ყველაზე მთავარი ინფორმაციით, გამოაცხადა თუ არა ოფიციალურმა კიევმა ნინო ბურჯანაძე პერსონა „ნონ გრატად“? სააგენტოების საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ასეთია:

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერს ნინო ბურჯანაძეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამის მიზეზი კი ბურჯანაძის მოსკოვში, რუსეთის დუმის თავმჯდომარესთან, ნარიშკინთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებები გახდა. ამ განცხადებების გამო, ბურჯანაძისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით, ქვეყნის საგარეო უწყებას რამდენიმე ორგანიზაციამ მიმართა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნა საგარეო უწყებამ შესამოწმებლად უშიშროებას გადაუგზავნა, ვინაიდან ის გადამოწმებას მოითხოვდა, რამდენად შეიცავდა ნინო ბურჯანაძის განცხადებები ანტიუკრაინულ შინაარსს. უშიშროებიდან მიღებული პასუხის შემდეგ საგარეო უწყებამ „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერს უკრაინაში შესვლა აუკრძალა“.

„ალია“ „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურ მდივანს გიგლა ბარამიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა: „ნინო ბურჯანაძე საქართველოში არ იმყოფება, მასთან გადავამოწმე ინფორმაცია, მისთვის ოფიციალურად შეტყობინება არავის გაუგზავნია. ეს ინფორმაცია ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. ერთს ვიტყვი. ის, რომ უკრაინა სააკაშვილის ჭკუაზე დადის, დადასტურდა, მაგრამ, თუკი სააკაშვილის ჭკუაზე ესეც გააკეთეს კიდევ უფრო ცუდად ყოფილა უკრაინის ხელისუფლების საქმე, ვიდრე ჩვენ გვგონია, არადა ჩვენ გული შეგვტკივა უკრაინელ ხალხზე, ისინი მეგობრად მიგვაჩნია, მაგრამ, როცა უკრაინის ხელისუფლება დგამს გაუგებარ ნაბიჯებს, საქართველოს ძებნილებსა და დამნაშავეებს იფარებს, მათ ჭკუას ეკითხება, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ვიღაც არასამთავრობოს – შავლაძის სალაპარაკო რომ გახდება სახელმწიფოთა ურთიერთობები, ეს კიდევ მეორე ანეკდოტია. აქვე გეტყვით, რომ ნინო ბურჯანაძეს ნარიშკინთან უკრაინის საკითხებზე საუბარი არ ჰქონია, რასაც არასამთავრობოები აცხადებენ, დუმის სპიკერს ბურჯანაძე საქართველოს საკითხებზე ესაუბრა, სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე და ა.შ. კითხვები კი ჟურნალისტებმა დასვეს, სულ ეს იყო. რაც შეეხება გზავნილებს, რომელიც მოსკოვიდან ჩამოიტანა ბურჯანაძემ, გეტყვით, რომ ჩვენი პარტიის ლიდერს შეხვედრები ჰქონდა დიპლომატებთან, სადაც მან ამ თემებზე ისაუბრა, მალე კი ის ვიზიტად მიემგზავრება აშშ-ი, ხოლო შემოდგომაზე აპირებს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. რაც ხდება, ეს ყველაფერი იმის გაგრძელებაა, რაც ბურჯანაძის მოსკოვიდან დაბრუნებას მოჰყვა და ახლა, ადგილობრივი ხელისუფლებაც და „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთნაირად შეშინებულები არიან და აღარ იციან, რა გააკეთონ. ამიტომ მიედ-მოედებიან რაღაც სისულელეებს! როცა უკრაინის პრეზიდენტი ძებნილ და პანღურამორტყმულ მიშას გუბერნატორად დანიშნავს, რა უნდა მოსთხოვო მას ამის შემდეგ? ამიტომაც გვეცინება ამ ყველაფერზე!“.

„ალია“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კითხვით _ ჩააყენა თუ არა უწყება, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმის კურსში ბურჯანაძის პერსონა „ნონ გრატად“გამოცხადების შესახებ და არის თუ არა ეს რეალური ინფორმაცია? ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. ჩვენ ვეცადეთ, დავკავშირებოდით უკრაინის საელჩოს საქართველოში, თუმცა, როგორც ჩანს, მათი სამუშაო საათები ვადაზე ადრე მთავრდება და პასუხი ვერ მივიღეთ. სამაგიეროდ, „ალიას“ კომპეტენტური პასუხი გასცა საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ.

- ბატონო მიხეილ, თბილისიდან გიკავშირდებით, ადასტურებთ ინფორმაციას, რომ ნინო ბურჯანაძე უკრაინის ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრანტადგამოაცხადა?

- ეს არ არის რეალური ინფორმაცია, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ოფიციალური შეტყობინება არ მოგვსვლია. წესით, როცა ქვეყანა ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, პირველ რიგში, საქართველოს საელჩო უნდა ჩაგვაყენოს საქმის კურსში. ვიმეორებ, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს!

—————

ნინო ბურჯანაძის ცნობილი განცხადება: „ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. ეს შეუქცევადი პროცესია!“  არის თუ არა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ უკრაინამ ის პერსონა  „ნონ გრატად“ გამოაცხადოს და რას ემსახურება ეს ყველაფერი?

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი სოსო ცინცაძე „ალიასთან“ საუბარში აცხადებს:

„ჯერ ერთი, ნინო ბურჯანაძე არ არის ოდიოზური ფიგურა უკრაინისთვის. მეორე, უკრაინის ხელისუფლებისთვის ნინო ბურჯანაძე არის ოპოზიციონერი იმ ხელისუფლებისა, რომელიც უკრაინისადმი დიდი ერთგულებითა და მხარდაჭერით არ გამოირჩევა, ამიტომ თუ ამას შევაჯამებთ და დავუშვებთ, რომ ეს მოხდა, უკვე გარედან ჩარევის ფაქტორი იკვეთება. პოლიტიკოსი ხდება მსხვერპლი პერსონა „ნონ გრატის“ სისტემის მაშინ, როდესაც ქვეყანა მიიჩნევს, რომ მისი საჯარო განცხადებები, მისი ქმედებები, მოღვაწეობა და მისი ნაშრომები მტრულია ამ სახელმწიფოსადმი და ხელს არ უწყობს მეგობრულ ურთიერთობებს. ეს არის სტანდარტული ფორმულა, მაგრამ ვინაიდან პერსონა „ნონ გრატას“ არ სჭირება გაეროს, ეუთოს თანხმობა, ამიტომ ეს სტანდარტები ხშირად იღებს პერსონალურ სიმპათია-ანტიპათიის ხასიათს. რაც შეეხება ბურჯანაძის განცხადებას ყირიმთან დაკავშირებით, არასწორად გავრცელდა მისი ნათქვამი, ნინო საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და მისი განცხადებები არ სცილდება დიპლომატიურ ეტიკეტს, ისტორიულად რომ ყირიმი რუსეთის იყო ახლა, ამას რად უნდა ლაპარაკი?

1954 წელს ხრუშჩოვმა რუსეთუკრაინის შეერთების სამას წლისთავთან დაკავშირებით ასეთი საჩუქარი გაუკეთა უკრაინელებს. დღეს უკრაინაში რთული პოლიტიკური მოზაიკაა, აქ არის დასავლეთის მეირ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ჩვენი ყოფილი ხელისუფლების გავლენა, ძალიან ბევრი კომპონენტია ისეთი, როცა ასეთი ინფორმაციების გავრცელებით შესაძლოა, კონკრეტული ძალა იყოს დაინტერესებული ბურჯანაძის დისკრედიტაციისმიზნით. თუკი ეს ინფორმაცია რეალურია, პირველ რიგში, ამის შესახებ შეტყობინება უნდა შესვლოდა ჩვენს საელჩოს უკრაინაში, რომარ მოხდეს დიპლომატიური გართულება, საელჩო ვალდებულია, შეატყობინოს ინფორმაცია პიროვნებას, ვინც გამოცხადებულია პერსონა „ნონ გრატად“. მე მაგალითად, ამის საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ნინო ბურჯანაძე პერსონა „ნონ გრატად“ გამოაცხადონ. ის არ არის დღეს სახელმწიფო ფიგურა, პოლიტიკური პარტიის ლიდერია და არა მგონია, რომ ისეთი აგრესია იყოს უკრაინაში საქართველოს მიმართ, რომ პარტიის ლიდერის განცხადებას მოჰყვეს ასეთი მკვეთრი რეაგირება.

რამდენადაც ვიცი, რამდენიმე არასამთავრობომ მიმართა უკრაინის მთავრობას. საკითხავი ახლა ის უფროა, ვინ დგანან არასამთავრობო ორგანიზაციების უკან, ხომ არ იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ კვალი? არადა, ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს სწორედ „ნაციონალების“ მწვავე რეაქცია მოჰყვა და აქედან შეიძლება სავარაუდო დასკვნების გაკეთება, ვის ინტერესში იყო ამ ინფორმაციის გავრცელება!“.

————-

3 აგვისტოს, საღამოს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე „საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძისთვის შესვლა არ აუკრძალავთ. უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადება „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა: „უკრაინის უშიშროების სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესახებ…“.

ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროვოკატორები უკრაინის ხელისუფლებას საბოტაჟს უწყობენ, ადვილი მისახვედრია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, მიშაზეა ნათქვამი, „მეთოდები მოგიძველდა, მურტალო!“

„ახალი თაობა“, 04 აგვისტო, 2015 წელი

„ნინო ბურჯანაძეს უკრაინაში შესვლა აეკრძალა“

ავტორი – შორენა მარსაგიშვილი

პუბლიკაციაში მიმოხილულია უკრაინის მასმედიით გავრცელებული ინფორმაციები, რომელთა თანახმად, ნინო ბურჯანაძეს თითქოსდა უკრაინაში შესვლა აეკრძალა. გარდა ამისა, სტატიაში გადმოცემულია ნინო ბურჯანაძის რუსეთში ყოფნის ამსახველი მასალები და გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ შინაარსი. ამ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე რუსეთისადმი ყირიმის ისტორიული კუთვნილების შესახებ ლაპარაკობს.

„საინტერესოა, რატომ არ მიაქციეს უკრაინელებმა ნინო ბურჯანაძის ინტერვიუში გაჟღერებულ განცხადებებს ყურადღება? ეტყობა იქ „კომსომოლსკაია პრავდას“ არ კითხულობენ და გამოეპარათ“, – წერს ავტორი.

Comments are closed