„რეზონანსი“: რუსეთი ახალ სავაჭრო ომს გვიცხადებს // პირველ დარტყმას ალკოჰოლური კომპანიები მიიღებენ
“ახალი თაობა“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „რატომ გადაარჩინა ამერიკამ სიკვდილს ბიძინა ივანიშვილი?“
“ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთა: „ნატოს ცენტრი იმიტომ იხსნება, რომ თვით ნატო აქტიურობს, ანუ ეს საქართველოს ხელისუფლების დამსახურება არ არის“
———————
„რეზონანსი“, 6 აგვისტო, 2015 წელი
რუსეთი ახალ სავაჭრო ომს გვიცხადებს
პირველ დარტყმას ალკოჰოლური კომპანიები მიიღებენ
ელზა წიკლაური
(შემოკლებით)
მოსკოვი ემბარგოს დაწესებისთვის სერიოზულად ემზადება და ამჯერადაც პირველი პროდუქცია, რომელსაც რუსეთი “წითელს აუნთებს”, ისევ ალკოჰოლური სასმელები იქნება. თუ მოვლენები 2006 წლის ანალოგიურად განვითარდა, მას მიჰყვება ქართული მინერალური წყლები და უკვე შემდგომ ყველა ის პროდუქტი, რომელიც რუსულ ბაზარზე შედის. ემბარგოს დაწესებას არც ქართველი ეკონომისტები გამორიცხავენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ჩვენი საექსპორტო ბაზარი უკვე დიდი ხანია, რაც დივერსიფიცირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ემბარგო საქართველოსაც შეეხება. ჯერჯერობით უწყება ქვეყნების სრულ ჩამონათვალს არ ავრცელებს. “ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თუკი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები მართლაც შეუერთდნენ დაწესებულ სანქციებს, უნდა განხორციელდეს საპასუხო სამრეწველო ემბარგოს კორექტირება და შესაბამისი ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტს უნდა წარედგინოს”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და დააკონკრეტა, რომ საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც მანამდე მხარს არ უჭერდნენ ანტირუსულ სანქციებს და კრემლი მათ მიმართ საპასუხო ზომას არ ახორციელებდა.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი დაადასტურეს, რომ კონტრზომების შემოღების საკითხი საქართველოსთან მიმართებითაც მუშავდება.
შეგახსენებთ, გასული თვის ბოლოს ევროკავშირის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩერნოგორიამ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა, ნორვეგიამ, უკრაინამ და საქართველომ რუსეთის წინააღმდგეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი მხარს დაუჭერს მთავრობის წინადადებას საპასუხო ზომების შემოღების თაობაზე ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. “დარწმუნებით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პრეზიდენტი ამ წინადადებას მხარს დაუჭერს”, – აღნიშნა პესკოვმა.
ვიდრე მედვედევი და პუტინი ემბარგოს დაწესების სქემას ამუშავებენ, რუსეთის სანიტარიულმა სამსახურმა ქართული ალკოჰოლური სასმელები უკვე დაიწუნა. “როსპოტრებნადზორის” განცხადებით, ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას.
2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი “ძველი კახეთი”, “კოლხიდა”, “საფერავი”), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამბობენ, რომ “როსპოტრებნადზორის” განცხადებაში მითითებული საკითხებით დაინტერესდნენ და დეტალებს არკვევენ. სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში.
ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი.
რუსეთის მიერ შესაძლო ემბარგოს დაწესებას გუშინვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას სანქციებზე შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს, რაც არასწორი გადაწყვეტილება იქნება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” აბაშიძემ განუცხადა, რუსეთის სხვადასხვა უწყებებში გაკეთდა კომენტარები და მინიშნებები იმის თაობაზე, რომ “როსპოტრებნადზორის” განცხადება და საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვა, შესაძლოა, საქართველოს მიერ ევროკავშირის ერთ-ერთ სანქციასთან შეერთებას უკავშირდებოდეს.
“ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი იმის თაობაზე, რომ საქართველო შარშან შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებული 15-მდე სანქციიდან ერთ-ერთს, რომელიც დაკავშირებულია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან. ეს სანქცია წელს ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა და 2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
როგორც ჩანს, რუსეთის მხარე შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას, რაც, ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი, რომელიც 2012 წელს დაწყებულმა ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა მოიტანა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა”, – განაცხადა აბაშიძემ.
ქართველი ეკონომისტები რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესებას არ გამორიცხავენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნის. ეკონომისტის სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეებმა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მიმართულებით იმუშავონ.
“არენაზე უკვე გამოჩნდა რუსი ავადსახსენებელი სანიტარიული ექიმი. უკვე გამოითქვა უკმაყოფილება ამ სტრუქტურის მიერ საქართველოდან შესული ღვინის ხარისხის მიმართ. ეჭვი არ მეპარება, საჭირო თუ გახდა, რომელიმე ვაშლში აღმოაჩენენ ისეთ მომწამლავ ნივთიერებას, რომელიც მყისიერად მოაკვდინებს ვაშლის მოყვარულებს. ჩემი აზრით, ჩვენი რეაგირება უნდა იყოს ნულოვანი და შეგვიძლია მათ ლაკონიური პასუხი გავცეთ – “როგორც გსურთ”.
ახლა მნიშვნელოვანია, მეწარმეებმა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მიმართულებით იმუშავონ. ეს მყისიერად არ მოხდება, მაგრამ მწარმოებლები წაგებული ნამდვილად არ დარჩებიან, რადგან ფასი ევროპაში უფრო მეტია, ვიმდრე რუსეთში. იმავდროულად, სრულიად სანდო და დამაჯერებელი პროცედურები უნდა ახლდეს თან ღვინის ექსპორტის პროცესს. ემბარგო, რომელიც უხარისხობის გამო დაწესდება, კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ქართული პროდუქციისთვის, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ნიშნის ემბარგო”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, თუკი მაინც დააწესა რუსეთმა ემბარგო, ეს ქართული ეკონომიკისთვის დამაქცეველი არ იქნება, რადგან ღვინისა და მინერალური წყლების საექსპორტო ბაზარი დიდი ხანია უკვე დივერსიფიცირებულია.
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე კი ვარაუდობს, რომ რუსეთი ქართული პროდუქციას ემბარგოს აუცილებლად დაუწესებს, მაგრამ ემბარგო იქნება იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ ვართ მიერთებული რუსეთის მიმართ სანქციებს. “პირველ რიგში, აკრძალულ პროდუქტთა ნუსხაში სწორედ ქართული ალკოჰოლური სასმელები მოხვდება. შემდეგ კი, თუ სრულად შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს, აკრძალვაც შესაბამისი იქნება”, – აღნიშნა ავთანდილ სილაგაძემ.
“ახალი თაობა“, 6 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „რატომ გადაარჩინა ამერიკამ სიკვდილს ბიძინა ივანიშვილი?“
ვრცელ ინტერვიუში, რომელიც „ახალი თაობის“ ჟურნალისტმა შორენა მარსაგიშვილმა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს ჩამოართვა, იგი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. რესპოდენტი ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ და რა გზებით, რა მეთოდებით ახორციელებდა და ამჟამადაც ახორციელებს ვაშინგტონი თავის გავლენას საქართველოს ხელისუფლებაზე.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
ელიზბარ ჯაველიძე: „ამერიკის შეერთებული შტატები რომ მიხეილ სააკაშვილის მფარველია, ეს უკრაინაში მომხდარმა მოვლენებმაც დაამტკიცა: ვაშინგტონმა პეტრო პოროშენკო აიძულა მიხეილ სააკაშვილი როგორც რეფორმატორი ისე მიეღო და ამით მთელ მსოფლიოს მისცა მაგალითი, რომ თეთრი სახლი თავის ერთგულ ადამიანებს ბოლომდე პატრონობენ და თუ მათ საკუთარი ქვეყნიდან განდევნიან, სხვა ქვეყანაში დაასაქმებენ.
- თუ ასეა, მაშინ რატომ არ დატოვეს საქართველოში. აქ მიმდინარე პროცესებს ხომ ფაქტობრივად ვაშინგტონი აკონტროლებდა?..
- დიდი სიამოვნებით დატოვებდნენ, მაგრამ შეეშინდათ – ამერიკელებმა ქართველი ხალხის განწყობა დაინახეს და მიხვდნენ, რომ მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილ;ს ვეღარ აიტანდა და მისი სახელმწიფოში დარჩენა დენთით სავსე კასრის აფეთქების ტოლფასი იქნებოდა. ამერიკა ახალმა რევოლუციამ შეაშინა. რეოლუციისა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელით ამერიკელების მიერ აშენებულ სისტემასაც დაანგრევდა, რაც, თავის მხრივ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კრახის მომასწავებელი იქნებოდა. ამიტომაც გადაწყვიტეს ხელისუფლება არჩევნების გზით შეეცვალათ და ქვეყნის სატავეში ისეთი ხალხი მოიყვანეს, ვისაც ფულიც ჰქონდა და არც გასვრილი არ იყო. ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. იგი ამერიკამ შეარჩია და ამაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს: როცა მილიარდერმა პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი გააკეთა, მიხეილ სააკაშვილი გადაირია და მისი ლიკვიდირება გადაწყვიტა. ყველას ახსოვს 2011 წლის ოქტომბერი, როცა ოლიგარქის დაცვა განაიარაღეს, აშშ-ის ელჩი სასწრაფოდ მის სახლში მივიდა და ამით ბიძინა ივანიშვილი აშკარა სიკვდლისაგან იხსნა. ამ და სხვა მიზეზების გამო „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა აშშ-ის მოთხოვნები შეესრულებინა. ეს მოთხოვნა იყო კოჰაბიტაცია და სისტემის შენარჩუნება. ამის გარდა, საარჩევნო სიაში ეროვნული განწყობის მქონე ადამიანები არ უნდა ჩაესვათ. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობაში და პარლამენტში ეროვნული განწყობის ხალხი არ არიას-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კადრების შერჩევის უფლებასაც კი არ უტოვებენ. თანამდებობაზე ვერავის დანიშნავენ, თუ ამის ნებართვა ამერიკელთა ხუთკაციანმა ჯგუფმა არ გასცა. ისინი მაღალი თანამდებობის პირებს თვითონ არჩევენ.
- „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები მარალია?
- მაღალია ადა ამისათვის აშშ ყველაფერ აკეთებს. ლარის კურსის დაცემა და ეკონნომიკური პრობლემების გაჩენა შემთხვევითი არ არის, ეს ყველაფერი წინასწარ დადგმული სპექტაკლია ამერიკისა და „ნაციონალების“ მიერ, რომელშიც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიცაა ჩართული (მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე). სამწუხაროდ, არჩევნები არც მომავალ წელს არ იქნება თავისუფალი – ბიძინა ივანიშვილს ამერიკელები ისევ თავიანთ ხალხს ჩაასმევინებენ სიაში. ეს ხალხი ისედაც მოდებულია მთელ ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში რესპუბლიკელები მყავს მხედველობაში. მათ თავი ამერიკულ ხმაზე მოჭიკჭიკე ჩიტები ჰგონიათ, სინამდვილეში კი ღამურები არიან, რომლებიც „ნაციონალებზე უარესები არიან, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ თინა ხიდაშელი და მისი ქმარი.
“ახალი თაობა“, 6 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ შოთა მალაშხიასთა: „ნატოს ცენტრი იმიტომ იხსნება, რომ თვით ნატო აქტიურობს, ანუ ეს საქართველოს ხელისუფლების დამსახურება არ არის“
„ახალი თაობის“ კორესპონდენტთან პარლამენტის უმცირესობის წევრი და ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია საქართველო-რუსეთისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდებს:
- თქვენ ბიძინა ივანიშვილი ადრეც დაადანაშაულეთ იმაში, რომ 2008 წლის ომის დამწყებად მან საქართველო დაასახელა. თქვენი აზრით, ამის გამოა იგი რუსეთის ინტერესების გამტარებელი?
- ბიძინა ივანიშვილის ასეთი განცხადება სერიოზულად ანტიქართულია, მაგრამ გარდა ამისა, მან მინისტრად პაატა ზაქარეიშვილი დანიშნა, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე საუბრობს და არაფრად მიიჩნევს რუსეთის საოკუპაციო ზოლის გადმოწევას. სხვათაშორის, ხშირად პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები უფრო ანტიქართულია, ვიდრე რომელიმე რუსი მაღალჩინოსნის განცხადებები.
(…)
- რატომ ვერ ასრულებს საქართველო ნატოში შესვლისათვის სავალდებული „მაპ“-ის პირობებს?
- რასაკვირველია, ვერც შეასრულებს. „მაპ“-ის მისაღებად რეფორმების გატარებაა აუცილებელი და ეკონომიკის აძლიერება. ჩვენ არცერთი გვაქვს და არც მეორე. საუბედუროდ, ჯარი მოიშალა, ხდება მისი დისკრედიტაცია. მაგალითად, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს გენშთაბის უფროსი პირდაპირ კაბინეტში დააპატიმრეს. ეს ნატოს სამიტის წინ მოხდა, შემდეგ კი თვითონ ირაკლია ალასანია გახდა მსხვერპლი… ამჯამად „მაპ“-ის მიღება რეალური არ არის. ევროსტრუქტურები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია. ინტერპოლი საქართველოს თხოვნებს რომ არ აკმაყოფილებს, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენთან ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან..
- ნატო-საქართველოს ურთიერთობებში წინსვლას ვერ ხედავთ, თუმცა ცოტა ხანში საქართველოში ნატოს საწრთვნელი ცენტრი უნდა გაიხსნას…
- ეს მისასალმებელია. ცენტრი იმიტომ იხსნება, რომ თვით ნატო აქტიურობს, ანუ ეს საქართველოს ხელისუფლების დამსახურება არ არის. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე სხვა სიტუაცია იყო, რადგან მაშინ ნატომ თვითონ შეიკავა თავის „მაპ“-ის მოცემაში და ამით რუსეთიც დააწყნარა, თუმცა საქართველო სამომავლოდ დააიმედა, ალიანსის წევრი გახდებიო. იმ მომენტში ჩანდა, რომ რუსეთი დაწყნარებული იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა – მოსკოვი საქართველოშიც შემოიჭრა და უკრაინაშიც. ანუ დღეს სხვა ვითარებაა: რუსეთის მიმართ სანქციები გამოიყენება და ამ ფონზე თუ „მაპ“-ს მაინც არ გვაძლევენ, ეს საქართველოს ბრალია.
- თავდაცვის მინისტრი საქართველოსთვის მაპს აქტიურად მოითხოვს…
- ეს რომ მოჩვენებითი აქტიურობა არ გამოვიდეს, მას თან სხვა მოქმედებებიც უნდა ახლდეს. თავდაცვის მინისტრმა თავის ქართველ კოლეგებს უნდა მოსთხოვოს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებსაც ნატო აყენებს. მან თვითონაც რეალურად უნდა მიხედოს თავის სფეროს, უნდა დაინტერესდეს იმით, აქვს თუ არა აზრი გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრებს. განა რა წარმატებას უნდა მივაღწიოთ ამ შეხვედრებით, როცა გრიგორი კარასინს უდიდესი სახელმწიფოს ორგანოს აპარატი ემსახურება, ზურაბ აბაშიძეს კი ორი-სამი თანამშრომელი ჰყავს?თუ ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსი აქვს არჩეული, ამ პრობლემებს უნდა მიხედოს და მარტო ქართველი ჟურნალისტებისათვის არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს „მაპ“-ის მიღების დაჩქარების ტაობაზე.