„რეზონანსი“: ოკუპაცია ავტომაგისტრალს დიდი სისწრაფით უახლოვდება // ახლა მათი მთავარი ამოცანა საავტომობილო მაგისტრალის კონტროლია”
„რეზონანსი“: სად გადის წითელი ხაზი მცოცავ ოკუპაციასა და საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებს შორის?
„რეზონანსი“: რუსული ემბარგო საქართველოს 280 მილიონს დააკარგვინებს // “ისეთი ვითარებაა, რომ ექსპორტიდან მიღებულ თითოეულ დოლარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება”
კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ეგ გეგმა მართლა აქვს რუსეთს, ძალიან უნდა, სამეგრელოც ჩამოაჭრას საქართველოს, აფხაზეთი შეუერთოს და ერთად აკონტროლოს. როგორც ჩანს, ახლა ამ გეგმის განხორციელება დაიწყო!“
„ახალი თაობა“: რითი აშანტაჟებს სააკაშვილი მაკკეინს? // ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „2008 წლის ომის ავანტურაში თემურ ალასანიაც მონაწილეობდა“
———————
„რეზონანსი“, 11 აგვისტო, 2015 წელი
ოკუპაცია ავტომაგისტრალს დიდი სისწრაფით უახლოვდება
“ახლა მათი მთავარი ამოცანა საავტომობილო მაგისტრალის კონტროლია“
იაგო ნაცვლიშვილი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღმნიშვნელი კიდევ ორი ბანერი გამოჩნდა – ამჯერად ოკუპანტებმა ბანერები ქარელის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ თამარაშენის განაპირას დაამონტაჟეს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ძველი ბანერებიდან ახალ ნიშნულამდე მანძილი დაახლოებით 800 მეტრია. ახალი ბანერის მიხედვით, თამარაშენლების კუთვნილი რამდენიმე ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. შეიარაღებულმა ფორმიანებმა, დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი საინფორმაციო ბანერები იმ ტერიტორიაზე დაამონტაჟეს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ხორბლის და ქერის ნათესები აქვს.
“ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ხელისუფლებას ურჩევს, რომ გაარკვიოს სად გადის წითელი ხაზები. მმართველ გუნდს მოუწოდებს ჩამოყალიბდეს, თუ რისი დათმობისთვის არის მზად. დავითაია ბლოგპოსტების აღდგენას ითხოვს.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა გაააქტიუროს. იგი იმასაც უსვამს ხაზს, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე როგორ მწვავედაც უნდა დადგეს საკითხი, ეს მაინც არაფერზე ახდენს გავლენას.
მმართველ გუნდშიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ერთადერთი ბერკეტი ქართული დიპლომატიის აქტიურობაა. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სპეცსამსახურების კარგ მუშაობასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ამის შედეგია ის, რომ ოკუპანტების ქმედებები ზღვარს არ გასცდენია.
————–
“ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ უნდა გაირკვეს, სად გადის ჩვენი წითელი ხაზები და ტერიტორიის რა ნაწილის დათმობაზეა ხელისუფლება თანახმა.”რუსეთის ფედერაციას უნდა საქართველოს სრული ოკუპაცია, უნდა, რომ ყველაფერი მისი კონტროლის ქვეშ იყოს, ამისთვის ყველაფერზე მიდის. როგორც უნდა იქცეოდეს საქართველოს მთავრობა, იქნება ეს აგრესიული პოლიტიკა თუ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, მაინც არ დააკმაყოფილებთ მიღწეული შედეგი. მათ უნდათ მეტი ტერიტორიების დათმობა. ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა და სადამდე ვართ დამთმობი.
ყველას გვესმის, რომ ესენი არ არიან ოსი სეპარატისტები, ესენი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები არიან. მათი ამოცანა იყო, რომ ნავთობსადენი თავისი კონტროლის ქვეშ მოექციათ. ახლა მეორე ამოცანა აქვთ – საავტომობილო მაგისტრალის კონტროლი. ნაწილობრივ ამასაც აკონტროლებენ, იმიტომ, რომ ავტომატის დაფარვის ზონის ქვეშ არის. იქ რომ გასროლა მოახდინონ, მაშინ მაგისტრალზე მოძრაობა სრულად შეჩერდება, მაგრამ ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ გზის მთლიანი კონტროლი. ტრასაზე რომ ატეხონ ავტომატების სროლა, ამაზე პასუხისმგებელი ვინაა?!”, – კითხულობს დავითაია, რომელიც აცხადებს, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე საზღვრისპირა რეგიონებში იყო ქართული ბლოკპოსტები, სადაც ჩვენი მესაზღვრეები პატრულირებდნენ.
“ამ პერიოდში 70-მდე პოლიციელი დაიღუპა, იმაზე მეტი, ვიდრე ეს აგვისტოს ომის დროს მოხდა. ქართველი პოლიციელები სისხლის ფასად იცავდნენ ჩვენს ტერიტორიას, მაგრამ მაშინ არ ხდებოდა ე.წ. ბორდერიზაცია. დღეს ეს ბლოკპოსტები მოხსნილია. ახლა, როდესაც ეს მოხდა, რუსმა ჯარისკაცებმა დაიწყეს თავისუფალი გადაადგილება. ამ პოლიტიკით შესაძლოა, თბილისამდეც ჩამოვიდნენ. რეალურად უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, რა უნდა და სადამდეა ტერიტორიების დამთმობი.
“მხოლოდ და მხოლოდ დამგმობი განცხადებების კეთება საკმარისი არ არის და საჭიროა სწრაფი ღონისძიებების გატარება, რათა კიდევ მეტი ტერიტორია არ მოექცეს საფრთხის ქვეშ. მთავრობის წევრი, მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს რომ ომს ხომ არ დავიწყებთო? სწორია, მაგრამ მაშინ დავთმოთ თბილისი და დავთმოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლება უნდა გაერკვეს, რისი დათმობისთვის არის მზად და სად გადის ქართული სახელმწიფოებრიობის ზღვარი.
“2008 წელს იყო ომი და დავკარგეთ ტერიტორიების 20%, მაგრამ ახლა ამ პოლიტიკით არანაკლები ტერიტორიები იკარგება. თუ წინა ხელისუფლებას დავაბრალებთ აგრესიულ პოლიტიკას, რის შედეგადაც დაიკარგა ტერიტორიები, დღევანდელი სირაქლემას პოლიტიკით უფრო მეტი ტერიტორია იკარგება. ოპოზიციაში ვარ და ხელისუფლების კრიტიკა ჩემთვის ძალიან ადვილია, მაგრამ მერწმუნეთ, რომ არ მინდა, ეს ასე იყოს”, – გვითხრა პაატა დავითაიამ.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთისთვის ზღვარი არ არსებობს.
“რაც მეტის საშუალებას მისცემს მას საქართველოს ხელისუფლება, მით უფრო მეტს გააკეთებს. ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ არასწორი იყო ხელისუფლების რეაქცია წინა შემთხვევაზე. მაშინ მმართველმა გუნდმა სათანადო ყურადღება არ მიანიჭა ე.წ. საზღვრის გადმოწევას და არ მოახდინა საერთაშორისო ორგანიზაციების სათანადო კონსოლიდაცია. სწორედ ამიტომ იგივე ქმედება განმეორდა.
“მაშინ ეს მოხდა აბაშიძე-კარასინის შეხვედრის წინ, ახლა უკვე ეს მათი შეხვედრის შემდეგ ხდება. ანუ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რამდენად მწვავედ დააყენებს შეხვედრაზე საკითხს აბაშიძე.
“რუსეთზე არაფერი არ ახდენს გავლენას, თუკი ეს არ იქნება მძაფრი საერთაშორისო რეაქცია. ამისთვის საჭირო იყო ის, რომ საელჩოებს ჰქონოდათ მკაფიო ინსტრუქცია, თუ როგორ მოეპოვებინათ საერთაშორისო მხარდაჭერა. ამას გარდა, ოფიციალური თანამდებობის პირებსაც უნდა ემუშავათ ამ თემაზე 24 საათის განმავლობაში. ეს რომ მომხდარიყო, სამი კვირის თავზე რუსეთი იგივეს ვეღარ გაბედავდა”, – გვითხრა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა. ფანჯიკიძე სპეცსამსახურების როლზეც საუბრობს.
“პირველ რიგში ჩვენ უნდა გვაღელვებდეს მოსახლეობის ბედი, მათი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ყველა შემდგომი ქმედება ამ პრიორიტეტიდან უნდა გამომდინარეობდეს.
“საკონტროლო პუნქტებს და ჩვენი სამართალდამცავების მეტ აქტიურობას რაც შეეხება, ეს, რა თქმა უნდა, გასაკეთებელია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ძალიან ინტენსიური და აქტიური თანმაშრომლობა, რათა მოხდეს მათი მაქსიმალური მობილიზაცია. როგორც ჩანს, მათი პატრულირება უნდა იყოს გაცილებით ხშირი, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი”, – გვითხრა მაია ფანჯიკიძემ.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყველა ასეთ ფაქტზე ჩვენი რეაგირება უნდა იყოს მყისიერი და ძალიან ხისტი.
“რა თქმა უნდა, მომხდარ ფაქტებს ჩვენ ნეგატიურად ვაფასებთ. გასაგებია თქვენი კითხვის პათოსი, რომ სადამდე უნდა ითმინონ საქართველოს მოქალაქეებმა, მაგრამ ამ ურთულეს მომენტში ყველაზე გონივრული სწორედ მოთმინებაა. რაც უფრო აქტიური, ინტენსიური, ხისტი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა ამ პროცესში, მით მეტია შედეგის მოტანის შესაძლებლობა.
“ერთადერთი ბერკეტი დღეს არის ჩვენი დიპლომატიის აქტიურობა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და მათ მიერ გამოხატული მკაცრი პოზიცია. სამწუხაროდ, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, მეტი ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს”, – გვითხრა თედო ჯაფარიძემ, რომელიც სპეცსამსახურების როლზეც აკეთებს აქცენტს.
“თქვენ მეკითხებით ძალიან სპეციფიკური ინსტიტუტების საქმიანობაზე. მე არ ვარ სპეცსამსახურების წარმომადგენელი, მაგრამ მგონია, რომ მათი დამსახურებაა, რომ რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკა ზღვარს არ გადავიდა. მართალია, დინამიკა ნეგატიურია, მაგრამ ზღვარს გადასული არ არის. ასე მგონია, არც გადავა”, – უთხრა “რეზონანსს” თედო ჯაფარიძემ.
„რეზონანსი“, 11 აგვისტო, 2015 წელი
სად გადის წითელი ხაზი მცოცავ ოკუპაციასა და საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებს შორის?
თეა ბეჟიტაშვილი
რუსმა ოკუპანტებმა საზღვარი კიდევ 800 მეტრით გადმოწიეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ორი ახალი ბანერი ამჯერად ქარელის რაიონის ტერიტორიაზე დაამონტაჟეს. სოფელ თამარაშენის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ხორბლის და ქერის ნათესები აქვს, შეიარაღებულმა ფორმიანებმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი საინფორმაციო ბანერები გუშინ დაამონტაჟეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ძველი ბანერებიდან ახალ ნიშნულამდე მანძილი დაახლოებით 800 მეტრია, შესაბამისად, ახალი ბანერის მიხედვით, თამარაშენლების კუთვნილი რამდენიმე ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
თქვენი აზრით, სად გადის წითელი ხაზი მცოცავ ოკუპაციასა და საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებს შორის? ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): ამ შემთხვევაში ჩვენ საპასუხო რეაქცია არ გვექნება, რადგან არც ძალა გაგვაჩნია და არც სახელმწიფოებრიობა. თუ პასუხს ის ადამიანები გასცემენ, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე იღებენ პასუხისმგებლობას, კი ბატონო, მაგრამ ისინიც არაფერს აკეთებენ, რადგან მიჰყვებიან იმ ხაზს, რომელიც 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე დაადგინეს და ეს არის ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვარი, რომელშიც სააკაშვილმა ახალგორიც მოაქცია.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): ჩვენ საპასუხოდ ალბათ რაღაც ისეთებს ვაკეთებთ, რომ ვაგიჟებთ და ისინი ჩვენ გვაგიჟებენ. სხვა ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ ჩვენები ჩუმად არიან, მაგრამ საქმით აკეთებენ ისეთებს, რომ რუსები ცოფდებიან და აქეთ გვაგიჟებენ, საბოლოოდ კი ისევ ჩვენ ვღიზიანდებით და ჩვენ გვაკლდება. რუსები სიტყვით არ გამოდიან და არ ამბობენ, რომ ქართველებმა ესა და ის დააშავესო, უბრალოდ სამაგიეროს ჩუმად გვიხდიან.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): დარწმუნებული ვარ, რუსები კანონის დარღვევით ყველაფერს გააკეთებენ და კიდევ უარესს გააკეთებენ, ვინაიდან რუსეთის საწინააღმდეგოდ მსოფლიოს არ აქვს წამალი, თუ როგორ უნდა ებრძოლოს. რუსეთი არავითარ კანონებს არ იცავს. ჩვენ იმის ძალა არ გვაქვს, რომ მათ ძალის გამოყენებით დავუპირისპირდეთ. ჩვენი ერთადერთი საშუალებაა ხმამაღლა ყვირილი და მსოფლიოსთვის იმის თქმა, რომ რუსეთი ყველანაირ კანონს არღვევს და დაგვეხმარეთ. რა უნდა ქნა ამ სიტუაციაში, ვინმემ იცის?
მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი): სანამ რუსეთს გაუვა, საზღვარს კიდევ გადმოწევს, რა გგონიათ, რომ თავისი ნებით გაჩერდება? ჩვენი მთავრობის რეაქცია მკაფიო და გასაგებია. იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსეთს ოკუპირებული აქვს, ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინააღმდეგი ვარო და მოსკოვში ეს სიგნალი ძალიან სწორად გაიგეს. რუსეთი რასაც უნდა იმას გააკეთებს და ჩვენი მთავრობა ამაზე ხმას არასდროს გასცემს.
„რეზონანსი“, 11 აგვისტო, 2015 წელი
რუსული ემბარგო საქართველოს 280 მილიონს დააკარგვინებს
“ისეთი ვითარებაა, რომ ექსპორტიდან მიღებულ თითოეულ დოლარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება”
ელზა წიკლაური
(შემოკლებით)
2013 წელს საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 6,5% იყო, 2014-ში – 9,6%, 2015 წლის იანვარ-ივნისში – 6,5%. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს მორიგ ემბარგოს დაუწესებს, საქართველოს დაახლოებით 280 მლნ დოლარის საექსპორტო დანაკარგი ექნება. სპეციალისტები თვლიან, რომ ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის, განსაკუთრებით ეს იმ ცალკეულ კომპანიებს დააზარალებს, რომლებიც მხოლოდ რუსულ ბაზარზე არიან ორიენტიებულნი.
როგორც ჩანს, მოსკოვი ემბარგოს დაწესებისათვის სერიოზულად ემზადება და ამჯერადაც, პირველი პროდუქცია, რასაც რუსეთი „წითელს აუნთებს“, ისევ ალკოჰოლური სასმელები იქნება. თუ მოვლენები 2006 წლის მსგავსად განვითარდება, შემდეგ თანმიმდევრულად აიკრძალება მინერალური წყალი და ყველა ის პროდუქტი, რომელიც საქართველოდან რუსულ ბაზარზე შედის.
(…)
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე თვლის, რომ რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში ყველაზე დიდ დარტყმას ღვინისა და მინერალური წყელების კომპანიები მიიღებენ. მართალია, მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი ძალიან მნიცნელოვანი არ არის, თუმცა ცალკეული მიმართულებებით საკამოდ დიდია. „ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, ხომ არ უკავია ამა თუ იმ სასაქონლო ჯგუფს რომელიმე ერთი ქვეყნის ექსპორტში ერთ მესამედზე მეტი. მაგალითად, თუ რუსეთი ემბარგოს დააწესებს. ეს ღვინისა და მინწყლების ექსპორტისათვის სერიოზული დარტყმა იქნება და სესაბამისად, მას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება სოფლის მეურნეობისა თუ მეღვინეობის დარგების მიმართულებით. იმის მიუხედვად, რომ ქართული ღვინოები ინმტენსიურად გადიოდა ევროპასა და ჩინეთში, რუსეთს მაინც ტრადიციულად საკმაოდ სოლიდური წილი ეკავა და რუსული ბაზრის ამოვარდნა ქართული ექსპორტის გეოგრაფიიდან, რა თქმა უნდა, ნეგატიური შედეგვის მომტანი იქნება.
საერთოდ, კი ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სხვა მიმართულებითაც, ანუ ექსპორტის დივერსიფიცირებაზე და არა მარტო საქონლის, არამედ მომსახურების ექსპორტზეც. მე ვგულისხმობ ღვინის ტურებს, ანუ ისეთი ტურისტების ჯგუფების შემოყვანას, რომლებიც ღვითა და ღვინის ნაწარმით იქნებიან დაინტერესებულნი. მართალია, ეს უფრო მეტ დროს და კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს, მაგრამ ამის გაკეტება კარგი იქნება. არ შეიძლება, რომ ექსპორტის დიდი ნაწილი მხოლოდ ერთ ბაზარზე მოდიოდეს“.
ეკონომიკის გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის წილი სტატისტიკურად არ არის ისეთი დიდი, რომ ემბარგოს შემთხვევაში რაიმე დრამატულ მოვლენებზე ვისაუბროთ. „ზოგადად დღეს ფონი და სიტუაცია ძალიან მყიფეა, ყველა დამატებით დოლარსსავალუტო ბაზრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ეს შეიძლება ბოლო წვეთი გახდეს სერიოზული ნეგატიური პროცესების დასაწყებად. სიტუაცია მარტივი ისედაც არა არის, რადგან ახლა ზაფხულია და ლარის გაუფასურება არ უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს სავალურო შემოდენებასთან დაკავშიებით პრობლემებია, შემოდგომაზე კი წნეხი სულ უფრო მეტად გაიზრდება, ამიტომაც ექსპორტიდან მიღებულ თითოეულ დოლარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებულ პირობებში ემბარგოს დაწესებამ შესაძლოა რთული პროცესების კატალიზატორის როლი ითამაშოს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
„კვირის ქრონიკა“, 10 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ეგ გეგმა მართლა აქვს რუსეთს, ძალიან უნდა, სამეგრელოც ჩამოაჭრას საქართველოს, აფხაზეთი შეუერთოს და ერთად აკონტროლოს. როგორც ჩანს, ახლა ამ გეგმის განხორციელება დაიწყო!“
ლევან ჯავახიშვილი
(შემოკლებით)
2008 წლის აგვისტოს ომი არა მხოლოდ დღევანდელ, მომავალ ხელისუფლებასაც ლოდივით ეკიდება კისერზე. (…) მისი იარები კიდევ დიდხანს გასტანს და ღმერთმა იცის, რა ტერიტორიებიც დავკარგეთ, იმას ოდესმე დავიბრუნებთ თუ არა… მოდით, განვიხილოთ, ამ ომის შემდეგ, ამ 7 წლის მანძილზე კიდევ რა დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ და გვაქვს თუ არა შანსები, ოდესმე მშვიდად ვიცხოვროთ.
რუსეთმა ამ ომით საწადელი ნაწილობრივ აისრულა. რუსეთ-საქართველოს საზღვარი რამდენიმე ათეული კილომეტრით აქეთ გადმოსწია. ასევე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უფრო მყარად დაეპატრონა, შესაბამისად, ნატო-ამერიკის მოქმედების არეალი შეზღუდა კავკასიაში და ნატო-ს სამხრეთით გაფართოება შეაფერხა. მისი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო ამ ომში.
საქართველომ ამ ომით ნატო-ში გაწევრიანების შანსი კი სამუდამოდ დაკარგა. ახლა ნუ მეცემიან ლიბერასტი პოლიტიკოსები და მათი არასამთავრობოების ლიდერები და ნუ მეტყვიან, რომ ხალხში ნიჰილიზმს ვთეს, ნატო-ს კარი ღიაა ჩვენთვის და მასში შესვლა მხოლოდ დროის საქმეა. არა, მე სიმართლეს ვამბობ,მეგენი კიდევ დღემდე იტყუებიან. კიდევ ერთხელ დავწერ, ნატო-ს თავის წესდებაში უწერია, რომ მისი წევრი ვერ გახდება ქვეყანა, რომელსაც რომელიმე ქვეყანასთან სადავო ტერიტორია აქვს. ჩვენ ასეთი სადავო ტერიტორიები რუსეთთან გვაქვს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. შესაბამისად, ვიდრე ეს კონფლიქტები არ გადაწყდება, ნატოს წევრები ვერ გავხდებით. ნატო კი, ეს კონსერვატიული ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარი წესდებისთვის 40 წელია, არ გადაუხედავს, ჩვენ გამო არ შეცვლის წესდებას, საკუთარ რიგებში არ გაგვაწევრიანებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აამოქმედოს წესდების მე-5 მუხლი, რომელიც ნატოს ყველა წევრს აგრესორის წინააღმდეგ სამხედრო პასუხის გაცემას ავალდებულებს. ეს ნატო-სა და რუსეთს შორის ომს ნიშნავს. ნატო კი რუსეთთან ჯერ ომს არ აპირებს და საქართველოს გამო მას არასდიდებით არ დაიწყებს. აი, ეს გახლავთ სიმართლე და არა ის იდიოტიზმი, რითაც დღემდე აბრუებენ ხალხს სააკაშვილის მადიდებელი პოლიტიკანები და მათი მხარდამჭერები. თუმცა, რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, ის კვლავ მოიწევს წინ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილს ე.წ. მცოცავი ანექსიის შედეგად ითვისებს და სხვა, უფრო შემაშფოთებელი გეგმებიც აქვს. ზუსტად ეგრეა საქმე – რუსეთს როცა და სადაც მოეხოშება, იქ გადმოსწევს საზღვარს, რამდენ ჰექტარ ქართულ მიწასაც უნდა, იმდენს მიითვისებს და წინააღმდეგობის გამწევი არავინ არის.
(…)
რუსეთის პოლიტიკური ელიტა არ მალავს, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანი საქართველოს სრულად გაკონტროლებაა და ადრე თუ გვიან, ომით თუ მშვიდობიანი გზებით, ამას მიაწევენ. ეს ჩვენშიც კარგად იციან, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი თავს იშტერებს და აცხადებს, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა დავამყაროთ, რუსეთი უნდა დავიმეგობროთ და აგრესიაზე ხელი ამით ავაღებინოთ. კი მაგრამ, ამ აგრესიაზე ხელს რომ არ იღებს? მეგობრები არ ვიყავით, აფხაზეთი ომით რომ წაგვართვა და 300 000 კაცი გამოგვიყარა იქიდან? თუმცა, ამ ადამიანებსაც უნდა გავუგოთ.
რუსეთთან ძალით ვერაფერს გავაწყობთ, ამაში 2008 წელს დავრწმუნდით, ენის მოჩლექითა და დათმობის პოლიტიკითაც ვერ შევაჩერებთ. რა ვქნათ, როცა არც ძალა ჭრის რუსეთთან და არც იმის დიპლომატიური რესურსი გაგვაჩნია, რომ მისით გავაჩეროთ?
შეიძლება ითქვას, ჩიხში ვართ. ამ ჩიხიდან კი გამოსავლის მაგვარი საერთაშორისო ორგანიზაციების, გავლენიანი ქვეყნების რუსეთზე ზეწოლაა, რათა მათ აიძულონ რუსეთი, საქართველოს მიმართ აგრესია შეწყვიტოს. თუმცა, ესეც ეფემერული იმედია. თუ დასავლეთის ინტერესებში შედის რუსეთის ამ აგრესიის შეჩერება, ამას გააკეთებენ, მაგრამ თუ მათ ინტერესებში არ არის, ხელსაც არ გაანძრევენ. შესაბამისად, იმ დასავლეთისთვის საქართველო საინტერესო და რაღაც სიკეთის, ხეირის მომტანი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს. დღეს, როგორც ჩანს, დასავლეთს საქართველო ნაკლებად აინტერესებს, რადგან რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს. მოკლედ, არჩევანი არ გვაქვს, ან დასავლეთის გავლენის სფეროში უნდა ვიყოთ, რომ მან რუსეთისგან დაგვიცვას, ან რუსეთს უნდა ვემონოთ. თუმცა, ლამაზი თვალების გამო არც დასავლეთი გვიპატრონებს. ფაქტობრივად, დასავლეთმა, უკეთეს შემთხვევაში, ცივილიზებული სახის მონობა შეიძლება შემოგვთავაზოს რუსეთისგან დაცვის გარანტიების სანაცვლოდ. საქართველო მსოფლიო წამყვანი ქვეყნების თანხმობის გარეშე, ვერც საგარეო პოლიტიკაში, ვერც სამხედრო სფეროში, ვერც ფინანსურში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ განახორციელებს. მნიშვნელობა არ აქვს, ვიქნებით თუ არა რომელიმე საერთაშორისო კავშირის წევრები, თუ პარტნიორები, მაინც მათი კარნახით უნდა ვიცხოვროთ.
ბოლო პერიოდში საზოგადოება კიდევ ერთმა საკითხმა დააბნია. ევროპამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა და ძველი კიდევ 6 თვით გაუგრძელა. როგორც აღმოჩნდა, რუსეთისთვის სანქცია ჩვენც დაგვიწესებია. თუმცა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არაო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ შევუერთდებით ამ ეტაპზეო. მაგრამ უკვე შეერთებულები ვართ. საქმე ისაა, რომ როცა რუსეთს პირველად დაუწესეს ევროპაამერიკის ქვეყნებმა სანქციები ყირიმის ოკუპაციის გამო, სანქციათა პაკეტის ერთ პუნქტს ხელი მართლაც მოვაწერეთ. კერძოდ, საქართველომ უარი განაცხადა ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და სხვა სახის პროდუქციის შესყიდვაზე რუსეთისგან. სულ ეს არის…
2008 წლის ომმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ფაქტობრივად, სამუდამოდ დაგვაკარგვინა. აფხაზეთისგან რუსეთი ბევრ ხეირს ელის, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო, გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. რუსეთი და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია აცხადებენ, რომ აფხაზეთირუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა მალე აღდგებაო და როგორც ჩანს, ეს პროცესი ახლა მართლა დაიწყო. რუსმა სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს. რას მოასწავებს ეს ყველაფერი?
———————-
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე, დასავლეთის დახმარებით ამ საფრთხეების შეკავების შანსებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, „ქრონიკას“ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ესაუბრება:
- ბატონო ვახტანგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავება იმიტომ დაიწყეს, რომ რუსეთ-აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთი აღდგება და მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს რას ნიშნავს და რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ ამ პროცესის შესაჩერებლად?
- რუსეთს სჭირდება სამხედრო ტრანზიტი ყველა მიმართულებით, ამ შემთხვევაში, სომხეთთან დასაკავშირებლად სჭირდება ეს რკინიგზა. უფრო კონკრეტულად, გიუმრის სამხედრო ბაზაზე გარკვეული ტიპის სამხედრო ტვირთების გადაზიდვა უნდა და აფხაზეთის რკინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენაც ამ მიზანს ემსახურება. ეს სარკინიგზო ხაზი სომხეთისას შეუერთდება. ამას მე რამდენიმე წელია ვაცხადებდი. კარგად ვიცი რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესების შესახებ და იმიტომ ვვარაუდობდი, რომ ეს მალე მოხდებოდა. ამ რკინიგზის აღდგენას გალიდან ზუგდიდამდე აპირებენ. რუსეთს უფრო შორსმიმავალი მიზნები აქვს – ძალიან უნდა, სამეგრელოც ჩამოაჭრას საქართველოს, აფხაზეთი შეუერთოს და ერთად აკონტროლოს. რუსეთს სჩვევია მრავალსვლიანი კომბინაციებით პოლიტიკური და სამხედრო საკითხების გადაწყვეტა.
(…)
დღესაც ისეთი სიტუაციაა, პატარა სახელმწიფოს არავინ არაფერს ეკითხება, მის ბედს ისე წყვეტენ დიდი ქვეყნები. რუსეთი შეეცდება, საქართველოს ხელისუფლება წამოაგოს რაიმე პროვოკაციაზე, რაც რეგიონში სიტუაციას არევს და რუსეთს საშუალებას მისცემს შედარებით ღიად იმოქმედოს სამეგრელოში. სადაც რუსეთი ვერ გამოჩნდება, იქ აფხაზეთის მარიონეტი ხელისუფლება იმოქმედებს, რაც, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. მოკლედ, სამეგრელოში სეპარაციის გაღვივებას შეეცდება რუსეთი, ეს მისი დიდი ხნის გეგმაა. ამხელა საფრთხის წინაშე არ დავდგებოდით, რომ არა 2008 წლის ომის შედეგები და რუსეთის მიერ, აფხაზეთის აღიარება. ამ ომმა წაგვართვა ბერკეტები, ამ პროცესს წინ აღვდგომოდით. მიხეილ სააკაშვილის გაუაზრებელმა ქმედებებმა ის ომი თავს მოგვახვია და აქამდე მიგვიყვანა. ეს სწორედ ომის შედეგია. საქართველოს ხელისუფლებას კი არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, რუსეთის შესაკავებლად, რუსეთი გაფართოების პროცესს არ შეწყვეტს და ამას ისევე აგრესიულად გააკეთებს, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში.
შეიძლება ითქვას, ჩვენ ხელებჩამოშვებულებმა უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს. ერთადერთი გამოსავალია დასავლეთი. თუ საქართველოზე გაიარა მასშტაბურმა ენერგოპროექტებმა, მაშინ დასავლეთისთვის საინტერესო რეგიონი ვიქნებით, აქ მათი მილიარდობით კაპიტალი იქნება ჩადებული და რუსეთს საქართველოში ბევრი რამის ნებას არ მისცემენ. კი, ბაქო-სუფსა და ბაქო-ჯეიჰანი გადის საქართველოზე, მაგრამ ამ პროექტების მასშტაბურობა ვერ არის ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტი.
(…)
- მაგრამ დასავლეთისა და რუსეთის მუდმივი კონფრონტაციის ფონზე, წესით, დასავლეთმა რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ზრახვების შესაკავებლად, საქართველოს პარტნიორობა უნდა არჩიოს.
- კი, დასავლეთი კიდევაც არის საქართველოს პარტნიორი, ამას არავინ უარყოფს. რუსეთი, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენი მტერი სახელმწიფოა, მაგრამ ამით რა შეიცვალა? რა შეიცვალა 2008 წლის ომის შემდეგ, რის შედეგადაც რუსეთი საქართველოს ოკუპანტად დაფიქსირდა? ვუძახოთ ახლა ოკუპანტი და ვიყოთ ასე. დასავლეთი და რუსეთი კი არიან კონფრონტაციის რეჟიმში, ერთმანეთს სანქციებს უწესებენ, მაგრამ ამის იქით არ მიდის საქმე.
უკრაინა საქართველოზე მეტად მნიშვნელოვანი ქვეყანაა დასავლეთისთვის, მაგრამ ყირიმისა და სევასტოპოლის მიერთება ხახვივით შერჩა რუსეთს. ჩვენ გამო დასავლეთი რუსეთს ომს არ გამოუცხადებს, ეს ფაქტია. კი, რაღაც საშუალებით ცდილობს რუსეთის შეჩერებას, მაგრამ აღმაშფოთებელი განცხადებების იქით არ მიდის ეს საქმე. რასაც უნდა, რუსეთი იმას აკეთებს საქართველოს არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ახალ ტერიტორიებსაც იტაცებს და საოკუპაციო ზოლში აქცევს. ეს ნიშნავს, რომ, ამ ეტაპზე, დასავლეთისგან მეტ მხარდაჭერას არ უნდა ველოდოთ და არც რუსეთი არ გაჩერდება.
- მოკლედ, გულხელდაკრეფილებმა შორიდან უნდა ვუყუროთ, რას გვიზამს რუსეთი?
- შეგახსენებთ 1939-1940 წლებს, როცა საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ბალტიის სახელმწიფოები და მისი აგრესიის შესაჩერებლად თითი არავინ გაატოკა. ერთზე კი არა, სამი სახელმწიფოს დაპყრობაზეა ლაპარაკი. დღესაც თითქოს ანალოგიური სიტუაციაა, პატარა სახელმწიფოს არავინ არაფერს ეკითხება, მის ბედს ისე წყვეტენ დიდი ქვეყნები. ხომ ნახეთ, 2008 წლის ომის შემდეგ, ერთი მართლაც სანქცია რაა, ისიც არ დაუწესებია დასავლეთს რუსეთისთვის, არადა ფაქტია, ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა და რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია სახეზე იყო. რუსეთთან ომის დაწყება სიგიჟეა, რუსეთსაც ეს უნდა, დაგვიპყრობს და დამთავრდება ყველაფერი. სხვა გზა აღარ გვაქვს, უნდა დაველოდით მსოფლიო გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და ვინატროთ, ისეთი ცვლილებები განხორციელდეს, რომ ჩვენთვის სასურველი იყოს, დასავლეთის ენერგო და სხვა სახის პროექტების ინტერესებში მოვექცეთ და ამის შედეგად, დასავლეთმა რუსეთის აგრესია შეაცეროს ან შეასუსტოს.
„ახალი თაობა“, 11 აგვისტო, 2015 წელი
რითი აშანტაჟებს სააკაშვილი მაკკეინს?
ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „2008 წლის ომის ავანტურაში თემურ ალასანიაც მონაწილეობდა“
რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინ და ვის აწყობდა მოვლენების ასე განვითარება? – ამის შესახებ „ახალ თაობის“ ჟურნალისტ გულიკო ბალაძეს ყოფილი დეპუტატი თენგიზ დიხამინჯია ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს:
- დღევანდელი გადასახედიდან შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება?
- ეს ომი დაგეგმილი იყო, რაშიც შესცოდა ორივე მხარემ, როგორც რუსეთის, ისე ამერიკის ხელისუფლებებმა. ახლა უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ხელისუფლება ამაში დაინტერესებული იყო (მაშინდელი ბუშის ადმინისტრაცია). მაკ კეინი კენჭს იყრიდა. ფაქტობრივად, მაკკეინის ბედ-იღბალს ეს ომი განსაზღვრავდა. გლობალიზაციის პროცესი რომ არის, თვალნათლივ ჩანს. მაკ კეინი მოიგებდა, თუ რუსეთს ოკუპანტის სტატუსი მიენიჭებოდა. რაც უფრო დრამატული სახე მიეცემოდა ომს და რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევას დააფიქსირებდა (თუ რუსეთი საქართველოს სიღრმეში შემოიჭრებოდა), მით უფრო მაკ-კეინს მიეცემოდა მეტი შანსი თავის ოპონენტთან შედარებით. მაკ კეინს სურდა, რუსეთი გამოეყვანა საერთაშორისო აგრესორად და ისტორიის მტრად. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ როდესაც სააკაშვილმა საჯარისო ფორმირებები დაძრა გორის მიმართულებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ არ შეაჩერა.
ცნობილია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი რაისი 2008 წლის ივლისის ბოლოს თბილისში იმყოფებოდა, რომელმაც გარეგნულად აუკრძალა სააკაშვილს ომში ჩაბმა. გარეგნულად ამერიკელებს ასე უნდა გაეკეთებინათ, რომ შემდგომ ისტორიისთვის ეთქვათ, სააკაშვილს ომში ჩაბმა ავუკრძალთო, მაგრამ საიდუმლო შეთანხმება კიდევ სულ სხვა იყო. ჩვენ ხომ არ ვიცით, მაკკეინი და რაისი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ თუ არა. ამას ჩვენ ხომ არ გვეტყვიან. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ მაკკეინის ფრთამ აიძულა სააკაშვილი ცხინვალში შესულიყო. იმ დროს, როცა ამერიკის საელჩოს ძალიან ადვილად შეეძლო აეკრძალა სააკაშვილისთვის სამხედრო მანევრი, მაგრამ ეს არ გააკეთა. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილმა ბევრი რამ იცის. შეიძლება სააკაშვილმა ამერიკის მხარე რაღაცაში დააშანტაჟა, რომ თამაშიდან გაყვანის შემთხვევაში, ის დატოვებდა ისეთ მტკიცებულებას – ვიდეოს ან სხვა მასალებს, რომელიც ამხელდა მაკ კეინის ფრთას. ის შეთანხმება, ეტყობა, დღემდე ძალაშია, რომ სააკაშვილს დღესაც მხარს უჭერენ. ვხედავთ, ოდესაში რას აკეთებს.
(…)
მიხეილ სააკაშვილი სხვის თამაშს თამაშობდა, რომელიც რუსეთს აწყობდა და ამიტომ ამერიკამ კოსოვოს მოდელი უმტკივნეულოდ განახორციელა. საქვეყნოდ ცნობილიამ ბუშმა რომ უთხრა სარკოზის, რატომ შეაჩერე რუსეთის ჯარი თბილისის დასაპყრობად რომ მიდიოდაო. უსაყვედურასავით.
(…)
ერთი შეხედვით, რუსეთს თითქოს არ აინტერესებდა ცხინვალი. ამიტომ არის, რომ სააკაშვილი სამი საათით ადრე მოუწოდებს, აღმოუჩინონ დიპლომატიური მხარდაჭერა, რათა `სამხრეთ ოსეთში~ ომი იქნას გამორიცხული, რუსეთი არ არის ოკუპანტი, მოახდინონ ზეგავლენა რუსეთზე და მიენიჭოს ძალიან ფართო ავტონომია `სამხრეთ ოსეთს.~ და ამ თვალსაზრისით ყოვეკგვარი საომარი ესკალაცია აცილებულ იქნას. ეს იყო 10 წუთიანი გამოსვლა. აუხსნელია, სამი საათის შემდეგ, რა მოხდა ისეთი, რომელსაც მოჰყვა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედება. ამ გამცხადებით, სააკაშვილი საბაბს ეძებდა, მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე, რომ თავისი დანაშაულებრივი, იდიოტური პოლიტიკა, რომელიც ნაკარნახევი იყო, როგორც ჩრდილოეთიდან, ისე დასავლეთიდან, გაემართლებინა. სააკაშვილმა რუსეთი ოკუპანტად 9 აგვისტოს გამოაცხადა. მანამდე – არა.
- დიახ, გაეროშიც რუსეთმა დაგვასწრო ჩივილი. სააკაშვილმა გვიან უჩივდა რუსეთს, ეტყობა ამის ბრალი იყო.
- როდესაც საომარ მოქმედებებს იწყებ, რუსეთს სამშვიდობო სტატუსი უნდა მოუხსნა. შემდეგ უნდა ატეხო ერთი ამბავი გაეროში, ვვროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ბრიუსელში, უნდა გამოიყენო ყველა დიპლომატიური ბერკეტი. თუ ეს არ გაგიკეთებია და შენს დაუცველ მოსახლეობას ესვრიან, ანადგურებენ, რა ავანტიურას იწყებ. პარალელურად, ეს მოსახლეობაც უნდა გამოეყვანათ. რამდენი ადამიანი დახვრიტეს, გააუპატიურეს, გააუბედურეს და გაუბედურებულ მდგომარეობაში არიან დღესაც. თვითონ მიატოვა და შემდეგ პატრიარქის გამოსაყვანი შეიქმნენ გარდაცვილები. აი, რა გააკეთა ავანტიურისტმა სააკაშვილმა. ეს არის დანაშაული. დანაშაულია, რომ დღემდე არც წინა პარლამენტი და არც ახლანდელი ამას არ იკვლევს. (…) დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ბიძასაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აგვისტოს ავანტიურის შექმნაში. აქ იყო სააკაშვილის და ბიძამისის ერთობლივი მოქმედება.