„რეზონანსი“: ინტერვიუ დავით ზალკალიანთან: “ოკუპანტები მაინცდამაინც მაგისტრალამდე უნდა მოვიდნენ, რომ ხელისუფლებამ თქვას, ზღვარს გადავიდნენო?!” // მინისტრების განცხადებები, რომ “არაფერი ხდება”, დასავლელ პარტნიორებს აბნევს
„რეზონანსი“: რუსეთის ქმედებები არის თუ არა დაკავშირებული ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან?
„რეზონანსი“: ნატოს გენმდივნის ვიზიტი და რუსეთის ახალი სამოქმედო გეგმა // “არის კულუარული საუბრები, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი მოუხსნას”
„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ფრიდონ თოდუასთან: „რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკამ, რომელიც ამდენი ხანია, გრძელდება, უბედურებისა და ტრაგედიის მეტი, არაფერი მოგვიტანა“
———————
„რეზონანსი“, 12 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ დავით ზალკალიანთან: “ოკუპანტები მაინცდამაინც მაგისტრალამდე უნდა მოვიდნენ, რომ ხელისუფლებამ თქვას, ზღვარს გადავიდნენო?!” // მინისტრების განცხადებები, რომ “არაფერი ხდება”, დასავლელ პარტნიორებს აბნევს
იაგო ნაცვლიშვილი
(შემოკლებით)
“რუსი ოკუპანტები ზღვარს დიდი ხანია გადასცდნენ. ძალიან თავხედურად მოქმედებენ. ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ოკუპანტები ზღვარს არ გადასულან. საინტერესოა სად გადის ზღვარი? მაინცდამაინც აუცილებელია, რომ ცენტრალურ მაგისტრალამდე მოვიდნენ და აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს შორის კავშირი გაწყვიტონ?! ეს იქნება ზღვარს გადასვლა?! ხელისუფლების ამ პოზიციას ვერაფრით ვერ გავიზიარებ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. როგორც იგი ამბობს, ვერ შეიქმნა ისეთი ძლიერი საერთაშორისო წნეხი, რაც რუსეთის ფედერაციას გააჩერებდა, რომ მოსკოვს ასეთი ქმედებები არარ განეხორციელებინა.
(…)
- ის, რაც ამ ორი-სამი კვირის წინათ ხურვალეთთან და ორჭოსანთან მოხდა, თქვენ ფიქრობდით, რომ ასეთ ახლო პერიოდში რუსეთი იგივეს გააგრძელებდა და ცერონისთან და თამარაშენთან საზღვრის ნიშნულებს აღმართავდა?
გამოდის, რომ ჩენი მაშინდელი რეაგირება არასაკმარისი აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის უფრო მეტი სიმწვავით უნდა ეგრძნობებინებინა, თუ რა პრობლემასტან გვაქვს საქმე. დასავლეთს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ოკუპაციის გაგრძელება და რომ რუსეთი არ გაჩერდება. ეს პრობლემა რაც შეიძლება მეტი სიმწვავით უნდა დავაყენოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე. საჭიროა კომუნიკაციის გააქტიურება ევროპის კომისიასთან: დადგა დრო, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ თავისი მანდატი სრულად გამოიყენოს. დრეს მისია მხოლოდ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრლირებს, თუმცა მას მანდატში უწერია, რომ მისიის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიაზეც უნდა შევიდეს, ანუ მათ შეუძლიათ გაააკონტროლონ არა მხოლოდ საოკუპაციო ზოლის სამხრეთით მიმდებარე ადგილები, არამედ მის ჩრდილოეთითაც…
ეს საკითხი განხილული უნდა იყოს ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდზე, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, თუმცა მანამდე ძალიან შორსაა. ძალიან მიკვირს, რომ მთელი ამ ხნის პერიოდში ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებიის მხრიდან არავიტარი განცხადება არ ყოფილა იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს. თბილისმა ამ მიმართულებით მეტი უნდა იმუშაოს.
თქვენ თქვით, რომ ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებს ამ საკითხზე მწვავე შეფასება არ გაუკეთებიათო. თქვენ ამაში მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების სისუსტეს ხედავთ თუ სხვა ფაქტორებითაც შესაძლოა იყოს ასეთი სიტუაცია გამოწვეული?
საერთოდ, საქართველოს დელეგაცია ძალიან მწვავედ სვამს ამ საკითხს, ასევე აკეთებენჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებიც, მაგრამ პარადოქსული სიტუაცია იქმნება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, ცალკეული მინისტრები თუ სხვა მაღალი თანამდებობების მქონე პირები გამოდიან და დამამშვიდებელ განცხადებებს აკეთებენ, რომ თითქოსდა არაფერი ხდება და ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია, თუმცა გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრების ფორმატში. აი, სწორედ ეს იწვევს ჩვენი პარტნიორების დანბეულობას.
- თამარაშენთან აღმართულ სასაზღვრო ბანერთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თქვა, რომ არავითარი საზღვრის გადაწევა-გადმოწევა არ ხდებაო…
- დიახ, თავდაცვის მინისტრის განცხადება სწორედ იმ ტიპისაა, რაზედაც ვსაუბრობ. საჭიროა, რომ ყველა უწყებას შორის კოორდინირებული მუშაობა იყოს.
- ასეთი პოზიცია ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებზე ხომ არ მიუთითებს?
- არ არის გამორიცხული. რაც შეეხება საგარეო საქმეტა სამინისტროს, მის განცხადებაში აქცენტები სწორადაა დასმული. მე სრულად ვიზიარება ამ განცხადების პათოსს, მაგრამ ვერანაირად ვერ დავეთანხმები ცალკეული მინისტრების გამონათქვამებს… საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ბლოკ-პოსტების აღდგენაზეც, პატრულირების ინტენსიურობის გაძლიერებაზეც – ეს იქნება ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომ რუსმა ოკუპანტებმა ასე ტავხედურად აღარ იმოქმედონ..
- პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ „ოკუპანტები ზღვარს ჯერ არ გადასულან“. თქვენ ხედავთ, რომ ოკუპანტები ზღვარს არ გადასულან?
- მე ასე არ ვფიქრობ. ცხადია, ისინი ზღვარს დიდი ხნის წინ გადასცდნენ და ძალიან თავხედურად მოქმედებენ… ისე, საინტერესოა, სად გადის საზღვარი? მაინცდამაინც აუილებელია, რომ ცენტრალურ ავტომაგისტრალამდე მოვიდნენ და აღმოსავლეთ-დასავლეთ საქრთველოს შორის კავშირი გაწყვიტონ? ეს იქნება ხომ „ზღვარს გადასვლა“? ამ პოზიციას ვერანაირად ვერ გავიზიარებ. (…)
„რეზონანსი“, 12 აგვისტო, 2015 წელი
რუსეთის ქმედებები არის თუ არა დაკავშირებული ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან?
ლიკა ამირაშვილი
„ჩვენი ამოცანაა, ნატოსა და ევროკავშირისკენ გზაზე დაბრკოლებების გარეშე ვიაროთ, რუსეთის ამოცანაა, გაგვაჩეროს“, – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თამარაშენსა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების ფაქტს.
მინისტრი კვლავ რუსულ პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამას საქართველო არ უნდა აჰყვეს. “სავარაუდოდ, ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის გამო, ვიზა-ლიბერალიზაციის გამო, საქართველოს ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯების გამო და ბევრი სხვა იმ მიზეზის გამო, რომელიც საერთოდ ჩვენი ქვეყნის არსებობას და არსებობაზე უარის ართქმას უკავშირდება, რუსეთი ამ მოქმედებებს გააგრძელებს.
სამწუხაროდ, 2008 წელს შეიქმნა ის რეალობა, რაც შეიქმნა. ოკუპაციამ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბი მიიღო და დიდი ტერიტორია მოიცვა. ჩვენი არჩევანია: ან უნდა ავყვეთ ამას და ან უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ჩვენ მიერ არჩეულ გზას მივყვებით და ამას პროვოკაციები ვერ გააჩერებს. რუსეთის ამოცანაა გაგვაჩეროს, ჩვენი ამოცანაა ნატოსა და ევროკავშირისკენ დაბრკოლებების გარეშე ვიაროთ. ამიტომ არა მგონია, რომ დღეს იმის დროა, გავბრაზდეთ, გულზე მჯიღი დავიცათ და სუპერპატრიოტულ-ეგზალტირებული სიტყვებით გამოვიდეთ და გავაჩეროთ პროცესი, რომელზეც აღმავალ გზაზე ძალიან წარმატებით ვდგავართ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხიდაშელმა.
თქვენი აზრით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები არის თუ არა დაკავშირებული ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან და ვიზა-ლიბერალიზაცის პროცესთან? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ამ შემთხვევაში თავდაცვის მინისტრის განცხადებას სრულიად ვეთანხმები. დღევანდელ დღეს უკვე გადანაწილებული მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ზუსტად ამ სიტუაციის გამოწვევაა ის, რასაც რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს და რა ქმედებებსაც ის სჩადის. ამიტომ ქალბატონი თინას განცხადებას მე სრულიად ვეთანხმები.
რეზო მიშველაძე (მწერალი): ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა საქართველოსთვის იმიტომ იყო ხელსაყრელი, რომ ჩვენს უმწეო ქვეყანას თავდაცვის მიმართულებით რამეს მაინც შეჰმატებდა. თუ ნატოს ცენტრის გახსნა მხოლოდ იმისთვის არის, რომ დასავლეთმა საქართველოს დაცვის მიმართულებით ხმა არ ამოიღოს, მაშინ ნატოს ცენტრის გახსნა რისთვის გვინდა? აშკარაა რუსეთის ცინიზმი. რუსეთი დღეს მსოფლიოს თვალწინ საქართველოს ყოველდღიურად მცოცავი ანექსიით იპყრობს. პატარა ქვეყნის სიპატარავით სარგებლობს. ჩვენმა საყვარელმა დასავლეთმა საქართველოს დასაცავად ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგა. ბოლოს და ბოლოს ასეთი აზრი მიჩნდება – ხომ არ აჯობებს, ჩვენს ადგილას დავეტიოთ და ფრთების ფათქუნს თავი დავანებოთ მაშინ, როდესაც ამ ფრთების ბათქუნს საქართველოსთვის უბედურების მეტი არაფერი არ მოუტანია.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ამ შემთხვევაში ძნელია ქალბატონ თინას დავეთანხმო. ამასთან დაკავშირებით მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. საქმეში ცოტა სხვა პოლიტიკაა ჩართული. ამ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაცია და ეს თემები რუსეთისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. დროა მთავრობა იმაზე დაფიქრდეს, რომ გარკვეულწილად რუსეთთან ურთიერთგაგების დამყარებაა საჭირო. მე მინდა ერთი რამ შევახსენო იგივე ქალბატონ თინას, რომ ასტროლოგიური კუთხით რუსეთის მომავალი პერსპექტივები ცუდი არ არის.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): საზღვრის გადმოწევა არ მგონია ვიზალიბერალიზაციას პროცესთან იყოს დაკავშირებული. რაც შეეხება ნატოს საწვრთნელ ცენტრს, რა თქმა უნდა, ამ პროცესების ნაწილია. ამიტომ რუსეთის მხრიდან სათანადო პასუხი ამ ფორმით თუ სხვა ფორმით კიდევ იქნება. საქართველოს მთავრობა იმ პოლიტიკას მიჰყვება, რაც ჩვენთვის დამღუპველია. ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას უშველის, ნეიტრალიტეტის პოლიტიკაა.
„რეზონანსი“, 12 აგვისტო, 2015 წელი
ნატოს გენმდივნის ვიზიტი და რუსეთის ახალი სამოქმედო გეგმა
“არის კულუარული საუბრები, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი მოუხსნას”
თეა ბეჟიტაშვილი
ე.წ. საზღვრის გადმოწევა, რუსული ემბარგო, ცეცხლის გახსნა ცენტრალურ მაგისტრალზე – ეს იმ ქმედებების ჩამონათვალია, რაც სპეციალისტების თქმით, რუსეთმა შესაძლოა, საქართველოში უახლოეს პერიოდში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით განახორციელოს.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს აგვისტოს ბოლოს ეწვევა – ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს გახსნის.
სპეციალისტები ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასა და გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან ქმედებებს არ გამორიცხავენ.”ნებისმიერი ასეთი დონის საერთაშორისო ვიზიტის წინა პერიოდში რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ხშირად მიმართავს პროვოკაციას. პირველი შედეგები, ანუ საზღვრის გადმოწევა უკვე მივიღეთ, ხვალ-ზეგ რა იქნება, კაციშვილმა არ იცის, საზღვარს გადმოწევენ თუ სხვანაირად შემოგვიტევენ, ფაქტი ერთია, რომ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.
მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ქმედება მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებს არ გულისხმობს: “ზოგიერთისთვის რვაასი მეტრი ტერიტორიის დაკარგვა არაფერი არ არის, ჩემთვის კი ფართომასშტაბიანი ქმედებაა, რომელიც მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს და თბილისის დაბომბვას არ ნიშნავს. ტერიტორიის რამდენიმე მეტრის დაკარგვაც ჩემთვის ფართომასშტაბიანი ქმედებაა რუსეთის მხრიდან.
“საზღვრის გადმოწევის გარდა, რუსეთს შეუძლია, სხვადასხვა სახის ქმედება განახორციელოს, მაგალითად, ყველაზე მარტივი განსახორციელებელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის საავტომობილო გზის ჩაკეტვა.
“ამ გზიდან 450 მეტრში დგას სეპარატისტების ბანერი, ამიტომ შეიძლება ბანერთან დადგეს ნებისმიერი სეპარატისტი ავტომატით, გახსნას ცეცხლი ტრასის მიმართულებით და მოძრაობა შეწყდეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის, ეს არის ყველაზე სწრაფი და ამ ეტაპზე ყველაზე საშიში ქმედება რუსეთის მხრიდან”, – ამბობს პაატა დავითაია.
თსუ-ს პროფესორის კორნელი კაკაჩიას თქმით, რუსეთის პოლიტიკა საქართველოსადმი მხოლოდ ერთი ვიზიტით არ შემოიფარგლება და მას დიდი ხანია ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ქმედებები საქართველოს მიმართ.
“იმ შემთხვევაში, თუ ნატო-საქართველოს ურთიერთობები ცოტათი დათბება და ამ ყველაფერმა თანამშრომლობის ხასიათი მიიღო, შეიძლება კიდევ ერთხელ დადგეს ემბარგოს საკითხი, რომელზეც მინიშება რუსეთის ხელისუფლებისგან უკვე იყო. სწორედ ასეთი სახის ქმედება შეიძლება განახორციელოს რუსეთმა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაში წინსვლა იქნება”, – ამბობს კაკაჩია.
მისი თქმით, რუსეთის სამომავლო გეგმებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრორუსული ძალების შექმნა და ევრაზიული კავშირი მომხრეთა რაოდენობის გაზრდა შედის.
“ქართულ საზოგადოებაში საზღვრის გადმოწევას და ბანერების დამაგრებას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ამიტომ სხვა ფართომასშტაბიან ქმედებებს ამჯერად მოერიდებიან. მათი მიზანია ხალხის დაშინება, უნდათ, რომ მოსახლეობას უსაფრთხოების არქონის განცდა შეუქმნან, სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ.
“ამჯერად მათი ძირითადი მიზანი უფრო მომავალი საარჩევნო პროცესისთვის პრორუსული ძალების შექმნაა, რომლებიც მეტ-ნაკლებად მოახერხებენ პარლამენტში შესვლას და გამარჯვებას თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც დონეზე რომ მაინც იყვნენ წარმოდგენილი.
“გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა, მიუხედავად რუსეთის მხარდაჭერისა, ძალიან გაჭირდება, ალბათ რუსეთის მხრიდან აქტიურობას ყველაზე მეტად ამ დროს უნდა ველოდოთ.
“ეს უკანასკნელი ცდილობს, ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს საქართველოს აქვს უსაფრთხოების დილემა, ქვეყანას ნატოში არ იღებენ, არც ევროკავშირში გაწევრიანებაა უახლოეს პერიოდში შესაძლებელი და ერთადერთი გამოსავალი რუსეთია, უნდათ, ასეთი განწყობა შექმნან, საზოგადოებრივი აზრი გახლიჩონ და ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობამ მოიმატოს”, – ამბობს კორნელი კაკაჩია.
მისივე თქმით, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იქნება, თუმცა როგორც ის ამბობს, ეს არის სიგნალი დასავლეთის მხრიდან, რომელიც მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს.
“ამ ცენტრის გახსნის იდეა სწორედ ამაშია, რომ დასავლეთმა საქართველოს თუნდაც მორალური და პოლიტიკური დახმარება გაუწიოს. გამომდინარე იქიდან, რომ მათ სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უსაფრთხოების ქოლგის მიცემა საქართველოსთვის არ შეუძლიათ.
“გარდა მცოცავი ოკუპაციისა და საზღვრის გადმოწევისა, რუსეთის ქმედებები შეიძლება იყოს უფრო ეკონომიკური ხასიათის, როგორიც არის ემბარგო, ან იმ შემთხვევაში, თუ ევრაზიული კავშირის მომხრეების რაოდენობა 30%-მდე გაიზარდა, არის კულუარული საუბრები, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა მოუხსნას, სწორედ იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტი კავშირი ჰქონდეს მოსახლეობასთან, თეორიულად, ასეთი ქმედებები რუსეთისგან შესაძლებელია”, – ამბობს კორნელი კაკაჩია.
„საქართველო და მსოფლიო“, 12 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ ფრიდონ თოდუასთან: „რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკამ, რომელიც ამდენი ხანია, გრძელდება, უბედურებისა და ტრაგედიის მეტი, არაფერი მოგვიტანა“
არმაზ სანებლიძე
(შემოკლებით)
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა უდავოდ ავტორიტეტული ადამიანია არა მხოლოდ სამედიცინო წერეებში, არამედ აღიარებულია, როგორც პიროვნება, რომელსაც საზოგადოების ცხოვრებაზე აქტიური გავლენა აქვს. ამ სახელგანთქმული მკურნალისა და მეცნიერის სახელი, შეიძლება ითქვას, ის ვიზაა, რომელიც საქართველოს ნებისმიერი საზღვრის გადმოკვეთის უფლებას იძლევა. მოჰყვებიან ამ ორიენტირს პაციენტები მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან, ასევე – აფხაზეთიდან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან, მოდიან თოდუას კლინიკაში სამკურნალოდ. სიცოცხლის სურვილის ძალას მოჰყვებიან, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური გაუცხოების გადამლახავია.
(…)
- ბატონო ფრიდონ, აფხაზეთიდან ჩამოსულებს პრობლემები ხომ არ უჩნდებათ იქ, ადგილზე?
- მგონი, არა. ვისთან, რა დონეზე ათანხმებენ თბილისში ჩამოსვლის საკითხს, არ ვიცი და არც არასოდეს მიკითხავს პაციენტებისთვის. იქნებ, არც სჭირდებათ ნებართვა, მაგრამ თავისთავად ჩამოსვლა, როგორც მოვლენა, ჩვენი ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტია. ხალხის დაახლოებაზე ვლაპარაკობ, რომელიც დამნაშავე არ არის მომხდარ ტრაგედიაში. 2008 წლის ომმა ერთბაშად შეწყვიტა დაახლოების ის პროცესები, რომლებიც 90-იანი წლების გაუცხოების შემდეგ მაინც ამოქმედდა და ძალას იკრეფდა. გვქონდა სისტემატური პროფესიული კონტაქტები, შეხვედრები, რომლებიც არცთუ იშვიათად მეგობრული სუფრით მთავრდებოდა.
ახლა თავიდან უნდა დავიწყოთ, უკეთესის იმედი ყოველთვის არის. მჯერა, რომ უბრალო ხალხს არ სურს ასეთ დაპირისპირებაში ყოფნა, 100 პროცენტით მართალი ან 100 პროცენტით მტყუანი არავინაა. ყველას თავისი სიმართლე აქვს, რომელსაც ურთიერთობით გავარკვევთ და მოვაგვარებთ. მე ასე მჯერა.
(…)
ცხინვალიდან და აფხაზეთიდან პაციენტების ჩამოსვლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ამ მოძრაობაში გამოჩნდა რეალური კონტურები ურთიერთობის აღდგენის ახალი გზის, გნებავთ, ამას “სახალხო დიპლომატია” დაარქვით, გნებავთ, “ექიმები საზღვრების გარეშე”, გნებავთ, “სიცოცხლის წყურვილი”…
- აფხაზეთიდან ჩამომსვლელების კონტინგენტი გალის რაიონით ხომ არ შემოიფარგლება?
- არა! ჩამოდიან ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონებიდან, გაგრიდან, სოხუმიდან _ აფხაზეთის ყველა რეგიონიდან. მძიმე ავადმყოფებიც ჩამოჰყავთ. გადაუდებელ ოპერაციებს დაუყოვნებლივ ვაკეთებთ, ონკოპაციენტებს ვუტარებთ ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას. საუკეთესო, თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი ჩვენი კლინიკა, დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ჩვენთან არის, ამის საშუალებას იძლევა. ჩამოდიან სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც, რაც, ასევე, სასიხარულოა. მიმაჩნია, რომ ამ მოძრაობის გაფართოება ფრიად პერსპექტიულია პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად.
- არაერთხელ გითქვამთ, რომ პოლიტიკისგან შორს დგახართ… თუმცა, თქვენი ნებართვით, მაინც “პოლიტიკურ შეკითხვას” დაგისვამთ. უფრო ზუსტად, მინდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე გთხოვოთ კომენტარი.
- თითქმის 25 წელიწადი ვიცხოვრე და ვიმუშავე მოსკოვში და ეს პრობლემა ჩემთვის სასხვათაშორისო არ არის. საქართველოსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია, არ მგონია, კარგის მომტანი იყოს. ბევრი რამ გვაქვს საერთო ჩვენს ამ დიდ მეზობელთან, რომლის იგნორირება არ შეიძლება. რუსეთს ჩვენ ვჭირდებით, რუსეთი გვჭირდება ჩვენც, მაგრამ, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ზურგი უნდა ვაქციოთ ევროპას – რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს ევროინტეგრაციის კურსს. 80-იან წლებში საკმაოდ პოპულარული კაცი ვიყავი მოსკოვში, როცა ავითვისე და ავამუშავე საბჭოთა კავშირში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფი. ახლა რას ნიშნავს ტომოგრაფია, ხომ წარმოგიდგენიათ და მაშინ ფანტასტიკის სფეროდან იყო, მაგრამ არანაკლებ ფანტასტიკად წარმომიდგება ის, თუ როგორი დიდებული ადამიანები ყოფილან ჩემი პაციენტები _ მსოფლიოში სახელგანთქმული კომპოზიტორები, მწერლები, კინოსა და თეატრის ვარსკვლავები, მომღერლები და ზესახელმწიფოს ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები, რომელთა გარეშე მსოფლიოს ვერც ერთი პრობლემა ვერ გადაწყდებოდა.
ამის თაობაზე ჩემს შვილიშვილს როცა ვუყვები, ვხედავ, რომ მისთვის მაინცდამაინც არაფერს ნიშნავს, რადგან წარსულია. მაგრამ მომავალი წარსულიდან არის აღმოცენებული. ეს ხომ აღიარებულია? წარსულს ვერ გადავშლით! (…)
სამწუხაროა, რომ ახალგაზრდობა ბევრ რამეს ივიწყებს. ჩვენს ინსტიტუტში მუშაობენ ახალგაზრდები, რომლებიც ორ-სამ ენას ფლობენ, მაგრამ რუსული არ იციან. ეს, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია. ჩვენ რუსეთთან მეზობლურ ურთიერთობას ვერ გავექცევით.
მე, როგორც ექიმი, მეცნიერი, თუ გნებავთ, საზოგადო მოღვაწე, ვისურვებდი, მომეძებნა კომპრომისული წინადადება, იდეა, აზრი ჩვენი ხელისუფლებისთვის შესათავაზებლად, რათა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკამ, რომელიც ამდენი ხანია, გრძელდება, უბედურებისა და ტრაგედიის მეტი, არაფერი მოგვიტანა. არც რუსეთისთვის იყო ეს წლები მაინცდამაინც სახარბიელო.
გულწრფელად მივმართავ ორი ქვეყნის ხელმძღვანელებს, მონახონ კეთილმეზობლური ურთიერთობის ოპტიმალური ვარიანტი და შევიდნენ ისტორიაში, როგორც კონფრონტაციის დამძლევი მოღვაწენი, მამულიშვილები, რომლებმაც გადალახეს წლების განმავლობაში დაგროვებული წინააღმდეგობანი და თავიანთ ხალხებს მშვიდობისა და აღმავლობის რწმენა დაუბრუნეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა და ურთიერთგაგების ატმოსფერო დამყარდება, გადაწყდება საქართველოს გამთლიანების პრობლემა, რა ფორმით, მომავალი გვაჩვენებს. ერთი რამ კი ცხადია: საქართველო უნდა იყოს გამთლიანებული, შემდგარი სახელმწიფო და, უწინარეს ყოვლისა, აღიარებული მეზობელი სახელმწიფოების მიერ. ხომ არის ამის მაგალითები მსოფლიოში! გამოვიყენოთ თუნდაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გამოცდილება. ყველამ იცის, რომ დამარცხებული მხარე, გერმანია, დღეს ევროპული ქვეყნების ლიდერია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, განა ჩვენი თაობის თვალწინ არ მოხდა იმავე გერმანიის გაერთიანება?! ხომ მოინახა კომპრომისი დაპირისპირებულ მხარეებს შორის! უნდა შევძლოთ წარსულის მძიმე მემკვიდრეობის დაძლევა. ცხოვრება გრძელდება და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი უმოქმედობით ვფლანგოთ დრო.
(…)
ჩვენთან ჩამოდიან პაციენტები მეზობელი ქვეყნებიდან, ბევრი – რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდანაც. გულწრფელად მახარებს, როცა ჩვენი კლინიკის ეზოში ვხედავ ავტომანქანებს რუსული სანომრე ნიშნებით: ასეთი ურთიერთობა შლის საზღვრებს და პრაქტიკული მაგალითია იმისა, რომ მედიცინა მართლაც საზღვრების გარეშე არსებობს. არა მგონია, გამინაწყენდნენ ჩვენი თანამემამულენი, თუ ვიტყვი, რომ ჩამოსულ პაციენტებს ჩვენი ექიმები მაქსიმალური ყურადღებით ეპყრობიან.
ბევრი პაციენტი გვყავს აზერბაიჯანიდან, ბოლო დროს იმატა სომხეთიდან ჩამოსულთა რაოდენობამ. ახლახან გვესტუმრა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მოეწონა ჩვენი კლინიკა და მიესალმა ორ ქვეყანას შორის პროფესიული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას: ახლა ის დრო დადგა, როცა პაციენტი თვითონ ირჩევს ექიმს და სამკურნალო დაწესებულებას.
- იქნებ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩამოსულების აფხაზური პასპორტების გრაფაში “ეროვნება” ქართველებს უწერიათ, “ქართველი”…
- თითქოს ფორმალური დეტალია, მაგრამ იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზეთში არ სურთ ყველა ხიდის დაწვა, რომელიც საქართველოსთან აკავშირებთ. რადიკალიზმი ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ასეთ რადიკალებთანაც უნდა მოვნახოთ მისასვლელი გზები, მათ შორის, მედიცინის საშუალებითაც. შეუძლებელია, არ მივესალმოთ თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ გალის რაიონის სიახლოვეს, ენგურის ნაპირზე, შენდება დიდი კლინიკური საავადმყოფო. ამას წინათ მინისტრს ვუთხარი, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც რეგულარულად ჩავალთ ამ კლინიკაში პრაქტიკული სამედიცინო დახმარების გასაწევად.
მინდა, შევთავაზო კოლეგებს: ჩავიდეთ აფხაზეთში, თუნდაც ეგიდით “ექიმები საზღვრების გარეშე”; შევხვდეთ აფხაზებს, იქ დარჩენილ ქართველებს, პაციენტებსაც და არა მხოლოდ მათ. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მიკარნახებს, რომ ეს შეხვედრა თბილი და, რაც მთავარია, ურთიერთსასარგებლო იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთში ახსოვთ ქართულ-აფხაზური შეხვედრები, რომლებიც ყოველწლიურად იმართებოდა რუხის ციხესთან, არაერთხელ ჩამოვსულვარ მოსკოვიდან ამ ზეიმზე და პირადად მიგრძვნია ის ამაღლებული განწყობილება, რომელიც აქ სუფევდა.
მოდით, ისტორიას მივანდოთ იმის გარკვევის უფლება, ვინ, სად, როდის რა შეცდომა დაუშვა; ჩვენ კი – ხელისუფლებამ, პროფესიულმა გაერთიანებებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა – ვცადოთ, აღვადგინოთ იმ შეცდომების გამო ჩატეხილი ჩვენი ერთობის ხიდი. სახალხო დიპლომატია დიდი ძალაა… ოპტიმალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება კი ხელისუფლების მოვალეობაა, მისი საქმეა. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ!