globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 15 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 15th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: რატომ არ დაგვიწესა სანქციები რუსეთმა // ექსპერტთა ვარაუდით, კრემლი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “მცირე პოზიტიური ნაბიჯებით” ეცდება საქართველოში პრორუსული ძალების გაძლიერებას

ახალი თაობა“: ინტერვიუ თეიმურაზ ჯანჯალიასთან: „იმედი მაქვს წლის ბოლომდე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღება“

———————

რეზონანსი“, 15 აგვისტო, 2015 წელი

რატომ არ დაგვიწესა სანქციები რუსეთმა

ექსპერტთა ვარაუდით, კრემლი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “მცირე პოზიტიური ნაბიჯებით” ეცდება საქართველოში პრორუსული ძალების გაძლიერებას

ელზა პაპოშვილი

(შემოკლებით)

საქართველოს რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული კონტრსანქციები არ შეეხება, რადგანაც, როგორც მოსკოვში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში უმნიშვნელოა.

თბილისში ეს გადაწყვეტილება „მცირე პოზიტიურ ნაბიჯად“ შეფასდა. პოლიტოლოგების კი მიიჩნევენ, რომ ოფიციალური მოსკოვი  ამით საქართველოში პრორუსული განწყობის გაძლიერებას ცდილობს. მათივე აზრით, კრემლი მზადებას იწყებს საპარალამენტო არჩევნებისთვის, რომელიც საქართველოში 2016 წელს უნდა ჩატარდეს. მოსკოვი ამგვარი „პოზიტიური ნაბიჯებით“ შეეცდება წინასაარჩევნოდ პრორუული პოლიტიკური ძალების გამყარებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ გადმოდგმულ რუსეთის ნაბიჯს სწორი ანალიზი სჭირდება. „რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ მცოცავ ანექსიას ეწევა და იმავდროულად სანქციებს არ გვისწრესებს, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვი ორმაგ თამაშს ეწევა. კრემლის ინტერესებში მოლაპარაკების წარმოებაცაა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ბაზების განმტკიცება.. რასაკვირველია, ასეთი პოზიციის გამო ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკებაზე უარი ვთქვათ, მაგრამ ეს არანაირად არ შეცვლის რუსეთის პოზიციას ჩვენი რეგიონის მიმართ, სამაგიეროდ კი მივიღებთ იმას, რომ ჩვენს პროდუქციას რუსულ ბაზარზე  რეალიზება გაუჭირდება, ანუ გამოდის, რომ საქართველო თვითდაზიანებას მიიყენებს. ამიტომაც ჩვენი ქვეყნისთვის მოლაპარაკების გაგრძელება აუცილებელია. პარალელურად, რა თქმა უნდა, აუცილებელია ყურადღება უსაფრთხოების თვალსაზრისით გავამახვილოთ… ამასთან, მე სწორად არ მიმაჩნია ისეთი განცხადებების გაჟღერება, რომ ჩვენ რუსეთთან უნდობლობის გამო სხვა ქვეყნების ალტერნატიულ ბაზრებს ვეძებთ. მოსკოვისადმი უნდობლობის ხმამაღლა გამოხატვა ამ ეტაპზე ტაქტიკურად გამართლებული არ იქნება“, – ამბობს გია ვოლსკი.

„ნაცმოძრაობის“ წევრის და დეპუტატ ზურაბ დალაქიშვილის თქმით, ბუნდოვანია, თუ რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი რუსეთმა და საქართველოს სანქციები არ დაუწესა. „შეიძლება სამი გარემოებაზე ვიმსჯელოთ: პირველი – გააჩნია, რის საფასურად გააკეთა ეს მოსკოვმა, რადგან კრემლი არაფერს ტყუილ-უბრალოდ არ აკეთებს; მეორე – შეიძლება მართლაც იმიტომ გააკეთა, რომ საქართველოს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა და მესამე – თავად რუსეთს აწყობს, რომ საქარტველოს რუსულ ეკონომიკაზე ჩამოეკიდოს. ჩვენი ქვეყანა რუსეთს ამის საშუალებას აძლევს და ახალ ბაზრებზე არ ფიქრობს. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავინ იცის, რა ფასად დაუჯდება რუსეთის „ლმობიერება“ საქართველოს მომავალში.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების არდაწესებას 2016 წლის არჩევნების მოახლოებას უკავშირებს. მისი თქმით, მოსკოვს ქართული საზოგადოების აზრის შეცვლა სურს, რათა არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვება ან პარლამენტში მათი ნაწილის მოხვედრა იქნეს შესაძლებელი. ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში პროდასავლური ზალები ასე სუსტები არასოდეს ყოფილან. შესაბამისად, რუსეთისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრემლის მომხრეთა გაძლიერებას. „ჩვენ დღეს მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის მომსწრენი ვართ: ერთი ხელით მათრახს გვირტყამენ და საიოკუპაციო ზოლს წინ სწევენ, მეორე ხელით კი გვანიშნებენ, რომ თქვენ არცთუ ისე ცუდები ხართ, ჯერ-ჯერობით სანქციებს არ გიწესებთ და არჩევანის საშუალებას გაძლევთო.

რასაკვირველია, საქართველომ უნდა გააძლიეროს ალტერნატიული ბაზრისმძიების მცდელობა, რადგანაც თუ ეკონომიკა კიდევ უფრო დასუსტდება, ჩვენი უსაფრთხოების [უზრუნველყოფის დონეც დაბლა დაიწევს] და პირიქით, თუ ჩვენი ქვეყანა დიდი ფინანსური [შესაძლებლების] მქონე ქვეყნების პარტნიორი იქნება, ეს უსაფრთხოების მაღალ გარანტიებს მოგვცემს“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტი კორნელი კაკაჩია რუსეთის მიერ საქართველოს „შავ სიაში“ არჩართვას თბილისის ნაბიჯს უკავშირებს – „საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს და ამით რუსეთმაც საპასუხო ნაბიჯი გადმოდგა: ჩვენს ქვეყანას აჩვენებს, რომ თქვენი ასეთი ქმედება ჩვენი მხრიდან ყოველთვის დაფასებული იქნებაო“. კორნელი კაკაჩია რუსეთის ქმედებას შორსგათვლილად მიიჩნევს და ისიც ამბობს, რომ ეს საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. „გარდა ამისა, რუსეთმა ყურადღება მიაქცია საქართველოს პრემიოერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც, ფაქტიურად, რუსეთს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მხოლოდ ერთი წლისწინანდელ სანქციებს უერთდება, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვსო. ამიტომაც რუსეთის პრემიერმაც  ჩვენს პრემიერს შესაბამისად უპასუხა. რუსეთმა ხაზი გაუსვა, რომ თუ საქართველოს ასეთივე „ჭკვიანურ ქცევას“ გააგრძელებს, კვლავაც არსებობს შანსი, რომ კრემლის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას, ანუ დათმეთ და ჩვენც დავთმობთო. ასეთი მესიჯი იკითხება რუსეთის ასეთ საქციელში. ამასთან, რავინ ელოდება იმას, რომ რუსეთი  ოკუპირებუილი ტერიტორიების მიმართ თავის ძველ პოლიტიკას შეცვლის. მის ინტერესებში ისიც შედის, რომ საქართველო რუსეთის ეკონომიკაზე იყოს დამოკიდებული. მათ ასეთი გათვლებიც აქვთ გაკეთებული, რომ შემდეგ ეს საკითხი პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენონ. ვფიქრობ, რომ რუსეთის მიერ სანქციების არდაწესება ჩვენს შორის ურთიერთობის გაღრმავებას მაინც ვერ გამოიწვევს, რადგან აფხაზეთთან და სამხრთ ოსეთთან მიმართებით მოსკოვისა და თბილისის პოზიციები ერთმანეთისაგან განსხვავდება.

აქ ერთი მთავარი ფაქტორი ისაა, რომ რუსეთი საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შეეცდება საქართველოს მოსახლეობისა და საზოგადოების აზრის შეცვლას, რისი მეშვეობითაც კრემლს იმედი ექნება, რომ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი პრორუსულად მოაზროვნე ადამიანი მოვიდეს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

ახალი თაობა“, 15 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ თეიმურაზ ჯანჯალიასთან: იმედი მაქვს წლის ბოლომდე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღება

მარიამ ჩუბინიძე

(შემოკლებით)

საქართველოს ელჩ ლატვიის რესპუბლიკაში თეიმურაზ ჯანჯალია საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ, კერძოდ კი ევროკავშირთნ და ლატვიასთან ურთიერთობაზე საუბრობს.

- როგორ შეაფასებდით ევროკავშირში ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდს, განსაკუთრებით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან მიმართებაში?

- ევროკავშირის საბჭოში ლატვიის თავმჯდომარეობა წარიმართა გლობალური პოლიტიკური სირთულეების დროს: უკრაინის მძიმე კრიზისი, საერთაშორისო ტერორიზმი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ირანი და ა.შ. ამ ფონზე თუ როგორ გაართვა თავი ლატვიამ თავმჯდომარეობას? შემიძლია გითხრათ, რომ, როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე დამოუკიდებელი ექსპერტების და ინსტიტუტების უმრავლესობა მის თავმჯდომარეობას უწოდებს წარმატებულს, თუმცა ისევ და ისევ გამოწვევებით და ახალი რეალობებით აღსავსეს.

(…)

თავმჯდომარეობის პერიოდში ლატვიამ ახალ საფეხურზე აიყვანა აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პოლიტიკა, რაც საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე მნიშვნელოვანი პროგრესის დაფიქსირება და ქართული რეფორმების აღიარება. ლატვიის შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი მუშაობის და ქართული მხარის მიერ შესაბამისი ანალიზის მიწოდების შედეგად, მოხდა საქართველოში განხორციელებული რეფორმების დეტალური მიმოხილვა, რომელიც სამიტამდე წარედგინათ ევროპელ კოლეგებს და უმაღლეს დონეზე მოხდა მათი შეფასება.

- რიგის სამიტი და მისი შედეგები? საზოგადოების ნაწილი უფრო მეტს ელოდა ამ სამიტისგან, თქვენ როგორ შეაფასებდით მის შედეგებს?

- ბედნიერი ვარ, რომ ლატვია, ის ქვეყანა, სადაც მე ელჩის თანამდებობაზე მიწევს მუშაობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს აქტიურ მხარდამჭერია.

რიგის სამიტი გლობალურად ძალიან რთულ პოლიტიკურ გარემოში გაიმართა. აღმოსავლეთ პარტნიორობა და ამ ინიციატივის ფარგლებში კონკრეტული შედეგების მიღწევა ლატვიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. (…) სამიტზე საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რეფორმების გაგრძელების და ე.წ. „საშინაო დავალების“ წარმატებულად შესრულების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა მიიღებს შედეგს, რომლის მოლოდინიც გაგვაჩნია. ეს გზავნილი იყო დასავლეთ ევროპელი უმაღლესი რანგის ლიდერებისაგან, რომელთა ქვეყნებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ევროკავშირის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. სამიტმა დაადასტურა ერთგულება იმ პრინციპებისადმი და ფასეულობებისადმი, რასაც ჩვენი სტრატეგიული და ამბიციური პარტნიორობა ეფუძნება. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას სამიტის ძლიერ გზავნილს პარტნიორებისადმი – ეს არის დადასტურება თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებისა, აირჩიოს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების ამბიციური დონე და მიზნები. საქართველომ უკვე გააკეთა ეს არჩევანი და მიუხედავად სერიოზული სირთულეებისა და საგარეო გამოწვევებისა, უცვლელად მისდევს ევროპულ კურსს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება არ არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ჩვენი ინტერესია ევროკავშირთან სრული ინტეგრაცია. რიგის სამიტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გამო, რომ პირველად მოხდა მსგავსი განხილვების ინიცირება. საქართველომ კარგად იცის, რომ საბოლოო მიზნამდე დიდი და რთული გზა აქვს გასავლელი, თუმცა ამ სახის დებატების დაწყება, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს მთავრობა მზადაა გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა იმ ფართომასშტაბიანი რეფორმების პროცესში, რასაც ჩვენი ევროინტეგრაციის დღის წესრიგი ითვალისწინებს. ამასთან, გვაქვს გაცნობიერებული და ჩვენ პარტნიორებსაც ამას ვეუბნებით, რომ რეფორმების გატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მათ არა ბრიუსელისთვის, არამედ ქვეყნის საჭიროებისთვის ვაკეთებთ.

უვიზო რეჟიმის დაწესება ევროინტეგრაციის პროცესში უდაოდ ყველაზე მიმზიდველი ელემენტია, რომელიც გააღრმავებს ხალხთა შორის კონტაქტებს და კულტურულად დაახლოებს მათ, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ევროპული ფასეულობების განმტკიცებას. საქართველოს მთავრობამ გაატარა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ფართომასშტაბიანი რეფორმა, რაც ძალზე დადებითად იქნა შეფასებული რიგის სამიტზე. ამაზე დამატებით ქვეყანამ დაიწყო ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ დარჩენილ რეკომენდაციებზე მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ პროცესი წარმატებით წარიმართება და საქართველო წლის ბოლოს მიიღებს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას.

- რით გამოირჩეოდა მიმდინარე წელი ლატვია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში?

- ისტორიულად ჩვენი ქვეყნები ყოველთვის ისწრაფვოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. ორი მეგობარი ხალხი მუდმივად ეძებდა შესაძლებლობას მოეპოვებინათ შეხების ერთობლივი წერტილები, სადაც მეგობრობა და თავისუფლებისაკენ ლტოლვა იყო ძირითადი მამოძრავებელი მუხტი.

საქართველოს და ლატვიას აქვთ აქტიური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული ორმხრივი ურთიერთობა. პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კონტაქტები მართლაც, რომ უმაღლეს დონეზეა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ორმხრივი ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების სიხშირე საგრძნობლად გაიზარდა. მიმდინარე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანმხლები დელეგაციით, მათ შორის საგარეო საქმეთა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, სოფლის მეურნეობის მინისტრები, უკვე ორჯერ იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკაში. ვიზიტები დაკავშირებული იყო ლატვიის ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობისას დაგეგმილ ღონისძიებებთან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ ჩვენ ორმხრივ დონეზე განგვეხილა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ლატვიის პრემიერ-მინისტრთან, ისე ლატვიის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შემიძლია აღვნიშნო, რომ ორივე ვიზიტმა ჩაიარა ძალიან მეგობრულ და საქმიან გარემოში.

ოფიციალური პირები გამოხატავენ სურვილს, რომ ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური გახდეს ეკონომიკური კავშირები. როგორც გასული წლის ნოემბერში ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის, ისე საქართველოს პრეზიდენტის მ.წ. აპრილში ლატვიაში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, გახლდათ სწორედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოში ორი ბიზნესს ფორუმი გაიმართა, ერთი თბილისში, ხოლო მეორე ბათუმში, ამასთანავე მეტად საინტერესო შეხვედრები შედგა ლატვიელ ბიზნესმენებთან ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობისას. ხსენებული ვიზიტების დროს დამყარდა საქართველოს და ლატვიის ბიზნესს წრეებს შორის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებმაც უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგი უნდა მოიტანოს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.
ინტენსიურია ქვეყნებს შორის დარგთაშორისი თანამშრომლობაც, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის და კულტურის მინისტრების, პარლამენტის თავმჯდომარეების ორმხრივი ვიზიტების გაცვლა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ლატვიის პრეზიდენტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას თან ახლდა მინისტრთა კაბინეტის 13 წევრიდან 7 მინისტრი, ორი სახელმწიფო მდივანი, ორი სახელმწიფო მდივნის მოადგილე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, იურმალას და საპორტო ქალაქ ლიეპაიას მერები, ლატვიის საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, საზღვაო და ხელოვნების აკადემიების რექტორები. ეს გახლდათ ერთი-ერთი ყველაზე ნათელი მაჩვენებელი იმისა, თუ რა დონეზეა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და სურვილი, რომ ეს ურთიერთობები იყოს რაც შეიძლება აქტიური და ეფექტური.

ლატვია, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში პერმანენტულად ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერას. ეს ხდება უმაღლეს დონეზე, იქნება ეს აღმასრულებელი, თუ საკანონმდებლო ხელისუფლება. ამასთან, ლატვია იყო ევროკავშირის მესამე ქვეყანა, რომელმაც მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ლატვია, როგორც ბალტიის ასამბლეის წევრი, ერთ-ერთი ინიციატორია საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების შემუშავებისა და მიღებისა და ასევე, მუდმივად უჭერს მხარს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“. ლატვია კარგად ხვდება, რომ საქართველოს მხარდაჭერით ის ხელს უწყობს ახალი დემოკრატიების და თანამედროვე სტრუქტურებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

(…)

- საელჩოს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები რა არის?

- საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტიც სწორედ ასეთი ურთიერთობების ხელშეწყობაა, იქნება ეს ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ფორმატებში. ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის ხელშეწყობა და ამ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის თაობაზე ჩვენ პარტნიორებამდე სრული ინფორმაციის მიწოდება, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, ლატვიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების სრული ინფორმირება და მხარდაჭერის მოპოვება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როგორც დემოკრატიული, თავისუფალი ბაზრის მქონე ეკონომიკის წარმოჩენა – არის რამდენიმე იმ ძირითად მიზნებს შორის, რომელსაც საელჩო ყოველდღიურად ახორციელებს და ხელს უწყობს. როგორც აღვნიშნეთ გაგვაჩნია თანამშრომლობის დიდი ეკონომიკური და კულტურული პოტენციალიც, რომელსაც სათანადოდ გამოყენება სჭირდება. საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას კულტურის სფეროში კონკრეტული პროექტების განხორციელება წარმოადგენს. 2014-2015 წლებში მოხდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია. მხოლოდ 2015 წლის დასაწყისიდან ლატვიას სტუმრობდა და წარმატებული კონცერტები გამართეს ჯგუფმა “ეგარი”, “ქართულმა ხმებმა”, “ბათუმის სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლმა”, “თბილისის ბიგ-ბენდმა”. ამასთანავე სხვადასხვა ფესტივალზე სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ ბავშვთა ანსამბლი “ალილო”, ანსამბლი მცხეთა და სხვა. ვგეგმავთ, რომ მომავალშიც კიდევ არაერთი საინტერესო ინიციატივა იყოს რეალიზებული ამ და სხვა მიმართულებებით.

Comments are closed