„კვირის პალიტრა“: საქართველო-რუსეთი: პარტნიორობა თუ პატრონყმობა?!
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალექსიძესთან: „იმათ საყურადღებოდ ვამბობ, ვინც ქართულ მხარეს 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებას აბრალებს. ჩვენ ომი არ დაგვიწყია, ჩვენ პრევენციული ზომები განვახორციელეთ“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: საქართველო ახალი მოდერნიზებული “მფრინავი ტანკების” წარმოებას იწყებს
———————
„კვირის პალიტრა“, 17 აგვისტო, 2015 წელი
საქართველო-რუსეთი: პარტნიორობა თუ პატრონყმობა?!
ხათუნა ლაგაზიძე
(შემოკლებით)
მოკლედ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის, რუსეთთან ესკალაცია-დეესკალაციისა და სანქციებთან მიერთება-არმიერთების თაობაზე. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ საქართველო თავისი ხელისუფლებითურთ რთულ მდგომარეობაშია, უფრო სწორად, “ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების” პოზიციაში.
“ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც მეკითხებოდნენ, იყო ის… რომ თუ მთავრობა გაწყვეტს ძალიან მცირე, არცთუ ეფექტურ, მაგრამ აუცილებელ ხაზებს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე გართულდება ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, MAP-ის მიღების თვალსაზრისით და არ გაუმჯობესდება, რადგან საქართველოსთვის MAP-ის მოცემა, საქართველოს ნატოში გაწევრება არ არის გააზრებული და მონდომებული ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან. ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფლიქტში შესვლის ახალ მიზეზს და საბაბს”, – ეს არის ციტატა დავით უსუფაშვილის სულ რამდენიმე კვირის წინანდელი ინტერვიუდან. რა გამოდის ამ ინტერვიუდან? ის, რომ რუსეთთან ურთიერთობის ესკალაცია MAP-ის მიღებისა და ნატოსკენ გზას გადაგვიკეტავს და საერთოდაც, დასავლეთი გვეუბნება, ასეთ შემთხვევაში ჩვენი იმედი არ გქონდეთ, რუსეთთან მარტონი რჩებითო. ანუ ნატოს“მაღალჩინოსნების ვერსიით, MAP-ისკენ გზა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებაზე გადის? და პირიქით, თუ MAP-ს ვერ მივიღებთ და „ნატოშიც ვერ შევალთ, მაინც რუსეთის პირისპირ მარტონი ვრჩებით?
კაი ბატონო, არ დავძაბეთ ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენი ტერიტორიების ყოველდღიურ მიტაცებაზე ფორმალურ ნოტებს დავჯერდით და რა?! ახლა მაინც გვიდგას გვერდით დასავლეთი და ჩვენს საკეთებელს აკეთებს, ანუ გვიცავს რამენაირად იმისგან, რომ რუსეთმა ყოველდღიურად ახალი ტერიტორიები არ წაგვგლიჯოს? ფაქტია, რომ არა, ასეთ შემთხვევაშიც მარტონი ვართ რუსეთის პირისპირ.
ახლა რაც შეეხება სანქციებთან მიერთება-არმიერთებას: დავუშვათ, ჩვენი დანგრეული ლარით და ეკონომიკით მივუერთდით სანქციებს. ვინ იხეირებს ამით პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ევროპა?! არა, რა თქმა უნდა, არა ევროპა, არამედ რუსეთი! რატომ? იმიტომ, რომ სანქციებს მოჰყვება რუსეთის საპასუხო სანქციები, რაც კიდევ უფრო ჩამოშლის ამ ეტაპზე საქართველოს ფინანსურ სისტემას და გააუარესებს სოციალურ ყოფას, განსაკუთრებით რეგიონებში. მოახლოებული არჩევნების, უკიდურესად დასუსტებული ქართული პროდასავლური პოლიტიკური სპექტრისა და სოციალურად დაბეჩავებული მოსახლეობის ფონზე რუსეთი არაფერს დაიშურებს, რომ მივიღოთ პრორუსული ძალებით გაჯერებული პარლამენტი.
სად არის გამოსავალი?
1. საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობა არ უნდა დაემსგავსოს ცალ კარში თამაშს, როცა ბურთი მხოლოდ ჩვენს კარში გააქვთ;
2. უნდა მოვრჩეთ თვითგვემას, რომ ჩვენი ბრალია, დასავლეთი სათანადოდ რომ ვერ ხედავს ჩვენს პრობლემებს და საშველად არ გამორბის;
3. დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ამიტომაც მოგვიწოდებს, თავიდან ავიცილოთ რუსეთთან ესკალაცია, რადგან მას დღეს უკრაინის პარალელურად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ხელს არ აძლევს;
4. დასავლეთი ფიქრობს, რომ სანქციებითა და ნავთობისა და გაზის ფასის მართვით რამდენიმეწლიან პერსპექტივაში დააჩოქებს რუსეთს და მასაც, ჩვენც და “ტრიფონიასაც” ეშველება.
5. მანამდე კი საქართველომ, როგორც დასავლეთის ერთგულმა პარტნიორმა, მოთმინება უნდა შეინარჩუნოს.
ეს ყველაფერი კარგი და პატიოსანი, მაგრამ პარტნიორობა ჩვენ ორმხრივი ვიცით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატრონყმობაა. ჰოდა, საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთს უნდა უთხრას და მოსთხოვოს შემდეგი:
1. საოკუპაციო ზოლის ყოველდღიური გადმოწევის საკითხს ჩვენ არ ვამწვავებთ იმიტომ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, ვითვალისწინებთ თქვენს რჩევებს და ვასრულებთ თქვენს თხოვნას. სანაცვლოდ, რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის გაკონტროლების სურვილი უნდა გახდეს მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-სა და რუსეთს შორის; არ შეიძლება დასავლეთი გამოვთიშოთ პროცესიდან, მანაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ფორმატზე. მთავარია, ისე წარვმართოთ ჩვენი პოლიტიკა, რომ თავად დასავლეთი გავხადოთ თანამონაწილე, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ადრე თუ გვიან საქართველო მშვიდობიანად შეუერთდება დიდ ევროპულ ოჯახს.
2. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების სანაცვლოდ სთხოვოს დასავლეთს სათანადო ფინანსური კომპენსაცია. საქართველო არც გერმანიაა და არც ბრიტანეთი, რომ ასეთ ფინანსურ ძვრებს გაუძლოს. ჩვენ კარგად უნდა ავუხსნათ დასავლეთს, რომ ჩვენი ეკონომიკური ნგრევა და თანამდევი საგარეო პოლიტიკური ცვლილებები არაფერს შესძენს ევროპის უსაფრთხოებას, უფრო პირიქით. და იქ, სადაც ამოუყორავ საბერძნეთს მილიარდებს აძლევენ, ცოტა ხნით შეუმსუბუქონ საქართველოსაც მძიმე ფინანსური ყოფა. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ სჭირდებათ მათ ჩვენი სანქციებთან მიერთება.
მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს დასავლეთის ჩართულობა საქართველოს სამშვიდობოს გაყვანაში, ხოლო დასავლეთი უნდა ამოხტეს “ბურჟუაზიის აუტანელი სიმსუბუქიდან” და პარტნიორობის საუკეთესო დემოკრატიული და ჰუმანისტური ტრადიციებიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა შეუმსუბუქოს ყოფა უკეთეს მომავლამდე, ანუ მანამ, სანამ დასავლეთის გათვლებით დაწესებული სანქციები რუსეთს ხელს ააღებინებს დამპყრობლურ პოლიტიკაზე.
(…)
ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ჩვენი საომარი არ ვიომეთ და მარტო სხვისი ხელის შემყურეები ვიყავით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. და მარტო ჩვენი ომი არ იყო ეს, ეს იყო ბრძოლა ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვისაც. აღარაფერს ვამბობ ჩვენს მონაწილეობაზე ათასგვარ სამშვიდობო მისიაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით. ამ ბრძოლის საფასურად ჩვენ იმას მაინც ვიმსახურებთ, შევწყვიტოთ თვითგვემა და დასავლეთს მოვთხოვოთ, საქართველოს პრობლემებს ჩვენსავე პრიზმიდან შეხედოს: საქართველო ხურდაში არავის მოჰყოლია – არც რუსეთს, არც ევროპას და არც ამერიკას.
„ახალი თაობა“, 17 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ ლევან ალექსიძესთან: „იმათ საყურადღებოდ ვამბობ, ვინც ქართულ მხარეს 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებას აბრალებს. ჩვენ ომი არ დაგვიწყია, ჩვენ პრევენციული ზომები განვახორციელეთ“
(შემოკლებით)
აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ საკითხებზე საერთაშორისო სამართლის პროფესორს, აკადემიკოს ლევან ალექსიძეს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, 23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს საომარი მოქმედებები დაიწყო. მას შემდეგ საკმაოდ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ მაინც მინდა შემოგთავაზოთ იმის გახსენება, სამართლებრივი თვალსაზრისით საომარი მოქმედებების დაწყებამდე, რა ურთიერთობები იყო სოხუმსა და თბილისს შორის და ახლა თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებისთვის რა სამართლებრივი ბაზა არსებობს? ალბათ გეხსომებათ, რომ კითხვის პირველ ნაწილზე აზრთა სხვადასხვაობა იყო და ახლაც არის…
- ვეცდები, რაც შეიძლება მოკლედ მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება. მე არა მარტო გამიგია, არამედ უშუალო მონაწილე ვარ იმ პროცესების, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ვინაიდან უფლებამოსილი ვიყავი, მოლაპარაკებები მეწარმოებინა სეპარატისტულად განწყობილ აფხაზებთან. (…)
რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სხეულში აფხაზეთი განსხვავებულ ერთეულად ყოფილიყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, სსრკ-ს კონსტიტუციაში აფხაზეთი ნახსენები იყო, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. მას, რა თქმა უნდა, გარკვეული უფლებები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც სსრკ-ს დაშლის პროცესი დაიწყო, რუსეთმა აფხაზეთში თავის დროზე ჩადებული ნაღმები აამოქმედა და აფხაზებმაც დაიწყეს მხარის “სუვერენიზაციაზე ზრუნვა”. სსრკ-ს ფარგლებში მზადდებოდა ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ყველა ავტონომიას ამ კავშირში მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის დონეზე დამოუკიდებლად შესვლის უფლება ექნებოდა. ეს კი ნამდვილად მოასწავებდა საქართველოს ტერიტორიულ და პოლიტიკურ დაშლას. მაშინ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დავალებით მე მომიწია აფხაზებთან მოლაპარაკებების წარმოება. შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ აფხაზეთი რჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ მას მიეცა გარკვეული უფლებები, რომელიც არ ჰქონდა არც ერთ სხვა ყოფილ ავტონომიურ წარმონაქმნს ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე. მაშინ ჩვენ ქვეყნის დაშლის პროცესი შევაჩერეთ. ანუ, იურიდიულად 1992 წლის 14 აგვისტომდე აფხაზეთი იყო ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს ფარგლებში.
- პოლიტიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ აფხაზეთს უკვე ჰქონდა მიღებული ისეთი კანონები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა…
- ვიმეორებ, 1992 წლის 14 აგვისტოსთვის აფხაზეთი საქართველოს კონსტიტუციით და თვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითაც საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი პარლამენტი, რომელიც აფხაზეთში იყო არჩეული ჩემ მიერ შეთავაზებული ფორმულით, 65 დეპუტატისგან შედგებოდა. მათგან 28 ადგილი მიეცათ აფხაზებს, 26 – ქართველებს და 11 – სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. მაგრამ, ყველა პრინციპული საკითხი, მაგ.ალითად რეფერენდუმის ჩატარება, ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვა და სხვა უნდა გადაწყვეტილიყო ხმათა 2/3-ით, ანუ ვერც ერთი კონსტიტუციური ცვლილება ქართველების გარეშე ვერ იქნებოდა მიღებული. 2/3 კი მხოლოდ აფხაზებსა და ქართველებს შორის კონსენსუსით მიიღწეოდა. კონსენსუსის პრინციპი მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების მონაწილეობის გარეშე აფხაზებმა დაიწყეს ისეთი კანონების მიღება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. ზოგი მათგანი აშკარად არღვევდა საქართველოს სუვერენიტეტს, რის გამოც, საქართველოს პარლამენტი იღებდა გადაწყვეტილებას მათი ბათილად ცნობის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ თბილისსა და სოხუმს შორის “კანონების ომიც” იყო, მაგრამ, ისევ ვიტყვი, 1992 წლის 14 აგვისტომდე აფხაზეთი სამართლებრივად საქართველოს ავტონომია გახლდათ. ვიდრე ქართული ჯარის ნაწილები აფხაზეთში შევიდოდნენ, რკინიგზაზე ტვირთები იძარცვებოდა, არძინბა კი გვეხვეწებოდა აფხაზეთში ჯარების შეყვანას, ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება მძარცველებისა და ე.წ. ზვიადისტებს თარეშს ვერ უმკლავდებოდა, (…) მაგრამ, როდესაც 14 აგვისტოს ჩვენი შენაერთები აფხაზეთში შევიდნენ, არძინბა დაიმალა. ომი დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ ენგურიდან შესულ ქვედანაყოფს აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს. კიტოვანს მეტი კი არაფერი უნდოდა და მთელი ჯარი სოხუმში შეიყვანა.
- რაც შეეხება დღევანდელ სამართლებრივ ბაზას…
- აფხაზური მხარე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მათ 1992 წელს “დამოუკიდებლობა გამოაცხადეს”, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის არანაირი სამართლებრივი ბაზა არ არსებობს. ამ საკითხისთვის მე ბევრი სტატია მაქვს მიძღვნილი. საერთაშორისო სამართლით საქართველო დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში არსებული სუვერენული სახელმწიფო გახლავთ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. გაერო-ს ყველა რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის სტატუსი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის ის “ბალიში”, რომელსაც ჩვენ დღეს ვეყრდნობით და რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
(…)
- 1997 წლის აგვისტოში პრიმაკოვმა თბილისში არძინბა ჩამოიყვანა. ეს შეხვედრა იმის გამო დასრულდა უშედეგოდ, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების “საერთო სახელმწიფოს” წინადადება პრეზიდენტმა შევარდნაძემ არ მიიღო. თქვენი აზრით, რა გახლდათ იმის მიზეზი, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულების ამგვარი გეგმა შევარდნაძემ არ მიიღო?
- ეს წინადადებაც ისეთივე ნაღმებს შეიცავდა, როგორც ტარას შამბას წინადადება. ქართველებსა და აფხაზებს უნდა შეგვექმნა “საერთო სახელმწიფო” და ორივე მხარეს თანასწორი უფლებები ექნებოდა. მე თანასწორობის წინაღმდეგი ნამდვილად არ ვარ. მაგრამ, დაუშვებელი იყო იმგვარი ფედერაციის შექმნა, სადაც საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე სუბიექტებად იქნებოდნენ წარმოდგენილნი. საერთო სახელმწიფოს” იდეა ზუსტად ამას მოიაზრებდა. ანუ, მას ქმნიდა ორი დამოუკიდებელი ერთეული. როცა პრიმაკოვმა, რომელიც საქართველოს საქმეებში აქტიურად იყო ჩართული, არძინბა თბილისში ჩამოიყვანა, გვიანობამდე ვისხედით და როცა მე ჩემს პოზიციას არ ვიცვლიდი, დაიწყეს საუბარი, თითქოს მე ვარ რადიკალი. მაშინ არძინბა ადგა და თქვა – პროფესორი ალექსიძე რომ არ ყოფილიყო და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევის ფორმულა ჩვენამდე არ მოეტანა, ომი აფხაზეთში წელიწადნახევრით ადრე დაიწყებოდაო.
- თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მათ რა ძალა აქვთ?
- საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს დოკუმენტები არ არსებობს და შესაბამისად, მათ არანაირი იურიდიული ძალა არ აქვთ. მათ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ სცნობს. ვიცი, რომ აფხაზეთში ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგს ჰგონია, რომ რუსეთი მათ კარგ საქმეს უკეთებს, ზოგი კი ხვდება, რომ რუსეთი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას სპობს. თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი აფხაზეთს ეთნიკურადაც გაჭყლეტს. 10 წელიწადში ისეთი ვითარება შეექმნებათ, როგორც უბიხებს, ანუ განადგურების პირას იქნებიან მისული.
ვიმეორებ, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მოსკოვსა და სოხუმს და მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული შეთანხმებები აბსოლუტურად არანაირ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ და არანაირი იურიდიული ძალა არ აქვთ. რა არგუმენტებიც არ უნდა მოიტანოს მოსკოვმა ამ შეთანხმებების დასაცავად, საერთაშორისო თანამეგობრობა მას ყოველთვის ეტყვის – სოხუმმა და ცხინვალმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განახორცთიელეს ეთნიკური წმენდა, საერთაშორისო ნორმების დარღვევით გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, თქვენ ამ რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით შეიყვანეთ ჯარი და შემდეგ აღიარეთ მათი დამოუკიდებლობა. ასე რომ – რუსეთი ყველა ვარიანტში აგრესორია და შესამაბისად, ეს შეთანხმებები და ამ რეგიონების დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია.
(…)
ეს გახლავთ რუსეთსა და სეპარატისტებს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც განამტკიცებს რუსეთის დომინირებას აფხაზეთში. პრაქტიკულად, უკვე ანექსიაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. თქვენს მიერ ნახსენები შეთანხმების დებულებები მეგობრულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებსა და სუბიექტებს შორის არ იდება. არა მგონია, რომ ნებაყოფილობით მონობა აფხაზი სეპარატისტების მიზანი ყოფილიყო. ახლა რა სურათი გვაქვს – მუხლებზე დაჩოქილი მცირერიცხოვანი ერი, რომელიც სულ უფრო და უფრო მოდის გონს და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან გააცნობიერებს, თუ ვინ არის მათი მეგობარი და ვინ – მტერი.
- თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ამის შანსი და სავარაუდოდ რა პირობებში შეიძლება დადგეს 2008 წლის ომი 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში?
- ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ვეცდები გიპასუხოთ. სამწუხაროდ, არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლება მოლაპარაკებებში ამ შეთანხმებას არ ეყრდნობიან. მეტიც, მას მხოლოდ ზოგადად იხსნიებენ. საქმე იმაშია, რომ ამ დოკუმენტის ძალით, რუსეთს თავისი ჯარი უნდა გაეყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და ომამდელ მდგომარეობას დაბრუნებოდა. რუსეთმა კი ე.წ. ბუფერული ზონებიდან გამოიყვანა თავისი ჯარი და ორ კვირაში აღიარა ამ ორივე სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა. მედვედევი და პუტინი აცხადებდნენ, რომ რუსეთმა ამ რეგიონების ხალხის არჩევანს გაუწია ანგარიში. “აფხაზეთის ხალხის ნება” ვერანაირად ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, ვინაიდან აფხაზეთიდან 1993 წელს მოსახლეობის 2/3 გაყრილი იყო, ხოლო სამხრეთ ოსეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა სწორედ 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა. ეს რომ ასე იყო, ამას ადასტურებს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ამაზეა საუბარი, მათ შორის, ტალიავინის მოხსენებაშიც.
მოგვიანებით, გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ეღიარებინა. მას შემდეგ გაერო-ს გენერალური ასამბლეა საქართველოს ინიციატივით ყოველწლიურად იღებს რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო, უპირობო და დაუყონებლივი დაბრუნების შესახებ.” ამ რეზოლუციის სახელწოდება ყველას მიანიშნებს, რომ ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ანუ იმას, თუ როდის შეიძლება დადგეს 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების საკითხი სერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში – ვერ გეტყვით, რადგან უკრაინაში რუსეთის მოქმედებებზე დასავლეთის რეაქციას ჯერ რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კი მოქმედებს, მაგრამ ისინი როდის გახდებიან კრემლის საგარეო პოლიტიკის კორექტირების საფუძველი, არავინ იცის. ყველა თვალსაზრისით რუსეთმა ომი უკრაინაში წააგო. დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას კრემლი არ ცნობს, თუმცა, ყირიმის მიერთება მაინც შეძლო, საერთაშორისო თანამეგობრობის კატეგორიული უარყოფითი დამოკიდებულბის მიუხედავად.
იმათ საყურადღებოდ ვამბობ, ვინც ქართულ მხარეს 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებას აბრალებს. ჩვენ ომი არ დაგვიწყია, ჩვენ პრევენციული ზომები განვახორციელეთ. ყირიმში უკრაინულ მხარეს საერთოდ არც კი გაუსვრია, მაგრამ ყირიმი რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდა. ჩვენ რომ რუსეთის ინტერვენციის დაწყებას დავასწარით და სამხედრო მოქმედებები რეგიონის სიღრმეში გადავიტანეთ, ორი დღე მოვიგეთ იმისთვის, რომ დასავლეთი გონს მოსულიყო. ისინი, ვინც დაეცნენ ბრძოლის ველზე და ვის ხსოვნას ამ დღეებში პატივს მივაგებთ, ნამდვილი გმირები არიან. რომ არა მათი ვაჟკაცობა, კრემლი თბილისში ტანკებით შემოსვლას გეგმავდა. Aმიტომ მათ, ვინც აცხადებს, რომ აგვისტოს ომი უაზრობა იყო, კარგად დაფიქრებას ვურჩევ.
12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების პერსპექტივას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ თავად ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ამაზე არასაკმარისად საუბრობს. მეტიც, მისი დამოკიდებულება სასაზღვრო ბანერების დამონტაჟებასთან, ანუ რუსული პროვოკაციების მიმართ საკმაოდ შემრიგებლურია. გასაგებია, რომ მათი მიზანი უფრო დიდი პროვოკაციების თავიდან აცილებაა, მაგრამ რამდენად გაამართლებს ამგვარი ტაქტიკა – ეს ჩემში ეჭვს იწვევს. რუსეთს 2008 წელს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო პლაცდარმების შექმნა უნდოდა და შექმნა კიდეც. ვფიქრობ, მოსკოვი ამას არ დასჯერდება და კიდევ წამოიწევა წინ, როგორც კი დაინახავს, მისი პროვოკაციები ვერ აჩერებენ საქართველოში ნატოს პოზიციების გამყარებას. ეტყობა, აფხაზები და ოსები ვერ გრძნობენ, რომ ამ ტერიტორიებზე მათი ეთნიკური გადაშენების დრო მოდის.
(…)
- რას შეიძლება ნიშნავდეს შიდა ქართლში სასაზღვრო ბანერების დაყენების პროცესის გააქტიურება?
- რუსები თავის საქმე აკეთებენ. მაგრამ ახლა მთავარია, ჩვენ ამაზე როგორ ვრეაგირებთ. როდესაც ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბანერების დამონტაჟება ომის შედეგია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღავრს არ სცილდებიან, ეს მტკნარი სიცრუეა. მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთიდან გამოაძევეს ეთნიკური ქართველები, დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს ქართველების სახლები, ე.წ. საზღვრების ე.წ. კანონიერებაზე საუბარი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია. ამ თემაზე მინისტრების განცხადებებს რუსეთი ჟენევაში ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ, ე.წ. სასაზღვრო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებების კეთებისას მეტი გონიერება მართებს ყველას.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 17 აგვისტო, 2015 წელი
საქართველო ახალი მოდერნიზებული “მფრინავი ტანკების” წარმოებას იწყებს
სპეციალისტთა შეფასებით, თბილისში აწყობილ “ბორა”-ზე მსოფლიოში დიდი მოთხოვნილება იქნება
ვახტანგ შამუგია
თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. მისი განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ახალი სიტყვა ქართული ავიამშენებლობის ისტორიაში. რაც მთავარია, მისი თანამონაწილეები არიან ის ფრანგული და ებრაული კომპანიები, რომლებსაც ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. ეს კი ამ წამოწყების წარმატების შანსებს ერთი-ორად ზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური, კერძოდ კი რუსული პრესა, “თბილავიამშენის” ხელმძღვანელ ნოდარ ბერიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისის საავიაციო საწარმო ახალი თვითმფრინავის, ჯე-31 “ბორას” შექმნაზე იწყებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ მისი ფუიზელაჟი და ფრთები საქართველოში იქნება დამზადებული. სანავიგაციო მოწყობილობები, ელექტრო სისტემები და რაც მთავარია ძრავები კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, კერძოდ კი საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა ან იტალიაში იქნება შეძენილი.
ჯე-31 “ბორა” მსოფლიოში ცნობილი, საბჭოთა წარმოების მოიერიშის, სუ-25 ღრმად მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ ტიპის თვითმფრინავები სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანაში იწარმოებოდა, ახალ პროექტს წარმატების დიდი შანსი აქვს.
(…)
1970-იან წლებში შექმნილი მოიერიშე “სუ-25″ დღემდე არის მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის არმიის შეიარაღებაში. თბილისში აწყობილი ეს თვითმფრინავები დღემდეა როგორც რუსეთის, ასევე თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, ირანის, ერაყისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში. “სუ-25″ აღიარებულია საუკეთესო მოიერიშე თვითმფრინავად. მის ფუნქციაში შედის ფრონტისპირა რაიონში მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების, კარგად გამაგრებული პოზიციების, ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის წინააღმდეგ ბრძოლა. ძლიერი შეჯავშნისა და მაღალი საიმედოობის გამო მას “მფრინავ ტანკსაც” უწოდებენ.
(…)
პარადოქსია, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი, ოდესღაც თბილისში აწყობილი სწორედ ეს თვითმფრინავები აყენებდნენ ყველაზე დიდ ზიანს იმ ქართულ სამხედრო კოლონებს, რომლებიც ცხინვალისაკენ მიემართებოდნენ.
31-ე საავიაციო ქარხანაში 1978 წლიდან 1991 წლამდე 850-მდე “სუ-25″ იქნა აწყობილი. საბჭოთა ე.წ. “გადაჯაჭვის პოლიტიკის” წყალობით, დეტალები სხვადასხვა რესპუბლიკაში მზადდებოდა, შემდეგ კი მათი ტრანსპორტირება და აწყობა უკვე თბილისში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს წარმოების ხარჯებს ერთიორად ზრდიდა, მაგრამ რესპუბლიკას წარმოების ავტონომიურობის საშუალებას უსპობდა და იმ შემთხვევაში, თუ ის საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლას განიზრახავდა, საწარმო რეალურად ფუნქციას დაკარგავდა, რადგანაც შესაბამის, წარმოებისათვის აუცილებელ დეტალებს ვერ მიიღებდა.
ასეც მოხდა. 1991 წელს, როდესაც სსრკ დაიშალა, საწარმოს დიდი პრობლემები შეექმნა. რუსეთთან აფხაზეთის კონფლიქტის გამო დაძაბულმა ურთიერთობამ განაპირობა ის, რომ მოსკოვმა საქართველოს ერთგვარი არაოფიციალური სამხედრო ემბარგო დაუწესა. ქარხანა უწინდელი მასშტაბებით მუშაობას ვეღარ ახერხებდა და სხვადასხვა ქვეყნის არმიების შეიარაღებაში არსებული “სუ-25-ის” გარემონტება-მოდერნიზებით ირჩენდა თავს.
აღსანიშნავია, რომ “სუ-25-ის” მოდერნიზების გამოცდილება 31-ე საავიაციო ქარხანას საკმაოდ დიდი აქვს. 1990-იანი წლების მიწურულს, ებრაელ სპეციალისტებთან ერთად, ამ ტიპის მოიერიშეებს საფუძვლიანი მოდერნიზება ჩაუტარდა. მოდელს “სკარპიონი” უწოდეს.
მოგვიანებით, 2005-2006 წლებში, კვლავ ჩატარდა მოდერნიზების ახალი პროგრამა და დღის სინათლე “მიმინომ” იხილა. რუსული ანალოგებისაგან განსხვავებით, ეს მოდერნიზებული “სუ”-ები ერთნაირი წარმატებით მოქმედებენ როგორც დღის, ასევე ღამის პერიოდში და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი. მათი მთავარი პლუსი არის ის, რომ მათ აქვთ ნავიგაციისა და იარაღის გამოყენების თანამედროვე სისტემები, რაც ავიაბომბების მაღალი სიზუსტით გამოყენებას განაპირობებს. მათ შეუძლიათ როგორც საბჭოური, აგრეთვე ნატო-ს წარმოებული საბრძოლო მასალების გამოყენება.
სამხედრო მიმომხილველის, გიორგი ინაურის თქმით, პროექტის განხორციელება ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობას გაზრდის, რადგანაც ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვების მთავარი გარანტი სწორედ ძლიერი საავიაციო მხარდაჭერაა, რაც აგვისტოს ომმაც ნათლად აჩვენა.
“საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც საკუთარი ავიამშენებლობა აქვს და შესაბამისად, ამ შანსის არგამოყენება დაუშვებელია. ეს როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის, აგრეთვე მისი ეკონომიკისათვის ძალიან სასარგებლოა. ამიტომაც სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ამ პროექტის განხორციელებას ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება დროში უსაშველოდ გაიწელოს. აქ ჩადებული ინვესტიცია ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს.
“მსგავსი საფრენი აპარატი დასავლურ ანალოგთან შედარებით, როგორიც მხოლოდ ამერიკული “ა-10″ არის, ბევრად იაფი ეღირება, რაც მასზე მოთხოვნას გაზრდის”, – თქვა ინაურმა “მთელ კვირასთან” საუბრისას.