«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ მათ მიერვე არჩეულ ლიდერებს“
«Foreign Affairs» (აშშ): ობამა და ევროპა
«Эхо» (აზერბაიჯანი): ერევნის „სარკინიგზო იმედები“: ახდება თუ არა სომხეთის ოცნება?
——————-
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 17 აგვისტო, 2015 წელი
„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ მათ მიერვე არჩეულ ლიდერებს“
ბრიტანული „ფაინენშელ თაიმს“-ში გამოქვეყნებულია სტატია, რომლის ავტორი – პოლონეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის ექს-მინისტრის რადოსლავ სიკორსკი იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ამბებს, როცა იგი შვედეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტისა და მისი მეუღლის, ევროპარლამენტის წევრის ანა მარია კორაცა-ბილდტის ქორწინების მორიგ წლისთავზე იყო მიპატიჟებული და ამბობს, რომ იქ ისეთი რამ ხდებოდა, ჩემი თავი საერთაშორისო კრიზისზე გადაღებულ ჰოლივუდის ფილმში მეგონაო.
„როგორც კი ქალბატონმა კორაცა-ბილდტმა სადღეგრძელო წარმოსთქვა, ყველა იქ მყოფთა ტელეფონის ზარები გაისმა: გვაცნობეს, რომ რუსეთი ეს-ესაა საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრაო“, – წერს რადოსლავ სიკორსკი.. შვედეთის მინისტრი სასწრაფოდ კავკასიაში გაემგზავრა, თვითონ კი, პოლონეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა, თავის ფრანგ კოლეგას – ბერნარ კუშნერს დაურეკა (იმ დროს ევროკავშირში საფრანგეთი თავმჯდომარეობდა), რომელმაც სასწრაფოდ მოიწვია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომა.
უკვე ორიოდე დღის შემდეგ პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ევროკავშირის სახელით მოლაპარაკება გამართა, რომელმაც წარმატება მოიტანა: ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით მხარეები დაზავდნენ, შეწყდა საომარი მოქმედებები და, შესაბამისად, საქართველოს დემიოკრატიული მთავრობა დამხობას გადაურჩა. არადა, მის გადარჩენაში იმ დროს დარწმუნებული არავინ იყო.
თუმცა მომდევნო პერიოდში სიტუაცია გაუარესდა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი , ორი ტერიტორია, რომლებთაც პრეტენზია ჰქონდათ „დამოუკიდებლობაზე“, ძველებურად გაყინული კონფლიქტების მდგომარეობაში დარჩნენ, – წერს რადოსლავ სიკორსკი და აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ, პერსპექტივა არ აქვთ: მათი საზღვრები სადაოა, საქართველოს და რუსეთს კი ერთმანეთთან პერმანენტული დაპირისპირება აქვთ. „თუ დღეს ევროკავშირის კავკასიური პოლიტიკა საერთოდ არსებობს, აშკარაა, რომ ეს პოლიტიკა მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის“.
რადოსლავ სიკორსკის აზრით, ევროკავშირს რომ ერთიანი პოლიტიკა ეწარმოებინა, ამ მიზნით შემოღებულ იქნა ევროპის საბჭოს თავმჯდომარის პოსტი, რომელსაც ამჟამად დონალდ ტუსკს აქვს დაკავებული. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეგნებულად დათანხმდნენ თავიანთი უფლებამოსილების შეზღუდვას, რომ მათი სახელით მხოლოდ ერთ წარმომადგენელს ელაპარაკა. საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირის პირველი უმაღლესი წარმომადგენლის (კომისრის) ბარონესა ქეთრინ ეშტონის საქმიანობის დროს თავდაპირველად წარმატების იმედი გაჩნდა, მაგრამ ბოლო დროს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ძველებურ მდგომარეობას დაუბრუნდა - სხვადასხვა კონფლიქტების მოგვარებისას (სირია, ლიბია, პალესტინა-ისრალი) უფრო მეტად ცალკეული ქვეყნების ძალისხმევა ჩანს, ვიდრე საერთოდ ევროკავშირისა და ეს ხდება იმ დროს, როცა ფედერიკა მოგერინი ორგანიზაციის გააქტიურებას ცდილობს.
ევროკავშირი საერთოდ არ ჩანს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში, მის ნაცვლად აქტიურობენ გერმანია და საფრანგეთი (არცერთს უკრაინასთან საერთო საზღვარი აქვს!). პარიზმა და ბერლინმა საკუთარ თავზე აიღეს „რუსეთის აგრესიის დარეგულირება“, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს. მიზეზები გასაგებია: ფინანსურმა კრიზისმა ევროკავშირის სხვა წევრებისადმი ნდობა შეამცირა და რადგანაც [საფრანგეთი და გერმანია] მთავარი „საფულეები“ არიან, სწორედ ისინი ღებულობენ გადაწყვეტილებას. რუსეთი, თავის მხრივ, სარგებლობს შექმნილი სიტუაციით და ცდილობს გააღრმავოს უთანხმოების ნაპრალი, ცდილობს თავისი გავლენა გააფართოვოს შედარებით უფრო სუსტ, ნაკლებწონიან ქვეყნებზე.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განსაზღვრონ, როგორ და რა მეთოდით გადაწყვიტონ არსებული პრობლემა – ერთად თუ ცალ-ცალკე. და თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება კოლექტიურ ძალისხმევაზე, მაშინ გარკვეული წესებიც უნდა იქნეს დაცული. გერმანიას ასეთი მიდგომა უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან საბერძნეთის კრიზისმა აჩვენა: თუ შენ პრობლემის მოგვარებაში მთავარ როლს ასრულებ და არაფერი გამოგივა, მაშინ მთავარი დამნაშავეც შენ იქნები. თუ უკრაინაში რაღაც ისე არ წავა საქმე, როგორც საჭიროა, ისევ გერმანია იქნება პასუხისმგებელი.
ევროპის პოლიტიკა ერთობლივი და ერთიანი უნდა იყოს, რომელიც არჩეულმა ლიდერებმა უნდა გაატარონ. „ჩვენ ევროკავშირის საფუძვლებს უნდა დავუბრუნდეთ – საჭიროა ევროსაბჭოს პრეზიდენტის (თავმჯდომარის) და საგარეო პოლიტიკის უმაღლესი კომისრის უფლებების გაფართოება. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება მათი წარმატების შეფასების შესაძლებლობა“, – ასე ამთავრებს თავის სტატიას რადოსლავ სიკორსკი.
«Foreign Affairs» (აშშ), 18 აგვისტო, 2015 წელი
https://www.foreignaffairs.com/articles/europe/obama-and-europe
ობამა და ევროპა
ჟურნალ „ფორინ ეფეარს“-ის მეხუთე ნომერში, რომელსაც გავლენიანი ორგანიზაცია „აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭო“ ყოველ ორ თვეში ერთხელ გამოსცემს, დაბეჭდილია ცნობილი ჟურნალისტის ენ ეპლბაუმის სტატია „ობამა და ევროპა“, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გატარებული ევროპული პოლიტიკაა გაანალიზებული.
ავტორი იხსენებს 2008 წელს, როცა ბარაკ ობამამ, ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბერლინში ვიზიტის დროს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით ადამიანს და მთელ მსოფლიოს. მან ისაუბრა ამერიკის ევროპელ მოკავშირეებზე, მაღალ დონეზე შეაფასა მათთან თანამშრომლობა, დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება ევროპის წინაშე და განაცხადა, რომ „ერთმანეთისაგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და, რაც მთავარია, ერთმანეთს უნდა ვენდოთ და დავუჯეროთო“. ბარაკ ობამამ ჩამოთვალა გლობალური პრობლემები და ხაზი გაუსვა, რომ „ვერცერთი ქვეყანა, როგორი დიდიც და ძლიერიც არ უნდა იყოს, ასეთ პრობლემებს მარტო ვერ გაუმკლავდება“.
იმ დროს ბარაკ ობამას გამოსვლამ გერმანელებზე (და არა მარტო მათზე) უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი 2009 წელს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, ალფრედ ნობელის მშვიდობის პრემიითაც დააჯილდოვეს…
თუ 2009 წლის შემდგომ მოვლენებს გადავხედავთ, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადის ჩათვლით (მას კიდევ წელიწადნახევარი აქვს დარჩენილი), შეიძლება ითქვას, რომ არც პრეზიდენტი და არც მისი გარემოცვა ევროპულ უსაფრთხოებას სერიოზულად არ უყურებდა. არ ფიქრობდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პერსპექტივაზეც…
რაც შეეხება რუსეთთან დამოკიდებულებას, დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ყველა პრობლემა მხოლოდ წინა პრეზიდენტების ბრალი იყო თავიანთი აგრესიული ანტირუსული რიტორიკისა და ანტირაკეტული თავდაცვის გამო. ბარაკ ობამას გარემოცვამ 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი ომის გამო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააკისრა… გარდა ამისა, ბარაკ ობამას მმართველობის დროს რუსეთთან ურთიერთობაში არსებული მრავალწლიანი უთანხმოების მნიშვნელობა ან ხელოვნურად შემცირდა, ანდა საერთოდ უარყოფილი იქნა.
ბარაკ ობამამ ყურად არ იღო ევროპის სიგნალები, რომ რუსეთის აგრესიულობა მატულობს, რომ რუსეთის არმია ბალტიისპირეთს ემუქრება. შეშფოთებული პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოებს მიაჩნდათ, რომ რუსეთი, ადრე თუ გვიან, მათაც საქართველოს მსგავსად მოექცეოდა. მაგრამ შეერთებული შტატები ამგვარ სცენარებს სერიოზულად არ უყურებდა: იდეა, რომ რუსეთი შეიძლებოდა ევროპისათვის საფრთხის მომტანი ყოფილიყო, ვაშინგტონს ჯერ კიდევ აბსურდულად მიაჩნდა.
რასაკვირველია, ისე ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გულუბრყვილობით იყო მოტივირებული და ილუზიებში იმყოფებოდა, – წერს ენ ეპლბაუმი, – მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს, როცა ბარაკ ობამა ვლადიმირ პუტინს შეხვდა, როცა მან ამერიკის პრეზიდენტს უხეშად „წაუკითხა ლექცია“ ანტირაკეტული თავდაცვისა და საქართველოსთან მიმართებით, ვაშინგტონს კვლავ ჰქონდა იმის იმედი, რომ მედვედევის პრეზიდენტობის ჟამს (რომელიც თავის უფლებამოსილებას სრულად ვერ იყენებდა), პუტინთან თანამშრომლობა შეიძლებოდა. „სხვათა შორის, ობამას ადმინისტრაციის ერთმა ჩინოვნიკმა პირად საუბარში მითხრა, თუ რაში მდგომარეობდა თეთრი სახლის პოლიტიკა: „ჩვენ ისე ვიმოქმედებთ, რომ ყველას ეგონოს – მედვედევს მართლა პრეზიდენტად ვთვლითო“. ამ იდეის მიზანი იყო რუსეთისაგან ნებართვა მიღებულიყო მისი ტერიტორიით სარგებლობაზე (ავღანეთში აშშ-ის ჯარების მომარაგების მიზნით) და მოსკოვს დახმარება გაეწია ირანთან მოლაპარაკების საკითხში.
სტატიის დასასრულს, ენ ეპლბაუმი ოპტიმისტურადაა განწყობილი და, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომების მიუხედავად, იმედი აქვს, რომ ვაშინგტონი პერსპექტივაში ევროპას მეტ ყურადღებას დაუთმობს:
ჯერ-ჯერობით სიტუაცია დასავლეთისათვის ხელსაყრელია, – წერს ავტორი, – რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაში იმყოფება, თუმცა ამაში დიდი როლი მიუძღვის ნავთობის დაბალ ფასს და არა ანტირუსულ სანქციებს. ყველაზე დიდ გამოუცნობ პრობლემას კი თვითონ ვლადიმირ პუტინი წარმოადგენს: რას მოიმოქმედებს იგი, თუ მის პირად ძალაუფლებას დაემუქრებიან? შეიძლება მან ისე გადაწყვიტოს, რომ საჭიროა ახალი კრიზისის შექმნა, უფრო დიდისა, რომ მან საზოგადოების მობილიზება შეძლოს და რუსეთის ხელისუფლებაში დარჩეს. ყველაზე კატასტროფული სცენარი შეიძლება ისე განვითარდეს, როგორსაც რუსები სამხედრო მანევრების დროს ამუშავებდნენ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.
თუ წინა პერიოდების პრეზიდენტების მიერ გატარებული რუსული პოლიტიკის შედეგებს გადავხედავთ, არაა გამორიცხული, რომ ბარაკ ობამას პოლიტიკაც იგივენაირად დასრულდეს: პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა თავისი პოლიტიკა რუსეთთან (სანჭოთა კავშირთან) „დაძაბულობის განმუხტვით“ დაიწყო და ავღანელი მოჯაჰედების შეიარაღებითა და მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტით დაასრულა; ჯორჯ ბუშმა ვლადიმირ პუტინს თვალებში შეხედა, სულში ჩახედა და მისი დაიჯერა“, საბოლოოდ კი რუსეთთან ომის დროს მხარი საქართველოს დაუჭირა (მართალია, რიტორიკის დონეზე, მაგრამ მაინც). ბარაკ ობამამაც „გადატვირთვით“ დაიწყო და, როგორც ჩანს, ანტირუსული სანქციებით ამთავრებს. შემდეგი პრეზიდენტისათვის მთავარი საკითხი იქნება, შეძლებს თუ არა იგი თავიდან აიცილოს ამგვარი შაბლონები, შექმნის თუ არა ევროპის კონტინენტის მხარდამჭერ გრძელვადიან პროექტს და შეძლებს თუ არა თავისი მოკავშირეების დაცვას რუსული რევანშიზმის ეპოქაში.
«Эхо» (აზერბაიჯანი), 18 აგვისტო, 2015 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=87705
ერევნის „სარკინიგზო იმედები“: ახდება თუ არა სომხეთის ოცნება?
„ზაფხული დასასრულს უახლოვდება, ბევრ ქვეყანაში უკვე ტურისტული სეზონის შედეგების დათვლას შეუდგნენ. სომხეთიც გამონაკლისი არ არის: როგორც ადგილობრივი მასმედია იუწყება, გაგანია შვებულებების ჟამს სომხები უპირატესობას საქართველოს შავი ზღვის ნაპირებზე დასვენებას აძლევენ“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „ეხო“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
„მხოლოდ ივლისის თვეში საქართველოში დასასვვენებლად 180 ათასი სომეხი ცავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებლს 12%-ით აღემატება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სომეხი ტურისტების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე რუსების, თურქების და აზერბაიჯანელებისა. რატომ მიდიან სომხები საქართველოს შავი ზღვის ნაპირზე? „იმიტომ, რომ საქართველოში, ელემენტალურად, დასვენება იაფი ჯდება. გარდა ამისა, არც ავიაბილეთები და არც ვიზა საჭირო არ არის“, – ამბობს ერთ-ერთი სომხური ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი, – „ოჯახით რომ დაისვენო ქართულ საზღვაო კურორტებზე ათი დღის განმავლობაში, ათასი დოლარი საკმარისია“.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც სომხეთს სარკინიგზო კავშირი აქვს, მიმოსვლა საკმაოდ იაფია. ადრე სომხეთი საკმაოდ მჭიდროს იყო ჩართული საბჭოთა სარკინიგზო ქსელში – გიუმრიდან (ლენინაკანიდან) მატარებლები თურქეთში, ყარსისკენ დადიოდნენ, ხოლო ირანისკენ – იგივე ლენინაკანიდან ნახჭევნისა და ჯულფის გავლით. მაგრამ დღეს ყოფილ ლოჯისტიკაზე მხოლოდ მოგონებაღა დარჩა: მართალია, სომხეთის რკინიგზები „რუსეთის რკინიგზების“ კუთვნილება გახდა, მაგრამ თვით ქვეყანას კი რუსეთთან კავშირიც არ აქვს.
ამას წინათ სომხებს ძალიან გაეხარდათ: როგორც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა იგორ მარღანიამ განაცხადა, თურმე რუს სამხედრო მოსამსახურეებს რკინიგზის ვაკისის გაწმენდა დაუწყიათ, ოჩამჩირედან მდინარე ენგურის ხიდამდე. მისი ვარაუდით, თუ რკინიგზის გაწმენდას შეუდგნენ, ესე იგი, მისი აღდგენაა დაგეგმილი და სესაძლებელია სატრანზიტო მოძრაობა განახლდეს. ამ საფუძველზე სომეხი ექსპერტი ანუშ ლევონიანი იმედოვნებს, რომ რუსეთს განზრახული აქვს სომხეთისა და რუსული სამხედრო ბაზის დებლოკირება მოახდინოსო. იგი სინანულს გამოხატავს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კომუნიკაცია – ნავთოპ- და გაზსადენები სომხეთის ტერიტორიას გვერდს უქცევენო, რაც საზარალოა ქვეყნის ეკონომიკისათვის.
შეიძლებოდა სომეხი ქალბატონისათვის შეგვეხსენებინა, თუ როგორ შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი ამგვარი მდგომარეობიდან: სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიების დეოკუპირება უნდა მოახდინოს და ჯარები დაპყრობილი მიწებიდან გამოიყვანოს, უარი თქვას თურქეთისადმი პრეტენზიებზე და საზღვრებიც გაიხსნება.
აშკარაა, რომ სომხები სრულიად არიან დარწმუნებულნი, რომ რუსეთი თუ მოისურვებს, ერთ მშვენიერ დღეს კავკასიაში სიტუაცია სომხეთის სასარგებლოს შეიცვლება. აი, როგორ მსჯელობს ანუშ ლევონიანი: სომხეთი ხომ შევიდა ევრაზიულ კავშირში? შევიდა. საქართველოში ხომ იცვლება განწყობა დადებითად ევრაზიული კავშირისადმი? იცვლება. „ისლამური სახელმწიფო“ ხომ ემუქრება საქართველოს, რუსეთს და აზერბაიჯანს? ემუქრება. ჰოდა, ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად გიუმრის სამხედრო ბაზის გაძლიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, აუცილებელია რუსეთ-სომხეთის პირდაპირი სარკინიგზო ტრანზიტული კავშირის აღდგენა, აფხაზეთის გავლით“.
მაგრამ ერევნელ ექსპერტს ავიწყდება ერთი გარემოება: აფხაზეთის ტერიტორიიაზე ტრანზიტის შესახებ გადაწყვეტილებას ერევანში, მოსკოვში და მით უმეტეს, სოხუმში კი არ ღებულობენ, არამედ თბილისში. თბილისი კი აცხადებს: რანაირი მოლაპარაკება რკინიგზაზე სატრანზიტო მოძრაობის აღდგენის შესახებ არ მიმდინარეობს (ციტირებულია ლტოლვილთა საქმეების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადება).
დღეს ბევრი იხსენებს, რომ იყო დრო, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოგვარებაზე ალაპარაკდნენ. სწორედ მაშინ ახსენა იმდროინდელმა რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რკინიგზაზე მოძრაობის შესაძლო აღდგენა, თუმცა მან მალე განმარტა, რომ ამ საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკება არ მიმდინარეობსო. ამაში დიდი როლი შეასრულა არა მარტო აზერბაიჯანის პოზიციამ (ბაქომ თბილისს სამოკავშირეო ვალდებულება შეახსენა), არამედ იმანაც, რომ თვითმფრინავებისაგან განსხვავებით, მატარებლები რკინიგზაზე დადიან და რომ საზღვრების მოუგვარებლობის შემთხვევაში მათი მოძრაობა ვერ განხორციელდება. ამიტომაც მოძრაობა ბლოკირებული რჩება.
აქ შეიძლება გავიხსენოთ ბლოკირებული გიუმრი-ყარსის რკინიგზა, რომლითაც საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანიც სარგებლობდა თურქეთთან დასაკავშირებლად, მაგრამ ეს პრობლემა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობით გადაიჭრა, სომხეთისაგან გვერდის ავლით. თეორიულად სომხეთსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე „ახალ გვერდამქცევ რკინიგზის შტოზე“ იფიქროს, რუსეთთან კავშირის დასამყარებლად, მაგრამ ამის ნებას ვინ მისცემს? ან სადაა იმდენი ინვესტიცია? ის არც სომხეთს და არც რუსეთს არ აქვს. თანაც არავინ იცის, ვინ ივლის და რას გადაიტანენ ამ რკინიგზით.
ასე რომ, სომხეთის „სარკინიგზო ოცნებები“ წარუმეტებელია. ეკონომიკურ გეგმებს პოლიტიკური გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფა ჭირდება.