globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 19 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 19th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში: შეხვედრები, მოლაპარაკებები, განცხადებები

რეზონანსი: ინტერვიუ კაკაჩიასთან: „არჩევნებამდე ამერიკა საქართველოს მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის“

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “ალიანსს სხვა საქართველო არ გააჩნია… ბრიუსელის ჩინოვნიკებმა დროა თვალი გაუსწორონ ამ რეალობას”

რეზონანსი“: აფხაზეთი: ცხოვრება ენგურს მიღმა // გალელების ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად, დადებითისკენ შეიცვალა

———————

„ახალი თაობა“, 19 აგვისტო, 2015 წელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში: შეხვედრები, მოლაპარაკებები, განცხადებები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრია.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მადლენ ოლბრაიტთან შეხვედრა ძალზედ დროული და ღირებული იყო.

“უამრავი შეკითხვა დაისვა. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ოლბრაიტისგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ ის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფორუმზე, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს ადვოკატი იქნება. მსგავსი ადამიანების კეთილგანწყობა ჩვენისთანა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, რადგან ეს ფაქტი საზოგადობრივი აზრის კონსოლიდაციას უწყობს ხელს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მადლენ ოლბრაიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების პრეზიდენტს ჯონ ჰამრის შეხვდა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გაამყარა და დაადასტურა იმ პოლიტიკური ხაზის მართებულობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობის გზაზე ატარებს.

“ჩვენი ამოცანაა, მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მოვიპოვოთ იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც დღეს შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა ფუნქციონირებენ, მაგრამ, ამავდროულად, განწყობებს ქმნიან ქვეყანაში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

———–

თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში პუნიტ ტალვართან ორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს საიმედო და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა სულ უფრო მეტ პროგრესს განიცდის. ვიქტორია ნულანდთან და პუნიტ ტალვართან საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების თემატიკის გარდა საუბარი ნატო-საქართველოს “არსებითი პაკეტით” გათვალისწინებულ პრორიტეტულ მიმართულებებსა და იმ რეფორმებს შეეხო, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა გაგრძელდეს.

“პროფესიული განათლების სკოლა და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, “არსებითი პაკეტის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია, რომლებიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, პირველ რიგში, საქართველოსთვის, მაგრამ ეს პროექტები წარმატების შემთხვევაში რეალურ შესაძლებლობებს აჩენს იმისთვის, რომ საქართველომ რეგიონული მასშტაბის ფუნქცია და მნიშვნელობა შეიძინოს. მაგალითისთვის, ერთობლივი სასწავლო ცენტრი არის პროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების მიმღები ქვეყნის სტატუსიდან უსაფრთხოების მიმწოდებლის სტატუსზე გადაიყვანს. ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ განცდა და იმედი, რომ საქართველოს სახით არა მარტო მოსახლეობის მხარდაჭერით უზრუნველყოფილი, საიმედო, პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა უნდა ჰყავდეს, არამედ, საქართველო უნდა გახდეს ქვეყანა, რომელიც ბევრ მიმართულებაზე პასუხისმგებლობას თავადაც აიღებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და კვლევით ორგანიზაციებში საჯარო მოხსენებებს მოიცავს და მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

———–

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის საკითხებში, ჯეიმს როდრიგესსა და ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური შტაბის მთავარ სერჟანტს, ბრაიან ბატალიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე თინათინ ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობა-რეაბილიტაციის საკითხებზე და ამერიკულ მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივები გააცნო. მათივე ინფორმაციით, ბრაიან ბატალია და ჯეიმს როდრიგესი დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობა-რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდნენ. ამერიკულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სამედიცინო პერსონალის გადამზადებაში დაეხმაროს.

შეხვედრაზე მხარეებმა ჯარისკაცების რეაბილიტაციის პროცესში სპორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. განიხილეს სპორტის სხვადასხვა დისციპლინებში შესაბამისი პროფილისა და ცოდნის მქონე ტრენერების საქართველოში მოვლინების საკითხიც.

დაჭრილი და დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობა-რეაბილიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თავდაცვის სამინისტროში ცოტა ხნის წინ შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც, სწორედ, ამ მიმართულებით იმუშავებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორებისთვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ინიციატივები საქართველოს დაჭრილი და დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრობლემების მოგვარებას, გამარტივებას, მათ დასაქმებასა და დამატებითი განათლების მიღების შესაძლებლობებს უკავშირდება.

რეზონანსი“, 19 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ კაკაჩიასთან: არჩევნებამდე ამერიკა საქართველოს მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის

ამერიკული კონსერვატიული კვლევითი ცენტრის, “მემკვიდრეობის ფონდის” ანალიტიკოსმა, ლუკ კოფმა ამავე ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოაქვეყნა სტატია “შესანიშნავი შესაძლებლობა შშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების განვითარებისთვის”, სადაც ამბობს, რომ ევროპაში, საქართველო ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა და ნატო-საქართველოს კავშირები ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მისი აზრით, დროა, აშშ-მ საჯაროდ განაცხადოს, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად მაპი არ სჭირდება.

იმის შესახებ თუ რამდენად რეალურია ეს პერსპექტივა, “რეზონანსი” პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

“ლუკ კოფი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსია, ეს სტატიაა და არა ოფიციალური განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. თუმცა თავად აზრი, რომ საქართველოს არ სჭირდება მაპი ნატოში შესასვლელად, საკმაოდ საინტერესოა. ამით რუსეთს გამოეცლებოდა დამატებითი ბერკეტები, რომლებსაც იგი იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. ყოველდღიურად რუსულ ტელეარხებსა და პრესაში ისმის, რომ საქართველო ვერ მოიპოვებს მაპს და ვერ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რომ რეალურად არავის სჭირდება საქართველო, არც აშშ-ს და არც ევროპას და საბოლოოდ საქართველო დაუბრუნდება ევრაზიულ კავშირს“.

(…)

“ამ ეტაპზე არ ველი, რომ ამერიკა მსგავს განცხადებას გააკეთებს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომელიც არსებობს საქართველოს ნატოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დღეისათვის არც ამერიკას და არც ევროპას არ გააჩნია სტრატეგიული, ჩამოყალიბებული გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით, ამიტომ მსგავს განცხადებებს არ ველით. თუმცა თავად იდეა ძალიან ეფექტურია. ეს არის გზა, რომ რუსეთს გამოვაცალოთ დამატებითი ბერკეტები”.

(…)

“არ მგონია ობამას ადმინისტრაციამ ახალი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მას ძალზე მცირე დრო რჩება სამოქმედოდ. აქედან გამომდინარე, სანამ აშშ-ში არ ჩატარდება არჩევნები და ახალი ხელისუფლება არ მოვა, მანამ არ უნდა ველოდოთ, რომ ამერიკა რაიმე უფრო ეფექტურ ან განსხვავებულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში”.

(…)

“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამერიკა მხარს გვიჭერდეს, თუმცა აგრეთვე უმნიშვნელოვანესია მხარდაჭერა მივიღოთ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად საფრანგეთისა და გერმანიისგან, რადგან გერმანიის მხარდაჭერას აქვს “დამარწმუნებელი” ეფექტი სხვა სახელმწიფოებისთვის. მათთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად დემოკრატიული იქნება საქართველო და რამდენად წინ წავა იგი განვითარების თვალსაზრისით. დღეს ჩვენთვის პრიორიტეტულია, ევროპას დავანახოთ, რომ ვაშენებთ დემოკრატიულ და განვითარებად სახელმწიფოს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ამ კუთხით“.

რეზონანსი“, 19 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “ალიანსს სხვა საქართველო არ გააჩნიაბრიუსელის ჩინოვნიკებმა დროა თვალი გაუსწორონ ამ რეალობას”

“აშშ უფრო მკაფიო უნდა იყოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აშშ-მ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა – მაპი არ არის აუცილებელი ალიანსში გასაწევრიანებლად. 2008 წელს ალიანსი საქართველოს დაჰპირდა გაწევრიანებას. ეს ნატოს ყველა სამიტზე დადასტურდა,” – აცხადებს ლუკ კოფი.

რამდენად ჯდება ნატოს სტანდარტებში აშშ-ის კვლევითი ცენტრის „მემკვიდრეობის ფონდის“ ანალიტიკოსის ეს მოსაზრება და რა პერსპექტივა აქვს საქართველო-ნატოს ურთიერთობას, ამის შესახებ „რეზონანსი“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„სასიამოვნოა, რომ ამერიკაშიც თანდათან იზრედება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, მაგრამ ასეთი განცხადება არანაირ სენსაციად არ უნდა აღიქმებოდეს, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არცერთ ფუძემდებლურ განცხადებაში „მაპ“-ი საერთოდ მოხსენიებული არ არის. ანუ საერთოდ არ არსებობს ნატოს წესდების ჩარჩოებშია მიღებული ისეთი დოკუმენტი, რომელიც ალიანსში მისაღებად  მრავალსაფეხურიან პროცედურას უნდა ითვალისწინებდეს. ასევეა ევროკავშირის წევრად მიღებაც, არც ის არ ითვალისწინებს იმას, რომ დადებული აქვს თუ არა კანდიდატ ქვეყანას ასოცირების შეთანხმება.

საინტერესოა, რომ ნატოს წევრთა დიდი უმრავლესობა ალიანსში ყოველგვარი „მაპ“-ის გარეშე გაწევრიანდა.  ევროკავშიის დღევანდელ წევრებსაც არცერთი წუთი არ გაუტარებით „საასოციაციო მისაღებში“.

რაც შეეხება ლუკ კოფის მოსაზრებას, რომ ნატომ უნდა გაზარდოს მრავალმხრივი და ორმხრივი წრთვნები საქართველოში და უნდა გააგრძელოს მაღალი დონის განცხადებების კეთება ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის თაობაზე, ამას მესამე ბუშის (ჯებ ბუშის) წინასაარჩევნო კამპანია განაპირობებს, რომელიც უკვე დაადგა რუსეთთან მწვავე კონფრონტაციის გზას. საერთოდ კი, რასაკვირველია, ერთობლივი წრთვნები და ვარჯიშები ნებისმიერ არმიისათვის სასურველი და სასარგებლოა და ამით საქართველოც მოიგებს.

ჩემთვის იმედისმომცემ ფაქტორად იქცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბოლო მკვეთრი განცხადებები, თუმცა, თუ რა რეგირება მოახდინა ბრიუსელმა ამაზე, ჩვენი საზოგადოებისათვის უცნობია. ჩვენ ადრეც მკვეთრად უნდა გვეთქვა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობა ცალმხრივი არ უნდა იყოს და როგორც ჩვენ ვართ დაინტერესებნული ნატოთი, ასევე ნატოც უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოს მიღებით.

წმინდა ჰიპოთეტურ ჭრილში (ხაზს ვუსვამ – წმინდა ჰიპოთეტურად) საქართველოს გააჩნია ალტერნატივა რუსეთის სახით, ხოლო რაც შეეხება ალიანსს, მას საქართველოს ნაცვლად სხვა ქვეყანა არ ჰყავს. ნატო ან შეიძენს საქართველოს სახით უაღრესად სტრატეგიულ მოკავშირეს, ან მას ჩვენნაირი მოკავშირე არ ეყოლება ასეთ მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში. ასე რომ, ბრიუსელელმა ჩინოვნიკებმა დროა თვალი გაუსწორონ ამ რეალობას“.

ინტერვიუს დადსრულს სოსო ცინცაძე პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს პრემიერის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით:

„პეკინში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აღმოსავლეთის მიმართულებით საგარეოპოლიტიკური გარღვევის მცდელობაა. დღეს, როცა ჩინეთთან ურთიერთობის გააქტიურების მსურველთა გრძელი რიგი დგას, ქართველი პრემიერის შეხვედრები ჩინეთის ლიდერთან ფრიად სასარგებლო უნდა იყოს ჩვენთვის. ჩვენ სხვა არაფერი დაგრჩენია იმის გარდა, რომ ვიზიტის შედეგებს დაველოდოთ, მით უმეტეს, არც ჩინელებს არ უყვართ აჩქარება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება“.

რეზონანსი“, 19 აგვისტო, 2015 წელი

აფხაზეთი: ცხოვრება ენგურს მიღმა

გალელების ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად, დადებითისკენ შეიცვალა

მარიკა გოგოხია (სპეციალურად “რეზონანსისთვის” გალიდან)

(შემოკლებით)

რუსების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონი არის ტერიტორია, სადაც ოკუპანტებს საკუთარი ცხოვრება უნდა მოჰპარო. ვინ – მეტად, ვინ – ნაკლებად შესძლო წელში გამართვა და “თვითნებურად დაბრუნებულის” სტატუსის გამართლება. თუმცა, ეს მხოლოდ მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის…

ვინც გამოღმა ტერიტორიაზე ცხოვრობს და ოჯახი გალში ეგულება, დროებით დაბრუნების შესაძლებლობას მხოლოდ “სტუმრის” სტატუსი აძლევს. წლევანდელი შვებულების რამდენიმე დღე გალში დავყავი. ჩემმა სტატუსმა ორ კვირაზე მეტი ხნით დარჩენის საშუალება არ მომცა. თუმცა, ეს პერიოდიც საკმარისი აღმოჩნდა, დამეკმაყოფილებინა ჩემი ცნობისმოყვარეობა, მენახა დაბრუნებული ხალხის მდგომარეობა და ჩავდგომოდი დე-ფაქტო საზღვართან მდგარი ადამიანების რიგს…

მთავარ ხიდზე ცხენშებმულ ურემს გადავყავარ. ამ მცირე მონაკვეთზე იგი ერთადერთი ტრანსპორტია, რომელიც გზას ხიდის თავიდან ბოლომდე გადის და მგზავრებით ყოველ 10 წუთში ივსება. მგზავრობის საფასური 1 ლარია, ამდენივეს ვიხდი სამგზავრო ჩანთაშიც და მცირე შეყოვნების შემდეგ ვაგრძელებ გზას.

(…)

ვინც ბოლო პერიოდში ერთხელ მაინც შესულა გალში, დამეთანხმება, რომ მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ეს ქართველების ახალ სახლებს და საგულდაგულოდ მოწყობილ კოპწია ეზოებს ეტყობა. დაბრუნებულ ხალხზე პირველი შთაბეჭდილებაც ამით იქმნება.

“ჩემი სახლი ომის შემდეგ გადაწვეს, პირველივე წელს. ორ წელიწადში დავბრუნდით და ახალი ავაშენეთ. ძველ სახლს არაფრით ჰგავდა, პატარა იყო, ისეთი, რის შესაძლებლობაც მაშინ გვქონდა. გვეგონა, ამოვუსუნთქეთ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში სეპარატისტებმა ეს სახლიც გადაწვეს. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ოჯახი არ წაიქცა, ჩვენს ცხოვრებაში მესამედ მოგვიწია სახლის აშენებამ. ამისთვის ძალიან გავისარჯეთ, თხილის მოსავალი მთლიანად სახლს მოხმარდა, ცოტა ჭირნახულიც წაეშველა და დღემდე ასე მოვდივართ. ახლა თხილს კარგი ფასი აქვს და ხალხმაც ამოისუნთქა, გაჭირვებულ ოჯახს იშვიათად ნახავთ”, – მიამბობს პირველივე შემხვედრი, შუახნის ასაკს გადაცილებული ქალბატონი.

არის სხვა მოსაზრებაც: ამბობენ, რომ ნებისმიერი ასეთი საქმიანობიდან სარგებელი “პურის ფულს” ვერ გასცდა და წილში მინიმუმ 3 ადამიანი მაინც უზით. გალელების თქმით, რაიონი “რეკეტმა” წალეკა. “ადრეც იყო, მაგრამ რაც ახლა ხდება, გაუგონარია. რეკეტიორებს “მუქთა ფულის” შოვნის მადა იმდენად გაეხსნათ, რომ უკვე არაფერს და არავის ერიდებიან. საწვავის ბიზნესია, სიგარეტის, თხილის, სიმინდის თუ სხვა პროდუქტის, ყველგან ფული მიაქვთ. “რეკეტიორობს” ყველა, ვისაც მარიფათი აქვს და ხალხის გაყვლეფა არ ეზარება. საშინელ მდგომარეობაში ვართ. ადრე ერთი კლანი ბოგინობდა და მისი ვინაობა ყველამ იცოდა, ახლა ეს პატარა რაიონი კლანებმა დაიყვეს და კაცმა არ იცის, ვინ ვისი მოყვანილია და ვინ არის – ქურდი, მილიციელი თუ ჩინოვნიკი”, – ამბობს გალელი რ. გითოლენდია.

ვუსმენ მათ და მეჩვენება, რომ რატომღაც ბევრი მონათხრობი ჰგავს ერთმანეთს: ყველა თავიდან დაწყებულ ცხოვრებაზე საუბრობს. ამ ადამიანებმა წელში გამართვა შეძლეს, თითქმის ყოველ მეორე მოსახლეს ავტომობილი ჰყავს, ვხედავ ძვირადღირებულ ჯიპებს და საბჭოურ ჟიგულსაც, რომელიც გალში ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. ამბობენ, რომ ცუდი გზების გამო, თანაც, ფასიდან გამომდინარე, საბჭოურ ავტომობილებს აქ მეტი უპირატესობა აქვთ! რაც განსაკუთრებით თვალში მხვდება, აფხაზურ-რუსული წარწერებია. ასეა ყველგან, მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფები – ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრში თუ რაიონის მიკარგულ სოფელში.

თითქმის ყველა სოფელში ახალი, თანამედროვე სტილის, უმეტესწილად, მომწვანო ფერის საცხოვრებელი კორპუსებია. ყველა მათგანი რუს სამხედროებს ეკუთვნით. ამ სახლების გარშემო ყველგან არის ვიდეოთვალი და დაცვა.

(…)

დაბრუნების დღე შეუმჩნევლად დადგა. გასამგზავრებლად ტაქსის მომსახურება ვარჩიე. ტაქსის მძღოლის საუბრიდან:

„გალში სამოცი ათასი ქართველია, ეს მოსახლეობის აღწერამ აჩვენა. როგორც კი ასეთი შედეგი დაფიქსირდა, ჩვენმა მთავრობამ პასპორტების გაცემა შეაჩერა, ზოგს გაუუქმეს კიდეც. ქართველები ძალიან მშრომელი ხალხია და ეს გარშემო ყველაფერს ეტყობა. ხალხი ფეხზე დადგა, შრომამ გადაარჩინა, 20 წლის წინ ქართველებისგან დატოვებული სახლები განადგურების პირასაა, ახალი არაფერი შექმნილა. სადმე დიდ სახლებს თუ ნახავთ, რუსების მიერ არის აშენებული. აფხაზებს ყველა უფლება ჩამოგვართვეს. ვინც საღად აზროვნებს, ამ ყველაფერს ხედავს. ყველა ამჩნევს, მაგრამ აღიარება უჭირთ. სამი-ოთხი წლის წინ მთელი აფხაზეთი იმაზე საუბრობდა, როგორ განახლდა ანაკლია, მიყრუებული სოფელი საკურორტო ზონად იქცა, აქ კი საუკეთესო ადგილები ნადგურდება, რუსებს მხოლოდ ტერიტორია აინტერესებთ. ამ ყველაფერზე გული მწყდება, მაგრამ ბედს ვეგუებით”, – ამბობს აფხაზი მამაკაცი. იგი დასძენს, რომ აფხაზეთში აფხაზური ენა გადაშენების პირასაა და ახალგაზრდებს მისი სწავლა სპეციალურ კურსებზე უწევთ. “ოცდაათ წლამდე ვარ, ბავშვობიდან გალში ვიზრდები. ჩემმა თანატოლებმა აფხაზური ენა არ იციან. სამწუხაროდ, ჩემთვისაც “უცხოა” იგი. დროიმ მოიტანა, რომ მშობლიური ენის შემსწავლელი კურსები დაგვჭირვებოდა! სოხუმში ათამდე ასეთი დაწესებულებაა. უნივერსიტეტიც და სკოლებიც რუსულ ყაიდაზე მოაწყვეს. ჩვენ ან ნარკოტიკი მოგვიღებს ბოლოს ან სიღატაკე, რომელშიც აფხაზი მოსახლეობის უმრავლესობა აღმოჩნდა”, – დასძენს აფხაზი მძღოლი.

მასთან დამშვიდობების შემდეგ, ქართული პასპორტით ხელში, გაღმა მიმავალთა რიგში ვდგები. ვტოვებ მშობლიურ ტერიტორიას, რომელიც არაფრით ჰგავს ქართულს, მაგრამ ვერც აფხაზური გამხდარა და ვერც – რუსული… რიგში მდგომივე ვამჩნევ, როგორ ასწორებენ საათს ადამიანები, რომ ისარი ქართულ დროზე მომართონ. აფხაზეთის დროის ისარი ქართულისას 20 წლის წინათ ჩამორჩა. ახლა გალიც მოსკოვის დროით ცხოვრობს.

Comments are closed