globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 21 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 21st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Le Croix» (საფრანგეთი), 21 აგვისტო, 2015 წელი

http://www.la-croix.com/Actualite/Monde/Soukhoumi-le-prix-de-l-independance-2015-08-19-1345900

სოხუმი: დამოუკიდებლობის ფასი

საქართველოსაგან ჩამოშორებიდან 22 წლის შემდეგ შავი ზღვის „მარგალიტი“ რუსეთის წინაშე თავისი სუვერენიტეტის ატრიბუტთა ფორმალურ შენარჩუნებას ცდილობს

სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობა – პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთთან ურთიერთობა და საერთოდ, პერსპექტივა.

როგორც პუბლიკაციის ავტორი ფრანსუა დ’ალანსონი წერს სოხუმურ რეპორტაჟში, „აფხაზეთში ზაფხულის საკურორტო სეზონის ტურისტული იდილიაა: დამსვენებლები პალმების ჩრდილქვეშ დასეირნობენ, სანაპიროზე ღია კაფეებში კი ადგილობრივები ნარდს თამაშობენ. ქუჩებში ბევრია ახალი თანამედროვე ბუტიკები, ბოტანიკური ბაღის ირგვლივ კი მოჩანს ნეოკლასიკური სტილის, მავრიტანული და არ დეკოს სტილით ნაშენი შენობები – ცოცხალი მოწმეები ეპოქისა, რომელიც უკან აღარ დაბრუნდება.

სოხუმი თავის დროზე მეფის რუსეთის გენერლებისა და საბჭოთა ეპოქის კრემლის პარტიული ბონზების დასასვენებელი ადგილი იყო. სოხუმი, სადაც ომის შედეგად  ბევრი რამ დამწვარ-დანგრეული იყო, ფერფლიდან რუსი ტურისტების წყალობით აღდგა: აქ დასასვენებლად ჩამოდიან საშუალო კლასისი წარმომადგენლები – რუსი ჩინოვნიკები, პოლიციის, „ფე-ეს-ბე“-ს აგენტთა და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების წევრები.

აფხაზურ ჰაერში ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი საბჭოური სული – ტრადიციული გასასეირნებელი მარშრუტები რიწის ტბაზე, ცურვის გაკვეთილები, კლასიკური ლუდი და კოლექტიური კვება სასადილოებში. ენა, ვალუტა, სატელეფონო კოდი, ტელეარხები, კვების პროდუქტები – ყველაფერი რუსულია. მოსკოვი ძალას არ იშურებს, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკისათვის შეუცვლელი მფარველი იყოს, რომ არაფერი ვთქვათ ხუთი ათასი რუსი ჯარისკაცის, მზვერავებისა და მესაზღვრეები აქ ყოფნაზე, რომელთა დაფინანსება 70%-ით რუსეთის ბიუჯეტიდან ხდება. ამას დავუმატოთ ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის 90%-ს რუსული პასპორტი აქვს, ხოლო 30 ათას აფხაზ პენსიონერს სოციალური დახმარებას მოსკოვი უხდის. გარდა ამისა, ისიც ნიშანდობლივია, რომ 2015 წლის მაისში აფხაზეთის გენერალური შტაბის უფროსად რუსეთის 58-ე არმიის ექს-სარდალი, გენერალი ანატოლი ხრულევი დაინიშნა.

სოხუმმა მძიმე და სისხლიანი ომი გადაიტანა საქართველოსაგან დამოუკიდებლობის მისაღწევად, მაგრამ გახდა თუ არა ის დღეს იოლი ლუკმა რუსული დათვის ბრჭყალებისა და კბილებისათვის? ეს ძალიან მტკივნეული კითხვაა აფხაზი ნაციონალისტებისათვის: ისინი ხომ „ხაფანგში“ აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც აფხაზეთის მფარველობა ძლიერმა მეზობელმა – რუსეთმა იკისრა.

რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივი აღიარებიდან ექვსი წლის შემდეგ სოხუმის საერთაშორისო სტატუსის საკითხი პრაქტიკულად გაიყინა. ქართველები აფხაზეთს ფსევდოსახელმწიფოდ მიიჩნევენ და მას საქართველოს ამპუტირებულ ნაწილად თვლიან. აფხაზებს სჯერათ, რომ დამოუკიდებლობამ ისინი კულტურული გაქრობისაგან გადაარჩინა, სტალინურ-საბჭოური ეპოქის რეპრესიებისა და ქართველთა მრავალწლიანი დომინირების შემდეგ. გარეშე დამკვირვებლისათვის კი აფხაზეთი მხოლოდ „პეშკაა“ (პაიკი) იმ დიდ თამაშში, რომელიც კავკასიაში რუსეთი და დასავლეთს შორის მიმდინარეობს. „ეს ცვენთვის მძიმეა, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს, – ამბობს ლიანა კვარჩელია ადგილობრივი არასამთავრობო რორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრიდან“, – მოსკოვმა პირველმა აღიარა 2008 წელს ჩვენი დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა აიღო ჩვენს დაცვაზე. აფხაზები ამისათვის რუსეთს პატივს სცემენ და აფასებენ“.

ესე იგი, რა გამოდის – უსაფრთხოება დამოუკიდებლობის ფასად?

სუბტროპიკული სიცხეში ადგილობრივი აპრლამენტის 35 წევრი ცხარედ იხილავს მოსკოვთან ხელმოწერილ „დამატებით შეთანხმებას“, რომელიც აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის კოორდინაციას ითვალისწინებს, გასული წლის ნოემბერში გაფორმებული აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ჩარჩოებში.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის შანტაჟმა („შეთანხმების რატიფიცირებას თუ არ მოახდენთ, დაპირებულ ხუთ მილიარდ რუბლს ვერ ეღირსებითო“) სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და „ცეცხლზე ნავთი დაასხა“.

„რუსეთთან შეთანხმებები აფხაზეთის კონსტიტუციას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს და ზიანს არ უნდა აყენებდეს ქვეყნის სუვერენიტეტს, ისინი აფხაზთა ეროვნულ ინტერესებს უნდა უთავსდებოდეს“, – ამტკიცებენ დეპუტატები. „ეს ყველაფერი „ჭიქაში ქარიშხალს“ მოგვაგონებს, – ამბობს ექსპერტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ მოისურვა, – აფხაზეთი მთლიანად რუსეთის დახმარებაზეა დამოკიდებული, დეპუტატებს კი ასეთი სიტუაციის შესაცვლელად არც შესაძლებლობა არ აქვთ და არც სურვილი. აფხაზეთის ხელმძღვანელები სულაც არ არიან დაინტერესებულნი იმით, რომ ის ტოტი მოჭრან, რომელზეც ისინი ძალიან მოხერხებულად სხედან“.

განა შეიძლება უნდობლობისა და მადლიერების ერთმანეთთან შეთავსება? ალბათ, ასეც ხდება. რუსული დახმარება სოხუმს საშუალებას აძლევს ილუზორული კეთილდღეობა შეინარჩუნოს, მაგრამ იმავდროულად იმ დახმარებით აფხაზეთის ხელისუფლებაში კორუფცია და კლიენტელიზმი სუფევს. „ამის გამო პასუხისმგებლობა უპირველესად აფხაზეთის ხელმძღვანელობას ეკისრება“, – აცხადებს „ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორი იზიდა ჭანია, – ჩვენი პოლიტიკოსები მოსახლეობას ისეთ დაპირებებს აძლევენ, რომელსაც რუსეთის ფინანსური დახმარების გარეშე ვერ შეასრულებენ. პრაქტიკულად, რიგითი მოქალაქე ვერაფერს ღებულობს. აფხაზეთ ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად რეფორმები ჭირდება“.

აფხაზეთის გაორებული მდგომარეობა ყველგან ჩანს: ოფიციალური პროპაგანდა გაყვირის „დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს განმტკიცებაზე ყველა თავისი სიმბოლიკით“, ხოლო მოღუშული ვეტერანები კი [რუსეთის მხრიდან აფხაზთა] „ეროვნული ინტერესების“ შელახვის საფრთხეზე ლაპარაკობენ. კიდევ ერტი ნიუანსი: სანამ უხბეკი, ტაჯიკი, მოლდაველი და უკრაინელი მიგრანტები აფხაზეტში მშენებლობებზე მუშაობენ, ადგილობრივი თანამდებობის მქონე მამიკოების შვილები ტელეფონით საათობით ლაყბობენ და ქალაქში ძვირადღირებული ავტოებით დაჰქრიან…

აფხაზთა ერთი ნაწილი რუსეთთან კავშირის მხარდამჭერად გამოდის, მეორე ნაწილს კი რუსეთის გავლენის შეზღუდვა სურს: „ქვეყნბის ფინანსურ-თავდაცვის სფეროებში დამოუკიდებლობის საკითხთან მიმართებით აფხაზურ საზოგადოებაში ღრმა კრიზისი გაჩნდა“, – განმარტავს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაქსიმ ღვინჯია, – რუსეთის პატრონაჟობა პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე არ გამოდის, რაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ხარისხის დონეზე ნეგატიურად აისახება. თავის მხრივ, კორუფცია და მართვის არაეფექტური სტილი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შიდა ლეგიტიმურობას არღვევს“.

ამ აყვავებულ, მაგნოლიებითა და ოლეანდრებით დამშვენებულ მხარეში ყველა ერთმანეტს იცნობს. აქ ოჯახურ კავშირებს, ნათესაობას, მეგობრობას და საქართველოსთან ომის დროს ჩამოყალიბებულ ურთიერთობას უფრო დიდად აფასებენ და მეტ პატივს სცემენ, ვიდრე კვალიფიკაციას, პროფესიას, იდეოლოგიას და პოლიტიკურ შეხედულებებს.

აფხაზთა ელიტის შვილები ხშირად მიდიან მოსკოვში სამსახურის დასაწყებად და სასწავლებლად. „აქ ვერავინ ვერ იძლევა მომავლის მკაფიო გარანტიებს, – ამბობს სოხუმელი არქიტექტორი არქიფო ლაბახუა, – ერთადერთი იმედი ისაა, რომ ელოდო როდის მოგცემს მოსკოვი რუსულ ფულს“.

ომისშემდგომი თაობა მასშტაბურ გეგმებს ამუშავებს: მადინა სულავა, რომელიც გაეროს კონსულტანტად მუშაობს, ბრიუსელში პარალელურად ეკონომიკისა და მარკეტინგის საფუძვლებს ეუფლება: „რასაკვირველია, რუსეთი ჩვენით სარგებლობს, – ამბობს იგი, რადგან ასეთ დიდ ქვეყანას საკუთარი ინტერესები აქვს. ჩვენთვის კი ამჟამად მთავარი საკითხი საერთაშორისო აღიარების მიღწევა კი არ უნდა იყოს, არამედ განვითარება და თვითკმარ ქვეყნად გადაქცევა. ყველა სიტუაციაში, აფხაზეთი ისეთი აღარაა, როგორიც 1993 წელს იყო“.

————

შენიშვნა: «Le Croix» საფრანგეთის ყოველდღიური გაზეთია, გამოდის პარიზში ასი ათასზე მეტი ტირაჟით და ვრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ტრადიციული რომაულ-კათოლიკური მიმართულების მიუხედავად, გაზეთში სულ უფრო მეტი მასალები იბეჭდება პოლიტიკაზე,  ეკონიმიკასა და საერთშორისო ურთიერთობებზე.

Comments are closed