„ალია“: ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში ვლადიმირ პუტინს შეხვდება?
„ალია“: რა განსხვავებაა ნატოს საწვრთნელ ბაზასა და სასწავლო ცენტრს შორის? რატომ აღარ აპროტესტებს რუსეთი მის მშენებლობას?
„რეზონანსი“: გრძნობთ თუ არა რუსეთის მხრიდან მორიგ სამხედრო აგრესიის საფრთხეს?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ სარჯველაძესთან: „რაც უფრო შეეცდება სააკაშვილი, უკრაინიდან მართოს პროცესები საქართველოში, მით უფრო ოდიოზური ფიგურა გახდება ქართული რეალობისათვის“
„ახალი თაობა“: ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი ისევ დახურულია. ამის მიზეზი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაა
———————
ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში ვლადიმირ პუტინს შეხვდება?
გელა ზედელაშვილი
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დასწრებას გეგმავს. როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, საიუბილეო სესიას სახელმწიფოების მეთაურები რეკორდული რაოდენობით დაესწრებიან და მათ შორის იქნება რუსეთის პრეზიდენტიც.
პუტინი პრეზიდენტის რანგში ამერიკის შეერთებულ შტატებში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა. სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდება. თუ ასე მოხდა, საინტერესოა, ისინი ერთმანეთს მხოლოდ ხელს ჩამორთმევენ თუ სალაპარაკოდაც დასხდებიან, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ქართული მხარე ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, რათა რუსულ მხარეს საჭირო მომენტში ჩვენთვის სახეირო პრეტენზიები, მოთხოვნები, ან უბრალოდ წინადადებები წაუყენოს.
დავუშვათ, ღარიბაშვილი და პუტინი ვერც სალაპარაკოდ დასხდნენ, ხომ შეიძლება, ის მაინც მოხერხდეს, რომ სამომავლოდ შეხვედრა დაიგეგმოს მოსკოვში, ან თუნდაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე (პუტინი რომ თბილისში ჩამომსვლელი არ არის, ეს ვიცით) და დიალოგი მაინც დაიწყოს? პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი და ქართველი დიპლომატები რუსეთის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავენ, თუ გრაფიკი ამის საშუალებას მისცემთ. ეს უკვე მნიშვნელოვანი “ნამიოკია”, თუკი ქართული მხარე მოინდომებს, შეხვედრა შედგება, მაგრამ მარგველაშვილის ადმინისტრაციიდან ფეხი უკვე გამოყვეს და ლამის ეს საქმე ჩაშლილად გამოაცხადეს.
აი, რას ამბობს ჩვენი პრეზიდენტის საგარეო მრჩეველი თენგიზ ფხალაძე:
„არ ვიცი, ამ შემთხვევაში რას ეყრდნობა რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური, მაგრამ ვიცი, რომ მსგავსი შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს, თუკი იქნება შემოთავაზება, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს შემოთავაზება სერიოზულად განვიხილოთ”.
ჯერ ერთი, დასაწყისში უკვე ვთქვით, რომ ქართული მხარე ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და მეორეც – რას ჰქვია, თუ შემოთავაზება იქნება, სერიოზულად განვიხილავთ, რა, სხვა შემთხვევაში არასერიოზულობასთან უნდა გვქონდეს საქმე? ისე, პრეზიდენტი მარგველაშვილი თავისი ამალით ისე არასერიოზულად იქცევა, მისი იმედი არც უნდა გვქონდეს. კახეთში მსგავს გამოხტომაზე იტყვიან ხოლმე, საით კუდი და საით იღლიაო? ჰოდა, საით მარგველაშვილი და საით კიდევ მისი სერიოზული შეხვედრა? სხვათა შორის, გარკვეულ წრეებში ლაპარაკობენ კიდეც, ჩვენი პრეზიდენტი რაღაც საეჭვოდაა ატეხილი, მაგას ამერიკაში წასვლა იმიტომ უნდა, რუსებთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკების მცდელობაც კი ჩაშალოსო. ნურაფერს გამოვრიცხავთ, მარგველაშვილს ისეთი “მამები” ჰყავს ამერიკელების სახით, შეიძლება უთხრეს, შენც ჩამოდი ნიუ-იორკში და ირაკლი ღარიბაშვილს თვალ-ყური ადევნე, ემანდ რუსებთან კუდი კუდზე არ გადააბასო. რაც შეეხება თავად ჩვენს პრემიერ-მინისტრს, მას უკვე კარგახანია მოუწოდებენ საქართველოში, რომ აუცილებლად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და დაიწყოს მოლაპარაკებები.
და მაინც… რა წინადადებები გვაქვს რუსეთისთვის, რა მაქსიმუმი უნდა მოვითხოვოთ, რომ მინიმუმი მაინც მივიღოთ? ნებისმიერ ქართველს რომ ჰკითხოთ, დაუფიქრებლად გეტყვით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე უნდა ველაპარაკოთ, ან კიდევ ჯერ დააბრუნოს და მერე ველაპარაკოთო. არა, ეს ჯერჯერობით ფანტასტიკის სფეროა.
რუსეთის ბაზრის სრულად გახსნა და სავიზო რეჟიმის გაუქმება? აი, ამ თემებზე ნამდვილად შეიძლება საუბარი – ჯერ ერთი, ყველამ კარგად იცის რუსეთშიც და საქართველოშიც, რომ ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი ხელოვნურად, პოლიტიკური მოტივებითაა გაჩერებული და მეორეც – მე რომ გაგიუქმე ცალმხრივად სავიზო რეჟიმი, შენი მოქალაქეები საქართველოში რომ მშვენივრად “დაგულაობენ” და თბილისი გადატენილია რუსულნომრიანი მანქანებით, შენც ხომ იგივე უნდა გააკეთო?
როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს “ალიასთან”, ამ ეტაპზე ჩვენთვის ასპროცენტიანი მოგება იქნება ეკონომიკური კავშირების აღდგენა:
“ბაზრის გახსნა ყველაფერზე, სავიზო რეჟიმის გამარტივება, მიმოსვლის გაფართოება. უვიზო რეჟიმი ამ ეტაპზე არ იქნება, მაგრამ გამარტივება მაინც თუ მოხერხდა, მაინც მოვიგებთ. შესაძლებელია საუბარი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზეც. ვინაიდან, თავის დროზე ურთიერთობა ჩვენ შევწყვიტეთ, ამიტომ ესეც ღარიბაშვილმა უნდა შესთავაზოს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსები ეგრევე თავიანთ ელჩს გამოგზავნიან თბილისში, მაგრამ რწმუნებულის, ანუ წარმომადგენლის გამოგზავნა ნამდვილად შეიძლება. გარდა ამისა, ჩვენრომ ელჩების დონეზე შევთავაზოთ აღდგენა, ღარიბაშვილს “ნაციონალები” აეროპორტში ტრანსპარანტებით დახვდებიან და ღალატში დაადანაშაულებენ. პრინციპში, დღეს ყველაზე მთავარი ბაზარი და ეკონომიკური კონტაქტებია. უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ძალიან გვიჭირს თავისუფალი ბაზრების მოძებნა, რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება ვერ ხერხდება. ჩვენი პროდუქცია არ არის ისეთი ხარისხიანი, რომ კონკურენცია გაუწიოს ევროპულ პროდუქციას. ამას მინიმუმ 50 წელი მაინც სჭირდება”.
ელემენტარული საკითხია ისიც, რომ, როდესაც შენ რუსეთს უყენებ რაღაც პირობებს, იგივე რუსეთიც წამოგიყენებს პრეტენზიებს. რა არის ისეთი, რაც შეიძლება ვლადიმერ პუტინმა მოითხოვოს? რა თქმა უნდა, ეს იქნება ანტირუსული რიტორიკის შერბილების მოთხოვნა. სოსო ცინცაძის თქმით, ამას მოჰყვება ნატო-ევროკავშირის სახელზე სანთლების დანთებაზე უარის თქმის მოთხოვნა:
“შეიძლება პუტინისთვის დღეს პროდასავლური რიტორიკის შენელება საკმარისი იყოს, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელიც ძალიან კარგი სავაჭრო თემაა ჩვენთვის – რკინიგზა სოხუმიდან სომხეთის მიმართულებით. რკინიგზით რუსეთი ისეა დაინტერესებული, რაღაც დათმობაზე წამოვა. თუკი თავის ერთადერთ მოკავშირესთან, სომხეთთან პირდაპირი კავშირი ექნება, პუტინი თავს ჩათვლის ბედნიერად. აფხაზები იმიტომ არიან წინააღმდეგები რკინიგზის გახსნისა, რომ იციან, თუ ვაჭრობა დაიწყება, სოხუმის “სიაფანდი” დამოუკიდებლობა უკვე ეჭვქვეშ დადგება. დღეს რუსეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სომხეთი, ვიდრე აფხაზეთი. ასე რომ, რაკი ჩვენ სავაჭრო თემა გვაქვს, შეგვიძლია, სხვა პრეტენზიებიც წავუყენოთ, გარდა ტერიტორიების დაუყოვნებლივ დაბრუნებისა“.
თითქმის იგივე საკითხებს აყენებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, რკინიგზა კი არის სავაჭრო თემა, მაგრამ გააჩნია, სადამდე წამოვა რუსეთი და ამის სანაცვლოდ რას დათმობს: „ჩვენ აქ უნდა გავიხსენოთ, როდის გაააქტიურა რუსეთმა რკინიგზის თემა. ეს იყო მაშინ, როცა ამერიკა-ირანის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და პუტინმა განაცხადა, თუ ამ ქვეყანას თავს დაესხმებით, ჩვენი ჯარი სომხეთ-ირანის საზღვარზე განლაგდებაო. ახლა ეს კონფლიქტი ჩაქრა, მარტო სომხეთისთვის ნწამოვა რუსეთი დათმობაზე? ეს წინასწარ კარგადაა გასათვლელი. როდესაც რუსეთმა ევროპის სანქციებს მიერთებული ქვეყნების დასჯა გადაწყვიტა, ამ სიაში საქართველო არ აღმოჩნდა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ფარულად რაღაც ხდება, ანუ ჩვენები მუშაობენ რუსებთან სხვადასხვა საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რაღაც გაუგებრობა მოხდაო. დარწმუნებული ვარ, სანქციებზე მიერთების შემდეგ იქნებოდა ფარული განხილვა და ჩვენ ამ ეტაპზე დავთმეთ კიდეც. ეს სტრატეგია მისასალმებელია, მართალია, დიდი შედეგი არ მოუტანია, მაგრამ საქმე დაიძრა. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ამ საკითხს ქართული მხარე ვერ დააყენებს, რადგან რის გამოც შეწყდა, ის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. თუ ახლა გადაწყვეტილებას შევცვლით, ეს არ იქნება კარგად აღქმული. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მაინც წინა პლანზე უნდა წამოიწიოს ეკონომიკური საკითხები. აქ რუსეთი ნამდვილად წამოვა დათმობაზე“.
ასეა თუ ისე, რუსეთთან დალაპარაკების საკითხი უკვე ძალიანაა მომწიფებული. ახლა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად ღირსეულად გამოვა ამ „მავთულხლართებიდან“ და რამდენად ახეირებს ჩვენს მოსახლეობას.
რა განსხვავებაა ნატოს საწვრთნელ ბაზასა და სასწავლო ცენტრს შორის?
და რატომ აღარ აპროტესტებს რუსეთი მის მშენებლობას?
დიანა ლიპარტელიანი
ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი ვიზიტზე და საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნაზე ისაუბრა. მისი თქმით, `ერთი კვირის შემდეგ ნატო-ს გენმდივანი ჩამოდის საქართველოში. ჩვენ ვხსნით სასწავლო ცენტრს. ბევრი სპეკულაცია იყო ამ ცენტრთან დაკავშირებით, რომ ეს არის საწვრთნელი ბაზა და ა.შ. ეს არ არის საწვრთნელი ბაზა. ეს არის სასწავლო ცენტრი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები მოვამზადოთ და მათი მომზადების დონე აიწიოს, რომ ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს. ყოველგვარი სპეკულაცია გადაჭარბებულია. ჩვენ მივესალმებით ნატო-ს გენმდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე და ჩვენ ამ გეგმას კარგად ვასრულებთ“.
რა განსხვავებაა ნატოს საწვრთნელ ბაზასა და სასწავლო ცენტრს შორის? რატომ აღარ აპროტესტებენ რუსეთში ამ ბაზის მშენებლობას, როდესაც სულ აცხადებდნენ, რომ მის მეზობლად ნატოს არანაირ ცენტრს არ დაუშვებენ? „ალიას“ უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა:
- სასწავლო ცენტრი ისეთი ტიპის დაწესებულებაა, სადაც ამზადებენ განსაკუთრებული ტიპის ოპერაციებისთვის. ამ შემთხვევაში საუბარია სამხედრო ოპერაციებზე – მშვიდობის დაცვის კუთხით, ან დავუშვათ, წმინდა სამშვიდობო ოპერაციების, ჰუმანიტარული ოპერაციების კუთხით. მსგავსი ცენტრი არსებობს საქართველოში, საჩხერეში, სამთო მომზადების ცენტრი, სადაც სამთო მოიერიშე და სამთო ტიპის სამშვიდობო შენაერთების მომზადება მიმდინარეობს. ეს ცენტრი ფრანგული მხარის მიერ იყო დაფუძნებული. ცენტრი, რომელიც ახლა იხსნება, იქნება ქართული, თუმცა იარსებებს ნატოს ხელშეწყობით, სადაც ნატოელი და ქართველი ინსტრუქტორები ერთად მოამზადებენ შესაბამისი სპეციალობის მქონე მეომრებს, ოფიცრებსა და სერჟანტებს, რომლებიც შემდგომში ნატოს ეგიდით წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის ამ ცენტრის გახსნის მთავარი მიზანი და კონცეფცია.
- ამ თემაზე პირველად გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გვახსოვს, რუსეთის მხრიდან აგრესია, ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ საქართველოში მსგავს რამეს. ახლა, როცა უკვე იხსნება, ამ თემაზე რუსეთი დუმს. რას მიაწერთ ამ ყველაფერს, რამე გარიგება შედგა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის?
- როცა გაიხსნება, ალბათ, მას მერე მოჰყვება რუსეთის მხრიდან რაიმე სახის რეაგირება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მე მგონია, რომ რუსეთი მანამდე ელოდება, რა ცენტრი იქნება და როგორ ჩაივლის ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი. არ მგონია, რუსეთსა და საქართველოს, ან ნატოსა და რუსეთს შორის რაიმე გარიგებას ჰქონდეს ადგილი, მით უმეტეს „ნატოსა“ და რუსეთს შორის არსებულ ფონზე. ეს არის პირდაპირ ცივი ომი, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე, როცა დაპირისპირება პიკს აღწევს და სწორედ ამიტომ ნატო დაინტერესებულია, ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატაროს, ბულგარეთის, რუმინეთისა და ა.შ. ტერიტორიებზე, სადაც მობილიზებული იქნება საჰაერო ძალების კომპონენტები. ასევე, რუსეთმა უკვე დაიწყო საკმაოდ მასშტაბური სტრატეგიულ-ოპერატიული წვრთნები, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, ასევე, ყირიმში. ეს ერთი ჯაჭვია. ახლა, უბრალოდ, ცენტრის გახსნას ელოდებიან და რეაგირებას მერე მოახდენენ. თუმცა აქვე იმ მომენტსაც არ გამოვრიცხავ, რომ, როგორც ჩანს, რუსები აცნობიერებენ, რომ ეს ცენტრი მართლა არის სასწავლო დანიშნულების და აქ მონაწილეობას მიიღებენ არა ნატოს, არამედ „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ეგიდით მონაწილე ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრი სახელმწიფოები არ არიან. ასეთად შესაძლოა, საქართველოც კი მოიაზრებოდეს, თეორიულად რუსეთიც კი, რომლებიც შემდგომ მონაწილეობას მიიღებენ ნატოს ეგიდით განხორციელებულ ოპერაციებში.
დღეს მიმდინარეობს „აისაფის“ ოპერაცია ავღანეთში, სადაც რუსეთსა და ნატოს ამ შემთხვევაში აქვთ ერთობლივი ინტერესები. თუ ნატოს სამშვიდობო კონტინგენტი დატოვებს ავღანეთს, რისი დიდი ალბათობაც არის, რადგან უკვე მიმდინარეობს შემცირება და გაგრძელდება ამა წლის ბოლომდე, იმის ფონზე, როცა ისლამური ხალიფატი გააქტიურდა ავღანეთში და ხალიფების გააქტიურება უფრო გაძლიერდა ავღანეთსა და პაკისტანში და მათ დაიკავეს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან არსებული საზღვრის მთელი მონაკვეთი, უკვე ჩრდილოეთით ავღანეთში პროვინციებს აკონტროლებენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რუსეთს დარტყმის ქვეშ აყენებს. ეს ბუნებრივია, რადგან თუ ისლამურმა ხალიფატმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, მაშინ, როცა „აისაფის“ ოპერაცია დასრულდება, ეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერესებს დაარტყამს. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის მხრიდან ეს კონტექსტიც იყოს ჩადებული, მაგრამ მე მაინც „პირველ ჩვენებას მივაწვები“. ორი ვარიანტია, თუმცა მე მაინც პირველი მგონია უფრო რეალური. დაველოდოთ, გაიხსნება ცენტრი და ვნახოთ, რა რეაქცია ექნება რუსეთს.
- რით ხსნით ამერიკელი პოლიტოლოგის ლუკ კოფის განცხადებას, რომ აშშ-მ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მაპ-ის გარეშე უნდა დაუჭიროს მხარი? რატომ გახდა დღეს ასეთი განცხადების გაკეთება საჭირო, ამერიკის ხელისუფლების პოზიცია გაახმოვანა?
- ეს ადამიანი განცხადებას პირადი მოსაზრების საფუძველზე აკეთებს. ამას ოფიციალურ პოზიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მისი პირადი მოსაზრება. ლუკ კოფი არის უბრალოდ მკვლევარი, მაპ-ი არის ფაზა, რომლის გადალახვის გარეშეც ნატოში გაწევრიანება წარმოუდგენელია, თორემ ასე, მეც მინდა საქართველო მიიღონ მაპ-ის გარეშე, მეც ამას ვამბობ და ეს არის ჩემი, როგორც ერთი პოლიტოლოგის განცხადება და არა ქვეყნის პოზიცია.
- თუ ყოფილა პრაქტიკაში, როცა სახელმწიფოები მაპ-ის გარეშე მიუღიათ და რის გამო მომხდარა მსგავსი რამ?
- 1999 წლის ვაშინგტონის ნატოს სამიტის მერე ეს არასდროს არ მომხდარა. ამის მერე, ყველა ქვეყანა მაპ-ის მერე მოხვდა ნატოში. ამ პერიოდიდან დადგინდა, რომ მაპ-ი უნდა ყოფილიყო ინტეგრაციის მთავარი განმსაზღვრელი. 1999 წლამდე, ანუ მანამ სანამ მაპ-ს შემოიღებდნენ, მაპ-ი მიიღეს პოლონეთმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა და ა.შ. ახლა ბოსნია-ჰერცოგოვინამ მიიღო მაპ-ის სტატუსი და შემდეგ წლებში ელოდება, რომ გააწევრიანებენ. ოდესმე თუ დადგება სკითხი ასე – მოდი, მაპ-ის გარეშე მივიღოთ სახელმწიფოებიო, მაშინ კი, ჩვენც მიგვიღებენ, მაგრამ ჯერჯერობით მაპ-ი რჩება აუცილებლობად.
- ნატოს მინისტერიალის ფარგლებში კარგად გვახსოვს, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი მაია ფანჯიკიძე რომ გვეუბნებოდა „მაპ“-ზე უკეთესს მოგვცემენო. რეალურად, ამ ყველაფრის შემდეგ რა მივიღეთ?
- ეს იყო პოპულისტური განცხადება, გამიზნული შიდა მოხმარებისთვის, რომ შეექმნათ ილუზორული წარმოდგენა. საკმაოდ არასერიოზული განცხადება იყო. მაპ-ი ის ხუთეტაპიანი ინტეგრაციის დონეა, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს – ჯერ არის პარპ-ი, შემდეგ არის აიპაპ-ი, მერე არის ინტენსიური დიალოგის სტატუსი, ანუ კანდიდატის სტატუსი და მერე არის მაპ-ი, ხოლო ბოლოს უკვე არის გაწევრიანება. აი, ეს საფეხურებია და ჩვენ რეალურად მივიღეთ ის, რომ ვართ ინტენსიური დიალოგის დონეზე, ანუ ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და ახლა ველოდებით ასპირანტის სტატუსს.
ამ ეტაპზე მაპ-თან დაკავშირებით ვარშავის სამიტზე გვაქვს შანსი, რომ მაპ-ის სტატუსი მივიღოთ. დანარჩენი მალე გამოჩნდება.
„რეზონანსი“, 21 აგვისტო, 2015 წელი
გრძნობთ თუ არა რუსეთის მხრიდან მორიგ სამხედრო აგრესიის საფრთხეს?
ლიკა ამირაშვილი
ნატოს მიერ გაფართოებაზე უარის თქმა რუსეთმა აღიქვა, როგორც მწვანე შუქი საქართველოში მოქმედებების დასაწყებად, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში” სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, როდესაც ნატომ 2008 წელს უარი თქვა გაფართოებაზე, სწორედ მაშინ დაიწყო ომი.
თინა ხიდაშელმა ასევე ისაუბრა რუსი სამხედროების ე.წ საზღვარზე გადაადგილების და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს. “2009 წელს მსოფლიომ თქვა, კარგი, დავივიწყოთ ყველაფერი და დავიწყოთ ახალი პარტნიორობა. რუსეთი კიდევ ერთხელ აღიარეს პარტნიორად. თუმცა, შემდეგ უკრაინის ამბები დაიწყო. ვფიქრობ, თუ აგვისტოს ომის შემდეგ იყო ილუზია, რომ რუსეთი შესაძლოა, პარტნიორი ყოფილიყო, უკრაინის მოვლენებისა და ომის შემდეგ, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ რუსეთისგან პარტნიორობა არ არის მოსალოდნელი,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
გრძნობთ თუ არა რუსეთის მხრიდან მორიგ სამხედრო აგრესიის საფრთხეს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): რუსეთის მხრიდან საფრთხეს ყოველთვის ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ეს განცდა ახლაც მაქვს. ეს განცდა დღემდე შენარჩუნებულია.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცონდე): რამდენსაც ჩვენ ნატოში გაწევრიანებაზე აღფრთოვანებას გამოვხატავთ, იმდენჯერ ეს საფრთხე შეიქმნება. ამას ვეღარ უნდა მივხვდეთ? ამ საფრთხეს რომ ვგრძნობ, რუსეთი კიდევ უფრო უნდა ვლანძღო? ცოტა ეშმაკურად და ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ.
იური მეჩითოვი ფოტოგრაფი): მგონია, რომ რუსეთს ჩვენთვის არ სცალია. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან რეალური საფრთხე არ გვემუქრება. ჩვენ ყველა მხრიდან საფრთხე გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საფრთხე სიდუხჭირე და სიღატაკეა. არსებობს გარე და შიდა სარფთხეები. მიმაჩნია, რომ შიდა საფრთხეები ისე მატულობს, რომ გარე საფრთხეები გადაწონა.
გივი სიხარულიძე (მწერალი, მოცეკვავე): ამ თემაზე ლაპარაკი უკვე სამარცხვინო გახდა. 24 საათის განმავლობაში საფრთხის ქვეშ ვართ. მე დავრწმუნდი, რომ ჯარი, თავდაცვა, სამხედრო და თვითმფრინავი არაფერი არ გაგვაჩნია. ჩვენ ერთი გაუბედურებული ქვეყანა ვართ, რომელიც მხოლოდ ღმერთის ანაბარადაა. ნებისმიერი ქვეყანა, რასაც მოინდომებს, იმას გაგვიკეთებს.
გია ბუღაძე (ფერმწერი): საფრთხეს ვგრძნობ და ყოველთვის ვიგრძნობ. ეს სრულიად მოსალოდნელია, იმიტომ რომ რუსეთი ასეთია. რუსეთის მიმართ საფრთხეს მარტო ჩვენ კი არა, ბევრი სხვა ქვეყანაც გრძნობს. რუსეთი ყოველთვის მზადაა წარმოუდგენელ დიდ აგრესიაზე წავიდეს. საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვხედავ და ვგრძნობ.
„ახალი თაობა“, 21 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ ნოდარ სარჯველაძესთან: „რაც უფრო შეეცდება სააკაშვილი, უკრაინიდან მართოს პროცესები საქართველოში, მით უფრო ოდიოზური ფიგურა გახდება ქართული რეალობისათვის“
კობა ბენდელიანი
ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე საშინაო პოლიტიკის თავისებურებებსა და აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” ესაუბრა.
ამონარიდი:
- უკრაინული მედიის ცნობით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ახლა ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, შესაძლოა, უკრაინის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს. იგი იაცენუკს ჩაანაცვლებს, ხოლო ეს უკანასკნელი უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. უკრაინული მედიის ინფორმაცია რომ დადასტურდეს, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, როგორ აისახება საქართველოს შიდა პოლიტიკაზე?
- მომავლის პროგნოზირება დიდად ძნელი და უმადური საქმეა. მაგრამ, ვირტუალურად შეიძლება ის ვარიანტიც დაუშვა, რაც თქვენ ბრძანეთ და მის შედეგებზე წინასწარ შეამზადო საპასუხო სვლები. ვთქვათ, სააკაშვილი დაჯდა უკრაინის პრემიერ-მინისტრად. მისი ძირითადი საზრუნავი უკრაინა იქნება და იქ იმას თუ გააკეთებს, რაც საქართველოში შეძლო გაეკეთებინა, არც მეტი და არც ნაკლები. საქართველოს შიდა პოლიტიკაზე მან რა ზეგავლენა უნდა მოახდინოს, როცა ის პრობლემათა ურთულეს ობობას ქსელში იქნება გახვეული, რადგან უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა გაყინული კონფლიქტის ფორმატში მოექცევა მრავალი ათეული წლების განმავლობაში. იგი ვერ შეძლებს თან ურთულეს უკრაინულ პრობლემებს გაართვას თავი და თანაც დამატებით საქართველოში მოახდინოს აქაურ პროცესებზე გავლენა. რაც არ უნდა წარმატებული იყოს სააკაშვილი უკრაინაში, იგი მაინც ვერ აღიდგენს გაბზარულ ავტორიტეტს საქართველოში. უფრო მეტიც, რაც უფრო შეეცდება სააკაშვილი, უკრაინიდან მართოს პროცესები საქართველოში, მით უფრო ოდიოზური ფიგურა გახდება ქართული რეალობისათვის.
„ახალი თაობა“, 21 აგვისტო, 2015 წელი
ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი ისევ დახურულია. ამის მიზეზი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაა
სალომე გოგოხია
(შემოკლებით)
ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი ჯერ ისევ დახურულია. ამის ძირითადი მიზეზი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებ-ლობაა. საგულისხმოა, რომ ქართული თაფლი ვერც მეზობელ რუსეთში გადის – მიზეზი ამ შემთხვევაშიც პროდუქციის ხარისხი და მისი შემოწმებისთვის აუცილებელი ლაბორატორიის არარსებობაა. არაოფიციალურად კი, თაფლი კერძო პირებს აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყაზახეთში მცირე რაოდენობით გააქვთ. იქ ჩვენი თაფლი დიდი მოწონებით სარგებლობს, თუმცა მეფუტკრეების თქმით, იმასთან შედარებით, რასაც ისინი აწარმოებენ, ექსპორტის მოცულობა მიზერულია. ქართული თაფლის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარი მცირეა, ხოლო მიწოდება მოთხოვნას მნიშვნელოვნად აჭარბებს, მეფუტკრეებს თაფლის რეალიზაცია უჭირთ.
„თაფლს ძირითადად საახლობლოში ვყიდით. სარეალიზაციო ქსელში თაფლი გასაყიდად არ გაგვაქვს, რადგან შესაბამისი შეფუთვა, ეტიკეტირება არ გვაქვს. თაფლის რეალიზაცია გვიჭირს, რადგან ისეთი მოთხოვნა არ არის, რომ მთლიანი მოსავალი გავყიდოთ. (…) ჩვენი თაფლი უცხოეთში როგორ გავა, როცა საქართველოში ლაბორატორია არ არის, სადაც პროდუქციას შეამოწმებენ? ჩვენი ინიციატივით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიგვაქვს და იქ ვამოწმებთ, თუმცა ევროპულ ბაზარზე ქართული თაფლის გასატანად ეს საკმარისი არ არის,“ – ამბობენ ყვარლელი მეფუტკრეები.
ის რომ, ქართული თაფლი უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს, ამას სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე არსებული ლაბორატორია სრული დატვირთვით ამოქმედდება და თაფლის შემოწმებას ყველა მახასიათებელზე შეძლებს.
თენგიზ კალანდაძე: ქართული თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში არ გადის. ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი გავხსნათ. ხშირად ვხვდებით მეფუტკრეებს, ვუხსნით, როგორ უნდა იყოს ეტიკეტირებული თაფლი, მწარმოებელმა სანიტარულ-ჰიგიენური პირობები როგორ უნდა დაიცვას და ა.შ. საქართველოში თაფლის ინდუსტრია არ არსებობს. ჩვენთან გლეხების მიერ მოგროვილი თაფლი იყიდება, რაც ევროპისთვის ცოტაა. თანაც, ევროპა ერთგვაროვან, ერთი ფერის, გემოს, სუნისა და შესაბამისი რაოდენობის თაფლს ითხოვს, ამის მიღწევა კი, რთულია. მეფუკტრეებს ვურჩევთ გაერთიანდნენ კოოპერატივებში. ასეთ შემთხვევაში ევროპის ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებენ.
- ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობდა, რომ ლაბორატორია სრული დატვირთვით მალე ამუშავდებოდა და ქართველ მეფუტკრეებს თაფლის შემოწმება უცხოეთში აღარ მოუწევდათ, რაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელია…
- საქართველოში რამდენიმე კერძო ლაბორატორიაა, სადაც თაფლი 150-მდე პარამეტრზე მოწმდება, მაგრამ რთულ პარამეტრებზე კვლევას ვერ ატარებენ. (…) სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მის ბაზაზე არსებული ლაბორატორიის გაძლიერება გადაწყვიტა. სამინისტრომ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა შეიძინა, რომელიც რთულ პარამეტრებს შეამოწმებს. პერსონალს შესაბამისი ტრეინინგი ჩაუტარდა. დაახლოებით წლის ბოლოს ლაბორატორია შეძლებს თაფლის ყველა პარამეტრებზე კლევა ჩაატაროს, ხოლო მის მიერ გაცემული დოკუმენტი თაფლის სანდოობის დამადასტურებელი იქნება, თუ რა თქმა უნდა, კონკრეტული პროდუქტი ევროპის ბაზრისთვის მისაღებ ყველა ნორმას დააკმაყოფილებს.
- რა არის ის ძირითადი მოთხოვნები, რაც მეფუტკრეებმა უნდა დააკმაყოფილონ, რათა ქართული თაფლი ექსპორტზე ევროპაში გავიდეს?
- ჩვენი თაფლი უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს, რადგან სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. თაფლის მწარმოებელს მოეთხოვება იმ ტერიტორიაზე, სადაც ფუტკარია სისუფთავე შეინარჩუნოს. (…) როცა ამ ყველაფერს ვასწავლით, შემდეგ ვადას მივცემთ თაფლის მწარმოებლებს, რომ არსებული ხარვეზები გამოასწორონ. იმ შემთხვევაში, თუ არ გამოასწორებენ, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო შესაბამისი სანქციებიც დაეკისრებათ.