globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მასმედიაში 08 დეკემბერი 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 8th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Die Welt» (გერმანია), 7 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.welt.de/politik/deutschland/article135110372/Wuerden-Sie-Krieg-mit-Russland-fuehren-Frau-Merkel.html

ინტერვიუ ანგელა მერკელთან: „ნატოს 2008 წლის გადაწყვეტილება, როცა უკრაინას და საქართველოს უარი ეთქვათ „მაპ“-ის მიღებაზე, სწორი გადაწყვეტილებაა და დღესაც უცვლელი რჩება“

გაზეთ „ველტ“-ის საკვირაო ნომერში გამოქვეყნდა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინტერვიუ, რომელშიც იგი რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრობს და მოსკოვს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს (ესაუბრება რობინ ალექსანდერი).

გერმანელი ლიდერის თქმით, ყირიმის ანექსია ვლადიმერ პუტინის ანტიევროპული პოლიტიკის ერთადერთი ფაქტი არ არის. რუსეთის ზეწოლა აშკარად იგრძნობა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ, რომლებთაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურთ: „მოლდოვა, საქართველო და უკრაინა – ჩვენი „აღმოსავლური მეზობლობის“ სამმა ქვეყანამ სუვერენული გადაწყვეტილება მიიღეს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რუსეთი კი მათ პრობლემებს უქმნის“.

„მოსკოვი სიტუაციის დესტაბილიზებისას იმასაც კი ბედავს, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობას არღვევს“, – განაცხადა გერმანელმა ლიდერმა და ხაზი გაუსვა: „სწორედ ამიტომაა, რომ მოლდოვას რესპუბლიკაში დნესტრისპირეთის კონფლიქტია. ჩვენ ძალიან ვცდილობდით ამ კონფლიქტის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. საქართველოშიც არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტები… უკრაინას რუსეთმა ყირიმი წაართვა და მისი ანექსია მოახდინა, აღმოსავლეთ რეგიონში კი სეპარატისტებს ეხმარება. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ იმასაც, თუ როგორც ცდილობს რუსეთი ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაზე ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის მოპოვებას“.

ანგელა მერკელის განცხადებით, იგი კვლავ სწორად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2008 წელს საქართველო და უკრაინის ნატო–ში მიღების პროცესი არ დაწყებულა.

„ველტი“: რუსეთის პროვოცირება რომ არ მოგეხდინათ, თქვენ 2008 წელს უკრაინის ნატოში მიღების წინააღმდეგ გამოხვედით. დაადასტურა ისტორიამ ის, რომ თქვენ სწორად მოიქეცით, თუ პირიქით მოხდა?

ანგელა მერკელი: ნატოს 2008 წლის პრინციპული მზადყოფნა იმაზე, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება და ის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას და საქართველოს უარი ეთქვათ ნატოში გაწევრიანების პირველი საფეხურის – სამოქმედო გეგმის („მაპ“) მიცემაზე, სწორი გადაწყვეტილებაა და დღესაც უცვლელი რჩება.

„ველტი“: რა მოხდებოდა, მაშინ ანგელა მერკელის კი არა, ჯორჯ ბუშის წინადადება რომ გასულიყო და უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო? დღეს რუსეთთან ომი იქნებოდა?

ანგელა მერკელი: ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იქნეს მიღებული. გერმანიამ მაშინ უკრაინისა და საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მიცემაზე უარი ობიექტური მიზეზების გამო თქვა. მე არ დავიწყებ სპეკულირებას იმ თემაზე, თუ რა მოხდებოდა სხვა გადაწყვეტილება რომ მიღებულიყო.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ნატო შეასრულებს ყველა ვალდებულებას აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკვე გახდნენ ნატოს წევრები, კერძოდ, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ.

„არავითარი მიზეზი არ არის იმისა, რომ რუსეთი ბალტიისპირეთში ომისათვის ემზადება. თუმცა, რასაკვირველია, ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ყოველთვის ძალაშია, რომლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველას წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმად ითვლება“.

«Огонек» (რუსეთი), 8 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2623264?isSearch=True

ქართველები უკრაინაში: მინისტრთა კაბინეტი უცხოური აქცენტით

„უკრაინის მთავრობაში ხმაურიანი ცვლილებები განხორციელდა. პრემიერ-მინისტრი იგივე დარჩა – არსენ იაცენიუკი, მაგრამ ახლა იგი „ტექნოკრატიული“ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელია, რომელშიც მინისტრების თანამდებობები უცხოელებმა დაიკავეს“, – წერს ჟურნალისტი პაველ შერემეტი სტატიაში და მკითხველს უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბების ინტრიგებს აცნობს.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

- რისთვის გინდათ ეს ყველაფერი? – ეკითხება ჟურნალისტი მუსტაფა ნაიემი საქართველოს პოლიციის ყოფილ უფროსს ეკა ზღულაძეს, რომელიც კიევში პარიზიდან ჩავიდა პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრებისათვის თავისი გეგმები გასაცნობად, თუ რის გაკეთებას აპირებდა იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნის შემდეგ.

იცით, მე სამსახურისთვის არ ჩამოვსულვარ, მე ისედაც კარგი თანამდებობა მაქვს, მაგრამ ასეთი შანსი ადამიანს ძალიან იშვიათად თუ ექნება, თანაც მეორედ… ჩვენ საერთო მტერი გვყავს – ამას რუსეთზე არ ვამბობ, ჩვენს საერთო საბჭოური წარსულს ვგულისხმობ, რომელიც წლიდან წლამდე უკან გვეწევა… მე ეს არც ჩვენთან მომწონდა და არ მომწონს აქაც, უკრაინაში.

ეკა ზღულაძე სამსახურის უკრაინაში დაწყების წინადადებამ საგონებელში ჩააგდო, ეს ძალიან მოულოდნელიშეთავაზება იყო. „ოგონიოკის“ მონაცემებით, კიევში ჩასვლა მას ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა, რომელიც თვითონაც უკრაინის დედაქალაქში იყო და თავის თანამემამულეებს ადაპტაციის პროცესში ეხმარებოდა.

ჯერ-ჯერობით ქართველებისადმი რაიმე განსაკუთრებული ოპტიმიზმი უკრაინის მთავრობაში არ შეიმჩნევა. „ვარიაგების“ [ანუ სამსახურში მიწვეული პირი, ვიკინგების მსგავსად, როგორც რუსები ამბობენ ხოლმე] არსებობა ერთნაირად აღიზიანებთ როგორც პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს, ასევე შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელ არსენ ავაქოვს. „მე ვერავინ მაიძულებს სხვის აზრს დავეთანხმო… ეკა ზღულაძე კარგი და მშვენიერი გოგონა ჩანს, მაგრამ განა შეიძლება საქართველოს გამოცდილების სრულად გადმოტანა უკრაინიაში? არა, არ შეიძლება“, – შემპარავი და მფარველური ღიმილით ამბობს არსენ ავაქოვი.

სხვათა შორის, მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებასა და მასში უცხოელთა დანიშვნის პროცესის გაჭიანურებაში ბრალი მინისტრ არსენ ავაქოვსაც მიუძღვის. ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა. მას ძალოვანი უწყებების ბლოკის სრული გაკონტროლება სურდა, მაგრამ არსენ ავაქოვი „სახალხო ფრონტის“ ერთ-ერეთი გავლენიანი ფიგურაა, ამიტომაც პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი ჯიუტად არ თანხმდებოდა ავაქოვის ნაცვლად შინაგან საქმეთა მინისტრად სხვა რომელიმე პირი დანიშნულიყო. შესაბამისად, დაიბადა სქემა: არსენ ავაქოვს მოადგილედ [და კონტროლიორად] უცხოელი სპეციალისტი დაუნიშნეს.

ასევე მოხდა სხვა სამინისტროებთან მიმართებითაც. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა მინისტრებად ყველგან თავისი ხალხი დაენიშნა, ეშმაკური სვლა მოიფიქრა – არსენ იაცენიუკის გუნდის დასუსტება და მისი კონტროლი უცხოელი მოადგილეების დანიშვნით განიზრახა. ანუ, როცა ვერ ახერხებ მთავრობის სრულად გაკონტროლებას, მაშინ შენს კოლიციურ პარტნიორსაც არ უნდა მისცე ამის უფლება.

არსენ იაცენიუკს თავისი ხალხის დანიშნვა უნდოდა ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში, სადაც ძალიან დიდი ფული ტრიალებს. მან სკანდალურად მოხსნა თანამდებობიდან ჯანდაცვის მინისტრი ოლეგ მუსი, რომელიც „მაიდანზე“ სამედიცინო საკითხებს ხელმძღვანელობდა, ახლა იგი სასამართლოში ჩივის, იაცენიუკლმა იმიტომ მომხსნა, წამლების სესყიდვის სფეროში კორუფციას ვებრძოდიო. რა უნდა ექნა ასეთ ვიტარებაში იაცენიუკს? დათანხმდა უცხოელის დანიშვნას ჯანდაცვის ახალ მინისტრად…

უკრაინის ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა ქართველი ალექსანდრე კვიტაშვილისთვის კარგადაა ცნობილი – იგი ჯერ კიდევ მრჩევლად მუშაობდა: „მე ვიცნობ წამლების შესყიდვის სფეროში შექმნილ ვითარებას. იქ ოლიგოპოლიები ბაზარს იყოფენ. ამგვარ ფაქტთან და საერთოდ, კორუფციასთან ბრძოლის მთავარი იარაღი გამჭვირვალობაა. მე ჩემს გუნდს ჩამოვაყალიბებ. თუ ასეთი მუშაობა უკრაინაში არავის სჭირდება, მაშინ არც მე არ მჭირდება. აქ მე კარიერისთვის კი არ ჩამოვედი, არამედ იმისთვის, რომ რაღაც შევცვალო. ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევაა“, – თქვა ალექსანდრე კვიტაშვილმა „ოგონიოკთან“ საუბრის დროს. იგი საქართველოში ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მმინისტრად მუშაობდა, შემდეგ კი აშშ-ში – „იუნისეფის“ სისტემაში.

გამორიცხული არაა, რომ უკრაინის მთავრობაში უცხოელების დასაქმების იდეა ჯორჯ სოროსს ეკუთვნის, სწორედ მისი ვიზიტის შემდეგ დაიწყეს კიევში ლაპარაკი ობიექტური, ღირსეული და მოუსყიდველი უცხოელების მიწვევაზე.

«РИА Новости – Украина» (უკრაინა), 7 დეკემბერი, 2014 წელი

http://rian.com.ua/analytics/20141207/360469482.html

„რეფორმატორ“ მიხო სააკაშვილის ჭეშმარიტი სახე

„უკრაინის პირველი პირები, როცა რეფორმებზე საუბრობენ, ხშირად იხსენებენ ქართულ გამოცდილებას: აი, საიდან უნდა ავიღოთ მაგალითი რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვისო. ამ მიზნით კიევმა თბილისიდან სპეციალურად “გამოიწერა“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ერთ-ერთი მინისტრი – ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელსაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმიერება დააკისრეს.

რაც შეეხება თვით მიხეილ სააკაშვილს, მას უკრაინაში ძალიან დადებითი „დემოკრატ-რეფორმატორის“ იმიჯი აქვს შექმნილი, რაც ბევრ უკრაინელ პოლიტიკოსში ერთგვარ „დადებით შურს“ იწვევს. მაგრამ განა ნადვილად ასე კარგი იყო მიხო საქართველოს ხელმძღვანელის როლში?“, – ასეთი კითხვაა დასმული პუბლიკაციაში (ავტორი – ევგენი სტრიმოვი).

„უკრაინაში რეჟისორი გიორგი ხაინდრავა ჩამოვიდა და თავისი ფილმი ჩამოიტანა, რომლის სახელწოდებაა „დემოკრატიის შუქურა“. ვიზიტის მთავარი მიზანია ფარდა ახადოს, გააბათილოს მითები და სააშკარაოზე გამოიტანოს სინამდვილე მიხეილ სააკაშვილის შესახებ. თვითონ გიორგი ხაინდრავა ადრე პოლიტპატიმარი იყო, შემდეგ კი ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობებში მინისტრად მუშაობდა. შესაბამისად, მან კარგად იცის მმართველი რეჟიმების არსი.

„ჩვენ ძალიან გვაღელვებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები აქ, უკრაინაში, მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებიან“, – რუსულად განაცხადა გიორგი ხაინდრავამ, რომლის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი რეალურ ფაქტებს ეფუძნება და „საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის მიმართ მოწყობილ ტერორზე“ მოგვითხრობს.

გიორგი ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილს რეჟიმს „ფაშისტურს“ უწოდებს და ამის დამადასტურებლად ახალგაზრდა ბანკირის მკვლელობის ამბავს ჰყვება… იგი ფარდას ხდის აგრეთვე ე.წ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სააკაშვილისეულ მეთოდს, როცა მისმა მმართველმა რეჟიმმა ქვემოთ, პოლიციელების დონეზე ქრთამის აღება შეამცირა, მაგრამ გააფართოვა „ზემოთ“, მმართველ ელიტაში, თანაც იმ დონეზე და იმ მასშტაბით, რომ მთელ ქართულ ბიზნესს ტერორი მოუწყეს. „მოსახლეობაში ისეთი საპროტესტო განწყობა დაგროვდა, რომ ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. სამწუხაროდ, საპროტესტო აქციები სადისტურად იქნა ჩახშობილი“, – ამბობს გიორგი ხაინდრავა.

ფილმში, რომელიც მან „რია ნოვოსტი-უკრაინის“ რედაქციას საჩუქრად გადასცა, მიტინგის დარბევის ისეთი კადრებია, რომელიც მაყურებელს შოკში აგდებს.

ამასთან, გიორგი ხაინდრავას იმედი არ აქვს, მის ნათქვამს და ფილმის კადრებს უკრაინაში ყურადღებას მიაქცევენ. იგი აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ, მათ შორის უკრაინაშიც, მშვენიერი იმიჯი აქვს ჩამოყალიბებული, მოსახლეობა კი თავის ილუზიებს ძნელად შორდება.

სტატიაში გიორგი ხაინდრავა საუბრობს აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის ბიძის – თემურ ალასანიას როლზე, მის მჭიდრო კავშირებზე რუსეთის უშიშროების სამსახურებთან… თემურ ალასანიასა და კახა ბენდუქიძის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილმა მთელი ქართული ბიზნესი ხელში რუსებს ჩაუგდო. დღეს რუსეთის საქართველოს მთლიანად აკონტროლებს… და ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის მოქმედების შედეგია, თუმცა იგი სიტყვიერად რუსეთს ლანძღავს და ვითომდა მოსკოვის მტერია“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კიევში, გიორგი ხაინდრავასთან ერთად, თბილისის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ქეთი დოლიძეც ჩავიდა, რომელიც პუბლიკაციის ავტორთან ამხელს ზურბ ადეიშვილის, გიგა ბოკერიას და სხვა პოლიტიკოსების ანტიქართულ საქმიანობას.

ქეთი დოლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი – ესაა ტერორისტი, რომელიც საკუთარ ხალხს ებრძვის. „მას საქართველოში დაბრუნება სურს, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს“.

Comments are closed