«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): როგორ აფასებენ კოლეგები აშშ-ის მომავალ ელჩს საქართველოში?
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა მზერა აღმოსავლეთს მიაპყრო
«Независимая газета» (რუსეთი): დაძაბულობა თანამეგობრობაში: საქართველო
«Комсомольская правда в Украине» (უკრაინა): ერთი, ორი, სამი… კიდევ ვის სურს უკრაინის პრემიერ-მინისტრობა?
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 7 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/ian-kelly-and-diplomats/2949706.html
როგორ აფასებენ კოლეგები აშშ-ის მომავალ ელჩს საქართველოში?
ანა კალანდაძე
ვაშინგტონი თბილისში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ახალ ელჩს აგზავნის. თანამდებობის დაკავებამდე, იან კელი ერთ კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალურ ფიცს დადებს. რას უსურვებენ მას ამერიკელი დიპლომატები და ყოფილი ელჩები საქართველოში? როგორ ხედავენ ეს ადამიანები იან კელის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-დარჩება თუ არა საქართველო ვაშინგტონისთვის ერთერთ პრიორიტეტულ სტრატეგიულ პარტნიორად?
ამერიკის ბოლო ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ იან კელი დაკისრებულ მოვალეობებს კომპეტენტურად გაართმევს თავს.
რიჩარდ ნორლანდი:
ძალიან მახარებს, რომ იან კელი, მეუღლე ფრანჩესკასთან ერთად, საქართველოში ამერიკის ელჩად მოდის. მე და მერის ძალიან გვენატრება საქართველო და სასიამოავნოა, რომ მომავალი ელჩი ასეთი კომპეტენტური, ძლიერი დიპლომატი იქნება. იანი ჩვენს შორის საუკეთესო დიპლომატია, ახლა ვაშინგტონში მყოფმა შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა შეერთებული შტატებისთვის, ამიტომაც თქვენთან საუკეთესოს ვაგზავნით. იანს კარგი რეგიონული გამოცდილება აქვს, მოსკოვში უმსახურია, შემდგ ეუთოში, ამდენად ადგილობრივ პრობლემებს კარგად იცნობს. ცოტა ხნის წინ მე ის ვნახე საქართველოს ელჩის მიღებაზე. ვიცი, იანი, მეუღლესთან ერთდ, ძალიან ელოდება საქართველოში ჩამოსვლას. ვურჩევდი ხალხთან აქტიურად იკონტაქტოს და კარგად გაიცნოს ქვეყანა, ქართველები ამას ძალიან დააფასებენ. ის ნამდვილი პროფესიონალია, და დაკისრებულ ვალდებულებებს საუკეთესოდ გაართმევს თავს. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს და საქართველოში მუშაობისას ქვეყანას, ხალხს გაიცნობს.
აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი თვლის, რომ ახალი ელჩისთვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობა ერთერთ მთავარ ამოცანად დარჩება, თუმცა შედეგის მიღწევა, რომელსაც წინ ხანგრძლივი პროცესი უძღვის, ადვილი არ იქნება.
კენეტ იალოვიცი:
კელი ძალიან კარგი დიპლომატი და ადამიანია, ამიტომაც ვფიქრობ ის კარგი არჩევანია საქართველოში ამერიკის მომავალი ელჩის პოსტზე. მას თქვენს რეგიონში ვრცელი გამოცდილება აქვს. მისი ყველაზე მთავარი ამოცანა კი იქნება საქართველოს დახმარება იმ მიმართულებით, რომელიც ამ ქვეყანას ახლა აქვს აღებული. ეს მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლაა და ურთიერთობების გააქტიურება ნატოსთან. წვრთნის ერთობლივი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში დიდი სურვილი არსებობს, რომ ქვეყანამ მაპი მიიღოს. ეს მგონი ახლო მომავალში შეუძლებელია, თუმცა ქვეყანა პროგრესს ახდენს ნატოსთან ურთიერთობებში. ყველაზე მთავარი რაც მოსჩანს არის ის, რომ საქართველო ძალიან მოწოდებულია ნატოში წევრობას მიაღწიოს. ნატოს ცენტრის სრულად ამოქმედება ახალი ელჩის ერთერთი მთავარი მოვალეობა იქნება და ასევე საქართველოში დემოკრატზაციის კონსოლიდაცია.
მნიშვნელოვანია ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები ასოცირების და სავაჭრო შეთანხმებების გასატარებლად. ეს რთული იქნება განსაკუთრებით დასაწყისში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც აღვნიშნე-ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის მშენებლობა. საქართველოში ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები იგეგმება, მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნებმა თავისუფალ, სამართლიან, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩაიაროს, ისე როგორც რამდენიმე წინა არჩევნებმა. და რა თქმა უნდა, მისი მთავარი საქმე იქნება ამერიკის წარმოჩენა, და ჩვენი პოლიტიკის გატარება, რაც ორმხრივი ურთიერთობების, დემოკრატიის, საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წახალისებას ემსახურება. მინდა გავიხსენო რამდენად სასიამოვნო იყო როცა საქართველოში ელჩად ყოფნისას ყველას ერთმანეთის გვესმოდა და იყო ნება რეფორმების გასატარებლად. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ადვილია ამერიკის ელჩობა, არა, ეს ძალიან მომთხოვნი და საპასუხისმგებლო მოვალეობაა. კიდევ ერთხელ, იან კელი ამ პოსტზე არაჩვეულებრივი არჩევანი იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ცენტრალური აზიის საკითხებში და ბატონი კელის კოლეგა რიჩარდ ჰოგლანდი საქართველოს პრობლემატიკას კარგად იცნობს. რიჩარდ ნორლანდის მსგავსად, ის ფიქრობს, რომ ელჩის საქმიანობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებასთნ, ადამიანებთან მეტი პირადი ურთიერთობა:
რიჩარდ ჰოგლანდი:
ვურჩევდი, რომ უფრო მოთმინებით შეხვდეს მოვლენებს, და დასკვნები მყისიერად არ გამოიტანოს. კარგად შეისწავლოს მისი ქვეყანა და არ ჩაიკეტოს საკუთარ ნაჭუჭში-იმოგზაუროს, გაიცნოს ხალხი და მათი სატკივარი. ასევე ვეტყოდი, რომ ჩვენ, ამერიკელი დიპლომატები ყოველთვის მართლები არ ვართ, თუმცა ვითარებაში გარკვევა გულწრფელად გვწადია. თავმდაბლობა ძალიან გვეხმარება.
გამომდინარე საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო კავშირებიდან, ამერიკელმა დიპლომატებმა ჩვენთან საუბარში გამოთქვეს რწმენა, რომ ორმხრივი ურთიერთობები იან კელის ხელმძღვანელობის პირობებში კიდევ უფრო გაღრმავდება.
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 6 სექტემბერი, 2015 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20150905-novyi-glava-mid-gruzii-oglyanulsya-na-vostok
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა მზერა აღმოსავლეთს მიაპყრო
„რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ“ („საფრანგეთის საერთაშორისო რადიომ“) გუშინ, 6 სექტემბერს, ეთერში გადასცა თავისი ტრადიციული რადიორეპორტაჟი, რომელშიც საქართველოში გასული კვირის ამბებია მიმოხილული. მისი ერთ-ერთი მთავარი თემაა ქვეყნის მთავრობაში მომხდარი ცვლილებები, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა.
რეპორტაჟში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული საკადრო ჩვლილებასთან დაკავშირებული განცხადებები, კომენტარები, ოპოზიციის ნეგატიური დამოკიდებულება… „ახალი მინისტრის პირველივე განცხადებამ საქართველოში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია: მან თქვა, რომ საქართველო ინტერესით ადევნებს თვალს „ევრაზიაში მიმდინარე პროცესებს“ და შეეცდება თავის სასარგებლოს გამოიყენოს ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებთან ურთიერთობა, მათ შორის იმათთანაც, რომლებიც ევრაზიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობენ“. ამ განცხადების საფუძველზე ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ვლადიმირ პუტინის „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან“ დაახლოებაში დაადანაშაულა“. ამის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ოპონენტებს მოუწოდა გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელო წაიკითხონ და გაერკვნენ, რომ ევრაზია ევროპისა და აზიისაგან შედგება“, – აღნიშნულია რადიორეპორტაჟში.
„რადიო ფრანსე ინტერნაციონალეს“ კორესპონდენტი გიორგი ლებანიძე ამ საკითხზე ესაუბრება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორს სოსო ცინცაძეს, რომელიც ამბობს, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის განცხადებამ, მართალია, ოპოზიციის ისტერიული რეაქცია გამოიწვია, მაგრამ იმავდროულად სტიმული მისცა მეტ-ნაკლებად ნორმალურ დისკუსიას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორულობაზე.
„ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით – დასავლეთისაკენ იყურო. საჭიროა გავიხედოთ სამხრეთის, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისკენ… ოპოზიცია ყველგან რაღაც შეთქმულებას, ინტრიგას და მთავრობის რაღაც საიდუმლო ჩანაფიქრებს ხედავს. მე ვეთანხმები გიორგი კვირიკაშვილს: ჩვენი საგარეოპოლიტიკური ვექტორი არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ თვით საგარეო პოლიტიკა მთლიანობაში უფრო მოქნილი და შედარებით უფრო ყოვლისმომცველი უნდა გახდეს. თუ ქართული დიპლომატია მზადაა ეს „სიმძიმე“ იტვირთოს, მე ამას მხოლოდ მივესალმები“, – ამბობს იოსებ ცინცაძე.
შეკითხვაზე, „ესე იგი, თქვენ თვლით, რომ საგარეოპოლიტიკური პრაგმატიზმი ერთი მხრივ, მრავალვექტულობაში და მეორე მხრივ, ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაში გამოიხატება?’, იოსებ ცინცაძე პასუხობს: „რასაკვირველია. ჩვენი დიპლომატის ყოველტვის აკლდა ეკონომიკური შემადგენელი. გარდა ამისა, მას არ ჰყოფნიდა პროფესიონალიზმი, რათა ერთდროულად პოლიტიკურ-დიპლომატიური კავშირებიც განევითარებინა და ეკონომიკურიც, რითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ინვესტორებს, ფინანსისტებს და ბიზნესმენებს მოიზიდავდა“.
«Независимая газета» (რუსეთი), 7 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.ng.ru/week/2015-09-06/8_cis.html
დაძაბულობა თანამეგობრობაში: საქართველო
სტატიაში, რომლის ავტორია „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიმომხილველი იური სიმონიანი, აღწერილია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გასულ კვირის განმავლობაში მომხდარი ამბები. საქართველოსთან მიმართებით გასული კვირის მთავარ მოვლენად დასახელებულია სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე პროცესები, კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან, „იმედთან“ და „პირველ არხთან“ („საზოგადოებრივ მაუწყებელთან“) დაკავშირებული მოვლენები. მასში საუბარია „რუსთავი-2“-ს მიმართ სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე, ხოლო „იმედსა“ და „პირველ არხზე“ – თოქ-შოუების დახურვის მიზეზებზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ თოქ-შოუს დახურვა იმით გაამართლეს, რომ მისი წმაყვანი გოგონა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გათხოვდა – ანუ „ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნა, როგორც ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ განმარტა. პუბლიკაციაში მოცემულია პრეზიდენტის, პრემიერისა და საექსპერტო წრეების დამოკიდებულება ამ საკითხთან. „ერთდროულად სამივე წამყვან ტელეკომპანიასთან მიმართებით ამგვარი მოვლენების დამთხვევა მიანიშნებს, რომ მათში ხელისუფლების ხელი ურევია“.
სტატიაში საუბარია აგრეთვე ოდესის ოლქის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებაც: „მიხეილ საკაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და ხელისუფლება პრესაზე ზეწოლაში დაადნაშაულა, შემდეგ კი უკრაინის მთავრობაზე გადაერთო. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ გუბერნატორმა უკრაინის მთავრობას ბრალი დასდო უმოქმედობაში და უნებისყოფობაში, ახლა კი პირდაპირ პრემიერ-მინისტრზე არსენ იაცენიუკის კრიტიკაზე გადაერთო და განცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის უმოქმედობამ უკრაინის ეკონომიკას4,5 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა „ხურდა დაუბრუნა“ – გუბერნატორის ნათქვამს „სიცრუე“ უწოდა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თავშეკავებისაკენ მოუწოდა. პრემიერსა და ოდესის ოლქის გუბერნატორს შორის დაწყებულ შეხლა-შემოხლაში დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი, ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ჩაერია და მიხეილ სააკაშვილს ისეთი სიტყვებით შეამკო, რომლებთაც ცივილიზებულ საზოგადოებაში არ იყენებენ – მან გუბერნატორს „წვინტლიანი ნარკომანი“ და „აგრესიული ძაღლი“ უწოდა, რომელზეც პატრონს „სადრუნჩის“ გაკეთება დავიწყებია. თან დააყოლა, რომ „ასეთი ძაღლი უნდა დააძინონ და ამანათით უკანვე, საქართველოში უნდა დააბრუნონ, დაე, იქ მიიღოს საკადრისიო“. თავის მხრივ, იგორ კოლომოისკის არც მიხეილ სააკაშვილმა შეარჩინა და იგი „ბანდიტური წარსულის გადმონაშთად“ და „უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრად“ მიიჩნია….
ამასობაში კი ყოფილი პრეზიდენტი თანდათან აგროვებს ხმების იმ რაოდენობას, რომელიც პრემიერ არსენ იაცენიუკის ადგილზე მის დასანიშნადაა საჭირო: პრეზიდენტის საიტზე ამ მიზნით გამოქვეყნებულ პეტიციას უკვე 18 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. ეს საკითხის რომ პრეზიდენტმა განიხილოს, 25 ათასი ხელმოწერაა საჭირო. აქციის ვადა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, წინ კიდევ ორი თვეა.
«Комсомольская правда в Украине» (უკრაინა), 7 სექტემბერი, 2015 წელი
http://kp.ua/politics/511614-raz-dva-try-chetyre-piat-kto-premerom-khochet-stat
ერთი, ორი, სამი… კიდევ ვის სურს უკრაინის პრემიერ-მინისტრობა?
სექტემბერში უკრაინის მთავრობაში რამდენიმე მინისტრი შეიცვლება, ხოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კი მთავრობის მთლიანად შეცვლას უნდა ველოდოთ. განახლებული შემადგენლობა ზამთრის ბოლომდე და გაზაფხულის დაწყებამდე იმუშავებს, ანუ იმ პერიოდში, როცა უმძიმესი სიტუაცია იქნება გათბობის მხრივ. სწორედ ამ დროს პრემიერ-მინისტრ არსენი აიცენიუკის წინააღმდეგ გამოიყენებენ მძიმე არტილერიას – ტარიფების მატებას და მას ტანამდებობიდან გადააყენებენ. აქედან გამომდინარე, არსენ იაცენიუკის კონკურენტებმა მზადება უკვე დაიწყეს. ისინი ჯერ-ჯერობით შედარებით წვრილმან თანამდებობზე სხედან.
დავიწყოთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილით.
მისი პოზიცია ან მართლაც ნამდვილია, ან მოსახლეობას აბნევს: ერთ დღეს ამბობს, რომ მას არ სურს პრემიერად ყოფნა, მეორე დღეს კი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმართულ მძლავრ კამპანიას იწყებს და მას სერიოზულ ბრალდებებს უყენებს. რას არის ეს, თუ არა საკუთარი გზის გაწმენდა მინისტრთა კაბინეტისაკენ? საერთოდ, მიხეილ სააკაშვილისათვის ეს იქნებოდა მორიგი ლოგიკური საფეხური უკრაინის პოლიტიკურ ვერტიკალში. გასაგებია, რომ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ექს-პრეზიდენტისათვის ოდესის ოლქის გუბერნატორობა ძალიან წვრილმანი თანამდებობა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტობა ჯერ ძალიან ადრეა.
უკრაინის ექს-პრემიერს, ამჟამად კი ვერხოვნა რადას ფრაქციის ლიდერს იულია ტიმოშენკოს მიხეილ სააკაშვილის შევიწროება სერიოზულად შეუძლია. ისიც საკმაოდ დიდი ხანია ზის მისი ფიგურისათვის შეუფერებელ თანამდებობაზე, მაგრამ იულიას დიდი ამბიციები კოალიციურ პარტნიორებს, როგორც იტყვიან ხოლმე, უკვე ყელში ამოუვიდათ. მას ახალი მოკავშირეები ჭირდება.
იქნებ ნატალია იარესკო?
პრემიერობის კანდიდატის სახით ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ უკრაინის ფინანსთა მინისტრზეც, მაგრამ მისთვის ეს ჯერ-ჯერობით ძალიან სარისკოა – ყოფილ ამერიკელს უკრაინის მასშტაბით ბერკეტები ძალიან ცოტა აქვს. პარადოქსულია, მაგრამ სწორედ ნატალია იარესკოს გაძლიერება თუ უშველის არსენ იაცენიუკს და მას გადადგომის საფრთხეს ააცილებს. ერთადერთი, რასაც ნატალია იარესკო წარმატებით აკეთებს, ესაა უცხოეთის მიერ უკრაინისათვის საგარეო ვალების ჩამოწერა და შეღავათების მოპოვება.
რას ფიქრობენ უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინიტრობაზე? აი, ზოგიერთის თვალსაზრისი:
მაქსიმ კოვალენკო, ისტორიკოსი, ზაპოროჟიე: „არასასიამოვნოა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული. ჩვენ უკვე გვყავდა კრიმინალური წარსულის მქონე ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი], ამიტომ არ მსურს ამის გამეორება“.
კონსტანტინ მატვიენკო, პოლიტოლოგი: „გულახდილად გეუბნებით, არ ვიცი. ერთი მხრივ, ვარიაგების გუნდი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, მეორე მხრივ კი, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში თითქოსდა კარგი მენეჯერის სახელი დაიმკვიდრა – ამბობენ, რომ მან კორუფცია დაამარცხა, მაგრამ აქაც დასაზუსტებელია: მან ეს გააკეთა მხოლოდ დაბალ დონეზე, ელიტარული კორუფცია კი მისი პრეზიდენტობის დროს ჰყვაოდა“.
ოქსანა როდნიანსკაია, იურისკონსულტი, ოდესა: „მიხეილ სააკაშვილი მცოდნე და შედეგიანი მმართველია. მას შეუძლია ჩვენი ქვეყანა სამართლებრივ და უსაფრთხო სახელმწიფოდ გადააქციოს. ჩვენ ასეთ ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, თორემ შეიძლება სხვა ქვეყნებმა გადაიბირონ“.
იგორ ოვჩარენკო, იუსიტი, კიევი: ჯერ ოდესელებს უნდა ვკითხოთ, რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა მათთვის კარგი? რას გრძნობენ – გაუმჯობესებას თუ გაუარესებას? აი, ამის შემდეგ უკვე მთელ უკრაინაზე შეიძლება ლაპარაკი“.
პეტრე ჟუკი, საინფორმაციო პრობლემების ცენტრის დირექტორი, ლვოვი: „კარგით, რა… მოდით, უკრაინისაგან კლოუნადას ნუ შევქმნით… ოდესის ოლქის გუბერნატორად რომ დაინიშნა, როგორღაც მოვითმინეთ, მაგრამ ახლა პრემიერ-მინისტრად? უკრაინა ხომ საქართველო ან რუსეთი არ არის? მე ასეთ სავარაუდო ნაბიჯს უადგილოდ მივიჩნევს“.