«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): როგორი იქნება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა? // ევროპაში ამერიკის არმიის სარდალი თბილისში: „NATO-მ უფრო სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება“
«КоммерсантЪ» (რუსეთი): პენტაგონი საქართველოს მფარველობს // ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალმა თბილისს „გარეშე აგრესიის“ შემთხვევაში დახმარება აღუთქვა
«Новое время» (უკრაინა): „როცა ჭაობს აშრობ, ბაყაყები უფრო ხმამაღლა და აგრესიულად ყიყინებენ“ – რას ამბობს გია გეწაძე მიხეილ სააკაშვილისა და იგორ კოლომოისკის კონფლიქტის შესახებ
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 8 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/tbilisi-security-conference/2951039.html
როგორი იქნება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ?
ევროპაში ამერიკის არმიის სარდალი თბილისში: „NATO-მ უფრო სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება“
ზაზა წულაძე
ბოლო ათი თვის მანძილზე, ევროპაში ამერიკის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი უკვე მესამედ ეწვია საქართველოს. ჰოჯესი პირველად ჩვენს ქვეყანაში, 2014 წლის ნოემბერში ჩამოვიდა და სამეთაური-საშტაბო სწავლება „დიდგორს“ დაესწრო; უკვე მაისში, ამერიკელი სარდალმა, ვაზიანში, ერთობლივ, ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორს“ მიადევნა თვალი და საქართველოს პრეზიდენტისგან „განსაკუთრებული თანადგომისთვის“ „ოქროს სარწმისის“ ორდენიც მიიღო. ამჯერად, გენერალმა ჰოჯესმა თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური კვლევის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის სახელწოდებაა: „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში”.
საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო „თბილისი რუმსში“ დღეს დილით გაიხსნა და ხვალ დასრულდება. ევროპაში ამერიკის არმიის სარდალმა, კონფერენციის მოდერატორის, NATO-ში ამერიკის ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის კითხვაზე, თუ რა შეიძლება დაუპირისპირონ ამერიკამ და ევროპამ, რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს? აღნიშნა, რომ NATO-მ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს
„რუსეთი უხეში ძალის გამოყენებით ცდილობს, ევროპის ტერიტორიაზე სუვერენული ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას, ისე, როგორც ეს გააკეთა საქართველოსა და უკრაინაში. NATO-ს წევრებმა სამიტზეც აღნიშნეს, რომ ასეთი საქციელი დაუშვებელია. ჩვენ შევთანხმდით რომ NATO უნდა მოერგოს არსებულ სიტუაციას და უფრო სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება. სწორედ ამიტომ შეიქმნა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები. ეს უფრო მეტ არჩევანს მისცემს პოლიტიკურ ლიდერებს შემაკავშირებელი ფუნქცია შეასრულონ რუსეთთან მიმართებაში ევროპის კონტინენტზე, სამხედრო ძალების გადაადგილება, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.“
თბილისში საერთაშორისო კონცერენციის მიზანია, ახალი ხედვის შემუშავება, თუ როგორ შეიძლება იმ საფრთხეებზე რეაგირება, რომელმაც მთლიანად დაანგრია, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ, შექმნილი ევროპის უსაფრთხოების არქტიტექტურა. როგორი უნდა იყოს ახალი ევროპის ახალი არქიტექტურა? მასში ამერიკის, NATO-სა და რუსეთის როლი?!
ახალ ხედვაზე დღეს თბილისში, გარდა გენერალი ჰოჯესისა, ასევე საუბრობდნენ: ლიტვის საგარე მინისტრი ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო მინისტრის მოადგილე პილდეგოვიჩი, ევროკავშირის ყოფილი კომისარი ფულე, მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დირექტორი კრამერი, იტალიის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი სტეფანინი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ლატვიაში ბონდი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი შევცოვა, სხვა უცხოელი და ქართველი ექსპერტები.
ქართული პოლიტიკური ბომონდი დღეს კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, პარლამენტის თავჯდომარით, თავდაცვის მოქმედი და სამი ყოფილი მინისტრით, გენერალური შტაბის უფროსით. ნიშანდობლივია, რომ თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში, აქცენტი რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიასა და ოკუპაციაზე გააკეთა, პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ „მისმა თაობამ წარსულის შეცდომები აღარ უნდა გაიმეორეს.“
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დღეს კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველო, სამწუხაროდ ისევ ვერ იღებს დასავლეთიდან იმ მხარდაჭერას, რომელსაც იმსახურებს
„საქართველო, დღეს, ჩემი აზრით ვერ იღებს იმას, რასაც იმსახურებს, იმისთვის, თუ რამხელა კონტრიბუცია აქვს ევროპულ და ევროატანტიკურ უსაფრთხოებაში. ამიტომ, ჩემი გამოსვლისა და ზოგადად, კონფერენციის მთავარი ფოკუსი უნდა იყოს: თუ როგორც დავიცვათ საქართველო და როგორ დავეხმაროთ უკრაინას, რომ მოვიგერიოთ ეს პირდაპირი აგრესია რუსეთის მხრიდან.“
ევროპაში ამერიკის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა, თბილისში კონფერენციაზე დისკუსიისას, ასევე, განაცხადა, რომ მომავალ გაზაფხულზე, ევროპაში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ძალები, პოლონეთის არმიასთან ერთად, სამხედრო წვრთნებს გამართავენ პოლონეთის მთელ ტერიტორიაზე. ეს იქნება ბოლო წლების ყველაზე მასშტაბული სწავლება, რომელშიც სულ მცირე, 25000 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
სამხედრო წვრთნა მიმართული იქნება აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების დასამშვიდებლად, რომლებიც სულ უფრო მეტად შეშფოთებულები არიან მათ საზღვრებთან, რუსული იარაღის ხშირი ჟღარუნის გამო.
უკვე, 2016 წლის მაისში კი, ვაზიანში ისევ ვიხილავთ, ამერიკულ სამხედრო ტექნიკას, რომელიც ისევ ბულგარეთიდან, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში გამოიგზავნება. ამერიკელმა გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ ამჯერად, ძალიან მნიშვნელოვანია დროის კომპონენტი, 2016 წლის სწავლებისთვის, თუ რამდენად სწრაფად შემოვა ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 8 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2805249
პენტაგონი საქართველოს მფარველობს
ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალმა თბილისს „გარეშე აგრესიის“ შემთხვევაში დახმარება აღუთქვა
გიორგი დვალი
(შემოკლებით)
2016 წლის ქართულ-ამერიკული წრთვნების მთავარი ამოცანა იქნება ის, თუ რამდენად სწრაფად დაეხმარება ამერიკის არმია ქართულ შეიარაღებულ ძალებს საჭიროების შემთხვევაში – ამის შესახებ განაცხადა ევროპაში ამერიკის ჯარების მთვარსარდალმა ბენ ჰოჯესმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე, რომლის თემაა „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანის ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“. ამ ორდღიან ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი ესწრებიან.
ამერიკელი გენერლის სიტყვებმა განსაკუთრებული შთაგონება თავდაცვის მინისტრში გამოიწვია, იგი ხომ მოსკოვისადმი შეურიგებელი დამოკიდებულებითაა ცნობილი. როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, „მე არ მეგონა, თუ გენერალი იმას ასე ხმამაღლა იტყოდა, რაც ჩემთან შეხვედრის დროს მითხრა. ბენ ჰოჯესმა უარყო გავრცელებული მტკიცება, თითქოსდა რუსეთის მიმართ რომელიღაც ქვეყნები პროვოცირებას ეწევიან. იგი თვლის, რომ რუსეთი 20 წელია უკვე ისედაც ეწევა აგრესიას მეზობლების მიმართ ყოველგვარი პროვოცირების გარეშე. ასეთი ფრაზები ამერიკელი გენერლის ბაგეთაგან ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
სხვათას შორის, იგივე განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის გახსნისას: „უსი პოლიტიკოსები უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ მოსკოვს მეზობლებთან საკითხების მოგვარება სამხედრო მეთოდებით შეუძლია“.
„ამერიკელები უკვე პრაქტიკულად ცდილობენ განახორციელონ სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა, თანაც მანევრების არსს არ მალავენ“, – ამბობს სამხედრო-პოლიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში, – ამერიკელებს ეს აზრი უკრაინის მოვლენებმა განუმტკიცა“.
ბუნებრივია, რუსეთი ამგვარ მიდგომებს პერმანენტულად უარყოფს, იმავდროულად მოსკოვი ყურადღებას აქცევს საქართველოსა და დასავლეთის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას. ყველასათვის ცნობილია, რომ აგვისტოს ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურება რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და ისინი, ვინც საქართველოს ასეთ სიტუაციაში ითრევენ, უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა და ყოველთვის ახსოვდეთ ის სამწუხარო გამოცდილება, რომელიც 2008 წელ მოხდა“.
«Новое время» (უკრაინა), 8 სექტემბერი, 2015 წელი
„როცა ჭაობს აშრობ, ბაყაყები უფრო ხმამაღლა და აგრესიულად ყიყინებენ“ – რას ამბობს გია გეწაძე მიხეილ სააკაშვილისა და იგორ კოლომოისკის კონფლიქტის შესახებ
უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორსა და ოლიგარქ იგორ კოლომოისკს შორის მიმდინარე დაპირისპირების გამწვავებას საქართველოს ექს-პრეზიდენტის თანამოაზრე, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე ეხმაურება, რომელსაც „ნოვოე ვრემიას“ კორესპონდენტი ალექსანდრა გორჩინსკაია ესაუბრება. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- თქვენ მიხეილ სააკაშვილს დიდი ხანია იცნობთ. შეგიძლიათ იმის ახსნა, თუ რა მიზეზები იმალება ოდესის ოლქის გუბერნატორსა და ოლიგარქს შორის მიმდინარე დაპირისპირების უკან?
- მიშა ინდივიდუალურად არავის თავს არ ესხმის, მის მიზნებში ვინმესადმი თავდასხმა არასოდეს ყოფილა. მისი მიზანია თავისი საქმე აკეთოს და ამაში არავინ ხელი არ შეუშალოს. აი, როცა ვინმე ხელის შეშლას დაიწყებს, იგი როგორც საჯარო პოლიტიკოსი, ვალდებულია ამის შესახებ ხალხს უთხრას. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინაა მათი ცხოვრების გაუმჯობესების წინააღმდეგი. ასე რომ, იგორ კოლომოისკის ნეგატიური რეაქცია იმის მაჩვენებელია, რომ უკრაინაში რეფორმები მიდის და ამით ზოგიერთი ადამიანი ძალიან ნაწყენია.
- იყო თუ არა საქართველოში „ოლიგარქებთან ომების“ მსგავსი მოვლენები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში?
- რასაკვირველია. ჩვენ რომ რეფორმების გატარება დავიწყეთ, გამოჩნდნენ კონკრეტული პირები, რომლებმაც ხელის შეშლა დაიწყეს. ძალიან ძნელია ისეთი ქვეყნის გარდაქმნა, სადაც ძლიერია წინა ეპოქის გადმონაშთები, ძველი აზროვნება… ოპონენტები და მოწინააღმდეგეები, ცხადია, აქაც, უკრაინაშიც იქნებიან. როცა ჭაობს აშრობ, ბაყაყები უფრო ხმამაღლა და აგრესიულად ყიყინებენ. ასე რომ, რაც უფრო მეტს ყიყინებენ და ილანძღებიან, ჩვენ მით უფრო დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ რეფორმები ხორციელდება და წინ მივდივართ. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, მოსახლეობის დაკვეთა მათთვის მიცემული დაპირება უნდა შევასრულოთ და თუ ოლიგარქები და კიდევ ვიღაცეები ხელს შეგვიშლიან, ისინი აუცილებლად წაგებულნი დარჩებიან. ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისაგან განსხვავებით, მე მჯერა რეფორმების მოკლე დროში განხორციელება. გასაგებია, რომ მოწინააღმდეგეებს თავიანთი არგუმენტები აქვთ, მაგრამ ეს არგუმენტები, თუ მათ კარგად დავუკვირდებით, გამოგონილი და ხელოვნურია.
- თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის სავარძლის დასაკუთრება სურს?
- არა, რას ბრძანებთ… ეს სპეკულაციური ხმებია. ამის კომენტირება არ შემიძლია. ჩვენთვის, ვინ ხელისუფლებაში ვართ, აღამასრულებელ ორგანოებში – პროკურატურაში, სასამართლოებში, ასევე ვერხოვნა რადაშიც, მთავარი ისაა, რომ რეფორმები განვახორციელოთ. ჩვენგან მოსახლეობა სწორედ ამას ითხოვს. ამ სიტუაციაში ერთმანეტს უნდა დავეხმაროთ და ხელი არ უნდა შევუშალოთ.
- უკრაინის პრეზიდენტის საიტზე ელექტრონული ხელმოწერები შეგროვდა მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მიზნით. მოსახლეობას სურს, რომ რეფორმების გატარებას სწორედ მან უხელმძღვანელოს…
- მე მხოლოდ საკუთარი ვერსია შემიძლია გითხრათ. არ ვფიქრობ, რომ მიშას რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნის მიზანი ჰქონდეს. იგი ოდესის ოლქის გუბერნატორობაზეც მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ იბრძოლოს: მან კარგად იცის, რომ ჩვენთან ორი ფრონტია – ერთი მხრივ, აგრესიული ვლადიმირ პუტინი და მეორე მხრივ, დამპალი და კორუმპირებული სისტემა. ამ კორუმპირებულ სისტემას კონკრეტული სახელი და გვარები აქვს და ჩვენ, რეფორმატორებმა, ასეთი ჩინოვნიკები ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ხოლო ოლიგარქები ბიზნესის კონტროლს უნდა გადავაჩვიოთ.
ჩვენთან, იუსტიციის სამინისტროში, უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები: მაგალითად, პირველი – ადრე მილიონნახევრზე მეტ ცნობა გაიცემოდა ხოლმე და ყოველი ცნობის უკან კორუფციული გარიგება იყო, დღეს კი იგივე ცნობების მიღება და დაბეჭდვა სახლშიც შეიძლება, [კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით]; მეორე – ბიზნესისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომლის ტანახმად, რეგისტრაცია არა იუსტიციის სამინისტროში მოხდება, არამედ ნოტარიუსებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. მოსახლეობა რიგებში დგომით აღარ შეწუხდება. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ რეესტრის კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქციაღა ექნება. მოკლედ, თუ სურვილი და ნება იქნება, რეფორმების სწრაფად განხორციელება შეიძლება.