„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ანდრეს მამიკინსთან: „ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეუძლია ამ ორ პოლიტიკურ ძალას, იპოვოს საერთო ენა ევროინტეგრაციის საკითხებში”
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „შეხვდეს პუტინს ჩვენი პრემიერი, პრობლემაა?”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამაზ ხუბუსათან: „საქართველომ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების დეზავუირება უნდა მოახდინოს“
„კვირის პალიტრა“: NATO-ს სწრაფად დასახმარებლად მზად ვართ, მაგრამ საქართველოს, თუნდაც აუჩქარებლად, ვინ დაეხმარება?
————————-
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 6 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ ანდრეს მამიკინსთან: „ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეუძლია ამ ორ პოლიტიკურ ძალას, იპოვოს საერთო ენა ევროინტეგრაციის საკითხებში”
(შემოკლებით)
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტი ერთი კვირის შემდეგ საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს. ამავე სხდომაზე ევროპარლამენტის წევრ ანდრეს მამიკინსის მიერ (ლატვია) წაკითხული იქნება მოხსენება საქართველოს შესახებ,
„მთელი კვირის“ კორესპონდენტთან ზვიად მახარაძესთან ვრცელ ინტერვიუში იგი ასოცირების შეთანხმებისადმი საქართველოს პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებაზე საუბრობს:
„მე გამაოცა პოლიტიკური ძალების ერთსულოვნებამ – როგორც კოალიცია, ასევე ოპოზიცია ერთსა და იმავეს ლაპარაკობს. როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციას. ასევე, კვლევების მიხედვით, მოქალაქეთა 80 პროცენტი მხარს უჭერს როგორც ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირთან. მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეუძლია ამ ორ პოლიტიკურ ძალას, იპოვოს საერთო ენა, შეხების წერტილები ევროინტეგრაციის საკითხებში… თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შეიძლება მეორეხარისხოვან დეტალებში მათი პოზიციები განსხვავებულია, მაგრამ მთავარ საკითხებში აშკარაა მათი ერთსულოვნება. ჩემი აზრით, ასოცირების ხელშეკრულება ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დაახლოება პოლიტიკურად და ეკონომიკურად სასარგებლოა არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ევროკავშირიშთვისაც. მე მეკითხებიან, თუ ისინი რა მოგებას ნახავენ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციიდან და ჩემი პასუხი ასეთია: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაათავისუფლებს მათ ორმაგი დაბეგვრისაგან, ქართული პროდუქცია უფრო ადვილად მოხვდება ლატვიის ბაზარზე, მაგალითად, შესანიშნავი მინერალური წყალი “ბორჯომი” ეღირება ერთი ევროს ნაცვლად 80 ცენტი. (…) დღეისათვის მე ვერ ვხედავ რაიმე სერიოზულ წინააღმდეგობას , რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ასოცირების პროცესის წარმატებით დასრულებას. თქვენმა მკითხველებმა ალბათ იციან, რომ ხელშეკრულება უკვე ამოქმედდა პირველი სექტემბრიდან, ხოლო ფინალური აკორდი გაიჟღერებს ერთი კვირის მერე, როცა ევროპარლამენტი სტრასბურგში მოახდენს მის რატიფიკაციას. (…) რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს დამოუკიდებელი თემაა, რომელიც პირდაპირ არაა დაკავშირებული ასოცირების ხელშეკრულებასთან. თუმცა მე სრულად მხარს ვუჭერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლას“.
რესპოდენტი საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ძალებში ამას წინათ მომხდარ საკადრო ცვლილებებსა და საგარეოპოლიტიკურ ორიენტირებსაც ეხება და პირდაპირ აცხადებს: „როგორც მომხსენებელმა, მე ვერ შევამჩნიე საქართველოს საგარეო კურსის რაიმე ცვლილება. არც ერთ ოფიციალურ პირს არ გამოუხატავს კურსის ცვლილების სურვილი. ამითაც განსხვავდება საგარეო პოლიტიკა საშინაოსაგან“.
ანდრეს მამიკინსი ინტერვიუში საუბრობს აგრეთვე იმაზეც, თუ რა მთავარი გამოწვევების წინაშე დადგება საქართველო ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში:
„არის ერთი საკითხი, რომელზედაც ყურადღებას ამახვილებენ ჩემი კოლეგები ევროპარლამენტში. ეს ეხება შერჩევით სამართალს. ეს საკითხი წარმოადგენს შეშფოთების საგანს როგორც საქართველოში, განსაკუთრებით სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებში, ასევე ამის შესახებ ლაპარაკობენ ევროპარლამენტში. (…) მოხსენების ტექსტში ჩვენ დავტოვეთ ფრაზა, რომ “საქართველომ მომავალში არ უნდა დაუშვას შერჩევითი სამართლის შემთხვევები”, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ ქართული მართლმსაჯულება ყოველდღიურად ძლიერდება, ვითარდება და სასამართლოებს შესწევთ უნარი, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები გარედან ჩარევის გარეშე“.
რაც შეეხება რუსეთ-აფხაზეთს შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებას, ანდრეს მამიკინსი აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს კონსტიტუციური სივრცისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილები. (…) ყველაზე მთავარია, რომ აღარ იღუპებიან საქართველოს მოქალაქეები. ევროპარლამენტში დიდი შეშფოთებაა აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელშეკრულების გაფორმების გამო. ევროპარლამენტარები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, ცალსახად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სხვანაირად შეუძლებელიც კია. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” კულტურული, ნაციონალური, საგანმანათლებლო ავტონომიის შესახებ, მაგრამ დღეს ისინი არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, საერთაშორისო სამართლის სუბიექტები. საერთაშორისო სიტუაცია სწორედ ამას ადასტურებს, მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ცხინვალის რეგიონი თუ აფხაზეთი“.
„კვირის ქრონიკა“, 8 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „შეხვდეს პუტინს ჩვენი პრემიერი, პრობლემაა?”
(შემოკლებით)
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრება. მთავარი თემები – რუსეთის მდგომარეობა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობა.
ა) რუსეთი: დაშლა თუ არდაშლა?
როგორც სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რუსეთის დაშლა-გაპარტახებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ნაადრევია: „წელს ამ ქვეყანას შემოსავლები შეუმცირდა, მაგრამ 330 მილიარდი დოლარი მაინც მიიღო. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ითვლება მეორად პრობლემად, დღეს მთავარია ნავთობზე ფასების შემცირება. სხვათა შორის, რუსი პოლიტიკოსები ობიექტურად ლაპარაკობენ ეტყობა, პოლიტიკაა ასეთი, რათა მსოფლიოს ანახონ, საკუთარ გასაჭირს არ ვმალავთო. ამასთან, მართალია, “გაზპრომის” შემოსავალი ძალიან შემცირდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი დამთავრდა. (…)
რუსეთის ცალსახად შეფასება არ შეიძლება, აქ ძალიან ბევრი ნიუანსია, ძალიან რთული მოზაიკაა. თუ დასავლეთს ეყო ერთობის ძალა, სულ მცირე, 2 წელი მაინც, მაშინ პუტინს შეერყევა ძალაუფლება, მაგრამ რუსეთის დაშლა-გაპარტახება გამორიცხულია. სხვათა შორის, ჯერ კიდევ არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მოწიწება და შიში, მაგალითად, ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება ჯოჯოხეთად მიაჩნიათ გერმანელებს. გარდა ამისა, დღეს რუსეთში მუშაობს 300 ათასი გერმანელი და მათ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ყირიმი თუ უკრაინა, მათთვის მთავარია ფული. გერმანელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, რუსეთი არის მეორე ელდორადო.
ბ) საქართველო: რუსეთთან თუ რუსეთის გარეშე?
პოლიტოლოგის აზრით, საქართველომ აუცილებლად უნდა გააღრმავოს ურთიერთობა რუსეთთან და რუს ლიდერებთან შეხვედრის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას: „ჩვენ რომ ვიდგეთ სწორ გზაზე, აქედან ნამდვილად ვიხეირებდით, მაგრამ ამას წინათ ვთქვი, შეიძლება ჩვენ მკვდარ ზონაში აღმოვჩნდეთ-მეთქი და ვატყობ, უკვე აღმოვჩნდით. აშკარად ვხედავთ, რომ ჩვენი მთავრობა რუსეთთან დიალოგის დასაწყებად არაფერს აკეთებს. ამას დიპლომატიაში ჰქვია მკვდარი ზონა. ევროპისგან მაინც ვერ უნდა ვისწავლოთ რამე? ყველა ქვეყნის ლიდერი ყვირის, რუსეთი გათახსირებულიაო, მაგრამ არც ერთი არ ამბობს, არ დაველაპარაკებიო. ვერ გავიგე, მარტო ჩვენი ტერიტორიები აქვს რუსეთს მიტაცებული? მაშინ იაპონელებმა რაღა უნდა თქვან, რომელთაც საუკეთესო ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული? ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც რუსეთი დიპლომატიური არეალიდან საერთოდ გამოთიშა.
შეხვდეს პუტინს ჩვენი პრემიერი, პრობლემაა? არა, აქ უკვე სხვა ამბიციები იწევს წინა პლანზე, ეროვნული ინტერესები გადაფარა სულ სხვა რაღაცებმა. ბიჭო, წადი, დაელაპარაკე, ურთიერთობა აღადგინე, თუ არ მოგეწონება, ისევ გაწყვიტე, ჯვარს ხომ არ იწერ?
რაც შეეხება ცხინვალში მიმდინარე რუსეთის ჯარების წრთვნებს, , იქ წვრთნები სულ არის, მაგრამ ეს განცხადება არაფერს არ ცვლის. ეს არის უბრალო თავდაცვა, რომ ხვალ არ გამოცვივდნენ ოპონენტები და არ თქვან, ცხინვალში ესა და ეს ხდება, მთავრობა ხმას არ იღებსო. ალბათ, გახსოვს, რა ამბები ატეხეს “ნაციონალებმა” აფხაზეთთან დაკავშირებით, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაფერი არ გააკეთაო. ბიჭო, რა უნდა გააკეთოს? რუსეთს მთელი მსოფლიო ადგას თავზე, ვერაფერს აკეთებინებენ, ბერუჩაშვილმა რა უნდა ქნას? დარჩა მხოლოდ ერთი გზა – დიალოგი. სხვათა შორის, გაბუტვას რომ დიალოგი სჯობს, ეს მსოფლიოში ყველამ შეიგნო, საქართველოს გარდა“.
„ახალი თაობა“, 8 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ თამაზ ხუბუსათან: „საქართველომ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების დეზავუირება უნდა მოახდინოს“
(შემოკლებით)
ინტერვიუში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებასა და საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე საუბრობს.
მისი აზრით, საქართველომ ამ ხელშეკრულების დეზავუირება უნდა მოახდინოს – „ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს. ამ მხრივ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკება და ჟენევის დისკუსიები უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს ხელისუფლების საუბარს ულტიმატუმის ფორმა უნდა ჰქონდეს: ან ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და ვისაუბროთ სხვა ნებისმიერ საკითხზე, ან კონტაქტები საერთოდ უნდა შეწყდეს. ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი კატეგორიულია. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ… ჩვენ რუსეთისაკენ პოზიტიური, დიპლომატიური ნაბიჯი გადავდგით, რუსეთი კი ამ დროს აფხაზეთთან ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებას აფორმებს…
კარგი იქნებოდა, რომ 15 ნოემბრის აქცია მხოლოდ „ნაციონალების“ აქციად არ მონათლულიყო. მიმაჩნია, რომ დევიზ „არა ანექსიას“ ირგვლივ მთელი საზოგადოება უნდა შეკრებილიყო… ორივე მხრიდან იყო დაშვებული შეცდომები, თორემ აქციაზე ხალხი უფრო მეტი მოვიდოდა“.
„კვირის პალიტრა“, 8 დეკემბერი, 2014 წელი
NATO-ს სწრაფად დასახმარებლად მზად ვართ, მაგრამ საქართველოს, თუნდაც აუჩქარებლად, ვინ დაეხმარება?
(შემოკლებით)
სამხედრო ექსპერტის ირაკლი ალადაშვილის სტატია ეხება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხს. როგორც ცნობილია, სწრაფი რეაგირების ძალები ბუნების სტიქიისა და სხვა მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ იყო გამიზნული, მაგრამ ახლა სიტუაცია იცვლება და ის შესაძლებელია საბრძოლო ოპერაციებისთვისაც გამოიყენონ (ვთქვათ, თუ ბალტიისპირეთში რუსული ტანკები გამოჩნდებიან).
„თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ ქართული სამხედრო ქვედანაყოფი ალიანსის რეაგირების ძალებში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ თუკი ბრიუსელმა ნღფ-ის რეფორმირება გადაწყვიტა, მაშინ ქართველი სამხედროები შეიძლება ალიანსის სწრაფი რეაგირების იმ ძალებში აღმოჩნდნენ, რომლებიც წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის ნაცვლად საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ეს, ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს მკითხველს, ალბათ, კითხვა გაუჩნდება: კარგი ბატონო, ვეხმარებოდით ამერიკელებს ერაყში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს – ავღანეთსა და კოსოვოში, ფრანგებს – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში… ჩვენ ახლაც გვერდით დავუდგებით ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებს, მაგრამ საქართველოს კიდევ რომ გაუჭირდეს (ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოში), NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები გამოეშურებიან ჩვენს დასაცავად?