globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 9th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Экономика сегодня» (რუსეთი): ვაშინგტონის მზაკვრობა და დემაგოგია თბილისისათვის

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პრობლემები: ექსპლოატაციის დაწყების ვადამ ისევ გადაიწია

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართული მევენახეობა სახელმწიფო სუბსიდირების მახეში

«Deutshce Welle» (გერმანია): ალექსანდრე კვიტაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ?

———————-

«Экономика сегодня» (რუსეთი), 8 სექტემბერი, 2015 წელი

http://rueconomics.ru/96055-vashingtonskoe-kovarstvo-udarim-po-tbilisi-demagogiey/

ვაშინგტონის მზაკვრობა და დემაგოგია თბილისისათვის

(შემოკლებით)

აშშ-ის ევროპული ჯარების სარდალმა ბენ ჰოჯესმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ 2016 წელს დაგეგმილი ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლების მიზანია შემოწმდეს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ამერიკის არმიას ქართველებისადმი დახმარება საჭიროების შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადების უკან რაიმე მკაფიო შეთანხმება არ ჩანს, ბენ ჰოჯესის სიტყვებმა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის, მაგალითად, თავდაცვის მინისტრის ენთუზიაზმი და აღტაცება გამოიწვია. ქართველი კომენტატორები არ მალავენ, რომ ამერიკელი გენერლის განცხადება მიმართულია რუსეთისაკენ – ქართული პოლიტიკის მთავარ საგარეოპოლიტიკურ სპეკულაციად ხომ სწორედ რუსეთ-საქართველოს სავარაუდო კონფლიქტის თემა ითვლება. თანაც, ბენ ჰოჯესმა, აშკარაა, ცეცხლზე ნავთი დაასხა.

რუსი პოლიტოლოგი, კომპანია Alte Et Certe-ს ანალიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ანდრეი ეპიფანცევი ამბობს, რომ ბენ ჰოჯესის ნათქვამი ისეთი პოლიტიკური განცხადებაა, რომელსაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან 2008 წლის შემდეგ ქართული არმიის მშენებლობას მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს:

„საქართველოს მთავრობას ამჟამად არც იმდენი ფული აქვს და არც სურვილი, რომ თავის არმიას სამხრეთ ოსეთზე ან აფხაზეთზე შეტევა უბრძანოს, ასეთ შემთხვევაში რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი, უბრალოდ, შეუძლებელია. გარდა ამისა, ისიც აშკარაა, რომ ნატო რუსეთთან სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის ომს ნამდვილად არ დაიწყებს და, შესაბამისად, არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიას დაიკავებს, ანუ პირდაპირი შეჭრა სრულიად არასერიოზული იდეა იქნებოდა.

ამიტომაც რუსეთთან კონფლიქტის საკითხზე ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ დასავლური კურსი გაამართლონ და პირველ რიგში – ნატოსთან ინტეგრირება, რომლის გამოც ადგილობრივ პოლიტიკაში „რუსეთის სამხედრო მუქარებზე“ საუბარი არ წყდება.

ყოველი ქართველისათვის, რომელიც თავისი ქვეყნის განვითარებას დასავლეთთან დაახლოებაში ხედავს, ნატოს სამხედრო დახმარებაზე ფიქრი ერთგვარი დამაიმედებელი სიმბოლოა. ცხადია, ამას რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ისინი მაინც ფიქრობენ, რომ თავს უფრო დაცულად იგრძნობენ.

საქართველოს მაგალითხე შეიძლება დავწმუნდეთ, თუ როგორი შედეგების მომტანია „პრო“-დასავლური ორიენტაცია – ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა თბილისს ბევრჯერ ბევრი რამ აღუთქვეს, მაგრამ იმავდროულად არავითარ გარანტიას არ აძლევდნენ.

საქარტველოში ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალურად ლაპარაკი 1995 წელს დაიწყეს. უკვე 20 წელი გავიდა, საკითხი კი მკვდარი წერტილიდან ჯერაც არ დაძრულა.

თუმცა ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ქართველები მიხვდნენ, რომ მათი პერსპექტივა ნატოში შესვლის თაობაზე ძალიან ბუნდოვანია, ამიტომაც ცალკეულ სახელმწიფოებთან, მაგალითად, აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკება დაიწყეს თავიანთ ტერიტორიაზე ვაშინგტონის სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ. მაგრამ არც ამ პოლიტიკას არ მოუტანია რაიმე შედეგები, გარდა იმისა, რომ ამერიკამ საქართველოს სამხედრო ტანსაცმელი მიაწოდა და ქართველ ჯარისკაცებს ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის ნება დართო. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებას პროდასავლური იმედები გაუცრუვდა.

რა უნდა ექნა დასავლეთს ამ შემთხვევაში?

საჭირო იყო საქართველოს პროდასავლური ძალებისადმი მხარდაჭერა, რათა ბრიუსელს და ვაშინგტონს ეჩვენებინა, რომ ისინი არამარტო ტყუილებს ამბობენ, არამედ ზოგჯერ რაღაცასაც აკეთებენ. სწორედ ამ მიზნით ნატომ თბილისთან ახლოს, კრწანისში, ახალი საწრთვნელი ცენტრი გახსნა, თუმცა მასში არავითარი სიახლე არაა: ერთობლივი სწავლებები ადრეც მიმდინარეობდა, ახლა კი, უბრალოდ, ფორმალური სტატუსი შეიცვლა. აქედან გამომდინარე, ბენ ჰოჯესის განცხადება, პირველ რიგში, მიმართულია ქართული პროდასავლური ძალების მხარდაჭერა-სოლიდარობისაკენ, თუმცა საქართველოს შანსები ალიანსში გაწევრიანებისათვის 2008 წლის შემდეგ თითქმის ნულამდე შემცირდა“, – აღნიშნავს ანდრეი ეპიფანცევი.

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 9 სექტემბერი, 2015 წელი

http://haqqin.az/news/52633

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პრობლემები: ექსპლოატაციის დაწყების ვადამ ისევ გადაიწია

მამედ ეფენდიევი

(შემოკლებით)

ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო აზერბაიჯანისათვის, არამედ მთელი ევრაზიული რეგიონის განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების მასმედია პროექტის რეალიზების მიმდინარეობას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს და აკვირდებიან.

შემთხვევითი არაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გამოვლენილი იქნა რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარვეზები, განსაკუთრებით თურქეთის ტერიტორიაზე. ამავე დროს, აზერბაიჯანის ხელისუფლება ჯიუტად აცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად მიდის, არანაირი პრობლემები არ არსებობსო და ამ მიზნით პირველი სატესტო მატარებლის გაშვებაც კი განახორციელა, მაგრამ მხოლოდ ბაქოდან საქართველო-თურქეთის საზღვარმდე. აი, საზღვრის იქით კი პრობლემები იწყება.

ბოლოს და ბოლოს, სიტუაციას ფარდა აეხადა: გუშინ, 8 სექტემბერს, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა აბიდ შარიფოვმა მოარული ხმები დაადასტურა და აღიარა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის თურქულ უბანზე პრობლემები მართლაც არსებობს, იქაურმა კომპანიებმა მუშაობა შეაჩერეს, გვირაბის გარდა“.

მართალია, ვიცე-პრემიერს მშენებლობის შეწყვეტის მიზეზები და მისი განახლების ვადები არ დაუსახელებია, მაგრამ სამაგიეროდ ვრცლად ისაუბრა თურქულ მხარესთან ამ საკითხზე გამართული მოლაპარაკების თაობაზე: „მიზეზებზე ახლა ვერაფერს გეტყვით. მას შემდეგ, რაც პრობლემა გაჩნდა, მე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მასში გარკვევა დამავალა. შევხვდი თურქეთის პრემიერ-მინისტრს აჰმედ დავუთოღლუს. ჩემთან ერთად შეხვედრაში „აზერბაიჯანის რკინიგზების“ უფროსი ჯავად გურბანოვიც მონაწილეობდა. განვიხილეთ მშენებლობის თურქულ უბანზე წარმოქმნილი პრობლემები, რის შემდეგაც მუშაობა კვლავ განახლდა. შევთანხმდით, რომ თვეში ერთჯერ აზერბაიჯან-თურქეთის წარმომადგენლები ერთმანეთს საქართველოს საზღვარზე შეხვდებიან. თურქული მხარისაგან ამ საკითხის კონტროლი პრემიერ-მინისტრის მოადგილეს იალჩინ ბეკს დაევალა. დარწმუნებული ვარ, რომ საქმე წინ წავა“.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ აბიდ შარიფოვმა თურქეთში მოლაპარაკება სულ ახლახანს გამართა, მაშინ ძნელი არ იქნება მივხვდეთ, რომ მშენებლობა თუ მართლაც განახლდა, ეს, ალბათ, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა. ესე იგი, ის ხმები, რომლებსაც ასე დაბეჯითებით უარყოფდნენ აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები, ნამდვილი ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელობა გვატყუებდა. რაში დაჭირდათ ეს, ჯერ-ჯერობით არავინ არ განმარტავს.

განა ჩვენ არ გვახსოვს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ პრესსამსახურის უფროსის ნადირ აზმადედოვის მიერ 8 ივლისის განცხადება, რომ უკვე 2016 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკიონიგზაზე ჩქაროსნული მოძრაობა გაიხსნებაო? გარდა ამისა, „ტრასეკას“ აზერბაიჯანელმა წარმომადგენელმა აკიფ მუსტაფაევმა ისიც ხომ თქვა, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნისადმი დიდ დაინტერესებას იჩენსო. როგორი იქნება ახლა მათი რეპუტაცია?

გასაგებია, რომ აზერბაიჯანულ მხარეს პროექტის კარგად და დადებითად წარმოჩენა სურს. ისიც გასაგებია, რომ ინვესტორების მოზიდვაა საჭირო და არა მათი დაშინება. ისიც ცხადია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე სიტუაციის გამო პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ვერ დაეკისრება, მაგრამ… მაშ რატომ დასჭირდა ჩვენს ხელისუფლებას არასასიამოვნო პრობლემების მიჩუმათება?

და მაინც მადლობა უნდა ვუთხრათ აბიდ სარიფოვს იმისათვის, რომ მან, როგორც იქნა, სინამდვილე თქვა: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების ვადები კიდევ გადაიწევს. თუ თურქეთმა ამ წლების განმავლობაში თავის უბანზე მშენებლობა ვერ დაასრულა (რომელიც, სხვათა შორის, ყველაზე რთულია საქართველოსა და აზერბაიჯანთან შედარებით), დარჩენილ რამდენიმე თვეში ის ნამდვილად ვერ მოესწრება, მით უმეტეს, ზამთარში სამუშაოები ძალიან შენელდება.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 9 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/zaza-wine-producers-and-their-discontent/2952250.html

ქართული მევენახეობა სახელმწიფო სუბსიდირების მახეში

ზაზა წულაძე

საქართველოს მთავრობა, რომელმაც ბოლო ორი წელია კახელი გლეხი, შემოდგომაზე,ყურძნის ჩაბარებისას, შედარებით მაღალ სუბსიდიას მიაჩვია, ახლა რეგიონში პოლიციის გაძლიერებით არის დაკავებული, რომ სოციალური ბუნტი თავიდან აიცილოს. მევენახეების უკმაყოფილებას შემცირებული სახელმწიფო სუბსიდია იწვევს, რასაც ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული სერიოზული პრობლემები ემატება.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფომ, სხვადასხვა ფორმით, 2013 და 2014 წლებში, კახეთში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის დასახმარებლად, ჯამში 270 მილიონამდე ლარი დახარჯა (100 მილიონი – 2013-ში და 169 მილიონი – 2014-ში). წელს, მთავრობა დიდხანს მსჯელობდა, საერთოდ მოეხდინა თუ არა, ცენტრალური ბიუჯეტიდან, მევენახეობის წამგებიანი დარგის სუბსიდირება. საბოლოოდ, საპარლამენტო არჩევნების წინა წელს, ხელისუფლებამ აღარ გარისკა.  თუმცა, სუბსიდია შეამცირა.

თუ 2014 წელს, კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი – 1 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო წითელი ყურძენი, ხარისხისა და მიკროზონების მიხედვით, 2-დან 3 ლარამდე იყო, წელს თეთრი ყურძენი 70 თეთრი ღირს, წითელის ფასი კი 85 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობს.

თეთრ ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრია, წითელზე – 15 თეთრი, დანარჩენი თანხა გლეხებს ღვინის კომპანიებმა უნდა დაუფარონ, რომლებსაც ისევ შეუძლიათ „იაფი“ სახელმწიფო კრედიტით სარგებლობა. კახელი გლეხები ამბობენ, რომ ვენახის მოვლა გაცილებით ძვირი უჯდებათ. საპროტესტო განწყობებია თითქმის მთელ კახეთში, ვაქირში, სამთაწყაროში, თელავში, გურჯაანში,

„მოვიდეს აქ ხელისუფლება! როცა არჩევნები იყო, იქ კარგა მეძახოდნენ, ორღობე-ორღობე დადიოდნენ, ახლა დეპუტატს ვეღარ ვპულობთ. მე ყურძენს 35 თეთრად არ ჩავაბარებ! არცერთი არ ჩააბარებს ამ ფასად! ხალხო, ჩააბარებთ? რომელიმე ჩააბარებთ?

„არა! არა!“

„70 თეთრი საფერავზე რა არის კაცო? ახლანდელი 70 თეთრი არის უწინდელი 45 თეთრი, ძალა აღარა აქვს ფულსა, წამალი გვიჯდება მარტო მაგდენი, დაყადაღებული მაქვს სახლი, ბანკიდან მაქვს კრედიტი გამოტანილი, რა ვქნა? ხალხი შიმშილის ზღვარზეა მისული“

კახელი გლეხებისგან განსხავებით, ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს როლი ყურძნის ფასწარმოქმნაში, შედარებით შემცირდა. წლების მანძილზე, სახელმწიფო მეღვინეებს აიძულებდა, მევენახეებისგან, ყურძენი იმ ფასად ეყიდათ, რაც სოციალურის აფეთქების თავიდან ასაცილებლად ან საარჩევნო ხმების დასაგროვებლად იყო საჭირო.

კომპანია „თბილღვინოს“ მეპატრონე ზურაბ მარგველაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ 2014 წელს ყურძნის ფასი, არ იყო საბაზრო ფასი. ხელოვნურად გაზრდილმა ფასმა და სახელმწიფო სუბსიდირებამ, მევენახე კი ახეირა, მაგრამ დააზარალა მეღვინეობის დარგი, გააძვირა რა ქართული ღვინო.

„შარშანდელი წელი იყო სრულიად ალოგიკური, სრულიად ამოვარდნილი. არანაირი ბიზნესის კანონებში ის ფასები, რაც შარშან იყო ყურძენზე, არ ჯდებოდა. იყო დიდი აჟიოტაჟი რუსეთის ბაზრის გახსნის გამო. როგორც გამოჩნდა, ეს იყო ჭარბი აჟიოტაჟი და ჭარბი მოლოდინი. შარშან, ვინც მიიღო, ყურძენში მაღალი ფასი, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, მაგრამ ეს იყო რეალობიდან ყველანაირად ამოვარდნილი ფასი.“

ქართულ მეღვინეობას კი ისევ სერიოზული პრობლემები უდგას. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, 2014 წლის, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი, მთავარ ბაზრებზე – რუსეთში, მთელი 58 პროცენტით, ხოლო უკრაინაში 63 პროცენტით შემცირდა. ქართული ღვინის გაძვირების გარდა, აქ მთავარო როლი, საერთაშორისო ეკონომიკურმა სანქციებმა, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებამ და სამხედრო კონფლიქტებმა ითამაშეს.

საინტერესოა, რომ 2013 წელს, უცხოეთში, 46 მილიონ 700 000 ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა; 2014 წელს კი ქართული ღვინის ექსპორტმა თითქმის 60 მილიონ ბოთლს (59 067 335) მიაღწია და მსოფლიოს 46 ქვეყანა მოიცვა. აქედან, რუსეთში მთელი ქართული ღვინის ექსპორტის 63 პროცენტი – 37 მილიონ ბოთლზე მეტი (37 615 052) შევიდა.

2015 წლის, პირველ რვა თვეში კი, მსოფლიოს 37 ქვეყანაში, მხოლოდ 20 მილიონამდე ბოთლი (19 860 452) ქართული ღვინოა გაყიდული. მთავარ საექსპორტო ბაზრებად – რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ჩინეთი და პოლონეთი რჩებიან.

უცხოეთის ქვეყნებში, ქართული ღვინის ექსპორტის განახევრება, მძიმედ აისახება, როგორც მეღვინეებზე, ისე, განსაკუთრებით, მევენახეებზე. მით უმეტეს, რომ წელს კახეთში, რთველზე, შარშანდელთან შედარებით (110 000 ტონა), ორჯერ მეტს, 200 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან.

«Deutshce Welle» (გერმანია), 8 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.dw.com/ru/комментарий-страсти-по-саакашвили/a-18699803

ალექსანდრე კვიტაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ?

ვნებათაღელვა ოდესის ოლქის გუბერნატორის ირგვლივ

გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) ეთერში გადაიცა უკრაინელი ჟურნალისტისა და პოლიტიკური მიმომხილველის სერგეი რუდენკოს რეპორტაჟი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის კარიერული პერსპექტივის შესახებ. მასში ვრცლადაა მოცემული როგორც მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის დაპირისპირების ამსახველი დეტალები, ასევე სააკაშვილ-იაცენიუკს შორის მიმდინარე კონფლიქტის გარემოებები.

გთავაზობთ ამონარიდს რადიორეპორტაჟიდან:

„ოდესის ოლქის გუბერნატორს და ოლიგარქს შორის დაწყებული შეხლა-შემოხლის დროს გამოყენებული სიტყვები  (ი.კოლომოისკი მ.სააკაშვილს: „ცოფიანი ძაღლი სადრუნჩის გარეშე“, „წვინტლიანი ნარკომანი“; მ.სააკაშვილი ი.კოლომოისკის: „უკრაინელი ხალხის მტერი“) დიდი საინფორმაციო ომის მხოლოდ შესავალ ნაწილად უნდა ჩავთვალოთ. იგორ კოლომოისკი წაგებას მიჩვეული არ არის. მართალია, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ჭიდილში მან უკან დაიხია – დნეპროპეტროვსკის გუბერნატორობიდან გადადგა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან იგი ბოლომდე იბრძოლებს.

ოდესის ოლქის გუბერნატორისაგან უკრაინულ საზოგადოებაში ყველა სასწაულს ელოდება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტის სახელზე დაწერილ პეტიციას მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის თაობაზე მოკლე დროში 25 ათასმა უკრაინელმა მოაწერა ხელი. პეტიციას პრეზიდენტმა, განსახილველად მიღებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გასცეს პასუხი.

მიხეილ სააკაშვილი დღეს იმას ამბობს, რასაც უკრაინელები პეტრო პოროშენკოსაგან ელოდებიან: ოლიგარქებთან და კორუფციასთან ბრძოლაზე, მექრთამეობაზე, ბიუჯეტის ძარცვაზე. უკრაინელები მიხეილ სააკაშვილს ენდობიან, ზოგჯერ პრეზიდენტზე და პრემიერ-მინისტრზე მეტადაც კი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის შეფასებებში უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ მკვეთრი და კატეგორიულია. მაგრამ როცა იგი გაუმაძღარ ოლიგარქებზე ლაპარაკობს, როგორც ჩანს, განგებ ივიწყებს იმას, რომ უკრაინაში ნომერ პირველი ოლიგარქი პეტრო პოროშენკო იყო და რჩება. შესაბამისად, მისი კრიტიკა ირიბად პრეზიდენტისკენაცაა მიმართული“, – აღნიშნულია რადიორეპორტაჟში.

———–

საინტერესოა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას (მისი თხოვნა გადადგომაზე არ დაკმაყოფილდა), გუშინ, 8 სექტემბერს, ტელეკომპანია „1+1“-ის პროგრამა „სატელევიზიო ახალი ამბების“ ეთერში გამოსვლისას თავისი ყოფილი შეფის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საყვედურები გამოთქვა: მე არ ვიცი, რა ამბიციების აქვს მიხეილ სააკაშვილს – პრემიერ-მინისტრობა უნდა თუ პრეზიდენტობა, უმჯობესია თვითონ მას შეეკითხოთ, მაგრამ მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკა უადგილოა. მაშინ როცა უკრაინის მთავრობის საქმიანობას ყველა იწონებს, დაწყებული საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და ევროკავშირით დამთავრებული, არა მგონია, რომ მას ასეთი ქმედება პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად წაადგება“, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა და იქვე დაამატა: „მიხეილ სააკაშვილი  აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როცა მისი შესაძლებლობების ფარგლებში ამბიციური სურვილების რეალიზება შეუძლებელია. იგი მიჩვეულია სწრაფ შედეგებს, ოდესის ოლქის გუბერნატორის სტატუსი კი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ეს ფრუსტრაციაა“.

წყარო:  http://ru.tsn.ua/politika/kvitashvili-raskritikoval-metody-raboty-saakashvili-483513.html

Comments are closed