globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 9th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„საქართველო და მსოფლიო“: უმაღლესი პოლიტიკური მათემატიკა

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: „კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო საომარი მოქმედებების პოლიგონად გადაიქცევა“

რეზონანსი: საქართველოს სამხრეთით ახალი დიდი ომის საფრთხე გაჩნდა

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „სრულიად ნორმალური იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება“

———————-

„საქართველო და მსოფლიო“, 9 სექტემბერი, 2015 წელი

უმაღლესი პოლიტიკური მათემატიკა

ნანა დევდარიანი

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის, საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით, თბილისში გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ერთობ მრავალმნიშვნელოვანი სახელი შეურჩიეს:

“ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში”. კონფერენციაში საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, მინისტრები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები და დიპლომატები მონაწილეობდნენ.

როგორც ბეჯითი დიასახლისი ამზეურებს ზაფხულის თაკარა მზეზე ზამთრის ტანსაცმელს, ასევე, გაამზეურეს ერთიანად პროდასავლური და პრონატოური ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ბომონდი. გადახედეს, ხომ არაფერი შეცვლილა და, ალბათ, კმაყოფილიც დარჩნენ. ეს საზოგადოება (ქართული მხრიდან) ჯერაც იუგოსლავიის დაშლამდელ რიტორიკას მისდევს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შეცვლილ რეალობას ვერ ან არ იმჩნევს. თუმცა დაკვირვებული თვალი ახალ ინტონაციებსაც შეამჩნევდა. პროდასავლურ თავგადაკლულ რიტორიკას წინა ხელისუფლების სახეები და ახალგაოპოზიციონერებული “თავისუფალი დემოკრატები” ერთგულებენ, “ოცნების” პირველი პირები კი საკმაოდ ფრთხილ და პრაგმატულ მიდგომას ამჟღავნებენ.

ასე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: “კონფერენციის სწორედ თბილისში ჩატარება ეძღვნება არა მხოლოდ ქართულ პრობლემებს, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და მთლიანობის პრობლემებს. ეს არის გააზრება, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, რომ საქართველოს პრობლემები ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემები, ეს არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასიის პრობლემები, ეს არის მთელი ევროპისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს პრობლემა. სწორედ ამ კონტექსტშია განხილული ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხები. ყველა, ვინც საქართველოში ჩამოდის ან ვისაც ვხდებით უცხოეთში, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ატარებს პრინციპულ, ძალიან გონივრულ და სწორ პოლიტიკას, როგორც მეგობრებთან ურთიერთობაში, ისე მტრებთან ურთიერთობაში. იმიტომ, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა იყოს სწორი ორივე მიმართულებით. მხოლოდ მტრად და აგრესორად აღიარება ამა თუ იმ ქვეყნის არ კმარა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ”.

ცხადია, ამის შემდეგ მან “აუცილებელი” რიტორიკაც მოიშველია: “ევროპასთან, აშშ-თან, ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად საქართველო დაძლევს ამ პრობლემებს, ხოლო ცალკე და მარტო ვერ გაუმკლავდება… ამიტომ არის აუცილებელი ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და ვარშავის სამიტზე ნატოსთან ურთიერთობაში მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ გადადგმა. ჩვენ ამ ყველაფრის წინაპირობა გვაქვს”.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველო, ჭეშმარიტად, ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ქვეყანაა. ჩვენ, მართლაც, ვიმყოფებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი მრავალი დიდი გამოწვევის წინა ხაზზე. მნიშვნელოვანი რეგიონული საფრთხეებისა და ეკონომიკური დაბრკოლებების წინაშე მდგომნი, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას იმავე პრაგმატული მიდგომითა და შემართებით, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ უსაფრთხოებისა და გადარჩენის მიზნით, ათასწლეულების განმავლობაში. ლიდერთა ჩვენს თაობას ესმის, რომ ქვეყანას არ შეუძლია წარსულის შეცდომების გამეორება და რომ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო, უფრო თავისუფალი და აყვავებული მომავალი… ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის წმინდა სუვერენიტეტი. ჩვენ უნდა დავამყაროთ ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც დაეყრდნობა სიძლიერეს და პრაქტიკულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი – რუსეთთან”.

და აქაც კვლავ “აუცილებელი” რიტორიკის ჩანართი: “ძირითადი კომპონენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია”.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: “რომ ვისაუბროთ ცალკე შემთხვევებზე, რა ხდება საქართველოში, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება, მაგალითად, ყირიმში, ცხინვალში, ასე ცალ-ცალკე. ეს შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მესიჯი და ხედვა რუსეთისგან, ჩვენ ამას არ უნდა გავექცეთ, აუცილებლად უნდა მოვამზადოთ პასუხი ამ დამოკიდებულებაზე. მე ჯერ კიდევ ვერ ვხედავ ჩამოყალიბებულ პასუხს იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთა ჯგუფსაც მივეკუთვნებით”.

აქაც, ხარკი – “აუცილებელ” რიტორიკას.

ახლა კი ყველაზე თავგამოდებული ნატოელებისა და მედასავლეთეების გამონათქვამებს გადავხედოთ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი: “საქართველოში თუ ნატომ კრახი განიცადა, ეს იქნება კრახი ძალიან ბევრი მიმართულებით. თუ ნატო გამოიჩენს სიფრთხილეს რუსეთის მიმართ, ამით მას გზას გაუხსნის, ვინაიდან ძალიან ბევრი ძალა, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, რომ ნატო გაჩერდება და დაფრთხება. სწორედ ამაზე პასუხი უნდა იყოს ვარშავის სამიტი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ, თუ დღეს რომელიმე ქვეყანა იმსახურებს ნატოს წევრობაზე მიწვევას, ეს არის მონტენეგრო. მე სრულად ვუჭერ მხარს მათ გაწევრიანებას. მაგრამ მთავარი შეკითხვა, ფუნდამენტური შეკითხვა, რაც მაქვს, არის ის, რატომ მონტენეგრო, სადაც მოსახლეობის ერთ მესამედზე ნაკლები არის ალიანსში გაწევრიანების მომხრე და არა საქართველო, სადაც ორ მესამედზე მეტი უჭერს მხარს ნატოში ინტეგრაციას? რატომ არ ვართ ჩვენ შესაფერისები? გვესმის, რომ არის გარკვეული ცინიზმი ამ კითხვაში, მაგრამ ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა კედელი დავანგრიოთ და ყველა დავარწმუნოთ, რომ, თუკი რამე უნდა მოხდეს ვარშავაში, ეს სწორედ ნატოს გაფართოებაა”.

ამ ტირადის მთავარ მარგალიტს კიდევ მივუბრუნდებით, აქ კი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსის გაღიზიანებული პასუხი მოვისმინოთ: “მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ წუწუნი და გააგრძელოთ ბრძოლა. თქვენ უკვე გაქვთ ნატოს საწვრთნელი ცენტრი და ყველა ბერკეტი და დაპირება. მთავარია მუშაობა. მართალია, ამბობენ, რომ ზოგი ეჭვის თვალით უყურებს ნატოში შესვლას, მაგრამ ეს ეჭვები თქვენ უნდა გააქარწყლოთ”.

ამავე საკითხზე საუბრისას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების ბრძოლაში ბევრი დრო იკარგება, რაც არც ისე კარგი მესიჯია: “არ არის აუცილებელი, ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში გამოკეტოთ, შეგიძლიათ, უფრო დამაჯერებლად და ნაკლებად მტკივნეულად იმუშაოთ”.

აი, ასე _ ერთად იყავით და დაიცავით დასავლეთის კიდე-ბასტიონი, ერთად იარეთ ნატოსკენ და ხალხს ყურს ნუ მიუგდებთო. სწორედ ეს დამოკიდებულება გამჟღავნდა ხიდაშელის გამონათქვამში მონტენეგროს შესახებ, სადაც მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედია ნატოში შესვლის მომხრე, მაგრამ მონტენეგრო მაინც უნდა შევიდეს ნატოში. მერე რა, რომ ორი მესამედი წინააღმდეგია! ნატოში საქართველოს შესვლის შეფერხების მიზეზად დემოკრატიის ხარისხზე მიგვითითებენ ხოლმე და, როგორც ამ ერთი მაგალითითაც ირკვევა, ჩვენ სხვადასხვაგვარად გვესმის დემოკრატია; ეს აღარ არის უმრავლესობის ნების აღსრულება, ახლა დემოკრატია უმცირესობის მოსაზრებით მოქმედებაა!

ამავე ლოგიკით, გასაგები ხდება, რატომ ჰქონდათ პროდასავლურ და დასავლურ ძალებს ასეთი მძაფრი რეაქცია აი-რაის გამოკითხვით ევრაზიული კავშირის მომხრე 30%-ის გამო: თუ მონტენეგროს ნატოში შესვლა მისი მოსახლეობის ერთი მესამედის ნებით უნდა მოხდეს, მაშინ რა უშლის ხელს საქართველოს, ამავე ერთი მესამედის ნებით ევრაზიულ კავშირში შევიდეს? ხუმრობა იქით იყოს და საერთოდაც რატომ უნდა მიიღონ მონტენეგრო ნატოში, თუ მოსახლეობის ორ მესამედს იქ შესვლა არ უნდა?

ხიდაშელის რიტორიკა, ოღონდ პოლიტიკური რევანშის სურვილით გამძაფრებული, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, ტირადაში ჩანს: “ამჟამინდელი მთავრობა, სამწუხაროდ, ღიად უჭერს მხარს პრორუსულ, პროქართულ, ანტიევროპულ გაზეთებს, ტელევიზიებს, აძლიერებს მათ, აფინანსებს, აკეთებს ისეთ გზავნილებს, რომ რუსეთთან ვაჭრობა არის ერთადერთი გადამრჩენი და მთელი ეკონომიკა ამაზე უნდა ავაგოთ; ქმნის ილუზიას, რომ შეგვიძლია, დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობა და თან გავხდეთ ნატოს წევრები

ამ ტირადას იქვე მოჰყვა პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის, საქართველოს კარგი მცოდნის, ჩარლზ ფერბენქსის, მწვავე რეაქცია: “დიპლომატიის ანბანი ვინც იცის, მსგავსი განცხადებები არ უნდა აკეთოს, მთავრობა ძალიან ფრთხილად და სწორად მოქმედებს რუსეთის მიმართ”. სამიოდე წლის წინათ საქართველოს ნომერ 2 დიპლომატს ფერბენქსმა უაპელაციოდ მიუჩინა ადგილი.

ასეთივე შეკამათება მოხდა პარლამენტის თავმჯდომარესა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის, რასაც შემდეგ ირაკლი ალასანიას პასუხი მოჰყვა და აღარ არის გასაკვირი, რომ მისი პოზიცია სწორედ გიგა ბოკერიას მეუღლისას დაემთხვა.

კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არაფორმალური მმართველობის შესახებ დავით უსუფაშვილს კითხვით თამარ ჩერგოლეიშვილმა მიმართა. “ფორმალური დიქტატორი სჯობს თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი?” _ ასეთი კონტრშეკითხვით უპასუხა უსუფაშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილს. მან პირდაპირ მიანიშნა სააკაშვილზე, რომლის ფორმალური დიქტატურა ჩერგოლეიშვილს არასოდეს გაუპროტესტებია. “არაფორმალური ლიდერის გავლენის საკითხი არ არის ის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დგას”.

დავით უსუფაშვილის ეს მიდგომა არ გაიზიარა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ: “დიდ პატივს ვცემ დავით უსუფაშვილს, მაგრამ ვერ დავუჭერ მხარს, როდესაც ის არაფორმალური მმართველობის თემის გამარტივებას ცდილობს. უნდა შეიცვალოს არაფორმალური მმართველობა, რომელიც ახლა არის გასამმაგებული. ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე და ამ დროს ნულოვანი ანგარიშვალდებულება აქვს. ეს ძალიან ცუდია, როგორც გარე ფაქტორების თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნითაც”.

ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ ამ ვითარებას ახალი საპარლამენტო არჩევნები შეცვლის. არც ის დავიწყებია, რომ პრეზიდენტზე და, ამასთანავე, მთავარსარდალზე თავდასხმები ქვეყნის იმიჯს აზიანებს. იმაზეც ისაუბრა, რა არის საჭირო, რათა საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წარმატებული იყოს. მისი თქმით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ თვალს დავხუჭავთ იმ მიღწევებზე, რომლებიც წინა მთავრობას აქვს, კერძოდ, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.

ნატოსთან ინტეგრაციის საკითხში ალასანიამ არც შევარდნაძეს დაუკარგა ღვაწლი, არც სააკაშვილს და არც მარგველაშვილს. გამსახურდია, ცხადია, არ უხსენებია, რადგან პირველი პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებდა: საქართველო იმიტომ კი არ გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან, რომ დასავლეთის კოლონია გამხდარიყო. ალასანიას თქმით, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მისაღწევად საჭიროა, საქართველოს ჰქონდეს გეგმა, ერთიანი ხედვა და მიდგომა და ასევე საჭიროა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა წინ წავიდეს.

დემოკრატია კი, როგორც ხიდაშელმა აგვიხსნა, მესამედის სურვილის ასრულებაა ორი მესამედის ნების საწინააღმდეგოდ. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკური უმაღლესი მათემატიკა. ეს მათემატიკა კი არ სცნობს შეცვლილ ლანდშაფტს, მათ შორის, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სრულიად მსოფლიოში; არ სცნობს რეალობას, რომ ევრაზია კონტინენტია და არა რომელიმე კავშირის ექსკლუზიური სახელწოდება; არ სცნობს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს, რომლებიც “ძლიერთა” ინტერესებს ეწირება.

ეს “ახალი” მათემატიკა კარგად დავიწყებული კოლონიური პოლიტიკის გამოძახილია, უბრალოდ, იგი დღეს კეთილშობილური სიტყვებით არის შეფუთული. ბოლო ოც წელიწადში გამოზრდილი ჩვენი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ელიტა ამ სიტყვებს ისე იმეორებს, თითქოს იუგოსლავია დღესაც ერთიანი სახელმწიფოა, ხოლო ნატოს იქ “დემოკრატია” ჯერაც არ დაემყარებინოს “ჰუმანიტარული” დაბომბვებით.

ამასობაში კი ევროპისკენ ლტოლვილების ნაკადი დაიძრა. არის ასეთი ხუმრობაც (თუ ამ თემაზე ხუმრობა საერთოდ შეიძლება): “ლტოლვილები იმ ქვეყნებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ერაყს, ლიბიასა და სირიას ბომბავდნენ, პროცენტულად _ იმდენივე, რამდენსაც ბომბავდნენ”!

“ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში” _ კონფერენციის ეს სახელწოდება დღეს კიდევ უფრო სიმბოლურია. ევროკავშირის ქვეყნები დღეს მართლაც ფრონტისპირა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და არამხოლოდ უკრაინის კრიზისის გამო. მთისა და მუჰამედის ანდაზა სრულდება: ჯერ შენ ბომბავ სხვა ქვეყნებს “დემოკრატიის” სახელით, მერე დაბომბილები მოდიან შენთან და “ხავერდოვან” ძვრებს იწვევენ შენს ქვეყანაში.

დიალექტიკური მატერიალიზმი გვასწავლიდა, რომ ენერგია ვერ წარმოიქმნება არაფრიდან და ვერ გაქრება უკვალოდ. ყველა ჩარევას ცვლილებები მოჰყვება. როცა ღმერთი არ გწამს, ამ კანონებს მაინც უნდა დაემორჩილო, თუ არადა, ეს კანონები დაგიმორჩილებს.

„საქართველო და მსოფლიო“, 9 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო საომარი მოქმედებების პოლიგონად გადაიქცევა

ეკა ნასყიდაშვილი

რამდენიმე კვირაა, ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მისი მინისტრი თინა ხიდაშელი მოექცა.

ქვეყანას ჯერ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია, ხოლო უკვე ორი დღეა, საქართველოს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი სტუმრობს, რომელმაც განაცხადა: “საინტერესოა, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ საქართველოში ამერიკელი ჯარისკაცები”. გენერლის ამ განცხადებას ქართველმა პოლიტოლოგებმა სოციალურ ქსელში ასე უპასუხეს: “საქართველოში რუსის ჯარისკაცი უფრო მალე ჩამოვა, ვიდრე ამერიკელი”. საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო თამარ, გასული რამდენიმე კვირა საქართველოსთვის ძალიან დატვირთული იყო საერთაშორისო ვიზიტებით, მათ შორის იყო ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ნატოს საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. ეს საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია?

- საქართველო ბევრ ნაბიჯს დგამს ნატოში გასაწევრებლად, მაგრამ ეს არ არის მასზე დამოკიდებული. პოლიტიკური კონიუნქტურა შესაფერისი რომ იყოს, საქართველოს, დიდი ხანია, მიიღებდნენ ნატოს რიგებში. დღეს ეს ნატოს ინტერესში არ შედის, ამიტომაც საქართველოს ხან ასპირანტს არქმევენ, ხან _ დოქტორანტს და ა. შ. გარდა ამისა, სულაც არ არის საჭირო მისი ნატოში შესვლა და ამით გამოწვეული ზედმეტი თავის ტკივილი. საქართველო ისედაც აკეთებს ნატოს წევრ სახელმწიფოზე უფრო მეტს და დიდი კონტიგენტიც ჰყავს, რომელიც საბრძოლო ოპერაციებსა და სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობს. ეს ძალიან კარგად გათვლილი ტიპური დასავლური პოლიტიკაა. სხვადასხვა საპარტნიორო პროგრამის საშუალებით ნატო მშვენივრად ახორციელებს დასახულ ამოცანებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

რაც შეეხება ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას, ეს საქართველოს უსაფრთხოებას ნამდვილად არ წაადგება. პატარა ქვეყნის ტერიტორია იფარება დაპირისპირებული მხარეების ბაზებით – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის ბაზებია, დანარჩენ ტერიტორიაზე – ნატოსი. კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო საომარი მოქმედებების პოლიგონად გადაიქცევა. ყველა განცხადება, რომ საწვრთნელი ბაზები უსაფრთხოების გარანტიაა, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

- პრემიერ ღარიბაშვილს ნატოს გენერალური მდივნის - იენს სტოლტენბერგის ვიზიტისას რამდენიმეჯერ დაუსვეს შეკითხვა: გაბრაზდება თუ არა რუსეთი? ის, ცოტა არ იყოს, შეშინებული უპასუხებდა, - ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართულიო

- იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ეხმარება წვრთნასა და აღჭურვაში. იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ საწვრთნელი ბაზის გახსნა ჩვენს ტრიტორიაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქვეყნისთვის საფრთხეა. დასავლელი ლიდერები ისევე საუბრობენ, როგორც ღარიბაშვილი, ისინიც ამბობენ, რომ ნატოს გაფართოება და საწვრთნელი ბაზები რუსეთის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული, მაგრამ რუსეთი ამას საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს და რეაგირებს.

რუსეთის მხრიდან მკვეთრი განცხადებები გაკეთდა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის პოლიტიკა განსხვავდება დასავლური პოლიტიკისგან. დასავლეთი იყენებს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა “რბილი ძალა”, რუსეთი კი გამოწვევებზე რეაგირებს…

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა უკრაინაში ე.წ. დემოკრატიზაციის პროცესები 5 მილიარდი დოლარით დააფინანსეს.

24 წელი უკრაინაში ანტირუსული პროპაგანდა მიმდინარეობდა, რომელმაც ქვეყანა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა. უკრაინაში განვითარებული მოვლენები რუსეთის არასწორი პოლიტიკის ბრალიც არის. ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში ანტირუსულად განწყობილი თაობა გაიზარდა. რუსეთი ამ პროცესს თვალს ადევნებდა და საპასუხოდ არაფერს აკეთებდა. შედეგი კი მძიმეა. საომარ მოქმედებებში ათასობით ადამიანი დაიღუპა, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. თვით ჰენრი კისინჯერმაც კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რომელიმე რიგითი სუვერენული ქვეყანა. მას ბევრი საერთო აქვს რუსეთთან და რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთი ქმედებების შედეგებს.

- ჩვენსა და რუსებს შორის არ არის ასეთი კავშირი, ჩვენ ერთი ძირი არ გვაქვს. იქნებ ამიტომაც არის, რომ რუსეთი ჩვენთან მიმდინარე პროცესებით დიდად არ ინტერესდება და აქ ნატოს ბაზების განთავსებაზეც მწვავე რეაქცია არ აქვს.

- საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა განსაკუთრებული და დრამატულია, ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ, საბჭოთა პერიოდში საქართველო ერთ-ერთი მდიდარი და აყვავებული რესპუბლიკა იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ორივე მხარის მიერ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ურთიერთობები არარაციონალურია და ემოციებზე დამყარებული. თანაცხოვრების ისტორიაც მნიშვნელოვანწილად ტენდეციურია და ობიექტურ გაანალიზებას მოითხოვს, რათა სწორი დასკვნები გავაკეთოთ.

- არ შემიძლია, არ გკითხოთ საქართველოს საგარეო სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებაზე. ეს ცვლილება მოხდა გაეროს გენერალური მდივნის სტუმრობის შემდეგ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური კორპუსის დიდ წარმატებად ჩათვალა. გარდა ამისა, თამარ ბერუჩაშვილიძირძველინატოელია. რატომ შეცვალეს მინისტრი, ქვეყანა საგარეო კურსის გადახედვას ხომ არ აპირებს?

- რაც შეეხება ბერუჩაშვილს, ის ტრანზიტული ფიგურა იყო. ალასანიას გუნდის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მან თანამდებობა იმჟამინდელ მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვა, რის შემდეგაც სამინისტრო, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა და გარკვეული კონსულტაციების საფუძველზე ბერუჩაშვილი მინისტრად დააბრუნეს.

- რას გააკეთებს ეკონომისტი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში?

- საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო პოლიტიკას არ განსაზღვრავს, ის შემსრულებელია. მნიშვნელოვანია, რომ კვირიკაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის გუნდის წევრი და ზომიერი პოლიტიკოსია. წარდგენისას მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ვექტორი იქნება დასავლური, მაგრამ ევრაზიის კონტინენტზეც ბევრი საინტერესო რამ ხდება და საქართველო იქითაც გაიხედავსო. მის ამ განცხადებას ჩვენი მე-5 კოლონის მძაფრი განცხადებები მოჰყვა.

- საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები აგრესიულად ილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ. მაგალითად, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვას რუსეთს აბრალებენხომ არ ცდილობს საქართველო სხვა რელსებზე გადასვლას?

- დღეს საქართველოში მძიმე სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობაა, ამტომაც პოლიტიკის კორექცია აუცილებელია. ვიზების ლიბერალიზაციაზე ზრუნვისა და ლაპარაკის ნაცვლად ეკონომიკური სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს, რადგანაც მალე საქართველოში ქართველი აღარ დარჩება. ადამიანები საცხოვრებელ ბინებსაც კი ყიდიან, რათა საზღარგარეთ წავიდნენ და თავი გადაირჩინონ. იქ კი მძიმე პირობებში მუშაობენ და მეორეხარისხოვან ადამიანებად იქცევიან. გამონაკლისია პოსტსაბჭოთა სივრცე, განსაკუთრებით – რუსეთი, სადაც ჩვენები ყველაზე წარმატებულები არიან და საქართველოშიც ბევრ ოჯახს ეხმარებიან.

- სირიელი დევნილები ევროპაში ჩავიდნენ, რამაც ევროპა ძალიან შეაშფოთა. საქართველომ აფხაზეთიდან თითქმის იმავე რაოდენობის ლტოლვილი მიიღო, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონია

- საქართველოში შიგა მიგრაცია მოხდა. ჩვენი დევნილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოყარეს. ზოგმა ქვეყანა დატოვა, დანარჩენი კი სხვადასხვა ადგილას განთავსდნენ. ევროპის შემთხვევაში ეს არიან სხვა რელიგიის, კულტურისა და მენტალიტეტის ადამიანები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის მიერ დემოკრატიის ეგიდით განხორციელებული საომარი ქმედებების შედეგად დაზარალდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს მართული პროცესია და გლობალიზაციის ევროპული მოდელი ხორციელდება. დევნილთა ნაკადი, ალბათ, კიდევ უფრო მოიმატებს. როგორც ზოგი ექსპერტი და პოლიტიკოსი აღნიშნავს, საფრთხე ექმნება ქრისტიანულ ევროპას.

საქართველო ჩათრეული იქნება ამ პროცესებში. თუ ჩვენი პოლიტიკოსების ქმედებებს გავითვალისწინებთ, სრულიად მოსალოდნელია, საქართველოსაც მოუწიოს სირიელი დევნილების მიღება. უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ევროპის პარტნიორ ქვეყნებსაც მოუწევთ ამ საკითხში დახმარება. ამისთვის, ალბათ, დამატებითი სახსრებიც გამოიყოფა. ქართული მაქსიმალისტური ბუნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ დასავლეთს ვასიამოვნოთ, ისევე ,როგორც ნატოს შემთხვევაში, ალბათ, ამჯერადაც “გამოვიჩენთ” თავს.

ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დამხობა დღის წესრიგიდან არ არის ამოღებული. სირია აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირების კერაა. “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ფუნქცია სირიის წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი პოლიტიკური რუკის შექმნაც არის. ის სულ უფრო ძლიერდება და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს, ცივილიზაციას უქმნის საფრთხეს. ისეთი საჰაერო დაბომბვებით, როგორიც დღეს მის წინააღმდეგ ხორციელდება, ნაკლებად ადგება ზიანი. შესაძლოა, იქ იყვნენ რუსი ჯარისკაცები, მაგრამ დღევანდელი ჰიბრიდული ომები განსხვავებულია და ხშირად კერძო სამხედრო კომპანიები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში.

რეზონანსი“, 09 სექტემბერი, 2015 წელი

საქართველოს სამხრეთით ახალი დიდი ომის საფრთხე გაჩნდა

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

ახლო აღმოსავლეთში ახალი ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე იზრდება – ნოემბრის ვადამდელი არჩევნების წინ პრეზიდენტ ერდოღანს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები ერაყის ტერიტორიაზე გადააქვს. მანამდე თურქეთის არმიამ იგივე მიზნით სირიის საზღვარი გადაკვეთა.

“თურქეთს ძალიან რომ მოენდომებინა, დაეშს (“ისლამური სახელმწიფო” – რედ.) ამაზე დიდ საჩუქარს ვერ გაუკეთებდა,” – ასე შეაფასა ეს ოპერაცია თურქეთის პროქურთული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნაზმი გურმა. ქურთების შეარაღებული დაჯგუფებები ბრძოლის ველზე “ისლამური სახელმწიფოს” მთავარ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს.თურქული მედიის ინფორმაციით, გუშინ ერაყის საზღვარი სპეციალური დანიშნულების რაზმის ორმა ბატალიონმა გადაკვეთა, თურქი სამხედროები პროვინცია დახუკში შევიდნენ და სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, რომელიც “ქურთისტანის მშრომელთა პარტიის” წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ამ ოპერაციას წინ უძღოდა სავარაუდოდ ქურთი მეამბოხეები მიერ პოლიციის მიკროავტობუსის აფეთქება, რის შედეგად 14 სამართალდამცველი დაიღუპა. სულ, ბოლო სამ დღეში შეტაკებებში 31 თურქი ძალოვანი დაიღუპა.

გუშინდლამდე ქურთი ამბოხებულების ბაზების წინააღმდეგ თურქეთის ავიაცია მოქმედებდა. ბოლო თვეების განმავლობაში თურქულმა ბომბდამშენებმა ერაყში არსებული ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზები დაბომბეს. თურქი სამხედროების განცხადებით, ამ ავაიდარტყმების შედეგად 300-ზე მეტი ამბოხებული განადგურდა.

მედიაში იწერება ის, რომ თურქ სამართალდამცველებზე თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც ქვეყანა ოფიციალურად ჩაერთო “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში. პარალელურად თურქეთი სპეცოპერაციებს ქურთთა მუშების პარტიის წინააღმდეგაც ახორციელებს.

თურქეთმა დიდი ხნის ყოყმანის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩართვის მზადყოფნა აგვისტოს ბოლოს გამოთქვა – მან სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო რეიდები განახორციელა და თავდასხმებისათვის სირიის საზღვართან მდებარე საკუთარი საჰაერო ბაზაც დაუთმო აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას.

თუმცა ამ ძალისხმევას კამპანიური ხასიათი არ მიუღია. მეტიც თავად თურქეთში დემოკრატიული ძალები და დამოუკიდებელი მედია სულ უფრო ხმამაღლა ადანაშაულებს ერდოღანის მთავრობას “ისლამურ სახელმწიფოსთან” ფარულ გარიგებაში.

მაგალითად, წინა კვირას გაზეთმა “ბუგუნ” ერდოღანის ხელისუფლებასა და ისლამურ სახელმწიფო შორის არსებულ სავარაუდო კავშირებზე სენსაციური მასალა გამოქვეყნდა. კერძოდ, ამ ფოტომასალაზე აღბეჭდილია თურქეთ-სირიის საზღვარზე, ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე იარაღის სავარაუდო ტრანზიტი თურქეთიდან სირიის მიმართულებით. გაზეთი ირწმუნება, რომ ამ იარაღის ადრესატი ისლამური სახელმწიფოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტული ორგანიზაცია, და რომ ეს ყველაფერი სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ხდებოდა.

იმავე დღეს, რაც ეს ფოტომასალა გამოქვეყნდა, ძალოვნებმა გაზეთის რედაქციაში სპეცოპერაცია ჩაატარეს, ისევე როგორც “ბუგუნის” მფლობელი მედია-ჯგუფის “კოზა-იფეკის” 20-მდე ობიექტში, მათ შორის სხვა მედია-ორგანიზაციებში, დააკავეს 6 ადამიანი, ხოლო მედია-ჰოლდინგის მფლობელი აკინ იფეკ დაკავებას იმიტომ გადაურჩა, რომ იმ დღეს ბრიტანეთში იმყოფებოდა.

ქურთთა ლიდერებიც აცხადებენ, რომ ერდოღანი რეალურად ისლამისტების წინააღმდეგ კი არა ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ იბრძვის, რადგან ქვეყნის ავიაცია ქურთთა პოზიციებს ბომბავს იმ დროს, როდესაც ისინი “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძვიან.

ახლა ანკარა შეერთებული შტატებისგანაც მოელის მხარდაჭერას. თუმცა პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონმა თურქეთს ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განხორციელებაში დაუჭიროს მხარი, რადგან კარგად აცნობიერებს, რომ ქურთების დასუსტება “ისლამურ სახელმწიფოს” კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამ მოვლენებს თურქეთში მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

“ჩემი ვარაუდით, ანკარას ეს გააქტიურება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ერდოღანი ძალიან გაწბილებულია წინა არჩევნების შედეგებით, რომელიც მან ცალსახად ვერ მოიგო, 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა. მალე განმეორებითი არჩევნები იქნება და იმედი აქვს, რომ ქურთების წინააღმდეგ ნაციონალისტური ტალღის აგორება არჩევნებში წარმატებას მოუტანს,” – მიიჩნევს ნოდია.

სტატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის თქმით, მართალია თურქეთის გენშტაბის უფროსმა განაცხადა, რომ როგორც სირიაში, ისე ერაყში, თურქული სამხედრო შენაერთების შესვლა დროებითია, მაგრამ მას ეჭვი ეპარება, რომ ეს დროებითი გამოდგეს.

არეშიძის თქმითვე, როგორც ჩანს თურქეთის ხელისუფლებისთვის მთავარი ხიფათი არა “ისლამური ხალიფატის” შეიარაღებული ძალებია, არამედ ქურთისტანის მუშათა პარტია, რომლის საყრდენი ბაზები ძირითადად ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს.

მამუკა არეშიძე: “ერაყის ჩრდილოეთში არა მარტო ქურთების ბაზებია, არამედ ერაყის ქურთისტანს, ბარზანის მეთაურობით, ქურთისტანის მუშათა ძალა მართავს. ამ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფები აქტიურობენ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქურთებთან ერთად. სწორედ მათ მიეწერებათ ის თავდასხმები, რომლებიც თურქეთის ჟანდარმერიის თანამშრომლებზე, სამხედროებზე განხორციელდა. უნდა ითქვას, რომ ამ პოლიტიკურ თურქეთის ქურთების დიდი რაოდენობა უჭერს მხარს. ქურთი რადიკალების აქტიურობა რომ შეაჩეროს, თურქეთმა ჩათვალა, რომ ქურთული დაჯგუფებები ძალები ჯერ სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე უნდა გაანადგუროს. 10 დღის წინ ჯარი სირიაში შეიყვანა, ახლა კი ერაყის ტერიტორიაზე ჩაატარა სამხედრო ოპერაცია. თურქეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, როგორც სირიაში, ისე ერაყში, თურქული სამხედრო შენაერთების შესვლა დროებითია. თუმცა მე ეჭვი მეპარება, რომ ეს დროებითი გამოდგეს.”

მისი თქმით, ქურთულ-თურქულმა დაპირისპირებამ აშშ-სა და თურქეთს შორის წარმოშვა უთანხმობა, რასაც ანკარა არც მალავს.

“ერაყში ქურთულ ჯარს ამერიკელები ეხმარებიან, მართალია თურქეთის ხათრით მძიმე შეიარაღება არ მისცეს, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ქურთებს აშშ-სგან აქვთ. ერდოღანმა ორი დღის წინ გამოაცხადა, მიუხედავად ამერიკის დაინტერესებისა, თურქეთი მაინც იქნება ძლიერი სახელმწიფოო. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ასეთი სურათი ლაგდება: აშშ ქურთულ მოძრაობას უჭერს მხარს, მაგრამ თურქეთისა და სირიისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ეს პროცესი მიუშვეს, მაშინ დამოუკიდებელი ქურთისტანი გაჩნდება, რაც ამ ქვეყნებისთვის ხიფათს წარმოადგენს. ასევე სირიისთვის და ირანისთვისაც. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და ერაყი აშშ-ის მოკავშირეები არიან, ცდილობენ თავისი პოლიტიკა გაატარონ – ქურთული რადიკალიზმისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოლონ. რაღაც მომენტში გამოდის, რომ აშშ მხარს უჭერს ქურთებს და ებრძვის მათ მოწინააღმდეგე “ისლამურ ხალიფატს” და თურქეთი “ხალიფატსაც” ებრძვის, ყოველ შემთხვევაში ამის იმიტაციას აკეთებს, მაგრამ უფრო მეტად ცდილობს ქურთული მუშათა მოძრაობის შეიარაღებული რაზმები დაამარცხოს. ქურთების რაოდენობა თურქეთში დაახლოება 10-15 მილიონია.”

რეზონანსი“, 09 სექტემბერი, 2015 წელი

დაინიშნება თუ არა სააკაშვილი უკრაინის პრემიერად

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

ოდესის გუბერნატორიდან პრემიერობამდე – მოუწევს თუ არა უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ გზის გავლა, ჯერჯერობით უცნობია. ქართველ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ.

(…)

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის ამჟამინდელი პრემიერის არსენ იაცენიუკის პოსტის დაკავება პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება. მისივე თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამ ხაფანგში თავს არ გაჰყოფს: „მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერობა არაფრით არ უნდა აწყობდეს, რადგან მას იქ არავითარი სოციალური დასაყრდენი არ აქვს. ისეთ ქვეყანაში, როგორიც დღეს, 21-ე საუკუნეში უკრაინაა, პრემიერ-მინისტრად ყოფნა პოლიტიკური ძალის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილმა იაცენიუკს რომ შეუტია, ამით პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერის როლი შეასრულა. ექს-პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის პრემიერ-მინისტრობა პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა. იქ მილიონი პრობლემაა. ომს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური კოლაფსის საშიშროებაც ძალიან დიდია. ზამთარი მოდის, რუსეთთან კი გაზის იმპორტის საკითხია მოსაგვარებელი. [განა რუსი მიხეილ სააკაშვილს რაიმეს მისცემს? ასე რომ, იგი ხაფანგში თავს არ გაჰყოფს. მიხეილ სააკაშვილი თვითმკვლელად ვერ წარმომიდგენია“, – ამბობს სოსო ცინცაძე.

თსუ-ს პროფესორის კორნელი კაკაჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერების შანსი არსებობს, თუმცა ამ იდეას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც. ყველაფერი უკრაინის სიდა მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასევე არაა გამორიცხულ, რომ უკრაინაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნები გაგრძელდება – შესაძლოა იქ მალე კიდევ რამდენიმე „ნაციონალი“ ვიხილოთ. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი ვითარებაც უნდა გაითვალისწინოს: მოსახლეობა უკვე კითხვებს სვამს: რა საჭიროა ამდენი უცხოელი მთავრობაში? მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაამტკიცოს, რომ იგი შეუცვლელია“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

„ახალი თაობა“, 9 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: სრულიად ნორმალური იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა სულ უფრო ხმაურიანი ხდება. საზოგადოების ნაწილს მისი აქტიურობა იმდენად მოსწონს, რომ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მის პრემიერად დანიშვნას სთხოვენ. ეს ნაციონალებს ძალიან ახარებს, მაგრამ მათ ყოფილი პრეზიდენტი თავისთვისაც უნდათ. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევენებში აუცილებლად იყრის კენჭს. ვარაუდობენ, რომ ის ნაცმოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.

(…)

საარჩევნო სიაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პირველნომრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ნაციონალურ მოძრაობაში კატეგორიულად არ უარყოფენ. ისინი ხაზგასით აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება მათგან სიურპრიზებს უნდა ელოდოს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი, ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს და სააკაშვილის პირველნომრობას მიესალმება. მისი თქმით, არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ოდესის მოქმედი გუბერნატორი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. „მიხეილ სააკაშვილი რეგიონული მასშტაბის ფიგურაა და იქ წავა, სადაც ამის საჭიროება იქნება. ის აქტუალურია როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. ეს გასაკვირი არაა, იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ამდენად, სრულიად ნორმალური იქნება, თუ სააკაშვილი ამ ბრძოლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება“, – აღნიშნავს „ახალ თაობასთან“ საუბარში დეპუტატი დარჩიაშვილი.

რაც შეეხება ნაციონალების საარჩევნო სიას, დარჩიაშვილი არჩევნებს ბრძოლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ბრძოლიდან არ გაიქცევა.

- დღეს ის ჩართულია ტოტალურ ბრძოლაში და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ფრონტის რომელ ხაზზე დადგება. გამორიცხული არაფერი არაა, ის საქართველოს სჭირდება, – ამბობს ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

……….

უკრაინის პრეზიდენტის სახელზე შესულია პეტიცია. ხელმომწერები ნაპრეზიდენტალის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ. ამ მოთხოვნას ხელს 50.000-ზე მეტი უკრაინელი აწერს.

დეპუტატი დარჩიაშვილი უკრაინელების მოთხოვნას და სურვილს გაგებით ეკიდება და არ უკვირს, მისი პარტიის ლიდერზე ასეთი დიდი მოთხოვნა რომ არის. „მიხეილ სააკაშვილის ფიგურა ძალიან შესამჩნევია, ის სცდება ქვეყნის მასშტაბებს, ის რეგიონული ლიდერია. დღეს ის ოდესის ოლქის გუბერნატორია და ვიღაცას სურს, რომ ის წინ წავიდეს“, – ამბობს დარჩიაშვილი. მისი განცხადებით, თუ ექსპრეზიდენტი უკრაინის მთავრობის მეთაური გახდა, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. „მიხეილ სააკაშვილი თუ უკრაინაში დაგეგმილ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მისი უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთთან ბრძოლის ისტორიულ პროცესს წაადგება“, – მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

უკრაინელების გარდა, მიხეილ სააკაშვილს თვალი რუსეთის მოსახლეობის ნაწილმაც დაადგა. საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა რადიოსადგურმა „ეხო მოსკვიმ“ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მათ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს.

დავით დარჩიაშვილს ეს განწყობა არ უკვირს. ამბობს, რომ რუსეთში მხოლოდ იმპერიალისტური იდეით შეპყრობილები არ ცხოვრობენ და იქ ბევრი განათლებული, საღად მოაზროვნე ადამიანია. „პროგრესულად მოაზროვნე რუსებისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიმზიდველია. შესაძლოა, არაორდინალურ რამეს ვამბობ, მაგრამ თუ რუსეთში გარკვეული პროცესები დაიწყო, სააკაშვილი რუსებისთვის აუცილებლად გახდება საინტერესო ფიგურა“, – აღნიშნავს `ახალ თაობასთან~ საუბარში დეპუტატი.

………

მომხრეების გარდა, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ბევრი მტერიც აღმოაჩნდა. მას უკრაინის მოქმედი პრემიერი არსენ იაცენიუკიც უპირისპირდება. ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, იაცენიუკის ხალხი ცდილობს, სააკაშვილს საერთაშორისო ასპარეზზეც მოჭრას თავი. პრემიერის მომხრეებმა ევროსაბჭოს დეპუტატებს ოდესის გუბერნატორის მამხილებელი დოკუმენტები ჩაუტანეს.

არსენ იაცენიუკი ერთადერთი არაა, ვინც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შეება. ყველაზე მკვეთრად მას დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი, მილიარდერი იგორ კოლომოისკი დაუპირისპირდა. წლების მანძილზე მას სააკაშვილთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. გასულ წელს უკრაინული მედია იმასაც წერდა, სააკაშვილს საქართველოში რევოლუციას კოლომოისკი დაუფინანსებსო. მათ შორის ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაიძაბა. სააკაშვილმა მილიარდერი კორუფციაში დაადანაშაულა.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა მას კიდევ შეუტია და პირობა დადო, რომ მის თვითნებობას ბოლოს მოუღებდა. ამის საპასუხოდ კოლომოისკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლებს. ამის გარდა, ყოფილი გუბერნატორი მოითხოვს, რომ ოდესის გუბერნატორი სასწრაფოდ დააბრუნონ საქართველოში.

დეპუტატ დარჩიაშვილისთვის კოლომოისკის და ნაპრეზიდენტალის დაპირისპირება მოსალოდნელი იყო. დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი დარჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილს აგონებს. „დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი ცნობილი ოლიგარქია, რომელიც კომუნისტებიდან მოდის. კომუნისტურმა პარტიამ ოლიგარქებში განიცადა ტრანსფორმაცია. ის და ივანიშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მათ ცარიელ ნიადაგზე იშოვეს ფული და ქვეყნებს ნორმალური განვითარების საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილი ორიენტირებულია პროგრესზე, ამიტომაც მათ შორის ყოველთვის იქნება დაპირისპირება“, -აღნიშნავს დარჩიაშვილი.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ კოლომოისკის უკან შესაძლოა სპეცსამსახურები და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც იდგნენ. „ეს უაღრესად სახიფათო ბრძოლა იქნება. კოლომოისკი შუა საუკუნეების ფეოდალივით არის და მას მხოლოდ პირადი ინტერესები გააჩნია. სააკაშვილი კი დასავლური ღირებულებების მიმდევარია“, – განაცხადა დეპუტატმა.

Comments are closed