globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 1st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ავიადარტყმები სირიაში და მასშტაბური მანევრები აფხაზეთში // “ჯარის გამოყენებაზე პუტინმა ნებართვა სირიაზე მიიღო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთანაც გამოიყენებენ”

რეზონანსი: ემუქრება თუ არა საქართველოს მორიგი საფრთხე რუსეთის გააქტიურებით?

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე მზადაა ნატოს წევრობისთვის”

რეზონანსი: საქართველოს აჩრდილი საერთაშორისო დღის წესრიგში //

“თუ საქართველო მსოფლიო დღის წესრიგიდან ამოვარდება, მაშინ რუსეთს ვეღარაფერს დავუპირისპირებთ”

რეზონანსი: რუსეთი საქართველოს გავლით ირანულ გაზს უმიზნებს

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ. პროპორციული სისტემა ჩვენი ქრონიკული ავადმყოფობაა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „სირიის კრიზისი საქართველოზეც იმოქმედებს“

„ალია“: დემურ გიორხელიძე: „მოწოდებები საერთაშორისო ფორუმებზე და ძახილი „ჩამოდით!“ არის მხოლოდ პიარის შემადგენელი ნაწილი“ // როგორ აფასებენ ექსპერტები ღარიბაშვილის საინვესტიციო მოწოდებებს

——————

რეზონანსი“, 01 ოქტომბერი, 2015 წელი

ავიადარტყმები სირიაში და მასშტაბური მანევრები აფხაზეთში

“ჯარის გამოყენებაზე პუტინმა ნებართვა სირიაზე მიიღო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთანაც გამოიყენებენ”

თიკო ოსმანოვა

რუსეთის სამხედრო კამპანია სირიასა და სამხრეთ კავკასიაში აქტიურ ფაზაში შედის – ავიადარტყმები სირიაში, მასშტაბური სამხედრო წვრთნები აფხაზეთში და დიდი ომის საფრთხე მთიან ყარაბაღში.

(…)

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსულმა ავიაციამ სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა პოზიციებზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელება დაიწყო. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი სირიის კონფლიქტში სრულად ჩართვას არ აპირებს.

“პირველ რიგში, ჩვენ მხარს დავუჭერთ სირიის არმიას მხოლოდ მის კანონიერ ბრძოლაში ტერორისტულ დაჯგუფებებთან. მეორე: ეს იქნება საჰაერო მხარდაჭერა სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობის გარეშე და მესამე: ასეთი მხარდაჭერა დროში იქნება შეზღუდული”, – განაცხადა პუტინმა.

ასევე შეგახსენებთ, რომ გუშინ პარალელურად ოკუპირებულ აფხაზეთში საბატალიონო სწავლების აქტიური ფაზაც დაიწყო. მანევრებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის მოტომსროლელი და სატანკო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სწავლება ნაგვალოუს პოლიგონზე მიმდინარეობს და მასში რუსეთის 600-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

“სწავლებაში მონაწილეობს 600-მდე სამხედრო და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის 100-ზე მეტი ერთეული”, – აცხადებენ სამხრეთის სამხედრო ოლქში.

რუსეთის გააქტიურებას საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს პაატა დავითაია, რომელიც ხელისუფლებას საგარეო კუთხით პასიურობის გამო აკრიტიკებს.

“შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე პუტინმა ნებართვა კონკრეტულად სირიაზე მიიღო, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არაა აქვს. საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაშიც გამოიყენებენ. პრინციპულად თანხმობის მიცემას სჭირდება რამდენიმე წუთი და თანხმობა უკვე მიღებულია.

“ჯარების მზადყოფნა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ბრძანება, რომელიც გაიცემა, უნდა შესრულდეს. საფუძველი ჩაყრილია და, აქედან გამომდინარე, საფრთხე არსებობს. ანუ ეს არის ნაღმი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს და შეიძლება არა. თანაც ამ პროვიკაციას რომ საჯარისო ძალები გაუმაგრებენ ზურგს, ეს ცალსახაა.

“ნებისმიერი წვრთნა რუსეთის ჯარებისა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის პროვოკაცია. აქედან გამომდინარე, გამოსავალი ერთია – საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება. გუშინ მარგველაშვილმა თქვა, რომ საქართველო აშშ-ის რადარებიდან გაქრაო, მან სწორად აღნიშნა და ეს მოხდა ერთი მიზეზის გამო – საქართველოს მთავრობა არ აქტიურობს. სწორედ ამიტომ ობამას გამოსვლაში აქტუალური იყო უკრაინა და საქართველოს ოკუპაციაზე არაფერი უთქვამს”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას დავითაია.

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მუჩაიძე კი რუსეთის გააქტიურებას პუტინის სურვილს – “ძველი დიდების” დაბრუნებას უკავშირებს.

“რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ კრემლი საკუთარი პოლიტიკის გატარებას ხისტი მეთოდებით ცდილობს, რომელიც პროპაგანდის და საინფორმაციო ომის საშუალებით ხდება. რუსეთი გამწვავების პოლიტიკის საშუალებით ცდილობს მიიპყროს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და მიაღწიოს იმას, რომ დასავლეთის ლიდერებთან ერთად ისევ დაჯდეს ერთ მაგიდასთან. შემდეგ მისი ქვეყნის წარმოჩენა მოხდეს, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ქმნის პრობლემებს და მერე აქტიურობს, რომ ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს ეს პრობლემები მისი დახმარებით. თუმცა ობამასთან შეხვედრიდან გამომდინარე, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ამაზე დასავლეთი აღარ წამოეგება, კარგად ხვდებიან რუსეთის რეჟიმის ტრიუკებს”, – გვითხრა თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

რაც შეეხება საქართველოს, მუჩაიძე ამბობს, რომ პროვოკაციები გაგრძელდება, სამხედრო აგრესიის განმეორების ალბათობა კი დაბალია.

“რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, აგრესიის განმეორების დიდი ალბათობა არ არის, თუმცა ე.წ პროვოკაციები, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების გატაცება და სხვა გაგრძელდება. სხვათა შორის, რუსეთი ხისტ ძალასთან ერთად კარგად ხმარობს რბილ ძალასაც – საინფორმაციო ომი, რომლის მესიჯები საკმაოდ დახვეწილია. თუ გადავხედავთ ბოლო გამოკითხვებს, მთავრობის პასიურობის ფონზე რუსეთის პროპაგანდა საკმაოდ წარმატებითაც მოქმედებს. თუ 2013 წელს ევრაზიის კავშირში შესვლის მოსურნე საქართველოს მოსახლეობის 11% იყო, ეს რიცხვი ორჯერ გაიზარდა 2014 წელს. წელს კი ეს რიცხვი 31%-მდე ავიდა. ანუ მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი მხარს უჭერს ევრაზიის კავშირში შესვლას, რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე უნდა გააქტიურდეს”, – უთხრა “რეზონანსს” მუჩაიძემ.

რეზონანსი“, 01 ოქტომბერი, 2015 წელი

ემუქრება თუ არა საქართველოს მორიგი საფრთხე რუსეთის გააქტიურებით?

გვანცა ღვედაშვილი

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა გლობალურად გაააქტიურა სამხედრო პოლიტიკა. რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უფლება მისცა, მისი შეიარაღებული ძალები სირიაში გამოეყენებინა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა განცხადა, რუსეთი მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენებას გეგმავს.

გუშინ რუსულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე პირველი იერიშები მიიტანა, რაც რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავები “ისლამური სახელმწიფოს” კუთვნილ სამხედრო ტექნიკას, სატრანსპორტო საშუალებებს და იარაღის საწყობებს ბომბავენ. აღნიშნულის შესახებ კომენტარი გააკეთეს რუსეთში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში საერთო ინტერესები აქვთ.

რუსეთი აქტიურად არის ჩართული ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე საბატალიონო წვრთნებშიც. როგორც სამხრეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, სწავლებაში 600-მდე სამხედრო მოსამსახურე და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის 100-ზე მეტი ერთეული მონაწილეობს.

რუსეთის გააქტიურებით ემუქრება თუ არა საქართველოს მორიგი საფრთხე? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): “არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი აზრი, რომ მსოფლიო ხელახალი გადანაწილების პროცესშია. რუსეთი არ თმობს სირიას, ამავე დროს მის ინტერესში შედის აფხაზეთი, კერძოდ შავი ზღვის სანაპირო. „ნაციონალური მოძრაობის” გაუაზრებელი პოლიტიკით რუსეთმა საქართველოსაგან ის მიიღო, რაც სურდა, ამიტომ ჯერჯერობით საფრთხე მათი მხრიდან საქართველოს აღარ ემუქრება. პროცესები, რომელიც დღეს რუსეთში მიმდინარეობს, ჩვეულებრივი ამბავია. სირიაში თავისი ჯარის დემონსტრირება რუსეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიუ იორკში ვლადიმერ პუტინი და ბარაკ ობამა ერთმანეთს შეხვდნენ. ამიტომ ჯერჯერობით საქართველოს მთლიანი ოკუპაციის საფრთხე არ ემუქრება.

დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ნამდვილად საფრთხის შემცველია, მითუმეტეს რომ რაღაც ძალიან ხელგაშლილი და თბილი შეხვედრა ჰქონდა პუტინს ამერიკაში. როგორც ჩანს, მას ისეთი კოზირი უჭირავს გაზისა და ნავთობისა, რომ ვერავინ ეწინააღმდეგება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზაციას ამ ტერორისტულ აქტივობებს, რომ შეაშინონ ევროპა, დაანახონ, როგორ გარბიან ტოლვილები და რა შეუძლიათ. სირიელთა გამო მათი მწუხარება ძნელი დასაჯერებელია, მაშინ როცა თავიანთი ხალხი არ ეცოდება. ოცნება, რომ ვინმე ნატოს კარს გაგვიღებს და აფხაზეთს დაგვიბრუნებს, ზღაპარია. რუსეთს მისი მეზობელი ქვეყნების სიმშვიდე არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ არეულება, რადგან ცუდი საქმეების კეთებაში ხუთიანი უწერიათ.

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): “მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია. სულაც არ ველოდით, რომ რუსეთი ასე გაიმეტებდა საქართველოს, ვგულისხმობ იმ ყველაფერს, რაც მოხდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემთხვევაში. მათთან ფრთხილი მოპყრობა გვმართებს, რათა არ გავაღიზიანოთ ზედმეტად. ამიტომ მომწონს ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, რომელსაც ისინი რუსეთთან ურთიერთობისას იყენებენ.

რეზონანსი“, 01 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე მზადაა ნატოს წევრობისთვის”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „რეზონანსის“ ჟურნალისტთან იაგო ნაცვლიშვილთან საუბარში საქართველოს საგარეო და საშინაოპოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონაიდებს ინტერვიუდან:

ირაკლი სესიაშვილი: ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან საქართველოს შეერთება პირდაპირ იმის აღიარებაა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტის მატარებელია. მეტსაც გეტყვით, სულ რამდენიმე ხნის წინ გერმანიაში იყო უმაღლესი დონის შეხვედრები – ათამდე ამერიკელი გენერალი იყო ჩამოსული. ნატოს გენერალიტეტიდან ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა მოხსენება გააკეთა და მას დაუსვეს შეკითხვა საქართველოს შესახებ, თუ რამდენად მზად არის, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს.

თავისთავად ცხადია, რომ ნატოში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როგორც სამხედრო პირს თუკი შემეკითხებიან, თუ რამდენად მზადაა საქართველო თავდაცვის რეფორმის თვალსაზრისით ნატოში გაწევრიანებისთვის, ჩემი პასუხი იქნება, რომ თუ ვინმე ამისთვის მზად არის, ეს პირველ რიგში საქართველოა. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ის, რომ ნატოს ძალებთან ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი საქართველოა, ამის ნიშანი იყო სწორედ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან შეერთება. თანაც ეს მოხდა ძალიან მოკლე ვადაში, ძალიან დაჩქარებული ფორმით.

- დაჩქარება ქართული მხარის მოთხოვნა იყო?

- დაჩქარება მოხდა არა იმიტომ, რომ ვინმეს ეჩქარებოდა, არამედ ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენი შეიარაღება და თავდაცვის რეფორმები ყველაზე წარმატებულად არის აღიარებული.

- ანუ ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა თავისი შედეგი გამოიღო?

- რა თქმა უნდა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჯარისკაცებსა და ოფიცრებს. ვისარგებლებ შემთხვევით და მათ მადლობას გადავუხდი თქვენი საშუალებით. ჩვენი სამხედროები ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულები არიან. ამერიკელებზე, ბრიტანელებზე თუ სხვა ქვეყნის ჯარისკაცებზე არანკლებად მომზადებულები არიან.

- ამას აშშ-ის ელჩმაც გაუსვა ხაზი ჩვენი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის დაკრძალვაზე, თუმცა სკეპტიკური მოსაზრებები გამოჩნდა გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში, რომ რატომ უნდა იღუპებოდეს ქართველი ჯარისკაცი უცხო მიწაზე. რას უპასუხებთ მათ?

- ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან. მაგრამ ისინი გმირულად იღუპებიან. ისინი მიზნის გარეშე ნამდვილად არ იღუპებიან, ეს მიზანი ჩვენი ქვეყნის მომავალი და უსაფრთხოებაა. თუ დავაკვირდებით სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას, დავინახავთ რომ მომავალში უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

დღევანდელი გლობალური პროცესების ნაწილია სწორედ ის, რომ გვიწევს ტერორიზმთან ბრძოლა. საბოლოო ჯამში ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში დაგვეხმარება. ეს ლამაზი სიტყვები არ არის, ეს აბსოლუტური რეალობაა. ძნელია პატარა ქვეყანამ ამხელა კონტრიბუცია შეიტანოს მსოფლიოში, მაგრამ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროს წევრობის მზაობას ვადასტურებთ, ასევე ჩვენი ჯარისკაცები დიდ გამოცდილებას იღებენ.

- ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან შეერთება გვაახლოვებს ნატოსთან?

- ეს ფაქტობრივად პირდაპირი განაცხადია იმის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე მზად არის ნატოს წევრობისთვის. ანუ მომავალში, როდესაც დადგება პოლიტიკური საკითხი, მაშინ საქართველო უკვე მზად იქნება. საუბარი მაქვს იმაზე, რომ მაშინ ხდება სამხედრო ანალიზიც. მაშინ საქართველოს ეს ეტაპი უკვე გავლილი ექნება. ამიტომ მიგვიღეს სწრაფი რეაგირების ძალებში.

- ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში პირველსავე გამოსვლაზე არ ისაუბრა რუსულ აგრესიაზე და ოკუპაციის თემაზე და ამის გამოც გააკრიტიკეს ოპონენტებმა…

- პრემიერის გაეროში გამოსვლები ძალიან ეფექტური იყო. ჩვენს ოპონენტებს უნდათ კრიტიკა კრიტიკისთვის. იქ, სადაც ოპონენტებს არგუმენტები არ ჰყოფნით, მაშინ იყენებენ ტერმინებს – უფრო ეფექტური, მაგრამ უფრო ეფექტური რა არის, ეს მათ თავადაც არ ესმით.

საერთაშორისო საზოგადოებამ პრემიერისა და პრეზიდენტის გამოსვლებს უმაღლესი შეფასება მისცა. ყველა მიმართულებით პრეზიდენტმაც და პრემიერმაც სწორი აქცენტები დასვეს, მაგრამ ზოგიერთს არ ესმის რაზე უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული ესა თუ ის გამოსვლა. ჰგონიათ რომ ყველგან ყველაფერზე უნდა ილაპარაკონ. სწორედ აქ ჩანს მათი დილეტანტიზმი. ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ვითარებას წარმოაჩენენ მცდარად. ისინი მოქმედებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და ჩვენს ქვეყანას იმიჯს ულახავენ.

- პრეზიდენტი დაეთანხმა ამერიკელ ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა რომ საქართველო ამერიკის რადარებიდან გამქრალია. თქვენც ფიქრობთ, რომ საქართველომ ამერიკისთვის პრიორიტეტი დაკარგა?

- მე არ ვიცი ჟურნალისტის ეს კითხვა რას ეფუძნებოდა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ თავდაცვის სფეროში არნახულ წარმატებას მივაღწიეთ და ამ სფეროში ამერიკასთან ყველაზე აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. იცით, რომ ნატო-საქართველოს ცენტრი გაიხსნა, ვთანამშრომლობთ შეიარაღების თვალსაზრისით და ა.შ.

ამერიკაში მომავალ წელს არჩევნებია, საარჩევნო წელს ამერიკა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით პაუზას იღებს, შესაძლოა ამით იყოს ნაკარნახევი ჟურნალისტის კითხვა. პრეზიდენტი რატომ დაეთანხმა, არ ვიცი, ეს ალბათ ბატონ მარგველაშვილს უნდა ჰკითხოთ.

რეზონანსი“, 01 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს აჩრდილი საერთაშორისო დღის წესრიგში

თუ საქართველო მსოფლიო დღის წესრიგიდან ამოვარდება, მაშინ რუსეთს ვეღარაფერს დავუპირისპირებთ”

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და საქართველოს საგარეო უწყებების პასიურობა – სწორედ ესაა “დამნაშავე” პოლიტოლოგების აზრით, იმაში, რომ საქართველოს საკითხმა საერთაშორისო დღის წესრიგში უკანა პლანზე გადაინაცვლა. ისინი ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აშშ-ს პოლიტიკური რადარებიდან გაქრა და ამბობენ, რომ ამის მიზეზი მრავალმხრივია.

ეს საკმაოდ მწვავე განცხადება გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის საგარეო ურთიეღტობათა საბჭოში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

(…)

პრეზიდენტის პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობაშიც იზიარებენ და ამბობენ, რომ ეს საქართველოს მტკივნეული საკითხები საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებას „სამწუხარო რეალობად“ მიიჩნევს „ამერიკის მხარდამჭერა ლიგის“ პრეზიდენტის ირკალი კიკიანი და აღნიშნავს, რომ საქართველო ამერიკული პოლიტიკური რადრებიდან მართლაც გაქრა. მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში უკრაინაა… არადა საქართველოს იგივე პრობლემა არანაკლებუი სიმწვავით აწუხებს: „ეს ზუსტად დღევანდელი ხელისუფლების პასიურობაზე მიგვანიშნევს. საგარეოპოლიტიკური სისტემა, შეიძლება ითქვას, არ მუსაობს“, – ამბობს ირაკლი კიკიანი. არადა, ამ დროს საერთაშორისო ასპერეზზე აქტიურობას ქვეყნისათვის გადამწყვტი მნიშველობა აქვს. ჩვენთვის ერთადერთი ძალა, რომელიც შეგვიძლია რუსეთს დავუპირისპიროთ, ეს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაა“. „თუ საქართველო მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან ამოვარდება, მაშინ რუსეთს ვერარაფერს დავუპირისპირებთ. აქედან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის შორეულ მომავალში გადაინაცვლებს“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი, სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ საგარეო პოლიტიკის გამტარებელი უწყებები გააქტიურდეს.

საქართველოდან აშშ-ის ყურადღების სხვაგან გადატანას სავსებით ბუნებრივად მიიჩნევს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე (იგი ამჟამად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების სახელმწიფო მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრია). მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ დღეს ვაშინგტონის ყურადღება უკრაინისკენ, სირიისკენ, ერაყისკენ და ისლამური სამყაროსკენაა მიპყრობილი, რადგან იქ სიტუაცია უფრო მწვავეა., თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის პოლიტიკური რადარებიდან გაქრა. მისი თქმით, ამერიკა ყოველთვის იქნება დაინტერესებული საქართველოსა და შავი ზღვა – კავკასიის რეგიონით. რა თქმა უნდა, ტავის მხრივ საქართველოც უნდა გააქტიურდეს და არ ელოდოს, თუ რა შედეგებით დასრულდება 2016 წლის საპარალამენტო არჩევნები. ნიკა ჩიტაძის აზრით, „ჩვენმა საგარეოპოლიტიკურმა უწყებებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მოახმარონ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის თანამშრომლობის გარრმავებას, უნდა დაარწმუნონ ამერიკის პოლიტიკური წრეები, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს და აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს – რუსეთს ესაზღვრება. გარდა ამისა, ჩვენ ირანთანაც ახლოს ვართ“.

რეზონანსი“, 01 ოქტომბერი, 2015 წელი

რუსეთი საქართველოს გავლით ირანულ გაზს უმიზნებს

მაკა ხარაზიშვილი

(შემოკლებით)

საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენზე რუსეთის ინტერესი ისევ აქტუალური ხდება. ირანი სანქციების მოხსნას ელოდება და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნებას ცდილობს. ანტიირანული სანქციების გაუქმების შემდეგ რუსეთი შეეცდება ირანული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის სომხეთ-საქართველოს გაზის ქსელი რევერსით, ანუ გაზის ნაკადის საპირისპირო მიმართულებით (სამხრეთიდან ჩრდილოეთით გასატარებლად) გამოიყენოს.

„რეზონანსის“ ინფორმაციით, წინა კვირას ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და რუსეთის „გზაპრომ“-ის წარმომადგენლის შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთვარი საკითხი ირანული გაზის ევროპაში ტრანზიტი იყო. როგორც ცნობილია, რუსული კომპანია ირანში ფარსის გაზის საბადოს მფლობელია და მას გაზის ევროპაში გასატანად „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ (ანუ რუსეთ-სომხეთის) მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთით სარგებლობა ესაჭიროება. მისი გამტარუნარიანობა, გარკვეული ტექნიკური განახლების შემდეგ, შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

რუსეთ-სომხეთის გაზსადენის საქართველოს მონაკვეთის „გაზპრომ“-ისათვის მიყიდვის საკიტხი ჯერ კიდევ ედუარდ სევარდნაძის მმართველობის დროს დადგა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის დროს გააქტიურდა. იმ ხანებში „გაზპრომი მზად იყო 300 მილიონი დოლარი გადეხადა. ამას მხარს უჭერდა კახა ბენდუქიძეც, თუმცა საბოლოოდ, აშშ-ის ჩარევით, გაზსადენის გაყიდვის საკითხი გადაიდო.

(…)

ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის განცხადებით, ევროპელებისათვის ირანული გაზის ტრანზიტისათვის ირანი-სომხეთი-საქართველო-თურქეთის მარშრუტი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, ვინაიდან რთული რელიეფის გამო ირანიდან თურქეთში მილსადენის გაყვანა ძალიან დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული: სასაზღვრო რაიონში მაღალი მთებია და მიწისძვრები ძალიან ხშირია. „ამიტომაც ვთვლი, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ ირანული გაზსადენი შაჰ-დენიზის გაზსადენს შეუერთდეს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ 16 მილიარდ კუბმეტრ გაზს ატარებს, რეალურად კი 80 მილიარდის გატარება შეუძლია.“.

კიდევ ერთი ექსპერტი ლიანა ჯაველიძე ამბობს, რომ ვიდრე ირანისათვის სანქციები საბოლოოდ არ მოუხსნიათ, ამ საკითხზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია.

„ახალი თაობა“, 01 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ. პროპორციული სისტემა ჩვენი ქრონიკული ავადმყოფობაა

ნონა ცაბაძე

დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებისთვის არსებული კანონის შეცვლას არ აპირებს. საზოგადოებაში არსებობს საწინააღმდეგო აზრიც – ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს, რადგან პროპორციული სიები მკვდარი სულებითაა სავსე და ხშირად ამომრჩეველმა არ იცის, რეალურად ვის აძლევს ხმას.

ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აღფრთოვანებულია მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეით.

- ვის დაებადა ეს იდეა? დავიჯერო, გვყავს ქართულ პოლიტიკაში ასეთი პოლიტიკოსები, ვინც ამ იდეას მხარს უჭერს? უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუკი ჩვენთან ეს სისტემა დაინერგება, – აცხადებს ექსპერტი.

- ბატონო რამაზ, ე.ი. ეთანხმებით მთლიანად მაჟორიტარულ სისტემას? რომ ხალხმა თავად აირჩიოს ის, ვინც სურს და სიები უქნარებით არ გაივსოს?

- ამ იდეის ავტორებს ასე ვეტყოდი: ვაშა! მე დიდი ხანია, ამ იდეის მომხრე ვარ. ამერიკას სწორედ მაგ ლოგიკის სისტემა აქვს – ხალხი პირადად უნდა იცნობდეს მას, ვისაც ირჩევს და არჩეულს პირადი პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანებთან უნდა ჰქონდეს და არა – აბსტრაქტულ ამომრჩევლებთან, – აცხადებს ექსპერტი.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამერიკელებს ისიც აქვთ მითითებული, რომ პროპორციული სისტემის დროს არის რამდენიმე ნაცნობი პერსონა სათავეში და მერე ორთქლმავლის პრინციპით მათ მიაყოლებენ დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც, არც ვიცით, ვინ არიან და არც არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ კონკრეტული ადამიანების წინაშე.

- აი, ეს ლოგიკა დევს ამაში. ამერიკას ბევრ რამეში ვბაძავთ, ოღონდ იმაში, რაც გვაწყობს.

- ეს სისტემა ჩვენ არ გვაწყობს?

- თუ საზოგადოების ნაწილის ლოგიკა მივიდა იქამდე, რომ მაჟორიტარების პასუხისმგებლობა გაიზრდება, სრული მაჟორიტარული არჩევნების პირობებში, ამას მხოლოდ მივესალმები!

- ხშირად გვესმის შეფასებები, რომ ჩვენი საპარლამენტო სიები მკვდარი სულებით არის სავსე, ისე ამთავრებენ საპარლამენტო მოღვაწეობას, რომ მათი ერთი ინიციატივაც არავის მოუსმენია.

- ეს თან ახლავს პროპორციულ სისტემას. ვინც ადგენს პროპორციულ სიებს, ის ყოველთვის ხელმძღვანელობს შემდეგით, რომ თავად ყოველთვის არის მთავარი პირი, თვითონ არის სათავეში, მერე ხელმძღვანელობს იმ მოტივით, ეყოლება თუ არა მორჩილი გუნდი. პოლიტიკურად აქტიურს ის არ ჩასვამს სიაში. ამიტომ ვიღებთ ასეთ სიებს.

- რაში სჭირდებათ ამდენი მკვდარი სული?

- საჭირო დროს ხელის ასაწევად.

- ჩვენს მაჟორიტარებზე ხშირად ამბობენ, რომ ისინი არაფერს აკეთებენ და მხოლოდ საკუთარ ბიზნესებს ლობირებენ. ამ ვითარებას არ უნდა შეცვლა?

- რა თქმა უნდა! სანახავია, იგივე ამერიკაში, სადაც მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატები არიან, როგორ ხერხდება ისე, რომ ამისგან ქვეყანა არ ინგრევა?! იქ საკონტროლო ფუნქციებია უფრო დიდი, ასევე მოსახლეობის აქტიურობა და პასუხისმგებლობაა უფრო დიდი და ასე შემდეგ. თუ გამოცდილებას იზიარებ, ბარემ ბოლომდე გაიზიარე! ჩვენ მაჟორიტარები შემოვიტანეთ აქტიურად საბჭოთა ტრადიციის რეჟიმში. იცით, ვინ ეწინააღმდეგება მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას? პატარ-პატარა პარტიები, რომლებიც წარმატებას ვერ მიაღწევენ მაჟორიტარული სისტემით.

- არასაპარლამენტო პარტიების უმრავლესობა რატომ ითხოვს ასე თავგამოდებით პროპორციულ სისტემას? რატომ არის მათთვის ეს უფრო მომგებიანი?

- სწორედ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ იმხელა ადამიანური რესურსი, რომ ყველგან დააყენონ ისეთი პიროვნება, რომელიც მიიზიდავს ადგილობრივ ამომრჩეველს. მათ ჰყავთ მხოლოდ რამდენიმე ცნობილი პირი, რომლებსაც სიის სათავეში დააყენებენ, რომ დანარჩენები ორთქლმავლის პრინციპით გავიდნენ. ეს ჩვენი ქრონიკული ავადმყოფობაა.

- ფულის კეთებისთვისაც მშვენიერი საშუალებაა პროპორციული სისტემა, რადგან სტავკებია სიაში, რომელი ადგილი რა ღირს.

- ეს ბუნებრივია. ასეთ სკამთან მიჩოჩდებიან დაინტერესებული ადამიანები.

- რას იზამს ოცნება, თუ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში? შეცვლის რამეს?

- „ოცნება“ პროპორციული სისტემის წყალობით არსებული პარტიაა. მას ხმა მისცეს ერთი პიროვნების გამო.

- ანუ ივანიშვილის ხათრით ავირჩიეთ მთელი მთავრობა და ბოლოს ივანიშვილი გაგვექცა.

- მთელი მთავრობა და მთელი პარლამენტი! რომ ყოფილიყო მაჟორიტარული სისტემა, ასეთი რამის გაკეთების საშუალებას სისტემა არ მისცემდა.

- რა პოზიციას დაიჭერს ბიძინა ივანიშვილი? კიდევ ჩაერთვება საარჩევნო პროცესში?

- გააჩნია, მას რა გეგმები აქვს. თუ მას უნდა თავისი პარტიის გადარჩენა, ჩაერთვება და ამას პროპორციული სიის მექანიზმის გამოყენებით გააკეთებს. ხოლო თუ მას უნდა ქვეყნის გადარჩენა, მაშინ უნდა დაფიქრდეს, ქვეყნისთვის რომელი სისტემა ჯობია. ეს პირადად მასაც გაათავისუფლებს ზედმეტი პასუხისმგებლობისგან და ქვეყნისთვისაც უფრო ჯანსაღი პროცესების წარმართვას შეუწყობს ხელს.

„ახალი თაობა“, 01 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: სირიის კრიზისი საქართველოზეც იმოქმედებს

გულიკო ბალაძე

რუსეთი სირიის კონფლიქტის გადაჭრაში უკვე აქტიურად მონაწილეობს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთმა მძიმე ტექნიკა სირიაში შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ხომალდებით გადაიტანა, რომლებიც გადაადგილდებოდნენ შავი ზღვა – ხმელთაშუაზღვის მიმართულებით.

- რუსეთს სირიაში გააჩნია სამხედრო-საზღვაო პორტი ტარტუსი. საჰაერო გზით გადაადგილება ხორციელდებოდა მანამ, სანამ თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და უკრაინა რუსებს საჰაერო სივრცეს არ გადაუკეტავდნენ, – ამბობს მაისაია. ამის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ჯარების გადასროლა საზღვაო გზების გამოყენებით. კასპიის ზღვის მეშვეობით – აღმოსავლეთიდან ირანში, ირანიდან კი – სირიის მიმართულებით.

- რუსეთმა ლარსის გზა გამოიყენა?

- ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, რაღაც ტიპის შეიარაღების გადასატანად გამოიყენა. მძიმე ტექნიკის გადაადგილება ლარსის გზით შეუძლებელია, მაგრამ ცოცხალი ძალის გადაადგილება შესაძლებელია. სომხეთიდან ირანში გადასვლაც პრობლემა არ არის. ჩრდილოეთ ერაყის მეშვეობით სირიაში ჩაყვანაც შესაძლებელია.

ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ლოკალურმა ომმა რეგიონული ომის მასშტაბები შეიძინა.

- თურქეთის არმია შეიჭრა ერაყსა და სირიაში. ამან კიდევ უფრო მეტად დაძაბა სიტუაცია. რუსეთი გადავიდა აშკარა ინტერვენციაზე, ირანთან ერთად პირდაპირ ჩაერთო ომში. ირანი და სირია იმ დონეზე ჩაერთვნენ, რომ მათ შექმნეს კოალიცია. ერაყში შეიქმნა ოთხი სახელმწიფოს საინფორმაციო ცენტრი, ფაქტობრივად, ეს არის გაერთიანებული შტაბი.

- ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან დასავლური ქვეყნების პოლიტიკას?

- სირია, ასადის რეჟიმი, ირანი და ერაყის მთავრობა უპირისპირდებიან ისლამურ ხალიფატს, რომელსაც უპირისპირდება ასევე დასავლეთი. თუმცა, დასავლეთი უპირისპირდება ასადის რეჟიმსაც. დასავლეთის, რუსეთისა და მისი კოალიციის მთავარი დაბრკოლება ასადის რეჟიმია. ჩინეთი ემხრობა ბაშარ ასადის რეჟიმის შენარჩუნებას, როგორც ბოლო ბასტიონს ახლო აღმოსავლეთში ლეგიტიმური ხელისუფლებისა, რომელსაც შეუძლია „ისლამურ ხალიფატთან“ მედგარი ბრძოლა, ხოლო დასავლეთის სახელმწიფოები – ამერიკა და ევროკავშირი ბაშარ ასადის რეჟიმს არალეგიტიმური და სისხლიანი დიქტატორის ტიპის რეჟიმად მიიჩნევენ და მის დამხობას ლამობენ. ამიტომ სიტუაცია გართულებულია. სიტუაცია გართულდა იემენშიც.

- იემენში რა ხდება?

- იემენში გაცილებით სისხლიანი ომია გაჩაღებული, ვიდრე სირიაში. ძალიან რთული და ჩახლართული სიტუაციაა. ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის შეიარაღებული ძალებიც გამოჩნდებიან.

- ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ?

- დიახ, რუსეთთან ერთად ბაშარ ასადის მხარდასაჭერად. თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად, ჩინეთი ჩაერთო მისი მთავარი გეოსტრატეგიული არეალების მიღმა პროცესში.

- ამ სიტუაციაში საქართველო რა ვითარებაში ექცევა?

- ჩვენც რთულ მდგომარეობაში ვართ. სავარაუდოდ, რუსები საქართველოს მიმართულებით გააძლიერებენ აქტიურობას. ასევე ამერიკელებიც გააგრძელებენ საქართველოში აქტიურობას, რადგან მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებია. საპარლამენტო არჩევნებში მთავარი თემა პოლიტიკური პლატფორმა და ორიენტაცია იქნება. პარტიები იბრძოლებენ საგარეო პოლიტიკური პლატფორმისა და ორიენტაციის წარმოჩენისთვის.

- ახლო აღმოსავლეთის კრიზისი რაიმე გავლენას მოახდენს ჩვენს პოლიტიკაზე?

- ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა გავლენა უკვე მოახდინა, რადგან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება გახდა მოწყვლადი. თუ კრიზისი გაგრძელდა, მასაც ექნება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენა.

- საფრთხეები გაიზრდება?

- საფრთხეების ზრდის ტენდენცია არსებობს.

„ალია“, 1 ოქტომბერი, 2015 წელი

დემურ გიორხელიძე: „მოწოდებები საერთაშორისო ფორუმებზე და ძახილი „ჩამოდით!“ არის მხოლოდ პიარის შემადგენელი ნაწილი“

როგორ აფასებენ ექსპერტები ღარიბაშვილის საინვესტიციო მოწოდებებს

გელა ზედელაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფორუმზე შეკრებილ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ გამოყო განვითარებისა და ინვესტირების ხუთი პრიორიტეტული სექტორი – საბანკო სექტორი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ენერგეტიკა, წარმოება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება:

„საქართველოს საბანკო სექტორი ერთერთი ყველაზე მეტად განვითარებულია რეგიონში. მისი კაპიტალის მარაგი და ინვესტიციის ლიკვიდურობის დონე მაღალია. ყოველწლიურად გაცემული სესხების რაოდენობა დაახლოებით 20 პროცენტით იზრდება. ბანკები ძალიან აქტიურად მუშაობენ. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ჯამურმა ოდენობამ 2014 წელს 7,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის სექტორი მომხიბვლელია, როგორც არსებული ბუნებრივი რესურსების, ასევე მზარდი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი ჰიდრორესურსები და გამოუყენებელი საინვესტიციო პოტენციალი. ბოლო წლებში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ენერგორესურსების ოდენობამ გადააჭარბა შემოტანილ რესურსებს. დღეს ჩვენ ვიყენებთ ჩვენი უზარმაზარი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20 პროცენტს. საქართველოს ელექტროქსელი დაკავშირებულია ყველა მეზობელ ქვეყანასთან, სადაც არსებობს სტრუქტურული ელექტროდეფიციტი და ელექტროენერგიის გამომუშავების სიძვირე. არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტების გადამუშავებისა და უფრო მაღალი ღირებულების პროდუქციის შექმნის, ასევე, ტექნიკისა და მომსახურების (სათბურები, საწყობები, საყინულეები, შეფუთვა და ა.შ.) მიწოდების მხრივ“.

პრემიერმა, ასევე, ისაუბრა ტურიზმის სფეროზეც. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ზრდა. ეს სექტორი ითვლება ეკონომიკური ზრდის საგრძნობ მამოძრავებელ ძალად, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების მიღებას: „მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ტურისტული აქტივობების ფართო ასორტიმენტი, მათ შორის პლაჟები, სათხილამურო კურორტები, ვენახები, უძველესი ქვაში ნაკვეთი ქალაქები, დიდებული მთები და ნაკრძალები, ასევე, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი. მოგიწოდებთ ყველას, ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას და თავად გაეცანით იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ის გთავაზობთ.  საქართველოს მთავრობა უპირობო მხარდაჭერას გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებსა და ყველა ინვესტორს საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და წარმართვის საქმეში“.

სიმართლეს ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ერთდროულად გვაქვს წელიწადის ოთხი დრო, აღმოსავლეთით წახვალ – გვალვა და სეტყვაა, სამხრეთით წახვალ – შედარებით სიგრილეა, დასავლეთით წახვალ – სუბტროპიკული ზონაა, ჩრდილოეთით წახვალ – თოვლი და ალპური ზონა. აქ ერთი ანეკდოტად ქცეული ნამდვილი ამბავი მახსენდება: 2012 წლიდან სიღნაღის რაიონში ინდოელებმა დაიწყეს ჩამოსვლა და მიწების შესყიდვა. მოეწონათ ალაზნის ველი, გადაირივნენ. ერთი შედის ბანკში, ფული მიიღო ინდოეთიდან და რეკავს თავის ქვეყანაში ვიღაცასთან: მიწა – კარგი, წყალი – უკეთესი, მთა – შესანიშნავი, ბარი – გადასარევი, ხალხი – გამოყ…ევებული, ჩამოდით!

დაუჯერებენ კი დასავლელი ბიზნესმენები პრემიერ ღარიბაშვილის მოწოდებას?

როგორც ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ამბობს „ალიასთან“ საუბარში, ფორუმები კარგია, ურთიერთობების ჩამოყალიბების მცდელობასაც არაუშავს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ემყარებოდეს რეალობას: `რასაც მთავრობა ცდილობდა წინა პრემიერ-მინისტრის დროს და რასაც ახლა ცდილობს მოქმედი პრემიერის პირობებში, არის უპერსპექტივო საქმე. რა საჭიროა პრიმიტიული უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, როცა 9 მილიარდი ლარი გიდევს დეპოზიტებზე და გზას ვერ პოულობს უპერსპექტივო გარემოსა და გაუგებარი ბიუროკრატიის გამო, რომელიც უკვე ძალიან ცუდად იქცევა? მოწოდებები ფორუმებზე და ძახილი „ჩამოდით!“ არის მხოლოდ პიარის შემადგენელი ნაწილი, უცხოელებმა ამის გარეშეც ძალიან კარგად იციან, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ინვესტორებმა აქ ადგილი უნდა იპოვონ ყოველგვარი მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრების გარეშე, რაც ჯერჯერობით არ გამოდის. წლები გადის, უცხოეთიდან ფინანსური ჯგუფები არ ჩამოდიან, ჩვენ კი ბავშვებივით რაღაც ილუზიებს ვართ გამოკიდებული“.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჩვენი საბანკო სექტორი ყველაზე განვითარებულია რეგიონში. კი, ბატონო, ესეც სიმართლეა, სამ თვეში რომ კომერციულ ბანკებს 350 მილიონი დოლარი ექნებათ წმინდა მოგება, რა თქმა უნდა, განვითარებული კი არა, უკვე გადაყვავებულია, მაგრამ ვისი გაღატაკების ხარჯზე? პასუხი თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, საცოდავი ხალხის ხარჯზე.

დემურ გიორხელიძის თქმით, უცხოელმა ინვესტორებმა ასევე კარგად იციან თავიანთი ქართველი პარტნიორების საშუალებით, რა ხდება იგივე საბანკო სექტორში და როგორ მდიდრდებიან ერთეულები:

„მე ძალიან კარგად ვიცნობ უცხოელი ინვესტორების ფსიქოლოგიას, ისინი შეიძლება ჩამოვიდნენ ქართველ პარტნიორებთან და არა პრემიერმინისტრთან. მთავრობასთან რომ ჩამოვიდეს ვინმე, რას ეტყვის, რას მომცემთო? თუ ესენი რამეს მისცემენ, ეს იქნება მათი მეგობრების პროექტები. ასე ეკონომიკა არ კეთდება და არ იწყობა. ბოლოს და ბოლოს, სად უნდა ჩამოვიდნენ, როცა თავად ქართველები, მცირე მეწარმეები მშვენივრად მოძებნიან უცხოელ პარტნიორებს მინისტრების გარეშე. უბრალოდ, გარემოა ჩაკეტილი, არ შეიძლება, გარეთ ლაპარაკობდე, მოდითო და ამ დროს შიგნით არალობირებულ ბიზნესს არ ჰქონდეს განვითარების არანაირი შანსი. ჩვენს ქვეყანაში რისკებია უზარმაზარი, ვის რა გადაუტრიალდება თავში, ვის მოუნდება სხვისი ბიზნესის მითვისება, არავინ იცის. შეიძლება ცოცხებს აღარ უკეთებენ ერთ ადგილას, ნოტარიუსებთან აღარ მიათრევენ ადამიანებს, მაგრამ კლანური და მონოპოლიური ბიზნესი ვერ ამოიძირკვა. თუ წამოიწყებ სერიოზულ საქმიანობას, არაფერი არ გამოდის, რადგან, ადრე თუ გვიან, ვიღაც ბობოლას დაეჯახები და ეს ბობოლა იმდენად იქნება ხელისუფლებასთან დაახლოებული, გაისრისები. ასეთ არასაბაზრო გარემოში ცივილიზებული ფინანსური ჯგუფები არ შემოვლენ, ეს წარმოუდგენელია.

რაც შეეხება საბანკო სექტორს, სად არის 7 მილიარდი სესხი? საშუალო და არალობირებული ბიზნესისთვის სესხები არ არსებობს, ყველა კრედიტი გაცემულია იმპორტიორებსა და მონოპოლიურ ჯგუფებზე. მეორე – პრემიერ-მინისტრს არ ეკადრება ისეთი მახინჯი სისტემის ლობირება, რომელსაც ქართული საბანკო სექტორი ჰქვია. შარშან ჩვენს ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 3 პროცენტზე ცოტა მეტი და ამ დროს ბანკების მოგება გახლდათ 150 პროცენტი. თუ მთავრობა ამ ყველაფრით აღფრთოვანებულია, მაშინ ამ მხრივ არაფრის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: თუკი საქართველო გახდა ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა და ლამის მთელ მსოფლიოს ვთავაზობთ დახმარებას, მაშინ რატომ ვერ ვიგრძენით ეს ქართველებმა, რატომ გაგვიძვირეს დენი უცხოურმა კომპანიებმა? ამის თაობაზე დემურ გიორხელიძეს ხისტი განცხადებები აქვს. მისი თქმით, მთავრობა ლობირებს იმ ბნელ ენერგოჯგუფებს, რომლებიც ძალიან დიდ ფულს აკეთებენ ხალხის ხარჯზე: „ტარიფების გაზრდა იყო ამ ხელისუფლების სერიოზული შეცდომა. თუ არ ვცდები, ახლა აპირებენ, ეს შეცდომა გამოასწორონ, სამთავრობო კულუარებში ტარიფების შემცირებაზეა ლაპარაკი. ეს გასაგებია, გაისად არჩევნებია და შესაძლოა, ამაზე მართლაც წავიდნენ“.

ფინანსური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე სერგო ჯავახიძე „ალიასთან“ საუბარში ამბობს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის წართმევა და წილებში ჩაჯდომა, ანუ ავტომატებით თავზე დადგომა აღარ არსებობს, მაგრამ პრობლემად იქცა სხვა საკითხები – მაგალითად ის, რომ ბანკები კი არ მუშაობენ გამართულად, ისინი გადასულები არიან ხალხის ძარცვაზე:

„დავუშვათ, მე ვარ უცხოელი ინვესტორი, პირველ რიგში, რას მივაქცევდი ყურადღებას? რა თქმა უნდა, პოლიტიკას, რამდენად მყარია ქვეყანა ამ მხრივ და საით მიდის? ამერიკელი და ევროპელი ბიზნესმენები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას, ხომ არ წავა საქართველო რუსეთისკენ და ხომ არ იქნება სამომავლოდ რისკები? მეორე – რამდენადაა ქვეყანაში მონოპოლია ამა თუ იმ სფეროზე? სხვათა შორის, დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ფარმაცევტულ მონოპოლიაზე, საწვავის მონოპოლიაზე, საბანკო მონოპოლიაზე და ასე შემდეგ. კი, მაგრამ ეს მონოპოლიები ახლა შეიქმნა? ეს ხომ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული პოლიტიკის შედეგია? „ქართული ოცნება“ რომ ამათ ვერ მოერია, ეს სხვა საკითხია და ამაში არ ვამართლებ. სწორედ აქ „იჭედება“ ბიზნესი, თუ შენ რაღაცას წამოიწყებ, შეიძლება არავინ არაფერი დაგიშალოს და ხმასაც ვერავინ გაგცემს, მაგრამ ფინანსურად ვერ გაქაჩავ, ვერ გაუმკლავდები და ჩაიძირები. კი, ბატონო, თუ ისეთი ძლიერი ფინანსური ჯგუფი შემოვა, რომელსაც მილიარდები აქვს, ჩვენში ჩაბუდებული მონოპოლისტები ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ ასეთები ხომ ერთეულები არიან? მაშინ დავსხდეთ და ვუყუროთ, გარედან როდის შემოვლენ, ჩვენ არაფერი გავაკეთოთ? არადა, ფაქტია, რომ ვერ ვაკეთებთ, აქეთ ლარის კურსი თამაშობს, იქით ბანკები არ იძლევიან სესხებს. რას ნიშნავს, კარგი ეკონომიკური გარემოა საქართველოში? თუ დღეს აღარავინ გატერორებს, სამაგიეროდ ფულზე არ არის წვდომა, რომ რაღაცა გააკეთო, ჩვენ ერთი უკიდურესობიდან გადავვარდით მეორე უკიდურესობაში. რაც პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, ამაში არაფერია გასაკვირი, სხვას ვერაფერს იტყოდა და პრობლემებზე ვერ ილაპარაკებდა, ტირილს ვერ დაიწყებდა, მაგრამ საჭიროა საკითხების საფუძვლიანი შესწავლა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება. ეს არის ნონსენსი, ქვეყანაში ფული არსებობს და მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება“.

Comments are closed