globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 4th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Free Europe // Radio Liberty – რადიო თავისუფლება // თავისუფალი ევროპა» (აშშ): აქცენტები და პრიორიტეტები პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში

«RadioVoice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართული მედია სასამართლოს სამსჯავროზე

————–

«Radio Free Europe // Radio Liberty – რადიო თავისუფლება // თავისუფალი ევროპა» (აშშ), 3 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.tavisupleba.org/content/garibashvilis-gamosvla-gaeroshi/27283300.html

აქცენტები და პრიორიტეტები პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში

ნონა მჭედლიშვილი

შეძლო თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ქვეყნისთვის სასარგებლო მესიჯების გავრცელება და რა პრიორიტეტები გამოკვეთა მან თავის მოხსენებაში?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე 1 ოქტომბერს თითქმის 20 წუთის განმავლობაში ილაპარაკა. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა როგორც ქვეყნის მიღწევებს, ისე გამოწვევებს და საქართველოს როლსა და ადგილს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება შეაჩერა ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების რეფორმებზე, ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, აღნიშნა კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების უპირატესობა, ისაუბრა თავის ქართულ ოცნებაზე, რომელიც, მისი განმარტებით, გულისხმობს ეკონომიკური ზრდის მიღწევას, მმართველობის ინსტიტუტების განმტკიცებას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და ხალხისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას:

“ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ისეთ ადგილად, სადაც ბიზნესის წარმოება ხელსაყრელია და უცხოური ინვესტიციების განხორციელება – მიმზიდველი. 2014 წლიდან დღემდე ჩვენ შევქმენით 90 000 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით. საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია. უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას კონკრეტულ გარემოში, რომელშიც კერძო საკუთრების დაცვა გარანტირებულია. მსოფლიო ბანკის რეიტინგების თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაშიგამოკვეთა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობა, ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, აბრეშუმის გზის ფორუმის, როგორც უკვე განხორციელებული იდეის, მხარდაჭერის პოზიტიურ ასპექტებს და სხვა.

გასაგები მიზეზების გამო, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების ის ნაწილი გახდა განსაკუთრებული ინტერესის საგანი, რომელიც რუსეთსა და მასთან ურთიერთობებს შეეხებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობათა განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და მსმენელის ყურადღება შეაჩერა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა რუსეთთან სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული და ტურიზმის მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ძალაში რჩება მიჯნაც: რუსეთთან ურთიერთობები ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე ვერ მოგვარდება.

“ნება მიბოძეთ მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენი ურყევი ნებაა ეს კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული მცოცავი ანექსია და, საერთო კეთილდღეობის იმედით, მიმართა აფხაზ და ოს ხალხებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე წარმოთქმული სიტყვა, „დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის გიორგი რუხაძის აზრით, საუკეთესო იყო იმ მოხსენებებს შორის, რომლითაც იგი აქამდე წარმდგარა საერთაშორისო ტრიბუნებზე. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ორ ასპექტს გამოყოფს: პრემიერ-მინისტრი არ მოერიდა რუსეთის მიმართ შედარებით თამამი განცხადებების გაკეთებას და არ ილაპარაკა წარსულზე, სააკაშვილის „სისხლიან რეჟიმზე“. თუმცა გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში პრემიერ-მინისტრის მოხსენება, მთლიანობაში, სუსტი იყო, რამდენიმე გარემოების გამო:

“როდესაც რუსულ აგრესიაზე საუბრობდა პრემიერი, მას არ უთქვამს, თუ რატომ ხდება ეს, ანუ რას ებრძვის ამით რუსეთი. ასევე არ უთქვამს, თუ რას ელის საქართველო მსოფლიო ლიდერებისგან. არ უხსენებია ვლადიმირ პუტინი, როგორც პრობლემების წყარო. ქართული პრობლემატიკა კვლავაც არ დააკავშირა იმ პრობლემებთან, რომლებიც დღეს მსოფლიო ლიდერთა დღის წესრიგში დგას -მაგალითად, აგრესია უკრაინაში, რუსეთის სამხედრო ჩართულობა სირიაში“.

გიორგი რუხაძე აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გაეროში გამოსვლისას არ უხსენებია ნატოს 2016 წლის სამიტის მოლოდინები და არ უცდია საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერისათვის. იმ „მომავლის საქართველოში“ კი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი მოხსენებაში საუბრობდა, გიორგი რუხაძის აზრით, არ გაკეთებულა აქცენტი იმაზე, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი იქნება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელია კი ფიქრობს,რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა აცდენილი იყო იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია:

“სერიოზული შეკითხვები არსებობს დემოკრატიის ხარისხთან, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასთან, მედიის შეზღუდვასთან, იმ ძირითად ფასეულობებთან დაკავშირებით, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასთან და ის, რასაც ბატონი პრემიერი საუბრობდა, არ არის თანხვედრაში და საერთაშორისო თანამეგობრობას სულ უფრო მეტი და მეტი შეკითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით. ეს არის ძირითადი პრობლემა და მეორე პრობლემა, რაც მე დავინახე მის გამოსვლაში, ის არის, რომ აქცენტები არ იყო სწორად დასმული“.

ბათუ ქუთელიას აზრით,რადგან სახელმწიფოს მშენებლობა სწორედ უსაფრთხოების პოლიტიკაზეა დამყარებული, აქცენტები უნდა დასმულიყო უპირველესად რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციაზე და ამაზე უნდა აგებულიყო დანარჩენი პრიორიტეტები.

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, თავის მხრივ, ცალსახად პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით შეაფასეს პოლიტიკოსებმა: მმართველი კოალიციის რიგებში ფიქრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სრულფასოვნად შეძლო როგორც მიღწევებზე, ისე გამოწვევებზე საუბარი, ოპოზიცია კი შენიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო აუდიტორიის წინაშე საქართველოს პრობლემები და საჭიროებები ადეკვატურად ვერ წარმოაჩინა.

«RadioVoice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 3 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/rustavi-2-scandal/2988945.html

ქართული მედია სასამართლოს სამსჯავროზე

ნინო დალაქიშვილი

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, საქართველოში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ფრაზები ხელისუფლების სურვილის შესახებ, რაც მედიის კონტროლს უკავშირდება. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ხელისუფლებიდან პირდაპირი და უშუალო დირექტივები მედია-საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით არ სახელდება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და ანალიტიკოსები იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რასაც ბოლო დროს მედია-სფეროში ჰქონდა ადგილი, ხელისუფლების მხრიდან ირიბ ზეწოლაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომელთა შედეგად, ერთ შემთხვევაში თოქ-შოუები დაიხურა, მეორეს მხირვ კი მედია-საქმიანობის გაგრძელებისთვის გზა ეჭრება ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანიას საქართველოში – რუსეთავი 2-ს.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს მიერ დადებულმა  ყადაღამ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი კომპანიის- შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“  წილებზე, შესაძლოა გარდაუვალი გახადოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ყველაზე მაღალრეიტინგული არხის ფუნქციონირების შეჩერება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია: „ჩემთვის მთავარია, რუსთავი 2-მა გააგრძელოს მაუწყებლობა. ყველას აქვს, მით უმეტეს, მედია საშუალებას, გამოხატვის თავისუფლება და მედია საშუალებას აქვს ასევე უფლება და თავისუფლება გაავრცელოს ინფორმაცია. ჩემი მიზანია, აი, ეს უფლება, ზემიწევნით იყოს დაცული. დავის განხილვა არაა აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის ჩემი საქმე“.

ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის შესახებ საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს ნაციონალურმა მოძრაობა სცადა, თუმცა მცდელობა ინციდენტით დასრულდა. დეპუტატები ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთნენ. ანალოგიური ვითარება შეიქმნა პარლამენტის გარეთ, სადაც შეკრებილი მოქალაქეები ასევე ცდილობდნენ რუსთავი 2-ის მხარდაჭერას საპროტესტო აქციაზე.

დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძე ოფიციალური პირების მხრიდან თმენის ვალდებულების შესახებ საუბრობს: „ცხრა წელი ასე იქცეოდა ეს ხალხი და ამაზე უარესადაც. ახლა მოუწევთ ამის ატანა და ამაზე უარესის, ამას უნდა შეეგუონ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე რუსთავი 2-ს პოლიტიკური ზეწოლის ობიექტად განიხილავს: „თვალნათელია, რომ ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკური ინტერესი მმართველი ძალის: რომ რუსთავი 2, როგორც დამოუკიდებელი ეროვნული მაუწყებელი გაქრეს საქართველოში რადარებიდან.“

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში აღძრული საქმის ინიციატორმა და მისი ქონებით დაინტერესებულმა ქიბარ ხალვაშმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტები სასამართლო დავის შედეგად არ დაზარალდებიან და სამსახურს არ დაკარგავენ.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავა,  კერძო-სამართლებრივი დავაა, რაც ფორმალურ დონეზე გამორიცხავს მასში სახელმწიფოს პირდაპირ მონაწილეობას, არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რაც აჩენს სერიოზულ ეჭვებს მიმდინარე პროცესზე ხელისუფლების გავლენის შესახებ, მათ შორისა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რუსთავი 2-თან მიმართებით გაკეთებული არაერთი განცხადება, რიგ შემთხვევებში – მუქარაც, განსხვავებული, კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების მიუღებლობისა და ჩახშობის მცდელობები ხელისუფლების მხრიდან და მედია სივრცეში განვითარებული სხვა მოვლენები.

რუსთავი 2-ის შესახებ დღეს ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმაც ისაუბრა: „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის თავისუფლებას. გვსურს ვიხილოთ პლურალისტული და შეუზღუდავი მედია-გარემო.  ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ ამას, შეკითხვებსაც ვსვამთ. გვქონდა შეხვედრები მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან. აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს და მოხარული ვარ, რომ რუსთავი-2 ეთერშია“.

დამტკიცება იმისა, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში აღძრული საქმე არაა თავისუფალ მედიაზე ზეწოლის გამოხატულება, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დავის წარმოება არ გამოიწვევს ტელეკომპანიის საქმიანობის შეჩერებას, ან მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვას – მიიჩნევენ მედია კოალიციის წევრები.

Comments are closed